ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: დრამატურგია
7 აგვისტო, 2019


ტელევიზიის სარდაფში (სატელევიზიო სპექტაკლი) სერია 9

(სატელევიზიო სპექტაკლი)
9 სერია

მოქმედი პირები:
ოსტატი            - ავეჯის ლოთი, თვითმარქვია რესტავრატორი;
შეგირდი        - ოსტატის შეგირდი, შრომისმოყვარე;
პაველი            - წითელარმიელი;
კანტროლკა    - შუასაუკუნეების დროინდელი ჯალათი;
და სხვები.

პირველი ოფიციალური გადაცემის ჩაწერის დრომ მოაწია, მაგრამ ამისთვის საჭირო გამბედაობა არ აღმოაჩნდა ოსტატს და დახმარებისთვის პატარა ნინკას მიმართა, როგორც ყველაზე ახლობელს ტელეკომპანიის სივრცეში. ნინკა სიამოვნებით დასთანხმდა და შესთავაზა, ეს პირველი გადაცემა ერთიანი ძალით შეექმნათ. ასე და ამგვარად, შეუდგნენ ოსტატის ეგრედ წოდებული „საზიარო დებიუტის“ მზადებას. ნინკას სცენარის შესახებ არაფერი უთქვამს და ოსტატს, ასეთი რამ თუკი საჭირო იყო, არც კი გაუფიქრია.
სტუდიაში მისვლა ოსტატს ნინკამ დაასწრო:
- რა ხანია გათენდა, რატომ აგვიანებ კოლეგა?!
- საცობში მოვყევი...
- მანქანა გყავს?
- მეტროთი ვმოძრაობ!
- საცობი მეტროში? შემადგენლობები გადაიხლართა ერთმანეთში, თუ გვირაბები?
- ბოლო ვაგონში ვიჯექი, ვერ დავინახე...
ნინკამ ოსტატი მკაცრად აათვალიერ-ჩაათვალიერა.
- როგორც წესი, გადაცემის მზადებას ჟურნალისტი საგრიმიეროდან იწყებს - გაუპარსავი, დაუვარცხნელი, და მგონი, პირდაუბანელიც კი, აპირებ წარსდგე ტელემაყურებლის წინაშე?!
- გრიმიორს ცოცხალი თავით არ დავუჯდები!
- რატომ?
- გრიმი ჩემში ბალზამირების ასოციაციას იწვევს!
- ასეთი გაბურძგნული ვის რად უნდიხარ?!
- პარიკმახერი გყაავთ?
- ტელევიზიაში?
- ხო, ტელევიზიაში! აბა, ვაგზალზე მათ რა გამოლევს...
- ტელევიზიაში, თურმე, „ბაბა იაგაც“ გვყოლია, შენი წყალობით!
- ჰოდა, მოვიდეს აქ, სტუდიაში და გამკრიჭოს - თმა! წვერი სულ რაღაც ორი დღის გაუპარსავი მაქვს, ასატანია!
- სტუდიაში ვერ გაგკრეჭს, აქ არ არის ამისთვის საჭირო პირობა!
- თმის კრეჭვას რა პირობა უნდა, გარდა ტაბურეტის, ზეწრის, მაკრატლის, სავარცხლის და ლარიანის! ჰა, ჯანდაბას, ორ ლარს მივცემ, რადგან ტელევიზიის პარიკმახერია!
- შენ მაგ პიროვნებას ნუ ეხუმრები, პარიკმახერი კი არა, სტილისტია - საერთაშორისი კონკურსების ლაურიატი, „ოქროს სავარცხლის“ მფლობელი!
- ოჰო, ეგ ხუთ ლარსაც არ დასჯერდება. - ჩაიბურტყუნა. - რა წონისაა?
- სტილისტი?
- ოქროს სავარცხელი!
- საგრიმიეროში გაგკრეჭს!
ოსტატი მოიღუშა.
- კარგი, გამკრიჭოს, მხოლოდ და მხოლოდ იმ თვალსაზრისით ვთანხმდები, რომ ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს!
მაგრამ როცა ხსენებულმა სტილისტმა სტუდიაში შემოაბიჯა, ოსტატი გაშრა და ცოფიანი ძაღლივით აღმუვლდა. ამის მიზეზი სტილისტის გარეგნობა იყო - ცისარტყელას ფერებში აბდღვიალებულს ფეხსაცმელიც კი ცალ-ცალი, სხვადასხვა ფერის ეცვა. ის უტიფრად მიუახლოვდა ოსტატს და სცადა საჩვენებელი თითით თმაზე შეხება, მაგრამ სწორედ იმ დროს ოსტატმა ისე ამოიღმუვლა, ელდაცემული სტილისტი უკან გადახტა:
- ეს ადამიანი იკბინება? - საჩვენებელი თითი წინ გაშვერილი დარჩა.
- თუ გაცოფდა, გიკბენს! - უპასუხა პაველმა.
- მე აქ ზედმეტი ადამიანი ვარ! - გასასვლელისკენ გაიწია სტილისტმა. - თქვენ პარიკმახერი გჭირდებათ... სად შემიძლია მე ამდენი?!
- პარიკმახერი გვჭირდებაო? აბა, შენ ვინ ხარ? - ჩაერია კანტროლკა.
- მე მხოლოდ და მხოლოდ სტილისტი გახლავართ... ხოლო თქვენ, როგორც უკვე გითხარით, პარიკმახერი გჭირდრბათ!
საუბარში ნინკა ჩაერთო, სცადა სტილისტის ალერსით დაყოლიება, მაგრამ ამაოდ.
- ნინკა, Ты же знаешь меня, судоволствыем помог бы, но это выше моих сил! Нужна вдохновенные, а откуда его взять - он меня укусит!
სტილისტის დაყოლიებაში პაველი გააქტიურდა - ხელმკლავით კულისებში გაიყვანა და როცა უკან დაბრუნდნენ, სამხედრო ტყვესავით ხელაწეული სტილისტი უკვე ყველაფერზე თანახმა იყო.
- ჯიგარო, ხელები ძირს ჩამოუშვი, აწეული ხელებით როგორ გაკრეჭ?!
- სტუდიაში არა, არც საგრიმიეროში, კულისებში გამკრიჭოს! - მუშტი მაგიდას დასცხო ოსტატმა.
- ნინკა, что значит – „კულისებში“, მე მეშინია!
- ნუ გეშინია, არ შეგჭამ, წამოდი გამკრიჭე! ხელოვნებას რა ვუთხრა, თორე შენნაირებს... - კბილები დააკრაჭუნა.

რეკლამის შემდეგ:

მე არ ვიცი სტილისტთა ენაზე რა ეწოდება იმ ვარცხნილობას, რომლითაც ოსტატი სტუდიაში დაბრუნდა.
- ვა შეფ, რა მალე გაუკრეჭიხარ, რამდენი გამოგართვა?
- სტილისტი სადაა? - იკითხა შეშფოთებულმა ნინკამ.
- ტვინი გამოვურეცხე და თოკზე შრება, ეზოში!
ყველა ეზოს მიაწყდა - სტილისტი ბედნიერი სახით სარეცხის თოკზე მართლაც ეკიდა. პაველმა მას თვალებთან ხელი გაუტარ-გამოუტარა, მაგრამ ის ურიაქციო დარჩა. ერთიანი ძალებით ჩამოხსნეს თოკიდან, მოასულიერეს და სტუდიაში დაბრუნდნენ.
- შეფ, როგორ გამოურეცხე ტვინი, ხელით, თუ სარეცხმანქანაში შეაყოფინე თავი?
- პროფესიული საიდუმლოა!
- შენდაბედად სტილისტის მოსულიერება მოხერხდა! - უთხრა ნინკამ.
- „ჩემდაბედად“ რატომ, რა მამაჩემია, თუ რა?!
- კაცი თოკზე დაკიდე, რომ დამხრჩვალიყო, სად მიდიოდი - საციხო საქმეა!
- რა დაახრჩობდა, „შპილკებით“ დავკიდე, მარყუჟში კი არ გავაყოფინე თავი!
მათ მიუახლოვდა კამერა მომარჯვებული ოპერატორი.
- ესენი რა, უკვე გვიღებენ?!
- ნუ, ზოგიერთი კადრი შესაძლოა შეირჩეს კიდეც გადაცემისთვის...
ოსტატი შეკრთა და უეცრად, მაგიდის ქვემოდან გაისმა ბრაგუნი, რომელიც მინის ტარის იატაკზე დაცემის ხმას ჰგავდა. ნინკამ შეიხედა იქ და არყიანი ბოთლი ამოიღო; მაგიდაზე დადგა.
- ეს რა არის?!
- ბოთლია...
- არყით სავსე ბოთლი! იქ საიდან გაჩნდა?!
- არ ვიცი!
- ჟურნალისტობა თუ გინდა, ლოთობას თავი უნდა დაანებო!
- ნინკა, შენთვის სულ მინდოდა მეკითხა, თუ რას ნიშნავს სიტყვა „ისტი“? აი, რა მაქვს მხედველობაში: „ჟურნალი“ ფუძეა და ჟურნალს ნიშნავს, რა თვალსაზრისით დაემატა მას „ისტი“ - ჟურნალ-ისტი?
- სმას თავი დაანებე და მიხვდები!
- მე ლოთი არ ვარ!
- ხარ!
- არ ვარ!
- ხარ! ხარ!
- მზად ვარ დავტესტო ჩემი მდგომარეობა - ლოთს ხელები უკანკალებს!
- ძალიან კარგი, დავტესტოთ - დადექი სტუდიის შუაგულში!
- საად?
- სტუ-დი-ის შუა-გულ-ში! - დაუმარცვლა.
- აჰა, დავდექი...
- გაიშვირე ხელები წინ და გაშეშდი!
- აჰა, გავიშვირე ხელები წინ და... - ხელები აუკანკალდა.
კუდამოძუებულმა თავის ადგილს (მაგიდას) მიაშურა და ახლა სხვებისგან მალულად (ანუ მაგიდის ქვემოთ) „დატესტა“ საკუთარი მდგომარეობა; გამომეტყველებაზე დაეტყო, რომ შედეგი უარყოფითი იყო.
- იცი რა, ნინკა, ერთადერთი საშუალება გამოიკვლიო კაცი ლოთია თუ არა, ეს სისხლის ანალიზია!
- ხელების კანკალი რაზე მეტყველებსო?!
- ეგ ზოგადად სიბერის ნიშანია...
- დაბერდი?
- ნუ, როგორ გითხრა, სიბერე ვისთან ნაადრევად მიდის, ვისთან დაგვიანებით...
ნინკამ უიმედოდ ჩაიქნია ხელი.
- იცი რა, ჩემო კარგო, მოდი საქმეს შევუდგეთ - გადაცემა გვაქვს ჩასაწერი!
- გადაცემა გვაქვს ჩასაწერი... - გამოაჯავრა.
- ხო, ჩასაწერი, ამისთვის შევიკრიბეთ, დაგავიწყდა?!
- არ დამვიწყნია, ჩავწეროთ!
- დაიწყე და მე აგყვები!
- მე უკვე კარგა ხანია დავიწყე... ამყევი!
- მე?
- „მე“ თხამ იცის... დაიწყე!
- რომ დავიწყო, ამისთვის სტუდიაში სტუმარი მესაჭიროება - წარვადგენ, კითხვებს დავუსვავ, გავესაუბრები და გადაცემაც გამოვა; დახლიდან ეგებ რაიმე ნივთი მივყიდო კიდეც...
- „სოფლის შენებას რა უნდა“... თანაც, სტუმარზე რაღაცის მიყიდვასაც აპირებ!
- ხო, დიდი ელვის პრესლის ნაქონი ცხვირსახოცი მაქვს გასაყიდი!
- ყიდვისა რა მოგახსენო და, სტუმრის როლს შენი ხათრით გავითამაშებ!
- შენ?
- მე!
- „მე“ თხამ იცისიო, შენ მითხარი...
ნინკამ თვალები დააბრიალა.
- ვიხუმრე, უფრო სწორად, ჩემ თავს შევახსენე ერთი „სიბრძნე“...
- თხა და გიგოს „სიბრძნე“!
- ჰო, ალბათ..
ოსტატმა მაგიდის უჯრიდან თაბახის ფურცელი ამოიღო:
- ნინკა, რადგან შენ ჩემი, ასე ვთქვათ, არანატურალური სტუმარი ხარ, მე დასასმელი კითხვების სიას ერთიანად ჩაგიკითხავ და შენ, რომელსაც საჭიროდ ჩათვლი, იმას გაეცი პასუხი!
- კეთილი, ვნახოთ რა გამოგვივა.
- კითხვა ა) გაგვეცანი, ანუ მოგვახსენე შენი სახელი, გვარი და მამის სახელი? კითხვა ბ) სად დაიბადე, რომელ წელს, თვე და რიცხვი! კითხვა გ) უცხოეთში გყავს თუ არა ნათესავები? კითხვა დ) ხარ თუ არა ნასამართლევი? კითხვა ე) სად და როდის...
- მოიცა, მოიცა, ეგ კითხვები საიდან გადმოიწერე?!
გამოართვა ფურცელი და ყურადღებით ჩაადევნა თვალი.
- ინტერნეტიდან!
- რომელი ინტერნეტიდან?
- უფასო ინტერნეტიდან...
- უფასო ინტერნეტში კარგს რას იპოვი კაცი... ეს სსრკ-ს დროინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს პროტოკოლით გათვალისწინებული ეჭვმიტანილის დაკითხვის ოქმია!
- რაა?
თითქოს სკამმა დაიწიაო, ოსტატი ერთი თავით დადაბლდა.
- სად გაიპარე?
- არსად, აქ ვარ!
- ლამის მაგიდაში ჩავარდი...
- არა, მე... ყველაფერი უფასო ინტერნეტის ბრალია! - სკამიდან ამოიზნიქა.
- ხო, უფასო ინტერნეტით ფონს ვერ გახვალ! მხოლოდ ესაა, გადაცემისთვის რაც მასალად მოიმარაგე?
- სულ ეს არ არის, კითხვების ალტერნატიული სიაც მაქვს, მაგრამ ის სპეციფიურ სტუმარზე გავთვალე, შენ ვერაფრისდიდებით ვერ შემოგკადრებ!
- რა არის ამისთანა?
- დავივიწყოთ!
- ვერ დავივიწყებ, დამაინტერესა, გადმოალაგე!
- ვერა, ნინკა, აკი გითხარი - ვერ შემოგკადრებ-მეთქი! აღნიშნული კითხვები მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონებზე გავთვალე, თუკი ასეთი გამოერევა სტუმრებს შორის.
- „ოჰოჰო“ - სამი ძახილის ნიშნით. ახლავე გადმოალაგე; სიამოვნებით გავითამაშებ „მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონის“ როლს! - კაბის ქვემოდან ბარძაყის გვარიანი ნაწილი გამოაჩინა.
- არა, ნინკა, რას ამბობ... - გაწითლდა.
- იცი რა, ჩემო კარგო, შენ კითხვები მომაწოდე და მე თავად ჩავუკითხავ ჩემ თავს; დარწმუნებული ვარ, ისიც უჯრაში გიდევს. - და თითქოსდა უჯრაზე მიწვდენის საბაბით ისე გადაიზნიქა ოსტატისკენ, ამ უკანასკნელმა მაშინვე მიაწოდა ფურცელი.
ნინკა ჯერ ჩუმად შეუდგა კითხვას, შემდეგ საჯაროდ:
- კითხვა ა) რომელ საათზე ვიღვიძებ? კითხვა ბ) ორთოპედიულ მატრასზე მძინავს, თუ რბილზე? კითხვა გ) ყავას ვანიჭებ უპირატესობას, თუ ჩაის? კითხვა დ) დღეში რამდენ ღერ სიგარეტს ვეწევი? კითხვა ე) რომელ ალკოჰოლურ სასმელს ვანიჭებ უპირატესობას? კითხვა ვ) რა ფერის კოლგოტკას ვიცმევ? კითხვა ზ) მყავს თუ არა საყვარელი? ქვეკითხვა: თუ მყავს, რამდენი? - აქ ნინკამ სიცილი ვეღარ შეიკავა, კითხვების ფურცელი განზე გადადო.
ოსტატს თითქოს სკამი გამოაცალესო, მთლად მაგიდის ქვეშ ჩაძვრა.
- დაბრუნდი ოსტატო, დაბრუნდი! - ხელი შეაშველა, რომ ის მაგიდას დაბრუნებოდა. - ეს კითხვებიც „უფასო ინტერნეტიდან“ გადმოიწერე?
- არა, ჟურნალიდან გადმოვიწერე!
- უფასო ჟურნალიდან?
- უფასო არა, „იაფფასიანი“ უფრო ეთქმის მას.
- ანუ, „ყვითელი პრესა“... ყველაფერ „უფასოს“ და „იაფფასიანს“ უნდა ერიდი! რატომ არ იხელმძღვანელე რომელიმე „ძვირადღირებული“ ჟურნალიდან?
- „ძვირადღირებული“ ჟურნალი ძვირი ღირს!

სტუდიაში შემოდის დამლაგებელი ქალი, რომელიც ოსტატმა სარდაფში მოწყობილი ავეჯის სარესტავრაციო საამქროს დასალაგებლად დაიქირავა, და რომელთანაც, პირველივე დღიდან მტრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა; თუმცა რატომღაც, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის ნებით, ტელესტუდიაში გადმობარგებულთ დამლაგებლად ისევ ეს ქალი ერგოთ. შემოსვლისთანავე ოსტატს შეუტია:
- სამუშაო დღე დამთავრდა, გაუშვი ეს ხალხი სახლში; აქაურობა უნდა დავალაგო!
- ამას უყურე, საკუთარი სტუდიიდან მაგდებს!
- შენ თუ გინდა, დილამდე იჯექი აქ, ამათ რას ერჩი, დაიღალნენ! თხუთმეტ წუთში დაცარიელებული იყოს აქაურობა!
სტუდიიდან გავიდა.
- ეს ქალი მართლაც თავზე წამოგაჯდა - თაგვად გადააქციე! ხომ ამბობ, შემიძლიაო ეგეთი რაღაცო! - უთხრა პაველმა და წასასვლელად მომზადებულმა, წითელარმიელის ქუდი დაიხურა, შინელიც შეიკრა.
- ოსტატო, მართლა შეგიძლია ადამიანის თაგვად გადაქცევა? - გახალისდა ნინკა.
- შემიძლია, ოღონდ ამას თაგვად არ გადავაქცევ. ჯერ ერთი, რომ მე თაგვი კი არა, დამლაგებელი მჭირდრბა, და მეორეც, რატომღაც ის ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის ფავორიტია... ვერ ვხვდები რატომ.
- ხო, უფროსობასთან ჩხუბი არ გვარგებს... - დაეთანხმა კანტროლკა და თავზე ჩამომხობილი ჯალათის „ჩაფხუტი“ (ტომარა) შეისწორა.
- ვინმე სხვა გადააქციე თაგვად!
- ვინ?
- მე და პაველს რას გვერჩი, საჭირო ხალხი ვართ... ნინკა ჩვენი დაიკოა. შენი შეგირდი გადააქციე თაგვად; რაღაში გჭირდება - დიდი ჟურნალისი გახდი! - უთხრა ჩურჩულით, რომ შეგირდს არ გაეგო.
- ვიფიქრებ მაგაზე...

რეკლამა.

სტუდიაში მხოლოდ ორნი, ნინკა და ოსტატი დარჩენილან.
- ნინკა, რა უნდა გკითხო - ეს ტაბულა რომელი მეცნიერის შემოქმედებაა? - თითი მენდელეევის ტაბულასკენ გაიშვირა, რომელიც კედელზე გამოსაჩენ ადგილზე ეკიდა.
- ეგ დიდი ქიმიკოსის მენდელეევის „შემოქმედებაა“.
- ხო, ამას ჩავიწერ, რომ აღარ ამერიოს. - ბლოკნოტში ჩაიწერა. - და „პითაგორას ცხრილი“ რაღა ჯანდაბაა?
_ „პითაგორას ცხრილი“ რიცხვების ერთმანეთზე გამრავლების ცხრილია, რომელიც შენი სკოლის მათემატიკის რვეულს უკნიდან ეწერა. - მერე, ჩაეკითხა, - სკოლაში ხომ სწავლობდი?
- ფრიადზე!
- ხო აბა, ისე ვინ მიგიღებდა კემბრიჯში...

მეცხრე სერიის დასასრული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები