ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კონსტანტინე იამანიძე
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2019


მაშინ სხვანაირად მიყვარდი.



წვიმიან საღამოობით
შენ მოდიოდი ჩემთან
და ჩემს კალთაში ჯდებოდი.
უბიდან
მკვდარი ჩიტებივით ამოაწყობდი მკლავებს და კისერზე მხვევდი.
რა მსუბუქი იყო შენი არსებობა,
რა ძლიერად მიყვარდი.

მაშინ
სვანაირად ვფიქრობდი.
მჯეროდა,
ზღვები ვერ  აშორებდნენ ადამიანებს.
გაღვიძებისას თითებს გიკოცნიდი,
ნაჩქარებად გიმზადებდი საუზმეს
და სამსახურში მიმავალი ვფიქრობდი,
რომ სხვანაირად მიყვარდი.

მაშინ
ყველაფერი მშვიდად იყო.
მე ვწერდი შენზე
და შენ მკოცნიდი.
ჩვენ ვიცინოდით ერთად.
ჩვენ ვსეირნობდით ერთად
და დაღლილები
უცნობი სადარბაზოს კიბეებზე ვაგრძელებდით საუბარს.

ერთ დღესაც
დროსთან ერთად გახვედი,
მე ვიჯექი და ველოდებოდი შენს დაბრუნებას.
შენ აღარ მოდიოდი ჩემთან.
შენ აღარ ფიქრობდი ჩემზე
და გეგონა,
ყველაფერი იდეალურად დატოვე.

მერე ხშირად მახსენდებოდა
როგორ მიყურებდი დამშვიდობებისას,
როგორ ამბობდი ჩემთვის გაუგებარ სიტყვებს,
როგორ იკრავდი თმას
და მიდიოდი იქ,
საიდანაც არ ბრუნდებიან.

ხანდახან ზურგზე რომ  დავწვები
და ყველა კარს ჩავკეტავ,
მახსენდება,
რომ წვიმიან საღამოობით
მოდიოდი,
ჯდებოდი ჩემს მუხლებზე,
უბიდან ტოტებივით ამოყრიდი მკლავებს
და კისერზე მხვევდი.

მაშინ სხვანაირად მიყვარდი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს