ნაწარმოებები



ავტორი: პაპუნა_გიორგაძე
ჟანრი: პროზა
16 ივლისი, 2019


ღმერთობის შიში (ნაწილი 1)

აღარ მინდა ვეტერან მეზობელთან მეგობრობა. იმდენს მიაღწია რომ მძულს, ჩანთას ვალაგებ, ყველა იმ ნივთს ვტენი შიგ, რომლებმაც საკუთარო საჭიროება ბოლო თექვსმეტი წელია დამიმტკიცეს.
არც ისე ცოტა დრო ყოფილა თექვსმეტი წელი იმისათვის რო სახლს შეეჩვიო, ცოტა არ იყოს მიჭირს მისი დატოვება, თუმცა გული მიგრძნობს რომ მე შემიძლია სამყაროს შეცვლა და ყველა გზა თავისკენ მეზიდება.
სინამდვილეში ჩემს კვარტალში მხოლოდ ერთი დღე შეიძლება იყოს საინტერესო, რომ გაიღვიძებ და უთმო ქალბატონი, რომელიც შენს პირდაპირ ცხოვრობს_ მოგესალმება, შენც ესალმები და რამოდენიმე წამი უყურებ როგორ ეძებს ეზოში რაიმე მშვენიერს, რაც ალბათ ოდესღაც ჰქონდა და აღარ აქვს, აღარც ახსოვს, ცოტას გაივლი და სხვა მეზობელი, რომელიც ფიქრობს რომ ოდესმე შეძლებს გაფრენას, სახლიდან ხტება და თავ-პირს ილეწს, სხვებიც ხან რას სჩადიან, ხან რას, ზოგი ცეცხლს აჩაღებს, ზოგი ამ ცეცხლს აქრობს, ზოგი მიწას თხრის და ზოგიც ამ მიწას ხელებით ფხვნის, თუცმა ეს ყველაფერი მზის ასვლა_ჩასვლაზე უფრო სტაბილურია, რადგან ერთ დღესაც ხომ შეიძლება მოიღრუბლოს? პირადად მე მოღრუბლულობა არ მახსოვს, მხოლოდ მსმენია, რადგან ბოლო თექვსმეტი წელი მზე ამოდის, აცხუნებს და ჩადის, გზა ყვითელია, და მე ამ გზას ვადგავარ ახლა.
ჩემი ყოფილი მეგობრის სახლს გავცდი, ერთ წამს დავფიქრდი იქნებ შევუარო და დავემშვიდობოთქო, თუმცა არ შემიძლია ქალბატონ სინტიას მკვლელობა ვაპატიო, სახლს მზერას ვაცილებ და მივდივარ, უკან აღარასოდეს დავბრუნდები.
დილაობით როცა რამოდენიმე სახლს გავივლიდი და მთელი ერთფერონების კიდევ ერთხელ შემსწრე გავხდებოდი, ვეტერან მეგობარს მივადგებოდი შინ და ყოველდღე ომის ერთი და იგივე ეპიზოდს მიყვებოდა. მერე მოვიდოდა ქალბატონი სინტია, მის მუხლებზე მოიწყობდა ალაგს და ჩუმი კრუტუნით საკუთარ ნირვანას მიეცემოდა. ნარკომანი იყო ქალბატონი სინტია, კატაბალახას ნაყენს ყოველდღე ლოკავდა და ყნოსავდა კიდეც, ამის გამო ნელა დადიოდა და მისი ძირითადი საქმიანობა პატრონის მუხლებზე ძილი იყო. ყვითელი კატა იყო ქალბატონი სინტია, შავი გულ-მკერდით, ხოდა ერთხელაც პატრონმა მოკლა, არ ვიცი რატომ, თუმცა მოკლა და იმ დღეს დავფიქრდი რომ თექვსმეტი წელი ერთი და იგივე ისტორიის მოსმენა სისულელე იყო, დავტოვე სახლი და წამოვედი.
მხოლოდ კატის მკვლელობა ვერ გაანათებდა ჩემს გონებას. ეს ამბავიც იმ დღეს მოხდა, ჩვენი კვარტლის ზღურბლი ორმა ახალგაზრდამ გადმოკვეთა, მათმა გამოჩენამ დროებით შეცვალა ჩვენი ერთფეროვნება, ყველანი მათ უყურებდნენ, აკვირდებოდენ როგორც ექსპონანტებს და შეკითხვის დასმას ვერ ბედავდნენ. უცნაური იყო, რადგან თეთრკანიანი მოზარდი დიდი ხანია აღარავის ენახა. მცხუნვარებას მიწის ფერიც კი შეეცვალა, არათუ ადამიანის სახის, თუმცა ისინი თეთრები იყვნენ, ღია ფერის სწორი, მოწითალო თმებითა და სახეზე მომცრო ჭორფლებით, ერთმანეთის ხელები ეჭირათ და რამეს, ან ვინმეს ეძებდნენ.
საბოლოოდ გაირკვა, რომ იყო სადღაც ქალაქი, სადაც მიწა მწვანე იყო, ცა_იღრუბლებოდა ხოლმე, ქალაქს ყავდა შერიფიც, მოსამართლეც, შამანიც კი ჰყავდათ, ჰქონდა კაფე რომელშიც ხორბლის პურის შოვნა იყო შესაძლებელი და ასევე სუფთა წყლის დიდი რეზერვუარი.
_ ჩვენი ქალაქის მსაჯული, ჩვენი ერთად ყოფნის წინააღმდეგი იყო, რომ არ გამოვქცეოდით საშინელ სასჯელს მოგვივლენდა _ თქვეს ბავშვებმა, მე კი, ნაცვლად ისტორიის ჩაძიებისა, ჩემი სახლი დავუთმე, სანაცვლოდ გზა ვისწავლე ზოგჯერ მოღრუბლულ, სუფთა წყლის რეზერვუარიან და ვიღაც მსაჯულიან ქალაქამდე და წამოვედი.
გზაში დავფიქრდი და გული მეტკინა, რადგან თუ ვეტერანმა თავისი კატა მოკლა, არც იმ ბავშვებს შეიცოდებდა, მაგრამ როგორც თექვსმეტწლიანმა გამოცდილებამ მასწავლა, დღეს სამყაროში ვერსად ნახავდი ადგილს, სადაც შეიძლება ბუნებრივი სიკვდილით მომკვდარიყავი ახალგაზრდა, რადგან მანამ მაინც, სანამ შიმშილის მოთოვნილება აქვს ადამიანს, ხორცი იქნება მხოლოდ ხორცი, და არა მოსიარულე არსება, ვისთვისაც შეგიძლია გულის გადაშლა, მოსმენა და არსებობა შეგიძლია ბოლოს და ბოლოს.
აუცილებლად მოკლავდა ვინმე იმ ბავშვებს, ყველა ბავშვს კლავენ საბოლოოდ, მე რომ გადავრჩი, ეს იმიტომ რომ მე ბავშვი არ ვარ, ზუსტად არ ვიცი რამდენი წლის ვარ, თუმცა სარკე ამბობოს რომ ოცდაათს გადაცილებული უნდა ვიყო, მე მხოლოდ ბოლო თექვსმეტი წელი მახსოვს. მახსოვს თვალები რომ გავახილე, თავი ძალიან მტკიოდა, ყურებში ზუზუნის ხმა მესმოდა და სადღაც ბნელში ვიყავი წაქცეული. ავდექი და გამოვედი გარეთ, სინათლემ თვალები ამიჭრელა, თავი უფრო ამატკია და გულიც კი ამირია იქვე. ძაღლმა მოირბინა ჩემს ნარწყევთან, ლოკვა დაუწყო, მერე ვიღაცამ გაისროლა და ძაღლი მოკლა, ბეჭზე მოიკიდა და წავიდა. იმ დღიდან იწყება ჩემი მეხსიერება, რადგან რა იყო მანამ _ აღარ მახსოვს, არ ვიცი ვინ და რატომ მატკინა თავი, თუმცა მალევე მივხვდი, რომ იმუნიტეტი მქონდა შევჩვეოდი სამყაროს ისეთს, როგორიც დამიხვდა, გავეცანი საგნებს, და შევისწავლე ისინი, ვიარე ბევრი და ვიშოვნე ცარიელი სახლი, რომელშიც დავიწყე ცხოვრება, დავუმეგობრდი ომის ვეტერანს და ვუსმენდი მის ისტორიას, თუმცა უნდა ვთქვა ის, რაც ყველაზე მეტად მეამაყება, მაშინაც კი, როცა ყველაზე უფრო მშიოდა, არც ძაღლი, არც კატა და არც ბავშვი მომიკლავს შიმშილის დასაცხრომად, არ ვიცი რა გრძნობა მკარნახობს დღემდე, რომ ცუდია, ალბათ იმაზე ფიქრი, რომ მე თუ ასე მომექცევიან არ მომეწონება.
აქ გზა ცხოვრებაზე დამღლელია, მიწა მოყვითალო ფერის არის და ხრიოკი, ალაგ-ალაგ მკვდრები გხვდება და ძალაუნებურად აჩვევ მათ სუნს ნესტოებს. თითქმის არსად არის ჩრდილი, გამვლელიც იშვიათია, თუმცა გამვლელის იშვიათობა უკეთესიც კი არის უცხო მგზავრისთვის, რადგან უცხოებს კლავენ, კლავენ რათა საკუთარი თავი გადაირჩინონ. ამიტომაც არ მივდივარ ქალაქის გავლით, რომელიც იდენტურია ვიცი ჩემს მიერ მიტოვებული ქალაქისა. გზას აღმართებით ვირთულებ, თუმცა იმ დრომდე, როცა მატარებელი ტოვებს სადგურს ჯერ კიდე ბევრია.
ჯერ კიდე ორმოცჯერ უნდა დააცხუნოს მზემ, მე კი ქვიან და ხრიოკ აღმაეღებს მივუყვები, დრო და დრო ცხელ და მტვრიან ქარბუქში ვეხვევი, ვისვენებ მზის ჩასვლისას და ნათდება თუ არა, გზას ვაგრძელებ.
ყველაზე დიდ კლდეს მივადექი. ეს გზა გამივლია სახლის ძებნის დროს, ვიცი ამ კლდის მიღმა ქვიშის ქარები აღარ არის, ასსვლამდე ძაღლი მხვდება. ბეწვგაქეცილი, სასიკვდილოდ განწირული ძაღლი, რაღაც ძალა მკარნახობს რომ მოვკლა, რომ შიმშილი მოვიკლა მისი სიკვდილით, რადგან გზამ მთელი მარაგი გამომილია, მხოლოდ ობმოდებული პურის ნატეხი მაქვს ჩანთაში, იმასაც ვიღებ და მომაკვდავ ძაღლს ვაჭმევ. ვინ იცის, იქნებ ეს გზა, რაც მიზნად დავისახე, სამყაროს მბრძანებლად მაქცევს, ვინ იცის იქნებ იქ, სადღაც არსებულ ქალაქს ცივილიზაციის ფესვი გავადგმევინო, და ამ ყველაფერზე ერთი ძაღლის არ მოკვლის გამო უარის თქმა ღირს?!
მიმოვიხედე, თითქოს და ვიღაც მედგა გარშემო და ჩემს მოთმინებას ცდიდა.
კლდეზე ავედი, გადმოვხედე გამოვლილ გზას, სადღაც შორს ქალაქი ჩანდა, უკან კი სინათლე, რომელიც ვიცოდი, მატარებლის სადგური იყო!
შორია გზა სადგურამდე, გზა სიცხითა და შიმშილით სავსე, ქვიშის ქარიშხლიან დაბლობს ვუყურებ, ისევ ბრუნდება ხმა, რომელიც ამბობს, რომ გაფრენით შემიძლია ამის დასრულება. მხოლოდ ვიფურთხები დაბლობისკენ და სადგურისკენ ვაგრძელებ გზას!
ერთხელ ვიმგზავრე აქამდე მატარებლით. შეიძლება მანამ, სანამ ვიღაც თავში ჩამარტყამდა და სიბნელეში გავახელდი თვალებს კიდე მაქვს ნამგზავრი, თუმცა რაც მახსოვს, ანუ ბოლო თექვსმეტი წლის მანძილზე ერთად ერთხელ ვიმგზავრე, მაშინ როცა საცხოვრებელ ალაგს ვეძებდი. მატარებელში ერთი თეთრკოსტუმიანი მუსიკოსი მეგულებოდა, რომელსაც ჟელატინით აპრეხილი თმები და სრულიად უწვერო სახე ჰქონდა. დამხვდა კიდეც, ის სულ მატარებელთან ან მატარებელში იყო, უკრავდა ხოლმე გიტარას, საინტერესოდ ცეკვავდა და სანაცვლოდ საჭმელს ითხოვდა მხოლოდ. ცხადია მისი მუსიკა არავის აინტერესებდა, და სწორედ ამიტომ, ახლა როცა ისევ შევხვდი, მითხრა რომ თეთრი კოსტუმი და შარვალი საჭმლის ნაცვლად გაეცა, საცვლის ამარა დადიოდა და ისევ ცდილობდა დაკვრით ფული ეშოვნა.
_ საჭმელი არ მაქვს _ ვუპასუხე მე _ თუმცა გამახარებ თუ ჩემთვის დაუკრავ.
უცნაური მზერა ჰქონდა, თითქოს ისეთი, წამებიც რომ მივშტერებოდი წარსულიდან რამეს გამახსენებდაო, ერთ ხანს ასე მიყურა, მერე კი დაურკა გიტარაზე, ბოლოს თავი დამიკრა და წავიდა. მაგარი ვინმე ჩანდა, აუცილებლად მივცემდი საჭმელს, რომ მქონოდა, მაგრამ გზამ მთელი მარაგი გამითავა და უძლური ვიყავი მის წინაშე. მატარებლის წასვლამდე ერთ ღამეზე ცოტა მეტი იყო, თანაც შეღამებას იწყებდა, ჩანთიდან საბანი ამოვიღე, გავშალე და იქვე მივწექი სადგურის მოსაცდელში. ვინატრე ცოტა საჭმელი, მხოლოდ იმისთვის, რომ მუსიკოსისთვის მიმეცა და ძილის წინ ისევ ემღერა, მე არ მშიოდა, რომ დავუკვირდი, ადამიანებს შორის ყველაზე მეტ ხანს არ მაწუხებდა შიმშილი. ალბათ ხორცის ჭამა აშიებთ ადამიანებსთქო, ვიფიქრე ერთხელ.
მაღლა სიბნელის გარდა არაფერი ჩანდა, დრო და დრო ხმაურს მშობიარობდა სადგური, არ იყო იდეალური ადგილი ძილისათვის, ამიტომ კიდევ ერთხელ გავყევი ფიქრებს იქ, სადაც წამიყვანს ხოლმე ახირებული, ორსული ცოლივით, მერე დააბოტებს, ეძებს, ეძებს და როცა ვერაფერს პოულობს უკან მაბრუნებს. ასეა ამჯერადაც, ნელ-ნელა მივდივართ უკან, მივადგებით სიბნელეს, სადაც თვალებს ვახელ და მის უკან არაფერია, საერთოდ არაფერი.
ერთხელ ვიფიქრე რომ შეიძლებოდა მეც მოვეკალი ვინმეს, ბავშვი ვიყავი და მოვეკალი, ხომ შეიძლება მკვდარი ბავშვები ამნეზირებული უფროსების სხეულებით უბრუნდებოდნენ აქაურობას. ომის ვეტერანსაც კი ვკითხე ამის შესახებ, თუმცა მას ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი ჰქონდა ამ თემაზე _ „შეეშვი ფიქრს“_ამბობდა ის _ „შეეშვი მანამ, სანამ ეგ ფიქრი სანაცვლოდ რაიმე ხელჩასაჭიდს არ მოგიტანს, თუ გინდა მერეც შეეჩვი, თუმცა არც ისე ძლიერი ხარ რომ ეს შეძლო“
_ რახან კატა მოკლა არ ნიშნავს რომ ამ საკითხშიც ცდებოდა _ მივეცი რჩევა საკუთარ თავს.
_რა თქვი? _ ვიღაც შეშინებული წამომადგა თავს და მაშინვე მივხვდი რომ ხმამაღლა ვფიქრობდი, თუმცა უკვე ფიქრის დრო აღარ იყო, ფეხზე წამოვხტი და დანა მოვიმარჯვე თავდაცვის მიზნით. _ არა, არა, ძალიან გთხოვ არ მომკლა _ აკანკალდა შეშინებული.
_ მომწყდი თავიდან _ ვუპასუხე მე.
_ ვინ მოკლა კატა? სად არის კატა? კატის ხორცი მიყვარს. _ მკითხა უკან დახეულმა.
_ აქედან შორს, გასაგებია? ახლა კი დამეკარგე. _ კიდე ერთხელ ავღმართე ჰაერში დანა.
_ არ დამარტყა და საჭმელს მოგცემ.
_ საჭმელს? _ გავიკვირვე მე, რადგან პირველად მქონდა საკვების ძალადობით მოპოვების შანსი. მართალია უსამართლობაში ჩავუთვლიდი საკუთარ თავს, თუმცა მუსიკოსსა და ამ შეშინებულ მათხოვარს შორის მუსიკოსი არ უნდა ყოფილიყო მოშიებული, ამიტომ მისკენ წავიწიე დნააღმართულმა და რა საჭმელსთქო, ვკითხე.
_ ხორცი მაქვს, _ მიპასუხა მან.
_ ხორცი არ მინდა, კიდე რა გაქვს?
_ სუფთა წყალი და ყველი.
_ მომეცი და დამეკარგე აქედან.
ჩამოკიდებული ჩანთა მოიხსნა, წყალი ამოიღო პატარა ბოთლით, მერე თვალებში ჩამხედა, დასვრილი კბილებით გამეღრიჯა, უკან ჩადო და უფრო დიდი ბოთლით ამოიღო, იქვე დადო, მერე ჩანთაში ქექვა გააგრძელა და საკკმაოდ დიდი ნაჭერი დაობებული ყველიც ნახა. ბოთლს მიუდო ისიც, ხელები მაღლა ასწია და  უკუსვლით წავიდა.
_ ჰეი _ მივაძახე გიტარისტს, რომელიც ყველა იქ მყოფს უშედეგოდ სთხოვდა დაპურებას.
_ მაჭმევ? _ შემეკითხა როცა ჩემთან მოვიდა.
_ გაჭმევ, ოღონდ სანაცვლოდ მინდა შენმა სიმღერამ დამაძინოს.
_ დაგაძინოს... დაგაძინოს... ოღონდ ჯერ მაჭმევ. _ დაიბნა გიტარისტი. მეც ყველი შუაზე გავტეხე, მივაწოდე, მადიანად ჩაკბიჩა, მერე ამომხედა და როცა დაინახა ჩემი სახის გამომეტყველება, რომელსაც სხვისი გაბედნიერებით მიღებული სიამე აღბეჭდოდა გიჟივით გაიცინა, პირიდან ყველის ნამცეცები ცვიოდა სიცილისას, ჭამდა და უხაროდა, მერე დაკვრა დაიწყო, საკუთარ გზაზე მღეროდა რომელიც ვინ იცის მართლა გაიარა თუ არა. მე კი ჩამკარგა უკუნეთში, უსიზმრო და გრილ უკუნეთში, საიდანაც დილამდე ვერანაირი ძალა ვეღარ გამომათრევდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები