ნაწარმოებები



ავტორი: ქეით გრინი
ჟანრი: პროზა
10 სექტემბერი, 2019


გეტა (ნაწილი VII)

***
მეცხრე თავის წერა დაასრულა და ტეროს გახედა. ქალს მკლავი თავქვეშ ამოედო და მშვიდად ეძინა.
-ესეც ასე, გვრიტებო. არაამქვეყნიურ სიამოვნებაში გაგიშვით. დროებით მანდ დარჩით. მომავალ მუზამდე,- ფურცლები ქვეშსაგების ქვეშ შეინახა და თავადაც საწოლზე წამოკოტრიალდა.
ჯერ მთელ ოთახს მოავლო თვალი, ფანჯრიდან მზის ღრუბლებში ჩასვლასაც უყურა, შემდეგ ერთ გვერდზე დაწვა, მერე მეორეზე, მაგრამ ვერაფრით მოისვენა, შინაგანად აფორიაქებული იყო, გონებაც ათასგვარ ფიქრად უნაწევრდებოდა:


სამსახურებიდან ახლად დაბრუნებული ვასო და ნანა აბალაკები ტელევიზორის წინ მოკალათებულიყვნენ და საინფორმაციო გადაცემა „Время“-ს უყურებდნენ. გეტა ნახევრად შეხორცებულ ჭრილობებს იოდით იმუშავებდა და ბინტით იხვევდა, როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა და მისი ყურადღება ნაცნობმა ხმამ მიიქცია:
-გეტასთან მოვედი. სად არის?
-ჩემს გოგოს შენთან არაფერი ესაქმება. აქედან მიბრძანდი,- ხმამაღალი და მკაცრი ტონით უთხრა ბატონმა ვასომ.
-ჰეი, -ჰაერში თითები გაატკაცუნა,- თქვენი შვილი სრულწლოვანია და იქნებ თავად მისცეთ საშუალება, გადაწყვიტოს ვისთან ესაქმება რამე და ვისთან - არა?
-კარგად იცი, მისი შესაფერისი არ ხარ. შენთან შეხვედრის უფლებას არასოდეს მივცემ!
-ჰო? რას მეუბნებით? მე ის მიყვარს და სხვათაშორის, გეტასაც ვუყვარვარ.
-შენნაირებისთვის არ გამიზრდია და არც იოცნებო, რომ ოდესმე სიძედ მიგიღებ.
-ოცნებები დიდი ხანია, დავამთავრე. რაც რეალურია, მხოლოდ მას ვეჭიდები.
-ტყუილად ეჭიდები და სანამ დროა, მომწყდი ჩემი თვალსაწიერიდან,-წამოენთო ქალბატონი ნანიკო.
-შენ ნუ ერევი! -ხელით ანიშნა ქმარმა.
-რას ჰქვია, ნუ ვერევი? ამას ამდენს რატომ ალაპარაკებ?
-ამას სახელი აქვს, ქალბატონო ნანიკო და სიტყვები შეარჩიეთ. თქვენი პატარა ბავშვი არ ვარ, რომ მოგითმინოთ და იმის უფლება მოგცეთ, როგორც გინდათ, ისე მომმართოთ.
-ატყობ, რომ დაუკრეფავში გადადიხარ?!
-მე გადავდივარ, თუ თქვენ?
ოთახიდან გეტა გამოვიდა და გაოგნებული იყურებოდა.
-შედი ოთახში!-უბრძანა მამამისმა.
-არსადაც არ შევა, ის მე გამომყვება! -ხმას აუწია რომამაც.
-გეტა! გაბრუნდი და დაუყოვნებლივ შედი ოთახში!-ისევ გაისმა ვასოს ნათქვამი.
რომამ გოგონას ხელებზე ნაიარევები შენიშნა და მისკენ წავიდა:
-ჩემო სიცოცხლე, ეს რა ჩაიდინე?-მკლავებზე დახედა და თითები ფრთხილად შეახო.
-რომა,-მხოლოდ ეს თქვა და ცრემლები წამოუვიდა.
-შენი ბრალია ყველაფერი. შენ გააგიჟე! -თვალებიდან ცეცხლს აკვესებდა ნანიკო.
-მე კი არა, თქვენ გააგიჟეთ.
-გაიგონე რას ამბობს? შეხედე როგორ მიბრუნებს სიტყვას,- ქმარს შეხედა ნანიკომ.
რომა არავის უსმენდა, გეტას ცრემლებს უწმინდავდა და სველ ღაწვებს უკოცნიდა.
-ჩემ შვილს მოშორდი!-იღრიალა ვასომ და რომასკენ წავიდა.
-მამა! არაფერი დაუშავო, თორემ თავს მოვიკლავ,-აყვირდა გეტა.
-ნუ გეშინია, აქ არ დაგტოვებ, ჩემთან წაგიყვან,- მის დამშვიდებას აგრძელებდა რომა.
-ვასო გოგონას მხარში სწვდა და მთელი ძალით გამოქაჩა თავისკენ.
-ტყუილად ირჯებით, ვერ დაგვაშორებთ,- რომას სიმწრის ღიმილი მოადგა სახეზე.
მამაკაცმა ხელი მოუქნია, მაგრამ რომამ წამებში დაუჭირა:
-არ გეკადრებათ, ბატონო ვასილ მომავალ სიძეზე ხელის აწევა.
-ნამუსგარეცხილი ხარ! რა გაუკეთე ჩემ შვილს, რომ ვერ გივიწყებს, შე ძაღლისშვილო?!-კბილებიდან გამოსცრა გახელებულმა.
-ეს ვიგინდარა კაცი!-დაამატა ნანიკომ.
-შესანიშნავი დახვედრაა, ვერაფერს იტყვი,-ხელი გაუშვა ვასოს მამაკაცმა.
გეტას სისხლი გაეყინა, ადგილიდან ვერ იძროდა. ხან ერთს უყურებდა, ხან მეორეს და ხან მესამეს.
-მოგწონთ ეს, თუ არა, გეტა ჩემი ცოლი გახდება,-გოგონას ხელი მოჰკიდა და წასვლა დააპირა.
-მოიცადე!-ისევ იყვირა ვასომ.
ორივე შედგა და მისკენ მიიხედეს.
-არ დამიმთავრებია.
-გისმენთ.
-შენ არა, ვაჟბატონო, ჩემი შვილი მომისმენს.
გეტა ერთიანად კანკალებდა, თვალებს ვერ უსწორებდა მამამისს.
-დაიმახსოვრე! ერთი არასწორი, გაუცნობიერებელი ნაბიჯი და საწყის წერტილზე დაბრუნება და შეცდომის გამოსწორება ძალიან რთული იქნება! ვერც ამ სახლში შემოადგამ ფეხს!
-ჩვენ შენნაირი შვილი არ გვჭირდება! სამუდამოდ ამოგკვეთავთ აქედან!- მხარი აუბა მეუღლეს ცოლმაც.
-მე მიყვარს იგი და მასზე უარის თქმას არ ვაპირებ,-ამოილუღლუღა გეტამ.
-როგორ ბედავ და ამ ქუჩის კაცთან ასე გვამცირებ?
-მე არ გამცირებთ, დედა.
-დამცირება არ არის, რომ წინ ვუდგავართ და ველაპარაკებით? ამნაირებს მამაშენი სალამსაც არ ეუბნება.
-არ მინდა, შეურაცხყოფა მოგაყენოთ, თორემ შესანიშნავად იცით, არ გამიჭირდება,-თავს ძლივს იკავებდა რომა.
-ეგღა მაკლია, მიწურში გაზრდილმა შეურაცხყოფა მომაყენოს,- თვალები დაუბრიალა ნანიკომ.
რომამ ღრმად ამოისუნთქა, შემდეგ გეტას წელზე ხელი მოჰხვია და კარისკენ უბიძგა.
-მენანები ამ კაცისთვის, გეტა. ბევრჯერ გაიხსენებ ჩვენ სიტყვებს, მაგრამ ხორცების დაჭმა და ცხვირში მუშტის ამორტყმა გვიანი იქნება,- მიაძახა მამამისმა და სავარძელში რეტდასხმულივით ჩაეშვა.
გეტა გაჩერდა, შებრუნდა და მამამისს შეხედა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა. აღარ უყოყმანია, რომას ხელი ჩასჭიდა და კარი გაჰყვა. გარეთ რომ გავიდნენ, მამაკაცმა ხელები დაუთვალიერა:
-შე სულელო, თავს რა აუტეხე?
-დროზე გამაცალე აქაურობას. ოთხ კედელს შუა ძაღლივით ვიყავი გამოკეტილი და უშენობა მტანჯავდა,-ამოისრუტუნა გოგონამ.
-ჩემო პატარა, - გულში ჩაიკრა ატირებული გეტა.
-რომა.
-რაო, ჩემო სიცოცხლე?
-არასოდეს მიმატოვო, გთხოვ. სულ ჩემთან იყავი.
- რა გჭირს? როდის იყო, რომა ტამოევი ძვირფას ადამიანებს ასე იოლად სთმობდა?
გეტა მჭიდროდ მიეკრო და თავი ყელში ჩაურგო. მამაკაცი ვერ უძლებდა საყვარელი ადამიანის ამგვარ მდგომარეობას და ცდილობდა, ბოლო დღეებში მიღებული ურვა მისთვის როგორმე ლამაზი სიტყვებით შეემსუბუქებინა.

***
საწოლიდან წამოდგა და პალატიდან გავიდა. დერეფანში დაიწყო აღმა-დაღმა სიარული და თან ყურებზე ხელს იფარებდა. აღარ უნდოდა მონატრებული და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის სიტყვები ასე ცხადად, კიდევ ერთხელ მოესმინა, მაგრამ ამაოდ:

-მოდი, სახლში წავიდეთ. ჭრილობებს უნდა მივხედოთ,- რომა გულმოკლული უყურებდა მის მკლავებს.
- შენ დამეხმარები?
-რა თქმა უნდა.
-მართლა?
-აბა, ხომ არ მოგატყუებ?
-ასეთი კარგი როგორ ხარ?
-ოჰ, არც ისე კარგი ვარ. თითქოს არ მიცნობდე,-ჩაეცინა მამაკაცს.
-ჩემთვის მთელი სამყარო ხარ.
-ჩემთვისაც,-ბაგეებზე დაეკონა მამაკაცი.

***
-ვერაფრით გიშორებ, ისევე როგორც შენს გეტას. ორივე საზიზღრები ხართ,- თავს აქნევდა ფსიქიატრიულის კედლებში უგზო-უკვლოდ მოსიარულე პაციენტი.
ისევ იხლართებოდა წარსული აწმყოში, კვლავ აჩენდა დაუნდობელ კლანჭებს, ბასრი შუბივით ასობდა ავადმყოფს და სტკენდა. საცოდავად მიიყუჟა ერთ კუთხეში და სახეზე  აიფარა ხელები, უნდოდა ყველას და ყველაფერს დამალვოდა, მაგრამ არ გამოსდიოდა.
-არ მიყვარს საწყლობა, უნდა წამოვდგე. წინ ბევრი გამარჯვება მელის და საზეიმოდ მომზადება სჯობს! -თავს არწმუნებდა და ფეხზე წამოდგომას ლამობდა.
-აქ რას აკეთებ?- კაბინეტში მიმავალმა ექიმმა მარტოდ მყოფი გეტა შენიშნა.
-არაფერს.
-რატომ ხარ ასეთი შეშინებული?
-გეტას რაღაც გაახსენდა და...
-რა გაახსენდა?
-მისი ქმარი. მგონი, ენატრება.
-ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გიმეორებ, საკუთარ თავზე მესამე პირში ნუ ლაპარაკობ!
-ნუ მასწავლი როგორ ვილაპარაკო. ის უმწეო და დაუცველი მე არ ვარ.
-მაშინ, ვინ არის?
-გეტა აბალაკია, რომა ტამოევის, სასტიკი კრიმინალის ცოლი.
-და შენ ვინღა ხარ?
-მე მწერალი ვარ, იგივე სახელით და გვარით, ოღონდ არა მასსავით უგონოდ შეყვარებული სულელი.
-ნუ მიჯნავ საკუთარ თავს მისგან და ნუ იგონებ სხვა გეტას. ორივე შენ ხარ!
-არა! ცრუობ! ეს სიმართლე არაა!
-შეიგნე, რომ რაც შენში არ მოგწონს, კი არ უნდა დამალო, არამედ მის გამოსწორებაზე იზრუნო. ესაა ერთადერთი გზა, მოიპოვო სულიერი შვება.
-მე უკეთესად ვიცი, რა გავაკეთო.
-ძალიან აჭარბებ, როცა შეყვარებულ გეტაზე ისე ლაპარაკობ, თითქოს ვიღაც უცხო იყოს. ის შენ ხარ და უნდა აღიარო.
-ის მე არ ვარ და ნუ ცდილობ ჩემს გადარწმუნებას, ტყუილად დაშვრები.
ექიმმა თავი უიმედოდ გაიქნია:
-პაციენტი მელოდება, ამ თემას კიდევ დავუბრუნდებით.
-ისე მექცევიან, თითქოს მართლა გიჟი ვიყო და ჭკუის დარიგება მჭირდებოდეს. ვერ ვიტან აქაურობას,- ზიზღით წარმოთქვა, ძლივს წამოსწია დამძიმებული სხეული და ლასლასით გაუყვა გრძელ დერეფანს.
თავის პალატას რომ მიუახლოვდა, კედელთან დაჩოქილ პაციენტს წააწყდა. ქალი პირჯვარს  იწერდა, როგორც ყოველთვის, გაზუთხულ ტექსტს წარმოთქვამდა და ვიღაც იოსების და თამარის კარგად ყოფნას ავედრებდა. გვერდი აუქცია და ოთახში შევიდა. ტეროს უკვე გაჰღვიძებოდა:
-რა ხდება გარეთ?- ნამძინარევი ხმით იკითხა.
-ვიღაც ქალი გარეთ ჩვენს კედელთან არის დაჩოქილი და ლოცულობს.
-აჰ, ნინია იქნება. ერთი საცოდავი ვინმეა, ჰგონია, რომ კედელზე, სასწაულებრივად წმინდა მარიამ ღვთისმშობელია გამოსახული. აქ მოდის და შვილებზე ლოცულობს ხოლმე. იმათ კი ფეხებზე ჰკიდიათ, ერთხელაც არ მოუკითხავთ დედამისისთვის.
-შენ აქ ხშირად გიწევს მოსვლა?
-რამდენჯერაც მამინაცვლის, ან ჩემი თავის მოკვლას დავაპირებ, იმდენჯერ მიწევს ამ უჟმური მედ-პერსონალის სიფათების ყურება.
-მამინაცვალმა რა დაგიშავა?
-არავინ მიჯერებს, ჰგონიათ, რომ შეურაცხადი ვარ და მასზე რაღაცას ვჩმახავ, მაგრამ მაგარი ნაძირალაა.
-რამე დაგიშავა?
-ჰო,- თვალები აარიდა ტერომ.
-შეგიძლია, მენდო. არავის ვეტყვი.
-თექვსმეტი წლის ასაკში გამაუპატიურა.
-ეს როგორ?
-როგორ და ჭრელად. ეს მაშინ მოხდა, როცა დედაჩემი სამსახურში იყო. მერე სისტემატურად მემუქრებოდა და მაიძულებდა, რომ მასთან დავწოლილიყავი.
-რას გეუბნებოდა?
-მოგკლავ, თუ უარს მეტყვი, ან ჩვენ საიდუმლოს ვინმეს გაანდობო. მეც მეშინოდა და ვუთმენდი, სანამ ნერვები საბოლოოდ არ გამიფუჭდა. ერთ დღეს ამომასხა და მისი მოკვლის სურვილმა შემიპყრო. მას შემდეგ ხშირად ვსტუმრობ აქაურობას.
-ვფიქრობ, ვინმე უნდა გაიჩინო, იქნებ სიყვარულმა ყველაფერი დაგავიწყოს.
-მყავს პარტნიორი.
-ნუთუ?
-ქმარს გაშორებული ქალია. თავს ერთად კომფორტულად ვგრძნობთ. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია.
გეტას ნერწყვი სასულეში გადასცდა და ხველა აუტყდა:
-მაპატიე.
-არაუშავს.
-არასოდეს მქონია სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთან ურთიერთობა. ისიც კი არ ვიცი, როგორები ხართ.
-ჩემი თავის წარდგენა დავიწყო?-საწოლზე დადგა და ხელები თეატრალურად გაშალა:- Ladies and Jentlemen...
-კარგი, მორჩი მასხარაობას,-გაეცინა გეტას.
ტერო საწოლიდან ჩამოვიდა და მის პირდაპირ ჩამოჯდა. კვლავ დასერიოზულდა, წამით დაფიქრდა და გამჭოლი მზერით ახედა:
-ყველა ადამიანი ინდივიდუალურია თავის ხასიათით და შესაძლებლობებით. ჩვენც ასეთები ვართ.
-არის რაღაც, რასაც ჩემნაირი ადამიანებისგან განსხვავებით, სხვაგვარად აღიქვამთ?
-მაგ კითხვაზე პასუხი თავადაც არაჩვეულებრივად იცი.
-რადგან პირად ცხოვრებაზე მეტი არაფრის თქმა შეგიძლია, აღარ ჩაგეძიები.
-კარგს იზამ,-თვალი ჩაუკრა ტერომ.
-ვახშმის დროა!- კარზე ამოჭრილი ფანჯრიდან შეიჭყიტა ვიღაცამ და ხმამაღლა შესძახა.
-წავიდეთ?- ტანსაცმელი გაისწორა გეტამ და გარეთ გასასვლელად მოემზადა.
-წავიდეთ,-უკან გაჰყვა ტეროც.
სასადილოში მაგიდებზე დაწყობილ ვახშამს რომ გადახედა, სახე დამანჭა და გეტას ჩუმად გადაულაპარაკა:
-ამათი ვახშმის თავზეც გავიარე. გინდა, ამაღამ მე და შენ აქედან გავიპაროთ და საინტერესო საღამო მოვიწყოთ?
-რა?-გაოცებული სახით შეხედა აბალაკმა.
-წამოდი, მეგობარო, ისეთი ღამის ბარი ვიცი, იქიდან გამოსულები ვარსკვლავური ომებისთვის ჯარის დაკომპლექტებას დავიწყებთ. მოკლედ, არ ინანებ.
-არანორმალური ხარ,-თავი გააქნია გეტამ.
-არც შენ ხარ მთლად დალაგებული. რას იტყვი, მოდიხარ?
-კი, მაგრამ, როგორ უნდა გავიპაროთ?
-ეგ საქმე მე მომანდე.
-ვატყობ, შარში გამხვევ.
-გპირდები, ვერავინ ვერაფერს გაიგებს. ზეპირად ვიცი ამათი შემოვლის დრო და ხრიკებიც, თუ როგორ არ უნდა შეგვამჩნიონ. სულ ორი საათით გავალთ, გვეყოფა.
-შენი არ იყოს, თავგადასავლები მეც მიყვარს. გავრისკავ და გეტყვი „კი“-ს.
-ასეც ვიფიქრე, ჯიგარი ქალია-მეთქი. დაჰკარ ხელი,-ხელის გული გაუშალა ტერომ.
აბალაკს გაეღიმა და თხოვნა შეუსრულა.
-იუჰუ! თვალები ეშმაკურად აუციმციმდა ტეროს.
-დიდი უბედურის ერთი ხარ.
-Yes Ma’am, თუ მოვინდომე, არავის მივცემ დაღონების საშუალებას!- თავი დაუკრა და სალათის ჭამას შეუდგა.
-გინდა, კომპოტი მოგიტანო?
-კომპოტი,-ჩაეცინა ტეროს,- ეგ რა დასალევია? დღეს ალკოჰოლზე გეპატიჟები.
-ვერ ხარ შენ,-თავი გააქნია გეტამ.
-ჩშ!-ტუჩთან თითი მიიტანა და ჭამა გააგრძელა.
ცოტა შეჭამა, მერე უგემურიაო,-დაიჩემა, ხელსახოცით პირი მოიწმინდა, უღიმღამოდ მიაგდო თეფშზე და სასადილოდან გავიდა.
დაახლოებით, ღამის თორმეტი საათი იყო, როდესაც საავადმყოფო მიჩუმდა. მხოლოდ აქა იქ ისმოდა მორიგე თანამშრომლების ხმები, რომლებიც მალევე, სადღაც შორს იკარგებოდნენ. ტერო და გეტა ფეხაკრეფით გავიდნენ პალატიდან და ჩარაზულ კარებს მიადგნენ. ტერომ ყვავილის ქოთანში მიწა მოჩიჩქნა, გადამალული გასაღები ამოაძვრინა და კარი გააღო:
-ეს გასასვლელი მხოლოდ ხანძრის გაჩენის, ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოიყენება.
-საევაკუაციოა?
-ჰო, ჩუმად და ფრთხილად უნდა ჩავიდეთ.
პირველ სართულზე მორიგი დაკეტილი კარის სახით, კიდევ ერთი დაბრკოლება შეხვდათ, მაგრამ ესეც გადალახეს და რამდენიმე წუთში გარეთ აღმოჩნდნენ.
-Uh, la, la, baby!- გაიხარა ტერომ და მთავარი გზისკენ სირბილით გაიქცა.
-მოიცადე! ვერ გეწევი,-დაუძახა გეტამ, მაგრამ მისი ვიღას ესმოდა?
მანქანები კანტიკუნტად ირეოდნენ. პირველივე შემხვედრ ტაქსს ჩაუსხდნენ და გეზი ახლომდებარე ბარისკენ აიღეს.
-გასაღები საიდან გქონდა?
-თუ იმას ელოდები, რომ ყველაფერს დავფქვავ, მაშინ გეტყვი, რომ დაივიწყე.
-გაქნილი,-მკლავზე მსუბუქად უჩქმიტა გეტამ.
-ახლავე გაფრთხილებ, მე გეპატიჟები.
-რაღაც თანხა მაქვს და ჯიბეზე მეც გავიკრავ ხელს.
- მე ვკისრულობ-თქო, ვერ გაიგონე?
-კარგი, როგორც გინდა,-მხრები აიჩეჩა გეტამ.
ცოტა ხანში ღამის ბართან აღმოჩნდნენ. მუქი ფერის შენობიდან მუსიკის გუგუნი გამოდიოდა. შესვლისთანავე იგრძნობოდა ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილი ჰაერი. ირგვლივ სიმღერებზე აყოლილი კლიენტები აქეთ-იქით იზნიქებოდნენ. ზოგიც მაგიდებთან ისხდნენ და სხვადასხვა თემებზე მასლაათობდნენ.
-ოჰა!-თვალები დაიელმა ტერომ, როდესაც ბართან ჩამომჯდარი დიდმკერდიანი, ქერა, გამომწვევად ჩაცმული გოგო დაინახა.
-ღმერთო ჩემო, აქ სად მოვხვდი?-თავი გააქნია გეტამ,- ხელს ხომ არ გიშლი? წავიდე?
-ახლა, არ გაატ**კო! ჩემიანი არ არის. მოდი დავლიოთ,- ტერო ჩვეული, თავისუფალი სიარულის მანერით წავიდა ბარისკენ.
-მე მარტინს დავლევ.
-შოთიკო, ამ ქალბატონს მარტინი და მე როგორც ყოველთვის, ჩემი ვისკი დამისხი. ჰო, კიდევ ორი „მილანესა ნაპოლიტანა,“- შეკვეთა მისცა ნაცნობ ბარმენს.
-იქნებ გამაცნო,- ცნობისმოყვარეობამ სძლია ბიჭს და ტეროს ხელით ანიშნა უცხო სტუმარზე.
-ჩემი მეგობარია, გეტა აბალაკი.
-თქვენ? როგორ ვერ გიცანით?-სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა ახალგაზრდა.
-ჰო,-გაუღიმა ქალმა.
-როგორ მომწონს თქვენი ბესტსელერი „სიმშვიდის სავანეში“. დიდი პატივია აქ რომ გვეწვიეთ.
-გმადლობთ.
-ორჯერ წავიკითხე და ორჯერვე უდიდესი სიამოვნება მივიღე,-აგრძელებდა აღფრთოვანებული ბარმენი.
-ამ დაწესებულების ხშირი სტუმარი ყოფილხარ,-შეუბრუნდა ტეროს აბალაკი.
-ჰეჰ, როგორ მიყურებ?
-აუ, გასკდა ტვინი, ნეტავ, ხმას დაუწევდნენ,-გეტამ საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა.
-მორჩი წუწუნს, ამაღამ თავზე ვიმხობთ ყველაფერს, -ტერო თავის მოძრაობით აჰყვა მუსიკას.
რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტი კლიენტი შედიოდა ბარში და ხმაურიც მატულობდა. რამდენიმე ჭიქის შემდეგ, კარგად შეზარხოშდნენ. აბალაკს აღარაფერზე დაუჩივლია, ერთი ორჯერ წაიცეკვა კიდეც და მშვენივრად ხალისობდა. მოულოდნელად, გაუჩინარებული ტერო გამოეცხადა და ანიშნა, რომ წასვლის დრო იყო.
-რატომ მივდივართ?
-შემოვლის დრო ახლოვდება.
სიტყვა „შემოვლამ“ უცბად გამოაფხიზლა გეტა და მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნით დარჩენაზე უარს არ იტყოდა, საავადმყოფოში გამეფებული წესები წასვლისკენ ექაჩებოდნენ. სასწრაფოდ  დატოვეს იქაურობა. სანამ ტაქსი მოვიდოდა, ტერომ გეტას მხარზე ხელი გადაჰხვია და სიმღერა წამოიწყო:
„ამ ცხოვრებამ ვერ დამიგო ფიანდაზები,
ვერ ამიგო სამოთხის დარბაზები,
ვერც უეკლოდ ვერ დავკრიფე ქორფა ვარდები,
კაცი თუ ხარ, მოდი ნუ გაბრაზდები.
წავიდა ცხოვრება ძველი,
მთვრალი ვარ, ამიტომ ვმღერი.“

-ასე რა, შენ გენაცვალე,- ქართული მაინც სხვანაირად მიდის ძარღვებში,- აჰყვა გეტაც:

„ალალ მე, ალალ შენ, ალალ ბედად დავალ,
სადაც მე, იქაც შენ, ერთად წავალთ“- მაღალ ხმაზე მღეროდნენ.

გარეთ ცა ელავდა, საწვიმრად ემზადებოდა. მათ ბედად, ტაქსმა მალე ჩამოიარა და მანქანაში ჩახტნენ.
-ფსიქიატრიულისკენ, - მოკლედ მიახალა ტერომ მძღოლს და ღვედი გადაიჭირა.
მამაკაცმა მანქანა დაქოქა და ადგილს დიდი სიჩქარით მოწყდა. გზა თავისუფალი იყო და სულ რაღაც ათ წუთში აღმოჩნდნენ საავადმყოფოსთან. მანქანიდან გადასვლისას თავსხმა წვიმა დაიწყო და ერთიანად გაილუმპნენ.
-ჯანდაბა, შენ რომ კაცი დაგიჯერებს,- სირბილისგან ვეღარ სუნთქავდა გეტა.
ტერომ ხელი მოჰკიდა და გუბეს გადაახტუნა: -ჰოპ!
-ჰოპ იქნება, თუ გამოგვიჭირეს,-სუნთქვაშეკრული აგრძელებდა პრეტენზიებს.
-აუ, ეს რა კანონმორჩილი მოქალაქეა. დაგავიწყდა, რომ ჩვენნაირები წესებს და კანონებს არ ემორჩილებიან?
-კარგი, მორჩი ლაპარაკს და გააღე კარი.
ტერომ ჯიბეზე ხელი მოისვა და სახე შეეცვალა: -გასაღები დავკარგე.
-რა? გადაირიე? კარგად შეამოწმე.
-აჰაჰაჰ,-ახარხარდა და გასაღები ჰაერში აათამაშა.
-რა დროს ხუმრობაა,? გააღე დროზე კარი!
-აუ, რა გათოხლე.
-საქმეს შეუდექი, ან მე მომეცი გასაღები და დაგეხმარები.
-მშვიდად, მეგობარო. სულსწრაფივით ნუ იქცევი!
-რა დალიე ასეთი?
-ვითომ არ იცის,-ენას ძლივს იტრიალებდა ტერო.
-შენ მგონი ახლა უფრო გეკიდება ალკოჰოლი.
-ჰო, ეგრეა,-დაეთანხმა და კარის საკეტს გასაღები ძლივს მოარგო.
-ასვლაში დაგეხმარები,-ხელი მიაშველა აბალაკმა.
-ხელი გაწიე, ქალო,-მასხარაობას არ იშლიდა.
-ჩშ! -გეტამ გააჩუმა და უკან გაჰყვა.
თავის სართულზე რომ ავიდნენ, შემოვლა უკვე დაწყებული იყო.
-აუფ!-გეტამ თავზე შემოიკრა ხელი.
-აუ, ეს რა პანიკიორია,-ჩუმად ჩაილაპარაკა ტერომ და საავადმყოფოს თანამშრომლების ყურადღების მისაქცევად ხურდა ფული ისროლა.
მისმა ხერხმა მართლაც გაჭრა, შემომვლელებმა მონეტების მიმართულებით გაიხედეს. ვიდრე ისინი ნივთს ათვალიერებდნენ და მის იქ მოხვედრის ამბავს არკვევდნენ, ამასობაში პაციენტები წამის მეასედში შეცვივდნენ ოთახში, სველი ტანსაცმლით საწოლებში ჩაწვნენ და პლედები გადაიფარეს. რამდენიმე წუთში საავადმყოფოს თანამშრომლებმა მათ ოთახში შეიხედეს და აღრიცხვა გააკეთეს. როგორც კი გავიდნენ, ორივემ გადახედა ერთმანეთს და ისტერიული სიცილი აუტყდათ.
-არა, მაინც რა ახირება იყო ასეთ მოკლე დროში გაქცევა და უკან დაბრუნება?
-სიამოვნებით გაიხანგრძლივებდი იქ ყოფნას, არა?
-რატომაც არა? როცა გავერკვიე რა და როგორ, მაშინ დამადექი თავზე ასასივით, წავიდეთო.
-გაგისწორდა?
-ბარში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ ყველაზე მეტად იცი რა მესიამოვნა?
-საიდან უნდა ვიცოდე?
-ვერავინ მიცნო და შემეძლო, ჩემ ნებაზე დამელია, მეცეკვა, მემღერა. ნამდვილი მე ვყოფილიყავი და სისულელეც ჩამედინა. ვერ ვიტან, როდესაც საზოგადოება გაფაციცებული მოგჩერებია და ჩასაფრებულია, რამე შეგეშალოს, რომ მერე საჯაროდ კოცონზე დაგწვას.
-მაგალითად, რა სისულელეს ჩაიდენდი კიდევ რომ დავრჩენილიყავით და სასმელი დაგვემატებინა?
-რა ვიცი, როცა ნასვამი ხარ, სითამამე გემატება და კომპლექსებისგან თავისუფლდები. ნებისმიერი რაღაცის ჩადენა შეგიძლია -ქუჩაში ფეხშიშველი სიარული, შუა გზაზე გაწოლა და ვარსკვლავების ყურება...
-და მეორე დღეს ჟურნალების პირველი გვერდები შემდეგი სათაურის სტატიებით აივსებოდა: „გეტა აბალაკი ფსიქიატრიულიდან გაიქცა და ბარში მაგრად დათვრა“.
-დათვრა არა, გატყვრა,- გაუსწორა გეტამ.
-მეორე ვარიანტი: „გეტა აბალაკი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაიქცა, ბარში გატყვრა და მერე შუა გზაზე ვარსკვლავების ყურებით ტკბებოდა“.
-ნწ, მაგხელა სათაურს სტატიას არავინ დააწერს, სხვა რამე მოიგონე.
-მწერალი შენ ხარ და თავად მოიგონე. მე ფანტაზიის ამბავში ვჭედავ.
-კი, როგორ არა. ბარემ ინფორმაციასაც მივაწვდი, სტატიასაც დავუწერ და სათაურზეც ვიზრუნებ, რომ მთელი თვე სალაპარაკოდ ეყოთ.
-გეტა.
-რაო?
-მადლობა.
-რისთვის?
-იცი შენ რისთვისაც. კარგი ადამიანი ხარ.
-შენც არაგიშავს.
-დავიძინოთ?
-დავიძინოთ.
-ზოგიც ხვალ ვიგიჟოთ, მაინც გიჟები ვართ და გვაპატიებენ,-ბოლო სიტყვები განსაკუთრებული სევდით და ბევრი საჩოთირო აზრით იყო ნათქვამი, ისე, რომ  დაგაფიქრებდა, თუმცა ფიქრისთვის არცერთს აღარ ეცალა, ალკოჰოლი თავისებურად ავლენდა ძალას და ორივეს ძილის სამყაროში მიაქანებდა.
სამი დღის შემდეგ, აბალაკი ისევ მიუბრუნდა თავის ნაწარმოებს:

თავი 10
ბიძაშვილის თავნება ხასიათი და ღამით გაუჩინარებები მოსვენებას უკარგავდნენ ანდროს და გაურკვეველ მდგომარეობაში აგდებდნენ. თეკლასთან წარმოქმნილმა განუწყვეტელმა უსიამოვნებებმა სისტემატური ხასიათი მიიღო და აუტანელი გახადა მათი ყოფა. ამას ისიც ემატებოდა, რომ რაც დრო გადიოდა, უფრო მეტად ეძალებოდნენ მასზე ფიქრები და გრძნობები, რომლებიც მორალური თვალსაზრისით, არანაირად ჯდებოდნენ ნორმის ფარგლებში. ყოველ დღე ებრძოდა საკუთარ თავს და მასთან გამუდმებულ დავაში იყო. აცნობიერებდა, რომ ის ტაბუდადებული თემა, რაც სისხლით ნათესავების ფიზიკურ კავშირს ეხებოდა, ქართულ საზოგადოებაში უპატიებლად ითვლებოდა და ყველანაირი ძალებით ახშობდა აკვიატებულ სურვილს, მაგრამ საკმარისი იყო, თეკლას სიახლოვე ეგრძნო, რომ წვალებით მიძინებული გრძნობები ისევ იღვიძებდნენ და ნადირივით უმართავნი ხდებოდნენ. ვიდრე სავალალო შედეგი დადგებოდა, რაღაც უნდა ეღონა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, მაგრამ რა? მოცემულ თავსატეხს ამოხსნას ვერ უძებნიდა.
-აქედან მივდივარ!- ანდრო მოულოდნელად განუცხადა ბიძაშვილს.
-მიტოვებას მიპირებ?
-უჩემობას როგორმე მოინელებ.
-კი, მაგრამ ბინის ქირას როგორ გადავიხდი?
-არ ვიცი.
-მიზეზს არ მეტყვი?
-ასე მაწყობს.
-რამ გიკბინა?
-არის რაღაცები, რაზეც შენთან საუბარი არ მსურს.
-მდა!.. ყველა გეგმა ამირიე, ახლა რა ვქნა?
-ეგ ჩემი პრობლემა არ არის,-ბრაზი მოაწვა ბიჭს.
-რატომ მეჯიბრები? იცი, რომ ფინანსურ პრობლემებს თავს ვერ გავართმევ და ფეხს მაჭერ.
-თეკლა, ნერვები არ მომიშალო, რა. არავის ფეხს არ ვაჭერ. შენ შენთვის, მე ჩემთვის. ორივესთვის ასე აჯობებს.
-როდის აპირებ წასვლას?
-რაც შეიძლება, მალე.
გოგონა ემოციებს აჰყვა და ადგილს ვეღარ პოულობდა, წინ და უკან სიარულითაც რომ დაიღალა, კომპიუტერთან მჯდომ ბიძაშვილს მიუტრიალდა: 
-შეუძლებელია ასე დამშორდე. რაღაც პერიოდი მაინც მომეცი, რომ სამსახური ვიშოვო და ვინმეს თანამობინადრედ შევეკედლო.
-„რაღაც პერიოდი“ ერთი კვირაც შეიძლება იყოს, ერთი თვეც და ერთი წელიც.
-ასე, კონკრეტულად როგორ გითხრა? დამაცადე, ვიდრე სამსახურს არ ვიშოვი.
-მხოლოდ შენ თავზე რომ დარდობ, ჩემზე რატომ არ ფიქრობ?!
-რა გაქვს სადარდებელი?
-შენი აზრით, არაფერი, ხომ?
-რამე უნდა ვიცოდე და არ ვიცი?
-ვერაფერს ხვდები?
-ვერა.
-აბა, კარგად დაფიქრდი.
-შენ რა, მეკაიფები? ვერაფერს ვხვდები-მეთქი.
-დაივიწყე, იქნებ ასეც ჯობდეს. ერთი თვის ვადას გაძლევ, ახლავე იზრუნე სამსახურზე. მერე, ჩემი იმედი აღარ გქონდეს!
-გასაგებია,-მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა თეკლამ.
არაჩვეულებრივად ხვდებოდა ანდროს გადაწყვეტილების საბაბს, მაგრამ საქმეს ასე აწყობდა და თავს ისულელებდა. არც ის აძლევდა თავს უფლებას, ბიძაშვილისთვის როგორც მამაკაცისთვის, ისე შეეხედა და სულ უფრო მეტად ეწებებოდა თავის პარტნიორს. ყველაფერთან ერთად, ლუკა დვალი იდეალურად ესადაგებოდა მის ხასიათს. ასე, რომ მასთან წამოწყებული ურთიერთობა კომფორტის ზონასაც უქმნიდა და ამასთანავე, აკრძალული კავშირისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება იყო. ყოველ შემთხვევაში, იგი ასე თვლიდა.

***
ტერო თვალს ადევნებდა გეტას წერის პროცესს და გაოცებული იყო მწერლის უცნაური გამომეტყველებებით - წარბების შეკვრა, დაძაბულობა, მოდუნება, პირზე ღიმილი, რამდენჯერმე წერის შეწყვეტა, ხელის გულების და თითების ერთმანეთზე შეტყუპება, შუბლთან მიტანა და აზრებში ღრმად გადაკარგვა სრულიად სხვანაირს აჩენდა.
-დიდი უცნაური ვინმე ხარ. გაკვირდები და ძალიან მეცინება.
-რა გაცინებს?
-აუ, რა „როჟა“ იყავი იცი? -შუბლი შეკრა და სერიოზული სახე მიიღო, რომ მისთვის მიებაძა.
გეტას სიცილი აუვარდა:
-შემოქმედებით ტრანსი ჰქვია მაგას.
-ერთი- ორჯერ დაგიძახე და ყურადღება არ მომაქციე. ისე იყავი როლებში შეჭრილი. გარშემო რა ხდებოდა, ვერაფერს ამჩნევდი.
-მწერლები მსახიობებივით ვართ, ოღონდ ვიზუალური მხარის გარეშე. შეგვიძლია ექიმები, იურისტები, ანგელოზები, სატანები, ღმერთები, ბოროტმოქმედები, პატიოსნები, ვიგინდარები, მეძავები -ყველა და ყველაფერი გავხდეთ. წამდაუწუმ ვცვალოთ ნიღბები, ხასიათები, ლექსიკა, კოსტუმები, შენ წარმოიდგინე დროც და თითოეული უარყოფითი პერსონაჟის შექმნას ზუსტად იმდენივე ხანი დავახარჯოთ, რამდენიც დადებითს. ასე რუდუნებით შექმნილი და შეკოწიწებული პერსონაჟები შენში ისე შემოდიან, თავს გაყვარებენ და მერე თითოეული მათი შეცდომა და უკუღმართად წასული ბედი იმდენად გტკივა, როგორც დედას საკუთარი შვილის უიღბლობა. იგივეს ვიტყოდი მათ სიხარულზე, წარმატებებზე და ბედნიერებაზეც, მაშინ ჩვენც კმაყოფილები ვართ ხოლმე.
-სცენა გაკლიათ რა.
-ჰო, სწორედ ეგრეა.
-მწერლობა თავიდანვე შენი გატაცება იყო?
-სხვათაშორის, არა. ჩემი ბავშვობისდროინდელი ოცნება მსახიობობა და მაყურებლის წინაშე სცენაზე დგომა იყო.
-მერე რამ შეგიშალა ხელი?
-რამ არა - ვინ... მაგრამ ამაზე საუბარი არ მსურს.
-მაპატიე, თუ ჩემმა ცნობისმოყვარეობამ გული გატკინა.
-მე პროფესიონალი მოცეკვავეც ვიყავი, სუხიშვილების ანსამბლში ვცეკვავდი, მაგრამ ამასაც თავი დავანებე,-გულისტკივილით თქვა და მოწყენილი სახე მიიღო.
-შენი აზრით, რა დროს ამბობს ადამიანი უარს საკუთარ მისწრაფებებზე და რამდენად გამართლებულია?
-როცა ის საფრთხეს უქმნის მის ბედნიერებას. აი, გამართლებულობაზე კი რა მოგახსენო?
-შეგიძლია, უფრო კონკრეტულად ამიხსნა?
-ყველაზე იდეალური ვარიანტი ის იქნებოდა, ადამიანის რეალიზებისკენ მიმავალი ბილიკები ხელოვნური ბარიერების გზით არ იბლოკებოდეს. მეცოდება ყველა ადამიანი, რომელიც უარს ამბობს პიროვნული შესაძლებლობების კვირტივით გარეთ გამოხეთქვაზე მხოლოდ იმიტომ, რომ იმ სიცოცხლის ხეზე დარჩეს, რომლის გარეშე მისი ყოფა შეუქცევადი იქნებოდა. საშინელებაა, როდესაც ხელისშემშლელი მიზეზების გამო, ფსიქოლოგიურად ვერ მწიფდები. ამას ჯანმრთელობის მხრივ დიდი რღვევები მოჰყვება. ამიტომ ისევე, როგორც ხორცს, ასევე გონებასაც მუდმივად უნდა ვაწვდიდეთ ჯანსაღ საკვებს.
-ანუ ამბობ, რომ გამართლებული არ არის.
-თავისთავად ცხადია, მაგრამ იძულებულები ვართ, რაღაცის გამო დავთმოთ და ეს რაღაცა აუცილებლად უნდა იყოს ძალიან ღირებული.
-იმაზე ღირებული რა უნდა იყოს, ვიდრე ადამიანის დამოუკიდებლობისკენ და თავისუფლებისკენ სწრაფვაა?
-კაცობრიობის მოდგმა ტკივილში უფრო მეტ სიამოვნებას პოულობს...
- ეს როგორ?
-სიყვარულით და მის გამო მიყენებული ჭირ-ვარამით.
-გამოდის, რომ მხოლოდ სიყვარული გვათმობინებს რაღაცებისკენ სწრაფვას და ბოლოსაც ის გვიღებს?
-ზოგადად ასეა, მაგრამ მე იდეალური ვარიანტიც შემოგთავაზე.
-სწორ გზაზე როგორ უნდა დავდგეთ?
-გააჩნია, რას ეძახი სწორ გზას? ყველაფერი ხომ პირობითია? თუ იმას გულისხმობ, რომ ბოლომდე რეალიზებულნი, თავისუფალნი და დამოუკიდებელნი ვიყოთ, ამას მსოფლიო მოსახლეობის ძალზედ მცირედი თუ ახერხებს. ალბათ, მხოლოდ ხუთ პროცენტს შეუძლია, ეგრეთწოდებული „სწორი გზით“ იაროს, დანარჩენებმა კი თვალი მივადევნოთ და მისაბაძ მაგალითებად გავიხადოთ.
-შენ როგორი ხარ? სწორ გზაზე, თუ მრუდედ მავალი?
-ერთიც და მეორეც.
-ეს როგორ?
-მას შემდეგ, რაც ჩემში ახალი პიროვნება ჩაისახა და ცხოვრების წერა ახალი ფურცლიდან დავიწყე, გზა აღარ მერევა და აღარც შეცდომებით გამოწვეული აფეთქებების მსგავსი მოვლენები მაფერხებენ, თუმცა აღარ მაქვს სიყვარული და მარტო დავრჩი. ახლა შენ განსაჯე, რა უფრო უპრიანია -ჩიტივით თავისუფალი და დამოუკიდებელი, თუ სიყვარულით დამაშვრალი პიროვნება?
-ამ ორიდან ტკივილში ნაპოვნი ბედნიერება სჯობია, თუმცა მშურს ყველა ადამიანის, ვისაც გაუმართლა და შენს მიერ აღნიშნულ, იდეალური ვარიანტით ცხოვრების გზას დაადგა.
-სიყვარული როგორ გესმის და რა დათმობაზე წახვალ მისი გულისთვის?
ტერო საწოლიდან წამოიწია, ნიკაპი მოისრისა და ცოტა ხნის შემდეგ დუმილი დაარღვია:
-ჩემში იმდენი ტრაგედიაა, ზოგჯერ თავადაც მძულს, საკუთარ თავს ხუფი მოვხსნა და გულწრფელად ჩავიხედო. დამცირება, შეურაცხყოფა, დაკნინება, გაკიცხვა, დაშინება, სიმხდალე - ყველა ოხერი ერთად შეკრებილან და მთელი სხეულის კედლები ისე საზიზღრად  ამოულესავთ, სიყვარულისთვის შემოსაღწევი ადგილი აღარ მოიძებნება.
-ვხედავ, ადამიანებმა ნდობა დაგიკარგეს.
-ჰო,-კეფა ნერვიულად მოიქექა და გააგრძელა,- მეც მარტო ვარ...
-ვერც პარტნიორთან პოულობ შვებას?
-მხოლოდ დროებითს...
-რას დასთმობდი ნამდვილი სიყვარულისთვის?
-ღალატსაც კი ვაპატიებდი.
გეტას სახე შეეცვალა. ნამდვილად არ ეგონა, რომ ასეთ რამეს მოისმენდა მისგან:
-რად გინდა ის, ვინც გიღალატებს და გულს დაგწყვიტავს?
-შეცდომებს ყველა ვუშვებთ, უშეცდომო არავინაა. ადამიანი მაშინ ხარ, თუ მეორე ნახევარს  გულწრფელად მონანიებას ასწავლი, ნამდვილი სიყვარულის გადასარჩენად ხელს არ ჰკრავ და საკუთარ თავს მასთან ერთად უფსკრულში გადასაჩეხად არ გაიმეტებ.
-დავდუმდი და ვეღარაფერს ვამბობ... არაჩვეულებრივი თვისება გქონია.
-მოდი ნუღარაფერს ვიტყვით, ერთმანეთში აბლანდულ აზრებს საშუალება მივცეთ, გონებაში თავისით დაცხრენ და დაილექონ.
-კარგი აზრია,-დასტურის ნიშნად თავი დაუქნია გეტამ და სიგარეტის კოლოფით და სანთებელით ხელში მოსაწევ ოთახში გასასვლელად მოემზადა.

გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები