ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პროზა
9 ივლისი, 2019


ნაწყვეტი \"ბავშვობიდან\"

არ ჩაჭრაო, გეხვეწებიო - ეუბნებოდა მამაჩემი გაზის კაცს.ცოლიო, შვილებიო, ხო იციო, შენც ხო გყავსო, გემუდარებიო.პატარა ვიყავი, ხუთი წლის ალბათ.მაგ დიალოგის მერე გავიზარდე.ყოველდღე ვიზრდებოდი, ვსწავლობდი, ვხედავდი.მამაჩემმა თეფში რომ დაახეთქა დაბლა მაშინ მივვარდი დედაჩემთან და ვაწყნარებდი - დიდი კაცივით, დედი, აი გავიზრდები და ხო იცი - თქო -ვეუბნებოდი და მეც ვტიროდი.არ მინდოდა მეტირა, მაგრამ თავისით, ხო იცით თავისით რო გეტირება ხოლმე.

ყოველ წელს ვიზრდებოდი.ჰო, ასაკი მემატებოდა მაგრამ ეგ არ მზრდიდა.ისევ ბავშვი ვიყავი, ოღონდ უკვე ვიცოდი რას ნიშნავდა პურის ფული, სიცივე, უმუშევრობა, ვიცოდი რას ნიშნავდა იმედი, უიმედობა.ყველაფერი ვიცოდი.ვიცოდი, რომ მარტო ბავშვები კი არა, ხშირად კაცებიც ტირიან.ჯერ პირველ კლასში ვიყავი მაგ დროს - მახსოვს.

ეზოში ბავშვები რომ ვთამაშობდით, საღამოობით რიგრიგობით ჩამოივლიდნენ ხოლმე მამები. ბავშვები ნაყინის, შოკოლადების ფულს ართმევდნენ მამებს.უხაროდათ, ხო იცით როგორია ეგ სიხარული.მამაჩემს არასდროს ჩამოუვლია ჩვენს ეზოში.ერთხელ ბავშვების თვალწინ ავბღავლდი, ვერ შევიკავე, ძნელია ხოლმე ხანდახან მთელი გულით როცა გინდა ტირილი თავის შეკავება.

იყო და არა იყო რა, და არაფერი არ იყო სახლში.მახსოვს დიდი საპურე გვქონდა.იმ დიდ საპურეში მთელი კვირის განმავლობაში გროვდებოდა პურიც ნამცეცები.ღამე ძალიან რომ მომშივდებოდა, ხელის მუჭში ჩავიყრიდი და ვჭამდი ხოლმე.ჩუმად, დედას რომ არ დაენახა და არ ეტირა.

ერთ ნაყინს ორად, სამად, ოთხად ვყოფდი.მერე კიდე ვფიქრობდი, რა კარგია როცა ნაყინი გინდა და ჭამ.ხანდახან როგორ მინდოდა მთლიანი ნაყინი მეჭამა, როგორც ზურიკო, ლაშა და თოკო ჭამდნენ ხოლმე.

პატარა რომ ვიყავი,არამატერიალური ოცნებები მქონდა.ყველგან მაგაზე ვფიქრობდი.ერთხელ ღმერთს ვკითხე: არ შეიძლება, როცა სახლში მივალ დედიკო და მამიკო იცინოდნენ - თქო? პატარა ვიყავი, ოღონონდ ამასთან დიდიც.პარადოქსი არაა, მენდეთ..

მერე კი მივხვდი, რომ ადამიანებს წლები კი არა, მძიმე და აუტანელი დღეები ზრდის.

როცა სნეულ ბაბუასთან მარტო ვიჯექი მაშინ ვიზრდებოდი.
როცა მომაკვდამ ბებიასთან მარტო ვიჯექი, მაშინ ვიზრდებოდი.
როცა რეანიმაციაში ბებია და ბიძა დავტოვე მაშინ გავიზარდე.

და ვიზრდებოდი, ჩემდაუნებურად, თავისით, ასე..

იყო და არა იყო რა, და არაფერი არ იყო სახლში, გარდა დიდი, ძალიან დიდი სიყვარულისა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს