ნაწარმოებები



ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2019


გრძნობების უქმე

როგორც ყოველთვის, ხუნდება ფოტო,
წყდება ფოთოლი, ძველდება სახლი.
სანამდე შენში ზამთარი მოთოვს,
მანამდე დარდი, ჰო, ალბათ არ ღირს...
ინახავს ხსოვნა ბავშვობის ფერებს,
ხალისის სურნელს, უტკბილეს გემოს.
ჰო, ამას მივხვდი დიდი ხნის მერე,
წამლად რომ გიხმე, ბავშვობავ ჩემო!
გამიუხეშდა ხმაც, თმაც და მზერაც,
სინაზე ძველი თოვლივით დადნა...
რა ძუ მგელივით მომდევს და მზვერავს
სიბერე, უკვე მომდგარი კართან...
ლამის ათასჯერ ნათქვამს თუ ნაფიქრს
მიმეორებენ განვლილი წლები.
ჰო, ნაკერია სულ თეთრი ძაფით,
ჩემს იმედს მაინც წელამდე ვწვდები...
ვზივარ და განცდებს ფილმივით ვუცქერ,
ეს უკვე იყო დიდი ხნის წინათ...
გრძნობებსაც თურმე ჰქონიათ უქმე,
აღარ ღელავენ, უბრალოდ, სძინავთ...
05.09.19

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები