ნაწარმოებები



ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2019


თუშეთიდან დაბრუნება

სახლში, საწოლში მოკალათებულს
მონის უღელი გირევს გონებას,
ცდილობ და მაინც ვერ უსმენ ღამეს
სიცარიელე გივსებს ცხოვრებას,

შენი მაჯები ბორკილს ეჩვევა
მოხსნის შემდეგაც, აცვია თითქოს
შენ აკოცნინე ვენა დანისპირს
შინდისფერ სუნთქვას თითებზე ითოვ.

არაფერს ითხოვ, ჯერ არ გათენდეს
შიშს დაანაცრებ, უკეთებ კოცონს
ცის ანარეკლზე შენს თავს დალანდავ,
სამში ერთს, ღრუბელს, ცოტათი მოგრძოს.

ექოდ ჩაგესმის შენი ბავშვობა
ყულფივით გიცქერს შორიდან რული,
სიცოცხლის შენზე გამოლაშქრება
და მატერიად ქცეული სული.

შენ არსებობის ტრიუმფით ტკბები
სიცოცხლეს მოკლავ და ვეღარ ნახავ
ბოლომდე იგრძნობ გარდაცვალებას
ფილტვებში მიწას, ცოცხლად დამარხვას!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები