ნაწარმოებები



ავტორი: სარაქონელი
ჟანრი: პროზა
10 სექტემბერი, 2019


მგელი და ადამიანი

                ნადირობა მიყვარდა ძალიან. ბავშვობიდან ვიყავი ამის მოტრფიალე და ეს საქმე გამომდიოდა კიდეც. გავიდებდი მხარზე მამისეულ ორლულიან თოფს და ჭიუხებისკენ გავუყვებოდი ხოლმე გზას.
              თავის ქებას არ დავიწყებ, როგორც ჩვეულებრივად მონადირეებს ჩვევიათ, ამდენი ტახი, ჯიხვი ან დათვი მომიკლავს-მეთქი, თუმცა არავისზე ნაკლები ვყოფილვარ.
              ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ვცხოვრობ სოფელში, მაქვს მოკრძალებული მეურნეობა, მცირედი მიწაც გამაჩნია და წინაპართა საქმეს არ ვღალატობ.
              ჩემი სახელი და გვარი არაფერს გეტყვით. წარმოშობითაც და გვარიშვილობითაც გლეხი ვარ. ეხლანდელ დროში მეძნელება გავწიო ცხოვრების ჭაპანი, მაგრამ ვუძლებ. მყავს საქონელი; მთლად ნახირი არა, მაგრამ სახლში ათი - თორმეტი ძროხა ყოველთვის იწველება. ამ ყველაფერს მოვლა სჭირდება, ამიტომაც მამის დანატოვარ მიწას ვებრძვი ქანცის გაწყვეტამდე. ბოლო დროს ბუნება ისე შემოგვწყრება ხოლმე, მიწას ისე დაგვალავს, მოსავალი წლიდან წლამდე ძლივს გვყოფნის, რომ გაჭირდა, ბევრმა აქაურობა დატოვა და ნამოსახლარები მოგვიმრავლდა. უმეტესობამ ქალაქს, ან სხვა ქვეყანას მიაშურა. მე ეს ვერ შევძელი და ვარ დაყუდებული სოფელში, რომელიც ღმერთსაც დავიწყებია და კაცსაც.
              აქ სხვა საფიქრალი არავის აქვს: მიწა დროულად უნდა დაამუშავო, რომ ბუნებას კარგი მოსავალი გამოსტაცო. შეგუებული ვარ ბედს და ასე გადიან ჩემი არსებობის წლები.
              წეღან გეუბნებოდით ნადირობა მიყვარდა-მეთქი, ეგ იყო ჩემი განტვირთვა. კლდეზე გადმოდგარ ჯიხვს რომ გადმოვაგორებდი და პირისპირ შემოფეთებულ დათვს ტყვიას შიგ შუბლში ვდრუზავდი, ნამეტანი მსიამოვნებდა. მერე ჩამომქონდა ეს ჩემი ნანადირევი ბარად, ვუხმობდი მეგობრებსა და მეზობლებს,  დილამდე რომ გვექეიფა. ყველას გულუხვად ვუმასპინძლდებოდი. ღვინო ყოველთვის სანაქებო მქონდა - თეთრი ცოლიკაური, ან კურდღლისსისხლისფერი იზაბელა. ბლომად ვსვამდით, ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ვამბობდით, ყველაფერს ერთბაშად ვნთქავდით და მერე კუჭს ლობიოთი ვიყროლებდით.
              ჩემს სოფელშიც იყო სანადირო ადგილები, თუმცა აქ უფრო კურდღლების და წვრილმანი ნადირის მონადირება შეიძლებოდა.
            საბჭოთა პერიოდის შემდეგ ჩაის პლანტაციები გაველურდა, იქ მგლებმა დაიდეს ბინა და ბოლო პერიოდში მოსახლეობა ააწიოკეს. ვინ მოთვლის მშიერმა ნადირმა რამდენი თხა და ძროხა დაგლიჯა, ამიტომაც გამწარებული ხალხი მონადირეებს მიადგა, გვიშველეთო.
            თოფი სანაქებო მქონდა. მარტოს მიყვარდა ხეტიალი და გადავწყვიტე მგელზე სანადიროდაც არავის გავყოლოდი. ამ წყეული ნადირის თვისებების ბევრი არაფერი გამეგებოდა, მაგრამ ავდექი და მასზე სანადიროდ მაინც წავედი. მისი ბუნაგის პოვნა არ გამჭირვებია. ჩაი იმხელაზე გაზრდილიყო, ნადირის ნავსაყუდელი შემზარავი სანახავი გახლდათ. დღისით ის როგორც წესი გარეთ იშვიათად გამოდიოდა, ამიტომაც ღამით უნდა დავდარაჯებოდი. მივიხედ-მოვიხედე და ახლომახლოს ხეც კი ვერ დავინახე. ტოტებგაფარჩხული რცხილა ცოტა მოშორებით იდგა, საიდანაც სათუო იყო მგლის მიზანში ამოღება და მოკვლა, მაგრამ ჩემი იარაღისა მეიმედებოდა, ამიტომაც ავძვერი ამ ხეზე და მოხერხებულად მოვეწყვე.
                ორი-სამი დღე ტყუილად ველოდე. ისიც ვიფიქრე აქედან ხომ არ აბარგდა-მეთქი, მესამე დღესაც რომ მივაკითხე იქაურობას, ბუნაგთან პატარა ლეკვების ნაფეხურებს მოვკარი თვალი და იმედი მომეცა რომ ამ ღამით მაინც შევეფეთებოდი მშრომელი ხალხის მაოხარ ძუ მგელს. ისევ იმ ნაცნობ ალაგას მივაშურე და მართალი გითხრათ ცოტა სამარცხვინო ამბავი დამემართა, ჩამეძინა. რომ გავიღვიძე, დავინახე, მთვარე ამოსულიყო და არემარეს მკრთალად ანათებდა. ბუნაგისკენ გავიხედე და ნამძინარებმა თვალებმა მგლის ოთხი ლეკვი დაინახა, რომელნიც იქვე დაბანცალებდნენ. მიზანში ამოვიღე ისინი, მაგრამ პატარებმა თითქოს იგუმანეს საშიშროება და უმალ მიაშურეს თავიანთ თავშესაფარს.
              იმ ღამითაც არაფერი გამოვიდა, მაგრამ ბედს არ დავმორჩილდი. მომდევნო დღესაც დავბრუნდი დისლოკაციის ადგილზე. ვიჯექი ტოტებგაფარჩხულ ხეზე და სულგანაბული იქითკენ ვიხედებოდი, საიდანაც მგელს ველოდებოდი.
                დიდხანს არ დამჭირვებია ლოდინი. წამით ცას ავხედე, რომელიც ვარსკვლავებით იყო მოჭედილი, მერე ისევ ნაცნობ ადგილს ვესროლე მზერა და დავინახე ბუნაგის წინ ვეეებერთელა ძუ მგელი იდგა და არემარეს ზვერავდა. გული უცნაურად ამიფართქალდა, რადგან ცხოვრებაში პირველად ვიდექი ამ მხეცის წინაშე. ავღელდი, მაგრამ თოფი მოვიმარჯვე და ფრთხილად ამოვიღე მიზანში. ბედგამწყრალმა ნადირმა საშიშროება ვერ იგრძნო, იდგა და ნამძინარევივით იზმორებოდა.  კარგად გავსწორდი, სასხლეტს თითი გამოვკარი და სიკვდილიც მაშინ მიეწია, როცა გაქცევა დააპირა. მოწყვეტით დაეცა მიწაზე და საწყალობლად დაიყმუვლა.
                  მორჩა, მოვკალი ჩემი სოფლის მაოხარი ძუ მგელი. დიდი სიფრთხილით ჩამოვედი ხიდან, მეშინოდა თავი ხომ არ მოიმკვდარუნა-მეთქი. თოფი ისევლე გადავტენე და ასე მივუახლოვდი მას.
              ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ფანარი მივანათე, მიწაზე იწვა და მძიმედ სუნთქავდა, ტყვიას კისრის არეში გაევლო და სისხლი თქრიალით სდიოდა. ახლოს რომ მივედი წამოდგომა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო.
                ნადირობის მეტი რა მიკეთებია, მაგრამ იმ ღამეს უცნაური რამ ვიგრძენი: მე მკვლელი ვიყავი, რომელმაც პატარა ლეკვებს დედა მოვუკალი. ახლა ის ჩემს ფეხებთან გდია, სულს ღაფავს და ისეთი სასტიკი თვალებით მიყურებს, ძალა რომ ყოფნიდეს წამოხტება და  დამგლეჯს. დაჭრილია, ჯერაც ცოცხალი. ვიცი აუცილებლად მოკვდება. ცოტა ხანში ის პატარა ლეკვები დაუწყებენ  ძებნას; ძუძუზე ეტყობა რომ დედამ ცოტა ხნის წინ გამოკვება ისინი. იპოვიან და მშივრები ძუძუს დაესევიან, მაგრამ ამჯერად ის მათ ვერ გამოკვებავს, რადგან ჩემგან ნასროლმა ტყვიამ უსიცოცხლო ლეშად აქცია.
              ცუდად გავხდი, ლამის იქვე ჩავიკეცე. ამასობაში კი ნადირმა ერთი საწყალობლად ამოიყმუვლა და თვალები სამუდამოდ დახუჭა.
                სხვა რა გზა მქონდა, გავიდე თოფი მხარზე და ჩემის სოფლისკენ მიმავალ საცალფეხო ბილიკს გავუყევი ფიქრმორეული. სევდიანი მთვარე მინათებდა გზას.
                მეზობლებმა გაიგეს რომ მგელი მოვკალი და მეორე დილას ამ ამბავს ისე მილოცავდნენ, თითქოს ჩემს ქვეყანას დაკარგული ტერიტორიები დავუბრუნე.
                ისე ცუდად ვიყავი, არაფრის თავი მქონდა. ხალხისთვისაც არაფერი მითქვამს, იმ მგლის პატარა ლეკვები მედგა თვალწინ და სულთან მებრძოლი მათი დედა.
                მე, მონადირედ ცნობილ კაცს, როგორ მეთქვა ჩემი თანასოფლელებისთვის მეცოდება-მეთქი არსება, რომელმაც აგვაწიოკა.
                რამის თქმა აზრი არ ქონდა, ამიტომაც გავჩუმდი და იმ დღის შემდეგ თოფი ხელში არ ამიღია. სახლში ქათმის დაკვლასაც ვერიდები და საკუთარ თავს ხშირად ვეკითხები:
                -ვინ უფრო სასტიკია, მგელი თუ ადამიანი?
                -ალბათ ორივე, მგელიც და ადამიანიც, - ვპასუხობ საკუთარ შეკითხვას, - ისინი ხომ დღენიადაგ არსებობისთვის იბრძვიან!..

                                                                    10 ნოემბერი, 2018 წ
                                                                      სოფელი სარაქონი





















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები