| ავტორი: ჯავშანიძე ჟანრი: პროზა 23 სექტემბერი, 2019 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
თბილისის თვალები
ჩემ უბანში ძაღლების მეტი რა არის. ცხოველები დიდად არც მიყვარს. ქუჩის ძაღლები მითუმეტეს ძალიან საცოდავები ან ძალიან აგრესიულები არიან ხოლმე. ბავშვობაში მეშინოდა ძაღლების, მაგრამ მასწავლეს, რომ ძაღლი თუ შიშს შემამჩნევდა ამედევნებოდა და მიკბენდა. ამიტომ ყველაზე დიდ ძაღლსაც კი ამაყად ჩავუვლიდი ხოლმე ცხვირწინ, მიუხედავად იმისა რომ გული მიფანცქალებდა მკერდში.
მერე ჩემს თანაკლასელებსაც დავცინოდი, ვისაც ძაღლების ეშინოდა, გოგოებს გადავეფარებოდი ხოლმე, ვითომ ორი ჩემხელა ქუჩის ძაღლი დაგეშილი რომ გამოქანებულიყო რამენაირად შევაკავებდი.
მაგრამ რომ წამოვიზარდე ძაღლების შიში სულ დამავიწყდა. თბილისის ქუჩის ძაღლები ნაცრისფერ ფონს შეეკედლნენ და ჟანგიანი გაზის მილებივით შეუმჩნეველი გახდნენ.
ჟანგიან მილზე ვიჯექი, როცა კოპლებიანი ძაღლი მომიახლოვდა. ხელში ტელეფონი მეჭირა, იმას, ალბათ, საჭმელი ეგონა. მე კი ისეთი უბნის ლოთად ჩამთვალა, რომლის სამეგობრო წრეც თბილისში ისე დაპატარავდა, რომ მხოლოდ უპატრონო ძაღლებს მოიცავს. ძაღლები ჭკვიანები არიან: შენ საკვები მომეცი, მე მეგობრობას მოგცემ. პირველმა ბიზ’მ’ესმენმა, ალბათ, მათგან ისწავლა ბარტერი.
მოახლოებული ძაღლი მოზრდილი იყო, ბომბორა, თეთრი, შავად იყო დაწინწკლული აქა-იქ. საოცრად ჭკვიანური გამოხედვა და ცისფერი თვალები ჰქონდა. ყოველ მეორე თბილისელს რომ ჰასკი ჰყავს სახლში გამომწყვდეული და თბილისური სიცხით ტანჯავს, ისეთი ცისფერი არა. უფრო ღია. უფრო მქრქალი. უფრო წყლისფერიც ალბათ. დიდი, მრგვალი, ყინულივით ცივი ფერის თვალები. წყალ შემდგარი. ამ დიდრონი გონიერი თვალებით შემათვალიერა. რაღაცა ჰქონდა სათქმელი. ბევრი ჰქონდა სათქმელი. მცირე იარები და დაკუნთული ტორები, საუბრის გარეშეც, მისი წარსულიდან არაერთ მძიმე სურათს ხატავდნენ. ხელი გავუწოდე მარა ისევ უკან წავიღე. მოფერება მინდოდა, ოღონდ გზაში გამახსენდა, რომ ჭუჭყიანი, ბინძური და სად აღარ ნაგდები იყო, მე კიდე ნამუსიც დასაბანი მაქვს. ყურები შეიფერთხა. ალბათ, იფიქრა რომ საჭმელს ვაძლევდი ან ვეთამაშებოდი, მაგრამ გამომეტყველება არ შეცვლია. ტელეფონი მივუშვირე, ისევ მაშტერდებოდა, ისევ მსწავლობდა. ფოტო გადავუღე. როცა მიხვდა, რომ საკბილოს ჩემთან ვერაფერს ნახავდა ნელი ნაბიჯით გამერიდა. იქვე ხესთან მოკურკლა და ნაგვის ქექვა დაიწყო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. \"გადავეფარებოდი\" - მგონი უკეთესია :დდ მადლობა \"გადავეფარებოდი\" - მგონი უკეთესია :დდ მადლობა
1. ,, ამოვეფარებოდი,, თუ ,, აეფარებოდი,,? :)
ერთი-ორი ისეთი ფრაზაა, სულ რომ დაგამახსოვრდება.
,, ამოვეფარებოდი,, თუ ,, აეფარებოდი,,? :)
ერთი-ორი ისეთი ფრაზაა, სულ რომ დაგამახსოვრდება.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|