ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2009


მე - საქართველოში, შენ - ევროპაში

თებერვლის მზე ადგას დაფიფქულ მთის წვერებს,
ვნაღვლობ და... გიხსენებ.
მე ჩემი ცხოვრებით იმდენად დავკავდი,
შენ ვეღარ გიშველე.

ამდენმა სიშორემ ცრემლები გამიშრო,
შენ, ალბათ, არ გჯერა.
მსურს, ამ სიძლიერეს ზურგი შევაქციო,
ავტირდე ამჯერად.

მანძილმა შემიკლა მუდამდღე ხელში და
თვალებიც ჩამიქრა.
ცხოვრებამ, ოცნება ფრთებს სულ რომ ვერ შლიდა,
ამიტომ გაგრიყა...

მე, საქართველოში, ვერაფერს ვეღარ ვგრძნობ,
ნატვრამაც დამღალა
და ვინც შენ აქ დაგრჩი, კაშკაშა ღიმილით,
ისეთი აღარ ვარ.

დიდი უშენობა ჩუმი სიძლიერით
ღმერთმა ჩამინაცვლა...
მეტად დაგვიანდი, ჰოდა, მონატრებაც
საზღვრებს მთლად გადაცდა,

უხმო სევდად იქცა, გულის კუნჭულებში,
ფსკერზე დალექილად,
ბევრი მიტირია, ბევრი მიდარდია,
ხშირად არ მეძინა...

მაგრამ - უშენობა ისე მტკიცეა და
ისე შეუვალი,
ჩემი სევდით მანძილს ვერაფერს დავაკლებ,
შემრჩა შენი ვალი

ჩემი ნიღბისფერი სიძლიერისათვის,
სახეს რომ მიფარავს,
იქნებ, მაპატიო შენ, ღვთის გულისათვის,
თორემ ღიმილს მპარავს

შენი სევდა, - ჩემთვის როგორც ბასრი დაშნა,
ხმალი ორლესული,
ალბათ, შურს ვიძიებ ჩვენი სიშორისთვის,
ვითარცა ხევსური,

დას რომ დააშორეს, ძმისგან ვინც განკვეთეს,
შესჩივის მთის წვერებს....
ეჰ, რა უცნაურად შემიჩნდა სევდა დღეს,
ვდარდობ და...
გიხსენებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები