ნაწარმოებები



ავტორი: მელ.ზ.
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2019


. . . . .

გაწვიმისფერდა..
ჩადგება სულში შემოდგომა.
დაგვიზამთრდება.
ნახე, ფოთლები ნება-ნება როგორ ცვივიან.
არა, დარდები, ტკივილები არ ითარგმნება,
ვერც შემოდგომას ვერ გითარგმნი,
თეთრო ვივიენ.

ამინდი ისე ზღვისფერია.
მშვიდი..
მოწყენის..
ქარი სეირნობს და უსწორებს ქოხებს კრამიტებს.
ყოველ საღამოს თბილი წვიმის სოლო იწყება,
მისი მინორი მოურჩენელ დარდებს არიგებს.

ციცქნა წვეთები უნატიფეს ფიქრებს ჟონავენ.
ბოლავენ მთებზე მოფენილი ლეგა ნისლები.
ახმაურდება გულს შებმული სევდის ეჟვანი
და პოეზია დაღვინდება მღვრიე სისხლიდან.

მერე ჩამოთოვს უნაზესი თოვით შავ ზღვაზე.
დაითოვება მზის ბაღები გეთსამანიის.
ვიდრე დღეები სიკვდილისფერ რაშს შეკაზმავენ.
ზეცა იფეთქებს უქათქათეს იასამნებად.

გათოვლისფერდა.
სულშიც ჩადგა ცივი ზამთარი.
ნახე, ფიფქები ფრთაფარფატით როგორ ცვივიან.
რად უნდა სევდის ამსითეთრე დუმილს თარგმანი.
ზამთარს თარგმანი არ სჭირდება, თეთრო ვივიენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები