ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2019


ისე მყუდრო, როგორც ლოცვა

მოჰგავს სიო ნახვანჭკარებს,
ბუნება კი მადლით მოსილს.
ნაბიჯები ავაჩქარე,
წყარო შემხვდა, წყალი მოვსვი...
ჩაეკარგა ნაშალებში
ძველი ხიბლი მინდაციხეს.
ნისლის თეთრი თავშალები
მთებმა დილით ჩამოიხსნეს.
ცა კი იყო ისე სუფთა,
როგორც ორივ თვალი ჩვილის.
დარდი მქონდა, გამიუქმდა,
იყო რაჭა ისე ტკბილი...
ოჩოკოჩებს ჰგავდნენ ძნები,
გამოსულებს ტყიდან მინდვრად.
დამტვრეოდა კოჭის ძვლები
სახლს, ერთ დროს რომ მყარად იდგა...
მრავალძალის ძველ ტაძრამდე
მიდის გზა და მივდევ ტყე-ტყე.
სურვილს ფეხით მივასწარი,
სული მტვრისგან დავიფერთხე!
გარემოა ისე დინჯი,
ისე მყუდრო, როგორც ლოცვა...
თვალს არ ხვდება ერთი ხინჯიც,
რაჭამ სული გამიცოცხლა!
11.09.19

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები