ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: დრამატურგია
26 აგვისტო, 2019


ტელევიზიის სარდაფში (სატელევიზიო სპექტაკლი) სერია 12

სერია # 12

                          მოქმედი პირები:
ოსტატი    - ავეჯის ლოთი, თვითმარქვია რესტავრატორი,
  რომელიც ტელეწამყვანად იქცა;
შეგირდი  - ოსტატის შეგირდი, შრომისმოყვარე;
პავალი    -  წითელარმიელი;
კანტროლკა - შუასაუკუნეების დროინდელი ჯალათი;
და სხვები.


ოსტატმა პაველის რჩევა ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა - ქალაქში ლიმუზინის ნაცვლად იმდრომდე მარშუტკით ემოძრავა, სანამ თავისი შეგირდის თაგვად გადაქცევის ფაქტს პროკურატურა დაუვიწყებდა; სტუდიაში ყითელი მარშუტკით შემოგრიალდა. ალბათ, ახალი ხაზი დაანიშნინა - ბოლო გაჩერება „სტუდია ტელევიზიის სარდაფში“, რადგან მგზავრობის საფასური მეტრომანით გადაიხადა, 80 თეთრი.
როგორც ჩვენ ვიცით, ამ დღეს სტუდია მასპინძლობდა ავეჯის კვალიფიციური რესტავრაციის საერთაშორისო ფესტივალის დამაგვირგვინებელ ფაზას - კონკურს, რომელსაც „ა“ კლასის ვირტუოზ-რესტავრატორთა შორის უძლიერესი უნდა გამოევლინა. ინფრასტრუქტურა მზად იყო ამისთვის - აქეთ და იქით ჟიურისა და მუსიკალური ბენდისთვის გამოყოფილი ადგილი, უკან საპატიო სტუმრებისთვის ჩადგმული სავარძლები, რომელიც, სხვათაშორის, ოსტატის მისვლამდე უკვე შევსებულიყო, და შუაში, ყველაზე მთავარი - ოთხი სამუშაო მაგიდა ოთხი კონკურსანტისთვის. მაგიდებთან აღმართული ინგლისურ-ქართულ ენოვანი აბრები მიუთითებდა კონკურსანტთა ვინაობას - #1 კაიროს მუზეუმის წარმომადგენელი ყოფილა, #2 ლუვრიდან, #3 იტალიის ერთ-ერთ უმსხვილეს ავეჯის ფაბრიკას გამოეგზავნა, ხოლო #4, საქართველოს ღირსების დამცველი, ბატონი ოსტატი იყო! ოსტატი მიუახლოვდა მისთვის გამოყოფილ სამუშაო მაგიდას, თან სტუდიას შეავლო თვალი - „საპატიო სტუმრები“ ებევრა, რაც შეეხება ჟიურის, მუსიკალურ ბენდსა და კონკურსანტებს, ისინი ჯერ არ ჩანდნენ. არც მისი შეგირდი, პაველი და კანტროლკა იყვნენ იქ. თუმცა ამ უკანსკნელთაგან ორნი,  პაველი და კანტროლკა, ორიოდ წუთში მიუახლოვდნენ.
- სად ხართ აქმდე, დღეს ადრიანად უნდა მოსულიყავით?! - უსაყვედურა ჩურჩულით.
- შეფ, ჩვენ შენ მოსვლამდე ბევრად ადრე მოვედით, მაგრამ სტუდიაში არ შემოგვიშვეს, დღეს ზედმეტნი ხართო; როგორღაც შემოვიპარეთ...
- კარგი, რაც არის არის, ხომ კარგად გახსოვთ რაც დაგავალეთ?
- გვახსოვს, შენს ნიშანზე რუბილნიკიდან სტუდიაში დენს გამოვრთავთ, დავითვლით ათამდე და ისევ ჩავრთავთ!
- აუჩქარებლად დაითვალეთ!
- აუჩქარებლად დავითვლით!
საუბარში კანტროლკა ჩაერთო:
- უფროსო, ესენი არიან „საპატიო სტუმრები“? - ჩურჩულით ჰკითხა, თუმცა თითი უტიფრად გაიშვირა მათკენ.
- ადგილის მიხედვით, რომელიც დაიკავეს, ეგრე გამოდის...
- რატომ არიან „საპატიო სტუმრები“, ბევრი ფული აქვთ?
„საპატიო სტუმრებს“ სიცილი წასკდათ.
- ფულის გარდა სხვა დამსახურებაც ექნებათ...
სტუმრების მხრიდან ისევ სიცილი.
- მაგათ „შენი ელვის პრესლის“ ცხვირსახოცი მიყიდე!
- იყიდიან, რო?
- ერთმანეთს დაასწრებენ ყიდვას, თუ აუქციონს მოაწყობ! „პაველის ლუი არმსტრონგის“ წინდაც უნდა დაგედო დახლზე, მაგასაც მიაყიდიდი!
- რომელ წინდაზე ლაპარაკობ, „პარწიანკად“ წოდებული გაშავებული ტილოს ნაგლეჯი მომიტანა!
განაწყენებული პაველი აბუზღუნდა:
- შეფ, კიდევ გეუბნები, ვინ რა იცის, ლუი არმსტრონგი „პარწიანკას“ ხმარობდა თუ წინდას, დადე, გაიყიდება!
საპატიო სტუმრების სიცილი ხარხარში გადაიზარდა.
- შეფ, მგონი, ესენი ჩვენზე იცინიან!
- მეც გამიჩნდა ასეთი ეჭვი...
„საპატიო სტუმართა დასმა“ მოამძლავრა ხარხარი.
- ამ დიდი კონკურსის წინ გვთარსავენ, ჯადო ხალხია!
- ვიცოდი, კონკურსანტები ბრძოლის არადაშვებულ ილეთს რომ მიმართავდნენ... ჩემი ჩაძირვა უნდათ!
- ჰოდა, უნდა დავხოცოთ ეგენი! ნუ, დავხოცოთ კი არა, როგორც შენ გვასწავლე - „დავამუშივოთ“, ჯერ მე, მერე, კანტროლკამ!
- გამოაგორე ტყვიამფრქვევი!
პაველმა კულისებიდან რახრახით გამოაგორა ტყვიამფრქვევი, ის ტყვიამფრქვევი, რომელიც მან და კანტროლკამ საქართველოს ოკუპაციის მუზეუმს მოსტაცეს; ისე ჩაუწვა, როგორც ეს ფრონტზე ხდება - ფეხები განზე გაშალა და იდაყვებით წამოიწია, რომ ეგრეთწოდებული `საპატიო სტუმრები~ მიზანში ამოიღო; კანტროლკა ცულმოღერებული ამოუდგა გვერდში.
- Ну что командир, пли, или  не пли?
სიცილი შეწყდა...
ეიფორიაში შესულ ოსტატს „пли-ს“ ბრძანების გასაცემად ორკესტრის დირიჟორივით ზეაღმართული ხელი ჰაერში გაუშეშდა, რადგან სწორედ ამ დროს კამერამომარჯვებული ოპერატორი ისე მიუახლოვდა, ცოტაც და, ობიექტივში შეისრუტავდა; მრისხანებაც ერთბაშად გადაერეცხა სახიდან.
- გეხუმრე, შე კაცო... სად გაგონილა სტუდიაში ადამიანების დახოცვა?
- როგორ თუ მეხუმრე, ამსიმძიმე ტყვიამფრქვევი ტყუილად გამოვაგორე?!
- უნდა შეაგორო! დიდი ამბავი, ცოტათი თუ დაიღალე...
პაველი ტყვიამფრქვევიანად ბუზღუნით გაუჩინარდა კულისებში; მხარზეცულგადებული კანტროლკაც მიჰყვა.

მარტო დარჩენილმა ოსტატმა სტუდიაში გაიარ-გამოიარა, ფარულად ის დეკორაცია შეამოწმა, სადაც დაზიანებული სკამის ჩასანაცვლებელი დაუზიანებელი სკამი დამალა; სკამი ადგილზე იყო. შემდეგ, პირველი კონკურსანტის მაგიდასთან გაჩერდა, რომელიც კაიროს მუზეუმს წარმოეგზავნა და არცთუხმადაბლა ჩაილაპარაკა - „ეს ტიპი მეცოდინება!“ დანარჩენი ორი კონკუსანტის მისამართითაც რაღაც ამდაგვარი თქვა - მე რომც არ ვიცნობდე, იმათ ექნებათ ჩემი სახელი გაგონილიო!
ამასობაში სტუდიაში შემოვიდა პატარა ნინკა, ის, ვინც ოსტატს პირველი ორი ტელეგადაცემის მომზადებაში დაეხმარა.
- სალამი ოსტატო!
- ვა, ნინკა, რა ქარმა გადმოგადო? გამიხარდა შენი ნახვა!
- ჩიტმა მომიტანა ამბავი, ოსტატს უჭირსო და საშველად გამოვეშურე!
- ჩემს დასახმარებლად მოხვედი? - სახე გაუბრწყინდა.
- როდისმე განსაცდელში მიმიტოვებიხარ?
- არ მიგიტოვებივარ, მაგრამ ახლა რომ დამეხმარო, ჯადოსნური ჯოხი უნდა გქონდეს!
- ჯადოსნური სითხე მაქვს, ჯოხზე ძლიერი - ორნახადი ჭაჭის არაყი!
- ხუმრობ?
- არ ვხუმრობ, აი. - ფარფაშა მოსასხამის ქვემოდან ბოთლის სილუეტი გამოაჩინა.
- კარგი, დაასხი, დავლიოთ!
- ჩემთვის არ შეიძლება...
- მძღოლი ხარ?
- მძღოლიც ვარ, მაგრამ შენი ხათრით, ერთ-ჭიქა-დალეული დავჯდებოდი რულთან... იმ მიზეზით ვერ დავლევ, რომ დღევანდელი გადაცემის წამყვანად დამნიშნეს!
- რომელი დღევანდელი გადაცემის?
- რომელზედაც შენ იმყოფები - ავეჯის კვალიფიციური რესტავრაციის საერთაშორისო ფესტივალის ტრანსლიაციას წამყვანი ვარ, რომელსაც გარდა ქართველებისა, უცხოელებიც გულისყურით აკვირდებიან!
- აა...
- ჰა, დალევ?
- არ დავლევ!
_ რატომ?
- მე კონკურსის მონაწილე ვარ!
- ვიცი, ამოტომ მოგიტანე მხნეობის მომგვრელი „ჯადოსნური ელექსირი“!
ოსტატმა პასუხი არ გასცა.
- რა იწყინე, პანაშვიდზე მდგარი კაცივით რომ მოიღუშე; მე შენსკენ და შენ ეშმაკებისკენ! ავეჯის რესტავრაციისა რომ გამეგებოდეს რაიმე, ფარულ კონსულტაციას გაგიწევდი, მაგრამ... თავს ზევით ძალა არ არის. ნუ გადაუსვამ ჩვენს მეგობრობას ხაზს!
- შენ რა შუაში ხარ, არც არაფერი მწყენია, უბრალოდ, ცოტაოდენს ვღელავ... ეგ არაყი არ გადააქციო!
- გაგიჟდი, რატომ გადავაქცევ, კონკურსის შემდეგ შენი გამარჯვება ერთად აღვნიშნოთ!
- მისაყოლებელი ჩემზეა...
- ჰო მართლა, ოსტატო, ჩემს მოსვლამდე სტუდიის სტუმრები ლამის დაგიხოცია, რატომ?
- არა ნინკა, რა დახოცვა, ეგ ხუმრობა იყო...
- ხუმრობა?
- ხო, ხუმრობა, დავხვეწე გადაცემის მომზადების სტილი...
- კარგი, შენ იცი, ოღონდ რაიმე ახალი ხრიკით ჟიური არ შეაშინო, არც კონკურსანტები! წარმატებას გისურვებ! ახლა გადაცემას უნდა მივხედო!
- ჩაწერა უკვე დაიწყო?
- ნუ, როგორ გითხრა, ოპერატორები სანამ კამერებს შეახურებენ...

სტუდიაში შემოაბიჯა მუსიკალურმა ბენდმა, თავისი ადგილი დაიკავა და ნინკას მიერ მისი წარდგენის შემდეგ, რაღაც საზეიმო მელოდია დასჭექა; სტუდიის სტუმრებმა ტაშით დააჯილდოვა ბენდი. ამის შემდეგ, გამოჩნდნენ ჟიურის წევრები, ხუთი პიროვნება, ხუთივე უცხოელი. მათგან ერთი ქართველს გავდა, ქართველს თუ არა, კავკასიელს მაინც, მაგრამ ისიც ეგვიპტის მოქალაქე აღმოჩნდა - თავისიანს მიემხრობაო... - გაიფიქრა ოსტატმა. ამის შემდეგ, კონკურსის მონაწილენი გამოჩნდნენ - # 1, ეგვიპტელი, კაიროს მუზეუმის „რაინდი“; არადა, ეს კაცი მზარეულს გავდა - ქათქათა, თეთრ სამოსელში გამოწყობილს თავსაბურავიც მზარეულის ქუდის მსგავსი ეფარა, ალბათ ნაციონალური, მაგრამ ყველაზე მეტად აღნიშნული შთაბეჭდილება თავისი ქცევით დატოვა - სამუშაო ინსტრუმენტებით სავსე ფუთიდან სხვა დანარჩენთან ერთად ამოალაგა ფქვილი, ტაფა, ლურჯ ბალონზე დამონტაჟებილი ტურისტული გაზქურა და კიდევ ბევრი სხვა სამზარეულოს ატრიბუტი. ამის შემდეგ, # 2 კონკუსანტი წარსდგა - ფრანგი, ლუვრის „იმედი“, როგორღაც „დაშაქრული კაცის“ შთაბეჭდილება დატოვა. პირველი კონკურსანტი თუ კულინარს ჰგავდა, ეს საკონდიტრო პროდუქციის დამტარებელს მოგაგონებდათ; სამუშაო ჩანთიდან ამოალაგა კამფეტებივით შეფუთული ისეთი ფანქრები, პასტელები, თუ სხვა, საქართველოში აქამდე არნახული საღებავის სახეობანი, რომ მისი დაგემოვნების სურვილი პროფესიონალ გურმანს გაუჩნდებოდა. იტალიელზეც დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას, რაც ფრანგზე. და აი, როდესაც საქართველოს ღირსების - ბატონი ოსტატის წარდგენის ჯერი დადგა, `საპატიო სტუმრებად~ წოდებული დამსწრე საზოგადოება მხურვალე ტაშით ფეხზე წამოდგა; მიუხედავად იმისა, რომ მცირე ხნის წინ ეიფორიაში შესულმა მათი დახვრეტის ბრძანება ლამის გასცა. სხვა რითი უნდა აიხსნას ეს ფენომენი, თუ არა სიბრძნით - შიში შეიქმნს სიყვარულსა!
კონკურსანტებიც მიესალმნენ ერთმანეთს.
- მაშ ასე, ავეჯის კვალიფიციური რესტავრაციის საერთაშორისო ფესტივალის დამგვირგვინებელ ფაზას - კონკურს, რომელმაც „ა“ კლასის ვირტუოზ-რესტავრატორთა შორის უძლიერესი უნდა გამოავლინოს, გახსნილად ვაცხადებ! - თქვა ნინკამ
ბენდმა მელოდია დასჭექა.
- გთხოვთ, სტუდიაში შემოიტანოთ სკამები!
შემოიტანეს ოთხი ერთნაირი, მისაღები ოთახის გარნიტურის ლურჯქსოვილიანი სკამი, რომელსაც უკან მხარზეცულგადებული კანტროლკა მოჰყვა.
- ბატონო კანტროლკა, გთხოვთ თქვენი ჯადოსნური ცულით ოთხივე სკამი თანაბრად დაგვიზიანოთ, თვითოეული ორ მონაკვეთზე, ფეხზე და ზურგზე!
- სიამოვნებით...
კანტროლკამ ფაქიზად შეასრულა დავალება; გაიდო ცული მხარზე და კულისებში გაუჩინარდა. ანალოგიური დაზიანების მქონე თითო სკამი გადაეცათ კონკურსის მონაწილეებს. ისინი საქმეს შეუდგნენ. ეგვიპტელმა „მზარეულმა“ გაზქურა ააგიზგიზა, შედგა ზედ ტაფა და ფქვილის მოხალვა იწყო; თან მელოდიას ღიღინემდა, შესაძლოა, ლოცვასაც. მოხალული ფქვილი რაღაც სახეობის შემთბარ წებოში გადაურია და სკამს დაზიანებებულ ადგილებზე წასცხო. არც ფრანგი და იტალიელი დარჩნენ ხელდაკრეფილნი, აამოძრავეს თავიანთი „კონდიტერია“. ამ სამისგან განსხვავებით, ოსტატს, როგორც ჩვენ ვიცით, მოღვაწეობის განსხვავებული სტრატეგია ჰქონდა - დაზიანებული სკამი მალულად დაუზიანებლით უნდა შეეცვალა, მაგრამ სხვების დასანახად ხომ რაღაც უნდა ეკეთებინა და დანარჩენების მსგავსად, სამუშიო ინსტრუმენტები და მასალა მაგიდაზე ამოალაგა - ზუმფარა, „საპოჟნი“ დანა, წებო, ლაქი, კიდევ რაღაცეები და „шпаклёвка для окон“. ეს უკანასკნელი საცხის სახეობაა, რომელიც არა ავეჯში, არამედ ხის კარ-ფანჯარაზე ღრმულების ამოსავსებად გამოიყენება, მაგრამ ოსტატს სხვა არ გააჩნდა... თანაც, რა მნიშვნელობა აქვს, შესაცვლელ სკამს კარ-ფანჯრის საცხით დაამუშავებდა თუ ნეხვით! სწორედ ამ დროს, მას კამერამომარჯვებული ოპერატორი მიუახლოვდა. ოსტატმა ქილა ისეთი კუთხით შეაბრუნა, რომ წარწერა - „шпаклёвка для окон“, დამალულიყო, მოხსნა თავი და მასში მოთავსებული მასა საკანცელარიო დანის პირით სკამს დაზიანებულ ადგილას წასცხო; დანის პირი, თითქოს სამედიცინო ინსტრემენტიაო, ორი თითით ეჭირა.
- გთხოვთ, ჩემი მუშაობის მანერა დააფიქსიროთ - ცალი ხელით ვმუშაობ! - უთხრა ოპერატორს. - ჩემს კონკურენტებს ორი ხელი არ ჰყოფნით, ლამის ფეხებიც დაიხმარონ... - და აპრეხილი ნიკაპით ჟიურის წევრებს გახედა; ჩაიცინა კიდეც.
დრო გავიდა... ანუ, დაზიანებული სკამის დაუზიანებლით შეცვლის დრო დადგა - კულისებიდან თავგამოყოფილი პაველი და კანტროლკა ნიშანს ელოდნენ. და ოსტატმაც არ დაახანა, ნიშანი მისცა. სინათლე ჩაქრა. ისეთმა უკუნეთმა სიბნელემ დაისადგურა, კაცი თვალთან ვერ მიიტანდა თითს - ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, ცხრა...
- შვიდის მერე რვა მოდის, ცხრაზე რატომ გადახტი?
- რვა გამოვტოვე?
- გამოტოვე!
- კარგი... რვა, ცხრა, ათი - აანთე!
სტუდია აინთო.
- ეს რა იყო, რატომ ჩაქრა სინათლე?! - გაიოცა ნინკამ.
სხვებმაც გაიოცეს, მაგრამ ეს ფაქტი მალე მივიწყებას მიეცა.
- ვნახოთ, რა შექმნეს ჩვენმა კონკურსანტებმა? - ნინკა ეგვიპტელს მიუახლოვდა. - სალამალეიქუმ, ჩემო ბატონო! ოო, დიდებულია... - მაგრამ ეგვიპტელმა მიმიკით ანიშნა, რომ სამუშაო ჯერ არ ჰქონდა დასრულებული.
- ბონჯოურ, დაგისრულებიათ საქმე!
ფრანგმა საჩვენებული თითი თავმომწონედ გადაატარა დაზიანებულ ადგილს.
- ბრავო, მაესტრო, ბრავო! - ნინკა კამფეტივით შეფუთულ სარესტავრაციო მასალას წაეპოტინა, ხელში აიღო და პირთან მიიტანა. - შეიძლება დავაგემოვნო?
- ნოუ, ნოუ! - იყვირა ფრანგამა.
- უკაცრავად, ბატონო!
ნინკამ იტალიელთან გადაინაცვლა, მაგრამ არც ამ უკანასკნელმა მისცა უფლება მადისამღძვრელი ავეჯის სარესტავრაციო მასალა დაეგემოვნებინა.
- ოსტატო, როგორც იქნა მოვაღწიე შენთან, რა ჰქენი, რით გაგვახარებ? - და სკამს დაზიანებული ადგილების ძებნა უწყო. - გავოცდი, უკვალოდ გაქრა დაზიანება!

იმას, რაც ამის შემდეგ მოხდა, უკომენტაროდ ვტოვებ.

კონკურსანტებისთვის განსაზღვრული სამუშაო დროის ამოწურვისთანავე სკამები ჟიურის წევრებს გადაეცა. ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ, ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა თარჯიმნის მეშვეობით ოსტატს კითხვა დაუსვა, თუ ლურჯქსოვილიანი სკამი რა სახით გადაიქცა მწვანექსოვილიან სკამად? და მართლაც, ოთხიდან ერთი სკამი, რომელიც ოსტატს ჰქონდა ჩაბარებული, ქსოვილის ფერით განსხვავებული იყო დანარჩენთაგან. დაიწყეს კვლევა, რასაც ბუნებრივია დეკორაციის უკან გადამალული დაზიანებული სკამის აღმოჩენა მოჰყვა.

სერიის უკანასკნელი სცენა:
საკონკურსოდ გარდაქმნილ სტუდიას მუშები თავდაპირველ სახეს უბრუნებენ. ოსტატი, პაველი და კანტროლკა ჯერ კიდევ შემორჩენილან იქ.
- შეფ, დალტონიკი ხარ? ლურჯქოვილიანი სკამის ნაცვლად რატომ მოიტანე მწვანექსოვილიანი სკამი? - ჰკითხა პაველმა.
- არ ვარ დალტონიკი, მექანიკური შეცდომა დავუშვი - დამავიწყდა, რომ დიზაინის გარდა ქსოვილის ფერისთვისაც უნდა მიმექცია ყურადღება!
- ეე, გაგვყრიან ტელევიზიიდან!
- შეიძლება არ გაგვყარონ. - საუბარში კანტროლკა ჩაერთო. - სტუდიას სულ კი არ შლიან, თავდაპირველ სახეს უბრუნებენ, როგორიც კონკურსამდე იყო. უფროსო, შენ როგორ ფიქრობ, გაგვყრიან, თუ დაგვტოვებენ?
- ხვალ გაირკვევა...

მე-12 სერიის დასასრული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები