ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეით გრინი
ჟანრი: პროზა
1 ოქტომბერი, 2019


გეტა (ნაწილი X)

***
მოგონებებში ჩაკარგული თავის ბინას მიადგა, სწრაფად გამოიგნო გზა წარსულიდან და კარი გააღო. სახლში დედამისი დაუხვდა. არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის, რატომღაც ასე ამჯობინეს...
გეტა დაღლილი იყო, დასვენება სჭირდებოდა და ცოტა ხნით თვალის მოატყუება სცადა, მაგრამ ძილმა ისე წაიღო, თვალი რომ გაახილა, უკვე შუაღამე იყო. ოთახს გადახედა და მონატრებულ ნივთებს თითებით შეეხო. დრო რომ მოეკლა, ფილმის ყურება გადაწყვიტა, თუმცა გული ვერ დაუდო და მალევე გამორთო. ისევ წამოწვა, მაგრამ ვერც ამან მოუტანა სიმშვიდე, უცნაურად ბორგავდა. ფანჯარასთან მივიდა და იმ ბინას შეხედა, სადაც ანდრო და თეკლა ცხოვრობდნენ. დიდხანს უყურებდა და ნათლად იღდგენდა ყველა მომენტს, როდესაც უძილო და თეთრად გატარებული ღამეების დროს მათ ხედავდა და ჩუმად ადევნებდა თვალყურს. რაფაზე ჩამოჯდა და გონებაში ალაგებდა ეპიზოდებს, რომლებსაც მეორე დღიდან შექმნიდა. ხანდახან, პატარა, ფერად და წებვად ფურცლებს მივარდებოდა,  რამდენიმე ფრაზას ინიშნავდა, რომ არ დავიწყებოდა, კედელზე აკრავდა და კვლავ აგრძელებდა სიუჟეტების გონებაში განვითარებას.
მეორე დღეს ფეხი არსად გაუდგამს. წინა ღამის განმავლობაში ღრმად გამჯდარ აზრებს უხმობდა და დიდი მონდომებით მუშაობდა:

თავი 12
კვირაზე მეტი იყო გასული, ლუკა დვალი თეკლას არ დაჰკავშირებია. არც ზარებს და არც მის ტექსტურ შეტყობინებებს პასუხობდა. ამ ფაქტმა სესიაშვილი ჯერ გააბრაზა, შემდეგ ძალიან შეაშინა. სახლშიც მიაკითხა, მაგრამ დამლაგებელი ქალი დაუხვდა. მოახსენა, ბინა დღიურ გაქირავებას ექვემდებარებოდა და მეპატრონე იმ საღამოსაც მორიგ სტუმრებს ელოდებოდა. გოგონა თვალებს და ყურებს არ უჯერებდა. რამდენჯერმე გადაამოწმა კორპუსის ნომერი, სართული და ბინის ნომერი, რათა დაეჯერებინა, რომ არაფერი ეშლებოდა. ბოლოს დარწმუნდა ლუკას არაკეთილსინდისიერებაში და გულნატკენი გაშორდა იქაურობას.
სახლის კარი რომ შეაღო, უნდოდა, ბოლო ხმაზე ეყვირა და შიგნით დაგროვილი ვარამისგან დაცლილიყო, მაგრამ ანდროს დანახვაზე ესეც ვერ მოახერხა. დიდხანს იწრიალა, გავარვარებული ლავასავით, ამოსახეთქად ეძალებოდა გრძნობები და მიხვდა, რომ არ წასულიყო, უარესი დაემართებოდა. მოულოდნელად, კარი გააღო და გაშპა. თავადაც ვერ გაიაზრა, როგორ აღმოჩნდა თბილისის ზღვაზე. წყალთან ჩამოჯდა და თვალი ლურჯ სივრცეს გაუშტერა. ფიქრის თავიც არ ჰქონდა, მხოლოდ ლუკას სახე ედგა თვალწინ და ყველა გრძნობა ერთმანეთში ეხლართებოდა. ყველაზე მეტად გაურკვევლობა უღებდა ბოლოს. ვერ დაედგინა რომელი თამაშის მონაწილე იყო, რატომ მოატყუეს, ან რა საფუძველი ედო მათ ურთიერთობას. სიყვარული, იმედგაცრუება, ბრაზი, ბოღმა და ტკივილი გულში ისე დაგუბებოდა, ვერსაიდან ეპოვა გზა გადმოსასვლელად და თუხთუხს განაგრძობდა. საკმაოდ გვიანი იყო, როდესაც მის მობილურზე ანდროს ნომრიდან ზარი შევიდა. უემოციოდ უპასუხა, ადგილსამყოფელი უთხრა და მაშინვე გაუთიშა. დაახლოებით ერთ საათში აღელვებულმა ბიძაშვილმა მიაკითხა. თეკლა ნირწაშლილი იჯდა, თავიც არ მიუბრუნებია მისკენ. საცოდავად მობუზულიყო და კანკალებდა.
-ამ შუაღამისას აქ რას აკეთებ? - გვერდზე მიუჯდა ანდრო.
გოგონა დუმდა. არც იმის თავი ჰქონდა, მისთვის რამე აეხსნა, არც სურვილი.
-ვერ ხვდები, რომ გცივა? -თხელი ქურთული გაიხადა და გოგონას მხრებზე მიაფარა.
თეკლამ ქურთუკი ჩაიცვა და ბიძაშვილის მიმართ მხოლოდ მადლობით შემოიფარგლა. ანდრომ ხელი თხელ თითებზე წაატანა:
-სულ გაყინულხარ. მომეცი ხელები, გაგითბობ.
თეკლა ინსტინქტურად დაემორჩილა. ანდროს გაყინული ხელები ეჭირა და თითებს ნაზად ეხებოდა. გოგონამ სითბო იგრძნო, მზრუნველობაც, ლტოლვაც და ესიამოვნა. თითქოს ელექტრონებივით გადაეცემოდა მის სხეულს მამაკაცისგან წამოსული ემოციები და გაურკვეველ ბადეში ჰხვევდნენ. ეს რაღაც ახალი იყო, ძლიერი და მოსწონდა, რომ უფრო ღრმად ტოპავდა. არ უნდოდა, შეეჩერებინა და წინააღმდეგობა გაეწია. მის წინ მდგომს მეტისმეტად ახლო ადამიანად გრძნობდა, იმაზე მეტად, ვიდრე უნდა ეგრძნო. გული აუჩუყდა. მოუნდა, დაგროვილი სევდა როგორმე ამოენთხია და მასთან ნუგეში ეპოვა. თვალები დაბლა დახარა და ცრემლები გადმოაფრქვია.
-შენ რა, ტირი? -თეკლას ცრემლებმა სხვა სამყაროში გადასროლილი ანდრო გონს მოიყვანა.
გოგონას ხმა არ გაუცია, ტირილს უმატა.
-ვინმემ რამე გაწყენინა და არ ამბობ?
თეკლამ ხელები გაუშვა და დასველებული ღაწვები მტევნებით მოიწმინდა.
-თუ შენი ცრემლების მიზეზი ის არის, ვისზეც ახლა გავიფიქრე, გეფიცები, გაჩენის დღეს ვაწყევლინებ,- ავის მომასწავებელი ხმით თქვა და მხეცივით აიჯაგრა.
გოგონამ თავი გაიქნია:
-კარგად გავხდები, როგორმე მოვერევი.
-რას ჰქვია, მოერევი?! იმ ნაბი*ვარი ბიჭის ბრალია ყველაფერი, არა?
-არავის დაცვა არ მჭირდება. თავს გავართმევ.
-მითხარი, რა დაგემართა?
-არაფერი. ცოტა რამეზე მაქვს სადარდებელი? დაგროვდა და ვეღარ გავუძელი, -ისევ სლუკუნებდა თეკლა.
ანდრო სიმწრისგან ადგილს ვეღარ პოულობდა, აქეთ-იქით ნერვიულად დააბიჯებდა.
-სახლში მინდა,- საწყლად თქვა თეკლამ და ბიძაშვილს ახედა.
ბიჭმა ხელი მხარზე მოჰხვია და სცადა, სიარულში დახმარებოდა.
-ჩემით წამოვალ,-ხელი გააშვებინა და ტაატით გაჰყვა.
მიუხედავად ანდროს არაერთი მცდელობისა, თეკლას არაფერი გაუმხელია მისთვის. კვლავ განაგრძობდა ლუკასთან რეკვას, მაგრამ სამწუხაროდ, კვლავ იგივე გრძელდებოდა. მალე ნომერიც გათიშა და მთლად მიუწვდომელი გახდა. სხვა გზა რომ აღარ დაუტოვა, გადაწყვიტა, სამსახურში მიეკითხებინა.
ნოემბრის სუსხიანი დილა იყო. შემოდგომის ცას რუხი ღრუბელი გადაჰფარვოდა და საწვიმრად უხმობდა ძალებს. სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა, თუმცა ამინდზე სულ არ ფიქრობდა. მიდიოდა ქუჩაში მარტო და ყურადღებას არ აქცევდა გამვლელთა გაკვირვებულ სახეებს, რომლებიც გაქვავებული სახით მიმავალს ყოველ მხრივ აკვირდებოდნენ. ვენებში საკუთარი სისხლის დუღილს და მოძრაობას გრძნობდა. უცებ გაჩერდა, გაავებული გულისცემა როგორმე უნდა დაემშვიდებინა, მაგრამ ისიც არ იცოდა, როგორ... შენობის კედელს მიეყრდნო, ქვით გაწყობილ კედელს შუბლი მიადო და ფეხს არ იცვლიდა. დიდხანს იდგა გაუნძრევლად და გულში ღმერთს ევედრებოდა, რომ ბედს კიდევ ერთხელ არ ემუხთლა მისთვის:
-უფალო, თუ მართლა არსებობ, გადმომხედე და გამაგონე ის სიმართლე, რისი მოსმენაც ძალიან მწადია. თავად ხარ მოწმე, არაფერი დამიშავებია. ნუ გამიმეტებ სისასტიკისთვის, ვერ გადავიტან ლუკასგან მოტყუებას. არ გამწირო, გთხოვ, არ ჰკრა ხელი შენ შვილს.
-გოგონა, ხომ არაფერი გიჭირთ?- გაზეთების ჯიხურიდან გამყიდველი ქალი მივიდა და ჰკითხა.
თეკლამ დაგუბებულ ყურებში ძლივს გაიგონა მისკენ მიმავალი ბგერები.
-დიახ... არა... არ ვიცი...-განადგურებული სახით შეხედა.
-გეტყობა, რომ კარგად არ ხარ. ჩამოჯექი, -სკამი დაუდგა ბარბაცით მოსიარულეს.
ქალმა ჩანთა გახსნა, ვალერიანის ნაყენის პატარა ბოთლი ამოიღო, სასწრაფოდ წყალში შეაზავა და მიაწოდა:
-დალიე, გამოგაკეთებს.
-გმადლობათ,- თეკლამ ჭიქა გამოართვა და დალია.
ოდნავ რომ დამშვიდდა, ფეხზე წამოდგა, ქალს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და გზა განაგრძო. პოლიციის შენობას რომ მიუახლოვდა, ღრმად ჩაისუნთქა და შემინულ შენობაში უყოყმანოდ შეაჭრა. დაბნეული იყურებოდა, ვერ მიხვდა საით წასულიყო.
-რა გნებავთ? ვისთან ხართ?-უკნიდან იქ მომუშავე პოლიციელის ხმა მოესმა.
-მე.., არ ვიცი, როგორ გითხრათ, მე...-ძალიან დაიბნა.
-მოკლედ მითხარით, ამდენი დრო არ მაქვს,-საბუთებით ხელში იდგა და ეტყობოდა, სადღაც ეჩქარებოდა.
-ლუკას ვეძებ.
-ვინ ლუკას?- წამით დაფიქრდა მამაკაცი.
-აი, საშუალო სიმაღლის, ქერას...
-მოიცა, მოიცა, ლუკა ვინ არის?
-თქვენი თანამშრომელი.
-თანამშრომელი ლუკა,- ჩაფიქრებულმა კეფა მოიქექა და გონებაში კოლეგების სიას გადახედა. მსგავსი სახელით ვერავინ გაიხსენა და უსაყვედურა: - ნუ დამტანჯე, ბიძიკო. მაგ ლუკას გვარი არა აქვს? მასე სულიკოსაც ეძებენ და დღემდე ვერ უნახავთ, -ჩაიქირქილა პოლიციელმა, მაგრამ თეკლას დათრგუნულ სახეს რომ დააცქერდა, მიხვდა, რომ უადგილოდ იხუმრა და უმალვე გაჩუმდა.
-ლუკა დვალი,- მიუგო გოგონამ.
-არავინ მახსენდება,-თავი გააქნია კაცმა და ერთ-ერთ თანამშრომელს გასძახა: -გია, ახლახან რომ დაინიშნა, იმ ახალ თანამშრომელს რა ჰქვია?
-ლექსო ტუღუში,-დაუბრუნა პასუხი.
-ჰო, არა, აქ არავინ მუშაობს ლუკა დვალის სახელით და გვარით.
-დარწმუნებული ხართ?-ელდა ეცა თეკლას.
-დიახ.
-იქნებ გადაამოწმოთ.
-შენ როგორ ფიქრობ, ამ პატარა შენობაში ჩემ თანამშრომლებს ვერ ვცნობ?-გაუწყრა პოლიციელი.
-კარგი, ბოდიშს ვიხდი და მადლობა,- ზურგი აქცია მამაკაცს და იმედგაცრუებული შენობის გასასვლელისკენ წავიდა.
-სხვა ხომ არაფერი გჭირდებათ? -სიტყვა დააწია კაცმა.
-არა, -ცრემლი ძლივს შეიკავა და სწრაფად დატოვა იქაურობა.
გარეთ დელგმა იყო, ცა იქცეოდა. გოგონა მიდიოდა, მაინც არ ჩერდებოდა და ცდილობდა, წონასწორობა შეენარჩუნებინა, რომ არ დაცემულიყო:
-რომელი ერთი ხარ ლუკა დვალი, თუ ლექსო ტუღუში? სახელსა და გვარშიც იცრუე? ოჰ, არა, კიდევ ერთხელ მიმუხთლა ბედმა. რა საშინელება ყოფილა ღალატი და ორპირობა, - ხმადაბლა წარმოთქვამდა და გრძნობდა, როგორ ეცლებოდა მიწა ფეხებიდან.


თავი 13
რამდენიმე თვემ განვლო. თეკლა ისევ საკუთარ თავში ჩაიკეტა და დიდად არავის ეკონტაქტებოდა. ბოლო შემთხვევის შემდეგ, აღარც უცდია, ლუკა დვალი მოეძებნა. უკვე იმდენი მიზეზი ჰქონდა მისი სიძულვილისთვის, მასთან შეხვედრის სურვილი დაკარგა. ანდრო ვერაფრით ეგუებოდა გოგონას ასეთ მდგომარეობას და ის ფაქტი უფრო ახელებდა, რომ არავის იკარებდა დასახმარებლად. სახლიდან გადასვლაზე ფიქრი შეწყვიტა, იმ იმედით, რომ სამსახურის შოვნის აუცილებლობაზე დროებით არ აფიქრებინებდა, დასვენების საშუალებას მისცემდა და ოდნავ მაინც შეუმსუბუქებდა ყოფას. პატარა ბავშვივით უვლიდა და პატრონობდა, თუმცა სინათლის სხივი არსაიდან იკვეთებოდა, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს, თავად თეკლამ არ მოინდომა გარეთ გასვლა და ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გასეირნება. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო მის ცხოვრებაში დიდი გადატრიალება.
შემთხვევით გაზეთი იყიდა და იფიქრა, სამსახურის ვაკანსიებს გადახედავდა. რამდენიმე ადგილას დარეკა და ისეთი პირობები წაუყენეს, საბოლოოდ შეეშვა კერძო დამსაქმებლებთან მონურ შრომაზე და შეურაცხმყოფელ ანაზღაურებაზე ფიქრს. გადაწყვიტა, ბინებში ევლო და დაწყებითი საფეხურის სკოლის მოსწავლეები კერძოდ მოემზადებინა ინგლისურ ენაში. ორი კვირის განმავლობაში, ყოველ ნომერში აქვეყნებდა განცხადებებს და მესამე კვირის თავზე ორი მოსწავლე გამოუჩნდა. დასაწყისისთვის არცთუ ისე ცუდი იყო, მომავლისთვის კი მათი რიცხვის გაზრდას ვარაუდობდა. ძალიან მოინდომა, სწავლების მეთოდებს ზედმიწევნით გაეცნო და თითოეული გაკვეთილი მაქსიმალურად ეფექტიანად დაგეგმა. პატარებთან ურთიერთობა გარკვეულწილად წაადგა მის შინაგან მდგომარეობას და ნელ-ნელა ცხოვრებისკენ გამოიხედა. პირველი ანაზღაურების ნახევარი ანდროს მისცა, რომ ბინის ქირის გადახდაში წვლილი შეეტანა. თავდაპირველად, ბიძაშვილმა თანხის გამორთმევა იუარა, მაგრამ თეკლამ ისეთი სიტყვებით დაუსაბუთა ამის აუცილებლობა, მტერი უნდა ყოფილიყავი, რომ მისთვის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებაში ხელი შეგეშალა.
კმაყოფილი მშობლების რეკომენდაციით მალე თეკლას მოსწავლეების რიცხვმაც იმატა და მიუხედავად იმისა, სწავლასთან ერთად მუშაობასაც ითავსებდა და ძალიან იღლებოდა, იმდენს გამოიმუშავებდა, საკუთარ თავს მეტ-ნაკლებად უარს არაფერზე ეუბნებოდა და  სწორედ აღნიშნული სიკეთის გამო, არასოდეს წუწუნებდა. რაც შეეხებოდა ლუკა დვალს, თეკლას ყველა გაფრთხილებული ჰყავდა, რომ ამ თემაზე საუბარი კატეგორიულად ეკრძალებოდათ. არც თავად გოგონა აძლევდა თავს უფლებას, იგი გაეხსენებინა. ეს პიროვნება სამუდამოდ დარჩა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვებით მისი გულის ლაქად, რომელიც თავისი გამოჩენითაც და გაუჩინარებითაც ბოლომდე გამოცანად დარჩა. სამაგიეროდ, ანდროსთან ურთიერთობა მოუწესრიგდა, მათ შორის კვლავინდებური სიმშვიდე და ჰარმონიული კავშირი დაბრუნდა, თუმცა ამჯერად მათ კავშირს კიდევ ახლდა რაღაც ამოუხსნელი, რომელიც უხილავი ძაფებით აკავშირებდა ერთმანეთთან.

***
გეტამ კმაყოფილებით გამორთო ლეპტოპი და ჩაილაპარაკა:
-უკვე დრო იყო, მკითხველისთვის ნამდვილი ლუკა დვალი გამეცნო,- მერე მთელი სხეულით მოეშვა და შეეცადა, დაღლილობისგან და დაძაბულობისგან განტვირთულიყო.
წარსულმა ისევ თავისებური სიჯიუტით შეუტია. კვლავ დაიწყეს შემაძრწუნებელმა ფაქტებმა მწერლის გონების დატბორვა. გეტა ებრძოდა, აღარ უნდოდა არც თუ ისე სასიამოვნო შეგრძნებების განმეორება. შფოთავდა, ოფლი ასხამდა, ხელებით აგდებდა მეხსიერებიდან ამოწვერილ, ტკივილით სავსე მოგონებებს, მაგრამ ვერ უმკლავდებოდა, მაინც არ ეშვებოდნენ. თავს ესხმოდნენ, ხელმეორედ აღვიძებდნენ აწ უკვე განცდილს და კვლავ აუტანლად უფლითავდნენ და აგლეჯდნენ გულის ძარღვებს. თვალწინ წარმოუდგა ყველაზე ნავსიანი დღე, რომელმაც საბოლოოდ მიაღებინა გადაწყვეტილება, რომა მიეტოვებინა. ისევ ხედავდა მისაღებ ოთახში დივანზე ჩამომჯდარ მეუღლეს, რომელიც ჟურნალების მაგიდაზე უნებისყოფო სახით მორფს ამზადებდა ვენაში გასაკეთებლად. ყურებში ესმოდა თავისივე განწირული ხმა, რომელმაც იმ საშინელების დანახვისთანავე გაიჟღერა: 
-ღმერთო დიდებულო, არ მჯერა, რომ ამ საზიზღრობას ისევ სჩადიხარ.
რომამ ტკივილით სავსე თვალებით შეხედა და თავი იმართლა:
-ვერ ვივიწყებ რეზოს და ბანდის დანარჩენ წევრებს. ისინი ჩემს გამო „დაბრიდეს“. განადგურებული ვარ, უნდა მაპატიო.
-გამორიცხულია! ამის უფლებას არ მოგცემ! მე მორფინისტი ქმარი არ მჭირდება, გესმის?!
-ერთხელ და ორჯერ ამის მიღება ნარკომანად არ მაქცევს.
-არავითარ შემთხვევაში!- გაგულისებული გეტა სასწრაფოდ დასწვდა პრეპარატს და მისი მოშორება განიზრახა. რომა გადაეღობა და შეშლილი თვალებით დააცქერდა:
-ხელი გაუშვი!
-არა!
-გაფრთხილებ, წყობიდან არ გამომიყვანო! გააკეთე, რასაც გეუბნები და შენი ხელით დააბრუნე, რაც აიღე მაგიდიდან.
-არ შემწევს უნარი, ყოველ დღე გიყურო, როგორ იღუპავ თავს. ვერ გადავიტან უშენობას. მე შენთან ერთად ყოფნა მინდა და მიხარია. ხომ ხედავ, შენზე ვარ სიამის ტყუპივით მოწებებული, სუნთქვაც კი მიჭირს უშენოდ. ეს საზიზღრობა ერთად ყოფნის საუკეთესო წუთებს გვაცლის ხელიდან.
-ეგ სიტყვაკაზმული რიტორიკა შენთვის შეინახე და ბევრს ნუ მალაპარაკებ, თორემ ვატყობ, ვერ გადამირჩები.
-სულ დაკარგე თავმოყვარეობა?
-გეტა!-იღრიალა მამაკაცმა.
-აირჩიე - ან მე, ან ეს! -თვალები დაუჭყიტა ქალმა.
-ნუ მაიძულებ, ის გავაკეთო, რაც ძალიან არ მინდა, -შარვლიდან ქამრის მოხსნა დაიწყო რომამ.
-აღარ გიყვარვარ?
-კარგად იცი, რომ საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ, მაგრამ რასაც ახლა მიბედავ, არ შეგარჩენ!
-ამ დღესაც მოვესწარი? ცემას მიპირებ? არ შემეხო, ეს არ გააკეთო, რომა, - თვალებს არ უჯერებდა გეტა.
მამაკაცი მდგომარეობიდან გამოვიდა, თვალები აემღვრა და გალიაში გამოკეტილი მხეცივით ღრიალებდა:
-დააგდე რაც ხელში გიჭირავს! დროზე!
-არა!
-დააგდე-მეთქი!
- დაყრუვდი? არა! არა! არა! - კვლავ ჯიუტობდა ქალი.
წონასწორობადაკარგულმა მამაკაცმა უმოწყალოდ სცემა იმ საღამოს საყვარელი მეუღლე. ყოველ დარტყმაზე გეტას სიმწრით ამოსდიოდა მოგუდული ბგერები და ძლივს უძლებდა ქმრის აგრესიას. კანი უხურდა, ეწვოდა, სტკიოდა, მაგრამ ყველაზე მეტად შიგნიდან დაგროვილი ტკივილი აწუხებდა, რომელიც ძაფის გორგალივით სევდისგან და იმედგაცრუებებისგან ისე დაგორგლილიყო, ყელთან აწვებოდა და ხუთავდა.
გამთენიისას სახლიდან წამოსული, ნაცემი გოგონა მშობლების სახლს მიადგა:
-მორჩა! ყველაფერი დასრულდა, მამა! -ძლივს ამოილუღლუღა და ვასო აბალაკს ნახევრად გონდაკარგული მიეკრო.
-ეს იმ არაკაცის ნახელავია?! - ბრაზით წარმოთქვა კაცმა და ნაცემი შვილის დაჟეჟილ სხეულს დათრგუნული მზერით შეხედა.
გეტამ არაფერი უპასუხა. გული აუჩუყა მამის თანაგრძნობამ და ხმამაღლა ატირდა. როდესაც დედამ ასეთ დღეში ჩავარდნილი შვილი იხილა, ელდა ეცა. სათითაოდ დაუმუშავა ჭრილობები და რამდენიმე დღე მის საწოლს არ მოსცილებია. სახლში დაბრუნებით ქალმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი იმ დიდ სიყვარულს, რომელიც თავის დროზე არაჯანსაღ გარემოში ჩაისახა და ასეთივე ვითარებაში აგრძელებდა განვითარებას.
ერთ საღამოს, როდესაც რომას მუქარებით შეღონებული ყოფილი ცოლის მშობლები საჩივრის დასაწერად მილიციის შენობაში წასულიყვნენ, გეტა და თავის პატარა დისშვილი სახლში მარტო იმყოფებოდნენ. დეიდა ხუთი წლის ქეთის დამალობანას ეთამაშებოდა. ბავშვის კისკისი და მხიარული შეძახილები მთელ სახლს დადებით აურას ჰფენდნენ და ხალისით აცოცხლებდნენ:
-მაინც ხომ გიპოვე, ჩემო კუდრაჭა,- გეტამ ხელში აიტაცა ბავშვი და რამდენიმე ადგილას წაუღიტინა.
-გამიშვი, -ძლივს ამბობდა ჩაბჟირებული ქეთი და მეტისმეტი სიცილი უკვე კივილში გადასდიოდა.
უეცრად სადარბაზოდან შემავალ კარზე ზარის ხმა გაისმა. როგორც წესი, ოჯახის წევრები ყოველთვის ეზოს მხრიდან შედიოდნენ სახლში და ამ ფაქტმა გეტა გააკვირვა. მიხვდა, რომ ისინი არ იქნებოდნენ. უცნაურმა შიშმა შეიპყრო და ბავშვთან ერთად სადარბაზოს კარისკენ ფრთხილი ნაბიჯებით დაიძრა. შუქზე შორიდანვე დალანდა თეთრ ტანსაცმელში შემოსილი რომა, რომელიც ხის კარებს გამეტებით აწვებოდა და მასში ჩასმულ მინაზე აკაკუნებდა.
-აქ რას აკეთებ?!- მკაცრად დაუყვირა გეტამ და ბავშვს რომ არ შეშინებოდა, მთელი ძალით გულზე მიიკრო.
-კარი გააღე, უნდა გელაპარაკო!
-ყველაფერი დამთავრდა! შეეგუე და მიბრძანდი აქედან!- კბილებში გამოსცრა ქალმა.
-როგორ ფიქრობ, აქედან წამსვლელი ვარ? კარს შემოვლეწავ, ახლავე გააღე!
-ჩემი სათქმელი უკვე გითხარი. შენს მოსმენას არ ვაპირებ!
-გააღე კარი!- დაიღრიალა მამაკაცმა და პირველივე ცდაზე მუშტით მინა დაამტვრია.
მაშინვე იფეთქა გაჭრილი ხელიდან სისხლმა, თუმცა გაგიჟებული რომა ყურადღებას არ აქცევდა და კარის მეორე ფრთის მინასაც იგივე ბედი მოსწია. ქეთიმ სისხლის დანახვაზე ტირილი მორთო.
-ბავშვს ნუ მიშინებ, ფსიქოპათო! აქ მაინც ვერ შემოხვალ, რკინის გისოსებს ვერ დაამტვრევ, -შეჰკივლა გეტამ და აღელვებული ქეთი გვერდზე ოთახში გაიყვანა დასამშვიდებლად.
დიდხანს ესმოდა ბავშვთან ერთად სხვა ოთახში მყოფს რომას ღრიალი და გისოსებთან ჯაჯგურის ხმა, თუმცა მშვიდად იყო, იცოდა, რომ სახლი კარგად იყო დაცული მასში არასასურველი სტუმრების შეღწევისგან. ატირებულ ბავშვს მლაშე სითხით დასველებულ, ვარდისფერ ლოყებს უწმინდავდა და კოცნით უფარავდა გაცხელებულ, პატარა შუბლს. შემდეგ ყველაფერი მიჩუმდა და მოულოდნელი სიმშვიდით ჩაცხრა.
-ნუ გეშინია, ყველაფერი დასრულდა, პატარავ. ცუდი ძია წავიდა,-თავადაც აღელვებული, მთელი გონებით ბავშვის დამშვიდებაზე მომართულიყო, კალთაში ჩაესვა და გულზე მიკრულს ნელა არწევდა.
-იქით წავიდეთ,-თითი გაიშვირა მინავლებულმა გოგონამ და გეტას კალთიდან ჩაჩოჩება დაიწყო.
-სად მიდიხარ, ქეთი?
-ბებოს და პაპას ოთახში.
-აქ არ არიან, მალე მოვლენ.
-მათთან მინდა,- ამოისრუტუნა და ძლივს დამშვიდებული ისევ სატირლად მოემზადა.
ამჯერად მეორე კარზე გაისმა მტვრევის და ნგრევის ხმა.
-ღმერთო ჩემო, -ნერვიულობისგან მუხლები აუკანკალდა გეტას, ადგილიდან ვეღარ იძვროდა.
ოთახიდან წასასვლელად მომზადებული ბავშვი სირბილით უკან დაბრუნდა და გაფართოვებული თვალებით დეიდას მიეხუტა. პატარას გულის ძგერა ლამის მთელ ოთახში ისმოდა და ამ ყველაფრის შემყურე, უმწეო გეტას ბოლოს უღებდა:
-შენთან ვარ, ქეთი. არ იტირო, ვერაფერს დაგვაკლებს.
-ისევ ის ბოროტი ძიაა?
-ჰო, მაგრამ აქ ვერ შემოვა.
-აღარ მინდა ამ სახლში... წავიდეთ... - ისევ ასლუკუნდა ბავშვი.
გეტა ეზოდან შესასვლელი კარისკენ გაემართა და დაინახა, სისხლში ამოსვრილი რომა, რომელსაც ხის კარები უკვე შეემტვრია და ახლა, საიდანღაც მოტანილ ბლოკის ნაჭერს რკინის გისოსებს ურტყამდა, რომ ისიც გაეტეხა:
-ვერ მომიშორებ! სადაც არ უნდა წახვიდე, მაინც ჩემი ხარ!
-ავადმყოფი ხარ, რა უნდა გელაპარაკო? ეს ბავშვი მაინც შეიცოდე,- თითით ანიშნებდა ბოლო ხმაზე ატირებულ ქეთიზე.
-შენი აღსასრულის დღე დადგა, გეტა აბალაკო. გეფიცები, მოგკლავ და უჩემობას არ გაპატიებ!
-ბოლო ნუ მომიღე, თავი დამანებე!- ვეღარ გაუძლო გეტამ დატრიალებულ საშინელებას და მუხლებში ჩაიკეცა.
საიდანღაც მილიციის სირენის ხმა გაისმა. რომამ ბლოკი ხელიდან გააგდო და ღამის წყვდიადში გაუჩინარდა. ჩამცხრალი ჩხუბის შემდეგ მეზობლები და მილიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ. დალეწილი მინების, კარების და სისხლით მორწყული ჰოლის და დანახვაზე გეტა აბალაკი ჩვენების მისაცემად მილიციის შენობაში გადაიყვანეს, ხოლო ქეთი დროებით მეზობლებმა  დაიტოვეს.

***
-შეიძლება?- კარი შეაღო ქეთიმ და გეტა წარსულში ბორიალს მოსწყვიტა.
-როგორ არ შეიძლება, შემოდი,-გაუღიმა დეიდამ და პარკეტზე გართხმული ფეხზე წამოდგა.
-იატაკზე რას აკეთებდი?
-რა ვიცი, აქ უფრო კომფორტულად ვგრძნობ ხოლმე თავს,-სერიოზული სახით იცრუა ქალმა და უღონოდ აიჩეჩა სუსტი მხრები.
-ყავას დალევ? შენთვის გავაკეთე,- თბილად გაუწოდა იასამნისფერი ჭიქა და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა.
-მადლობა, სიამოვნებით გეახლები, -თბილ ჭიქას გაყინული თითები შემოჰხვია და სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა.
-სულ მინდოდა, მეკითხა და თავი ვერ მოვაბი: -რატომ შეიყვარე იასამნისფერი?
-განსაკუთრებული მიზეზი არ მაქვს. ისე, უბრალოდ,- ისევ იცრუა ქალმა.
-ჰო, მაგრამ ტანსაცმელი, ნივთები... ყველაფერში ეს ფერი დომინირებს. ვიფიქრე, რამე, მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა.
გეტამ რამდენიმე ყლუპი ყავა მოსვა, სავარძელი ქეთისთან ახლოს მისწია და ერთადერთ დისშილთან საიდუმლო დიალოგი გამართა :
-ფერებზე საუბარს თავი დავანებოთ. მეც მაქვს შენთან ერთი კითხვა.
-გულისყურით გისმენ.
-ჩემი კითხვა წარსულის ერთ დღეს უკავშირდება. მაშინ სხვა მისამართზე ვცხოვრობდით. ოთხი წლის იყავი და არ ვიცი, რამდენად გახსოვს. ღამე იყო. მე და შენ მარტო ვიყავით. მოულოდნელად კარზე ზარი გაისმა. მის გასაღებად რომ წავედით, ზღურბლთან თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი იდგა, სახლში შემოსვლა უნდოდა, მაგრამ ამის საშუალება არ მივეცით.
-შენ პირველ ქმარს მახსენებ?
-ჰო.
-იმ საშინელ ღამეს რა დამავიწყებს.
-ყველაფერი გახსოვს?
-დიახ,- დაიჩურჩულა სახეშეცვლილმა ქეთიმ.
-რატომღაც მეგონა, რომ დაგავიწყდებოდა, მაგრამ ვატყობ, მსგავს ამბებს ღრმად ვიბეჭდავთ ადამიანები მეხსიერებაში და რამდენადაც არ უნდა ვეცადოთ, ვერ ვივიწყებთ.
-რამ გაგახსენა?
გეტამ მძიმედ ამოიქშინა, მერე დისშვილს შეხედა და კვლავ გააგრძელა:
-ბოლო დროს უცნაური რაღაცები დამჩემდა. ნათლად ვხედავ განვლილ ცხოვრებას და ხელმეორედ გავდივარ იმ გზას, რაც დიდი ხნის წინ გავიარე.
-ვერ მიგიხვდი.
-კარგი, უფრო დაგიკონკრეტებ, თუმცა მსგავსი რამ ადრეც მითქვამს შენთვის. რაღაც პერიოდი ცხოვრებისგან დაბეჩავებულ გეტას გავექეცი და მწერალი გეტა აბალაკი შევქმენი. რაც კი მასში ძლიერი იყო, წინა პლანზე წამოვწიე და ყველა ძირითადი თვისება ხელოვნურად დავუკარგე. ყველაფერი წავართვი, გრძნობებიც კი და მხოლოდ ცივი გონებით მოაზროვნე ადამიანად დავტოვე. წავუშალე წარსული და საწყლად ჩემი სხეულის პატარა კუთხეში მივყუჟე. მძულდა და თან მეცოდებოდა. ვერ ვიტანდი, როცა მეწინააღმდეგებოდა. მინდოდა ბოლომდე ჩამეკლა და ერთხელ და სამუდამოდ გამომეგლიჯა, მაგრამ მის პიროვნებას მხოლოდ ვპრესავდი, საბოლოოდ ვერ ვაქრობდი. აი, ახლა კი, ვატყობ, იღვიძებს, წარსულს მახსენებს და აწმყოს მართმევს. როგორ აგიხსნა, თითქოს თავისი აწმყოთი იწყებს ცხოვრებას. მე კი ეს არ მომწონს და ყოველ დღე ვებრძვი.
-თუ სწორად გავიგე, წარსულის მოგონებები გაწუხებენ. კი, ზუსტად გახსოვს, ეს ადრეც აღნიშნე ჩემთან.
-წარამარა ვჩეხ ამ მოგონებებს და შემდეგ ტვინის ნაგავსაყრელზე ვუძახებ, მაგრამ მაინც  არ იხრწნებიან, არ იშლებიან, ისევ ცოცხლობენ და არ მეშვებიან...
-გარემო რომ შეიცვალო? ან ახალი ჰობი შეიძინო?
-არა, რასაც ახლა ვწერ, მინდა, ბოლომდე მივიყვანო. ამჟამად მეტი არაფერი მაქვს სანაღვლებელი.
-რა სიხშირით გაწვალებენ წარსულის მოგონებები?
-თითქმის ყოველ დღე. სწორედ ამის გამო, ვინ იცის, ხეირიანს ვეღარ ვქმნი და რედაქტორმა დამიწუნოს კიდეც.
-რაზე წერ?
-ორ ფსიქოლოგიურად შერყეულ და ტრავმაგადატანილ ადამიანზე, რომლებიც ერთი საბედისწერო შემთხვევის გამო, იმდენად სუსტდენიან, საკუთარ სადავეებს კარგავენ და რასაც ჩვეულებრივად, ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოების წევრები შინაგანად ბლოკს ვადებთ და გავურბივართ, ისინი ყველაფერს განბლოკავენ და საკუთარი საქციელით ცოდვის ძალის მონები ხდებიან.
-რაზე მიმანიშნებ?
-ნათესავების სქესობრივ კავშირამდე დასულ სიყვარულზე.
-ინცესტზე?
-დიახ,-ღრმად ამოიოხრა მწერალმა.
-რამ გადაგაწყვეტინა, რომ ეს თემა წამოგეწია?
-ნამდვილმა ამბავმა, რომელიც ცოტა ხნის წინ, ჩვენს ქუჩაზე მოხდა და არც თუ ისე სასიკეთოდ დასრულდა.
-მაინც როგორ დასრულდა?
-ცუდად, მაგრამ დეტალების მოყოლას ნუ მთხოვ, სანამ არ დაიბეჭდება, მანამდე ვერავინ ვერაფერს იხილავს.
-საინტერესო თემაა, -ტუჩები დაბრიცა ქეთიმ.
-რაც რეალურია, ის ყოველთვის საინტერესოა. ოცდამეერთე საუკუნემ კაცობრიობა იქამდე მიიყვანა, ხალხმა ნამდვილსა და ტაბუდადებულ თემებში, ან ფენტეზიში ჰპოვეს შვება და სიამოვნება. სხვა დანარჩენი, ადამიანის ფსიქოლოგიის გარდა, უკვე კარგად გადაღეჭილი და თითქმის ამოწურული თემებია.
-თუ რამე ახალი აღმოჩენა არ გააკეთეს...
-მაშინ კი მიეცემა ყველას ერთად საქმე.
-ვაღიარებ, დამაინტრიგა შენმა ნაწარმოებმა, მაგრამ არაუშავს, გამოქვეყნდება და წავიკითხავ.
-ასე აჯობებს.
-კარგი, ჩემი წასვლის დრო მოვიდა. როცა მოვიცლი, კიდევ შემოგირბენთ. ნანიკოს დავემშვიდობები და გავიქცევი.
-დროებით, ქეთი,-ღიმილიანი სახე გააყოლა დეიდამ და ფინჯანში დარჩენილ ყავას მიუბრუნდა.


გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს