| ავტორი: ჯავშანიძე ჟანრი: პროზა 26 სექტემბერი, 2019 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
დონ კიხოტი
უკვე მესამე მონამზიდი მიდის. ბაქანზე ხალხი არ ცოტავდება. ვაგონები გატენილი მოდის, გატენილი მიდის. კარი იღება, ორი ადამიანი გამოდის, ოთხი შედის. ვერ ვიჯერებ რომ ხუთ საათზე უკვე ასეთი ამბავია. სამსახურები ექვსზე რჩება. მე ჩემიდან ადრე წამოვედი სპეციალურად რომ ამ ამბისთვის თავი ამერიდებინა. ჯერ ხელფასს არ მიხდიან, ასე რომ მეც ავდექი და ადრე წამოვედი. ვიცი, არც მერე არ გადამიხდიან, ასე რომ ადრე მოვდივარ ხოლმე.
ეს მოხუცები წეღანაც შევნიშნე. მგონი ჯერ კიდევ ესკალატორიდან რომ ჩამოვედი. ერთი ქალი მეორეზე უფრო მაღალია და განიერიც. მეორე ძალიან ჩიაა და პირველს ებღაუჭება. ორივეს უზარმაზარი სათვალე უკეთია, საოცრად გაფითრებული კანი აქვთ. ერთმანეთს ეყუდებიან, მეორე უფრო ეყუდება პირველს, და მონამზიდს ელოდებიან. მაგრამ მონამზიდში შესასვლელად ბუნებრივი შერჩევის კანონი მოქმედებს. მეოთხეჯერაც გაძეძგილი რომ წავიდა უკვე ნერვები მომეშალა. მოხუცები ძალიან შემეცოდა. სრულიად დაუცველები და საწყლები იყვნენ ჩვენს ფონზე.
ჩვენ კი გავეშებული ბრბო ვართ. ვისაც დიდი კუნთი აქვს ის შედის ვაგონში. და ვინ იცის, გამოსვლაც ამ კანონს ექვემდებარება. მეხუთეჯერ მოდის მონამზიდი. მოხუცები როგორც მანამდე, ახლაც ყველას ფეხებზე ჰკიდია. ნერვები მომეშალა. მათ წინ დავდექი. თითქმის ორი თვე არ მქონდა ნატყნაურები და წინა დღისით ავინაზღაურე ყველაფერი, ასე რომ დღეს ჩემი წვრილი კუნთები სულ ყველა მტკივა. მაინც შევიმაგრე ბეჭები, მხრები, მკლავები განზე გავშალე და როგორც კი მონამზიდის კარი გაიღო და ორი ადამიანი გამოვიდა, მაშინვე ყველა გავწიე.
არავის არ ვაძლევ შესვლის უფლებას. ყველა გაოგნებული მიყურებს.
უკან მოვიხედე, მინდა მოხუცებს დავუძახო და შემოვატარო. მაგრამ ისინი წავიდნენ, იქით არიან უკვე, ესკალატორთან. ხელი ჩაიქნიეს. - რას აკეთებ? - მეკითხება ერთი ბიჭი გარემოებისთვის შეუსაბამო თავაზით. - ...არ ვიცი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. აი, ძალიან ზედმეტი იყო ამ ამბავში ის ერთი წითელხელება სიტყვა.
დონ კიხოტობა კაი რამეა, ისე.
აი, ძალიან ზედმეტი იყო ამ ამბავში ის ერთი წითელხელება სიტყვა.
დონ კიხოტობა კაი რამეა, ისე.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|