ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
18 ოქტომბერი, 2019


სახლი უცნობ ქუჩაზე

სახლი უცნობ ქუჩაზე

<><><><><><>

სახლი ხის
ქუჩა ნაცნობი ბავშვობიდან...
ბავშვობა უცნობ ქუჩაზე...
მეხიერებიდან გაჟონილი ამბავი
და ურდულიანი სახლები.

ყველასთვის ნაცნობ ქალაქში დაიბადა, ნაცნობ ქუჩაზე და გაიზარდა მისთვის საყვარელ სახლში.
ის - ნაცნობი სახლი, უცნობ ქუჩაზე, მისი მეხსიერებიდან საკმაოდ ახლოს იდგა. იდგა სხვებთან ერთად, მაგრამ სრულიად მარტო.
ქუჩა ვიწრო და მუდამ გაუვალწყლიანი, იმ ერთადერთ დიდ და დიად მოედანს უერთდებოდა, რომელიც წელთა მატებასთან ერთად ცარიელდებოდა.
უცნობი ქუჩა პირქუში იყო. დიახ, სახელს ატარებდა დიადს, მაგრამ მისთვის \"შეუფერებლად\".
სხვა სახლების ისტორიებს შორის, ის, გამორჩეული იყო. არა დიადი ისტორიით, არამედ: ფარისევლური სიყვარულით, ტყუილებით, გამუდმებული მდუმარებით, ბუზის გაფრენის ხმებით, მძიმე როკის ჰანგებით, ბატონის ბატონობით, შიშით და ორი, მასთან გაცილებით უფროსი ბავშვების ცივი თვალებით.
ჯერ დედას დაჰყავდა. შემდეგ დამოუკიდებლად, მაგრამ იძულებით; ისევე როგორც მუსიკალურ სასწავლებელში ფორტეპიანოსადმი მწყრალი განყობით გამორჩეული ბავშვის სიარულია.
არ ესმოდა ეს იძულებითი დამოუკიდებლობა, არც ვინმე უხსნიდა. დედისგან მხოლოდ სიყვარულით საზრდოობდა და არა თავისუფლებით.
დიდი ჭიშკარი \"ამშვენებდა\" \"ცოდნის ბალავარს\", რომელიც უცნობ ქუჩაზე შემდგარიყო ოჩო ფეხებზე, სხვა სახლებს შორის. მხოლოდ ციფრებზე ესაუბრებოდნენ მას და არაფერზე სხვა. მაშინ არ იცოდა თუ ციფრები ყველაფრის საწყისი იყო და მისტიური ძალის მატარებელნი. არც ვინმე ეტყოდა. მას უნდა სცოდნოდა ყველაფერი, მხოლოდ მნიშვნელობების გარეშე და ფაქტების უგულებელჰყოფით.
ჭიშკრის ჭრიალის ხმა ხელის გულებს უსველებდა. ყოველ ნაბიჯს შიშის ნაკვალევს ეძახდა, რომელსაც ეზოში შესვლისას დგამდა. მისი თვალები მათ ცივ თვალებს წამითაც ვერ ათბობდა. არავინ გრძნობდა მის ბავშვობას, მხოლოდ დიდობას უჩემებდნენ ან სულაც არარაობად აღიქვამდნენ. მედიდურნი და ამპარტავნები უწყლო, გაყინულ მზერას ჩუქნიდნენ.
დედა - ყველაფერ მშობლიურის სიყვარულით ზრდიდა.
მამა - ადამიანების სიყვარულს და მათ გარჩევას ასწავლიდა. არ დასცალდა. უცნობი ქუჩის სახლმა წაართვა.
ნაცრისფერი კედლებიდან გამუდმებით ლაქებს ხედავდა. ლაქებს, რომლებიც ანგელოზებს არ ხატავდნენ. ჭერზე, რუხი ღრუბლებიდან მდინარი წვიმის წვეთების მიერ დანატოვარ ხაზებს უმკლავდებოდა. ისინი ქსელს აბამდნენ მის თვლაბეში. უზარმაზარ ობობებს ყველა ოთახის ჭერზე შიშით ახედავდა და შემდეგ, მას, ვინც ასწავლიდა მხოლოდ ციფრებს და არა იმას თუ როგორ დაეძლია მანათობელი ობობების შიში.
განვლო ხანმა და უცნობ ქუჩაზე მდგარ ამ სახლში მხოლოდ ისინი, მანათობელი ობობები შეუყვარდა.
ვერაფრით ეგუებოდა კვირაში სამჯერ ხის გალიაში ორი საათით ტყვეობას, მაგრამ არასოდეს ნატრობდა ნაცრისფერი, სხვა ფერს შეეცვალა. მაგალითად ჟღალ ფერს, რომელიც უცნობ ქუჩას გაანათებდა ან ალისფრად შეაფერადებდა. არასოდეს!
მის ზურგს უკან კარის ჭრიალის ხმა გაისმა. არც უფიქრია რომ, ეს, მისი ბოლო ზარი იყო!
მეორე დღეს დედას დაურეკეს და უამბეს თუ როგორ დაიწვა სახლი უცნობ ქუჩაზე.

მერე რა რომ, დიადი სახელის მქონე უცნობ ქუჩაზე შეიძლება არსებობდნენ სახლები, რომლებსაც ურდულიანი სახლების სიდიადე ჩრდილავს!...

გიგო რიონელი
8 სექტემბერი 2019 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები