ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: დრამატურგია
28 სექტემბერი, 2019


ტელევიზიის სარდაფში (სატელევიზიო სპექტაკლი) სერია 14

თავდაყირა დამდგარი სტუდია


მოქმედი პირები:
ოსტატი    - ავეჯის ლოთი, თვითმარქვია რესტავრატორი,
  რომელიც ტელეწამყვანად იქცა;
შეგირდი  - ოსტატის შეგირდი, შრომისმოყვარე;
პავალი    -  წითელარმიელი;
კანტროლკა - შუასაუკუნეების დროინდელი ჯალათი;
და სხვები.


სერიის „თხრობა“ :) უნდა დავიწყო სტუდიის ვიზუალური სახის აღწერით, ანუ იმით, თუ რას ნიშნავს „სტუდიის თავდაყირა დგომა“. ამ სერიაში კადრი მართლაც თვდაყირა დგას, 180 გრადუსით დატრიალებული - იატაკი, თავისი დეკორაციებითა თუ მსახიობებით, ჭერში წავიდა, ხოლო ჭერი იატაკად იქცა. ჩნდება კითხვა, თუ ჭერად ქცეული იატაკიდან ძირს რატომ არაფერი ცვივა? იმიტომ არ ცვივა, რომ დეკორაცია საგულდაგულოდ არის დალურსმნული, ხოლო მსახიობები სავარძლებზე ავტო-ღვედებით არიან მიბმულნი. ტელეკამერებიდან სტუდიის დაფიქსირების კუთხე მინიმუმ 45 გრადუსია, ანუ გადაღება როგორღაც ქვემოდან ხდება, რაც სტუდიის ყირამალა დგომის ეფექტს რეალურს ხდის.
რა თქმა უნდა, ძნელია დაუნახავად ამის აღქმა, ამიტომ აქ ისიც უნდა ვთქვა, რომ სტუდიის ამოსატრიალებლად სულაც არ არის საჭირო რაღაც გრანდიოზული ინჟინერული კონსტრუქციის გამოგონება, საამისოდ საკმარისია ტელეკამერის 180 გრადუსით დატრიალება. ოღონდ, ვინმეს არ ეგონოს, რომ ამ შემთხვევაში სტუდია „ტელევიზიის სარდაფში“ ასეთი მარტივი მეთოდით ამოტრიალდა. არა და არა, სტუდია „ტელევიზიის სარდაფში“ ამ დღეს ნამდვილად ამოტრიალებული იყო!

- ყველაფერი მინახავს, ყველაფერი გამიგია, მაგრამ სტუდიის ამოტრიალების შემთხვევა ისტორიაში ჯერ არ ყოფილა! - ამ სიტყვებით ოსტატმა ქვემოთ, იატაკად ქცეული ჭერისკენ გადაიხედა. - ვაიმე დედა... რამსიმაღლე ყოფილა ეს დასაწვავი სტუდია! - ღვედი უფრო მჭიდროდ შემოიჭირა.
- შეფ, ნუ გეშინია, მალე გაგვასწორებენ! - უთხრა პაველმა. - სიმაღლის შიში თუ გაქვს, ძირს არ ჩაიხედო!
- ჩვენ ღვედებით ვართ დაბმული, სტუდიის მოწყობილობა მყარად დალურსმნეს, მაგრამ იმას ვერ ვხვდები, თუ ჩემი მაგიდიდან ჭიქა რატომ არ ვარდება ძირს?
- ჭიქა დაწებებულია! - უთხრა მიშკა-შეგირდმა.
ოსტატი ჭიქას დაეჯაჯგურა, ის მართლაც დაწებებული იყო.
- იაპონელებს წებო რომ არ მოეგონათ, რა გვეშველებოდა...
- უფროსო, წებო იაპონელებმა მოიგონეს? - ჰკითხა კანტროლკამ.
- წებო ისეთი რამაა, სხვა ვერ მოიგონებდა!
რაღაც ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.
- სადამდე უნდა ვეკიდოთ ჭერში?! - განრისხებულმა ოსტატმა მაგიდას მუშტი დაჰკრა.
მუშტის დაკვრისთანავე მიწებებული ჭიქა მაგიდას მოსწყდა და ხმაურით ჩაილეწა ძირს.
- აჰა, ეგეც შენი იაპონელები, თავი რომ მოაქვთ...
გარკვეული ხნით ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
- ამიხსენით ვინმემ, რა ძალამ ამოატრიალა სტუდია?!
- „ცენტროვკა“ აქვს დაკარგული. - უთხრა პაველმა.
- რას ნიშნავს „ცენტროვკის დაკარგვა“, მიშკა, შენ ამიხსენი, ორი უმაღლესი გაქვს დამთავრებული!
- „ცენტროვკის დაკარგვისა“ რა მოგახსენოთ და, ეს ერთი შეხედვით ანომალიური მოვლენაა, კვანტური ფიზიკის უპრეცენდენტო ფენომენია. აქედან გამომდინარე, ორიოდ სიტყვა თავად კვანტური ფიზიკის შესახებ უნდა გითხრათ: ეს მეცნიერება თეორიული ფიზიკის დარგია, რომელიც შეისწავლის კვანტურ-მექანიკურ და კვანტური ველის სისტემებსა მათი მოძრაობის კანონებს. კვანტური ფიზიკის უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი თეორიის თანახმად ბუნებაში შესაძლოა მოვლენები თანმიმდევრობის გარეშე განვითარდეს, ანუ დროის კონკრეტულ ერთეულში იყოს ერთი რამის ორი გასხვავებული მდგომარეობა - ზამთარიც და ზაფხულიც, სწორ მდგომარეობაში მდგარი სტუდია და თავდაყირა მდგარიც. აღნიშნული რამ, როგორც უკვე ვთქვით, კვანტური სამყაროს თვისებაა, რომლის უტყუარობაც სხვადასხვა ცდით დადასტურდა - ერთმა ელექტრონმა დროის ერთ შუალედში ორ სხვადასხვა ადგილას შესძლო ყოფნა! მეცნიერები, ფოტონის ქცევაზე დაკვირვებისას...
მიშკა-შეგირდს „მეცნიერული სიტყვა“ ოსტატმა გააწყვეტინა:
- მე და ჩემმა მზემ, მეცნიერულად კარგად ხსინი, ჩემთვის გასაგებ ენაზე, მაგრამ პაველმა და კანტროლკამ ვერაფერი გაიგეს, ფიზიკა მათთვის ჩინურია, მითუმეტეს კვანტური. ამიტომ, „სტუდიის ამოტრიალების“ მიზეზი ახლა გლეხურად, მათთვის გასაგებ ენაზე ახსენი!
- გლეხურად თუ ავხსნი, ვერაფერს დავამატებ იმ მოსაზრებას, რაც თავად მათ გააჟღერეს - სტუდიამ „ცენტროვკა დაკარგა“!
- ანუ, ადასტურებ აღნიშნულ მოსაზრებას, „ცენტროვკის დაკარგვას“!
მიშკა-შეგირდმა მხრები უცნაურად აიჩეჩა.
- მე კი მგონია, სტუდიას „ბალანსიროვკა“ სჭირდება, გასასწორებელი აქვს და სხვა არაფერი!
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც ახლა უკვე კარგა ხანს გაგრძელდა.

ოსტატმა ჩაახველა და თავის თავს გაუბა საუბარი:
- როცა მე სტუდიაში შემოვაბიჯე, აქაურობა სწორ მდგომარეობაში იდგა, მერე, უცებ ამოტრიალდა... ჰოდა, ღვედების საკითხი მაფიქრებს, გამაფრთხილეს - უნდა დაიბნიოო! ესეიგი, იცოდნენ, რომ სტუდია ამოტრიალდებოდა!
- რა თქმა უნდა, იცოდნენ, ჩვენც გაგვაფრთხილეს! - თქვა მიშკა-შეგირდმა. - თქვენს მოსვლამდე სტუდია ორჯერ ამოტრიალდა, ოღონდ მალევე, ერთ-ორ წუთში გასწორდა. ეს მესამე ამოტრიალება რაღაც დიდხანს გაგრძელდა. იმედია, დღის ბოლომდე გაგვასწორებენ, თუ არადა, მოუწევთ ჩვენი ჩამოხსნა სახანძრო კიბით!
- რას ამბობ, გააფრინე?! - იყვირა პაველმა. - დღის ბოლომდე რა გაძლებს ასე, ტუალეტში გასვლა მინდა!
- ტუალეტში ვერ გახვალ! - უთხრა ოსტატმა.
- როგორ თუ ვერ გავალ, ტუალეტში მინდა, ვეღარ ვითმენ...
- მართლა ვეღარ ითმენ?
- მართლა ვეღარ ვითმენ!
- დიდზე გინდა, თუ პატარაზე?
- პატარაზე!
- აა, გეფსია...
- მეფსია! მაგრამ რატომ აცხადებ ამას ხმამაღლა?!
- მერე რა, რომ ვაცხადებ?
- უხერხული სიტყვაა...
- კარგი რა, შენც პირველი კლასის მაწავლებელი არ იყო, ბავშვებს რომ ჰგონათ - ტუალეტში არ დადისო... რომელი ჩვენთაგანია ისეთი, ვინც არ ფსავს?! მაგრამ ეხლა, როგორმე უნდა შეიკავო - „დიდი“ რომ გინდოდეს, მასა საცვალში გაგეჭედებოდა, მაგრამ შარდი, ნურას უკაცრავად, წურწურით წამოგივა კისერში!
- ვეღარ ვითმენ!
- ღვედი არ მოიხსნა, დაილეწები!
- ვეღარ ვითმენ მეთქი, არ გესმის?!
- სამედიცინო დაზღვევა გაქვს?
- არ მაქვს!
- ჰოდა, იჯექი მანდ, რომ შენი მკურნალობის ხარჯი ჩემი დასაფარი არ გახდეს!
პაველს თითქოს ცოტათი გადაუარა და რაღაც ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, თუმცა ის მალევე დაარღვია ოსტატმა:
- დღეს თითქოს „დამსწრე სტუმრები“ უნდა გვწვეოდნენ!
- გვეწვივნენ კიდეც, ყველა სკამი შევსებული იყო. - უპასუხა მიშკა-შეგირდმა.
- თუ გვეწვივნენ, სად გაქრნენ?
- ღვედები არ ეკეთათ და სტუდიის პირველივე ამოტრიალებისას, ძირს ჩაცვივდნენ!
- დაიხოცნენ? - სიცილი ვერ შეიკავა ოსტატმა.
- მრავლობითი მოტეხილობებით სავადმყოფოში გადაიყვანეს...
- დაზღვევა თუ აქვთ? - გააგრძელა სიცილი.
მიშკა-შეგირდმა დასახიჩრებულ სტუმართა თანაგრძნობის ნიშნად არაფერი უპასუხა. ოსტატმა ხელი ჩაიქნია და იგივე კითხვით, პაველსა და კანტროლკას მიმართა:
- თქვენ თუ იცით, დაზღვევა აქვთ? - სიცილს უმატა.
დალეწილ-დამტვრეულთა თანაგრძნობის ნიშნად, არც პაველმა და კანტროლკამ გასცა პასუხი; თან ამ დროს, ოსტატმა შეამჩნია, რომ სტუდიის ყველა კამერა მისკენ მიმართულიყო; მაშინვე ტონი შეიცვალა და დამწუხრებული კაცის სახე მიიღო:
- მათზე გული რომ შემტკივა, იმიტომ ვიკითხე...
კიდევ ერთხელ ჩამოვარდა სიჩუმე, რომელიც, რაღა თქმა უნდა, ამჯერად გაჭირვებულმა პაველმა დაარღვია:
- შეფ, მე გავდივარ ტუალეტში!
- ღვედი არ მოიხსნა, ისე გადი!
- ღვედიანად როგორ გავიდე?
- როგორ და ეგრე, ღვედიანად გადი! ფრთხილად ადექი და წადი!
- გამომივა?
- გამოგივა, თუ ძალიან მოინდომებ!
- ვცდი...
პაველი წამოიწია და წამოდგა კიდეც, ღვედი თან გაჰყვა და ღვედთან ერთად სავარძლის ზურგიც; რაღაც ძალით დარჩა ჭერად ქცეულ იატკზე აკრული. ამ საოცრების ახსნა მე არ შემიძლია, ის თვით კვანტური ფიზიკის კანონს გასცდა! ფრთხილი ნაბიჯებით პაველი გასასვლელისკენ გაემართა.
- აბა, უყურე - მიეცი ნიჭსა გზა ფართო... არ მისცემ და რა, თავად გაიკვლევს _ კაცი ჭერზე დადის!!!
პაველი თვალს მიეფარა; ოსტატმა მიაძახა:
- დერეფანი წესრიგშია, თუ ისიც თავაყირა დგას?
- დერეფანი წესრიგშია, თავდაყირა არ დგას! - გამოსძახა.
- აბა, უყურე, ამხელა ტელევიზიაში მარტო ჩვენი სტუდია ამოყირავდა! პატრონი არ გვყავს... არადა, სტუდიის არენდაში ამხელა ფულს მახდევინებენ!
- უფროსო, ეს სტუდია არენდით გაქვს აღებული? - გაიკვირვა კანტროლკამ.
- ხო, აბა რა გგონა, ჩემი ჯიბიდან გადის შენი ხელფასის ფული!
- მე ვიცი, რომ სტუდია არენდით არ გაქვს აღებული, ფულს არ იხდი!
- საიდან იცი?
- ბუღალტრისგან და კადრების განყოფილების უფროსისგან ვიცი!
- „ბუღალტრისგან და კადრების განყოფილების უფროსისგან ვიცი...“ - გამოაჯავრა. - რადგან არენდით არ მაქვს აღებული და ფულს არ ვიხდი, სტუდია თავზე უნდა დამამხონ, ჰა?! - მაგიდას მუშტი დაჰკრა. - ეჰ, მთავრობის ბრალია ყველაფერი... ეს ვინ ავირჩიეთ?! სტუდიას ვინღა დაეძებს, ქვეყანა რას დაამსგავსეს, გაგვაბომჟეს! თუ გინდა რომ კაცს ფული გქონდესო, უნდა იმუშაოო! არ ვიმუშავებ და არ მინდა მაგათი ხელფასი(!), პენსია მომცენ - 10 000 ლარი!
- თვეში?! - აღმოხდა კანტროლკას.
- ხო, თვეში, ღორი კი არ ვარ, დღეში მოვითხოვო...

(„თქვენ თვითონ ხართ ლოთები!“ - გაიფიქრა ოსტატმა. :))

პაველი ტუალეტიდან დაბრუნდა და თავისი ადგილი დაიკავა.

- ხომ არ გაგიგია როდის გაგვასწორებენ? - ჰკითხა ოსტატმა.
- არა, შეფ, საიდან უნდა გამეგო, ტუალეტში ვიყავი...
- იქნებ შეგხვდა ვინმე ისეთი - მთავარი ინჟინერი... ეგენიც დადიან ტუალეტში მოსაფსმელად!

უეცრად სტუდია შეირყა და ჭრიალით იწყო გასწორება.

- ვა, გვეშველა...


მეთოთხმეტე სერიის დასასრული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები