ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2019


უკარფანჯროთა

როგორც არასდროს,
ისე მომინდა ახლა,
კარი ჰქონდეს ჩემს საძინებელს,
მივიკეტო და ჩანასახივით
მოკუნტული შევწვე ლოგინში.

წარმოვიდგინო,
რომ ამ ჩემი,
სიმწრით აშენებული
სახლის ფანჯრის ღიობებს
ტოლი კი არა ფარდები მოსავს,
ჩარჩოს - მინები,
რაფას - ქოთანი,
ქოთანს - ყვავილი.
რომ ჩემი ცოლის თვალებში
არ იკითხებოდეს საყვედურები,
ნაგრამს
ეს კითხვა არ უჩნდებოდეს
--„რა გამიკეთე?“
რა იქნებოდა,
მცირედსაც რომ დავჯერებოდი,
შვილზე მეფიქრა  სხვაგვარად
და ამ მეორე,
დაუსრულებელი სართულის ნაცვლად
სხვა რამ მიმეცა.
სხვა ისეთი,
რაც მადლიერების გრძნობას გაუღვიძებდა,
რომელიც მიახვედრებდა,
ეს იმიტომ გავაკეთე,
რომ მას არ ეწვალა,
თუმცა,
ალბათ თავსაც ვიტყუებ,
ჩემთვისაც მსურდა ეს ყველაფერი.
მაგრამ მაშინ, როცა ვიწყებდი,
არ ვიცოდი რომ ვერ გავწვდებოდი
და მოვინდომე,
ან სხვებს მივბაძე,
ან გავეჯიბრე და ვერ ვაჯობე.

საყვედურივით კი გამომდის:
„შე შობელძაღლო, მე აგიშენე? ახლა მიხედე!“
მაგრამ არ ვსაყვედურობ,
ბრაზი მიპყრობს,
რომ ამ ცხოვრებას ვერ მოვერიე.

შვილი?
ჯერ მან რა იცის?
ცოლი უნდა,
ცოლს - დიდი ცომი,
შვილს - ბევრად მეტი.
მერე მიხვდება რა დავაკელი,
როცა მის გვერდით აღარ ვიქნები.
მანამდე კი რაღაც ჰგონია...
როგორც ამ ამბის შემთხზველს -
რომ ჩემ ფიქრს ჩაწვდა
და დაწერს რამეს.
ალბათ რამეს კი,
ჩემი სახლივით უკარფანჯროს,
ტოლაფარებულს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები