ნაწარმოებები



ავტორი: თაკო წულაია.
ჟანრი: პროზა
11 სექტემბერი, 2019


სხვა ფრინველები (მესამე. დასასრული)

ჩემს მესამე სიყვარულს ვუხსნიდი -  შენი შიში, თუნდაც ყველაზე ძლიერი, საბოლოო ჯამში, მაინც შენზე სუსტია. ქმნილება არასოდეს აღემატება შემქმნელს და რადგან შიშს შენი ფანტაზია ქმნის, ლოგიკურია, რომ მისი გაქრობაც მასვე შეუძლია. მაგრამ ჩემი მესამე სიყვარული, რომელსაც სედე ერქვა, მაინც ვერაფერს უხერხებდა თავს.
ფრთხილი ნაბიჯები ჰქონდა, დამფრთხალი და შეშინებული. ისე დადიოდა, როგორც მდევრები დადიან, ან დევნილები. თავად არც ერთი იყო, მაგრამ ეს რომ მეთქვა, აუცილებლად გამიჯავრდებოდა.
- შენ თუ არ მალავ შენს კარადაში ჩონჩხს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვის კარადაშიც არაფერია. - სჩვეოდა ხოლმე თქმა იდუმალი ხმით.
ხმა იდუმალი არა ინტონაციის, არამედ საუბრის მანერის გამო ჰქონდა. ჩურჩულებდა, ხმას განზრახ იცვლიდა და თავს ისე გაგრძნობინებდა, როგორც საშინელებათა ფილმის მსახიობს.
- შიშები გეომეტრიული პროგრესიით გეზრდება. გამაგრდი და გაუმკლავდი! - ვუმეორებდი მაშინ, როცა სახლში ვაცილებდი.
მესამე სართულზე მდებარეობდა მისი ერთოთახიანი ბინა. გზად ასი ნათურა მაინც ენთო, ასივე სედეს დამონტაჟებული. სადარბაზოში გამუდმებით ხმაურით შედიოდა. თუ ვინმეა, დაფრთხება და წავაო.
მთავარი რიტუალი სახლში შესვლისას იწყებოდა. კარს ფრთხილად აღებდა და სანამ ჩამრთველამდე მიაღწევდა, სახეზე ცივი ოფლი ასხამდა. ღრმად სუნთქავდა და კედელ-კედელ უახლოვდებოდა ხსნის წერტილს. მერე კი, ერთი ხელის დაჭერა და თაგვის სოროს ზომის ოთახი, საკონცერტო დარბაზივით გაკაშკაშდებოდა და ქრებოდა შიში. ქრებოდა, ოღონდ სულ ორიოდე წუთით.
მონსტრებს რამდენიმე კატეგორიად ყოფდა და ამ კატეგორიებს შორის, საწოლის მონსტრი ყველაზე საზარელი იყო. მას ცხრა კიდური და თექვსმეტი თვალი ჰქონდა. ამ თვალებს ყოვეთვის სედეს თვალებს უსწორებდა და უღიმოდა. საზარელი, ყავისფერი კბილებითა და ლურჯი ტუჩებით.
მე ზეწრებს ვასწორებდი, საწოლის ქვეშ ვიხედებოდი, კარადებს ვათვალიერებდი, მაგრამ არავინ ჩანდა. მონსტრები ან ძალიან კარგად იმალებოდნენ, ან საერთოდ არ არსებობდნენ. წარმოდგენა არ მქონდა, რომელი ვერსია უფრო მამშვიდებდა. ყოვლისმხილველი შეყვარებული მერჩივნა თუ შეშლილი? იქნებ ზღვარი ამ ორს შორის, ზედმეტად შეუმჩნეველი იყო იმისათვის, რომ მე დამენახა?
- აქ არიან. შენ მოხვედი და იმიტომ დაიმალნენ. როცა შენ ხარ, ყველაფერი კარგადაა. - ძლიერად მეხვეოდა სედე და სახეს ჩემს მაისურში მალავდა.
სედეს არ შეეძლო ისე ძლიერად შეჰყვარებოდა ვინმე, როგორც ეშინოდა. ამიტომ ხშირად ვეჭვიანობდი. ყველაზე ხშირად კი, მაინც წვიმაზე. მის შიშებს შორის ყველაზე ხელშესახები, სწორედ ეგ იყო. შემეძლო გავსულიყავი ქუჩაში და სახით, ხელებით, მთელი სხეულით მეგრძნო წვიმა, რომელიც ჩემს მესამე სიყვარულს საწოლის ქვეშ ბინადრებზე ნაკლებად როდი აშინებდა.
- ყველაფერი ცუდი წვიმისას ხდება. სახლები იტბორებდა, ზღვები დიდდება, ღვარცოფია, წყალდიდობა... წვიმა აქრობს ცეცხლს. ტყეებშიც, გულშიც, თვალებშიც... შენს სიყვარულსაც წვიმა ჩააქრობს. - ერთ-ერთი უამინდობისას მითხრა მან.
არ ცდებოდა. სწორედ წვიმაზე ეჭვიანობა ასუსტებდა ჩემს სიყვარულს.
როცა ღრუბლები ერთად გროვდებოდნენ, ოდნავ შესამჩნევადღა რჩებოდა სინათლე და იწყებოდა თავსხმა, თავსხმა წვიმა... როცა შეშინებული აფარებდა ფანჯრებს ფარდებს და იატაკზე, პლედის ქვეშ იმალებოდა ჩემთან ჩახუტებული... როცა ფანჯრებს, სახურავსა და კედლებს ავსებდა წვიმის ხმა, ხოლო მე მის შეშინებულ სხეულს ვიცავდი, წარმოდგენა არ მქონდა, რომლით უფრო იყო სავსე სედე - ჩემი სიყვარულით თუ წვიმის შიშით.
ორი მეტოქე ვებრძოდით ერთმანეთს სედეს მოსაპოვებლად. წვიმა ძლიერდებოდა, ხმაურობდა და გრგვინავდა, მე ვეჩურჩულებოდი... წვიმას შეეძლო აეკანკალებინა, დაეზაფრა, არსებობა დაევიწყებინა მისთვის, მე კი მისი გაღიმების მეტს ვერაფერს ვახერხებდი...
ჩემი მესამე სიყვარული შიშს ემონებოდა და მე, ეჭვიანმა, გადავწყვიტე ჩემგანაც ეგრძნო შიში. ეს ერთადერთ გზად მიმაჩნდა მისი მოპოვების.
მისი სახლის გასაღები მეც მქონდა, ამიტომ, შესვლა არ გამჭირვებია. თეთრი ზეწარი და გადამყიდველებთან შეძენილი საზარელი ნიღაბი, სრულ უკუნეთში, ნამდვილად საშიშად გამიყურებოდნენ. შევხედე ტანსაცმლის კარადას და გამახსენდა - \"საწოლის მონსტრები უფრო საშინელები არიან...\" გამახსენდა და ფრთხილად შევძვერი საწოლის ქვეშ.
ვიცოდი, რომ მალე დაბრუნდებოდა. ჩემ გარეშე შემოვიდოდა სადარბაზოში, ფრთხილად გადაატრიალებდა გასაღებს, გაანათებდა ოთახს და გამოემართებოდა საწოლისკენ, რომლის ქვეშაც, უამრავი ნათურის მიუხედავად, მაინც საკმარისი იყო სიბნელე.
როცა ნაბიჯების ხმა მომესმა, გული ამიჩქარდა. ჩუმად ვსუნთქავდი და ველოდი. ჩემს სუნთქვას ღიად დარჩენილი ფანჯრიდან შემომავალი ნიავი უერთდებოდა. საკეტის ხმა გავიგე, მერე კი სახელურის სუსტი ჭრიალი. ვიღაცის ფრთხილი ნაბიჯებით წავიდა კედლისკენ და ჩამრთველს შეეხო.
შუქი აინთო და მაშინვე შევნიშნე მისი კოჭები, მუხლები...
ველოდი, რომ ჯერ ჩემკენ წამოვიდოდა. სიხარულის ცეცხლი მწვავდა! მოვახერხებდი და გავხდებოდი ერთადერთი მმართველი მისი აზრების...
ჯერ საწოლთან უნდა მოსულიყო. ყოველთვის, როცა სახლში ვაცილებდი, ასე იქცეოდა. მაგრამ ამის ნაცვლად კარადისკენ შეტრიალდა. სულ რამდენიმე წამით გადაიდო ჩემი გამარჯვება.
სედემ, ჩემმა მესამე სიყვარულმა, კარადის კარი ფრთხილად გამოაღო. ერთ წამსაც არ გაევლო, განწირული კივილი რომ შემომესმა. სედე სასოწარკვეთილი კიოდა და კედლებს აწყდებოდა. გასვლა დავაპირე, მაგრამ უარესად დავაფრთხობდი, შეიძლება შიშისგან რამე დამართნოდა... ან მე მეშინოდა და იმიტომ დავრჩი.
თვალები მაგრად დავხუჭე და მისი მოსმენა გავაგრძელე. რამდენიმე წამში, კივილთან ერთად, ვარდნის ხმაც გავიგე.
სიჩუმე დადგა. სიჩუმე, რომელსაც ჩემი შეკავებული სუნთქვაც აღარ არღვევდა. ძლივს გავბედე თვალის გახელა. იატაკზე ფარდა ეგდო და გრძელი ხის ჯოხი, რომელზეც ადრე ფარდა იყო დამაგრებული. ღია ფანჯარა მოწმესავით მიმზერდა. სედეს კოჭები და მუხლები აღარ მოჩანდნენ.
ნელა გამოვძვერი ჩემი სამალავიდან და ოთახს თვალი მოვავლე. დახურული კარადა, დახურული კარი, ღია კი მხოლოდ ფანჯარა... რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ საშინელება მოხდა.
ფანჯრის რაფას ვეცი და ქუჩაში გადავიხედე. ასფალტზე გაშოლტილი სედეს ირგვლივ ნელ-ნელა ხალხი გროვდებოდა.
მე კი ნიღბითა და თეთრი ზეწრით ვიდექი. ხელებჩამოყრილი, ენაჩავარდნილი, შეშინებული... საზარელი ნიღბითა და თეთრი ზეწრით ვიდექი და ვხვდებოდი, რომ შიში სედეზე ძლიერი იყო, ჩემზე ძლიერი იყო და არაფერი იყო მასზე მეტად აღმატებული.
თავგანწირვის სურვილით შეპყრობილი კარადას მივუახლოვდი და ხელის კანკალით გამოვაღე.
ტანსაცმლის გროვის უკან რაღაც მოძრაობდა, მისი მოძრაობის პარარელურად კი უზარმაზარი ჩრდილი აწყდებოდა კარადის კედლებს.
ნიღაბი და ზეწარი მოვიხსენი. შიშველი სახითა და შიშველი შიშით ვიდექი კარადის წინ. მერე ორი თითით შევეხე ტანსაცმელს და გადმოვყარე. როგორც კი ეს გავაკეთე, საშინელი სისწრაფით შემეჯახა რაღაც სახეზე. ინერციით დავიხიე უკან და როცა მხედველობა აღვიდგინე, სედეს სიკვდილის მიზეზი შევნიშნე.
სოროს ზომის, საკონცერტო დარბაზივით გაჩახჩახებულ ოთახში, ღამესავით შავი ღამურა დაფრინავდა.
ქუჩიდან პოლიციის სირენის ხმა და ხალხის ჩოჩქოლი ისმოდა.
ზეწარი და ნიღაბი ავიღე, კარი გავაღე და სწრაფად მივატოვე იქაურობა.
ალბათ, ფრინველი დიდ ხანს გააგრძელებდა ოთახში უთავბოლოდ ფრენას.
მე კი მივდიოდი სახლისგან შორს, სედესგან შორს და მაფრთხობდნენ ჩემს თავს ზევით ერთად შეყრილი ღრუბლები.
სახლში რომ მივედი, წვიმა დაიწყო.

***

ახლა ჩემ გვერდით სიმშვიდეა. მას არც სახე აქვს, არც ტანი, არც ჟღერადი ხმა ან ნაღვლიანი თვალები. მან არც შიში იცის და არც სიყვარული. ვერც ჩემს დადანაშაულებას მოახერხებს, იმ ფრინველებისგან განსხვავებით, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა ჩემს ფანჯარას აწყდებიან. მთავარია, რომ სიმშვიდეს ეძინოს მშვიდად.
ჩემი ერთადერთი მოვალეობა ხომ მისი მეთვალყურეობაა. თან ისე, რომ ჩემი არსებობის შესახებ არაფერი შეიტყოს.
მეტიც, თავადაც უნდა დავივიწყო საკუთარი თავი. უნდა დავივიწყო, რომ სიყვარული შემიძლია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები