ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: დრამატურგია
13 სექტემბერი, 2019


ტელევიზიის სარდაფში (სატელევიზიო სპექტაკლი) სერია 13

(სატელევიზიო სპექტაკლი)
სერია # 13

მოქმედი პირები:
ოსტატი    - ავეჯის ლოთი, თვითმარქვია რესტავრატორი,
  რომელიც ტელეწამყვანად იქცა;
შეგირდი  - ოსტატის შეგირდი, შრომისმოყვარე;
პავალი    -  წითელარმიელი;
კანტროლკა - შუასაუკუნეების დროინდელი ჯალათი;
და სხვები.

ავეჯის რესტავრაციის კონკურსზე ოსტატის სამარცხვინო გამოსვლით გაჩენილი ეჭვი, რომ გადაცემა „ტელევიზიის სარდაფში“ დაიხურებოდა, არ გამართლდა - სტუდიაში შესულს წინ მხიარულ გუნებაზე მყოფი პაველი, კანტროლკა და მიშკა-შეგირდი შეეგებნენ.
- ვა, შეფ, მოხვედი, გინდა, კარგი ამბავი გითხრა? - უთხრა პაველმა.
- კარგი ამბავი თუ არის, მითხარი!
- სტუდიაში შემოგვიშვეს, ესეიგი, არ დახურეს ჩვენი გადაცემა!
- ბრმა კი არ ვარ, მაგას მეც ვხედავ!
სტუდიის თვალიერება დაიწყო, თან ბურტყუნს მოჰყვა:
- რაღა ჩემ სტუდიაში მოუნდათ კონკურსის გამართვა, გაემართათ სადმე სხვაგან, ჯანდაბაში, ფილარმონიაში! - იქით გაიხედა, სადაც კონკურსის დროს მოწვეული სტუმრები ისხდნენ; სკამები, რატომღაც არ გაეტანათ. - სკამები ვის დაუტოვეს?!
- „საპატიო სტუმრების“ სკამები?
- საპატიო არა, ისა...
- სკამები დატოვეს, გვითხრეს, რომ გადაცემის ჩაწერას სტუმრები ყოველთვის დაესწრებიან!
- რაო?! - წამოიყვირა. - დამსწრეებიღა მაკლია...
- ნუ გეშინია, შეფ, ჩვენი შიშით აქ ვინ მოვა?! ხომ ხედავ, ერთი ადგილიც არ შეივსო, არადა, ჩაწერილები იყვნენ...
ოსტატი თავის მაგიდას მიუჯდა.
- დღევანდელი გაზეთები წაიკითხე? - შემპარავი ირონიით გააგრძელა პაველმა.
- მე მეკითხები?
- ხო, შენ გეკითხები, რატომ გაიკვირვე?
- შენ როდის აქეთ დაიწყე გაზეთების კითხვა?!
- გაზეთებში შენზე წერენ, როგორ არ წავიკითხო!
- ჩემზე?
- ხო, კონკურსზე განცდილ შენ კრახზე, აჭრელებულია პრესა!
ისედაც უგუნებოდ მყოფი ოსტატი მთლად „დაიგრუზა“; პაველმა ძველი პენსიონერივით დინჯად გაშალა გაზეთი.
- აი, ნახე, ჟიურის წევრთა ერთობლივი დასკვნა ქვეყნდება - ათი წლით დისკვალიფიცირებული ხარ! ამ ხნის მანძილზე გეკრძალება ოცი მეტრის მანძილზე ავეჯის მაღაზიებთან მიახლოება! ასევე გეკრძალება „ოსტატის“ ფსევდონიმით სარგებლობა, რადგან ეს სიტყვა საპატიო ტიტულია, რომლის ტარების ღირსიც შენ არ ხარ! გარდა ამისა, არც იმ სხვა ფსევდონიმით სარგებლობის უფლება გაქვს, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ავეჯთან ასოცირდება, მაგალითად სიტყვა - „შკაფი“!
ოსტატმა ამოიღმუვლა...
საუბარში კანტროლკა ჩაერთო:
- „შკაფს“ რატომ დაირქმევს, ეგ ფსევდონიმი ვინმე 150 კილოიან კაცს შეჰფერის; ამას ინდაურის წონაც არა აქვს!
- ვის არა აქვს ინდაურის წონა?
- ვისდა, ამას! უფროსო, გვითხარი რამდენი კილო ხარ?
- დაახვიეთ!!!
- კარგი, რას გვიბრაზდები, ცოტა ვიხუმრეთ. - უთხრა პაველმა. - აგე, გაზეთში შენზე კარგიც თქვეს: ვიღაც „ავეჯის სამყაროს“ მფლობელი წერს, ბატონი პაატა, გვარი არაა მითითებული, რომ ავეჯის შენნაირი რესტავრატორი ქვეყანას არ ახსოვს! ის კატეგორიულად არ ეთანხმება ჟიურის გადაწყვეტილებას შენი დისკვალიფიკაციის თაობაზე! დარწმუნებულია, რომ კონკურსზე შენ იხუმრე და რა შენი ბრალია, თუ ჟიურის წევრებს იუმორის გრძნობა არ გააჩნიათ! მათ ჯინაზე, სავაჭრო ცენტრ „ავეჯის სამყაროს“ ცენტრალურ შესასვლელთან, კედელზე აღმართავს მემორიალურ დაფას, სადაც ჩაწერილი იქნება, რომ შენ, მსოფლიო მნიშვნელობის ავეჯის რესტავრატორი გარკვეული დროის მანძილზე მოღვაწეობდი აღნიშნულ სივრცეში!
სტუდიაში სიჩუმე ჩამოვარდა... რასაც ოსტატის მომენტალური გაბღენძვა მოჰყვა.
- უფროსო, კონკურსზე შენ მართლა იხუმრე?
- ვიხუმრე, აბა თქვენ რა გეგონათ, მე, მსოფლიო მნიშვნელობის ავეჯის რესტავრატორს ცინგლიანი სკამის აღდგენა გამიჭირდრებოდა?! ბატონი პაატა მე ვიცი, სერიოზული პიროვნებაა... მაგრამ მემორიალური დაფის აღმართვის თაობაზე ჩემთვის არ მოუმართავს. განა წინააღმდეგი ვარ ამ საქმისა, პირიქით, ინიციატივას მივესალმები, უბრალოდ, მაფიქრებს ის, რომ ტექსტის შედგენაში რაიმე შეცდომა არ გაიპაროს - სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, ფსევდონიმიც უნდა იყოს მითითებული! კედევ ვისურვებდი, რომ დაფაზე ჩემი მობილურის ნიმერიც ჩაიწეროს, კლიენტები დამირეკავენ... გარდა ამისა, აუცილებელია, რომ ამოტვიფრულ ასოებში ოქროსფერი საღებავი ჩაისხას და არა, ვერცხლისფერი! ყოველივე ამის გათვალისწინებით, გადაწყვეტილებას ვიღებ დაფა ჩემი ხელმძღვანელობითა და ხარჯით დამზადდეს! ასევე, კედელზე მისი დამონტაჟებაც ჩემზე იყოს! ბატონმა პაატამ მხოლოდ ადგილი მიმითითოს და კიდევ, ამ ღირსშესანიშნავი დღის გასაშუქებლად, პატივცემულმა, ტელევიზია მოიწვიოს!
- პატივცემულო... - წამოიწყო მიშკა-შეგირდმა, მაგრამ ოსტატმა იმავწამს გააწყვეტინა.
- მომართვის დროს „ოსტატი“ მიწოდე, თუმცა შეგიძლია თან ეგ სიტყვაც დაურთო!
- გასაგებია, პატივცემულო... უკაცრავად, ოსტატო, ბატონო ოსტატო, ტელევიზიის თაობაზე მინდოდა მეთქვა: რა საჭიროა ბატონი პაატას მიერ ტელევიზიის მოწვევა, როდესაც ჩვენ თავად ვართ ტელევიზია?!
- მართალი ხარ, ხო იცი... ტელევიზიაც ჩემზე იყოს!
წამოდგა და წელზეხელებშემოყრილმა სტუდიაში გაიარ-გამოიარა, მერე, შეგირდთან გაჩერდა და უთხრა:
- მიშკა, ერთადერთი განათლებული კაცი ხარ ამ სტუდიაში, რა თქმა უნდა, ჩემს შემდეგ... მემორიალური დაფის ტექსტის შედგენაში დამეხმარე; განა არ ვიცი ეს როგორ კეთდება, უბრალოდ, ორი ჭკვიანი კაცის ხედვა სულ სხვაა!
- სიამოვნებით!

პაველმა და კანტროლკამ საუბარი გააბეს:
- ვა, ეს ჩვენი ოსტატი რა დიდი პიროვნება ყოფილა - ძეგლს უდგამენ! - თქვა კანტროლკამ.
- ძეგლს არა იმას, საიდან მოიტანე?
- შენ წაიკითხე გაზეთში - მემორიალური დაფა უნდა აღუმართონო!
- მერე, მემორიალური დაფა ძეგლია?
- რა არის მემორიალური დაფა?
- მემორიალური დაფა არის ქვის ნაჭერი, სადაც ვიღაც კონკრეტული ტიპის მონაცემები წერია!
- აა, „მემორიალური დაფა“ ვიზიტკა ყოფილა, ოღონდ, ქვის!
- არა ვიზიტკა სულ სხვა რამეა.

ტექსტი შეადგინეს.

- მიშკა, შენ უნდა გაგაგზავნო დაფის დასამზადებლად; დღის ბოლომდე მომიტანე, რომ „ავაჯის სამყაროში“ დამონტაჟება მოვასწროთ!
- წავალ, მაგრამ არ ვიცი სად ამზადებენ...
- შეფ, მე დავამზადებინებ დაფას, ჩემი ნაცნობი მაგ საქმეზე მუშაობს.
- კარგი სპეციალისტია?
- კაცი მოქანდაკეა, დაფას კი არა, თუ გინდა ძეგლს დაგიდგამს; თოიძე აქვს დამთავრებული!
- ძეგლებს თუ დგავს, ეგ კაცი მე მჭირდება; ძეგლამდეც მივა საქმე... ოღონდ, ჯერ დაფა დამიმზადოს! გადაეცი, ამოტვიფრულ ასოებში ოქროსფერი საღებავი ჩამისხას!
- ვეტყვი!

დავალებაზე წასული პაველი დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ოსტატს ტელეფონზე ურეკავს:
- შეფ, მე ვარ, პაველი, ამ კაცმა უკვე დაიწყო დაფის დამზადება, მაგრამ რაღაცაში ვერ გაერკვა, დაზუსტებას მთხოვს - რომელ წელს გარაიცვალეო?
- რა თქვი?!
- რომელ წელს გარ-და-იც-ვა-ლე? დროზე მითხარი, ტელეფონი მიჯდება!
- მგონი, მესაფლავეებთან მივიდა ეს იდიოტი... მომისმინე, სად ხარ შენ ახლა?
- მოქანდაკესთან ვარ; ტელეფონი მიჯდება, დროზე მითხარი - რომელ წელს გარ-და-იც-ვა-ლე?!
- ცოცხალი ვარ, შე იდიოტო!!!
- ცოცხალი რომ ხარ, ვიცი, მე გეკითხები: რომელ წელს გარდაიცვალე?!
_ ცოცხალი კაცი გარდაცვლილი როგორ ვიქნები?!
- „გარდაცვლილი“ რას ნიშნავს?
- გარდაცვლილი იგივეა რაც მკვდარი, პირველად გაიგონე ეს სიტყვა?!
- აა, გასაგებია... ვეტყვი... მალე... ტუ-ტუ-ტუ...
კავშირი გაწყდა. ოსტატმა რამდენჯერმე გადაურეკა, მაგრამ აბონენტი მიუწვდომელი იყო.
- ტელეფონი დაუჯდა ამ მართლა მკვდარს!

კიდევ ერთი საათის შემდეგ, ქაღალდში სათუთად შეფუთული „მემორიალური დაფით“ პაველმა სტუდიაში შემოაბიჯა.
- მოვიტანე!
დაფა ოსტატს მაგიდაზე დაუდო და ქაღალდი შემოხსნა; ყველანი გარს შემოეხვივნენ, მათ შორის, კამერამომარჯვებული ოპერატორიც. დაფა წარმოადგენდა სტანდარტული სისქის MDF-ის 50 სმ სიგრძის ნაჭერს, რომელიც ფორმით ძალიან გავდა საფლავის ქვას, ვიწრო ძირითა და ოდნავ განიერი თავით.
- ეს რა არის?!!! - დაიღრიალა ოსტატმა.
- როგორ თუ რა არის, „მემორიალური დაფაა“!
- MDF-ისგან რატომ დაამზადებინე?!
- რისგან უნდა დაემზადებინა?
- ქვისგან!
- ქვა რათ გინდა, გარდაცვლილი ხომ არ ხარ?! MDF-ი საუკუნის მასალაა! რესტავრატორი კაცი ხარ, MDF-ის ღირსებას მე როგორ უნდა გასწავლიდე?!  ქვას და ბეტონს მოესწრები...
ოსტატი შეყოყმანდა, თუმცა არ მოლბა.
- საფლავის ქვის ფორმა რაღაა, მართკუთხედი რატომ არ გააკეთა?!
- მართკუთხედ დაფას მკვდრებისთვის ამზადებენ, ეგეთი სტანდარტია, დაუწერელი კანონი; შენ ცოცხალი ხარ, ხელოვანი კაცი, ავანგარდული დაფა გჭირდება! წავედით, დავამონტაჟოთ, სანამ დაღამდა...
ოსტატი მოლბა.
- დასამონტაჟებლად `პერფარატორი~ დაგვჭირდება, კედელი რომ გავხვრიტოთ!
- პერფარატოს კი არა, დინამიტსაც ვიშოვნით, შენ ოღონდ დაგჭირდეს... წავედით!
- წავედით!
- რატომ ზიხარ?
- ფეხით ხომ არ წავალთ, მაცადეთ, ლიმუზინი გამოვიძახო!
ტელეფონი მოიმარჯვა:
- ალო, ჯიმშერ, სასწრაფოდ ლიმუზინი მჭირდება!

ლიმუზინში:
უკანა, მხარ-თეძოზე წამოსაწოლ სკამზე ოსტატი გაშხლართულა, ფანჯრიდან ქუჩას გასცქერის. მის პირისპირ ჩამწკრივებულან პაველი, კანტროლკა და მიშკა-შეგირდი.
- აბა, უყურე, რას გავს ქალაქი - ბინძური, რუხი, უსიცოცხლო; ნაგვით გატენილი ბუნკერებით, მოუვლელი გაზონებით, დაბზარული და ჩამონგრეული კედლებით... ქეციანი ძაღლი დარბის... მტვრის ქარბორბალა დადგა... წყალკანალის ჭას სარქველი არ ახურავს... შეხედე, ამ საქონელმა ტროტუარზე გადაანერწყვა! - უკანასკნელი ისე იყვირა, მანქანაში მსხდომთ ეგონათ, ავარიაში მოვყევითო.
- კარგი რა, შეფ, რა გული გაგვიხეთქე! - აღმოხდა პაველს. - ამ გზას ყოველდღე ავტობუსით გაივლი, ან მარშუტკით, ოთხმოცი თეთრი თუ გაქვს... დღეს რა დაინახე ისეთი, რაც აქამდე არ დაგინახავს?!
- მე მეკითხები?
- ხო, შენ, ამ ქალაქში დაიბადე, გაიზარდე და ისე იქცევი, თითქოს ესესაა ციდან ჩამოვარდი!
- რით ვგავარ „ციდან ჩამოვარდნილს“?
- „ციდან ჩამოვარდნილს“ იმით გავხარ, რომ კაცი იფიქრებს, ქალაქს პირველად ხედავ!
ოსტატი რეალობაში გამოერკვა; ფანჯარას თვალი მოსწყვიტა და ჩაიბუტბუტა:
- ჩემი ბრალი არაა, ლიმუზინის ფანჯრიდან ყველაფერი სხვანაირად მოსჩანს...

„ავეჯის სამყაროს“ ცენტრალურ შესასვლელთან:
(„მემორიალური დაფის“ „აღმართვის“ სცენა)
ლიმუზინის გამოჩენამ, უფრო კი მისი კარიდან ეგზოტიკური ამალითურთ ოსტატის გადმობრძანებამ იქ მდგომთა შორის დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია; გარს შემოეხვივნენ. მართლაც და, საოცარი სანახაობა იყო - ახმახი პაველი, წითელარმიელის ვარსკვლავიანი ქუდით, შინელით, ჩექმებით და კანტროლკა, მხარზეცულგადებული შუა საუკუნეების ჯალათი, რომელსაც სახეს წაწვეტებული შავი ტომარა უმალავს. ხოლო იქ მდგომნი იყვნენ ავეჯის გადამზიდ ავტომობილთა მძღოლები და მტვირთავ-ამწყობნი, ვინც კლიენტ-დამკვეთის მოლოდინ-გამოჭერაში უპოვრად იდგნენ ქარში, წვიმაში და თავისთავად, კარგ ამინდში; მათ იცნეს ოსტატი.
- ვა, ჯიმა... ძმაო... ბრატიშკა...
- მაცადეთ, მე აქ საქმეზე ვარ მოსული! - პაველს მიუბრუნდა. აი აქ, შესასვლელის გასწვრივ, თვალთახედვის სიმაღლეზე დავამონტაჟებთ მემორიალურ დაფას! არა, ცოტა მაღლა სჯობს, ხალხს ზემოდან რომ გადმოჰყურებდეს!
- შეფ, მომისმინე, ეხლა შენ წადი, ავტოგრაფი დაარიგე... საქმეს ჩვენ მივხედავთ! - უთხრა პაველმა.
- „პერფარატორი“ გამოიყოლეთ?
- მარტო „პერფარატორი“ კი არა, როგორც გითხარი, შენთვის დინამიტიც გვაქს გამზადებული!
- დინამიტი ჩემთვის?
- ნუ, შენთვის კი არა, შენი საქმისთვის... ჩვენი იმედი გქონდეს!
- კარგი, ავტოგრაფს დავარიგებ... სიმაღლე არ შეგეშალოთ და არც გვერდულად იყოს გადახრილი!

ოსტატი საზოგადოებას შეერწყა.

- „პერფარატორი“ მართლაც გვჭირდება და „დუბელიც“! - თქვა მიშკა-შეგირდმა.
- „პერფარატორი“ არა ტოლმა, საღეჭი რეზინითაც შეიძლება დაფის კედელზე მიკვრა!
გამოიღო პირიდან კევი, გაყო ორ ნაწილად, რომ სიმყარისთვის დაფა ორ წერტილში მიეკრა, მაგრამ დარჩენილი მასა ეცოტავა, დაფას ვერ შეაკავებდა. ისევ შეაერთა და დამატებით კევის ძებნა იწყო. ბედად, მის გვერდში ვიღაც დოინჯშემოყრილი ახალგაზრდა გამომწვევად იცოხნებოდა.
- „ძმა“, კევი დამაკლდა, მომეცი შენი, რომ დაფა კედელს მივაკრა!
„ძმამ“ არ უპასუხა, თითქოს გაუგებარ ენაზე ჰკითხეს რაღაც. პაველმა გაუმეორა.
- „ძმა“, შენ გეებნები, შენი კევის გარეშე არაფერი გამოვა, მომეცი რომ, დაფა კედელს მივაკრა!
„ძმას“ წაყრუება ამჯერად აღარ გამოუვიდა...
- „ძმა“, კევს ვერ მოგცემ, ამ კევში ფული მაქვს გადახდილი!
- „ძმა“, ამ ქვეყანაზე ყველაფერი ფული ღირს, მაგრამ საერთო საქმისთვის ხანდახან რაღაც უნდა გაიღო; მითუმეტეს, როცა ეს ხელოვნებას ეხება - ხელოვნება მსხვერპლს ითხოვს! თანაც, ეგ შენი კევი ცოტახანში უკან დაგიბრუნდება - ჩვენი წასვლის შემდეგ დაფა ჩამოვარდება, მოხსენი და დაღეჭე! ჩემი კევიც შენი იყოს, თუ გინდა.
ამის შემდეგ, „ძმამ“ ინამუსა, ხელოვნებას შესწირა თავისი წილი მსხვერპლი - გამოიღო პირიდან კევი და გაუწოდა.

ამასობაში ოსტატიც გამოჩნდა.
- ყოჩაღ ბიჭებო, დაგიმთავრებიათ საქმე!
- ისე მყარად დავამონტაჟეთ, რომ ასი წელი იდგება!
- მარტო ასი წელი, მეტი არა?
- „ასი წელი“ მე კედელზე გითხარი, თორემ თვითონ დაფა სამუდამოა, კედლის წაქცევის შემდეგაც ადგილზე დარჩება!
- ლომები ხართ ძმებო, ლომები!

სერიის უკანასკნელი კადრი:
ჩანს კედელზე კევით მიწებებული „მემორიალური დაფა“ და მის ჩამოვარდნის მოლოდინში მდგომი „ძმა“, რომ თავისი კევი დაიბრუნოს, მაგრამ დაფა ჩამოვარდნას არ ჩქარობს. გადის წუთი, ორი, სამი, ხუთი, ათი... არა და არა! ძმა დაიღალა დგომით, ჩაიქნია ხელი და წავიდა.

„ბახ!“ - გაისმა დაფის ვარდნის ხმა.

მეცამეტე სერიის დასასრული.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები