ნაწარმოებები



ავტორი: მირიან გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2019


* * * \"იყო და არა იყო რა\"

იყო და არა იყო რა, ვიყავი, თან არ ვიყავი,
ღიმისგან გარიყული და სევდისგან გაურიყავი,
ვისაც გავშორდი, დაბრუნდა, ვისაც ვედევნე, გაიქცა,
მავიწყდებოდა ზოგჯერ, რომ აქ მიწა არის და იქ ცა.
შემოვათრევდი სხეულში ღვთიურ და ციურ მუსიკას,
ვხვრეპდი ყავას და იძვროდა ოთახი ჩემი პულსისგან,
ვერგებოდი და დავდევდი ცხოვრების მსქროლავ მანქანას,
როცა ვასწრებდი, ვაქცევდი ამ გზას მოსაცდელ ბაქანად.
მინდოდა, ხან არ მინდოდა ბედი სამდღიან პეპლების,
დრო ვხარჯე გამოქცევით და დრო ვხარჯე გამოდევნებით.
თუ ერთ დღეს ხალხთან ვყალბობდი, ვეღარ ვყალბობდი ფურცელთან
და ეს ფურცელი ხალხს ჩემთან შუამდგომლობას უწევდა,
იყო და არა იყო რა, ვიყავი, თან არ ვიყავი.
ღიმისგან გარიყული და სევდისგან გაურიყავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები