ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: დრამატურგია
20 აგვისტო, 2019


ტელევიზიის სარდაფში (სატელევიზიო სპექტაკლი) სერია 11

(სატელევიზიო სპექტაკლი)
სერია # 11

მოქმედი პირები:
ოსტატი    - ავეჯის ლოთი, თვითმარქვია რესტავრატორი,
  რომელიც ტელეწამყვანად იქცა;
შეგირდი  - ოსტატის შეგირდი, შრომისმოყვარე;
პავალი    -  წითელარმიელი;
კანტროლკა - შუასაუკუნეების დროინდელი ჯალათი;
და სხვები.




სტუდიაში, სადაც კამერებთან გახევებულ ოპერატორთა გარდა არავინ იყო, შავი ლიმუზინი ღმუილით შეგრიალდა. შავი ფერის სპეცსამოსელში გამოწყობილი მძღოლი გადმოვიდა მანქანიდან და უკანა კარი მოწიწებით გაუღო განსაკუთრებული მნიშვნელობის მგზავრს, რომლის პიროვნულ დიდებულებას შტრიხად მხოლოდ ტროსტი, ცილინდრი და ძირს გაფენილი წითელი ხალიჩაღა აკლდა. ეს მგზავრი არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენი ნაცნობი, გადაცემის წამყვანი „ოსტატი“ იყო. ოსტატმა ირგვლივ მიმოიხედა - პაველი, კანტროლკა და შეგირდი რომ ვერ იხილა, ეუცნაურა, რადგან აღარც თუ დილა იყო, თუმცა ეს ვითარება  დიდად არ შეიმჩნია და სამუშაო მაგიდას მიუჯდა. მაგიდის ქვემოდან თეთრ თაგვად გადაქცეული თავისი თავდაპირველი შეგირდი ამოსვა, გარჩეული თხილი დაულაგა წინ და საუბარი გაუბა:
- აი, ჩემო ძმაო, დაპირებისამებრ თხილს და გოზინაყს არ გაკლებ! ერთ კოხტა თაგვსაც შეგრთავ ცოლად; კანდიდატი შერჩეული მყავს - ჩვენი ჟანა დამლაგებელი! უჰ, რა თეძოები აქვს... მასზე არც მე ვიტყოდი უარს; რა თქმა უნდა, სანამ ადამიანის სახე აქვს.
თაგვმა ოსტატს ისეთნაირად ახედა, რომ უკანასკნელს მოეჩვენა, გამიღიმაო.
- ვიცი, ძმაო, რომ მაპატიე; სიცოცხლის ბოლომდე შენი ერთგული დავრჩები! კატებს დავხოცავ!
უჯრიდან არყის ბოთლი ამოიღო და ორი ჭიქა, შეავსო; ერთი თაგვს გაუწოდა, თუმცა მაშინვე იგრძნო, რომ ეს უაზრობა იყო.
- იცი რა, შენ სადღეგრძელოს ორი ჭიქით დავლევ!
შეასრულა. შემდეგ, საუბარი გააგრძელა:
- შენ თუ იცი, ეს ბედოვლათები სად დაიკარგნენ - პაველი, კანტროლკა და შენი შემცვლელი ჩემი შეგირდი? - ჭიქები ისევ შეავსო. - შენი შემცვლელის დაგვიანების მიზეზი გასაგებია - თაფლობის თვე აქვს, შენს ყოფილ ცოლთან ღლაბუცობს საწოლში... - და უეცრად იგრძნო, რომ ნათქვამით ალბათ გული ატკინა თაგვს და მის დამშვიდებას შეეცადა. - იღლაბუცოს, რა გენაღვლება,  რაში გჭირდება ცოლად ადამიანი?! ვერ შეგიყვარებს, ვერც ვერაფერი... რადგან ადამიანია და მეტი არავინ! შენ კარგი, ჯიშიანი დედალი თაგვი გჭირდება, თეთრი, რა თქმა უნდა! ხომ შეგპირდი - ცოლს შეგრთავ-მეთქი! ჩვენი ჟანა საუკეთესო კანდიდატია ამისთვის! როგორც კი ხელსაყრელი დრო მომეცემა, თაგვად, ანუ „პატარძლად“ ვაქცევ... სხვების ჯინაზე „იღლაბუცეთ“, „იღლაბუცეთ“ და „იღლაბუცეთ“ გაუთავებლად! თქვენი წრუწუნების შენახვაც ჩემზე იყოს!

კულისებიდან რკინის ვედროს ჩხარუნი გაისმა; ოსტატმა ყური ცქვიტა.

- ეე, ბიჭო, შენი საცოლე მოდის, ჟანა დამლაგებელი. როგორც კი სამ მეტრზე მომიახლოვდება, თაგვად გადავაქცევ! ეს მანძილი იმისთვის მჭირდება, რომ ჯადოს ზემოქმედების ზონაში მოექცეს!
სტუდიაში შემოსულმა ჟანამ ოსტატი განზრახ ვერ შეამჩნია; იატაკის სველი ტილოთი მოწმენდა სტუდიის შორეული კუთხიდან იწყო.
- ნუ გეშინა, მოვა ჩვენამდე... - ჩასჩურჩულა თაგვს და ჯადოს ტექსტი გულში სხაპასუპით გადაიმეორა, რომ წარმოთქმის დროს რაიმე არ შეშლოდა.
მაგრამ ჟანა მოახლოებას არ ჩქარობდა... და როცა სტუდიის ის ნაწილი სრულად დაასუფთავა, რომელიც ოსტატის „ჯადოქრობის ზონას“ სცილდებოდა, დოინჯშემოყრილმა ოსტატს ულტიმატუმით მიმართა:
- სამი მეტრის მანძილზე გამეცალე!
- რა თქვი?
- გამეცალე-მეთქი, თორე, ამ ცოცხს თავზე გადაგატეხავ; სპეციალურად დავუგრძელე ტარი!
ცოცხს მართლაც არაბუნებრივად გრძელი ტარი ჰქონდა.
ოსტატმა გონებაში მოქმედების სტრატეგია შეიმუშავა და უჩვეულოდ მოლბა...
- გოგო, რატომ ამითვალწუნე პირველივე დღიდან? მე შენთვის ხომ მხოლოდ კეთილი, კეთილ, შე... - ენა დაება, ან რაღაც სხვა უნდოდა ეთქვა. -  კარგის მეტი არაფერი მინდა!     
- გაიწი-მეთქი!
- საკუთარი სტუდიიდან მაძევებ?
- სტუდიიდან არ გაძევებ, კუთხისკენ გაიწიე - სამი მეტრის მანძილზე არ მომეკარო!
- სამი მეტრი რა შუაშია?
- კარგად იცი, რა შუაშიცაა...
- კარგი, გაგერიდები. - დაემორჩილა ქალის ბრძანებას და სანამ ამას გააკეთებდა, თაგვს ჩასჩურჩულა, რომ მისი ქორწილი დროებით გადაიდო.

ჟანა დამლგებლის სტუდიიდან გასვლა და პაველისა და კანტროლკას შემოსვლა ერთდროულად მოხდა.

- მობრძანდით... - დამცინავად უთხრა ოსტატმა.
- მოვედით, მაგრამ ვაი ამ მოსვლას, ლამის დაგვაპატიმრეს!
- დაგაპატიმრეს?
- ხო, გამომძიებელმა დაგვკითხა!
- გამომძიებელმა?
- ხო, გამომძიებელმა. მარტო ჩვენ კი არა, შენი შეგირდიც დაკითხა!
- ვინ, თაგვი?!
- თაგვი არა, მეორე, თაგვის მაგივრად ვინც აიყვანე!
- მიშკა?
- ხო, მიშკაა თუ ვიღაცაა. გამომძიებელმა ჩვენ რომ გამოგვიშვა, ეგ შეიყვანა!
- რა უთხრა?
- ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ, რა უთხრა, მოვა და კითხე! თუ გამოუშვეს...
- რატო არ უნდა გამოუშვან?!
- აბა, რა ვიცი...
დაძაბულმა სიჩუმემ დაისადგურა, რომელიც ბოლოს პაველმა დაარღვია:
- შეფ, გამომძიებელმა შენ არ დაგიბარა დაკითხვაზე?
- არ დამიბარა!
- რატომ არ დაგიბარა?
- რატომ უნდა დამიბაროს?
- ეგ რანაირი სამართალია - შენ ადამიანი თაგვად გადააქციე და არაფერს გეუბნებიან; ჩვენ პატარა ოთახში ბოინი მოვაწყეთ, სულ ორი ქათამი და ერთი ინდაური დავკალით, და ამისთვის ლამის ციხეში ჩაგვსვეს!
- ბოინზეც გკითხეს?
- ყველაფერზე გვკითხეს!
- იმიტომ გკითხეს, რომ არ უნდა მოგეწყოთ ბოინი ტელევიზიაში; სად ტელევიზია და სად ბოინი?!
- ადამიანის თაგვად გადაქცევა ხომ სულ ტელევიზიის წესდებაში წერია...
- თაგვად გადაქცევის შესახებაც გკითხეს?
- ხომ გითხარი, ყველაფერზე გვკითხეს, მაგრამ ჩვენ შენ არ ჩაგიშვით!
- რა უთხარით?
- ჩვენ მარტო ის ვუთხარით, რომ დაკითხვის დროს უსაფრთხოების მიზნით შენგან ორი მერტი დისტანცია უნდა დაიკაონ!
- ორი კი არა, სამი, სამი მეტრით არ უნდა მიიახლოვონ! - ჩაუსწორა პაველს კანტროლკამ.
- ორი ვუთხარით!
- სამი ვუთხარით!
- შეფ, უთხარი ამ უტვინოს - ადამიანის თაგვად გადაქცევის ჯადო რამდენი მეტრის რადიუსზე ვრცელდება!
- ესე იგი, ჩამიშვით... - ჩაიბუტბუტა ოსტატმა და დააყოლა, - რატომ არ მიბარებს გამომძიებელი?
- დაგიბარებს; ხაშური უკან დაგრჩება...
- თუ ჩემს დასაპატიმრებლად მოვლენ, ყველას, ვინც წინ გადამიდგება, თაგვად გადავაქცევ - ბრძოლით გავიკვლევ გზას!
- მერე სად დაიმალები? - ჰკითხა პაველმა.
- მთაში გავიხიზნები!
- მთაში ცივა, ტყეში წადი, ცეცხლს მაინც აანთებ.
- ტყეში მგლები დარბიან...
- მაშინ, კუნძულზე წადი, რობინზონ კრუზოს კუნძულზე!
- კუნძული კარგია...
- თანაც, იქ პარასკევას გაიცნობ, ცოლად მოიყვან!
- ვის მოვიყვან ცოლად?
- პარასკევას!
- პარასკევა კაცია!
- კაცი არ არის, ქალია; თანაც მაგარი!
- კაცია-მეთქი!
- კაცი როგორ არის, როცა ფილმი მაქვს ნანახი რობინზონ კრუზოზე და პარასკევა ქალია!
- მეც ფილმიდან ვიცი, რომ პარასკევა კაცია!
- შენ რომელი ფილმი ნახე?
- რეჟისორის გვარს რას გავიხსენებ, ფილმია რა...
- რა ენაზე ლაპარაკობენ?
- რუსულად.
- მეც ეგ ფილმი ვნახე, სადაც რუსულად ლაპარაკობენ და პარასკევა - ქალია!
ოსტატმა ხელი ჩაიქნია...

სტუდიაში შემოვიდა მიშკა, თაგვად გადაქცეული შეგირდის ორეული.

- გამოგიშვა გამომძიებელმა?! - ჰკითხა ოსტატმა.
- გამომიშვა.
- რას იკვლევდა?
- ჩემს ვინაობას, წარმომავლობას.
- მერე, რა გამოიკვლია?!
- გამოიკვლია ის, რომ მე ვარ ის, ვინც ვარ!
- ანუ, ჩემი შეგირდის შემცვლელი?
- შემცვლელი არა, თქვენი თავდაპირველი შეგირდი ვარ!
- ეგ როგორ?
- ასეა, დნმ ტესტირებამაც აღნიშნული შედეგი აჩვენა!
- აბა, ეს ვინ არის?! - თითი თაგვს დაადო.
- ეგ თაგვია!
- გადამრევს ეს ხალხი...
შეგირდმა ოსტატს ყურში ჩასჩურჩულა:
- მე მართლაც თქვენი თავდაპირველი შეგირდის ორეული ვარ, მაგრამ ეს ფაქტი ვერ დაადგინა გამოძიებამ!
- ვაა... - აღმოხდა ოსტატს. - დნმ ტესტირებაზე რაო, რა თქვი?
- დეენემიც იგივე აღმომაჩნდა, რაც თქვენ ყოფილ შეგირდს ჰქონდა.
- ვაააა... - ახლა უფრო გრძლად აღმოხდა ოსტატს.
- იმდენად მოვიხიბლე ჩემი ახალი ცხოვრებით, რომ ვერაფრის დიდებით ვეღარ დავთმობ მას!
- ესეიგი, კმაყოფილი ხარ!
- რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ - სამი შვილი მყავს, ლამაზი ცოლი...
- ცოლი მართლაც ლამაზი გყავს... მაგრამ შვილი სამი კი არა, ორი გყავს!
- სამი მყავს!
- ერთი თვის წინ ვიყავი მასთან ოჯახში სტუმრად და ორი ჰყავდა; ასე უცბად მესამე საიდან გამოიქექა? - თითი კიდევ ერთხელ დაადო თაგვს.
- არ ვიცი, მე სამი დამხვდა...
- პირველი შვილი ხომ მესამე კლასში დადის?
- მესამე კლასშია!
- მეორე პირველში?
- სწორია, არის პირველკლასელი!
- აბა, მესამე ვინღაა?
- მესამე ბაღში დადის, წიური ბიჭი!
- სათვალიანი?
- ხო, სათვალეებიანი!
- ეგ მეზობლისაა!
- როგორ თუ მეზობლის?
- ხო, მეზობლისაა!
- ვაა...
- ცოლზე რას იტყვი?
- ჯერჯერობით ვერაფერს.
- რატომ, არ მიგიკარა?
- დაღლილი იყო, მეც მომერიდა...
- ეე, მე შენ ადგილას, ოჯახთან შერწყმას მაგ ქალის „ათვისებით“ დავიწყებდი...
შეგირდმა დაირცხვინა; მერე თქვა:
- იქნებ, ეს თაგვი თავის სახლში გადავიყვანოთ; ბავშვებს ღვიძლ მამასთან შეხება ექნებათ... მე ვუპატრონებ მას!
- რას ამბობ, გაგიჟდი - შენ იქ თავის ცოლთან მოღლაბუცეს რომ დაგინახავს, ხომ გაუსკდა გული! წადი, დაიკავე შენი ადგილი!
შეგირდი თავის მაგიდას მიუჯდა, უჯრიდან წიგნი ამოიღო და კითხვას შეუდგა.
- კითხვაც რომ ზუსტად იმისნაირი იცის... - ჩაიბურტყუნა ოსტატმა.

კულისებიდან ნაბიჯის ხმა გაისმა, რომელიც თანდათან ახლოვდებოდა.

- შეფ, შენ დასაჭერად მოდიან...
ოსტატი აიფოფრა.
- თაგვად გადავაქცევ ყველას!
მაგრამ სტუდიაში ისეთი არავინ შემოვიდა, ვისაც ხსენებული ბედი უნდა სწვეოდა; ტელევიზიის ხელმძღვანელი იყო, ხელქვეითურებითურთ.
- ოსტატს ჩვენი მხურვალე სალამი! - ხელის ჩამორთმევით მიესალმნენ.
- იცოცხლეთ, პატივცემულნო!
- რასაიქმნთ სტუდიის წიაღში, იწვით ხომ შემოქმედებითი წვით!
- ნუ, როგორ გითხრათ, მთლად ცეცხლი არ გვიკიდია...
- თუ ცეცხლი არ გიკიდიათ, ამასწინად სტუდიამ იმხელა კვამლი რანაირად გამოაფრქვია?!
- კვამლი?
- ხო, კვამლი უცეცხლოდ როდის ყოფილა... რაც იყო, იყო, კარგი სიახლით მოვედი თქვენთან - წელს საქართველო ავეჯის კვალიფიციური რესტავრაციის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს; რა თქმა უნდა, გსმენიათ ამის შესახებ!
- მე, მსმენია...
- ამ გრანდიოზული მოვლენის ტრანსლიაციის პატივი ჩვენს ტელემაუწყებელს ერგო! უამრავი სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება დავგეგმეთ, მათ შორის, „ა“ კლასის რესტავრატორ-სპეციალისტთა ვირტუოზობის ტელემაყურებლის წინაშე დემონსტრირება, რაც დამაგვირგვინებელ ფაზაში პაექრობაში, ანუ სრულფასოვან კონკურსში გადაიზრდება; გამარჯვებულს სპეც-სერთიფიკატის მქონე საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.
- მართლა?
- მართლა!
- ბევრი მონაწილე გყავთ?
- შენი ჩათვლით ოთხიღა დარჩით, დანარჩენი ჟიურიმ გაცხრილა...
- მეც ვმონაწილეობ კონკურსში?
- შენს გარეშე არათუ კონკურსს, თვით ფესტივალს შინაარსი დაეკარგება!
- მომიწევს კუნძულზე გახიზვნა... - ჩაილაპარაკა თავისთვის.
- რა ბრძანე, ოსტატო?
_ არაფერი, მივესალმები ფესტივალს... სულ რაღაც ოთხი კონკურსანტი ვყოფილვართ; დავამარცხებ ყველას!
- საქართველოს ღისებას იცავ!
- სად ჩატარდება კონკურსი და რა ფორმით?
- კონკურსი ჩატარდება აქ, ამ სტუდიაში - უკან, საპატიო სტუმრებისთვის სავარძლებს ჩავდგამთ; მარჯვნივ ჟიური განთავსდება, მარცხნივ მუსიკალური ბენდი, ხოლო ცენტრში თქვენ, ავეჯის ვირტუოზები შეერკინებით ერთმანეთს; თვითეულს აღსადგენად ანალოგიური დაზიანების მქონე სკამი გადმოგეცემათ!
- სკამი?
- დაზიანებული სკამი!
- გასგებია...

ტელევიზიის ხელმძღვანელმა სტუდიის მოსამზადებლად გარკვეული მითითებები გასცა და დატოვა იქაურობა.

- შეფ, დაგერხა! - უთხრა პაველმა.
- რატომ დამერხა?
- ყველა გაიგებს, რომ შენ ავეჯის რესტავრაციისა არაფერი იცი!
- მე გავიმარჯვებ კონკურსში!
- რანაირად?
- მოდი, ყურში გეტყვი; შენი დახმარება დამჭირდება...
პაველი მივიდა.
- მე შევიძინე ისეთივე სკამი, როგორიც ამათ საკონკურსოდ იყიდეს; დეკორაციის უკან დავმალე. კონკურსის დროს ჩემ ნიშანზე შენ და კანტროლკა სტუდიაში სინათლეს გამორთავთ, ვითომ თავისით ჩაქრა და მე ამ დროს, დაზიანებულ სკამს დაუზიანებელით შევცვლი!
- შენ რა იცი, ესენი როგორ სკამს დაგიდგამენ გასაკეთებლად?
- ვიცი, ვიცი, მე ყველაფერი ვიცი...
- ეცოდინება, ბაბა იაგას სანიმუშო მოწაფეა! - დასძინა კანტროლკამ.
- წადით და დილით მოსვლა არ დააგვიანოთ!
სტუდიიდან გასვლის წინ პაველმა ოსტატს ჰკითხა:
- შეფ, შენ დღეს სტუდიაში მართლა ლიმუზინით მოხვედი?
- ლიმუზინით მოვედი!
- მაგიდამდე მიგიყვანა?
- მთლად მაგიდამდე არა, სამ მეტრში გაჩერდა.
- ლიმუზინისგან და კაი ცხოვრებისგან დროებით თავი შეიკავე!
- რატომ?
- შენი შეგირდის თაგვად გადაქცევა ჯერ შეგრჩეს; ვიღაც-ვიღაცეებს ზედმეტად რომ არ მოხვდე თვალში... გირჩევ, მარშუტკით იარო!
- ვიფიქრებ მაგაზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები