ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
23 აგვისტო, 2019


თავი 2. თეონა თუ თაია? (\"დაბრუნება\")

ისევ თოვს... სულ თოვს უკვე ორი კვირაა...
ოცდაოთხსაათიანი რეჟიმით მუშაობენ ქუჩის საწმენდი მანქანები, ყოველდღე უამრავი ტექნიკური მარილი იყრება მოსკოვის ქუჩებში, მაგრამ...  რომელი მანქანა გაუმკლავდება ბუნების სტიქიას?! ერთია, როცა ხვავრიელად და ლამაზად ბარდნის და სულ სხვაა, როცა ქარბუქი ატრიალებს თოვლის ხორხოშა ფიფქებს. ყველაფერთან ერთად ტემპერატურაც ძალიან დაეცა, სინდიყის სვეტი მინუს 35 გრადუსს მიეყინა თითქოს.
ქუჩები ლიპყინულით  მოისარკა. თოვლის ფიფქები ყინულის წვეტიანი ნატეხებივით იჩხვლიტებოდნენ, როცა სახეში სცემდნენ. მანქანები კანტი-კუნტად თუ მოძრაობდნენ, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ისიც თოვლსაწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვილები.
საბავშვო ბაღები, სკოლები, უნივერსიტეტი და ინსტიტუტები დროებით დაკეტეს, - მაინც ვერავინ ცხადდებოდა სამსახურში, უამინდობის გამო.

დაიღალა თეონა სახლში ჯდომით, მაგრამ სად შეეძლო წასვლა ასეთ ამინდში? მხოლოდ სასურსათო პროდუქტების მაღაზიაში თუ წავიდოდა-ხოლმე.
მისი ერთადერთი გასართობი - საინტერესო წიგნების კითხვა იყო. ტელევიზორის ყურება  და ყაისნაღით ქსოვა - მეორე-მესამე ადგილებს “ინაწილებდნენ”. 
თეონა ახლაც მის მოსკოველ დედობილ-მამობილთან ცხოვრობდა.  ეს კეთილი და მზრუნველი  ადამიანები  თვალებში შესციცინებდნენ თბილისელ შვილობილს. ისიც სულ ცდილობდა, მხარში ამოსდგომოდა მათ.

იმ დღეს ისეთი ძლიერი ქარბუქი იყო, რომ ცხვირი ვერ გაჰყო გარეთ, თუმცა კი პური იყო მოსატანი. საღამოსკენ ქარი ოდნავ შესუსტდა და თეონამ მაღაზიაში წასვლა გადაწყვიტა.
თბილად ჩაიცვა თეონამ და ქუჩაში გავიდა. ქარბუქი სახეში სცემდა, მაგრამ მაინც მიაღწია მაღაზიამდე. პურის გარდა, სხვა პროდუქტებიც  იყიდა და სახლისკენ გამობრუნდა. მოკლე გზით გადაწყვიტა წასვლა, თუმცა ეს გზა შედარებით  სახიფათოდ ეშვებოდა დაბლა. ქარიც ისეთი მიმართულებით უბერავდა, რომ ამ გზაზე სიარული ერჩია...  და იმ ერთ პატარა მონაკვეთსაც როგორმე გაივლიდა, აბა რა?
აი, სახლიც გამოჩნდა. თეონა თავდაღმართზე დაეშვა და... სწორედ მაშინ დაუბერა ქარმა მთელი ძალით. თეონამ თავი ვერ შეიკავა და ამ თავდაღმართზე ჯერ დასრიალდა, შემდეგ კი ფეხი აუცურდა და მთელი ძალით დაასკდა ყინულს ჯერ ხერხემლით და შემდეგ თავიც დაჰკრა მოყინულ გზას.. თავის დარტყმის გამო მომენტალურად დაჰკარგა გონი.
იმ ადგილას მოკლე გზით წამსვლელი ადამიანის გარდა ვერავინ მოხვდებოდა,
და ისიც, აუცილებლად იმავე კორპუსის მაცხოვრებელი უნდა ყოფილიყო.

თეონას რომ შეაგვიანდა, აწრიალდნენ სახლში დარჩენილები, ფანჯარას მიაჭყლიტეს ცხვირები, იქნებ რამე მაინც დავინახოთო. სახლიდან ორმოცდაათ მეტრში გადიოდა მათი უბნის სიღრმისკენ მიმავალი ქუჩა, რომელსაც ერთადერთი ლამპიონი ანათებდა და ისიც, მათ ბედზე, ზუსტად მათი ფანჯრების პირდაპირ მდებარეობდა.
- დიმა, შეხედე, ვიღაც დაეშვა ამ გზაზე... თეონა ხომ არ არის?
- რას ამბობ? ვერ ხედავ?  დევივით კაცია... თითქოს რაღაც იპოვა... რა უნდა იყოს?
- დიიმ, ყვირის, მიშველეთო... რა სჭირს?
- მოიცა, გაჩუმდი, არაფერი მესმის...
- სასწრაფოს დაურეკეთო... გესმის, დიმა? რაღაცას მოათრევს სახლისკენ... დაიცა... ეს... ეს თეონაა, დიმა!
- რას ამბობ, ალა? სწრაფად დარეკე სასწრაფოში! მე დაბლა ჩავალ და მივეხმარები...

დიმამ რამდენიმე მეზობელთან დარეკა ზარი და კაცებს სთხოვა დახმარება. სულ რაღაც ერთ წუთში ექვსი მამაკაცი ერთად გავიდა თავისი მეზობლის დასახმარებლად, რომელიც თეონას გალიგვებულ სხეულს მოათრევდა სადარბაზოსკენ. ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა
ხელი დასტაცა თეონას და ასე ხელში ატატებული აიყვანეს მეორე სართულზე.
- დარეკეთ სასწრაფოში? ცუდად არის გოგონა... ვისი სტუმარია ნეტა? - ამბობდა მამაკაცი, რომელმაც თეონა სადარბაზომდე მოიყვანა.
- ალა, ეს თქვენი თეონა არ არის? - ბინიდან თავი გამოჰყო ერთერთმა მეზობელმა ქალმა.
- კი, ლუდა, თეონაა! დიიმ, სასწრაფო ხუთ წუთში მოვაო, მანამდე კი აქეთ შემოიყვანეთ... -  ალამ  ფართოდ გაუღო მეზობლებს სახლის კარი. - ამას რომ რამე დაემართოს, რა პასუხი გავცე მის მშობლებს?

ამასობაში სასწრაფო დახმარების მანქანაც მოვიდა და ნახევრად გაყინული თეონა საკაცით გადაიყვანეს საავადმყოფოში.
- ალექსეი, შენი დახმარება მჭირდება, თეონას უნდა გავყვე  საავადმყოფოში... - ალამ  დიშვილს დაურეკა და პასუხს არ დალოდებია, ისე გაუთიშა ტელეფონი.
ტელეფონი მაშინვე აწკრიალდა. ალექსეი რეკავდა.
- ვიდრე მე მანდ მოვალ და თქვენ წაგიყვანთ, მირჩევნია, პირდაპირ საავადმყოფოში მივიდე. მერე კი თქვენთან მოვალ. სად წაიყვანეს, რომელში?
ოცი წუთიც არ დასჭირვებია ალექსეის საავადმყოფოში მისასვლელად. იმ საავადმყოფოში, სადაც თეონა მიიყვანეს, ალექსეის ბევრი იცნობდა, როგორც ქალაქის ერთ-ერთ კარგ ექიმს.
- როგორაა საქმე? - მაშინვე საავადმყოფოს მთავარ ექიმთან შეიჭრა ალექსეი.
- მოფრინავდი? კარგად არის, დამშვიდდი... ბედი ჰქონია გოგონას, რომ სწრაფად იპოვეს. დიდი საფრთხე იყო ზედა კიდურებისა და სახის მოყინვისა. თბილმა ქუდმა და კაშნემ იხსნა. მალე გავწერთ.
- სახლში წაყვანას როდის შევძლებთ, პაველ ივანიჩ?
- ალექსეი, ეს ორი დღე აქ იყოს... საშიშია მაინც, თავი აქვს დარტყმული. და ორი დღის შემდეგაც ვნახოთ, რა სურათი გვექნება.
- პაველ ივანიჩ, ისე მიმიხედე თეონას, ვითომ ჩემი და ყოფილიყოს. არაფერი მოაკლო.
- შენი დაც რომ არ იყოს, როდის ან ვისთვის მომიკლია ყურადღება? სახლში წადი და მოისვენე, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი... - მხარზე დაჰკრა ხელი მთავარმა ექიმმა და ალექსეი კაბინეტიდან გამოუშვა.

მეორე დღეს თეონას  ენცეფალოგრამა გადაუღეს.
- ნეტა ყველას ტვინი ასე მუშაობდეს, როგორც ამისი! - ჩაილაპარაკა პაველ ივანიჩმა და თეონას გაუღიმა.
- გმადლობ, პაველ ივანიჩ...
- არაფრის, ჩემო ლამაზო გოგონა... ხვალ შეგვიძლია სახლშიც გაგიშვათ, მაგრამ... ერთი პირობით,  უახლოესი ათი დღის მანძილზე არც თვალებს დაძაბავ და ტვინსაც მოასვენებ. შევთანხმდით?
- შევთანხმდით...
- ახლა ეცადე, რომ დაიძინო, თუნდაც ორი საათით. ხვალ ალექსეი მოგაკითხავს და წაგიყვანს.
- ალიოშა? ის საიდან გაჩნდა აქ, როგორ გაიგო? - გაუკვირდა თეონას.
- რა ვიცი, აბა? მიმტკიცებდა, ჩემი და არისო... - გაიცინა პაველ ივანიჩს, - ეტყობა ცოლის შეეშინდა, თორემ... აბა, სადაური მისი და ხარ?
- და არ ვარ, მაგრამ ნამდვილად ვარ დობილი... და ალიოშკას ცოლი, ირაც ძალიან მიყვარს... ცუდი არაფერი იფიქროთ. - გაიღიმა თეონამ და თვალები დახუჭა.
- დაიძინე, დაიძინე, თეონა,  ალიოშკას დობილო... - კეთილი ღიმილით გაუღიმა პაველ ივანიჩმა და პალატიდან გასვლა დააპირა.
- თეონა?... მე თაია ვარ.
- როგორ თუ თაია? ალექსეიმ ”თეონა” გვითხრა... - გაოცება ვერ დამალა პაველ ივანიჩმა.
- მე  თ ა ი ა  მქვია... - ჯიუტად გაიმეორა მან.
- საოცარია... რა უნდა მომხდარიყო?  - ჩაილაპარაკა და სწრაფად შევიდა თავის კაბინეტში. ტელეფონის აპარატს მიაჩერდა... შემდეგ რაღაც  გადაწყვეტილება მიიღო და ალექსეის ნომერი აკრიფა.
- ალექსეი, კარგია,  სახლში რომ დამხვდი. რა ჰქვია გოგონას, რომელიც მოიყვანეთ?
- თეონა, პაველ ივანიჩ.
- შეგიძლია ახლავე  წამოხვიდე?
- მოხდა რამე?
- მგონი კი... ენცეფალოგრამაზე ცვლილება არ არის, მაგრამ... სულ სხვა სახელს ამბობს. თაია მქვიაო. მისმინე, თუ იცი, სახლში ხომ არ ეძახიან ასე?
- არა, რამდენადაც ვიცი...
- მოკლედ, სასწრაფოდ წამოდი!
- მოვდივარ...

პაველ ივანიჩმა ხელმეორედ გადახედა ენცეფალოგრაფიის ჩანაწერებს, - ყველაფერი ნორმაში იყო. ფეხზე წამოდგა და კაბინეტში ბოლთის ცემას მოჰყვა, თან საათს დასცქეროდა.
მალე ალექსეიმ შემოაღო კაბინეტის კარი.
- კარგია, მალე მოხვედი. წავიდეთ. მაინტერესებს, რომ დაგინახავს, რას იტყვის.
- ნუ მაშინებ, პაველ ივანიჩ... რა უნდა თქვას? წავიდეთ, რა თქმა უნდა.

პალატაში სიჩუმე იყო. პაველ ივანიჩმა ტუჩებზე მიიდო თითი, ”ჩუმად იყავი, არ გააღვიძოო”, მაგრამ თეონამ თვალები გაახილა.
- არ გძინავს, ლამაზო გოგო?
- არა...
- როგორ ხარ, თეონა? - ალექსეიმ გაუღიმა და საწოლთან ახლოს მისწია სკამი.
- ალიოშა, შენც თეონას მეძახი? მე თაია მქვია...
- კარგი, მორჩი ჩვენს შაყირს... როდიდან გადაირქვი სახელი? - გაეცინა ალექსეის.
- მე სულ თაია ვარ, რაც ჩემი პლანეტიდან ჩამოვედი...
- საიდან? - ალექსეის ღიმილი შეეყინა სახეზე, პაველ ივანიჩმა კი შეუმჩნევლად გადაიქნია თავი.
- გუშინ გახდა შვიდი წელი, რაც თქვენთან ჩამოვედი, ალექსეი... რატომ მიყურებ ისე, თითქოს პირველად მხედავ?
- არაფერია, თავის დარტყმას უარესი შედეგიც მოჰყოლია-ხოლმე, - ჩაერია საუბარში პაველ ივანიჩი.
- რა შედეგი? გგონიათ შევიშალე ან ამნეზია დამემართა? ხომ გადამიღეთ ენცეფალოგრამა? და ვერაფერი აღმოაჩინეთ,  ასე არ არის? გნებავთ თავიდან გადამიღოთ? მე თანახმა ვარ...
- მეც თანახმა ვარ... - თქვა პაველ ივანიჩმა, - ნასწენკა, ენცეფალოგრაფი მოამზადეთ. თავიდან გადავიღებთ და... ტომოგრაფიაც დაგვჭირდება! სასწრაფოდ!
- მე ახლავე შემოვალ, - თქვა ალექსეიმ, პაველ ივანიჩის კაბინეტში გავიდა და ალას დაურეკა,  - ალექსანდროვნა, თეონას სხვა სახელიც ჰქვია რამე?
- არა, ალიოშკა, მხოლოდ ”თეონა”...
- და... ”თაია” სახელი თუ გაგიგია მისგან?
- რას ამბობ? რა ”თაია”?  საიდან მოიტანე?
- მე? მე კი არა, თეონა ამტკიცებს, ”თაია” მქვიაო... და სხვა პლანეტიდან ჩამოვედი შვიდი  წლის წინო... რა ვქნათ, ალექსანდროვნა?
- ეს რას ნიშნავს? ამნეზიაა? - შეშფოთდა ალა ალექსანდროვნა.
- არა... მე მაშინვე მიცნო. ამნეზია მხოლოდ თავის საკუთარ სახელზე - ასეთი რამ მედიცინაში არ გვხვდება.
- სულ დავიბენი... რა ვქნა? მის მშობლებს რა ვუთხრა? - ტირილი შეეპარა ხმაში ალას.

ალექსეიმ ყურმილი დაკიდა და პალატაში დაბრუნდა.
თეონა ბორბლებიანი საკაცით გამოჰყავდათ პალატიდან.
- პაველ ივანიჩ, ჩემთან არავის დაურეკავს?
- არა, თეონა... თუ თაია... მოკლედ, როგორც გინდა! არავის დაურეკავს.
- საინტერესოა. თხუთმეტი წუთის წინ ველაპარაკე ანდროს და... დავრეკავო. ხვალ მოვა კიდეც...
- როდის ველაპარაკეო? - თვალები შუბლზე აუცოცდა პაველ ივანიჩს, - თაია, შენ ორი დღეა  პალატაში  ხარ და არავისთან გილაპარაკია... პალატაში არაა ტელეფონი!
- მერე და მე როდის ვთქვი, ტელეფონით ველაპარაკე-მეთქი?
- ვერაფერი გავიგე... გამაგებინეთ, რა ხდება?! - გაოცებას ვერ მალავდა ალექსეი.
- პაველ ივანიჩ, თქვენ რომ პალატიდან გახვედით, მაშინ ვესაუბრე ანდროს...
- სად?
- გერმანიაში!  თუ შევძელი, ხვალ ჩამოვალო და მანამდე ტელეფონით დაგელაპარაკებიო.
- მერე?  სად დარეკავს?
- მე მას თქვენი კაბინეტის ტელეფონის ნომერი მივეცი... იმედია, არ გამიბრაზდებით, - გაუღიმა თეონამ და ალექსეის გახედა, - ალიოშკა, ნუ მიყურებ ისე, როგორც გიჟს.
- თეო... უკაცრავად, თაია, შენ რა იცი პაველ ივანიჩის კაბინეტის ტელეფონის ნომერი?! ეს... ეს შეუძლებელია!
- კარგი... თუ უახლოესი ნახევარი საათის განმავლობაში ჩემთან არავინ დარეკავს, შეგიძლიათ გიჟად ჩამთვალოთ... მაინც ხომ ამას ფიქრობთ? მაგრამ თუ ანდრომ დარეკა, მაშინ...
- მაშინ ჩავთვლი, რომ მე გავგიჟდი, თეონა! - ისეთი უმწეო სახით თქვა ეს სიტყვები პაველ ივანიჩმა, რომ თეონას ხმამაღლა გაეცინა.

თეონას მეორედ გადაუღეს ენცეფალოგრამა. ორივე ექიმის გასაოცრად, ენცეფალოგრამა აბსოლუტურად ჯანსაღი ტვინის სურათს იძლეოდა.
საკაცე დერეფანში გამოაგორეს და თეონა პალატისკენ წაიყვანეს. ექიმები საკაცეს განგებ ჩამორჩნენ.
- ტომოგრაფიაზეც გავიყვანოთ? - იკითხა ალექსეიმ.
- რა აზრი აქვს? გგონია, რამე პათოლოგიას ვნახავთ?
- რა ვიცი, აბა?
- ალიოშკა, შეიძლება, ცოტა ხნით რომ პაველ ივანიჩის კაბინეტში შემაგოროთ? ჩემი დათქმული ვადის გასვლამდე ათი წუთია კიდევ. - ღიმილით გასძახა თეონამ.

თეონამ ამის თქმა ვერ მოასწრო ბოლომდე, რომ კაბინეტში ტელეფონი აწკრიალდა. პაველ ივანიჩი თითქმის გაიქცა კაბინეტისკენ და ტელეფონის ყურმილს დასწვდა.
- ალოო, მაპატიეთ, თქვენს საავადმყოფოში მოათავსეს თეონა დადიანი? უფრო სწორად კი - თაია...
- თაია? კი... აქ არის!... ვინ კითხულობს?
- მე ანდრო ვარ... გერმანიიდან ვრეკავ. თაიამ მითხრა თქვენი ტელეფონის ნომერი და...
- ხუთ წუთში დარეკეთ, თაიას აქეთ შემოვიყვანთ... - ხრინწგარეული ხმით თქვა პაველ ივანიჩმა და ფართო ნაბიჯებით მიაშურა პალატას, - არ გადააწვინოთ საწოლში, ჩემს კაბინეტში შეაგორეთ საკაცე...
- რა მოხდა, პაველ ივანიჩ? - შიშნარევი ხმით თქვა ალექსეიმ და პაველ ივანიჩს მიაჩერდა.
- ანდრო რეკავს... გერმანიიდან!
- ხომ გითხარით, დარეკავს-მეთქი? ვყოფილვარ გიჟი? - მხიარული ხმით თქვა თეონამ.
- არა, თაია... გიჟი მე ვარ!... უკვე!... - დაბნეული ხმით თქვა პაველ ივანიჩმა, ჰალსტუხის ყელზე მომდგარი  სალტე მოადუნა და პერანგის საყელოს  ღილი შეიხსნა.

თეონას საკაცე მაგიდასთან მიაგორეს და ტელეფონმაც ხელახლა დარეკა.
- ალლო, ანდრო...  როგორ მიხარია შენი ხმის გაგონება! -  მხიარული ხმით თქვა თეონამ ქართულად.
- თაია... წამოწოლილი ვიყავი, შენი ხმა რომ ჩამესმა! მერე ციფრები დავინახე თვალწინ...
მერე ისევ შენი ხმა გავიგე, ”ამ ნომერზე დამირეკეო”...
- ჰო, მე გითხარი ნომერი...
- როგორ ახერხებ ამას?! გამაგებინე, ვინ ხარ სინამდვილეში?! - ნერვიული ხმით ამბობდა ანდრო.
- მე თაია ვარ, ანდრო...
- მაგიჟებ, თაია?! მე ხვალვე წამოვალ... მაგრამ, მოიცადე! ვინ დამხვდები მანდ? თაია თუ თეონა? ან სადაა გოგა?!
- შენთვის აქვს ამას მნიშვნელობა? - ვერცხლის ზანზალაკები აწკრიალდა თეონას ხმაში.
ამ უცნაური ხმის ტემბრის გაგონებაზე ალექსეიც და პაველ ივანიჩიც შეკრთნენ და თეონას მიაჩერდნენ.
- თეონა... ხმა შეგეცვალა და თვალები გაგიმუქდა!  ღმერთო ჩემო, ლამის შევიშალო!... - თქვა ალექსეიმ და მოწყვეტით დაჯდა სავარძელში.
- რომ არც მესმის, რაზე საუბრობენ? - ჩაილაპარაკა პაველ ივანიჩმა და თეონას მიაჩერდა.

- ანდრო, შენ გეკითხები... ამას აქვს მნიშვნელობა შენთვის? - ისევ თქვა თეონამ.
- თაია, ვეცდები, ხვალვე ჩამოვფრინდე... თუ ბილეთს ვიშოვი, რა თქმა უნდა! თუ არა და, მატარებლით წამოვალ და ორ დღეში მანდ ვიქნები!

უცებ რაღაც უცნაურმა გრიმასამ შეუცვალა სახე თეონას.  ტუჩი მოიკვნიტა. წარბები შეყარა და... 
- იცი, ანდრო, გადავიფიქრე. არ მინდა შენი ჩამოსვლა... ჯერ არ მინდა! მანდ დარჩი. მოვა დრო და შევხვდებით. მოვლენებს ნუ გავასწრებთ წინ!
- არ არსებობს... მე ხვალვე მოვდივარ! ვინც გინდა, ის იყავი... გინდა თეონა, გინდა თაია... რაც გინდა, ის დაირქვი! რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩემთვის? მიყვარხარ! და მოვდივარ!
- არა, ანდრო... შენ არ ჩამოხვალ... მე არ მინდა  შენი ნახვა მხოლოდ რამდენიმე დღით და მერე ისევ დაცილება!
- ჩამოვალ! აუცილებლად ჩამოვალ, თაია... და გინდა მანდ დავრჩები, გინდა შენ წამოგიყვან აქეთ!..  და არც ის მაინტერესებს, სადაა ახლა გოგა! ან მაშინ როგორ დაგთმე?! საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიებია!  ჩვენ აღარ დავცილდებით, აღარასოდეს! გესმის, თაია?!
- არა-მეთქი... - თეონა ჩურჩულზე გადავიდა, -  შენ რომ წამოხვიდე, ან თვითმფრინავს შეემთხვევა რამე და ან მატარებელს... მე ამას ვერ გადავიტან! ეს ინფორმაცია ახლა მივიღე! არ შეიძლება ჩვენი შეხვედრა დათქმულ ვადაზე ადრე!
- ეს... ეს ახლა მოიფიქრე ჩემს შესაჩერებლად? - ხმა ჩაუქრა ანდროს.
- არა... ეს ბრძანებაა, რომელიც ახლა მივიღე!  და არც შემიძლია რამის შეცვლა! - თქვა თეონამ სევდანარევი ხმით და ანდრო მიხვდა, რომ თეონა არ ტყუოდა.
- რა ვქნა ახლა მე?  ხმა გამეცი, თაია... მითხარი, რა ვქნა-მეთქი? - სასოწარკვეთა ისმოდა ანდროს ხმაში.
- ”თაია”?  ”თაია” დროებით ისევ მოკვდა ჩემში!  მე თეონა ვარ და... არ მაქვს ”თაიობის” უფლება! მე უნდა  ვ ი თ ე ო ნ ო!... მშვიდობით, ანდრო!
- თაია, არ წახვიდე... მიყვარხარ, თაია!
- მეც მიყვარხარ და... მშვიდობით! - თქვა თეონამ და ყურმილი დაკიდა. - ალექსეი, ხვალ რომელ საათზე მომაკითხავ? - ისევ რუსულად ალაპარაკდა თეონა.
- არ ვიცი, თაია... როგორც პაველ ივანიჩი გვეტყვის.
- ”თაია” არა... თეონა ვარ და კიდევ დიდხანს ვიქნები თეონა!
- აღარ  ვიცი, რა დაგიძახო... - დაბნეულმა თქვა ალექსეიმ.
- რასაც სულ მეძახდით... თეონა... ჰა, რას იტყვი? როგორი ”უცხოპლანეტელი თაია” ვიყავი? მე ხომ მსახიობი მინდოდა ვყოფილიყავი?! - გაეღიმა.
- ჰო, შენში კარგ მსახიობს სძინავს... ცუდია, რომ მხოლოდ ხანდახან იღვიძებს.
- პირიქით, კარგია, რომ ხანდახან მაინც იღვიძებს-ხოლმე... - გაეცინა თეონას მისთვის ჩვეული წკრიალა სიცილით.
- ხვალ დილიდან შეგიძლია წაიყვანო... ან როცა გინდა, ალექსეი... - თქვა პაველ ივანიჩმა და ფეხზე წამოდგა.

ალექსეიმ თეონას საკაცე კარისკენ გააგორა. კარს იქით სანიტარი დახვდა  და თეონა პალატისკენ წაიყვანეს. პაველ ივანიჩმა სათვალე მოიხსნა და უაზროდ დაუწყო წმენდა სათვალის მინებს. მერე მხრები აიჩეჩა და ისევ სკამზე დაჯდა.
- კარგი, ბატონო, მსახიობის ნიჭი ნიჭად, მაგრამ... იმ ანდროს ზარი როგორ ავხსნა? საოცარია!... - თავისთვის ჩაილაპარაკა და სათვალე დაუდევრად დააგდო მაგიდაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები