ნაწარმოებები



ავტორი: თაკო წულაია.
ჟანრი: პროზა
3 სექტემბერი, 2019


სხვა ფრინველები (მეორე ნაწილი)

ჩემი მეორე სიყვარული ძალიან მარტოსული ადამიანი იყო. ნაღვლიანი თვალები და ჩამოშვებული, უჩინარი ტვირთით დამძიმებული მხრები ჰქონდა. ისე დააბიჯებდა, თითქოს წაქცევას აპირებდა. ისე ლაპარაკობდა, თითქოს ტირილი უნდა დაეწყო. ისე ვუყვარდი, თითქოს უნდა მოვმკვდარიყავი. ყოველი შეხვედრის მერე ისე მემშვიდობებოდა, თითქოს უკანასკნელად მხედავდა. მასზე საუბრისას ბევრი \\\"თითქოს\\\" გროვდება და კიდევ უფრო მეტი \\\"ნეტავ\\\"...
ნეტავ ასეთი დაღლილი არ ყოფილიყო... ნეტავ ასეთი სიყვარული არ შესძლებოდა... ნეტავ...
- ახედე ვარსკვლავებს. იცი, რა ლამაზები არიან, როცა არ ჩანან? მე რომ გავქრები, მეც მშვენიერი ვიქნები!
მას ილე ერქვა და სიკვდილზე ხშირად ლაპარაკობდა. ალბათ, სიკვდილიც შეწუხებული იყო ასეთი ხშირი ხსენებით. ალბათ, ბრაზობდა, რომ არსებობდა ვიღაც, ვისაც ვერ აფრთხობდა. ვიღაც, ვისაც სასურველად მიაჩნდა და მთელი არსებით ელოდა.
ილეს ფოთლები და თევზები უყვარდა. ფოთლების სიყვარულს არ ვუშლიდი, თუმცა თევზებთან დამოკიდებულება ძლიერ მაწუხებდა. ყოველ პაემანზე, ყოველი შეხვედრისას, ყველგან და ყოველთვის, პატარა აკვარიუმს დაატარებდა. აკვარიუმში სულ ოთხი ლურჯი, პატარა ლიფსიტა ჰყავდა.
- რად გინდა, რას დაატარებ ყველგან ამათ? - ვკითხე ერთხელ განაწყენებულმა.
- თევზებს მხოლოდ რამდენიმე წამიანი მეხსიერება აქვთ. თუ ერთი წუთით მაინც დავტოვებ, დამივიწყებენ. მე კი ეს არ მინდა. - ღიმილით მიხსნიდა, მაგრამ მერე, რაღაც გაახსენდა და სახე შეეცვალა, - შენ ხომ არ ჰგავხარ მათ? შენ ხომ მაშინაც გემახსოვრები, როცა ვერ დამინახავ?
ილეს გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობ. დავიმახსოვრე, სხვა კი ვერაფერი გავაკეთე მისთვის. ვერც მაშინ ვეხმარებოდი, როცა შემოდგომა დგებოდა და მკვდარი ფოთლების პროცესიას მიუძღოდა. ცრემლებით ევსებოდა თვალები ილეს, თავისი მშვენიერი და ნაღვლიანი თვალებით ტიროდა ილე. ფოთლები კი მოფარფატებდნენ ხეებიდან, წვიმდეს მოკლული ჩიტების მსგავსად ეცემოდნენ მიწაზე და ჭკნებოდნენ, მიწადვე იქცეოდნენ...
ილე ტიროდა.
ზამთარი სძულდა ჩემს მეორე სიყვარულს. საღამომდე შეეძლო ხეტილი ქუჩაში, გადარჩენილი ფოთლების საძებნელად. თუ მოხდებოდა სასწაული და იპოვიდა, მოწყვეტდა ხოლმე და სახლში მიჰქონდა. სახლში ალბომი ჰქონდა გადარჩენილ ფოთოლთათვის. ეს ალბომი რაღაცით დევნილთა თავშესაფარს ჰგავდა, ქარისა და სიცივისგან დევნილთა თავშესაფარს.
კიდევ კარგი, რომ იმ ალბომს სახლში ინახავდა და აკვარიუმივით არ დაატარებდა ყველგან.
იოლი იყო ილეს სიყვარული. მისი თბილი ხელები, მისი მშვიდი საუბარი და სევდიანი გამოხედვა ძალიან, ძალიან მომწონდა. ვფიქრობდი, რომ მე და ის, ერთად ვიქნებოდით დროის ვრცელ მონაკვეთში. მაგრამ ჩემი ფიქრები ჭეშმარიტებისგან შორს იდგნენ, ისევე შორს, როგორც სხვა რაღაცები დგანან ხოლმე.
ერთ-ერთი შეხვედრისას, როცა მშვიდად ვსეირნობდით ზღვის ნაპირას, ფერად კენჭებს წყლისკენ ვისროდით და ვტკბებოდით გრილი ნიავით, თოლიების გუნდი შევნიშნეთ. აუღელვებლად დააბიჯებდნენ სანაპიროზე და ჩვენკენ იშვიათად ატრიალებდნენ თეთრ თავებს.
ილე ბედნიერი იყო, მაგრამ თოლიები უჩვეულოდ წამოიშალნენ და ფრენით გამოემართნენ მისკენ. მე ილეს მკლავები შემოვხვიე და მთელი სხეულით გადავეფარე, მაგრამ აკვარიუმი კი მაინც დაუცველი დამრჩა. ფრინველებმა ხელთ იგდეს ოთხი თევზი, მინა დაამსხვრიეს და სწრაფადვე გაფრიდნენ უკან.
როცა მკლავები მოვაშორე და მისმა მოწყენილმა თვალებმა აკვარიუმის ნამსხვრევები შენიშნეს, ვიგრძენი, როგორ ჩატყდა ხიდი. ხიდი, რომელიც გვაკავშირებდა.
- ისინი დამივიწყებენ. ცოცხლები აღარ არიან და დამივიწყებენ. - სახე არ შეცვლია, მშვიდად და ნაღვლიანად მიყურებდა ისევ.
ხელები გავუწოდე, რომ ჩემს მხრებზე ექვითინა, მაგრამ ამაყად მაქცია ზურგი და ჩემკენ არც კი გამოუხედავს, სადღაც მიმავალმა ისე მითხრა ბოლო სიტყვები:
- ისინი მე დამივიწყებენ, შენ გამო. მე კი შენ დაგივიწყებ.
ილემ მიმატოვა.
ისე ნაზად მიირწეოდა, როგორც ფოთოლი სუსტი ნიავისას. ლამაზი იყო მისი წასვლა, ისევე როგორც მისი გამხდარი მხრები. ისევე როგორც მისი ფოთლების კოლექცია.
ზღვა შფოთავდა. ტალღების სიმაღლეც იმატებდა და ამ ტალღების ქშენაც. ჩემშიც ზვირთებოდა რაღაც. შესაძლოა ილეს მოძებნის სურვილი, შესაძლოა დანაშაულის გრძნობა. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ვგრძნობდი, დამჭკნარი ფოთლები აღარ შემაწუხებდნენ, არც ზამთრის დადგომისას ვინერვიულებდი, იქნებ გზა აებნას ილეს და ვეღარ დაბრუნდეს-მეთქი. ილეს სიყვარული იოლი იყო, მაგრამ ზამთრობით რთულდებოდა. ქარს აყოლილი დაეხეტებოდა და ვინ იცის, სად მიიყვანდა უსწორმასწორო გზა.
დიდი ხანია მივხვდი, რომ ცხოვრება ვრცელი წიგნია, რომელსაც ბოლომდე ვერასდროს წავიკითხავთ. ყველას თითო გვერდი გვიჭირავს ამ წიგნში და მეტი რომ შევიტყოთ, ერთმანეთს ვიმეგობრებთ, ერთმანეთი გვიყვარდება და მოკლე შინაარსებს ვუყვებით ერთმანეთს და ვიმახსოვრებთ. ასე ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი გვერდის წაკითხვას.
ილე რომ წავიდა, აზრი ცოტათი შემეცვალა: ზოგი მხოლოდ ერთი სიტყვაა ამ წიგნში, ზოგი აბზაცი. ზოგი შესაძლოა ერთ მძიმეშიც მოათავსო. მაგრამ ილე გვერდი კი არა, მთელი ერთი თავი იყო. მის მსგავსს ვეღარავის შევხვდებოდი, ესე იგი, ვერც წავიკითხავდი.
წავიდა ილე და გავიფიქრე, რომ ფრინველებმა ორჯერ დაანგრიეს ჩემი ცხოვრება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები