ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: დრამატურგია
18 ივლისი, 2019


ტელევიზიის სარდაფში (სატელევიზიო სპექტაკლი) სერია 6

(სატელევიზიო სპექტაკლი)
6 სერია


მოქმედი პირები:
ოსტატი            - ავეჯის ლოთი, თვითმარქვია რესტავრატორი;
შეგირდი        - ოსტატის შეგირდი, შრომისმოყვარე;
პაველი            - წითელარმიელი;
კანტროლკა    - შუასაუკუნეების დროინდელი ჯალათი;
და სხვები.

სახელოსნოში იმყოფებიან ორნი, მაგიდასთან მოფუსფუსე შეგირდი და გრძელ სკამზე წამოწოლილი, მთვლემარე კანტროლკა, რომელსაც თავქვეშ ცული უდევს. შემოვიდა ოსტატი.
- ეს კაცი წუხელი სახლში არ წასულა? - იკითხა მთვლემარეზე.
- მაგას სახლი არ აქვს.
- ღამ-ღამობით აქ რჩება?
- დიახ.
- ასეთ შემთხვევაში, ხელფასიდან ბინის ქირის საფასურს გამოვუკლებ!
- სულ ოც ლარს აძლევთ...
- ჯანდაბას... იცხოვროს. ჩვენს დროში, ადამიანის შრომა არ ფასობს - ასეთი თვალსაჩინო პროფესიის მქონეს, სახლი როგორ არ უნდა ჰქონდეს?!
შემოვიდა ზურგზე ტომარამოგდებული პაველი.
- შეფ, ნახე, რამდენი სათაგური მოვიტანე!
გადმოაპირქვავა ტომარა, სათაგურები იატაკზე ხმაურით მიმოიფანტა.
- აი, ეს მომწონს...… აბა, ბიჭებო, საქმეს შევუდგეთ! ის უქნარა გამიღვი-ძეთ - ხალხი მჭირდება! დერეფნის მთელ პერიმეტრზე სათაგურებს განვალაგებთ! მე, „დანაღმული“ ტერიტორიის რუკას შევადგენ, რომ მახეში თავად არ გავებათ!
კანტროლკა თვალების ფშვნეტით წამოდგა. შეგირდის გარდა ყველა დაფაცურდა. ეს უკანასკნელი, თითქოს არც არაფერი ხდებაო, მაგიდასთან დარჩა და მუშაობა განაგრძო.
- ადექი, შე მკვდარო თაგვო!
- თუ გნებავთ, სამსახურიდან დამითხოვეთ, გნებავთ თაგვად გადამა-ქციეთ, ტერიტორიის „დანაღმვაში“ მონაწილეობის მიღებაზე უარს ვაცხადებ!
- უარს აცხადებს... - გამოაჯავრა ოსტატმა, - გული გიგრძნობს, ხაფანგებში პირველი შენ რომ გაებმევი და ამიტომაც ხარ ასეთი, ვითომდა, პატიოსანი! - მცირე ხნის შემდეგ, დააყოლა, - მამა აბრამის ბატკანი, არა ისა... კაენის თხა! მეე... -  ახლა თხის ხმაზე გამოაჯავრა.
სათაგურების განლაგებას სამნი შეუდგნენ. ოსტატი პარალელურად რუკას ადგენდა, მაგრამ ფურცელს ისე დაბნეული ატრიალებდა, აშკარა იყო, თავი და ბოლო ვერ გაეგო საკუთარი ნახაზისა. პაველმა, ერთხანს, საქმიანობა შეწყვიტა, მოზრდილი სათაგურით ოსტატს მიუახლოვდა.
- შეფ, ამ სათაგურებს ხომ ჟურნალისტებს ვუგებთ!
- ჰო, ცნობისმოყვერე ჟურნალისტებს, რომ არ შეგვაწუხონ.
- ჟურნალისტებს რა უყვართ?
- ჟურნალისტებს რა უყვართ? - ოსტატი სრული სერიოზულობით დაფიქრდა, - რა და, სკანდალი!
- სკანდალი?
- ჰო, სკანდალი!
- „სკანდალი“ სათაგურში როგორ ჩავამაგრო?
ოსტატს გაეცინა.
როცა საქმეს მორჩნენ, ოსტატმა ბრძანა დერეფანში სინათლე ჩაექროთ, დაეტოვათ მხოლოდ ერთი, მბჟუტავი ნათურა. ასეც მოიქცნენ. სახელოსნოში შესულებმა, თავთავიანთი ადგილი დაიკავეს.
- რაო, „მიშკა“, ხომ არ მოიწყინე უჩვენოდ?!
შეგირდმა ოსტატს პასუხი არ გასცა. ოსტატმა დაცინვა განაგრძო.
- ჰოდა, ჩვენ ვიმუშავეთ, დაღლილები ვართ... ცივი წყალი უნდა მოგვიტანო, ონკანი დერეფნის ბოლოშია.
შეგირდმა ჭურჭელს ხელი მოჰკიდა და წყლის მოსატანად გაემართა. ოსტატმა დერეფანში გასულს მიაყურადა.
- ახლა, ნახეთ სათაგურების როგორი რახა-რუხი ატყდება!
„რახა-რუხი“ არ ატყდა. შეგირდმა ისე გაიარ-გამოიარა „დანაღმული“ ტერიტორია, ერთ სათაგურსაც არ წამოედო.
- ვაა... ცოცხალი დაბრუნდი?! - პაველს მიუბრუნდა, - ეგ შენი სათაგურები ვადაგასული ხომ არ არის?!
- არა, შეფ! აი, ნახე...
პაველმა სათაგურების მიმართულებით ხის ნაჭერი მოისროლა, იმავწამს, რამოდენიმე სათაგურმა დაიტკაცუნა.
- ვაა... - კიდევ ერთხელ გაიოცა ოსტატმა, - ფრთები ხომ არ აქვს ამ ბიჭს?
- შეფ, ჩვენ აქ ტყვილად ვართ, ოთახში გავალთ, დომინოს ვითამაშებთ.
- წადით.
პაველი და კანტროლკა გავიდნენ. ოსტატმა ახლა მათ მიაყურადა. სათაგურების ტკაცუნი არც ამჯერად გაისმა.
- ამათაც მშვიდობით გაიარეს... ჩემი ბედი რომ ვიცი, მაინცადამაინც, მე „ავფეთქდები“ სათაგურებზე!
გავიდა ხანი. ამასობაში ოსტატმა, არყით სავსე რამოდენიმე ჭიქა გადაჰკრა. უეცრად, დერეფნიდან, უფრო კი იმ ოთახიდან, სადაც პაველი და კანტროლკა დომინოს სათამაშოდ გავიდნენ, დასაკლავად გამზადებული ღორის ჭყვიტინი გაისმა - ოსტატი და შეგირდი დაფეთდნენ.
- ეს რა იყო? - წამოიძახა ოსტატმა.
- ღორმა დაიჭყვიტინა!
- ღორს აქ რა უნდა?
- არ ვიცი, უნდა ვნახოთ.
- ვნახოთ.
გასასვლელს რომ მიუახლოვდნენ, ოსტატმა შეგირდი შეაჩერა.
- მოიცა, „აფეთქდები“... აი, რუკა მაქვს.
- რა რუკა?
- სათაგურების განლაგების სქემა! - ქაღალდი გაუწოდა.
- ამ ნახაზში როგორ გავიგო რომელი მხარეა დერეფნის თავი და რომელი ბოლო?
- მაჩვენე... - ოსტატმა მიატრიალ-მოატრიალა ქაღალდი, მაგრამ ნახაზს მანაც ვერაფერი გაუგო, - არ ვიცი... როცა ვხაზავდი კომპასი არ მქონდა!
- არ გვინდა რუკა, გზას ინტუიციით გავიგნებთ... პაპაჩემი მეორე მსოფლიო ომის დროს გამნამღმველი იყო.
- გამნამღმველი?
- ჰო, გამნამღმველი!
- ორდენი მისცეს?
- სიკვდილის შემდეგ.
- რითი დაიღუპა?
- ნაღმზე აფეთქდა.
- ვიზიარებ მწუხარებას... - ხელი ჩამოართვა, - შენ წინ წადი, მე გამოგყვები... ზურგს გაგიმაგრებ!
დერეფანი მშვიდობით გაიარეს. მიადგნენ ოთახს, რომელშიც პაველი და კანტროლკა იმყოფებოდნენ და რომლიდანაც, პერიოდულად, ღორის ჭყვიტინი ისმოდა. შეიხედეს შიგნით და რას ხედავენ: ყველაფერი, ჭერი, კედლები, იატაკი, მაგიდა, სკამები - სისხლის ფერია. თავად, მაგიდას არხეინად უსხედან და დომინოს „ურახუნებენ“. იქვეა დაბმული დიდი ღორი, ინდაური და რა-მოდენიმე ქათამი.
- ვა, შეფ, აბა რომ თქვი, ამ ოთახში ფეხს არ შემოვდგამო?! - პაველი ფეხზე წამოდგა.
- კი მაგრამ, ვინ დახოცეთ ამდენი, ყველაფერი სისხლში რომ ამოსვრილა?!
- ეს სისხლი არ არის, „კრასკაა“, რემონტი გავაკეთეთ.
- სხვა ფერის საღებავი ვერ იშოვეთ?
- ეს კარგი ფერია, როცა დავხოცავთ, ლაქები არ დაეტყობა.
- ლაქებს რას დაეძებ, მოვა ჩვენი დამლაგებელი და გაწმენდს.
- რომელი დამლაგებელი, ჯანა?
- ჰო, ჟანა.
- ჟანა არ გაწმენდს.
- არ გაწმენდს და ეგვიპტის მბრძანებელს მონად მივყიდი!
- რას იზავ? - გაიკვირვა პაველმა.
- ა, არაფერი, არაფერი... თუ არ გაწმენდს, თაგვად გადავაქცევ!
- რაა?
- რა და, დავსჯი, მკაცრად დავსჯი!
პაველმა ხელი ჩაიქნია.
- ღორს და ამ ფრინველებს აქ რა უნდათ?
- უნდა დავკლათ. - უპასუხა კანტროლკამ.
- რა უნდა უქნათ?!
- უნდა დავკლათ!
- რატომ უნდა დაკლათ, მე ხომ მაგათ არ გამაბრაზეს?
- ჩვენ აქ პატარა ბოინი გავაკეთეთ - დაკვლაში ფულს გვიხდიან, გატყავებაც ვიცი. ოცი ლარი, რასაც ხელფასად გვაძლევ, ცოტა ფულია, გზაში არ გვყოფნის, ჭამაც ხომ გვინდა!
- ბოინი ტელევიზიაში... - ოსტატმა თავი მოიქექა, - რას არ გაიგონებს კაცი! მოკლედ, როგორც არის, არის. დაიხსომეთ: მე ეს ოთახი თვალით არ მინახავს! თუ საქმე საქმეზე მიდგა, არც თქვენი საქმიანობის შესახებ მსმენია რაიმე! პასუხისმგებლობას მთლიანად თქვენს თავზე იღებთ - თუ გინდათ, ბე-ჰემოთი დაკალით და გაატყავეთ!
ოსტატი და შეგირდი სახელოსნოში დაბრუნდნენ.
- გამაგიჟებს ეს ხალხი... „მიშკა“, მოდი „ბორჯომი“ დავლიოთ!
- არ ვსვამ...
- ბიჭო, ამ ბოლო დროს, შენ რაღაც უსაქმოდ ხარ!
- ავეჯის პირველი პარტია, რაც სტუდიებიდან მოგვაწოდეს, შევაკეთე, ახალი აღარ მოუწოდებიათ.
- ტელევიზიამ სარესტავრაციო ავეჯის ახალი პარტია არ მოგვაწოდა?
- არა.
- რა ხდება ნეტა? ის ჩემი „მოკავშირე დამლაგებელიც“, რა ხანია, კავშირზე არ გამოსულა... ეს ავის მომასწავებელი ნიშანია.
ამ დროს, დერეფანში სათაგურების ჩხაკა-ჩხუკი ატყდა და ქალის განწირული კივილი გაისმა. შეგირდი ფეხზე წამოიჭრა, დაზარალებული ადამი-ანის საშველად გაიწია, მაგრამ ოსტატმა შეაჩერა.
- ჟურნალისტი გაება მახეში, დაანებე თავი, იწვალოს! პროკურატურაშიც კი გააცნობიერეს, რომ ადამიანს აქვს დუმილის უფლება(!), ჟურნალისტებმა, ვერა და ვერ გააცნობიერეს ეს! გინდა თუ არა, ინტერვიუ მომეციო! რა უნდა მივცე, რაც არ მაქვს?! ანდა, მაქვს და არ ვაძლევ! ყაჩაღია ძალით რომ მართმევს?!
- უნდა შეიბრალოთ, გასაჭირში ადამიანია!
- ნუ დარდობ, გადარჩება!
სახელოსნოში შემოვიდნენ პაველი და კანტროლკა, რომლებმაც სათაგურებმიკრული, გონებამიხდილი ქალი შემოასვენეს. ეს ის ქალი იყო, რმელმაც წინა დღით ჟურნალის მაგიდა სარესტავრაციოდ დატოვა. მის დანახვაზე, ოსტატმა თავში ხელი შემოირტყა.
- სულ დამავიწყდა, ეს ქალი მოსასვლელი რომ იყო... რას დგახართ, ვუშველოთ! წყალი ასხურეთ, მოსულიერდეს!
გონებამიხდილი მანდილოსანი გრძელ სკამზე გულაღმა დააწვინეს და სათაგურები შემოხსნეს. კანტროლკა გამჭირვალე სითხით სავსე ბოთლს წაე-ტანა, თავი მოხსნა და ქალს ასხურა. ქალი გონს მოვიდა, მაგრამ მწვავე ტკივ-ილისაგან კივილი მორთო.
- რა დაასხი?! - ოსტატმა კანტროლკას დაუღრიალა.
- წყალი დავასხი.
- რომელი ბოთლიდან?!
- აქედან!
- ეგ „რასტვარიწელია“, ლაქის გამხსნელი! დაგიწვია ეს უბედური!
ქალი, მართლაც, ჭარხალივით აწითლებულიყო. თანდათან, ტკივილმა გადაუარა, მაგრამ მისუსტებული დარჩა.
- ეს რა მიყავით?!
- ქალბატონო, რა დაგემართათ, ვინმე დაგესხათ თავს?
- რატომ დამიგეთ სათაგურები?!
- არა, ჩვენ არა... მცირე ხნის წინ, დერეფანში, ქალაქის „სანეპიდსადგურის“ თანამშრომლები ფუსფუსებდნენ. კი თქვეს - ვირთხებს ვებრძვითო(!), მაგრამ სათაგურების შესახებ სიტყვა არ დასცდენიათ. რომ ეთქვათ, გაგაფრთხილებდით. სინათლეც იმათ გამორთეს, თითქოსდა ვირთხები სიბნელეში ვერ ხედავენ!
- გიჩივლებთ!
- რას გვერჩით? აკი გითხარით, „სანეპიდსადგურის“ თანამშრომლებმა „დანაღმეს“ ტერიტორია!
- სად არის ჩემი მაგიდა?!
- მაგიდა? მაგიდა მზად არის... ჩვენ სიტყვის ხალხი ვართ! „მიშკა“, მოი-ტანე მაგიდა!
შეგირდმა მანდილოსანს შეფუთული მაგიდა წინ დაუდგა.
- გახსენით!
- მანქანამდე მიგატანინებთ...
- ახლავე გახსენით!
თავად დაიწყო შეფუთულ მაგიდაზე ქაღალდის შემოხსნა.
- რა საჭიროა ასე საგულდაგულოდ შეფუთულის გახსნა! ნუთუ არ გვენდობით?! შეუფუთავის ტრანსპორტირება გაგიჭირდებათ... დაიჩხაპნება! ნუ გააკეთებთ ამას!
ქალმა თავისი არ მოიშალა.
- მინდა ვნახო!
- სჯობს, არ ნახოთ!
- ვიცი, რაღაცას მიმალავთ!
- ისედაც აღელვებული ხართ, თანაც, სუსტი გული გქონიათ...
- სათაგურებს ცოცხალი გადავურჩი და აქ ისეთი რა უნდა ვნახო, რომ ვერ გადავიტანო?!
მაგიდა გახსნა, ზედაპირს დახედა და... ხელახლა წაუვიდა გული.
- ხომ ვუთხარი არ ნახო-მეთქი... ასხურეთ წყალი!
კანტროლკამ მანდილოსანს ახლა სხვა ბოთლიდან ასხურა სითხე. ქალი მოსულიერდა, მაგრამ ამჯერად, მთვრალი ადამიანივით, აბდა-უბდა ლაპარაკი დაიწყო.
- რა დაასხი? - ჰკითხა ოსტატმა.
- წყალი!
- რომელი ბოთლიდან?
კანტროლკამ ბოთლი აჩვენა.
- მაგაში არაყი ესხა... დათვრა ეს უბედური.
- ჩემი მაგიდა... - ღიღინი წამოიწყო მანდილოსანმა, - მთვარის ზედაპირს დამსგავსებია... მე და მთვარე... მე და მთვარე... - და თითქოს პეპელააო, ხელები ააფარფატა.
- რა ვქნა ახლა მე, ეს ქალი დღეს კაი ხასიათზეა, მაგრამ ხვალ, „პახმელიაზე“ რას იზამს თუ იცით?
- რას იზამს?
- პროკურატურაში გვიჩივლებს!
- პროკურატურაში?
- ეჭვიც არ მეპარება!
- როგორ მოვიქცეთ?
- ისე მოიქეცით, რომ ვერ გვიჩივლოს!
- მოვკლავთ!
- მოკვლა, რა სიტყვაა, შეარბილე ნათქვამი!
- ნაზად მოვკლავთ!
- არ ვარგა!
- შეფ, გამახსენდა როგორც უნდა ვთქვათ! - ოსტატისა და კანტროლკას დიალოგში პაველი ჩაერთო, - მაგ ქალს მე ტყვიამფრქვევით დავამუშავებ და კანტროლკა ჩემს ნამუშევარს ცულით დაადასტურებს!
- იცი რა, გამოთქმის არც ეგ ფორმულირებაა სასურველი. ამიერიდან, მსგავსი აღარაფერი წამოგცდეთ. თქვენი საქმისა, თქვენ იცით - ეს ქალი, ჩემ-გან „გააცილეთ“, და მორჩა! მიხვდით?
- გავაცილოთ?
- გა-ა-ცი-ლეთ! მიხვდით?
- მივხვდით, გავაცილებთ, და მორჩა...
- ჰოდა, ძალიან კარგი.
პაველმა და კანტროლკამ მთვრალ მანდილოსანს ხელმკლავი გაუკეთეს და გასასვლელისკენ წაიყვანეს.
- ეს ნივთმტკიცებაც მომაშორეთ აქედან!
- შეგირდზე გვეუბნები?
- შეგირდზე კი არა, ჟურნალის მაგიდაზე გეუბნებით!
- აა, მაგიდა... რომ აღარ დაბრუნდეს!
- საიდან უნდა დაბრუნდეს?!
პაველმა და კანტროლკამ მხრები აიჩეჩეს, მეტი აღარაფერი უკითხავთ, ქალი მაგიდიანად სახელოსნოდან გაიყვანეს. ოსტატი გაირინდა... ხელი ყურთან მიიტანა, ტყვიამფრქვევისა და ცულის დაკვრის ხმა რომ გაეგო. მაგრამ იქიდან, ჩამი-ჩუმი არ ისმოდა.
- რა ხდება, რა სიჩუმეა? ვთქვათ, ტყვიამფრქვევს ხმის დამხშობი დაუყენეს, ცულის ხმა რატომღა არ მესმის? „მიშკა“, წადი, ნახე!
- ვერ წავალ... არ შემიძლია ადამიანის სიკვდილს ვუყურო!
- სულ დამავიწყდა, შენ ხომ „ბატკანი“ ხარ - ბეე...
შეგირდმა ყურები თითებით დაიხშო. ოსტატი სახელოსნოს გასასვლელთან მივიდა, ახლა იქიდან მიაყურადა. იდგა რაღაც ხანს ასე და ხმის გაგონების იმედი რომ გადაეწურა, თავის ადგილს დაუბრუნდა. სახელოსნოში შემოვიდა კაწია დამლაგებელი.
- აუ, ამან თუ ეხლა ხელფასი მომთხოვა... - ჩაიბურტყუნა ოსტატმა.
კაწია, მისალმების გარეშე, სახელოსნოს შუაგულში, დოინჯშემოყრილი დადგა, თვალებით რაღაცას ეძებდა, ოსტატის მისალმებაზეც არ ამოიღო ხმა.
- დღეს ხელფასის დღე არაა! - ოსტატმა მკვახედ მიახალა კაწიას.
- ჯანდაბაში წასულხარ შენც და შენი ხელფასიც! ვედრო და პოლის ჯოხი უნდა წავიღო!
- ჩვენგან მიდიხარ?
- უკვე წავედი!
- სად?
- ზემოთ, ტელევიზიაში, სტუდიებს დავალაგებ!
- იქ ჰყავთ დამლაგებელი!
- გააგდეს!
ოსტატს სახე შეეცვალა...
დამლაგებელმა იპოვა რასაც ეძებდა და წავიდა. შემოვიდნენ პაველი და კანტროლკა.
- ის ქალი რა ჩუმად „გააცილეთ“, ერთი არ დაუკივლია?!
- რატომ უნდა დაეკივლა?
- „აცილებთ“, და აღარც დაიკივლოს?!
პაველმა და კანტროლკამ ოსტატს პასუხი არ გასცეს, ერთმანეთში გააბეს ჩურჩული.
- ვერ არის ეს კაცი!
- გარეკა!
- რას ჩურჩულებთ?! ამიხსენით, როგორ გააცილეთ?!
- ავტობუსში ჩავსვით... ტაქსის ფული არ გვქონდა.
ოსტატმა თავი მაგიდაზე დადო და ხელები ზედ გადაიმხო.
- ვიღაცამ გამთვალა... - წამოიყვირა მან, - ეს რა უბედური დღე გამითენდა! - თავი წამოსწია, ხელის გული ლოყაზე მიიდო, - ამ კბილმაც ხომ, მომიღო ბოლო, ისევ ამტკივდა... ვინმემ ასანთი მათხოვეთ!
- აჰა, აიღე. - კანტროლკამ ბომბორა სანთებელა გაუწოდა.
- ეგ არ გამომადგება, მაგხელა კარიესი არ მაქვს!
- შეფ, ჩემი ზაჟიგალკა გამოგადგება! პაველმა შედარებით წვრილი სანთებელა გაუწოდა.
- ვერ არიან ესენი...
- რატო, რა, კარიესის საჩიჩკქნად კარგი ზაჟიგალკაა! - პაველმა სანთებელა პირში ღრმად ჩაიყო და კარიესიანი კბილი ხმაურით გამოიფხიკა.
- გავაფრენ... წადით სახლებში!

ოსტატი კარგა ხანს ჩუმად იჯდა მაგიდასთან, შემდეგ არყის ბოთლი ტუჩებზე მიიყუდა და გამოცალა. სადღეგრძელო მხოლოდ ამის შემდეგღა თქვა.
- მომავლით ცხოვრობს ადამიანი... დღევანდელი დღე ჯანდაბას წაუღია, ხვალინდელს გაუმარჯოს!

მეექვსე სერიის დასასრული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები