ნაწარმოებები



ავტორი: ქეით გრინი
ჟანრი: პროზა
7 სექტემბერი, 2019


გეტა (ნაწილი VI)

***
თეთრად შეღებილ ოთახში საწოლზე წამომჯდარიყო, ფეხები მუხლებში მოეკეცა, ნიკაპით ერთ-ერთი მუხლის თავს დაჰყრდნობოდა და უაზრო თვალებით კარს მისჩერებოდა. არაფერს გრძნობდა, ყველაფერი ერთად დაბლოკილიყო მის გონებაში და აზრი დაეკარგა მათ არსებობას. ოთახში დაბალი სიმაღლის, დამრგვალებულმა, შუახნის ექთანმა შემოჰყო თავი, მიესალმა და წამლის მიღების დრო შეახსენა. პაციენტმა ხელი გაუწოდა და მორჩილად მიიღო, სიტყვაც არ უთქვამს.
-აბა, აქ უნდა ვიცხოვრო?-მოულოდნელად, ექიმთან ერთად ოთახში თამამად შეაბიჯა ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც სახეზე მხიარული ღიმილი დასთამაშებდა.
გეტამ ახლადშესულს შეხედა და მისგან შეტანილი აურა იმდენად მოეწონა, ოდნავ ღიმილი გაუკრთა.
-ეკა, იმედი მაქვს, ბევრს არ იცუღლუტებ და შენს მეწყვილეს თავს არ მოაბეზრებ,- გამაფრთხილებელი ტონით გადაულაპარაკა ექიმმა.
-რა თქმა უნდა, - თავის ქნევით დაუდასტურა ქალმა.
-ამას შეხედე როგორი „როჟაა“,-გაკრეჭილი სახით გაუწოდა ხელი ჩამოსართმევად გეტას.
-მაშ, ეკა გქვია?- ხელი ჩამოართვა აბალაკმა.
-ტერო, მეგობარო, ყველა ასე მომმართავს.
-აბა, ექიმმა ეკა რატომ ახსენა?
-ეგ სახელი მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებში მიწერია.
-კარგი, მეც ტეროს დაგიძახებ.
-შენ რა გქვია?
-ეს გეტა აბალაკია. იმედი მაქვს, გაგონილი გექნება მასზე,- შეუბრუნდა ექიმი.
ქალმა ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა და თავი გაიქნია:
-აზრზე არა ვარ ვინ არის.
-მაგისთვის დიდი დრო გაქვს, რომ გაიცნო.
-ჰო,- შუბლი მოისრისა ტერომ.
-აბა, მე და ჩემი ექთანი დაგტოვებთ მაშინ. დროებით.
-დროებით,-დაემშვიდობა ტერო, სპორტული ჩანთა საწოლთან მიაგდო და თავად ფეხსაცმლიანი ფეხებით საწოლზე წამოგორდა.
-ისე თამამად იქცევი, გატყობ, აქ პირველად არ უნდა იყო,- საუბარი წამოიწყო აბალაკმა.
-ვაუ, თქვენ გეკუთვნით ხილის სათქვეფი ბლენდერი და კიდევ, დამატებით უთო,-საჩვენებელი თითი დაუმიზნა და შოუს წამყვანივით გამოაცხადა.
-უკვე გატყობ, რა ჩიტიც ბრძანდები.
-აი, მე კი იმედს ვიტოვებ, ძალიან მოსაწყენი ტიპი არ იქნები. ვერ ვიტან მძინარა და უსიცოცხლო ადამიანებს.
-ჰო, რა ვიცი,-უხერხულად ჩაეცინა გეტას.
-ექიმმა თქვა, უნდა გიცნობდე და რას წარმოადგენ?- ხელები თავის ქვეშ ამოიდო და გადაჯვარედინებული ფეხის ტერფი აათამაშა.
-მდა! -მძიმედ ამოისუნთქა აბალაკმა, -კითხვა გიყვარს?
-გააჩნია.
-ვერ გავიგე.
-ჟანრს გააჩნია. სათავგადასავლო, იუმორით დაწერილი რომანები მიყვარს, დეტექტიურ ჟანრსაც არაუშავს. აი, ფანტასტიკა-მანტასტიკა და მსგავსი ტიპის მაიმუნობები არ მევასება.
-მე მწერალი ვარ.
-მართლა, ტო? ვაა, რა მაგარია. დაწერე რა ჩემზე, თავგადასავლებს არ მოგაკლებ.
გეტას გაეღიმა.
-შენ გგონია, გატყუებ? გინდა ახლა ისეთი რაღაც ჩავიდინო, მთელი საავადმყოფო ავაწრიალო?
-გადაირიე?
-არ გჯერა?-საწოლიდან წამოდგა და ეშმაკური თვალები მიანათა მეწყვილეს.
-მჯერა, დაწყნარდი,-მშვიდად უპასუხა გეტამ.
- გამიგია, მწერლები, მხატვრები და მუსიკოსები ცოტა „სტრანნი“ ხალხი არიანო. საინტერესოა, შენ როგორი ხარ.
-რას გულისხმობ უცნაურობაში? თუ მხოლოდ იმას, რომ სამყაროს სხვანაირი თვალით ვუყურებთ, მაშინ ჰო, სხვა შემთხვევაში ჩვენც თქვენნაირად გვშია, გვწყურია, გვძინავს და ა.შ.
-და როგორი თვალით უყურებთ სამყაროს?
-სიღრმისეულად.
-მაინც?
-ადამიანთა უმეტესობა ზოგჯერ ცხოვრებისეულ სიღრმეებს ვერ სწვდება და რაც ზედაპირზეა, მხოლოდ მას ამჩნევს და განიხილავს. აი, მწერლები და  სხვადასხვა დარგის ხელოვანები კი სულ სხვანი ვართ. ჩვენ მენტალობის, ზნეობის და მორალური ჩარჩოების თავდახურული ყუთიდან ამოვდივართ და მის გარეთ სხვანაირ აზროვნებას ვიწყებთ. სხვებს ეს გიჟობა ჰგონიათ, სინამდვილეში, თავისუფლების და სამყაროს რაობის შემეცნებისთვის ყველაფერზე წამსვლელი და აზროვნების სხვა შრეებში გაჭრილი ხალხი ვართ, რომლებიც სხვანაირად გრძნობენ ქარს, ბალახის და ფოთლის რხევას, წვიმას, თოვას, ყვავილებთან შეხებას, სიყვარულს, სიძულვილს და ყველა დანარჩენს. ვიღაცას ჭექა-ქუხილი უბრალო, ბუნებრივი მოვლენა ჰგონია, ჩვენ მას ღვთის რისხვად მოვიხსენიებთ, ვიღაცას ცრემლი ტირილის დროს გადმოდინებული მლაშე სითხე ჰგონია, ჩვენთვის კი სულში ჩაჭედილი ტკივილის გარეთ გამოტანაა, ვიღაც შემოდგომას სეზონურ ცვლილებას და ფოთოლცვენას უკავშირებს, ჩვენ წითელი და ყვითელი ფერების ტანგოდ აღვიქვამთ, ვიღაცისთვის სიძულვილი შურისძიება, გაკიცხვა, გაქილიკება, გულისტკენა და ბოღმის ნთხევაა, ჩვენთვის ეშმაკთან ხელშეკრულების გაფორმების ტოლფასია. ვიღაცისთვის სიყვარული პარტნიორთან ვნებების და ლტოლვის დაცხრომაა, ჩვენთვის მთელი ხელოვნება, ფილოსოფია, აღტაცება, დაცემა, სიგიჟე, მონობა, ბრძენობა და მთელი რიგი ემოციების ესტაკადაა, რომელიც ყველა ჯადოს ამარცხებს. და თუ ასეთი აზროვნება სიგიჟეა, დაე, ვიყო გიჟი, მომწონს ასეთი მდგომარეობა.
ტერომ სერიოზული სახე მიიღო, თითქოს მის სიტყვებს აზრობრივად მიჰყვებოდა, მაგრამ ბოლოს მიხვდა, რომ გონებას ძალიან გადაიღლიდა და შეეშვა. მოკლე თმებში თითები შეიყო და წვალება დაუწყო:
-აუ, შენ რა გაგიძლებს, ტო? უცხოპლანეტელივით ლაპარაკობ.
-აი, ხომ ხედავ? მეტს აღარ გავაგრძელებ,- გაეღიმა გეტას.
-ადამიანებს როგორ აღიქვამ?
-ფერებში. ყველას თავის აურა დაჰკრავს.
-მე როგორი ვარ?
-შენ ორ ფერში გხედავ. გარეგნულად შავი ხარ, ინიღბები, რომ ახლოს არავინ მიუშვა, შინაგანად კი იისფერი ხარ. იისფერი თბილი ადამიანების ფერია.
-აურა როგორი მაქვს?
-ერთი შეხედვით აუტანელს ჰგავხარ. თითქოს მხიარულიც ხარ, მაგრამ რამდენადაც თავს ასეთად გვაჩვენებ, იმდენად სევდიანი შინაგანი სამყარო გაქვს.
-ასე მგონია, გრძნეული ხარ. მოდი სხვა რამეზე ვიბაზროთ.
-რაზე გინდა?
-ფეხბურთი გევასება?
-არა.
-კალათბურთი?
-სპორტზე დიდი არაფერი გამეგება.
-აბა, თმის ვარცხნილობაზე, ფრჩხილების მოვლაზე და მოდის მამებზე და დედებზე საუბარი ჩემი ინტერესის სფერო არასოდეს ყოფილა და არც იქნება.
-შენნაირ ადამიანთან არასოდეს მქონია ურთიერთობა.
-იგივე შემიძლია ვთქვა შენზე, უცხოპლანეტელო.
-ესე იგი, რაღაც დროის მანძილზე ერთად არ მოვიწყენთ.
-არა მგონია.
-სიგარეტს ეწევი?
-კი.
-წამოდი, მოსაწევ ოთახში გავიდეთ,-მარდად წამოხტა ტერო.
-რა პრობლემაა? -აჰყვა მეწყვილეც.
მოსაწევ ოთახში სამი მამაკაცი და ორი ქალი იდგა. ერთ-ერთმა ქალმა გეტას ყურადღება ოქროსფერი, ბრჭყვიალა, გრძელი კაბით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მიიქცია. სიგარეტის ღერი ორ თითს შორის მოექცია და არისტოკრატული მანერით ეწეოდა.
-ძმებს გაუმარჯოს, -ტერომ თამამად ჩამოუარა და ყველა მამაკაცს ხელი ჩამოართვა. ქალები ჯერ საინტერესო მზერით შეათვალიერა და შემდეგ თბილად გაუღიმა: -თქვენც გაგიმარჯოთ.
-სადმე მიდიხართ?- არც აცია და არც აცხელა, მაშინვე ჰკითხა საგანგებოდ შემოსილ პაციენტს აბალაკმა.
-თქვენ მე არ მიცნობთ?- გაიკვირვა ქალმა.
-უნდა გიცნობდეთ?
-მე მარიტა დიდებულიძე, მეცო-სოპრანო გახლავართ. ახლა მოვწევ და მერე უნდა გავიქცე, ამ საღამოს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე  გენერალური რეპეტიცია გვაქვს, ვერდის „ტრუბადურში“ აზუჩენას როლში გამოვდივარ.
-რას მეუბნები?
-თუ გინდა, შენც წამოდი.
-არა, მე არავინ გამომიშვებს.
-სიგარეტი ხმას არ გაგიფუჭებს?-საუბარში ჩაერთო ტერო.
-ჩემი ხმის ტემბრს დღეში ერთი ღერი სიგარეტი არაფერს დააკლებს.
-ვხედავ, არტისტული მონაცემებიც გქონია. თავი ისე გიჭირავს, ასე მგონია, უკვე ოპერაში ვართ.
-ტერო!-თვალები დაუჭყიტა გეტამ, ანიშნა, გაჩუმდიო.
-ჩემი არტისტული მონაცემები დღემდე არავის ტოვებს გულგრილს,-სიამაყით აგრძელებდა ქალი.
-ოპერაში შევხვდებით, ქალბატონო მარიტა,- სიგარეტი საფერფლეში ჩააქრო და კვამლით გაბუღულ ოთახში გასასვლელისკენ გაიკვლია გზა.
-სად მიდიხარ?-მიაძახა გეტამ.
-საღამოს წარმოდგენისთვის ყვავილებს ვიყიდი და დავბრუნდები.
-რაო?
-რაც გაიგე, სპეციალურად ქალბატონი მეცო-სოპრანოსთვის,-ენა გამოყო და ეშმაკური ღიმილით გადახედა.
-არანორმალური,-ჩაილაპარაკა გეტამ და უკან გაჰყვა.
ცოტა ხანში მთელი დერეფანი მარიტა დიდებულიძის შესრულებულ არიებს მიჰქონდა. აქეთ-იქიდან კი არ ცხრებოდა პაციენტების შეძახილები:
-ამოგიწყდა ხმა.
-ნუ წაიღე ტვინი.
-აუ, ამას რა გააჩუმებს?
-ჩუსტი მაინც ესროლოს ვინმემ.
ზოგიერთი მათგანი მშვენივრად ხალისობდა, ტაშსაც უკრავდა და ისტერიულად დასცინოდა. ფსიქიატრიული საავადმყოფო კიდევ უფრო ემსგავსებოდა შეშლილთა კუნძულს.
-ღმერთო, აქ რა გაძლებს?- გეტა ცდილობდა, დიდებულიძის ხმას როგორმე სხვა ხერხებით გაჰქცეოდა, თუმცა გამაყრუებელი ბგერები ტვინში გამყინავად აღწევდნენ და მთელ გარსს მის მარწუხებში იმწყვევდნენ.
ტერო ოთახის ღია კართან იდგა, უსტვენდა და ბრავოს შეძახილებით აქეზებდა.
-კარგი რა, შენ მაინც შეეშვი,-ხელები გაუშალა მობეზრებულმა მეწყვილეს.
-მოიცა, უფასო კონცერტია.
ამასობაში, ერთ-ერთი მამაკაცი პაციენტი წამოდგა, დერეფნის მცენარეს ტოტი მოსტეხა, სასწრაფოდ ფოთლები შემოაცალა, წელში გაიმართა და დირიჟორივით ჰაერში აღმა-დაღმა დაუწყო ტრიალი.
-აუ, ჩემი კაი, ამას შეხედე რას შვრება, - კისკისებდა ტერო.
-რა ხდება?-ფეხზე წამოდგა გეტა და დერეფანში გაიხედა.
ყველა სიცილით იხოცებოდა.
-ცირკია, თუ საავადმყოფო?-აღმოხდა გეტას და უკან დაბრუნდა.
თანამშრომლებმა უცბად ატეხილი ხორხოცი დიდი ძალისხმევით ჩაახშეს და ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდა. ტეროს სიცილისგან მუცელი ხელით ეჭირა:
-კარგი იყო!- აღნიშნა და საწოლზე თავისებურად გაიშხლართა.
გეტას ტეროსთვის აღარ ეცალა, ცარიელ ფურცლებს დაჰყურებდა, არეულ გონებაში აზრებს თავს უყრიდა და ნაწარმოების გაწყვეტილ ადგილს იხსენებდა:

თავი 8
„ჯინო ფერედაისიდან“ ხალხის მხიარული ხმები ახლო მდებარე ტერიტორიებზეც ვრცელდებოდა. თეკლა აკვაპარკის შესასვლელთან იდგა და ლუკას ელოდებოდა:
-წამოდი რა, სპა პროცედურებზე გველოდებიან,- ეხვეწებოდა კუსა.
-ათი წუთიც და შემოვალ.
-მომსვლელი აქამდე მოვიდოდა,-გამწყრალი სახე მიიღო იუბილარმა.
-კარგი, შენ მაინც ნუ მიმატებ.
-რაო, თეკუშ, აგვიანდება შენ შეყვარებულს?
-ვურეკავ და არ მპასუხობს, შეიძლება თათბირზეა.
-არ მოიწყინო. დღეს თუ არა, ხვალ გავიცნობთ,-ანუგეშა გიგიმ.
-ასეთი რამ არასოდეს სჩვევია. ყოველთვის მაფრთხილებს ხოლმე.
წინადადება არ ჰქონდა დამთავრებული, რომ შეტყობინება მიიღო:
-„საყვარელო, ბოდიშს გიხდი, სამსახურში ისეთი ამბებია, ვეღარ გამოვაღწიე. ჩემს გარეშე გაერთე. შენს მეგობრებთან მერიდება, მაგრამ ასე გამოვიდა.“
-„კარგი, რა გაეწყობა“- უცებ აკრიფა საპასუხო ტექსტი, მობილური ჯიბეში ჩაიბრუნა და დაღონებული სახით შეუერთდა მეგობრებს.
-რაო, არ მოვა?- იკითხა სოფომ.
-სამსახურში დაუგეგმავი საქმე გამოუჩნდა და ვეღარ მოვა,-კუდი მოსწმინდა თეკლამ.
-არაუშავს, სხვა დროს გავიცნობთ,-გაუღიმა კუსამ,- ახლა სპა პროცედურებზე შევიდეთ, ბიჭები კი ცოტა ხნით აქ დავტოვოთ.
-საშიში არ არის ამ ბიჭების სხვებისთვის შეტოვება?- მრავლისმეტყველი სახით გადახედა მეგობრებს სოფომ.
-ძალით გინდა, რაღაც მაფიქრებინო?-გაეცინა კუსას.
-აუ, ეს და თავის ეჭვიანობა,-საუბარში ჩაერთო გაცხარებული ნიკა.
-სიფრთხილეს თავი არ სტკივა,-ტუჩები მოპრუწა სოფომ.
-შენ თუ თავდაჯერება დაკარგე, მე და გიგის ნუ გვაყენებ შეურაცხყოფას,- დასცინა კუსამ.
-ნამუსზე მაგდებ?-ჩაეცინა სოფოს.
-წამო, წამო. არავინ წაგართმევს შენ ნიკას,- შეაგულიანა თეკლამაც.
-მალე გამოდით,-გასძახეს შეზლონგებზე გართხმულმა ბიჭებმა.
გოგონები სპა ცენტრისკენ დაიძრნენ და მასაჟის კაბინეტებში განაწილდნენ. ნახევარსაათიანი მასაჟის შემდეგ სახეზე მწვანე თიხის ნიღბები წაუსვეს. მოულოდნელად, სოფოს სიცილი აუტყდა.
-რა გაცინებს? არ შეიძლება,-შენიშვნა მისცა კუსამ.
-შრეკის ცოლს არ დაგვამსგავსეს?
-აუ, საიდან რას მოთხრის ხოლმე,-ახარხარდა თეკლა, -არ მეგონა, თუ დღეს რამეზე გამეცინებოდა.
-გატყდა ნიღაბი,- შენიშვნა მისცა რუსულ-ქართული აქცენტით მოსაუბრე თანამშრომელმა.
-რაო? ნიღაბი გატყდაო?-გაკვირვებულმა გაიმეორა კუსამ.
გოგოებმა ისევ ვეღარ შეიკავეს სიცილი და უფრო მეტად ახარხარდნენ.
-ჩვენი ნიღაბი არსად გაიშვა. რაც შემაშრა, დასკდა და ნაწილ-ნაწილ იშლება,- ამბობდა სოფო.
-ნეტავ, რატომ არ მიკვირს? -სიცილისგან წამოსულ ცრემლებს იწმინდავდა თეკლა.
-ჰო, კარგი, აზრი აღარ აქვს, ჩამოვიბანოთ და გარეთ გავიდეთ. აბა, ერთად რომ დაგვსხეს, რა ეგონათ?- წამოდგა კუსა.
რამდენიმე წუთში გოგოები ბიჭებს მიადგნენ. გამაგრილებელი სასმელი გვერდზე მოედგათ და მზის გულზე ნებივრობდნენ.
-აბა, როგორ ხართ? უჩვენოდ ხომ არ მოიწყინეთ? -გვერდზე მიუწვნენ გოგოები.
-ვაჰ, ასე მალე გამოხვედით? ჯერ არ გელოდებოდით,-სათვალიდან გამოიჭყიტა გიგიმ.
-იმას რა სჭირს?- თვალით ანიშნა სოფომ ნიკაზე.
-ჩაეძინა.
-ხომ არ მოიწყინე?-კოცნით გააღვიძა შეყვარებული გოგონამ.
-მოგეწონათ სპა პროცედურები?-იკითხა გიგიმ.
-კი, არაუშავდა,- თავი დაუქნია კუსამ.
-თეკლა, თქვი რამე, რატომ გაჩუმდი?
-რა ვთქვა, გიგი?  -სევდიანად გაუღიმა გოგონამ.
-ოჰ, კარგი ახლა, ნუ ჩაიბოღმები.
-არა, სულაც არ ვიბოღმები. უბრალოდ ველოდებოდი, რომ მოვიდოდა.
-სხვა დროს გაგვაცანი, არაა პრობლემა,-მხარზე ხელი დაარტყა ნიკამ.
თეკლას აღარაფერი უთქვამს, აუზში ცოტა ხნით შევიდა, მალევე მოიბეზრა და ამოვიდა. შეზლონგზე გაწვა და ტელეფონში თამაშებს შეჰყვა. აღარც მეგობრების მხიარული შეძახილები ართობდა და აღარც ხუმრობები. აფორიაქებული იყო და ერთი სული ჰქონდა, დაშლილიყვნენ. ბარში აღარ გაჰყოლია, მოიმიზეზა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და უხალისოდ დაემშვიდობა ყველას.
დილით ლუკას ზარმა გააღვიძა. თვალების სრესვით და მთქნარებით წავიდა სადღაც მიგდებული მობილურისკენ და სანამ იპოვა, მანამდე ტელეფონიც გაჩერდა:
- ოხ, მოიცალა ბიჭმა. ახლა მე აღარ მცალია, იყავი და მელოდე,-ჯერ კიდევ მძინარე ხმით ამოიბურტყუნა, ტელეფონი საწოლთან ახლოს, ძირს დააგდო და ძილის შექცევა სცადა.
ცოტა ხანში, შეტყობინება მიიღო. მაშინვე წამოფრინდა, აინტერესებდა ვინ მისწერა, მაგრამ ხელთ მხოლოდ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიიდან მიღებული სარეკლამო ხასიათის ტექსტი შერჩა. ერთი ნერვიულად ამოიქშინა და თავი ბალიშის ქვეშ დამალა.
რამდენიმე წუთში ისევ გაისმა ტელეფონის წკარუნი:
-აუ, ამათ ხომ შეგნება არა აქვთ! ტვინს წაიღებენ ახლა თავიანთი მაცივრებით, თმის ფენებით და უაზრო აქციებით!- ისევ დახედა ეკრანს, მაგრამ ლუკას მიწერილი რომ დაინახა, სიტყვები პირზე შეახმა.
სთხოვდა, როცა მოიცლი, შემეხმიანეო, მაგრამ თეკლას შეტყობინება არც გაუხსნია, რაც ეკრანზე გამოჩნდა, მხოლოდ მას გადაავლო თვალი და კმაყოფილმა მიაძახა:
-საღამომდე მოგიწევს პასუხის ლოდინი. რატომღაც არ მცალია, ჩემო ლუკიტო, ძალიან დაკავებული გოგო ვარ.
საწოლიდან ბედნიერი გამომეტყველებით წამოდგა. სწრაფად გადაიცვა ჭრელი სარაფანი და პურის საყიდლად მაღაზიაში დაეშვა. გზად ახლად შემოსული სიმინდის ტაროებიც იყიდა და სახლში ასული ენერგიულად შეუდგა ფოჩებისგან და მწვანე გარსისგან მათ გათავისუფლებას.
-რა დღეში ხარ?- თავზე დაადგა ახლად გაღვიძებული ანდრო.
-სიმინდი დავინახე და ძალიან მომინდა.
-მსუნაგი,-ჩუმად ჩაილაპარაკა ბიძაშვილმა.
-სოფელში ნაკვერჩხალზე რომ ვწვავდით ხოლმე. იფ, რა გემრიელი იყო,-ნერწყვი მოადგა თეკლას.
-მოგენატრა?
-ძალიან.
-გინდა, გარეთ პატარა ცეცხლი დავანთო და უცებ შეგიწვა?
-არა, გააფრინე? ეგრევე გამოენთება მაგული: -რას აკეთებთ? ასე როგორ შეიძლება? ხანძარი გინდათ, გააჩინოთ? ვინც თქვენ ეს ბინა მოგაქირავათ...- ხმა დაიწვრილა და სასაცილოდ გააჯავრა მეზობელს.
-დღეს ვერ გცნობ, ნამეტანი კარგ ხასიათზე ხარ.
-ჰო?
-ჰო.
-რას მივაწერო?
-არაფერს,-მხრები აიჩეჩა გოგონამ.
-ესე იგი, არ გინდა, რომ შევწვა? კარგად დაფიქრდი.
-არა, არა. იმ ალქაჯი ქალის თავი არ მაქვს. ყველაფერზე კომენტარს აკეთებს.
-მოხარშე მაშინ, არც ეგრეა ცუდი. მეც კი მომინდა.
-გახსოვს, მე და შენ ჯამასპაანთ გოგიას ბაღში რომ გადავიპარეთ და სიმინდის ტაროები და ატამი მოვპარეთ?
-საიდან გაგახსენდა?
-რა ვიცი,-აკისკისდა თეკლა.
-ჰო, მაგას რა დამავიწყებს? მისმა კოჭლმა ცოლმა რომ წკეპლა მირტყა. რა ერქვა?
-რაღაც უცნაური სახელი ერქვა, მოიცა,-საჩვენებელი თითი მიიდო საფეთქელზე და ჩაფიქრდა.
-რა დაუნდობელი ქალი იყო. ამიჭრელა გვერდები,-როხროხებდა ანდრო.
-ქსენია ერქვა,-უცბად გაიხსენა თეკლამ.
-ძლივს გავექეცი, უეჭველი შინდის ტოტი ეჭირა. ახლაც მახსოვს იმის სიმწარე, რომ მოიქნევდა, ჰაერში შხუილებდა.
ვიდრე ბიძაშვილები ბავშვობას იხსენებდნენ, ლუკამ კიდევ ერთხელ დაურეკა თეკლას. ანდრომ ტელეფონს დახედა და სახეშეცვლილმა მიაწოდა:
-ის ვაჟბატონია.
-არ მცალია, მერე დავურეკავ,-მიუგო გოგონამ და შუაზე გატეხილი ტაროები ქვაბში მოათავსა.
-არ გეშვება, არა?- გაბრაზდა ანდრო.
-მერე შენ რა?
ანდროს ენა ჩაუვარდა, მხოლოდ მისგან მომავალი, გახშირებული სუნთქვის ხმა ისმოდა.
-მერე შენ რა?-ეროტიული ხმით იგივე გაუმეორა და თავიდან ბოლომდე გამომწვევად შეათვალიერა.
ბიჭი დაიბნა და სახეზე აწითლდა. ცოტა ეუხერხულა. თეკლამ სახე ახლოს მიუტანა და მზერა ტუჩებზე შეაჩერა. ბიძაშვილისგან წამოსული თბილი სუნთქვა მწველად ელამუნებოდა კანზე და სისხლს თანდათან უჩქროლებდა. ვეღარ გაუძლო მის სექსუალურ ენერგიას და ვიდრე რამე შეეშლებოდა, სიტყვის გარეშე გაერიდა. გოგონას ეშმაკურად გაეღიმა და თვალი გააყოლა. ურთიერთობაში უპირატესობა იგრძნო და მოეწონა.
სახლში მარტოდ დარჩენილმა გულის გადასაყოლებელი რომ ვერაფერი ნახა, აივანზე სკამი გაიტანა და ჩამოჯდა. ქუჩაში სიცხისაგან მისავათებულ გამვლელებს ადევნებდა თვალს და თან დრო რომ მოეკლა, თეთრ ზედატანს ბისერებით აწყობდა. ასეთი ჰობი ჰქონდა. ბავშვობიდან უყვარდა ტანსაცმლის დამოკლება, დაგრძელება და სხვადასხვა სახის დეკორაციებით მორთვა და გალამაზება. სწორედ ამ ნიჭის წყალობით, მუდამ საუცხოოდ გამოიყურებოდა. თავისებური ჩაცმის სტილი ჰქონდა და შეუძლებელი იყო, მისი მომხიბვლელობა და ეფექტურობა ვინმეს ყურადღების მიღმა დარჩენილიყო. არც ფიზიკური მონაცემები დაეწუნებოდა. მხრებამდე ჩამოყრილი, ქერა, ხვეული თმა, თეთრი ფერის კანი, მომაჯადოებლად მწვანე თვალები, სწორი, საშუალო ზომის ცხვირი და სქელი ტუჩები უმშვენებდნენ სახის მოყვანილობას. სავსე მკერდი, ვიწრო წელი, მომრგვალებული თეძოები და მაღალი, თხელი ფეხები კი საკმაოდ სექსუალურ იერს სძენდნენ მის ტანს.
საკუთარი სამოსის დიზაინერობით გართული, დროდადრო მობილურისკენ აპარებდა თავს, ამოწმებდა, ლუკამ ხომ არაფერი მომწერაო. რომც მიეწერა, ზუსტად იცოდა, მაშინვე არ უპასუხებდა, თუმცა მაინც ელოდებოდა. თავის ჭკუაში სჯიდა, რომ წინა დღეს მისთვის ვერ მოიცალა. ყველაზე მეტად კი იმაზე მწარდებოდა, საყვედურის თქმის უფლებაც რომ არ ჰქონდა. შეყვარებულის სამსახურში წარმოქმნილი პრობლემა საკმაოდ მნიშვნელოვან ალიბად ითვლებოდა, თუმცა ქალური ეჭვების გამო, საკუთარი ვარაუდებიც აწვალებდნენ, რომლებიც გულში ხინჯად ჰქონდა და არ ასვენებდნენ.
დრო მიიზლაზნებოდა. დღემ უაზროდ განვლო და ნერვები ეშლებოდა. შებინდებისას ლუკას მანქანა თეკლას საცხოვრებელ კორპუსთან გაჩერდა:
-„ჩამოხვალ, თუ ძალით ჩამოგიყვანო?“ -მხოლოდ ეს მისწერა და გაბრაზებული დაელოდა პასუხს.
როგორც კი შეტყობინება მიიღო, მაშინვე დასწვდა ტელეფონს და პასუხი არ დაუყოვნა:
-„სად უნდა ჩამოვიდე?“
-„ქვემოთ ვდგავარ და გელოდები.“
გოგონამ სასწრაფოდ მოიწესრიგა თავი და კიბეები კინწისკვრით ჩაირბინა, თუმცა სადარბაზოდან გასვლისას კვლავ დინჯი სახე მიიღო და აუჩქარებლად წავიდა შეყვარებულისკენ.
დვალმა მანქანის ფანჯარა ჩამოსწია და ისე, რომ წინა საქარე მინისთვის თვალი არ მოუშორებია, მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა:
-ჩაჯექი!
თეკლამ უხმოდ გამოაღო მანქანის კარი და ჩაჯდა:
-გისმენთ, რამ შეგაწუხათ?
-რას ნიშნავს ეს გამოხტომები?
-ვერ მიგიხვდი, რას გულისხმობ?
-თავს იშტერებ, თუ მე მასულელებ?
-არც ერთი და არც მეორე.
-აბა, რაშია საქმე?
-რამ გაგაცოფა? მოდი ჯერ ნერვები დაიწყნარე და მერე ვილაპარაკოთ, კარგი?- მშვიდი ტონით მიუგო თეკლამ.
-თეკლა!- იყვირა ლუკამ.
-რაო?
-მთელი დღეა, გწერ და გირეკავ. რატომ არ მპასუხობ?
-დილიდან გასული ვარ. მობილური სახლში დამრჩა.
-სად იყავი?
-კუსასთან.
-რა გინდოდა მასთან?
-რა უნდათ ხოლმე მეგობრებთან, ლუკა? გუშინ ბარში დავლიეთ და დღეს ცუდად იყო.
-ყოჩაღ! კარგად ერთობი, სულ არ იმჩნევ უჩემობას.
-წამოსულიყავი შენც, არავინ გიშლიდა.
-იცი მიზეზი რატომაც ვერ მოვახერხე.
-ჰო, აბა, რა. სამსახურს არ ეღალატება.
-რა ნათქვამია ახლა ეს?
-მგონი შარზე ხარ.
-მე თუ შენ?
-შენ.
-ჯანდაბა! აღარ მოეშვები „იაზვა“ ლაპარაკს?
-რა გონორზე ხარ? გინდა საერთოდ ავდგე და გადავიდე?-კარები გააღო თეკლამ.
-დაკეტე კარები!
გოგონა არ უსმენდა.
-კარები დაკეტე-მეთქი!
-კაი ერთი,-სიცილით შეუბრუნდა თეკლა.
-რა გაცინებს?
-როდიდან გახდი ასეთი მბრძანებელი? მოხდა რამე?
-მოხდა.
კარები დაკეტა და ცნობისმოყვარე სახე მიიღო:
-გისმენ.
-ჩემ სახლში წამოხვალ და იქ მომისმენ.
-რა?- გოგონა მოულოდნლობისგან ადგილზე გაშეშდა.
-რაც გაიგე.
-იქ ვინ დაგვხვდება?
-არავინ, მარტო ვცხოვრობ.
-უფ!-შვებით ამოისუნთქა და გრძელი თითებით ჰაერი დაინიავა.
ლუკას აღარაფერი უთქვამს, მანქანა დაქოქა და ჩქარი სისწრაფით მოსწყვიტა იქაურობას. ცოტა ხანში ისანში, ახალაშენებულ კორპუსში, კოხტად მოწყობილ, ოროთახიან ბინაში აღმოჩნდნენ.
-მშვენიერი ბინა გქონია,- აღნიშნა თეკლამ და დაუკითხავად კონდიციონერი ჩართო.
-მადლობა. დალევ რამეს?
-არა. აქ რისთვის მომიყვანე?
-მოდუნდი და დაძაბულ საუბარს შეეშვი.
-აჰა, კიდევ რას მიბრძანებთ?
-კიდევ იმას, რომ ამ საღამოს ის გამოვასწოროთ, რაც გუშინ მოხდა.
თეკლა წინ ჩამოუდგა, გრძელი თმა უსწორმასწოროდ აიწია, ჭაობისფერი თვალები შეანათა, ტუჩები სექსუალურად ენით გაისველა და დაბალი ხმით ჰკითხა:
-და რა მოხდა გუშინ?
ლუკამ ახლადშეკრული თმა ისევ ჩამოუშალა, ხელში აიტაცა და საძინებლისკენ გააქანა:
-მაგაზე მერე ვილაპარაკოთ,-საწოლზე დააწვინა და ბაგეებზე ვნებიანად დააცხრა.
ქალს მამაკაცის ალერსისგან მოგვრილმა სიამოვნებამ ტვინიდან მთელ სხეულში  იმპულსებად დაუარა და ყრუდ ამოიკვნესა.
-ძალიან აღმაგზნებ!-აღმოხდა დვალს და თეკლა წამებში გააშიშვლა.
პირველად აღმოჩნდა დედიშობილა მამაკაცთან. ოდნავ დაიმორცხვა, თუმცა პარტნიორის მგზნებარე სურვილმა იმდენად მოიცვა, მალევე გათამამდა და ყოველგვარი თავშეკავების გარეშე აჰყვა.

გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები