ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პროზა
29 აგვისტო, 2019


ბაბუა

სანამ ბებია დასაძინებლად დაწვებოდა, ფინჯანში ყავასა და შაქარს ყრიდა ბაბუასთვის, დილას სამსახურში წასვლამდე, ბევრი რომ არ ეწვალა. რაღაცნაირი სიყვარული ჰქონდათ.ჩუმ სიყვარულს ვეძახდი - ხოლმე.მთელი დღე თავის სავარძელში იჯდა ბებია და კითხულობდა.საღამოს კი, როცა კარის ხმას გაიგონებდა დგებოდა და სიყვარულით ეგებებოდა.ბოლოხანს ფეხი აწუხებდა ბებიას, თუმცა კოჭლობით ფუსფუსებდა სამზარეულოში. შემოდგამდა გაზზე საჭმელს და უცხელებდა ბაბუას.მერე კი მასთან ერთად იჯდა და ჩაის სვამდა კარაქიან პურთან ერთად.
მართლაც რაღაცნაირი სიყვარული თქონდათ ბებიას და ბაბუას.ჩუმი და ბევრი, ძალიან ბევრი სითბოთი სავსე.

მერე ბაბუა ცუდად გახდა.ძალიან ცუდად იყო.ექიმმა დიაგნოზი მალევე დასვა.სახლში მოვედი თუ არა მისაღებ ოთახში შემომეგება ბებია. მითხრა ყველაფერი და ატირდა.ძალიან ატირდა ბებია და ავტირდი მეც.

მას მერე ხშირად ტიროდა, ოთახიდან გამოდიოდა, ბაბუასგან შორს ჯდებოდა და ტიროდა.თავისთვის, არავის რომ არ გაეგო.მაგრამ მე მესმოდა ბებიასი და მე ვხედავდი ბებიას.

ბაბუას ულვაშის ტარება უყვარდა.აი, კარგად რომ გავხდები წვერს გავიპარსავო - უთხრა ბებიას. მეც იქ ვიდექი და ვუყურებდი ბაბუას.

პატარა რომ ვიყავი, ჩვენს უბანში ერთი საქანელა მიყვარდა.იქ მივყავდი ხოლმე ბაბუას შაბათ-კვირას. და მიხაროდა ყველა შაბათ-კვირა იმიტომ რომ იქ მივდიოდი ბაბუასთან ერთად. ის ბაბუა აღარ იყო მე ვისაც ვუყურებდი, იქ სხვა კაცი იწვა.შეიცვალა ჩემი ბაბუა.

დიდხანს ვეღარ გაუძლო ბაბუამ.ოთახის კედლებს მალე დაეტყო მუშტები და ხელის გულები.ჭრიალით გაიღო სადარბაზოს კარები და დაიფარა სარკეები.

ვერ გაიპარსა წვერი ბაბუამ, ვიღაც კაცი იყო მოსული, აჩაჩულ-დაჩაჩული ტანსაცმელი ეცვა, ცუდი შესახედავი.იმან გაპარსა წვერი ბაბუას.

ყოველდღე გამოდიოდა ბებიას ოთახიდან ტირილის ხმა.ვერ ეგუებოდა ბებია, ვერ შეეჩვია.

დაკრძალვის დღეს, როცა სამზარეულოში ჩაის ვსვამდი, გამოვიდა ბებია. აიღო ჭიქა, ჩაყარა ყავა და შაქრი, მერე კი  ვაიმე ღმერთოო - დაიძახა და ატირდა.

ხო, მართლაც რაღაცნაირი სიყვარული თქონდათ ბებიას და ბაბუას.ჩუმი და ბევრი, ძალიან ბევრი სითბოთი სავსე.










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები