ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: დრამატურგია
25 ივნისი, 2019


ტელევიზიის სარდაფში (სატელევიზიო სპექტაკლი) სერია 3

                                  მოქმედი პირები:
ოსტატი            - ავეჯის ლოთი, თვითმარქვია რესტავრატორი;
შეგირდი        - ოსტატის შეგირდი, შრომისმოყვარე;
პავალი            - წითელარმიელი;
კანტროლკა    - შუასაუკუნეების დროინდელი ჯალათი;
                                                    და სხვები.


- ესეც, ტელევიზიაში მოღვაწეობის მესამე დღე! - თქვა ოსტატმა და კედელზე მესამე იქსი მიაჩხაპნა, - დავიღალე! კუჭიც მაწუხებს... ბორჯომს დავლევ!
მაგიდას მიუჯდა, ბორჯომის იარლიყიანი ბოთლიდან ჭიქაში ორმოცდაათიოდე გრამი არაყი ჩაასხა და დალია.
საამქროში შემოვიდნენ წითელარმიელი პაველი და შუა საუკუნეების ეპოქის თავზე ტომარა ჩამომხობილი ჯალათი, მეტსახელად - „კანტროლკა“, რომელსაც მხარზე უშველებელი ცული გაედო.
- აი, ჩვენც მოვედით... - თქვა პაველმა და ოსტატს მეგობარი წარუდგინა, - ეს კანტროლკაა!
ოსტატმა კანტროლკა გაკვირვებით აათვალიერ-ჩაათვალიერა.
- შენ რა, ნამდვილი ჯალათი ხარ?
- რა თქმა უნდა, ნამდვილი ჯალათი ვარ, პროფესიონალი!
- საოცარია... მაგრამ, ფაქტია! ჯალათო, აი, რა უნდა გითხრა: XXI საუკუნეში თავზე ტომარაჩამომხობილი რომ დაიარები, რა საჭიროა, მოიხსენი ეგ ჭინჭი, გამეცანი ადამიანურად!
- მოვიხსნა?
- მოიხსენი, შინაურებთან რაში გჭირდება სახის დამალვა?!
- სახეს არ ვმალავ, ჩვევაა, ღამითაც თავზე ტომარაჩამომხობილს მძინავს.
- გეტყობა, ძალიან გიყვარს შენი პროფესია!
- ძალიან მიყვარს! სანამ ჯალათი გავხდებოდი, ყელ-ყურის ექიმის ასისტენტი ვიყავი - მოსაწყენი პროფესია იყო... თუმცა, წინა პროფესია მომეხმარა ახალი პროფესიის ათვისებაში - ადრეც ადამიანის ყელთან მქონდა საქმე და ახლაც. აი, ვცდილობ ტომრის მოხსნას, მაგრამ არ გამომდის. ამდენი ხნის მოუხსნელობის გამო, მგონი შემეზარდა... - პაველი დაეხმარა, მთელი ძალით დაეჯაჯგურნენ ტომარას, -  ვაი, ვაი, ყურები! - სიმწრისგან წამოიყვირა კანტროლკამ, - უჰ, მოვიხსენი... მაგრამ მგონი ყურები თან გაჰყვა!
ტომარა მოიხსნა, მაგრამ ვაი ამ მოხსნას - სახე იმაზე შემზარავი ჰქონდა, ვიდრე ტომრიანი ჩანდა. ფერმიხდილი ოსტატი სკამს მიესვენა.
- იცი რას გეტყვი, ჯალათო, ფრიად სიმპათიური ადამიანი ყოფილხარ, მაგრამ მე თუ მკითხავ, ტომარაჩამომხობილი ბევრად უფრო საინტერესო პიროვნებად ჩანხარ!
- ისევ ჩამოვიმხო ტომარა?
ოსტატმა თავი დაუქნია. კანტროლკამ ტომარა ჩამოიმხო.
- შრომის წიგნაკები მოვიტანეთ, სამსახურში რომ გაგვაფორმო. - თქვა პაველმა.
ოსტატმა შრომის წიგნაკები გამოართვა და თვალიერებას შეუდგა, გადაფურცლა, კიდევ გადაფურცლა და გაოცებისგან შეჰყვირა.
- როგორ, შენ ბასტილიის ციხეში მსახურობდი?!
- ხო, მთავარი ჯალათის თანამდებომა მეკავა!
ოსტატმა შრომის წიგნაკები განზე გადადო.
- შესანიშნავია... ცულიც დიდებული გაქვს!
ჯალათმა კომპლიმენტი შეიფერა და ცული ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანა.
- ტყვიამფრქვევი მოიტანეთ?!
- ტყვიამფრქვევის მოსატანად ეხლა მივდივართ. - თქვა პაველმა.
- მუზეუმს დაცვა ჰყავს, ზედამხედველები, რას უპირებთ მათ, დახოცავთ?! - თავის ქექვით ჰკითხა.
- რა საჭიროა დახოცვა, დავაძინებთ! - პაველმა თითით ჯალათისკენ გაიშვირა, - ამან ზუსტად იცის ყელში საძილე არტერია სად გადის - ცკაპ... და ძინავს!
- აბა, თქვენ იცით, ტყვიამფრქვევი მოიტანეთ, გელოდებით!
- ტაქსის ფული, ათი ლარი მოამზადე, თუ გინდა წინასწარ მომეცი!
- წინასწარ არ მოგცემ!
- არ მენდობი?
- გენდობი, მაგრამ... ხომ შეიძლება დაგეხარჯოს!
- კარგი, კარგი.
პაველი და კანტროლკა გავიდნენ. მოვლენათა განვითარებით აღფრთოვანებულმა ოსტატმა თავის თავს საუბარი გაუბა.
- ჩემ მწყენინებელს დიდი დღე არ უწერია - თაგვად გადავაქცევ! სადაცაა, ტყვიამფრქვევითა და ცულით შეიარაღებული რაზმიც ამომიდგება მხარში - მსოფლიოს დავიპყრობ! - გაიბღინძა, მაგიდაზე ფეხები შემოალაგა და გაბადრული სახით ოცნებას მიეცა.

ახალ კადრში გამოჩნდა ის, რაც მან წარმოიდგინა.

შუა საუკუნეების აღმოსავლური ყაიდის სამეფო სამოსში გამოწყობილი ოსტატი მოოქროვილ ბალიშზე ფეხებშეკეცილი ზის. ზანგი მონა ფარშევანგისფრთიანი გრძელი მარაოთი ნელი ტემპით უნიავებს. „მბრძანებელი“ (ანუ ოსტატი) თითით ანიშნებს მონას - მარაოს ქნევას აუჩქარეო; მონამ აუჩქარა. აღმოსავლური მუსიკის წრიპინი ისმის. შორიახლოს, ფარჩიანი მოცეკვავე ქალი ფუმფულა სხეულით „ჭიპის ცეკვას“ ასრულებს. „მბრძანებელს“  შეგირდი მიუახლოვდება, ისიც აზიურ სამოსშია გამოწყობილი.
- მოხვედი, ჩემო ნაზირ-ვეზირო?
თავდახრილმა „ნაზირ-ვეზირმა“ მრავლისმეტყველად ჩაახველა.
- გატყობ, რაღაცის თქმა გსურს!
- აღმოსავლეთისა და დასავლეთის მბრძანებელო, მეფეთ-მეფეო, შემოგბედავთ და გეტყვით: მხოლოდ „ვეზირი“ მიწოდეთ, „ნაზირი“ არ არის საჭირო!
- თავმდაბლობას ვაფასებ ადამიანში... დაე, იყოს როგორც შენ გსურს - ამიერიდან მხოლოდ „ვეზირი“ იქნები!
ვეზირმა, ანუ შეგირდმა, მას თავი დაუკრა.
- ვეზირო, მომახსენე ქვეყნის საქმენი!
- აღმოსავლეთისა და დასავლეთის მბრძანებელო, მეფეთ-მეფეო, სანამ ქვეყნის საქმენს მოგახსენებთ, ლახათ-ლუხუმი მიირთვით!
„ვეზირმა“ „მბრძანებელს“ ლანგრით ლახათ-ლუხუმი გაუწოდა. „მბრძანებელმა“ ლახათ-ლუხუმისკენ ხელი გაიშვირა, მაგრამ აღარ აიღო, ხელი ჰაერში გაუჩერდა, თითქოს დაირცხვინაო.
- არ მიყვარს ლახათ-ლუხუმი... - თქვა ბავშვივით.
- აღმოსავლეთისა და დასავლეთის მბრძანებელო, მეფეთ-მეფეო - ლახათ-ლუხუმი ჩინგის-ხანის საყვარელი სასუსნავი იყო. ამ ტკბილეულზე შაჰ-აბასი და მურვან-ყრუ ჭკუას კარგავდნენ, თითებს იკვნეტდნენ.
- მართლა? - თვალები გაუბრწყინდა „მბრძანებელს“, - ერთ ნაჭერს სიამოვნებით მივირთმევ!
მიირთვა.
- აღმოსავლეთისა და დასავლეთის მბრძანებელო, მეფეთ-მეფეო, ახლა ქვეყნის საქმენს მოგახსენებთ!
- თქვი!
- ჟანა დამლაგებელი უარს აცხადებს თქვენი სამფლობელოს დალაგებაზე!
- რაო?! როგორ გაბედა?! ეგ ურჩი, დღესვე ეგვიპტის მბრძანებელს მონად მიჰყიდე!

აქ, უეცრად, ეკრანზე კადრი ისევ გაბუნდოვნდა და როცა ის დაიწმინდა, გამოჩნდა რეალური სურათი, რაც სახელოსნოში ხდებოდა: შეგირდი მართლაც ოსტატის წინ იდგა და მისი ქცევით გაოცებული, დაბნეული შეჰყურებს.
- რა ვქნა, ვის ვინ მივყიდო?
ოსტატი გამოერკვა, მიიხედ-მოიხედა - თავის სამუშაო მაგიდაზე ფეხებშეკეცილი ზის და თავზე ჩალმის მსგავსად პირსახოცი შემოუხვევია. დარცხვენილმა ხელი ჩაიქნია და მაგიდიდან ჩამოფოფხდა.
- არა, არაფერი... ყურადღება არ მომაქციო.
- ჩვენს დამლაგებელზე გეუბნებოდით, ასე თქვა: სანამ ხელფასს არ დამინიშნავთ, სახელოსნოს არ დაგილაგებთო!
- ესე იგი, დალაგებაზე უარი განაცხადა?!
- უარი განაცხადა!
- ჟანა ჰქვია მაგ გოგოს?
- დაბადების მოწმობაში, შესაძლოა, ანჟელა უწერია.
- რა მნიშვნელობა აქვს დაბადების მოწმობაში რა უწერია! ესეიგი, ფული უნდა?!
- ზუსტად ასე თქვა, სანამ ხელფასს არ დამინიშნავთ, თითსაც არ გავანძრევო!
- ფული უნდა... ოხ, ეგ გაიძვერა, მიმიხვდა სად მაქვს სუსტი წერტილი! - მაგიდაზე მუშტი დაჰკრა, - უთხარი, შემოვიდეს!
შეგირდი გავიდა. მალე ის აკაპასებულ დამლაგებელ ჟანასთან ერთად დაბრუნდა. საჩხუბრად მომზადებული ჟანა, ოსტატის წინ, ცოცხმოღერებული დადგა. ოსტატმა მას ნაძალადევად გაუღიმა და გაეხუმრა კიდეც.
- რა ფიროსმანის მეეზოვესავით გამომეცხადე!
სიბრაზისაგან ჟანამ ცოცხის ტარი იატაკს დაჰკრა. ოსტატს გამომეტყველება შეეცვალა.
- რაშია საქმე, ქალბატონო ანჟელა?!
- რატომ არ დამინიშნე ხელფასი?!
- დანიშნული გაქვს - ყოველი თვის ბოლოს ოც ლარს მიიღებ!
დამლაგებელმა ცოცხის ტარი იატაკს ხელახლა დაჰკრა:
- თვითონ დაგავე!
- კარგი, თანახმა ვარ, ცოტას მოგიმატებ!
- ბევრი მომიმატე!
- ბევრი იცი რამდენია?!
- რამდენი?!
- რამდენი და... ხუთი ლარი!
ჟანა ცოცხის იატაკზე დასარტყმელად მოემზადა, მაგრამ ამჯერად, ის ოსტატმა შეაჩერა.
- ოცდაათი ლარი იყოს და ყოველი თვის ბოლოს, მადლობას გამოგიცხადებ პირად საქმეში შეტანით!
- ასი ლარი დამინიშნე და მადლობას, რამდენსაც გინდა, იმდენს გამოგიცხადებ!
- გადაირია ეს ქალი... ოცდათხუთმეტზე შესაძლოა ვიფიქრო კიდეც!
- ოთხმოცდაათს კაპიკი არ დააკლდება!
- ორმოცი და მორჩა!
დამლაგებელმა ღრმად ამოისუნთქა.
- ოთხმოცზე დაგთანხმდები, შენი თვალების ხათრით...
- ორმოცდახუთს კაპიკს ვერ მოვუმატებ!!!
- ჯანდაბას, ორმოცდაათი იყოს - მრგვალი ციფრია...
ოსტატმა საჩვენებელი თითით თავი მოიქექა.
- იყოს, ოღონდ, ხელფასის მომატება არ მომთხოვო!
- ვიმუშავებ, სანამ ახალ სამსახურს ვიპოვი!
- იმუშავე, სანამ თაგვად გადაგაქცევ... - კბილებში გამოსცრა.
- რა თქვი?!
- კეთილი იყოს შენი ჩვენთან მობრძანება-მეთქი! - ძალად გაუღიმა, - თაგვების ხომ არ გეშინია?..
- გყავთ თაგვები?
- გვეყოლება...
ჟანამ იქაურობა დატოვა. დაბოღმილი ოსტატი მაგიდასთან თავჩაღუნვით მჯდომ, საქმით გართულ შეგირდს მიაჩერდა და მისი მისამართით ჩაიბურტყუნა, - შენ დამთარსე!
- მე მითხარით რამე? - ჰკითხა შეგირდმა.
- იმუშავე, იმუშავე...
რეკავს ოსტატის მობილური ტელეფონი.
- ხო, მე ვარ! რომელი ხარ, ხმაზე ვერ გიცანი! - პაუზა, - კორჩაგინი ხარ და კანტროლკაც შენთან არის! - პაუზა, - კიდევ ვინ? - პაუზა, - პატრულის თანამშრომელი?! - პაუზა, - ტყვიამფრქვევის გადმოტანისას დაგაკავეს?! - პაუზა, - მე თქვენ არ გიცნობთ!!! - პაუზა, - რატომ უთხარი, ტყვიამფრქვევი ჩემთან რომ მოგქონდათ?! - სიმწრისგან მაგიდაზე მუშტი დაჰკრა, - ჩამიშვეს! ახლა სად ხართ?! რუსთაველზე... პატრული აქტს ადგენს... მოვდივარ! - დაავიწყდა მობილური ტელეფონით რომ საუბრობდა და აპარატი, თითქოს ხაზის ტელეფონის ყურმილი იყო, მაგიდაზე მთელი ძალით დაახეთქა - მობილური დაიმსხვრა.
- ფუი, შენი! რა დღე გამითენდა... დამღუპა ტელევიზიამ!
- რა უნდა ქნათ?
- პატრულს მოვქრთამავ! ოღონდ, ეხლა არ მკითხო ფული სად გაქვსო! დავბეჭდავ და მექნება!
- ფულის ბეჭვდა იცით?
- ქრთამის ბეჭდვა ვიცი! დავჭრი თაბახის ფურცლებს დოლარის კუპიურის ზომაზე და შეკვრას, როგორც ბანკში ფუთავენ, ლენტს გადავაკრავ და პატრულს ჯიბეში ჩავჩრი!
შეგირდმა მხრები აიჩეჩა.
- შენ, გეტყობა, ქრთამის მიცემა-აღების წესები არ იცი! დაიხსომე: ქრთამი მექრთამეს, მარჯვენა ხელით, მარცხენა ჯიბეში უნდა ჩაუდო! მთავარი, რაც ამის შემდეგ ხდება, ისაა, რომ მექრთამე ქრთამს მხოლოდ სამშვიდობო ადგილზე გასვლის შემდეგ გადაივლის, ანუ დროს იგებ! ამასობაში იმ ორ ყეყეჩს, სადმე, მოფარებულში შევყრი და თაგვებად გადავაქცევ! მერე, მდიოს პროკურორმა კუდში, მარტო ნივთმტკიცებით, ანუ, ტყვიამფრქვევით, რას დამაკლებს თუ მოწმეები არ ეყოლება! მოდი, მომეხმარე ქაღალდების დაჭრაში. სულ ცოტა, ორი მსხვილი შეკვრა უნდა დავამზადო - პატრულს მეწყვილე ეყოლება.
საქმეს შეუდგნენ. მალე ყველაფერი ისე მოამზადეს, როგორც ოსტატს ჰქონდა ჩაფიქრებული. წასვლის წინ თავის თავს წარნატრბა უსურვა და საამქროდან გაიდა.

მესამე სერიის დასასრული.

რეკლამა ეთერში:

მრისხანე ტერორისტულ ორგანიზაცია „ბარმალეით“ ჩამოყალიბებული ისევ ის მრავალშვილიანი ოჯახი გამოჩნდა, ამასწინად ჯერ ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელს რომ გაუწიეს რეკლამა და შემდეგ, X-ს კომპანიის მიერ წარმოებულ ლიმონათს. რეკლამის საგანი ახლაც X-ს კომპანიის პროდუქცია იყო, ოღონდ, ამჯერად ლუდი!
- ეს ისევ ჩვენ ვართ, მრისხანე ტერორისტული ორგანიზაცია - „ბარმალეი“!  ჩვენი მორიგი, უპირობო მოთხოვნაა: საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ მაღაზიაში (სახელგამებისა და რკინეულობის მაღაზიების ჩათვლით) ყველგან გაიყიდოს X-ს კომპანიის ლუდი!!!
- მამი, მამი, ლუდი ღვინოა? - ყველაზე უმცროსმა შვილმა ჰკითხა მამას.
- არა, შვილო, ლუდი ლუდია! - უპასუხა მამამ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები