ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2019


ლოცვა

ყოველი დილა ასე იწყება:
შვიდიც არაა თვალს რომ ძლივს ვახელ,
საკმეველის მსუბუქი ნისლი
და მისი ნაზი სურნელი დგას  საძინებელში.
შენი ფეხის ხმას ვერასდროს ვიგებ,
ასწრებ გასვლას სანამ სუნი მაფხიზლებს,
მაგრამ რვამდე მაინც არ ვდგები.

არ გაგრძნობინებ რომ გამაღვიძე,
ელფოსტას,
ფეისბუქს,
მესენჯერს -
ვასწრებ, ვამოწმებ.
გაცდი ილოცო.

არასდროს მესმის შენი სიტყვები,
მაგრამ მე ვიცი რას ითხოვ ჩემთვის:
დიდხანს სიცოცხლეს,
ჯანმრთელობას
და ა. შ.

ყავას მიდუღებ,
ათას სასუსნავს მილაგებ მაგიდაზე
და მერე მეძახი...

მეფერები,
მუცელზე მეტად,
მეხვევი ორ-სამ წყებად,
ის ხომ ყველაზე მეტად გიყვარს
და არასდროს გავიწყდება -
ჩემი სხეულის უშნო ნაწილი...

თვალს თვალში მიყრი,
ამოწმებ,
ხომ არაფერი შეცვლილა მათში...

- კარგი ყავაა?
მეკითხები და ორცხობილის ნამცეცს,
ტუჩის კუთხეს შერჩენილს,
ორკაპა ენით პირში მიტენი.
- კარგია.
ვამბობ,
მაგრამ ჩემს პასუხს არ ელოდები,
ლოცვას გულში,
უხმოდ აგრძელებ:
კარგად მიმყოფე,
დიდხანს მიმყოფე,
ოღონდ არ მოანატრო შვილის თვალები,
საყვედურით რომ არ მიყუროს,
საყვედური რომ არ წამოცდეს,
დაავიწყე საყვედურები.
შეარგე ყველა ყლუპი,
ყველა ნამცეცი,
გააფუვე,
გააფუმფულე,
მე როგორც მინდა ისე ამყოფე...

თვალში არავის უვარდებოდეს,
ჩემს მეტს არავის უყვარდებოდეს,
ისევ მყვარობდეს.

შენ ხომ ყველაფერი იცი,
ღმერთო,
რას არ ვაკეთებ მისთვის,
შუაღამისას ტყავსაც გავიძრობ,
მოვისვრი გველისას და
მგლად გაგავიქცევი.
შარდით მოვნიშნავ იმ მანქანას
მას რომ მოიყვანს,
თავს თუ შეურაცხყოფილად იგრძნობს,
ეგ არაფერი,
მთავარია ვინც მას მოიყვანს
მან იცოდეს ის,
რაც უნდა იცოდეს.
შეისმინე ჩემი ლოცვა, ღმერთო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები