ნაწარმოებები



ავტორი: ვალე
ჟანრი: პროზა
7 სექტემბერი, 2019


განძი (მცირე მოთხრობა: ბავშვებისა და მოზარდებისთვის) 2019 წ.

ს ა რ ჩ ე ვ ი

ნოდარი

ოჯახი

ოჯახში

სკოლაში

მეგობრობა

ელენიკო

აწმყოს ღმერთით ვამკობთ და - მომავალიც ჩვენია

პატარა აბიტურიენტები

საერთო სიკეთის კაშხალი: „მჭიდრო-ერთობო-სალბუნი“

განძი

_________________________________________________________
ნოდარი

ერთი, გამორჩეული თვისება აქვს გივის: ყველაფრის თანმიმდევრულად კეთება უყვარს; იწყებს უმნიშვნელოვანესით და ასე მიჰყვება. აი, მაგალითად, როგორც კი იღვიძებს გამთენიისას, ხელ-პირს დაიბანს და ბეჭებში გაიმართება, ბიბლიას კითხულობს თითო თავს, შემდეგ დილის ლოცვებს - მამიკოსთან და დედიკოსთან ერთად და უკვე საუზმეს დროა, ანუ ხორციელი საკვების, თორემ სულიერი უკვე მიღებული აქვს.
ძალიან უყვარს გივის სკოლაში სიარული, მთელი გზა ფიქრობს მომავალ დღეზე და თან გულში ლოცულობს, ღმერთს მადლობს ყველაფრისთვის და თხოვს, მშვიდობიანად წარიმართოს ყოველივე.
ასევე ძალიან უყვარს გივის მასწავლებლები, ყოველთვის ცდილობს ბეჯითი სწავლით დაუფასოს შეუფასებელი ამაგი. თანაკლასელების გარეშე კი, გივის უბრალოდ არ შეუძლია, ყოველ ჯერზე ისე უხარია მათი დანახვა, როგორც პირველად.
ყოველი სასწავლო დღე ნაყოფიერია გივისთვის, გაკვეთილების შემდეგ უამრავ სიახლით დახუნძლული ისევ გასავლელ დღეზე ფიქრითა და ლოცვით ბრუნდება სახლში. ჯაგრისით ფერთხავს სკოლის დარბაზის მტვერით შეფერილ ტანისამოსს, ფეხსაცმელებს კი სველი ჩვრით წმენდს და ასე აწყობს თითოეულს თავთავის ადგილზე, ხვალინდელ დღისთვის გამზადებულს. წესრიგდება თვითონაც, სადილობს და შემდეგ ხელადვე გაკვეთილებს უჯდება, ერთი სული აქვს, როდის მოამზადებს ყველას და იქვე, პატარა ტახტზე, მშვიდი სინდისით გადაგორდება.
აი, ხომ ეტყობა გივის, რომ სწავლა უყვარს და მოხარულია ამ პროცესით, მაგრამ აი, რაღაცნაირი ბედნიერება ზუსტად იმ, ტახტზე გადაგორების შემდეგ ეწვევა, როცა უკვე შეუძლია დრო დაუთმოს, რაღაცას, განსაკუთრებულად ძვირფასს - წიგნების კითხვას, როგორც მხატვრულის, ასევე სამეცნიერო ნაშრომებისას.
ცდილობს გივი, უფრო ღრმად გაიგოს თავისი წარსული, ანუ - სამშობლოს, საქართველოს ისტორია, რათა უკეთ შეაფასოს აწმყო და ჯანსაღად იფიქროს მომავალზე. უამრავი იდეა აქვს და ყველა მათგანი თავისი სამშობლოს კეთილდღეობას ემსახურება...
აი, ეს კი ნოდარია, სანამ გივის შეხვდებოდა, თითქმის ყველადფერს იმის საპირისპიროდ აკეთებდა, რაც აქამდე გივიზე ითქვა, მაგრამ შეხვედრის შემდეგ სულ მთლად გივის მიემსგავსა და მგონი, ცოტათი ჯობნის კიდევაც.
ვიცით გარდატეხის პერიოდი, როგორი მნიშვნელოვანი ეტაპია...რაღაცნაირად ვიცვლებით ბიჭები ამ დროს, ზოგი, როგორ და ზოგიც კიდევ - როგორ, მაგრამ ცოტათი უცნაური რამ მოხდა; გივი დიდად არ შეცვლილა; როგორი ნათელი სახეც ჰქონდა, ისეთი დარჩა, მშვიდი გამომეტყველებაც იგივე, გულიანი გაღიმილებაც, ცოტათი ულვაშები შეეტყო მხოლოდ...ეს, ცოტათი უცნაური მოვლენა კი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ირგვლივ მყოფ გარდატეხის ასაკში შემსვლელებს.
რაღაცნაირი რიდი ჰქონდათ გივის მიმართ თანაკლასელებსა და თანატოლებს. სადაც გივი იყო, იქ სიმშვიდე სუფევდა, გარდატეხის ასაკისეულ უხამუშ გამოხტომებს ადგილი არ ჰქონდა; თუ უწმაწური სიტყვის თქმა უნდოდა ვინმეს (შემთხვევით, ძალაუნებურად), გივის ერიდებოდა და ჩუმდებოდა, ან, თუკი ვინმე საჩხუბრად აპირებდა წასვლას (ესეც უნებლიეთ), გივის ხათრით გადაიფიქრებდა, ანდაც, რომელი მოწევდა პაპიროსს, ან, რომელიმე გოგონას გაანაწყენებდა...ყველაფერი თავისთავად ხდებოდა და ყველა გრძნობდა, გივის რაღაცნაირობის ბრალი, ან დამსახურება იყო ეს მოვლენები.
აი, ეს ზემოთ აღნიშნული მდგომარეობა არ მოსწონდა ნოდარს, თვითონაც არ იცოდა, რატომ, მაგრამ, რა ექნა, ვერ ეგუებოდა და ერთ ღამეს გადაწყვიტა, შეხვედროდა გივის მომდევნო დღეს და ყველაფერი მოეგვარებინა და ეს შეხვედრა კი, აი, როგორ მოხდა:
ჩვეულებრივ მიემართებოდა გივი სკოლისკენ, უცებ სკოლამდე, იქვე ახლოდან, რაღაც ხმაური შემოესმა, გაიხედა და, რას ხედავს: ნოდარი დგას მარტო და რამდენიმე თანატოლ ბიჭს, რაღაცას ხმამაღლა ესაუბრება, თავის მხრივი ისინიც არ აკლებენ, ერთი სიტყვით, სადაცაა ძაფი გაწყდება და...
- გაგიმარჯოთ, ბიჭებო... - მიესალმა გივი ბიჭებს.
- ვაა, გიი-ვიი...?
- რამ შეგაწუხა?
- წადი, შენს გზაზე გაიარე რა...
- ნოდართან ერთად გავივლი...
- ეე...ნოდართან ჩვენ საქმე გვაქვს და შენ არ გეხება...
- ხო-ხო, რა, მიდი, გაიარე...
- ნოდარ...
- გისმენ, გივი?
- თუ შენ მეტყვი წადიო, წავალ...
- წადი გივი... - უთხრა ნოდარმა, რაღაცნაირი ხმით...
- არა, არა. მაინც არ წავალ. - უთხრა თავის მხრივ გივიმ და ძაფიც გაწყდა, ოღონდ ნოდარის გულში, გივისადმი უდიდესი პატივისცეის ნიშნად...
აი, ასეთი იყო ნოდარისა და გივის პირველი შეხვედრა...
მერე, რა მოხდა?
მჰ...რა მოხდებოდა?
გაკვეთილების შემდეგ, გივიკოსთან სახლში დაძმობილების სადღეგრძელოები შეისვა, მართალია გაზიანი წყლით, მაგრამ მაინც...სუფრის თავში ნოდარი იჯდა, მის გვერდიგვერდ კი ის თანატოლი ბიჭები ისხდნენ, გივი კი თითოეულს ემსახურებოდა, ხან გაზიან წყალს უსხამდა, ხან კერძებს უნაწილებდა...მართალია, თახტზე გადაგორება დაუგვიანდეობდა, მაგრამ, როგორც თავში აღინიშნა:
ერთი, გამორჩეული თვისება აქვს გივის: ყველაფრის თანდმიმდევრულად კეთება უყვარს; იწყებს უმნიშვნელოვანესით და ასე მიჰყვება...
_________________________________________________________
ოჯახი

ასე, თუ ისე ვიცით გივის შესახებ.
„შვილი, ოჯახის სარეკა“-ო და...
წარმოვიდგინოთ ნახატი, თეთრად ნათელი ფერებით, წესრიგისა და სისუფთავის შეგრძნების გადმომცემი, სადა, მშვიდი, მსუბუქი, თბილი, კოხტა-კოპწია, უკვდავება რომ ატყვია...აი, ასეთია ჩვენი გივის ოჯახი.
არ ახსენდება გივის, დილით თვალები გაეხილა და არ დაენახა მამა და დედა, ხატებთან მდგომნი, რაღაც საოცრად გადამდები სიმშვიდით მლოცველნი. ამ დროს გივი ყოველთვის გრძნობს წამიერად, რაღაც დიადსა და ამავდრულიად იდუმალს, შემდეგ გულში ერთად ეღვრება სითბო და სიყვარული  (როგორც თაფლი, ალუმინის კასრიდან რაიმე პატარა ჭურჭელში გადაღებისას), მთელი ეს მოზვირთებული სიკეთე ყელში უგუბდება და უცებ სიხარულის ცრემლებად გადმოსდის თვალებიდან ბედნიერებისაგან გაბრწყინებულ პირისახეზე...მთელი დღე ჰყოფნის გივის ეს მარაგი, თვეც კი ეყოფოდა, შეიძლება წლებიც, მაგრამ რადგანაც იცის, რომ მომდევნო დილას, ისევ პირთამდე შეევსება, სულმთლად ცარიელიც რომ ჰქონდეს, მაინც - უშურველად არიგებს და საერთოდ არ ზოგავს.
მამა - გივისთვის - ქართველობის, ვაჯკაცობის, პატიოსნების, ერთგულების, შრომისმოყვარეობისა და ბავშვის გონებას რაც მოაფიქრდება, ყველაფერ საუკეთესოს მაგალითია. რას უნდა აკეთებდეს გივი, რომ მამას არ ბაძავდეს, ან, რომელ ღამეს დაუძინია მამასთან ერთად გადამხდარ რაიმე თავგადასავალზე ფიქრის გარეშე, სადაც, რა თქმა უნდა, მამა, ყველა გაჭირვებული და დაჩაგრული ადამიანის მხსნელი და ნუგეშინისმცემელია...სინამდვილეშიც ასეა, მართლაც.
ფიზიკურად მუშაობს გივის მამა, თანაც სრულიად უხელფასოდ. დილით გადის სახლიდან, ეძებს დაუძლურებულ და შეჭირვებულ ადამიანებს, რომლებსაც არავინ ყავთ, თუნდაც მაღაზიაში წამსველი. თანაც, არა მარტო ფიზიკურად, არამედ მატერიალურადაც კი ეხმარება მათ (როცა კი აქვს, ბოლოც რომ ჰქონდეს, მაინც) და ამგვარი შრომის შემდეგ სახლში ბრუნდება. პირი მუდამ ნათელი და ღიმილიანი აქვს, თვვალები საოცრად თბილი და მშვიდი...ცოტა ხანი არ არის გასული და უცებ, ვიღაც უცნობი აკაკუნებს კარზე და...
უკვე, რამდენი წელია, გივის მამა, ამ უცნობების მიერ დატოვებული თანხით ინახავს ოჯახს. არ იფიქროთ, ეს უცნობები, იმ შეჭირვებულების ნათესავები არიან, ან ახლბლები, ან უცხოელები, ანდაც ერთი და იმავე პიროვნებები, არა. სასწაული კიდევ ისაა, რომ ნაჩუქარი თანხა ყოვლეთვის იმდენია, რამდენიც აუცილებლობისთვის სჭირდება ოჯახს.
წიგნების კითხვა მამამ შეაყვარა გივის. ალბათ, ცალკე წიგნები შეიძლება დაიწეროს იმ საუბრებზე, რომლებიც ამა თუ იმ წიგნის, ან ჩვენი სამშობლოს ისტორიიდან, რომელიმე საკითხის გარშემო იმართება ყოველ საღამოს.
დედა - გივისთვის - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია.
არ ახსენდება გივის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლეს ევედრებოდეს და დედაზე არ ფიქრობდეს, ან კიდევ, დედა სთხოვდეს გივის რაიმეს და გონებაში თავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არ ესახებოდეს.
დიასახლისია გივის დედიკო. გათენებიდან დაღამებამდე ფუსფუსებს და ფუსფუსებს სახლში. ყველაფერი დაწკრიალებული აქვს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყველა ტანისამოსი დატკიცინებულ-დაუთოვებული. ერთსა და იმავე დროს აქვს მზად საუზმეც, სადილიცა და ვახშამიც. რა თქმა უნდა სამივე დროს, ოჯახის სრული შემადგენლობით სხდებიან და ასე მიირმევენ დედის გულით გაკეთებულ უგემრიელეს კერძებს.
რაც არ უნდა მოხდეს, გივის დედიკოსაც მშვიდი და ნათელი სახე აქვს, საოცრად ღრმა და ბრძენი თვალები. არ არსებობოს ისეთი განსაცდელი, ოჯახს შეემთხვას და დედამ გამოსავალი არ გამოძებნოს, ღვთის დახმარებით. ერთი დიდი სიხარულია იმის ცქერა, როგორ უზიარებს მეუღლეს ამ თავის აზრს და ეკითხება, რომელი სჯობს. ამ დროს, მამას თავისებურად, ჩუმი ბედნიერებით ეღიმება, ასეთი მხრებში მდგომი მეუღლე რომ ჰყავს და ისე იქცევა, როგორც დედამ მოიფიქრა და შესთავაზა. შედეგი მუდამ სასიკეთოა და არ იფიქროთ, დედა თავის თავს მიაწერდეს განსაცდელის ასე კეთილად დაგვირგვინებას, არა. ღმერთს მადლობს პირველ რიგში და შემდეგ თავის მეუღლეს, ასეთი გულისხმიერებისთვის.
დედოფალია დედა ოჯახში, რა მეუღლეს ისე ექცევა, როგორც მეფეს და თავის მხირვი მამაც ისე ეპყრობა დედას, როგორც დედოფალს.
არ დაუთვლია გივის, რამდენჯერ სმენია მამისაგან და დედისგან - „ღმერთმა დაგლოცოს“ - უეჭველია თანაბრად. ის უფრთხიალებს გულს სიხარულით, როცა თავის უსაყვარლეს მშობლებს ყოველ დილას, სახლიდან გასვლის წინ და ღამე, ძლის წინა ლოცვების შემდეგ დალოცვას სთხოვს და ხელზე ემთხვევა.
უფროსი შვილია გივი - სამი ძმა ჰყავს და სამი და - ჯერ-ჯერობით...ისინი ძელ, სულ პატალა ანგელოზები ალიან.
და, წარმოვიდგინოთ, რა სასიხარულო სანახავია მთელი ეს სპეტაკი ოჯახი ყოველ კვირას - ტაძარში - ზიარებისას.
_________________________________________________________
ოჯახში

რადგანაც შინაგანი, სულიერი მხარე მოწესრიგებულია გივის ოჯახში, არ არის გასაკვირი, რომ გარეგნულიც ასეთივეა. ნაწილობრივ შეგვექმნა შთაბეჭდილება ოჯახში მიმდინარე მოვლენებზე, მაგრამ მაინც მსურს, ცოტა უფრო მეტად გამოვყო ზოგი ის გარემოება, რომელიც, მე მაგალითად, ძალიან მომწონს.
საუზმე, სადილი და ვახშამი რომ ყოველთვის თავის დროზეა და მთელი ოჯახი ერთად ღებულობს, ეს უკვე ვიცით, მაგრამ, რა ხდება თიოთოეულ მათგანზე, აი, ამის თქმა მინდა.
საუზმისას, როცა შემოუსხდებიან სუფრას და გულს გაიკეთებენ, დღის გეგმას ადგენენ, თუ ვინ, რა უნდა გააკეთოს დღის განმავლობაში.
სადილის დროს, როცა მოძლიერდებიან, დილას შედგენილ გეგმას გადახედავენ და, რაც შესრულებულია, ჯვარს დაასვამენ, თუ რაიმე ჩასამატებელია, ჩაწერენ და შემდეგ ისევ შეუდგებიან თავიანთ საქმეებს.
ვახშმობის დასასრულს კი, კიდევ ერთხელ ხდება დღის გეგმის განხილვა, ოღონდ უკვე შემაჯამებელი ხასიათი აქვს, რის შემდეგაც ყველასათვის ნათელია: რა შესრულდა და, როგორ, ან - ვერ? რა უნდა გაკეთდეს ხვალისათვის, რათა ხელის შემშლელი ფაქტორები აღმოფხვრილ იქნას და დარჩენილი ნაწილი შესრულებული, თუ, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევასთან აქვთ საქმე.
იმიტომ მომწონს მთელი ეს პროცესი, რომ ოჯახი ერთად არის შეკრული და ერთმანეთში მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ, რის შედეგადაც ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იციან და, თუ რაიმე საფრთხეა ჩასაფრებული, დროულად ახდენენ თაცის დახწევას. ასეთ დროს მთელი ოჯახი დაცულია, ყველაზე უფრო მეტად კი გივი და ზოგადად - პატარები, ბავშვები და მოზარდები (რა თქმა უნდა - დიდებიც).
ასევე ძალიან მახარებს შემდეგი ფაქტი:
შეძლებისდაგვარად, გივის ოჯახს ყველაფერი აქვს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, თანამედროვე ტექნოლოგიურ აღჭურვილობებს: სათამაშო კომპიუტერი, პერსონალური კომპიუტერი, ტელევიზორი, თვითონ გივის აქვს საკუთარი, ეგრეთ წოდებული „სენსორებიანი“ მობილური ტელეფონი და აი, რაზე მსურს გავაკეთო აქცენტი:
ეს ყველაფერი გივის ოჯახს და გივის იმიტომ კი არ აქვს, რომ, თუნდაც ერთ-ერთ მადგანზეც დამოკიდებულია რომელიმე, არა. პირიქით, დამოკიდებულები რომ არ იყვნენ, ამიტომ.
როგორც კი გივი მოევლინა ქვეყანას, ღმერთის წყალობით, მისმა მამიკომ და დედიკომ გრძელვადიანი გეგმა დასახეს ერთ-ერთი საუზმისას, ნელ-ნელა აეგროვებინათ ფული, ანუ დაეზოგათ და, რამოდენიმე წელიწადში, როცა უკვე გივის ცნობიერება ჩამოუყალიბდებოდა, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ნივთი შეეძინათ, რათა შესაძლებლობა ჰქონოდათ, გივისთვის თავის დროზე, თავად დაენახებინათ ამ მოწყობილობების დადებითი და უარყოფითი მხარეები, ვიდრე გივი თვითონ შეეხებოდა მათ და საკუთარი, ერთგვარად გამოუცდელი წარმოდგენა შეექმნებოდა.
აი, სწორედ იმ გრძელვადიანი გეგმის შესრულების გამო, ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ ნივთს, თავისი სწორი, მართებული მნიშვნელობა და გამოყენენბის დრო აქვს გივის ოჯახში. სრულიად ძალდაუტანებლად იცის გივიმ, რა სიკეთის მომტანია თითოეული მათგანი და ასევე, რა საფრთხეებსაც შეიცავს.
და აი, ზუსტად, რაც ყველაზე მეტად მსურს აღვნიშნო გივის ოჯახში მიმდინარე მოვლენებიდან, ეს არის გარედან შემომავალი ინფორმაციებისადმი მთელი ოჯახის თავისებური მიდგომა, რაც გამოიხატება შემდეგნაირად:
პირდაპირი გაგებით, გივის ოჯახში, ნოლამდეა დაყვანილი მავნე გარე-ინფორმაციის შემოღწევის რისკი. მაგალითისთვის, ინტერნეტს მხოლოდ წვოდმა აქვს საგანმანათლებლო ვებ-გვერდებზე, ესენია ძირითადად ბიბლიოთეკები, არქივები, თავიანთი აუდიო-ვიდეო მასლაებითაც და ასე შემდეგ. ასევეა გივის „სენსორებიან“ მობილურ ტელეფონში. ხოლო, რაც შეეხება ტელევიზორს, სხვა ტელე-არხებს არ ეწყინებათ და, ძირითადად ერთსა და იმავე ტელე-არხს უყურებენ. ტელე-არხს, რომელშიც მხოლოდ სიკეთეა დავანებული, დადებით მოვლენებზეა ძირითადად აქცენტი გაკეთებული და, რა თქმა უნდა, უარყოფითზეც, ოღონდ რეალურად, მართლად არის ყველაფერი წარმოჩენილი და იქვე ურთავენ, რა არის გამოსავალი ამა თუ იმ შეჭირვებულ მდგომარეობიდან. ყველასთვის ადვილი მისახვედრია, რომელ ტელე-არხს ვგულისხმობ, აქ საინფორმაციო გამოშვებები არ არის დამთხვეული „შვიდგზის ლოცვების“ დროებზე და აი, გადაჭარბებულათაც არ გამომივა თქმა, მხოლოდ ეს ტელე-არხი რომ იყოს ჩვენს სამშობლოში, ან მისი პოლიტიკის მსგავსი მიდგომა მთელს მედია-სფეროში, ბევრად უკეთესი კი არა, თითქმის ასი პროცენტით განსხვავებული, მშვიდი და გაწონასწორებული მდგომარეობა ექნება თითოეულ მოქალაქეს, დაწყებული ბავშვებიდან, მოხუცების ჩათვლით. აი, ისეთი გადაცემები აქვთ, საზოგადოების ყველა ფენას რომ ასაზრდოებს ისე, როგორც მწყურვალს წყარო ანაკარა. ეს ტელე-არხი არის დიდი ბადე, გადაჭიმული მთელს საქართველოზე, რომელიც იცავს თითოეულ მოქალაქეს ყოვლეგვარ უარყოფითისაგან და უმშვენიერეს, უტკბილეს გარემოს ქმნის - „ერთსულოვნება“ - რომ სუფევდეს თითოეული ოჯახიდან დაწყებული, მთელს საქართველოში და მშოფლიოში.
და, სხვათა შორის, აღსანიშნავია ის, რომ ამ მავნე გარე-ინფორმაციების ამგვარად ანულირების გეგმა, თვითონ გივიმ შესთავაზა თავის მშობლებს, ერთ-ერთ საუზმისას.
აი, ასეთი გარემოა ჩვენი გივის ოჯახში.
_________________________________________________________
სკოლაში

რატომ უყვარს გივის სკოლა, ასე ძალიან და...
მომავალი თაობა იზრდება ერთად სკოლაში. ბავშვები, რომლებიც დაახლოებით 15-20 წელიწადში სამშობლოს მართვას შეუდგებიან. და, განა აუცილებელია, თითოეული მათგანი პარლამენტში მოხვდეს, ან მთავრობაში, ანდაც, რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ყველა მათგანი მაინც სამშობლოს მმართველი იქნება.
ვიცით, რომ თითოეული მოქალაქე ქმნის თავისი სამშობლოს აწმყოს და წარმართავს მომავლისაკენ. ამიტომ, ძალიან მარტივად ვხვდებით, რომ ჩვენი სამშობლოს ხვედრი, სწორედ ამ თითოეულ მათგანზეა დამოკიდებული. მაშინ, აქვე წარმოვიდგინოთ, თუ ერთ მოქალაქეზე ამოედანა პასუხისმგებლობაა, აი, თუნდაც ერთ სკოლაზე - რაოდენია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გივის სკოლას, ეს პასიხისმგებლობა სულ შესულსისხლხორცებული აქვს.
ვიცით ესეც, ხემ რომ კეთლსურნელოვანი კვირტები გამოისხას და უტკბილესი ნაყოფი გამოიღოს, თესლის ჩასაგდებად ნიადაგის მომზადებიდანვე უნდა ყურადღება, მოვლა და პატრონობა. ამიტომ მინდა, მოვიყვანო რამოდენიმე მაგალითი, გივის სკოლის ცხოვრებდაინ, რაც ჩემი აზრით, მიახლოებით მაინც შეგვიქმნის წარმოდგნას, როგორი შესანიშნავი და ბრწყინვალე თაობები ყავს ჩვენს სამშობლოს და, კიდევაც ხომ დაიზრდებიან.
ამ სკოლაში, როცა მასწავლებელი კლასში შებრძანდება, „საწვლის დაწყების წინ“ ლოცვას წაიკითხავენ და დასხდებიან, მჰ. ღიმილი გადაეფინება მასწავლებელს სახეზე და მთელი თხუტმეტი წუთის მანძილზე, ემატება და ემატება სიხარული, ზოგჯერ, მოზღვავებულ ბედნიერებისაგან ტირის კიდევაც. რა ხდება ამ დროს კლასში და, გაკვეთილის მცოდნენი, ვერმცოდნე თანაკლასელებს გულმოდგინედ უხსნიან მიმდინარე გაკვეთილის მოსაყოლ თემას, ყველანაირად ანუგეშებენ და მხრებში უდგანან. ჯერ ხომ, მეგობრისათვის ცოდნის გადაცემით საკუთარ ნასწავლს იმტკიცებენ და, მერე კიდევ, ერთ ნათელ წერტილს სძენენ სამშლობლოსა და კაცობრიობას, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, შემდეგ, როცა მასწავლებელი გაკვეთილის გამოკითხვას ასრულებს, ცოტათი ტკივდება ხელის მტევანი, ყველა მოსწავლის გრაფაში ათიანების წერისგან.
მოსწავლეებს მასწავლებლების მიხედვით აქვთ შერჩეული ყოველდღიური სიურპრიზები. მაგალითად, იციან, რომ ნანა მასწავლებელს ძალიან უყვარს იები და პატარა ქოთანში ჩარგულს ახვედრებენ სახლში წასაღებად. თავად ნანა მასწავლებელს კი არ ემეტება თავისთვის ამ სიყვარულის მისაკუთრება და იქვე, სკოლის ეზოში რგავს თითოეულ საჩუქარს. შოთა მასწავლებელს კი ხელნაკეთი ნივთები უყვარს და აუჰ, როგორი დიდი მოწადინებით იგონებენ წინა საღამოს, რაღაცა ახალს, ერთი სანახავია. და, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, უამრავია.
შესვენების ზარი დაირიკება თუ არა, მსჯელობა იწყება რაიმე თემაზე, ან ნახლდება, ზოგჯერ სემესტრებიც კი გრძელდება და, არ გვეგონოს, რაიმე კამათს ჰქონდეს ადგილი, ანდაც ურთიერთდაპირისპირებას, არა. ეს არის, პირდაპირი გაგებით, ჯანსაღი მსჯელობა. ძირითადად სამშობლოს წარსულზე საუბრობენ, აწმყოს განიხილავენ და მომავლის გეგმებს სახავენ, როგორ ამოუდგენ მხრებში, სამშობლოსათვის დღემუდამ მზრუნველ, წამებულ გმირებს და დაეხმარონ საქართველოს გამთლიანებასა და გაბრწინებაში.
ერთ დღესაც, ერთი ასეთი ამბავი მოხდა:
უკეთ რომ დავინახოთ, წარმოვიდგინოთ ამ სკოლის საკლასო ოთახები, მართლაც მორთული და „მოხატული, თამარ დედოფლის დარბაზივითა“; შემკული ქოთნებში ჩარგულ მინდვრის ყვავილებით; კედლებზე ქართული, ულამაზესი ასობგერებით წარწერილი, ჩვენი დიდებული წინაპრების უკვდავი გამონათქვამები, ამონარიდები ლექსებიდან, პუბლიცისტურ და პროზაული ნაწარმოებებიდან; მოსწავლე-მასწავლებლები გამოწყობილები ეროვნულ, ქართულ ნაციონალურ ტანისამოსში; ეს ყველაფერი კი, ჩვენი მარადიული საგალობლებისა და ფოლკლორული შედევრების ჰრმონიულ ფონზე.
უცებ, რაღაცა ხმაური შემოიჭრა სკოლის ეზოში. ცოტა ხანში, ერთ მხარეს იდგა, რაღაცნაირფერებდროშიანი ხალხი, მეორე მხარეს კი ამათი მოწინააღმდეგენი (არა მათი იდეისა, არამედ უშუალოდ პიროვნებებისა) და ატყდა ერთი ამბავი და გამიშვი-დამაკავე: რაღაცნაირფერებდროშიანები იძახდნენ, ჩვენ უფლება გვაქვს შემოვიდეთ სკოლებში და ბავშვებს თავისუფლების ღირებულებებზე ჩავუტაროთ გაკვეთილებიო, ხოლო, მოწინააღმდეგენი კი სიტყვიერი შეურაცხუყოფით მიმართავდნენ მათ და ფიზიკური დაზიანებითაც ემუქრებდნენ. უფრო სინამდვილეში კი, არც ერთნი იყვნენ რაღაცნაირფერებდროშიანები და არც მეორენი ამგვარად მოწინააღმდეგენი, ყველა სკოლის დირექტორის მიერ მოწვეული მეგობარი იყო.
აი, რა მომხდარა. სკოლის დირქტორმა გადაწყვიტა, ისეთ სადღესასწაულო განწყობისას, ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ჩვენი საზოგადოების ორი, თავისებური მხარე დაენახებინა და მიმართა შემდეგი სიტყვებით:
- ჩემო საყვარელო ბავშვებო. ჩვენო მომავლის იმდენდო და დაუშრეტელნო ნათელნო. დღეს, აქ, ჩემმა მეგობრებმა გვაჩვენეს ჩვენი საზოგადოების ორი, მეტად აქტიური მხარე და ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, გიყვარდეთ თითოეული მათგანი, ოღონდ სათოფეზეც ნუ გაეკარებით მათ სწავლებებს, რადგან, როგორც თქვენც მიხვდებოდით, ამ, ორივე მხარეს იდეოლოგია, ჩვენი სკოლის ჰარმონიული მშვიდობის წინააღმდეგ აღმართული ჯოხის - ორი ბოლოა და, ეს ჯოხი კი მაშინ მოქმედებს, როცა ჩვენ, ერთ-ერთ მხარეს მაინც ვაქცევთ სულ-სულ მცირეოდენ ყურადღებსაც კი. ჩვენ, ქრისტეს შობიდან ოცდამეერთე საუკუნეა გვაქვს გზა ვიწრო, ეკლიანი, მაგრამ ჭეშმარიტი და მუდმივად ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი. ჩვენ გვყავს მწყემსი კეთილი, ვცნობთ მის ხმას, მას მივყვებით და ვემორჩილებით. - დაასრულა სკოლის დირექტორმა სიტყვით გამოსვლა და სადღესასწაულო განწყობაც გაათმაგდა.
აი, ასეთ სკოლაში სწავლობს ჩვენი გივი და, სართოდ, მას მეგობრები ყააავს...მჰ.
_________________________________________________________
მეგობრობა

როგორი დიდებული გრძნობაა - მეგობრობა.
თურმე, ადრე, ჩვენი დიდი წინაპრები, სანამ ბრძოლის ველზე გავიდოდნენ სამშობლოს დასაცავად, მანამდე ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ეზიარებოდნენ ერთობლივად. სასულიერო პირებს, ეს წმინდა ძღვენი, ათასობით მაზიარებელთა გამო, მოზრდილ, გობის ფორმის მსგავს ბარძიმში ჰქონიათ ჩაბრძანებული. აი, აქედან შემოდის ქართველი ადამიანის ცნობიერებაში სიტყვა - მეგობარი, რაც, როგორც ჩანს, უბრალოდ სიტყვა არ არის, არამედ ამ გრძნობას თავისი ღრმაშინაარსობრივი მნიშვნელობა აქვს.
როგორც დავინახეთ, გივის ოჯახზე საუბრისას, ძალიან დიდი სიხარულია, როცა მთელი ოჯახი ერთად ეზიარება. ასევე წარმოვიდგინოთ, როგორი ბედნიერებაა, როცა ამ სიხარულს მეგობრებიც თანაეზიარებიან თავიანთი ოჯახებით. ზუსტად ასეა, ჩვენი გივის შემთხვევაში, მას პირდაპირი, ზუსტი მნიშვნელობით - მეგობრები ყავს და ადვილად გასაგებია, როგორები არიან ისინი, თუმცა, მაინც მინდა მათ მთავარ თვისებებს, მცირედიდ მაინც გავუსვა ხაზი:
მშობლების, ოჯახის წევრების, მასწავლებლების, მეგობრების და საერთოდ, ირგვლივ მყოფების მიმართ მოსიყვარულენი არიან. რაც ყველაზე მთავარია, ამ სიყვარულს საქმით ამტკიცებენ დღემუდამ, ანუ, ისე იქცევიან, რომ მათი ქმედებები გულსატკენი და სანერვიულო არაა: არ ბილწსიტყვაობენ, არ უზრდელობენ, არ თავხედობენ, არ ცელქობენ ზომაზე მეტად, პაპიროსს არ ეწევიან, ნარკოტიკულ საშუალებების მიღებაზე ხომ საერთოდ, ფიქრიც ზედმეტია; არ უყურებენ ბილწ გამოსახულებებს, თავს იცავენ წმმინდად და უმანკოდ. თანაც, ამ ყველაფერს ვინმე კი არ აძალებს მათ, არა. თავიანთი თავისუფალი ნებით ზღუდავენ ადამიანის ბუნებაში ჩაბუდებულ მავნე ჩვევებს და არ აძლევენ გასაქანს. რა თქმა უნდა, ღმერთის შეწევნით ახერხებენ ამ ყოველივეს, მარხვით, ლიცვით, აღსარებითა და წმინდა ზიარების მადლით. ამიტომ არიან მუდამ მშვიდნი, პირისახეზე ნათელგადაფენილები და როცა იღიმებიან, ან იცინიან, მათი შემხედვარე ფიქრობ, გრძნობ და გჯერა, რომ ცათა სასუფეველში, სწორედ ასეთი სიხარულია.
ეს მცირეოდენი, მათ შინაგან თვისებებზე. ახლა ვნახოთ, ასევე მცირედ, ყოველივე გარეგნულად, უფრო ფარდოთ, როგორ ვლინდება.
„მსგავსი მსგავსს ეძებს“-ო ნათქვამია და, არ არის გასაკვირი, რომ გივის მეგობრებიც სამშობლოს სიყვარულით არიან სულმთლად გამსჭვალულნი. იმდენი იდეა უტრიალებდათ გულში, გონება ცოტათი დაებნათ, მაგრამ მაინც მოახერხეს და შეძლებისდაგვარად, პროექტის სახით  დაალაგეს ყოველივე,  თანმიმდევრულად: საძირკლველი - ღმერთის სიყვარულია; სვეტები და კედლები - სამშობლოსი, ხოლო გუმბათი და სახურავი კი - ადამიანისა.
ჩვენი სამშლობლოს უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის, თითქმის ნახევარსაუკუნოვანი, განუზომელი ღვაწლის შედეგად ფერფლიდან აღდგა ჩვენი ეკლესია (ფიზიკურად, თორემ, სულიერეად ხომ - ეკლესია - მარადის შეუძვრელია), გამრავლდა და გამშვენდა ხელახლად. ეს ყველაფერი კარგად იციან გივიმ და მისმა მეგობრებმა. ამიტომ, გადაწყვიტეს, საერო მიმართულებით დაეხმარონ სამშობლოს (რა თქმა უნდა, ამ მხრივაც, ჩვენი უწმინდესის ჯაფა - განუზომელია), სამოქმედო გეგმა კი შეადგინეს შემდეგნაირად:
I. „თერგდალეულები“-ს ეროვნული სულისკვეთების შედეგად შექმნილი თითოეული ნაშრომის მოძიება (არის ამის ფუფუნება, ჩვენს უმდიდრეს ბიბლიოთეკებსა და არქივებში), მთავარი პრიორიტეტების მიხედვით დალაგება (განათლება, სამართალი, მეურნეობა, მრეწველობა, ბანკი, ეკონომიკა და ასე შემდეგ) და საფუძვლიანად, ღრმად შესწავლა;
II. ზემოთაღნიშნულ მასალების დამუშავების შედეგად მიღებულ განათლების შუქზე და იმ, ნახსენებ ეპოქის მთავარი პრიორიტებების ფონზე - ანალიზის გაკეთება:
ა) საქართვევლო - კომუნისტურ ეპოქაში;
ბ) საქართველო - 1989 წლიდან 2003 წლამდე;
გ) საქართველო - 2003 წლიდან დღემდე.
III. ყოველვე კეთილის დანერგვა - საქართველოში.
აი, ასეთი მეგობრები ყავს, ჩვენს გივის.
_________________________________________________________
ელენიკო

დაკვივრებულია ჩვენი გივი, სიტყვა „სიყვარული“-ს გაგონებაზეც კი, რაღაცნაირი ჟრუანტელი უვლის მთელს სულსა და სხეულში, აი, რომ გაგვიგია, ღმერთი შეეხო ადამიანის გულსო. და, განა, მართლაც ასე არ არის? ღმერთი ხომ, თავად სიყვარულია და  ბავშვის სული, გონება და გულიც ხომ, ისეთი წმინდა, ნათელი და მდაბალია, რომ ასეთი შეხებისთვის მზადაა მუდამ.
ერთ დღეს გივი თავისთვის ფიქრობდა, თანაც მერამდენედ - როგორი მოსიყვარულე, მზრუნველი და მოწყალეა ღმერთი: შექმნა ადამიანი და საკუთარი თვისებები უბოძა ყოვლად უშურველად, რა მიანიჭა თავისუფალი ნება, გონიერება და სიყვარული, თანაც, მიუხედავად იმისადაც, რომ იცოდა, ადამიანს, სრულებით შესაძლებელი იყო, ეს თვისებები თავად ღმერთის წინააღმდეგ გამოეყენებინა...ასევე იცის გივიმ, რომ ღმერთს - ყოვლის შემოქმედს, თავისი განუზომელი სიყვარულით შექმნილი ადამიანისათვის, მხოლოდ საკუთარი თავისადმი სიყვარული არ დაუწესებია, არა, არამედ პირადი მაგალითითაც აჩვენა, რომ ეს ბოძებული სიყვარულის ნიჭი,  ირგვლივ მყოფების მიმართ გაემრავლებინა ისევ სიყვარულით...ამ ყველაფერის შემდეგ, გივიმ საკუთარ მომავალზე გააგრძელა ფიქრი. აი, მოკლედ რომ ავღწეროთ, აინტერესებდა, გამოუჩნდებოდა მომავალი მეორე-პირველი ნახევარი, თუ არა და ამ დროს, ცოტათი შეუწითლდა ლოყები, თანაც უფრო მეტად, ვიდრე აქამდე. თვითონაც არ იცის, რატომ, მაგრამ შეამჩნია, რომ ელენიკო ედგა გონებაში გულწინ...არა, წინა დღეს, ელენიკოს მიერ წაკითხულ საშინაო დავალების თემაზე კი ფიქრობდა, მაგრამ ამ ბოლო ფიქრთა გამაში, რატომ წარმოესახა ელენიკო, ეს ვერ გაეგო, ან პირიქითაც, ძალიან კარგად მიხვდა და ამიტომაც შეუწითლდა ლოყები უფრო...როგორც იყო და, როგორც არის, გივიკომ უკეთ იცის, ვიდრე ჩვენ. ახლა კი, ელენიკოსკენ მინდა მივაქციო ჩვენი ყურადღება და არა იმიტომ, რომ წეღან ვახსენეთ და-ან სიტყვამ მოიტანა, არა. ზუსტად, ელენიკოს გამო იქნა დაწყებული გივის ფიქრების აღწერა.
ადრე აღვნიშნეთ, სადაც გივია, იქ ხომ ვერავინ კადრულობს, რაიმე არაზნეობრივს, მაგრამ, აი, სადაც კი ჩვენი, უნაზესი, კოპწია და სათუთი მინდვრის ყვავილი - ელენიკოა, იქ, რაიმემაგვარ არაზნეობრივზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია. პატარა დედოფალია ჩვენი ელენიკო: მშვიდი, გაწონასწორებული, ზომიერი, გულმდაბალი და ამ ყველაფრის გამო კი, აი, არ ვიცი, როგორ გამოვთქვა - საოცცცრრადდ ძძძლლიერრრი. ბიჭებისთვის, ელენიკოსთვის შეხედვაც კი საკმარისია, გაიაზრონ და სიცოცხლის ბოლომდე იცოდნენ, როგორ უნდა მოიქცნენ ღიერსეულად და უფრო მეტიც, განსაკუთრებით ელენიკოს მეგობარი ბიჭები (მეგობარი - იმ გაგებით, როგორც ადრე აღვნიშნეთ) დარწმუნებულნი არიან, რომ ზუსტად ელენიკოს დამსახურებაა, თვითონ რომ სამაგალითონი არიან - ყველანაირ კარგი გაგებით.
წეღან, ელენიკოს საშინაო დავალება ვახსენეთ. მასწავლებელმა სთხოვა მოსწავლეებს, საშინაოდ დაეწერათ თავისუფალი თემები, რომლებსაც შემდეგ დირექციის, სასწავლო ნაწილისა და მოსწავლეების წინაშე, სკოლის სააქტო დარბაზში წაიკითხავდნენ. ესწრებოდა გივიკო ამ გამოსვლებს და, აი, რა წაიკითხა ელენიკომ:
თავისუფალი, საშინაო თემა: „მე - ქალთა უფლებათა დამცველი - ელენიკო“.
„ჩემი სურვილია, გამოვიდე ქალთა უფლებათა დამცველი. ვისგან უნდა დავიცვა? აი, ზუსტად იმათგან, გამუდმებით რომ გაიძახიან, ჩვენი ქალთა უფლებებს ვიცავთ, ქალთა უფლებებს ვიცავთო. „ხე შეძახილმა გაახმო“-ო ნათქვამია და, ამდენ ძახილით მართლა გვაჯერებენ, რომ თითქოს ქალთა უფლებები დარღვეულია ჩვენს სამშობლოში - ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი.
სასაცილოა პირდაპირ, მათ ხომ ყველაფერი კარგად იციან:
რომ საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა;
რომ თავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლემა გამოგზავნა საქართველოში მართლმადიდებლობის საქადაგებლად:
წმინდა ანდრია პირველწოდებული, პირველ საუკუნეშივე და თავად უძღოდა მას თავისი წმინდა, ხელთუქმნელი ხატით;
წმინდა ქალწული ნინო, მეოთხე საუკუნეში და ასევე თვითონ უძღოდა წმინდა ვაზის ჯვრით;
წმინდა ცამეტი ასურელი მამა, მეექვსე საუკუნეში, ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლს მიერ მოწოდებული წმინდა სავანეების დასაარსებლად;
წმინდა იოანე, ექვთიმე და გიორგი ათონელები, რომლებმაც მეათე საუკუნეში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით ათონის წმინდა მთაზე დაარსეს უდიდესი საგანმანათლებლო კერა - ივერონი, სადაც ბერძნულიდან ქართულ ენაზე ითარგმნებოდა უძვირფასესი მასალა მთელი მართლმადიდებლობისა, რაც არა მხოლოდ საქართველოსთვის არის მეტად უმნიშვნელოვანესი განძი, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც;
ასევე წმინდა გაბრიელ ქართველი, მეათე საუკუნეში, წმინდა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი, რომლის ხელითაც ინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლემა, შუა ზღვიდან გამობრძანებულიყო ღვთისმშობლის უძველესი, მართლმადიდებლური ხატი (ეკლესიის გადმოცემის მიხედვით, ხატი დაწერილია წმინდა ლუკა მახარებლის მიერ) რომელიც ხატმებრძოლეობის დროს, მერვე საუკუნეში, ქვრივი ქალის გულმოდგინებით გადაურჩა შემუსვრას (თუმცა, ერთმა მხედარმა მახვილი სცა ხატს და იმ წამს ღვთისმშობლის სახიდან, როგორც ცოცხალიდან, სისხლი გარდამოვიდა), სასწაულებრივად ზღვის ტალღებზე ვერტიკალურად აღმართული გაემართა დასავლეთისკენ და ამ ამბიდან თიქთქმის ერთ-ნახევარი საუკუნის შემდეგ ისევ სასწაულებრივად ტალღებზე ვერტიკალურად ზეაღმართული, ნათლით შემოსილი გამოჩნდა ივერონის მონასტრის მახლობლად. და, სამართლიანად არის აღნიშნული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა იმიტომ ინება წმინდა გაბრიელ ბერის (ქართველი) ხელით გამობრძანებულიყო, რომ მთელი ხატმებრძოლეობის პერიოდშიც კი - საქართველოში ერთი წმინდა ხატიც არ შემუსვრილა;
აღსანიშნავია, რა თქმა უნდა, რომ, ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პირველად გამეფდა საქართველოში ქალი - წმინდა თამარი და უფრო მეტიც - მეფედ-მეფედ იწოდებოდა. ასევე, უამრავი ქართველი ქალი წმინდანი ყავს საქართველოს, მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი, როგორც შეუპოვარნი და ერთგულნი, ღმერთისადმი, სამშობლოსადმი და ადამიანისადმი განუზომელი სიყვარულით აღვსილნი.
უფლის წყალობითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, დღემდე რომ მოვედით და ასე ვაგრძელებთ მარადიულად, ჩვენი ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის თავდადებული ღვაწლით,  მხოლოდ ეს ფაქტი, რამდენი რამის მთქმელია.
ეს ყველაფფერი იციან და დღეს მაინც, გაჰყვირიან და დაგვყვირიან, ქალთა უფლებები უნდა დავიცვათ, ქალთა უფლებები უნდა დავიცვათო. თანაც, სასაცილოა, თითქოს ცდილობენ „დაეხმარონ“ ქალებს და ყველაზე მეტად თვითონ შეურაცხყოფენ და ამცირებენ მათ. აი, წარმიდგინეთ, ოცდაოთხი საათი რომ გაიძახოდეს ვინმე, მამაკაცის უფლებები უნდა დავიცვათ, მამაკაცის უფლებები უნდა დავიცვათო, თავს როგორ იგრძნობს ქართველი კაცი? როგორ და სინდის და ნამუს ახდილად. რაში სჭირდება ქართველ კაცს ვინმესგან დაცვა, თან ასე ხმაურითა და ყვირილით, ან, თუნდაც ქართველ ქალს? ანდაც, ვისგან იცავენ ქართველი კაცისგან? როცა, ჩვენი მთელი იდენტობის ცნობიერება, როგორც ზემოთ მოყვანილ, უმცირესი აღწერილობიდანაც კი გამოჩნდა - ქალზეა აგებული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ან თავად სიტყვა - „დედა“, როგორც წმინდა ილია მართალმა აღნიშნა, ყველაფერი ძვირფასი, რაც კი ქართველ ხალხს გაგვაჩნია - „დედა“-თი გვეწყებაო. და, განა, ამით ამაყობს ქართველი ქალი და თავი მოაქვს ქართველი კაცის წინაშე? ანდა, თვითონ ქართველი კაცი ამადლის ამგვარ აღიარებას? რა თქმა უნდა, არა. ეს ორმხრივი ურთიერთპატივისცემის უმაღლესი გამოხატულებაა, ქართველი კაცი, ოდითგან ასე სცემს პატივს ქალს, თვითონ ქართველი ქალი არ იფერებს ამ პატივისცემას და ასმაგად უბრუნებს უკან - ერგულებითა და თავდაუზოგავი მზრუნველობით. ეს „ვითომ“, ქალთა უფლებების დამცველები კი, თავიანთ ამგვარ საქმიანობით აქეზებენ ქალებს კაცების წინააღმდეგ და უმთავრესი წაართვან ცდილობენ: სურთ რომ მამაკაცისადმი პატივისცემის გრძნობა ჩაუხშონ, რის გარეშეც თავად ქალი - ვერაფერია. ეს ყველა ქალმა იცის, მე დედა მყავს და მისგან მაქვს ნასწავლი, ქალისთვის ეს, როგორი ძვირფასი და აუცილებელია, ასევე მე მამა მყავს და ესეც ვიცი, რომ ქალშია ყველა ქართველი კაცის მთავარი ღირსება. თუ დამცველები არიან, ადამიანის უფლებებს ვიცავთო - იძახონ, რომ წარმოაჩენენ ქართველ ქალებს სუსტებად და უსუსურებად და ქართველ კაცებს კი ავტომატურად - არაკაცებად. ზუსტად იმიტომ, რომ, როგორც კაცის დაუფასებელი ქალი - ვერაფერია, ასევე ქალისადმი უპატივცემულოდ განწყობილი კაცი, შეიძლება ითქვას, უარესია, რადგან ბუნებით ძლიერია უფრო და ძლიერს ყოველთვის მეტად მართებს დაუთმოს ბუნებით სუსტს, რაც ქართველ კაცს არასდროს შეშლია და არც შეეშლება, რადგან ეს ქართველი კაცის სისხლშია და არც ქართველ ქალს დავიწყებია ქართველი კაცის პატივისცემა და არც არასდროს დაავიწყდება, ზუსტად ამავე არსობის გამო.
და მსურს ვკითხო „უფლებადამცველებს“:
ჩემი ოჯახი რომ დაინგრეს იმ ყველაფერის გამო, რა აგიტაციასაც ეწევიან ქალთა უფლებების დამცველთა სახელით, მერე? ან, ახალი კანონი რომ შემოაქვთ, რის მიხედვითაც, მე შემიძლია ავუმხედრდე საკუთარ მშობლებს და პოლიციაში ვუჩივლო, ამით ჩემს უფლებებს იცავენ, თუ მამას და დედას ერთდრულად მართმევენ და მთელს ოჯახს ერთი ხელის მოსმით მისპობენ? იგივე მასწავლებლებთან მიმართებაშიც. როგორი გაიზრდება ბავშვი, რომელიც კანონმდებლობით წახალისებულია, შეგნებულად მინიჭებულ მეტი უფლებებით, რომლითაც თავისუფლად შეუძლია ისარგებლოს და შეურაცხყოს, ან შეავიწროვოს მშობლის დარი თავდადებული მასწავლებელი? ან, ასე თუ ზრუნავენ უფლებათა დაცვაზე, რატომ არ გვიცავენ თვითონ ისინი - ჩვენ, მე და ჩემს მეგობრებს, უსუსრ ბავშვებს და საერთოდ - მოზარდებსა და ახალგაზედებს - მორალურ-ზნეობრივ გადაგვარება-განადგურებისაგან, რაც ბაგა-ბაღებდანვე მიზანმიმართულად იწყება,  შეფერადებულად დამღუპველ,  არანორმალურ, არაეროვნულ აღზრდა-განათლების პოლიტიკის დანერგვით და,  რატომ ცდილობენ მოტყუებით დაგვაჯერონ, რომ მათი კანონებით, თითქოს ჩვენი თავისუფლების შელახვად, მხოლოდ ფიზიკური შეხება ითვლება, როცა სინამდვილეში, ადამიანისთვის და მით უმეტეს კი პატარა, უმანკო ბავშვისთვის ყველაზე მთავარი  - მორალურ-ზნეობრივი ხელშეუხებლობაა? ასევე, რომელი მათგანი გვიცავს, ამდენ ბილწ და ტყუილ ინფორმაციისაგან, რაც უმრაველესი მედიასაშუალებებითა და სხვადასხვა, საზოგადიების  განმხრწნელ ტელესერიალებით, შავი, მყრალი კუპრის ნაკადივით მოედინება თითოეული ჩვენგანის ოჯახში? ან, ძალადობრივ, ზღვარგადასულ და საერთოდ, ზღვარდაუდებელ ვირტუალურობისაგან, აზარტულ თამაშებისა და ნარკოტიკულ საშუალებებისაგან, რომელი მათგანი გვიცავს? საკუთარი მშობლებისგან, ოჯახის წევრებისაგან და მასწავლებლებისაგან, „თითქოს“ რომ ცდილობენ ჩვენს დაცვას, გარყვნილების პრობაგანდისგან, უზნეობის სულზე მოხვევისგან და ინტელექტუალურად გადაგვარებისაგან, რომელი მათგანი გვიცავს? ან სად არის კანონი, იმ ბავშვების დაცვის შესახებ, რომლებიც მართლაც ძალადობის მსხვერპლნი არიან და იჩაგრებიან,  რა უკანონოდ ნაშვილები ყავთ უკანონოდ გარყვნილებაში მცხოვრებ, საბრალო და სამკურნალო პირებს, უკანონოდ რომ ზრდიან უკანონოდვე ფართოდ ხელგაშლილად მინიჭებული უფლებებით? იმ ბავშვებს, რომელი იმათგანი იცავს? ანდაც, საერთოდ, რაზეა საუბარი, როცა დედის წიაღშივე ჩვლითა მკვლელობა აქვთ  უკანონოდ დაკანონებული  და იმ, ჩასახვიდანვე სრულყოფილ ადამიანს - ადამიანად არ თვლიან, ყველაზე უსუსურს, ყველაზე უმწეოს, ყველაზე საყვარელს, ყველაზე უმცირესსა და ამავდროულად ყველაზე უდიდესს, მთელი მსოფლიო რომ უნდა ელოლიავებოდეს, ისინი, ზუსტადაც იმ უკანონოდ დაკანონებული კანონებით ასიათასობით და მილიონობით ანადგურებენ ყოველდღიურად.  და, ამის შემდეგ კიდევ გამოდიან და უფლებების დაცვაზე მორალს გვიკითხავენ - ჩ ვ ე ნ - ქართველებს - და იმას გვასწავლიან, რაც ჩვენგან ისწავლა ნახევარმა მსოფლიომ და ნახევარმა ჯერ კიდევ - არ გაიგო, რომ ეს ყოველივე ვიცით, თანაც უკვე, ძააალიან დიდი ხანია.  მჰ.
და, განა, ამ ყველაფერს იმიტომ ავღნიშნავ, რომ იმის წარმოჩენა მსურს, თითქოს, როგორი დაუცველები ვართ? რა თქმა უნდა, არა. როგორც ზემოთ ავღნიშნე, ჩვენ გვყავს ერთადერთი და უერთგულესი მცველი, ყოვლისშემძლე, ყოვლადუძლევი, ყოვლადკეთილი ღმერთი, რომელიც მუდამ გვიცავს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებითა და საქართველოს ზეციერ და მიწიერ ეკლესიის მოუკლებელი ლოცვით. ადამიანისთვის, მხოლოდ ამ წიაღშია  შესაძლებელი, დაეხსნას ზემოთჩამოთვლილ, დამღუპველ და ვერაგ ხაფანგებს.
აი, ეს საშინაო თემა წაიკითხა ჩვენმა ელენიკომ და, ზუსტად ამიტომაც არის ასეთი ძძძლლიერრრი საოცცცრრადდ. თანაც არ იფიქროთ, რაღაც რიხიანი ხმით კითხულობდა და ღელავდა, არა. უბრალოდ გული ტკიოდა და ისე მიედინებოდა, როგორც პატარა წყარო, მშვიდი და ანკარა.
და, მე მგონი, ჩვენი გივიკო ნელ-ნელა რწმუნდება კიდევაც, რატომ წარმოესახა ჩვენი ელენიკო გონებაში, გულის წინ, იმ ბოლო ფიქრთა გამაში, ისე უეცრად.
_________________________________________________________
აწმყოს ღმერთით ვამკობთ და - მომავალიც - ჩვენია.

ერთ დღეს, რაღაცნაირი ვიშვიში და მითქმა-მოთქმა ატყდა, ჩვენი გივის საცხოვრებელი სახლის ეზოში. გამოსულიყვნენ მშობლები და გლოვობდნენ, ჩვენი შვილები გაიტაცეს, ჩვენი შვილები დაიტაცესო. რა თქმა უნდა, გივის მამა, ხელადვე იქ გაჩნდა, აწყნარებდა მეზობლებს, ცდილობდა დახმარებოდა...
აი, თურმე, რაში ყოფილა საქმე:
დამთხვევა იყო, თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, ის კია, მთელმა სამეზობლომ ერთდროულად აღმოაჩინა, რომ თავიანთი შვილები და შვილიშვილები, არა მხოლოდ ყოველ დღე, არამედ ყოველ წამს ძალადობის მსხვრერპლნი არიან.
მშობელი დამშვიდებულია,  შვილი სახლში ყავს, იქვე, გვერდით უზის, უხმოდ, „ინტერნეტ-მოწყობილობით“ ხელში და ამ დროს კი, სინამდვილეში, ვიღაცას კაზინოში ყავს სათამაშოთ წაყვანილი, მართალია ვირტუალურად, მაგრამ შედეგი ხომ ყოველთვის - რეალურია, რა თვითონაც არ იცის შვლიმა, უკვე, მშობლების ქონების, რა ნაწილს ძალავენ, ასე უჩუმრად. ხან, ბოდიში და, ვიღაცას, ქვესკნელის მსგავს სარდაფის კინოეთეატრში ყავს ჩაყვანილი ძალით და ათას სიბილწესა და საშინელებას აყურებინებს. ხანაც, რომელიღაც ჩაშავბნელებულ სადარბაზოში ჰყავს ვიღაცას იძულებით გაგზავნილი, ნარკოტიკული საშუალებების შესაძენად. და, ეს ყველაფერი იქვე, სახლში, შვილის ახლოს ყოფნით დამშვიდებული მშობლის თანდასწრებით, რასაც მშობელი ვერ ხედავს. იძახდნენ, ჩვენი გივის მეზობლები, ის კი ვიცოდით, რომ ჩვენი შვილები, ათას გონებაგამფანტველ და ინტელექტდამაქვეითებელ, ინტერნეტ-პროდუქტსა  და მასმედიურ შოუ-გადაცემებს უყურებდნენ, მაგრამ ასეთნაერ საშინელებასთან თუ გვქონდა საქმე, როგორ წარმოვიდგენდითო.
როგორც დავინახეთ, ეს ყოველივე, ერთოდრულად გამოაშკარავდა, ჩვენი გივის სამეზობლოში და ხელადვე მიმართეს შესაბმის უწყებებს შემდეგი მოთხოვნებით:
აიკრძალოს საერთოდ:
- აზარტული თამაშების რეკლამირება;
- სიბილწეების, სიბინძურეებისა და ძალადობრივი აქტების პროპაგანდა;
- ნარკოტიკული და ყველა გადამგვარებადი საშუალების მოხმარება-კულტივაცია.
ასევე მოითხოვეს, გაკონტროლდეს, საჭიროების შემთხვევაში შეიზღუდოს, ან უმეტესად კი - აიკრძალოს ყველა ის გამოვლინება, რაც ინტელექტუალურად აქვეითებს ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს, ან მოუწოდებს ძალადობისკენ, ეს იქნება, ზოგადად ინტერნეტ-სივრცისა, თუ მასმედიის-გარემოს დაურეგულირებლობის შედეგად წარმოქმნილი და წახალისებული, ზემოთხსენებული ინტერნეტ-პროდუქტები, თუ შოუ-გადაცემები, ან კიდევ, ვიღაც უცნობი პიროვნებების მხრიდან მანიპულაციური ზემოქმედება, ძირათადად, ჩვენს უძვირფასეს ბავშვებზე და მოზარდ თაობაზე და, რაც მთავარია, საბოლოოდ იქნეს აღიარებული, რომ ეს ზემოთჩამოთვლილი ყველა ქმედება არის - ძალადაბრივი აქტი, რაც სასტიკად ზღუდავს ადამიანის და მითუმეტეს კი - ბავშვებისა და მოზარდ-ახალგაზრდების თავისუფლებას.
თურმე, ზოგი მეზობელი ამბობდა, საოცარია ჩვენი კანონმდებლობაო: ესე იგი, ყველანაირი მოწოდება სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ, სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, რაც ძალიან კარგიაო, მაგრამ, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს კი, ყოველ წამს რომ საკუთარ სახლშივე სიკვდილისაკენ მოუწოდებენ, ეს არაფერიაო? ამ დროს, თურმე, ერთმა მეზობელმა თქვა, მაგაზე გეტყვიან, შვილებზე მოძალადე კონკრეტული პირი არ ჩანსო. მეორემ უპასუხა, არა, რას ამბობო, რაც „ინტერნეტ-მოწყობილობებში“ დაუკითხავად ჩნდება, მას ხომ, ვიღაცა ქმნის და ზუსტად, მაგ ვიღაცამ უნდა იცოდეს, სად შეიძლება მოხვდეს თავისი პროდუქტი, თანაც, ისიც ხომ გასარჩევია, რას ქმნის და, რისთვისო...უცებ ერთ-ერთ მეზობელს ჩაღიმებია სიმწრისგან და, ასეთი რამ უთქვამს: ეს უფლებამოსილი უწყება რომ მიადგეს იმ ინტერნეტ-პროდუქტის შემქმნელს და პასუხი მოთხოვოს, თუკი რაიმე სიავე შექმნა, ამაში კი დასდებს ბრალს, მაგრამ ის გადააბრალებს, მე გავაკეთე და ინტერნეტმა თავისით წაიღ-წამოიღო, უწყება ხარ და, თვითონ დაარეგულირე ინტერნეტის მიმოქცევაო და, ასეც არ არისო..?
მოკლედ რომ ვთქვათ, სამეზობლომ, დიდი გულისტკივილით გაუგზავნა მოთხოვნები შესაბამის უწყებებს და ვნახოთ, რა იქნება, როგორ იქნება და, როდის...
მაგრამ...ჩვენი გივი, მაინც უფრო სხვა რამეზე ფიქრობდა და დარდობდა ამ დროს. რა თქმა უნდა, ეს ყოველივეც, მისი სადარდებლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, მაგრამ...
განსაკუთრებულად აინტერესებს გივის, რა არის - ნამდვილი ეროვნულობა, როგორ ვლინდება -ნამდვილი ეროვნული სულისკვეთება და, ხომ არ იზღუდება ის, როცა მონოპოლიაა „მიკროფონთან“ - ტრიბუნაზე  და სიტყვით გამომსვლელებს მხოლოდ ერთსა და იმავეს ალაპარაკებენ, აყვირებენ, ან ამღერებენ და სხვა აზრს გასაქანს არ აძლევენ? თუ ამბობენ, რომ იქ - ტრიბუნაზე - თავისუფლებაა, ყველას თანაბრად რატომ არ ეძლევა ეს უფლება - თქვას? ან, რას ნიშნავს და, რას მოასწავებს ის ფაქტი, როცა იქ, სიტყვით გამომსვლელი შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას, ჩვენს სულიერ წინამძღვარსა და სულიერ მამებს, ჩვენს უდიდეს სიწმინდესა და უმთავრეს ღირებულებას, რომლის აღიარებამ, გაფრთხილებამ და განუზომელმა ძალამ და წყალობამ მოგვიყვანა - ქართველი ერი - ოდითგან დღემდე, დღესაც ასე მივყავართ  და მარადიულად ასე წაგვიყვანს - ამ ყოველივეს შეურაცხყოფას აცლიან და, როცა სხვა, ტრიბუნაზე ასული სიტყვითგამომსვლელი იწყებს, იმ პარტიების შეურაცხყოფას, რის საქმიანობებმაც ათწლეულების განმავლობაში უდიდესი სულიერ-ზნეობრივ-მორალურ-ფიზიკური ტკივილი მიაყენა თითოეულ ქართველს, ამ დროს ხელიდან ართმევენ „მიკროფონს“ და აწვეტინებენ...რა თქმა უნდა, ყველას და ყველაფრის შეურაცხყოფა ცუდია, ასე იცის გივიმ, მაგრამ ეს, ახლა მოყვანილი ორი მოვლენა, ძლიერ აფიქრებს...უფრო სწორად კი, ძალიან ედარდება ყველა ის ახალგაზრდა, ვისაც გულში ჭეშმარიტი, ნამდვილი პატრიოტიზმის ცეცხლი უგიზგიზებს და ამ ცეცხლზე, ქართველი ერის დაუძინებელი მტერისგან - ტრიბუნის „მიკროფონებთანაც“ და „მიკროფონებიდანაც“ , ისევ და ისევ ჩვენი, ქართველი მამულიშვილების სისხლი და ცრემლი ესხმებათ...იცის გივიმ, რომ ყოველ ქმედებას, რომელიც ერთდროულად არ არის განმსჭვალული ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის სიყვარულით - უკეთესობისკენ - სულ მცირეოდენი წარმატებაც კი ვერ შეუძლია და, ამ ყოველივეს წინააღმდეგს კი, თუნდაც ერთ-ერთისასაც, კარგი რომ არაფერი მოჰყვება, ეს ხომ, სულ მთლად ცხადზე უცხადესია.
ეეეჰხ...გული უწუხს ჩვენს გივის, მაგრამ შვების ჟრუანტელი უვლის ყოველთვის, როცა „ჩემო კარგო ქვეყანა...“-ს უსმენს...ხვდება, რომ ის სანატრელი მომავალი უკვე დამდგარია, ჩვენი ეკლესიის განუზომელი ღვაწლისა და ჭეშმარიტი მამულიშვილების თავდადების შედეგად. უბრალოდ, ამ ახდენილ-ნატვრა-მომავალს, დღეს, აწმყოშივე წარმოჩენა და გამოჩენა სჭირდება ყველგან, სადაც კი შეიძლება მიწვდეს ადამიანის თვალი, ყური, გული და გონება. ეს ის თაობაა, ვისაც, ზემოთხსენებული, საქართველოს პირსისხლიანი მტერი მუდამ ებრძვის და განსაკუთრებით კი ბოლო ათწლეულებია, უხილავი, შავბნელი აჩრდილებით სცდილობს, ამოაკვეთოს სულიდან, გულიდან და გონებიდან, ყოველივე სარწმუნოებრივი, ეროვნული და ზნეობრივი და ვერ ახერხებს, ვერ აღწევს მიზანს, თანაც იცის, რომ ვერასდროს მიაღწევს და ამიტომაც სულ უფრო და უფრო უსასტიკდება...
მჰჰ...უცებ, ჩვენს გივის, „ექსპრონტად“ ლექსიც მოაგონდა:
„ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!...“
აწმყოს ღმერთით ვამკობთ და, მომავალიც ჩვენია.
_________________________________________________________
პატარა აბიტურიენტები

ერთ საღამოს, გივის მამამ დაიჯინა გივი და გივის მეგობრები და ჰკითხა, რას აპირებდნენ სამომავლოდ, რა მიმართულებით სურდათ გაეგრძელებინათ სწავლა და ასე შემდეგ. პასუხები რომ მოისმინა, სიხარულისგან ტირილი მოუნდა, ძლივს მოახერხა თავის შეკავება, მაგრამ ბავშვებს, რას გამოაპარებდა...
ლაშიკოს უნდა - იურიდიულზე ჩააბაროს. ხედავს, დღეს ისეთი დროა, კანონმდებლობას განსაკუთრებული როლი აქვს სახელმწიფოებრიობის გამართულობასა და შენარჩუნებაში. რა თქმა უნდა, ისიც იცის, რომ ეს მუდამ ასე იყო, მაგრამ ახლა შეუძლია ფაქტები მოიყვანოს უახლესი ისტორიიდან, თუ, განსაკუთრებულად ბოლო ათწლეულები, როგორ ცდილობენ უხილავი, შავბნელი ძალები, სწორედ-რომ კანონმდებლობის ძალით, უფრო სწორად კი - უკანონობის დაკანონებით ისეთი ცვლილებები შეიტანონ ამ სისტემაში, რაც შხამიანი მახვილივით, პირდაპირ გულში ესობა ჩვენს სამშობლოს - საქართველოს ეროვნულ, ანუ სარწმუნოებირივ ტრადიციებს, ღირსებასა და კულტურას, რა იმ რიგი ანტიკანონების მეშვეობით ცდილობენ,  ღმერთი დაავიწყონ ქართველ ხალხს, მრავალტნაჯული, სისხლცრემლნარევი, საქართველოს წმინდანებსა და გმირ-სვეტებზე დამდგარი ისტორია გადააკეთონ, აწმყო გადაასხვაშავბნელფერონ და ასე, მთელი ერი, კიდევ უფრო უშავეს უფსკრულში გადაჩეხონ. იცის ლაშიკომ ეს ყველაფერი და ამიტომაც ერთი სული აქვს, როდის შეუდგება ამ სფეროს შესწავლას - სრულად.
ვახტანგს - მასწავლებლობა სურს. იმ მასწავლებელთა ერთობაში წადია გაერთიანება, რომლის მიზანიც - მომავალი თაობის - მართლსარწმუნოებრივ-ეროვვნულ-მორალურ-ზნეობრივ-მოქალაქეობრივ ჭეშმარიტების შესაბამისად აღზრდაა, რაც განათლების სისტემის ძირფესვიანად შეცვლას გულისხმობს.
ბექას - სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტზე სურს სწავლის გაგრძელება. იცის თვითონაც, სამშობლოს სოფლებს - საქართველოს, როგორ სჭირდება ამ კუთხით განვითარება. აპირებს, შეისწავლოს თითოეული სოფელი, გამოიკვლიოს წიაღისეული, შეადაროს წარსულს, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით დანერგოს განვითარების უმარტივესი, მომგებიანი სისტემა და მთელი სამშობლო ულამაზეს და უხმოსავლიან ბაღად აქციოს.
ზურაბს - ეკონომისტობა უნდა. სურს, კარგად შეისწავლოს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, შეადაროს წარსულს, გააშუქოს მომავლის პერსპექტივაზე და შექმნას რეალური სურათი: რამდენია სახელწმიფო ვალი, შემოსავალი, გასავალი და დაასკვნას, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ეკონომიკური სტაბილურობა სუფევდეს - სამშობლოში.
გოგის - ბანკირობა სურს. იცის, რომ ბანკი - ხალხისთვის შეიქმნა თავის დროზე და ძირფესვიანად სურს შეისწავლოს, სწორედ ეს, პირვანდელი მდგომარეობა და ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავოს ახალი სტრატეგიები, რაც მაქსიმალურად წაახალისებს და დაეხმარება, მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული კეთილდღეობის მომტან პროექტებს - ანუ მთელს მოსახლეობას.
შოთას - მენეჯმენტის სპეციალობით სურს გააგრძელოს სწავლა. აპირებს, შექმნას მენეჯემენტის ისეთი სისტემა, სადაც ადამიანს არ ერქმევა - „რესურსი“, სადაც მთავარი ღირებულება, პირველ რიგში, სწორედ - ადამიანი და ადამიანობა იქნება  და შემდეგ სხვა დანარჩენი.
ნოდარს - ჯარისკაცობა სურს. სამშობლო დაიცვას და არა, რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესები.
თინათინს - ექიმობა სურს ძალიან, კერძოდ - გინეკოლოგობა. მიზანი აქვს, შექმნას - გინეკოლოგთა ერთობა, რის მთავარი დევიზიც იქნება - „არა შვილთა მკვლელობას!“
ლელაკოსაც - სამედიცინო კუთხით სურს განვითარება, კერძოდ ფსიქოლოგიის მიმართულებით და ასევე აპირებს შექმნას - ფსიქოლოგთა ერთობა, რომელიც ეკლესიის შემდეგ, თავის მხრივ, ხელთარსებული საშუალებებით ყველა, ცოდვაზე დამოკიდებულობითა და დამონებულობით დასნეულებულ ადამიანს დაეხმარება.
ნუნუკოს - ჟურნალისტობა სურს, რეალობა რომ აჩვენოს თავის სამშობლოს, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე მოუყვეს, კეთილი ამბები არ მოაკლოს და უარყოფითი მოვლენა არ დაუმალოს, ამ უკანასკნელს კი, გამოსავლის გზები წინ წაუმძღვაროს, თანაც ეს ყოველივე ისე აღასრულოს, რომ არავინ განიკითხოს, არავინ შეურაცხყოს და არავინ დაამციროს, ანუ ღვარძლი და ბოროტება არ დათესოს და სიკეთეს ემსახუროს.
ელენიკოს რომ - „ქალთა უფლებათა დამცველი“ სურს გამოვიდეს, ეს უკვე ვიცით და ისიც დადვინახეთ, რომ მხოლოდ „ქალთა უფლებებს“ კი არა, მუცელში ერთ/მემილიარდედ წამის უკან ჩასახულ, სრულყოფილ ადამიანის უფლებებით დაწყებული, თითოეული ადამიანის უფლებას თვალის ჩინივით გაფრთხილდება და ზედმიწევნით დაიცავს, რა თქმა უნდა - მართლსარწმუნოებრივ-ეროვვნულ-მორალურ-ზნეობრივ-მოქალაქეობრივ ჭეშმარიტების შესაბამისად.
ამიტომ აეტირა, გივის მამას, კინაღამ...დაინახა, რომ ეს ბავშვები უმეტესზე ფიქრობენ, განათლების პური გამოაცხონ სამშობლოში და ამ მხრივ დამშეულთ მიაწოდონ აღსაზრდელად, რათა შემდეგ ერთად იდგნენ სამშობლოს კეთილდღეობისა და მუდმივი განვითარების სათავეებში, სადარაჯოზე და გასაქანიც კი არ მისცენ ერთ, მცირე მისხალ გარემოებასაც კი, რაც ეწინააღმდეგება - საქართველოს - მრავალსაუკუნოვან, წმინდა, ძლიერ, უძლეველ და შეურყვნელ რწმენას, ღირსებას, კულტურასა და მოსახლეობის - თავისუფლებას, რა თქმა უნდა, ესეც, ისევ და ისევ - მართლსარწმუნოებრივ-ეროვვნულ-მორალურ-ზნეობრივ-მოქალაქეობრივ ჭეშმარიტების შესაბამისად.
იმ ღამეს, გივის მამამ, სიხარულისგან იმდენი იტირა, დედამ დილით ბალიში გაწურა.
_________________________________________________________
საერთო სიკეთის კაშხალი: „მჭიდრო-ერთობო-სალბუნი“

ერთ საღამოს, როცა გივი და გივის მეგორები ჩვეულებისამებრ სეირნობდნენ და ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესი პატრიარქის შეგონებებსა და ქადაგებებზე ფიქრობდნენ, კერძოდ კი მახარობლობის შესახებ, საინტერესო რამ აღმოაჩინეს. თურმე, ბუნებაში არსებობს ისეთი რამ, რაც სტიქიის სახითაც კი არ იქნება ზიანის მომტანი... აი, მაგალითად, ეს რაღაც, რომ მოვვარდეს აზვირთებულ ტალღებად, ან კოკისპირულად ჩამოიქცეს ციდან, ან კიდევ - გრიგალად გადაუაროს მთელს ირგვლივეთს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ერთ, მცირე მისხალ უბედურებასაც კი არ მოიტანს, არავის და არაფერს დააშავებს, პირიქით, მხოლოდ სიხარულს მოაშუქებს და ბედნიერებას გააჩახჩახებს. და, რა არის ეს?
ს ი კ ე თ ე.
ამ საინტერესო აღმოჩენას, მეტად გასაოცარი იდეა მოყვა უმალვე, როცა ასეთი რამ წარმოიდგინეს:
დიიიდი კაშხალი, სადაც წყლის ნაცვლად სიკეთეა დაგუბებული და იმდენად მძლავირია ამ სიკეთით გამომუშავებული დადებითი ემოციები, რომ მთელს სამშაბლოს, თითოეულ თანამოქალაქეს სავსებით ამარაგებს და ასაზრდოებს, თანაც სულმთლად უფასოდ - ყოვლადუშურველად.
იდეა კი, ასეთია:
ერთობლივად აშენდეს სიკეთის კაშხალი: „მჭიდრო-ერთობო-სალბუნი“, სადაც, როგორც ითქვა, მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე იქნება დაგუბებული და, რომლის მეშვეობითაც მთელი სამშობლო, თითოეული თანამოქალაქე სასიკეთო, დადებითი ემოციებით მომარაგდება, თანაც არა ყოველდღიურად, ან საათობრივად, არამედ, შეძლებისდაგვარად - ყოველ წამ-წუთიერად.
იდეის განსახორციელებლად კი, ასეთი რამ მოიფიქრეს:
წინად ვნახეთ, რომ გივის თითოეულ მეგობარს თავისი სამომავლო გეგმა აქვს, კერძოდ, სწავლის გაგრძელების კუთხით და იქვე გავიგეთ, თუ, რომელ მათგანს, რა პროფესია იზიდავს. ამიტომ, გადაწყვიტეს, თითოეულმა აიღოს თავისი სამომავლო პროფესიის სეგმენტი და ამ, კონკრეტული მიმართულებით მოიძიოს, ჯერ ამავე პროფესიით დაკავებული პირები, ფირმები, საინფორმაციო ველები, ქსელები, ბლოგები, მოკლედ - ყველაფერი და შემდეგ კი ყოველი მათგანისგან, რა თქმა უნდა, სურვილის მიხედვით, მიიღონ თანხმობა, მათთან არსებული კეთილი ნაკადების - საერთო სიკეთის კაშხალში დასაგუბებლად.
მაგალითად:
გვახსოვს, რომ ლაშუკოს - იურისტობა სურს. ამიტომ, როგორც ვთქვით, აპირებს, ზოგადად, მთელს სამართლებრივ სისტემაში მოიპოვოს ყველა სიკეთე და წარმართოს კაშხალში - დასაგუბებლად.
ვახტანგი - განათლების სისტემაში გეგმავს იგივეს;
ბექა - სასოფლო-სამეურნეო სფეროში;
ზურაბი - ეკონომისტთა გარემოში;
გოგი - საბანკო სისტემაში;
შოთა - მენეჯმენტის არეალში;
ნოდარი - პატრიოტებში - ჯარის დანაყოფებბში;
თინათინი - სამედიცინო სფეროში;
ლელაკო - ფსიქოლოგთა ასოციაციაში;
ნუნუკო - მთელს მასმედიაში;
ელენიკო კი - არასამთავრობო ორგანიზაციებში.
ასევე, კარგად გაიაზრეს და დაინახეს, რომ, თუ ღმერთის წყალობით მოახერხებენ და ამ სიკეთის ნაკადების მოზიდვას შეუწყობენ ხელს, მართლაც დიდი რაოდენობა დაგუბდება - საერთო სიკეთის კაშხალში და შედეგიც მყისვე სახეზე იქნება. კიი. სიხარულისგან თვალებგრაბრწყინებულ და შუბლგანათებულ, თითოეულ თანამოქალაქის სახეზე, რაც, რა თქმა უნდა, მთლიანი სამშობლოს - საქართველოს ბრწყინვალებას უდრის - პირდაპირპროპორციულად.
ასევე, მიხვდნენ წინასწარ, რომ სიკეთის ნაკადების მოზიდვა და დაგუბება ერთია, მაგრამ, გამომუშავებულ დადებით ემოციებს, ხალხთან მიტანა, ხომ უნდა?
ამიტომ, ჩვენს, დღევანდელი ყოფის ორვე - რალურ და ვირტუალურ სივრცისთვის, ასეთი რამ მოიფიქრეს - კიდევ:
I. მთელს მიღებულ სიკეთეს დაბეჭდავენ გაზეთების სახით და სრულიად უსასყიდლოდ დაურიგებენ მთელს მოსახლეობას,
II. სოცილალურ ქსელში შექმნიან ერთ - საერთო ჯგუფს, სადაც გაზიარებული იქნება მთეეელი დაგუბებული სიკეთე, ამ ჯგუფში კი გაწევრიანდება მთელი სამშობლო, რა თქმა უნდა ისინი, რომელთაც აქვთ სოციალური ქსელის პირადი გვერდი და თითოული მათგანი იმ წამსვე გაეცნობა ყოველ ახალ სიკეთეს, ანუ გაიხარებს და გაბედნიერდება და,
III. რაც ყველაზე მთავარია - თითოული პიროვნება, რომელიც მიიღებს დადებით ემოციებს, თუნდაც რეალურად, ანდაც ვირტუალურად - გააზიარებს მას და თავადაც იქნება - მახარობელი.
უჰ, ისეთი სახეგაბადრულები დაბრუნდნენ გივი და გივის მეგობრები სახლში, ისეთი პირღიმილიანები, არცერთს დაეძინა თავის დროზე. წამოწოლილიყვნენ და, რამდენჯერაც წარმოიდგენდნენ ამ, საერთო სიკეთის კაშხალ: „მჭიდრო-ერთობო-სალბუნი“-ს, იმ წამსვე, სიხარულისგან, იისეთი ჟრუანტელი უვლიდათ თხემიდან ტერფამდე და ისე ბურგძლავდათ, რა დააძინებდათ, არცაა გასაკვირი, მჰ.
_________________________________________________________
განძი

ასე, თუ ისე ითქვა გივის მეგობრების სამომავლო პროფესიებზე, თავშივე გამომჟღავნდა მათი მისწრაფების არსი - სამშობლოს, საქართველოს გამთლიანება-გაბრწყინება და ისიც კი ვნახეთ მცირედ, როგორ აპირებენ ეწიონ ამ სანუკვარ მიზანს. თანაც, შევნიშნავდით, არაფერი თქმულა თვითონ გივის სამომავლო პროფესიაზე და შესაბამისად, არც მკვეთრად წარმოჩენილა თავისი როლი ამ, ზემოთხსენებულ სურვილის ასრულებისთვის. სჯეროდა გივის, თავის მეგობრებათან ერთად ისევე უნდა ეღვაწა, როგორც ჩვენ ვნახეთ წინა აღწერებში, მაგრამ...
ჩვენი გივის სულში, გულსა და გონებაში - მთელს არსებაში მოხდა ისეთი რამ, რისი გამოთქმაც სრულად, ვფიქრობ, შეუძლოა.
მაინც, ორიოდ სიტყვით, აი, რაც მოხდა:
ღვთის წყალობით, გივიმ მიაგნო განძს, უფრო სწორად კი - ამ განძის საცავს, რომელზე ძვირფასიც მთელს მსოფლიოში არაფერია. ესაა მხოლოდ, შრომა სჭირდება გივის, უპირველესად კი ღვთის დახმარება, ყოველწამიერად მოაცილოს მიწა ამ განძს, ბოლოს მისწვდეს და სამუდამოდ გულში ჩაიწრთოს. არ გვეგონოს, თუ ეს მოხდება, გივის წუწკობასა და ხელმომჭირნეობაში ჩამოერთმევა, არა. პირიქით, ეს ის განძია, რომელსაც ზუსტად ასეთი მოპყრობა სჭირდება, რათა ირგვლივმყოფ უამრავ ადამიანის გამდიდრება გახდეს შესაძლებელი.
მივხვდებოდით. ეს განძი - მიწიერი არ არის - ზეციურია - სულიერია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები