ნაწარმოებები



ავტორი: სალანდერი
ჟანრი: პროზა
21 აგვისტო, 2019


ფილოსოფია ფსიქიატრიულის კედლებში

2 აგვისტო.
თვალი გაახილა ქალმა.
მზერა მოავლო, თეთრი ოთახის კედლებსა და დაბზარულ ჭერს.
ხელზე გადაჭერილი ქამრები იგრძნო, რომელიც ისე მკვეთრად უჭერდნენ, უმნიშვნელო მოძრაობის შესრულების ნებასაც არ აძლევდნენ.
ისევ დააბეს, არ ახსოვდა რატომ, მაგრამ ახსოვდა, რომ პირველი შემთხვევა არ იყო.
სისუსტეს გრძნობდა, დამამშვიდებლებით გაბრუებული ორგანიზმი.
ოთახის მკვეთრმა განათებამ მოსჭრა თვალი და სწრაფად დახუჭა.
როგორ ვერ იტანდა, როცა თვალებს ხუჭავდა და არ ეძინა.
კადრებად უტრიალებდა განვლილი ცხოვრება. ვერსად ემალებოდა ქუთუთოებს შორის განვლილ, დოკუმენტურ ფილმს.
ხმაური შემოესმა, თუმცა თვალის გახელა ვერ გაბედა, მშვიდად ელოდა როდის გაუკეთებდნენ კიდევ ერთ დამამშვიდებელს.
ოთახში ნაბიჯების ხმა გაისმა, ვიღაც ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და რამდენიმე წამში, უკვე მის საწოლთან იდგა.
უცნობის სუნთქვა, სახესა და გულზე მოეფინა.
მშვიდად სუნთქავდა უცნობი, მშვიდად თუმცა ღრმად.
ეუცხოვა, აქ ხომ კარგად ისწავლა სუნთქვით როგორ ეცნო ადამიანები, ყველა თანამშრომელს სცნობდა, ვისთანაც შეხება ჰქონდა.
მაგალითად, მთავარი ექიმი ყოველთვის მძიმედ სუნთქავდა, წყვეტილად, თითქოს ეშინოდა შემთხვევით ჰაერის ზედმეტი დოზა არ ჩაეშვა ფილტვებში.
ექთნის სუნთქვა, სევდიან ოხვრას მოგაგონებდათ, ხმას აყოლებდა და ისე ქშინავდა, თითქოს ძალით აბამდნენ ამ ფსიქიატრიულის კედლებში, თითქოს მასაც მარიამივით, არ შეეძლო აქედან გაქცევა და მასავით მიჯაჭვული იყო ამ კედლებს.
დაცვის წევრები კი, რომლებიც ასე ხშირად ურთიერთობდნენ მარიამთან, რათა დაეკავებინათ, როცა ნერვული შეტევა ეწყებოდა, ქოშინით სუნთქავდნენ მუდამ, თითქოს გამუდმებით საღაციდან მოიჩქაროდნენ და სადღაც მიიჩქაროდნენ.
იმ ადამიანის სუნთქვა რომელიც ახლა ადგა თავზე მარიამს, არავისას ჰგავდა.
უცნაური სიმშვიდე იგრძნო, თითქოს უცნობის ამონასუნთქმა ჰაერმა სხეული გაუთბო და თვალი ფრთხილად გაახილა.
ჯერ უცნობის სილუეტი გაარჩია, შემდეგ კი ქალის სახეს გაუსწორა მზერა.
თეთრი ხალათი ეცვა უცნობს და პირველად მოხდა, რომ მხოლოდ ამის გამო არ იგრძნო ზიზღი.
ყავისფერი კანი ჰქონდა, გამოკვეთილი ყბები და საოცრად ლამაზი ყელი, გრძელი ყავისფერი თმა კულულებად ეყარა მხრებზე, საოცრად ღრმა და მშვიდი ყავისფერი თვალები ჰქონდა, რომლითაც ახლა საწოლზე მიბმულ, ახალგაზრდა გოგონას, გალეულ სხეულს დაჰყურებდა.
მეტისმეტად ყვითელი და სუსტი ეჩვენა გოგონას თითები, ფრთხილად აიღო და თავისი ულამაზესი, გრძელი თითები ფრთხილად შეახო.
პირველად არ გრძნობდა შიშს მარიამი, სიამოვნების თბილმა ტალღამ დაუარა, მას ხომ დიდი ხანი იყო, მხოლოდ დასაბმელად, ან საცემად ეხებოდნენ, უცნობი კი არავის ჰგავდა, სულ არავის. თვალები დახუჭა და წამით იფიქრა, თუ ისევ გაახელდა, ლამაზი მირაჟივით გაუქრებოდა მისთვის, ამ უფანჯრო ოთახში მოვლენილი სასწაული.
- მარიამ. - ქალის თბილმა ხმამ მოიცვა მთელი ოთახი. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა სახელი, მარიამს ექოსავით ესმოდა.
- მარიამ, შეგიძლია შემომხედო? - საუბარი განაგრძო და გოგონა მიხვდა, რომ უცნობის ხმაც ისევე ეთბილა და ეთავისა როგორც სუნთქვა.
ფრთხილად გაახილა თვალი, იმის მოლოდინში რომ ოთახში არავინ დახვდებოდა, თუმცა შეცდა, უცნობი ადგილზე იყო.
- მე ანაბელი ვარ. - ძლივსშესამჩნევად გაიღიმა ქალმა.
- ანაბელი, ანაბელი. - გამომშრალი ტუჩებით გაიმეორა. მხოლოდ ოდნავ აშორებდა ბაგეებს ერთმანეთს.
- ანაბელ, ანგელოზი ხარ? - საოცარი სურვილი იგრძნო, თავადაც შესძლებოდა ქალის ხელზე შეხება.
- არა, მე ახალი მთავარი ექიმი ვარ.
- მე კი გიჟი ვარ, მხოლოდ ზოგჯერ, დღეგამოშვებით და ვფიქრობ, დღეგამოშვებით, ზოგჯერ, შენც ანგელოზი ხარ. - წყვეტილად საუბრობდა.
- რატომ ფიქრობ ასე? - ინტერესი გაუკრთა მზერაში.
- მსუბუქად სუნთქავ, მხოლოდ ანგელოზებს შეუძლიათ ასე სუნთქავდნენ.
- შენ საიდან იცი ეს?
- მესმოდა, ვიგრძენი და მესიამოვნა. - საუბრობდა და ყურადღებით აკვირდებოდა ქალს, მისი სახის თითოეულ ნაკვთს დეტალურად სწავლობდა.
- ამაზე არ მიფიქრია მარიამ. - ღიმილი გადაეფინა სახეზე.
- იფიქრე რა, ან ერთად ვიფიქროთ, შენ ხომ ჩემი ანგელოზი ხარ?
- ანგელოზი? არ ვიცი, იქნებ ვარ, ზოგჯერ, დღეგამოშვებით. - მისივე სიტყვები გაუმეორა და ფალანგები უფრო მკვეთრად შეახო საწოლზე მიბმულ, გაყვითლებულ ხელებს.
- აქედან დამიხსნი არა? მეც ხომ მომცემ უფლებას შეგეხო. - იმედის ნაპერწკლები აუკიაფდა თვალებში.
- რატომ დაგაბეს მარიამ? - მიუხედავად იმისა, რომ ანაბელმა მშვენივრად იცოდა რატომაც ჰყავდათ იზოლირებული, მარიამის ვერსიის მოსმენა მაინც მოინდომა.
- გიჟი ვიყავი, ხომ გითხარი ზოგჯერ გიჟი ვარ, მაგრამ როცა აღარ ვარ გიჟი, არ მიჯერებენ და აქ მტოვებენ.
- თუ გაგათავისუფლებ, შეგიძლია სიტყვა მომცე რომ ცუდად არ მოიქცევი და დანარჩენ პაციენტებს, ან საკუთარ თავს არაფერს დაუშავებ?
- მე უნდა დამეხმარო, რომ არ გავგიჟდე, ამას ჩემით ვერ ვაკონტროლებ. - სევდა დაეტყო გოგონას გამხდარ სახეს.
- შეგიძლია მასწავლო როგორ დაგეხმარო? - ხელი მისი სახიდან აიღო და ჩაცვენილ ლოყებზე ჩამოუსვა.
- ხეტიალის უფლება არ მომცე ანაბელ. - ქალის სახელი განსაკუთრებული სიფრთხილით წარმოთქვა.
- ხეტიალის?
- ჰო, ხეტიალის, სასაფლაოზე ხეტიალის.
- სასაფლაოზე ხეტიალის? - გაოცებით გაიმეორა.
- ჰო, საკუთარ თავში მოწყობილი, მოგონებების სასაფლაოზე, არ უნდა მახეტიალო და არ გავგიჟდები. - იგრძნო როგორ მოშორდა მის სახეს, ანაბელის ხელი და თვალები ისევ დახუჭა.
- დაგეხმარები, აუცილებლად დაგეხმარები.
- ვიცი, შენ ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ. - საკუთარ თავში დარწმუნებული ჩანდა გოგონა.
- ახლა უნდა წავიდე მარიამ, შენ კი დღესვე გადაგიყვანენ პალატაში, ხშირად გნახავ. - ღიმილით დაემშვიდობა გოგონას და ოთახი დატოვა.
სევდიანად ბედნიერი მზერა გააყოლა გოგონამ, კარში გასულ ანაბელს.


3 აგვისტო.
- გამარჯობა მარიამ. - პალატაში შეაბიჯა ქალმა, ოთახს მხოლოდ ერთი ფანჯარა ჰქონდა და მასაც გისოსები ჰფარავდა.
თეთრი ოთახის ერთ კუთხეში მოკუნტულიყო მარიამი, ფეხებისთვის შემოეხვია ხელები და ასე მუხლებში თავჩარგული იჯდა.
- გაგიმარჯოს. - სწრაფად ასწია თავი და სახე გაებადრა.
- როგორ ხარ? - მის პირისპირ დადგა ქალი.
- დაჯექი. - იატაკისკენ მიუთითა.
- კაბა მაცვია, მანდ ვერ დავჯდები. - მშვიდად აუხსნა.
- წესია?
- სურვილი.
- სურვილებს ხშირად ემორჩილები? - თვალი თვალში გაუყარა და მხოლოდ ახლა შეამჩნია ანაბელმა, რომ გოგონას კუპრივით შავი თვალები ჰქონდა.
- რატომ გაინტერესებს?
- ადამიანების კითხვა მიყვარს.
- როგორია? - საწოლზე ჩამოჯდა და ისე მიაჩერდა გოგონას.
- რთული, საინტერესო საკითხავი წიგნები უფრო მარტივი საშოვნელია, ვიდრე საინტერესო საკითხავი ადამიანები.
- ბევრი ადამიანი წაგიკითხავს? - კუპრივით შავ თვალებს გაუსწორა მზერა.
- არა, ბევრი გადამიკითხავს, მაგრამ წაკითხვით ცოტა წამიკითხავს.
- მაინც რამდენი?
- ორი.
- როგორ არჩევ საკითხავ მასალას? - ძალიან ცდილობდა მარიამის ენაზე ესაუბრა.
- ადამიანებს ვყოფ.
- ჰყოფ ჟანრებად? - გაღიმება უნდოდა, თუმცა ჩათვალა რომ არ ღირდა.
- არა, წყლ\'ებად.
- ეს, როგორ?
- ანაბელ, გიფიქრია რომ ბავშვები, წყაროს წყალს გვანან? სუფთები და ლაღები არიან, თან მათი დაბინძურებაც ისეთივე მარტივია, როგორც წყაროს წყლის, პატარა ლაქამ, სულ მცირე სიბინძურემ, შესაძლოა სამუდამოდ დაუკარგოს დანიშნულება და თავისი ფუნქცია.
- არასდროს მიფიქრია ამ თემაზე, ამ კუთხით. - გულწრფელად აღიარა.
- მერე ვიზრდებით ანაბელ, ვიზრდებით და ანკარა წყაროდ ვერავინ ვრჩებით.
- მაშინ ვინ ვხდებით მარიამ?
- ზოგი გუბე ხდება, გუბეები ის ადამიანები არიან, პატარა ბეტონის ნაგლეჯში რომ ეტევიან. კომფორტის ზონიდან გასვლის შიშით, ვერაფერ ახალს რომ ვერ სინჯავენ. სხვების დაწესებულ ჩარჩოებში სუნთქავენ და ბეტონის პატარა ორმო სამყაროს ცენტრი ჰგონიათ.
ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს \"გუბეების\" ბედმა დააღონა და საუბარი განაგრძო.
- ზოგი წყალსაცავია, არც ისე პატარაა მისი სამყარო, მაგრამ მაინც მდორედ დგას, ცხოვრების შეცვლა არ შეუძლია, ის დგას და ადამიანები მოქმედებენ მასზე, შენ უნდა დააბინძურო და შენვე გაასუფთაო, თავისით ვერცერთს ვერ შეძლებს.
- ძალიან საინტერესოა. - თვალებ გაფართოებული უყურებდა ანაბელი, ამ გიჟი გოგონას ფილოსოფიურ საუბარს.
- ადამიანი მდინარე, აქტიური, ცოცხალი და ნამდვილი ადამიანი, ხან ბინძური, ხან სუფთა, ხან მშფოთვარე, სწრაფი დინებით, ხანაც მდორედ და წყნარად მომდინარი, ადამიანი რომელიც იშვიათად აკეთებს, თუმცა იცი, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია დაივიწყოს კალაპოტი
და გადმოვიდეს. - გაეღიმა, აშკარა იყო ადამიანი მდინარეების მიმართ მისი სიმპათია.
- ადამიანი ჭაობი. - ისევ თავად განაგრძო საუბარი. - მავნებელი, ბინძური და მაინც მიმზიდველი, მიუხედავად იმისა რომ თავის სიბინძურეს არასდროს მალავს, მაინც იზიდავს ათასი ჯურის არსებას, მერე კი ითრევს და სამუდამოდ ალპობს საკუთარ სიბინძურეში, იშვიათად რომ ვინმე დაუძვრეს, ძალიან იშვიათად.
და ბოლოს, ადამიანი ოკეანე. - თვალები გაუბრწყინდა ამ სიტყვის წარმოთქმისას.
- ადამიანი ოკეანე? ის როგორია? - კიდევ უფრო გაუფართოვდა თვალები ანაბელს.
- ღრმაა, ბუნებრივად სუფთაა, მუდმივად ღელავს მაგრამ ზედაპირს არასდროს ეტყობა, მხოლოდ რჩეულებს ითრევს, ლამაზი, კამკამა ზედაპირით იზიდავს, და თუ რჩეულია, ისაა ვინც შეძლებს მისი სიღრმე არ შეიძულოს, იქ მიჰყავს, ქვემოთ, სადაც უამრავი ისტორიაა, ჩაითრევს ქვემოთ და ზედაპირს ისევ არაფერი ეტყობა, ისევ მშვიდი და კამკამაა.
ისე კი საშინელი გაბრაზება იცის, მხოლოდ თავისით არა, ადამიანები ზემოქმედებენ, ისევე როგორც ოკეანეზე მოქმედებენ, მიწისძვრები და ქარიშხლები, ჰოდა მისი გაგიჟებაც ისეთივე, წამლეკავი და ყოვლის გამანადგურებელია როგორც ცუნამი. - ღიმილი გადაეფინა სახეზე.
- რომელი ტიპის ადამიანია ყველაზე საინტერესო წასაკითხად? - თავისთავად მოსწყდა სიტყვები, ანაბელის ბაგეს.
- მათ შორის, რაც მინახავს, ჭაობია ყველაზე საინტერესო.
- და რომელი კატეგორია არ გინახავს?
- ოკეანე, არასდროს შემხვედრია ადამიანი ოკეანე. - სევდამ გაიელვა მარიამის თვალებში.
- ყველაზე ხშირად რომელი ტიპის ადამიანებს ხვდები?
- გუბეებს. - მოკლედ მოუჭრა.
- მე, მე რომელ კატეგორიას მიმაკუთვნებდი? - თვალი თვალში გაუყარა.
- შენ მდინარე ხარ. - უგემურად გაილოკა ტუჩები.
- და შენ?
- არ ვიცი და საუბარიც აღარ მინდა. - მოკლედ მოუჭრა და ზურგი შეაქცია.
- კარგი, დაგტოვებ. - ფეხზე წამოდგა, კაბაზე არარსებული ნაოჭები შეისწორა და კარისაკენ დაიძრა.
- ანაბელ. - მარიამის ჩურჩული, შორიდან მისწვდა მის ყურთასმენას.
- გისმენ. - მაშინვე შეყოვნდა ქალი.
- შეგიძლია კენჭები მომიტანო? - არც შეუხედავს ისე იკითხა.
- კენჭები, მეტყვი რაში გჭირდება?
- ვერა, თუ შეგიძლია მომიტანე. - ისევ კედლისკენ მიაბრუნა სახე და ანაბელმაც პასუხის გარეშე დატოვა ოთახი.


4 აგვისტო.
- მარიამ მოგიტანე. - კარი შეაღო თუ არა, წვრილი კენჭებით სავსე კალათი უჩვენა.
- გმადლობ. - სწრაფად წამოდგა საწოლიდან და კალათი გამოართვა, იატაკზე მოირთხა ფეხი და კალათიც წინ დაიდგა.
- ხომ გეუბნები, ჩემი ანგელოზი ხარ_მეთქი. - ღიმილიანი სახით შეაჩერდა, ჯერ კიდევ ფეხზე მდგომ ანაბელს.
ქალი რამდენიმე წუთი, მომღიმარი სახით დაჰყურებდა, იატაკზე მჯდომ მარიამს.
- არ გინდა მომიყვე, როგორ მოხვდი აქ? - ისევ თვითონ დაარღვია სიჩუმე.
- გიჟი ვარ. - უდარდელად უპასუხა და კალათი ამოატრიალა, რის შედეგადაც, იატაკზე მიმოიფანტა კენჭები.
- ეს პასუხი არ არის. -ჭკუის დამრიგებლური ტონით მიმართა.
- ცოდვილი ვარ. - თავი ისე დახარა, თითქოს მართლა ანგელოზს ელაპარაკებოდა.
- ცოდვილებს, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გვაწვენდნენ, დიდი ხანია სამყარო, ერთ დიდ ფსიქიატრიულად იქცეოდა.
- მაგრამ, მე სერიოზულად დავაშავე.
- არ გინდა მომიყვე?
- დაჯდები? - ისევ იატაკისკენ ანიშნა თვალებით.
ანაბელს პასუხი არ დაუბრუნებია, კედელთან ახლოს მიიწია და მარიამის გვერდით დაჯდა.
ახლოდან დააკვირდა, ქვების დალაგებაში გართულ გოგონას, რომელსაც სისუსტისგან ლავიწები ამოჩროდა მაისურში, ისედაც გრძელი ყელი კიდევ უფრო დაგრძელებოდა, თხელი სიფრიფანა თითები ჰქონდა, ყვითელი კანი, ოდნავ გრძელი ცხვირი და ისეთი თეთრი ტუჩები, თითქოს ახლახანს მოეთოვა და მის ბაგეებზე დაედო, თოვლის თხელი ფენა.
- ჩემი სიძე მოვკალი. - ისე სწრაფად დაარღვია სიჩუმე,  ანაბელმა გონზე მოსვლაც ვერ მოხერხა.
- რატომ? - მთელ ძალით ეცადა ემოციები არ დასტყობოდა.
- რადგან მასთან ვიწექი.
- დის ქმართან?
- ჰო. - მოკლედ უპასუხა და ქვების დალაგება განაგრძო.
- გიყვარდა? - გოგონას პროფილს დააკვირდა.
- ბავშვობიდან, მაგრამ მასთან იმიტომ არ დავწოლილვარ, რომ მიყვარდა.
- ძალა იხმარა?
- არა, ჩვენ ნარკოტიკს მოვიხმარდით, ერთ დღესაც ერთ საწოლში გავიღვიძეთ. - იმაზე მოკლედ ჩამოაყალიბა, ვიდრე შესაძლებელი იყო.
- საერთო შეცდომისთვის მოკალი?
- სიყვარულისთვის. - მზერა კენჭებიდან ანაბელისკენ გადაიტანა და ქალმა ახლაღა გააცნობიერა რომ რომ მარიამის თვალები, შავ ხვრელს ჰგავდა.
- ანუ?
- იმ დილითაც, ისე მიყვარდა, როგორც მანამდე. - სევდიანი მზერა აქვს, წარმოსდგენზე ღმა და სევდიანი.
- ახლაც გიყვარს? - მოულოდნელი კითხვა მოსწყდა ქალის ბაგეს.
- იმაზე მეტად, ვიდრე იმ დილით.
- მაინც ვერ ვხვდები რატომ მოკალი. - სულ დავიწყდაა, რომ ფსიქიურად არამდგრად გოგონას ესაუბრებოდა.
- ტანჯვას არ იმსახურებდა, შვებისთვის მოვკალი.
- ფიქრობ ეს გამოსავალი იყო?
- შემომხედე და შენვე უპასუხებ საკუთარ კითხვას. - მზერა მოაშორა ექიმს და ისევ ქვებს მიუბრუნდა.
- თავი იმიტომ არ მოიკალი, რომ საკუთარ თავს სჯი?
- არ ვიმსახურებ? - კითხვაზე კითხვითვე უპასუხა.
- ის რატომ არ იმსახურებდა?
- რადგან მას არ ვუყვარდი. - ყბები დაეჭიმა, მის ყვითელ კანს კი ფითრისფერი დაედო.
- სიყვარულის გამო ისჯი თავს?
- შეცდომისთვის.
- მაგრამ შეცდომას ყველა ვუშვებთ.
- ჩემი შეცდომა მარადიულია, მე მას ვერც შევცვლი და ვერც უარვყოფ.
- მაშინ შეეგუე და ისწავლე მასთან ერთად ცხოვრება.
- გვიანია უკვე, თან ეგ აღარც მადარდებს ახლა.
- აბა რა გადარდებს მარიამ? - კითხვისნიშნები გაჩანდა ანაბელის მზერაში.
- ის, რომ რომ ადამიან ოკეანეს ვერასდროს ვიხილავ.
- გიფიქრია რომ თავად ხარ, ის რასაც ეძებ?
- ოკეანე? - სათამაშოს მოსწყდა და მთელი ტანით მიბრუნდა ანაბელისკენ
- კი, შენ სხვა ხარ, სხვანაირად ღრმა, განსხვავებული, მეტისმეტად არარეალური ამ სამყაროსთვის. - თვალი თვალში გაუყარა და მტკიცედ განაგრძო საუბარი.
- მაინც ვერ ვხვდები, სად იპოვე ჩემი სიღრმე, ვერ ვხვდები, რას ვაკეთებ განსაკუთრებულს, ან უცნაურს. - უღონოდ აიჩეჩა მხრები.
- თუ ოდესმე მიხვდები, პირველი ვიქნები ვინც მოვა და გეტყვის, რომ ოკეანე აღარ ხარ და ასფალტზე, სიძველისგან გაჩენილ ღარში, ჩაგროვილ გუბედ იქეცი.
- შენ ხომ ადამიანების კითხვა არ იცი. - გამომცდელად გაიჟღერა მარიამის კითხვამ.
- იქნებ ვიცოდი, უბრალოდ არასდროს შემიხედავს საკუთარი თავისთვის ამ კუთხით.
- და შენ სად კითხულობ მაგ სიღრმეს ანაბელ? სად ჩანს ეგ სიღრმე, ადამიანის ქმედებაში? იქნებ სიტყვებში, ან იქნებ მის მზერაში?
- ახლა თვალებიც ტყუიან მარიამ, ადამიანის სიღრმე, მის სიტყვებს შორის დარჩენილ სიცარიელეში ჩანს, დაბნეულობისას დახრილ თვალებში და კიდევ, იმ გარდამავალ წამებში ჩანს, როცა ერთი ადამიანიდან მეორედ იქცევა, როცა ერთი სხეულის, ორ სხვადასხვა სულიერ სამყაროში გამოგზაურებს, თუმცა ორში კი? იქნებ ბევრად მეტშიც.
- მე ჭაობი ვარ, ღრმა, მაგრამ უკიდეგანოდ ბინძური. - სწრაფად უარყო მთავარი ექიმის თეორია.
- ბუნებრივი სიბინძურე სულაც არ აუშნოებს ადამიანს, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი წილი სიბინძურე, განა მდინარეებს არ აქვთ, წყალსაცავებს, თუ გუბეებს? ჭაობი ყველაზე არამატყუარაა სხვათაშორის, ის მაინც იცი, რომ სახიფათოა, ერთი შეხედვით უწყინარი მდინარეები კი, საშინელებას სჩადიან ზოგჯერ.
- მაგრამ მაინც ყველაზე ბინძურია ჭაობი. - სევდამ გაიელვა მის მზერაში.
- თავს დავდებ ოკეანე ხარ, იმაზე ღრმა და სუფთა ვიდრე შეიძლება, მაგრამ გარემო პირობებმა და არასწორი მსხვერპლის შერჩევამ დაგაბინძურა.
- უნდა წახვიდე. - ისევ ზურგი აქცია ქალს და ანაბელიც უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე.


5 აგვისტო.
შვიდი საათი ხდებოდა ანაბელის კაბინეტში მედდამ რომ შემოაბიჯა.
ქალს აცნობა, რომ პაციენტი მარიამ ნოდია, ძლიერ ნერვიულობდა და ერთი საათი იყო რაც გაბმულად ქვითინებდა.
აინტერსებდა დამამშვიდებელი ხომ არ გაეკეთებინათ მისთვის, ან მოსალოდნელი საფრთხის გამო, წინასწარ ხომ არ განეთავსებინათ იზოლატორში.
- თავად გავესაუბრები. - მშვიდად თქვა და ნელი ნაბიჯით გაუყვა დერეფანს, რომლის ბოლოშიც მარიამის ოთახი ეგულებოდა.
- კარგად ხარ? - გაოცებით ჰკითხა, როცა ოთახის ერთ კუთხეში, მისივე მიტანილ კენჭების გროვასთან დაჩოქილი მარიამი შენიშნა.
- არა. - ცრემლიანი თვალები შეანათა გოგონამ და საუბარი განაგრძო. - აი იქ დამრჩა, გადმოტანა ვერ მოვასწარი. - თითით, ოთახის მეორე კუთხისკენ ანიშნა, სადაც რამდენიმე კენჭი ეგდო ობლად.
- ეს რას ნიშნავს? - თვალი თვალში გაუყარა და კიდევ უფრო მიუახლოვდა.
- დილის  ათი საათიდან დავიწყე, თითო-თითოდ გადამქონდა, ერთი კუთხიდან მეორეში, როცა დავასრულებდი მერე ისევ იქედან აქეთ, ზუსტად ექვსზე ყველა კენჭი ერთ მხარეს უნდა მქონოდა, მაგრამ ისინი დამრჩა. - მოურიდებლად გადმოსცვივდა ცრემლები.
- გათენდება და ისევ განაგრძობ, აი ნახავ, შემდეგ ჯერზე აუცილებლად მოასწრებ ერთ მხარეს კენჭების დაწყობას. - მისი დამშვიდება სცადა, რადგან მიხვდა, გოგონას მიზეზი სჭირდებოდა, მიზეზი რომ ტკენოდა, მიზეზი რომ ენერვიულა. მან ხომ უთხრა კიდეც, რომ ამით ინარჩუნებდა ადამიანობას.
- უნდა დამაბათ, მალე გავგიჟდები. - საცოდავად ამოიოხრა.
- არავინ დაგაბამს და არც გაგიჟდები, მოეშვი ფიქრს მარიამ, მოეშვი საკუთარ თავს. - მის წინ დაიხარა და გოგონას სახე ხელებში მოიქცია.
- მტკივა. - უკუნეთი ღამესავით ჩაშავებოდა თვალები.
- შენ გინდა ეს, საკუთარ თავს არ პატიობ და ვერასდროს მიიღებ სხვების პატიებას.
- პატიებას არ ვიმსახურებ ანაბელ.
- ცხოველივით ექცევი საკუთარ თავს, სულიერად ინადგურებ, საკუთარ ფსიქიკაში იკეტები და გონების კედლებზე მიხეთქებით ცდილობ პასუხი აგებინო, თუ სულიერი ტკივილი არ გყოფნის, გიჟდები და დასაბმელი ხდები, რის შედეგადაც ფიზიკური ტკივილით იკმაყოფილებ, დარჩენილ მაზოხისტურ სურვილებს.
- შეცდომა დავუშვი, შენ ხომ იცი ანგელოზო. - უღონოდ შეახო სუსტი თითები ანაბელისას და სასიამოვნო სითბო იგრძნო სხეულში.
- ყველა ვუშვებთ. არ ხარ, არც პირველი და არც ბოლო. არაფერია განსაკუთრებული იმაში, რომ შეცდომა დაუშვი. შენი განსაკუთრებულობა, შენი სიღრმე იყო, შენს შიგნით არსებული ოკეანე, რომელიც თავად ამოაშრე, ახლა კი ფურთხის გროვა ხარ, დასიცხულ ასფალტზე და ისიც მალე დაშრება.
- მტკენ. - ხმა გაუცივდა.
- შენც ეს არ გინდა?
- მინდა, ადამიანობას მინარჩუნებს. - კიდევ ერთხელ გაიმეორა ნაცნობი ფრაზა.
- ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ათასი ჯურის არსებაა ადამიანი, და ეს საზოგადო სახელი იმაზე ბინძურია ვიდრე ნებისმიერი უცენზურო სიტყვა.
- რა გინდა ჩემგან ანგელოზო?
- მიტევება მარიამ, მინდა საკუთარ თავს აპატიო და ადამიანივით მოექცე.
- აპატიე ან მოკვდი. - ღიმილით ჩაილაპარაკა გოგონამ.
- სიკვდილიც პატიება იქნება შენთვის, უყურე შენს თავს, მოგწონს? ჰგავს ეს ადამიანს? - მაისურის სახელოები აუწია და მაჯებზე გაჩენილ სისხლჩაქცევებზე ანიშნა. - იცი რა გიტოვებს ამას? ის ქამრები რომლითაც საწოლზე გაბამენ, როგორც შეშლილს.
- შემეშვი. - ქალის ხელები მოიშორა და მაისურის სახელოები ჩამოსწია.
- შეგეშვები, მაგრამ იფიქრე მარიამ, საკუთარ თავს იატაკზე ნუ დაჰფენ, უბრალო იატაკის ჩვრად, თორემ ვეღარც გაიკვირვებ, როცა წიხლებით შეგდგებიან, თავიდან გაუძლებ და ხალხსაც მოეწონები, იმ საქმისთვის, რომელსაც გააკეთებ, მაგრამ თანდათან დაიფლითები და სანაგვეზე მოგისვრიან.
- რომ არ მიყვარდეს, ისევ რომ არ მიყვარდეს, ვაპატიებდი საკუთარ თავს, ეს სიყვარული როგორ ვაპატიო. - მუხლებზე მჭიდროდ მოიხვია ხელები და თავიც ხელებში ჩარგო.
- ან დაივიწყე, ან აპატიე საკუთარ თავს, თორემ ვერასდროს გახვალ აქედან.
- თუ ვაპატიებ მასთან წავალ, თუ ვერა მთელ სიცოცხლეს ფსიქიატრიულში გავატარებ. - ხმადაბლა ამოილუღლუღა და საუბარი განაგრძო. - როგორ ფიქრობ მას მოვენატრე ანაბელ? იქნებ ისიც ცოდვილია და მასაც ვენატრები? - წამით იმედის ნაპერწკალი გაუკრთა თვალებში და ოდნავი სხივი მიეცა მის სახეს.
- არ ვიცი მარიამ, არაფერი ვიცი. გოგონას იმედიან თვალებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია ქალმა.
- დამტოვე რა, აღარ ვიტირებ ანგელოზო.
- მპირდები?
- გპირდები, დილით დავასრულებ კენჭების გადაწყობას. - თითქოს გამოსავალი იპოვა და დამშვიდდაო, ისე დაუწყნარდა სახე.
- კარგი, დაგტოვებ და დაისვენე. - ფეხზე წამოდგა ქალი და კარისაკენ გაემართა.
- და მაინც, მოვენატრე ვითომ? სულ ოდნავ მაინც მოვენატრე ნეტავ? - მარიამის ხმადაბალი ჩურჩული კარამდე მიჰყვებოდა ანაბელს.


6 აგვისტო.
11 საათი ხდებოდა, ისევ ნაცნობი ექთანი შევიდა, ანაბელის კაბინეტში და აცნობა, რომ პაციენტი, თავისივე ოთახში იპოვეს გარდაცვლილი.
ვინაობის გამხელას არ დალოდებია, ისე გაიქცა მარიამის პალატისკენ.
იცოდა, იცოდა რომ მარიამი იყო გარდაცვლილი.
ოთახის კარი შეგლიჯა და პირველი, რაც თვალში მოხვდა, ერთ კუთხეში ლამაზად დალაგებული კენჭები იყო.
ოთახის კუთხიდან, მზერა საწოლზე გადაიტანა და უსულო სიფრიფანა სხეულს მოჰკრა თვალი.
ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა, და მარიამის გამხდარ, ყვითელ თითებში მაგრად ჩაბღუჯული, ქაღალდის ნაგლეჯი შენიშნა.
ფრთხილად გამოართვა და თეთრ ფურცელზე, შავი კალამით ნაწერი ლექსი, რომელიც ყველა კითხვას პასუხობდა და ამავდროულად არაფრის მთქმელი იყო, ერთი ამოსუნთქვით ჩაიკითხა.

\" არ მოგენატრე, სულ ოდნავ მაინც?
მე გაგიჟებას, ცოტა მაკლია, გესმის?
მძულს ყველაფერი, შენ რომ ვეღარსად გხედავ.
ტირილად მესმის, ნაზი ჭიკჭიკიც მერცხლის.
ნეტავ მატირა, ისე ძლიერად ახლაც.
შევძლო დავიხრჩო, ცრემლების ტბაში თავი.
გახსოვს? - ვამბობდი, ის წინათგრძნობა ახდა.
ნათლად ამიხდა, ჩემი სიზმარი ავი.
გული აღარ მაქვს, შენ არ წაიღე მაშინ?
გულის მაგივრად, სული და ხორცი მტკივა.
რატომ წახვედი, ჩემთან რატომ არ დარჩი?
სულ გავითოშე, ოხ რა საშინლად მცივა.
ოღონდაც მოდი, თუნდაც წამებად, ტანჯვად.
ნუთუ სულ გლოვას მიქადაგებდა ბედი?
არ მინდა არა, აღარაფერი ქვეყნად.
შენი სუნთქვის და შენი ჩურჩულის მეტი. \"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს