ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: დრამატურგია
21 ივნისი, 2019


ტელევიზიის სარდაფში (სატელევიზიო სპექტაკლი) სერია 2

მოქმედი პირები:
ოსტატი        - ავეჯის ლოთი რესტავრატორი;
შეგირდი      - ოსტატის შეგირდი, შრომისმოყვარე;
პავალი          - წითელარმიელი;
კანტროლკა  - შუასაუკუნეების დროინდელი ჯალათი;
და სხვები.

შეგირდი სამუშაო მაგიდასთან თავაუღებლად მუშაობს. ოსტატიც იქვეა; ფიქრით გართული ბოლთას სცემს; უცებ, კედლის იმ წერტილთან შედგა, სადაც წინა დღეს პირველი სამუშაო დღის აღმნიშვნელი ნიშანი (იქსი) დასვა, მოიმარჯვა ფანქარი და ერთი იქსი მიამატა.
- ესეც, ტელევიზიაში ჩვენი მოღვაწეობის მეორე დღე! - თქვა და, გაიზმორა.
ის იყო ბოლთის ცემა უნდა განეგრძო, რომ კარებში შემოვიდა მეეზოვის ცოცხიანი, ახალგაზრდა, შავგრემანი გოგო.
- ისევ კუდიანი მოვიდა! ვიცანი! - დაფრთხა ოსტატი, - ის ბაბა იაგას ქალიშვილია - ბაბა იაგა უმცროსი!
- გამარჯობა! - თქვა სტუმარმა.
- სულ გამარჯვებულმა იარეთ! - მლიქვნელურად გაელაქუცა ოსტატი, - სიმართლე გითხრათ, დღეს არ გელოდით!
- გუშინწინაც ვიყავი თქვენთან, მაგრამ არ ბრძანდებოდით!
- გუშინ დედათქვენი იყო ჩვენთან - დიდი პატივით მივიღეთ...
- დედაჩემი?
- დიახ, ცოცხი შევურემონტეთ!
- დედაჩემი კანცელარიაში ალაგებს.
- კანცელარიაში?
- სახელმწიფო კანცელარიაში!
- სახელმწიფო კანცელარიაში?! საწყლები...
სტუმარი საამქროს თვალიერებით გაერთო; ოსტატმა დრო იხელთა და შეგირდს გადაუჩურჩულა:
- სიტყვა „დალაგება“ ამათ ენაზე ხომ ხვდები რას ნიშნავს?!
- რას? - არანაკლებ დამფრთხალმა კითხვა დაუბრუნა.
- რას და... კღ!!! - კისერზე ცერა თითი გამოისვა.
ისევ სტუმარს მიუბრუნდა.
- ახია მაგათზე! მე თუ მკითხავთ, სახელმწიფო კანცელარიას მარტო დალაგება კი არა, გენერალური „უბორკა“ სჭირდება!
სტუმარმა მხრები აიჩეჩა.
- თქვენ რა გაქვთ დასალაგებელი?
- ჩვენ არაფერი, გუშინ დედათქვენმა ისე საგულდაგულოდ „დაგვალაგა“, მეტი დალაგება აღარ გვჭირდება!
სტუმარმა კიდევ ერთხელ აიჩეჩა მხრები.
- ესე იგი, არ გჭირდებით?!
- ჩვენ არა! კარგი იქნება თქვენ და დედათქვენი სახელმწიფო კანცელარიის გარდა პარლამენტსა და მინისტრთა კაბინეტსაც თუ „დაგვილაგებთ“!
- რას მიედ-მოედები?! თუ დასალაგებელი არაფერი გაქვს, განცხადება რატომ მიეცი - დამლაგებელი მესაჭიროებაო?!
გულმოსულმა სტუმარმა ცოცხის ტარი იატაკს დაჰრა და გასასვლელისკენ გაემართა. საამქროში დარჩენილებმა შეამჩნიეს, რომ სტუმარს ზურგზე მეეზოვის ემბლემა ეხატა - „ვარ ჩვენი ქალაქის მეეზოვე“; და ოსტატი მიხვდა, რაშიც იყო საქმე.
- ქალბატონო, ერთი წუთით თუ შეიძლება, თქვენ ჩვენი ქალაქის მეეზოვე ხართ?
- მე შენი ქალაქის პრეზიდენტი ვარ, აფერისტო!
მეეზოვე ქალი თვალს მიეფარა.
- ე, ბიჭო, დააბრუნე, უთხარი, რომ ვეხუმრე!
შეგირდი მეეზოვეს დაედევნა. მარტო დარჩენილი ოსტატი შეგირდის სამუშაო მაგიდასთან ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
- ტელევიზია ან ამაშენებს, ან მთლად დამაქცევს... - რაღაც ხანს დაჰყო ასე და უცბად, თითქოს სხვა ადამიანი გახდა, გაიბღინძა, სკამის საზურგეს აეკრა და ფეხები წინ გაშალა; ფეხები კი გაშალა, მაგრამ ვერ გაიმართა, რადგან შეგირდის მაგიდა და სკამი მცირე ზომისა იყო; წამოდგა და თავის სამუშაო კუთხეს მიაშურა.
- ჩემი საკადრისი მაგიდა ესაა! - ჩაილაპარაკა, ჭიქაში არაყი ჩაასხა და გადაჰრა.
შეგირდი და მეეზოვე საამქროში შემოვიდნენ.
- გავიცნოთ ერთმანეთი, მე ოსტატი ვარ! „ბატონო ოსტატო“ - ასე მომმართე!
- ბატონოს გარეშე რომ მოგმართო, ქვეყანა დაიქცევა?!
- ნუ, კარგი, ეგრე იყოს - ვაფასებ უბრალოებას... თაგუნია!
- რა თქვი?
- რა და... არაფერი!
- ვერ არის ეს კაცი! - ჩაილაპარაკა მეეზოვემ.
ოსტატმა პირი შეგირდისკენ იბრუნა და გადაუჩურჩულა.
- ამას ერთ წამში თაგვად გადავაქცევ, მაგრამ მე დამლაგებელი მჭირდება, თაგვი კი არა!
- რას ჩურჩულებთ, თქვით რა გაქვთ დასალაგებელი და ხელფასი რამდენი მექნება?!
- დასალაგებელი არც თუ ბევრი რამ გვაქვს - დღის ბოლოს მაგიდებს გადაწმენდ, იატაკს გამოგვი და სველი ტილოთი  მოწმენდ.
- ხელფასი?
- ხელფასი? ხელფასი... როგორ გითხრა, ტელევიზიის კადრების განყოფილების უფროსთან ერთი ომი გადავიტანე, რომ ჩვენი საამქროსთვის დამლაგებლის შტატი დაეშვა. შენც არ მომიკვდე, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - დამატებით მხოლოდ ერთი ან ორი  დამხმარე მუშის აყვანა შეგიძლიაო და ისიც, დროებითო, სანამ ტელევიზიაში სარესტავრაციო ავეჯის რაოდენობა შემცირდებაო! ეს იმას ნიშნავს, რომ ხელფასი ჩემი ჯიბიდან უნდა გადაგიხადო. მოკლედ, ასე მოვილაპარაკოთ: დღეს დაალაგე, ამასობაში, მე ყველაფერს დავითვლი, საბუღალტრო ხარჯთაღრიცხვა მიჩვენებს, თუ რა თანხის გადახდა შემიძლია. მშვიდად იყავი, გულს არ დაგწყვეტ - მე ის კაცი არ ვარ, ვინმეს შრომა არ დავუფასო!
- კარგი, სიტყვაზე გენდობი, ხვალ დილისთვის უკვე უნდა ვიცოდე ხელფასი რამდენი მექნება!
- კეთილი! - ეშმაკურად ჩაიღიმა ოსტატმა.
მეეზოვემ, უფრო სწორად, დამლაგებელმა, საამქრო დატოვა. მისი გასვლითანავე ოსტატს სახე შეეცვალა, მრისხანე გახდა.
- ო, რა კაპარჩხანა ვინმე ჩანს... სანამ ახალ დამლაგებელს ვიპოვი იმუშაოს და მერე, თაგვად გადავაქცევ!  - შეგირდს მიუბრუნდა, - საქმეს მიხედე... სეირს რომ მისჩერებიხარ, მიშკა!
- მიშკა? - გაიოცა შეგირდმა.
- ჰო, მიშკა!
- მე რომ მიშკა არ მქვია!
- მიშკა რუსულად თაგვს ნიშნავს! ამას ისე, უბრალოდ გეუბნები - შრომა რომ გიყვარდეს!  აგე, შენი შესაკეთებელი რამდენი სკამი დაგროვდა, ნელა მუშაობ!
ოსტატმა თავისი წილი „შესაკეთებელი“ სკამებიდან ერთი გამოარჩია, დინჯად შეათვალიერა, მაგიდაზე შედგა და დაზიანების იმიტაცია, ეგრეთწოდებული „საფირმო ნაკლეიკა“ ააფხრიწა.
- დავიღალე... - სკამზე ჩამოჯდა, - ამდენი ერთად ცხოვრებაში არ მიშრომია! - თქვა და თავის თავს საუბარი გაუბა, - რა ცუდია, რომ ადამიანს ხელფასის დღე იშვიათად აქვს! ამიტომ, დამხმარე მუშებად ერთი-ორი მკვდარი სული უნდა ავიყვანო - თითოეულს თვეში ათ ლარს გადავუხდი, დანარჩენ თანხას მე ჩავიჯიბებ! ჩვენ ბუღალტერს შენზე ხელფასი ორასი ლარი ხომ დავანიშნინე, ჰოდა, იმ ორზეც იმდენივე დანიშნოს! მთავარია, დავაჯერო, რომ მუშახელი მაკლია - ჩემი მოკავშირე დამლაგებლის მეშვეობით ტელევიზიის მთელ ავეჯს ჩემი „საფირმო ნაკლეიკებით“ ავაჭრელებ! ორი „მკვდარი სულისგან“ თვიურად სამასოთხმოცი ლარი შემოსავალი მექნება!
- მე რომ მითხარით, ბუღალტერმა ხელფასი თვეში ასი ლარი დაგინიშნაო?! - აღშფოთდა შეგირდი.
- ასი ლარი კარგი ფულია! შენ შეგირდი ხარ, ორასი ლარი შეგირდისთვის იმდენად დიდი ხელფასია, რომ ასეთი თანხა სიზმარშიაც არ უნდა გესიზმროს!
შეგირდმა მხრები აიჩეჩა, შემდეგ ხელი ჩაიქნია და მუშაობა განაგრძო.
- მომინდომა აშენება... - ჩაიბურტყუნა ოსტატმა და შეგირდისაგან ფარულად კიდევ ერთი ჭიქა გადაჰკრა.
მცირე ხნის შემდეგ, საამქროში შემოვიდა ახმახი, წელში მოხრილი წითელარმიელი, ხელში გაზეთის ნაგლეჯი ეჭირა და დაბნეულმა, თვალების აქეთ-იქით ცეცება იწყო. როგორღაც, საზარელი შესახედაობისა იყო ეს კაცი - ვარსკვლავიანი ქუდით, შინელით. შეშინებულმა ოსტატმა, რადგან გასაქცევი არსად ჰქონდა, თავი მოიმძინარა. წითელარმიელი მიუახლოვდება „მთვლემარე“ ოსტატს და მისი გაღვიძება სცადა, თუმცა ხელით შეხება ვერ გაუბედა.
- Товарищ... Товарищ... (მეგობარო...)
ოსტატმა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ამოიხვრინა... წითელარმიელი მას გაეცალა. ახლა შეგირდს მიუახლოვდა და გაუმართავი ქართულით მიმართა:
- ამხანაგო, შენ „პადსობნი რაბოჩი“ გჭირდება?
- ვინა?
- ნუ, „რაბოჩი“, მუშა!
- არ მჭირდება.
- ეს განცხადება შენ მიეცი გაზეთში?
- არაფერი ვიცი.
ოსტატი მათ საუბარს თვალებმოჭუტული უსმენდა, განცხადების ხსენებაზე, თითქოს იმ წუთას გაეღვიძაო, გამოცოცხლდა, წითელარმიელი თავისთან მიიხმო.
- სამსახურს ეძებ?
- ხო!
- ჩვენ, არც თუ იოლი სამუშაო გვაქვს! მითხარი, შეგიძლია თუ არა არაფრის კეთება?
წითელარმიელი ვერ მიხვდა კითხვას, მხრები აიჩეჩა.
- რა ვერ გაიგე, გეკითხები: შეგიძლია თუ არა მთელი დღის განმავლობაში არაფერი არ აკეთო?
- შემიძლია!
- ჰოდა, მოვილაპარაკეთ! შრომის წიგნაკი მომიტანე და ყოველი თვის ბოლოს ათი ლარი გარანტირებული გაქვს!
- სულ არაფერი არ უნდა გავაკეთო?
- სულ არა-ფ-ერი არ უნდა გა-ა-კე-თო! - გამოაჯავრა.
- ოცი ლარი მომეცი და იმას გავაკეთებ, რისი გაკეთებაც ვიცი!
- რისი გაკე-თ-ება იცი?
- ტყვიამპრქვევით რვიანებს ვხატავ!
- რვიანებს ხატავ?
- ხო, რვიანებს ვხატავ!
- მხატვარი ხარ?
- სნაიპერი ვარ!
- ესე იგი, სნაიპერი ხარ და რვიანებს ხატავ...
- ტყვიებით!
- მკაფიო რვიანებს?
- მკაფიოს!
- მერედა, ეგ მე რაში მჭირდება?
- თუ კი ვინმე გაგაბრაზებს, დაგხვრიტავ!
- მე დამხვრიტავ?
- იმას დაგხვრიტავ, ვინც შენ გაგაბრაზებს!
- აა, იმას დახვრიტავ?!
- ხო, იმას, შენ არა! მე ქართულად ცუდად ვლაპარაკობ.
- გასაგებია... ეგ საინტერესო წინადადებაა -  ტყვიამფრქვევი მაჩვენე!
- Мой пулемёт в музеи находится! (ჩემი ტყვიამფრქვევი მუზეუმშია)
- ვკაკომ მუზეი?
- საქარტველოს ოკუპაციის ვ მუზეი!
- აბა, შენა ხარ...
- Етат пулемёт и вправда мой! лична таварищ Будёни подорил!  (ის ტყვიამფრქვევი მართლაც ჩემია, პირადად ახანაგმა ბუდიონმა მაჩუქა)
- ოტკუდა ტი ზნაეშ ჩტო ეტა ტოტ პულემიოტ, კოტორი ტებე ბუდიონი პოდარილ, ჰა?!
-  Да там царапка стаит – „ЖАНА...“ и т.д.! (ზედ ამოჩხაპნილი მაქს - „ჟანა...“ და კიდევ რაღაც სიტყვა)
- ჟანა?
- ხო, ჟანა!
- ჟანა ვინ არის?
- ჟანა ჩემი საცოლე იყო!
- ჟანა დარკი?
- დარკი არა! Козликова её фамилия! (მისი გვარი კოზლიკოვაა)
- კოზლიკოვა ჟანა?
- ხო, ჟანა კოზლიკოვა!
- არ გამიგია... - მხრები აიჩეჩა, - კარგი, ახლა ეს მითხარი: მუზეუმიდან ექსპონატს ვინ გამოგატანს?!
- როგორ თუ ვინ, მე მაგათ ვაჩვენებ, როგორ უნდა კერძო საკუთრების დაუკითხავად ვ მუზეი გამოფენა!
- შენ თვითონ ვინ ხარ, ასე რომ იმუქრები?
- მე კორჩაგინი ვარ!
- კორჩაგინი?
- ხო, კორჩაგინი!
- გამიგია...
ოსტატმა ფიქრს მისცა თავი, შემდეგ წითელარმიელს თითით ანიშნა სკამი მოიწიე, მომიჯექიო.
- ესე იგი, - ჩურჩულით წამოიწყო, - ტყვიამფრქვევს დაიბრუნებ და ვინც მე გამაბრაზებს...
- დავხვრიტავ!
- იცი რა, სიტყვა „დახვრეტა“ ყურს უხეშად ხვდება - XXI საუკუნეა... მოდი, ეს სიტყვა რამე სხვა სიტყვით შევცვალოთ!
- ტკვიამფრქვევით „დავამუშავებ“!
- მაგ ტერმინს ცოტა არა უშავს, მაგრამ... ეს „დამუშავებული“ ადამიანი რომ გადარჩეს და სამართალდამცავებთან გაიქცეს, გვიჩივლოს - სამუდამო კატორღა გარანტირებული გვაქვს! შენ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე რაიმე მყარი გარანტია მჭირდება!
- გარანტია თუ გინდა, კანტროლკას მოგიყვან - ჩემ მიერ შესრულებულ სამუშაოს ის ცულით დაადასტურებს! მაგის ნახელავს შემოწმება არ სჩირდება, ის თვითონაა კანტროლკა!
- კანტროლკა ვინღაა?
- ჯალათია, დიდი ცული აქვს! შენ გამბრაზებელს მე ტყვიამფრქვევით რომ დავამუშავებ, ის თავისი დიდი ცულით ჩემ გაკეტებულ საკმეს დაადასტურებს - თავი მოჭრა!
- ვაა...
- მაგასაც ოცი ლარი გადაუხადე თვეში!
- ათ ლარზე არ იმუშავებს?
- არა, პროფესიონალია!
- რაც არის არის, მომიყვანე ეგ შენი „კანტროლკა“! ოღონდ, ერთი პირობა მაქვს: საქმე ისე გააკეთეთ, რომ მასში მე არ გამრიოთ, ვითომ მე არაფერი ვიცი.
- თუ შენ არ მეტყვი ვინ გაგაბრაზა, მე როგორ მივხვდე ვინ „დავამუშავო“ ტყვიამფრქვევით?
- რა უნდა მაგის მიხვედრას, კლიენტები როცა მოვლენ შენც ხომ აქ იქნები და დაინახავ ფული ვინ კარგად გადამიხადა და ვინ ცუდათ!
- ვაი თუ, შემეშალოს?
- ნუ ეხლა, ერთი-ორი კლიენტი აქეთ იქნება თუ იქით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს! ისე, მაინც ყურადღებით იყავი! წადი ახლა და ის შენი „კანტროლკა“ მომიყვანე!
- სანამ მოვიყვან, წამოდი ვ მუზეი ჩემი ტყვიამფრქვევი გაჩვენო.
- წავიდეთ! - საამქროდან გასვლის წინ შეგირდს მიმართა, - აბა, შენ იცი, საქმეს მიხედე, არ „ისაჩკაო“, მიშკა!

ახალ კადრში ოსტატი და წითელარმიელი საქართველოს ოკუპაციის მუზეუმში ტყვიამფრქვევის წინ დგანან.
- Во, надпис: „Жана + Павел = Любъов!“  я  же говорил!  (აი, ხომ ხედავ წარწერას - „ჟანას მივუმატოთ პაველი უდრის სიყვარულს“!
- მოიცა, წარწერაში გამარკვიე - ჟანა ჟანაა, მაგრამ პაველი ვინღაა?!
- პაველი მე ვარ!
- პაველი როგორ ხარ, შენ ხომ თქვი კორჩაგინი ვარო?!
- კორჩაგინი ჩემი გვარია!
- აა, მივხვდი! მაგრამ ამ ტყვიამფრქვევს აქედან როგორ გაიტან?!
- გავიტან! შენ ოღონდ ტაქს ფული გადაუხადე, რომლითაც მოვიტან!
- ავტობუსით წამოიღე!
- ავტობუსში არ ამატანინებენ!
ამასობაში, მათ პირველკლასელი გოგონა მიუახლოვდა.
- დედიკო, დედიკო, მოდი, ნახე, წითელარმიელი გაცოცხლდა.
- Погуляй детачка, погуляй...  - ბავშვი თავიდან მოიცილა, - ხვალ სამსახურში ტყვიამფრქვევთან და კანტროლკასტან ერთად გამოვცხადდები!
ისინი მუზეუმიდან გავიდნენ.

მეორე სერიის დასასრული.

რეკლამა ეთერში:

ეკრანზე ის მრავალშვილიანი ოჯახი გამოჩნდა, ამასწინათ ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელს რომ გაუწია რეკლამა - „ძარცვა აფთიაქში“. ოჯახის წევრები წინა სიუჟეტში თუ გულუბრყვილო მძარცველები იყვნენ, ახლა ერთ მუშტად შეკრულ, მრისხანე ბანდად ჩამოყალიბებულიყვნენ - ყოველ მათგანს შავი სათვალე დაებნია და იერზე ეტყობოდათ, თუ ამ სათვალეების მიღმა, რაოდენ მრისხანედ აბრიალებდნენ თვალებს. რას უწევდნენ რეკლამას და, ნუ გაიკვირვებთ - ლიმონათს, X-ს კომპანიის მიერ წარმოებულ ლიმონათს.

X ლიმონათის რეკლამა:
- ჩვენ გახლავართ მრისხანე ტერორისტული ორგანიზაცია - „ბარმალეი“! ჩვენ არ ვხუმრობთ და ნიშნად ამისა, ჩავიდინეთ მნიშვნელოვანი დივერსიული აქტი - ჩვენს ეზოში აღმოცენებულ ქლიავის ხეს მოვაჭერით ტოტი! კატეგორიულად მოვითხოვთ: საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ მაღაზიაში, სახელგამებისა და რკინეულობის მაღაზიების ჩათვლით, გაიყიდოს X ლიმონათი!!! იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, ქლიავის ხეს მოვჭრით ძირში!!!
რეკლამა დააბოლოვა მელოდიამ: ტყე შეუნახე შვილებსა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები