ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2019


მარიამული

ნინო დარბაისელი

მარიამული
- - - -

ათი,
ათასი,
ათიათასი,
აურაცხელი
შენი ვთქვათ, ჩემო მაცხოვარო,
ერთიც იმისა - პირველისა,
ვინც  შენს სიტყვაზე
სიძულვილით აღმართული ხელი დაუშვა
და ჩასაქოლად მომარჯვებული ქვა ვინც დადო მტვრიან მიწაზე;
ვინც თავის თავში
მეტი ცოდვა აღმოაჩინა,
შენ კი იმ მტვერში
თითით წერდი,
გამოუცნობი ასოები გამოგყავდა,
წაუკითხავი.

და  ვთქვათ იმათიც,
იმ ცოდვილთა,
იმ ურწმუნოთა,
ვინც შეყოყმანდა,
მაგრამ პირველის მაგალითი
მაინც უბრად გაიმეორა,
ცოდვილისათვის მოღერებული  ქვა მოიშორა
და ისევ თავის სავალს გაუყვა...

და უფრორე კი ვთქვათ იმისი,
ვინც შენგან ხსნილმა და შენდობილმა
მეძავეობა დაუტევა და  მოგეკედლა
შენ - მიმავალს
გარდაუვალი სასმისის და გოლგოთისაკენ,
ვინც დაგიტირა,
ვინც იხარა შენი ხილვით
აღდგომის მერე,
ვისაც არასდროს უკან აღარ მიუხედავს,
ცოდვის ცეცხლში გახვეული წარსულისაკენ
და ამის გამო დანაცრება არ უწერია,
ვინც დაიჯერა,
რომ მიმავალი უკან-უკან თუ იყურება,
გზაზე დაგდებულ ქვას ფეხს წამოკრავს,
დაეცემა,
დაიღუპება.

აურაცხელი შენი ითქვას,
მაცხოვარო,
ერთიც - იმათი,
დანარჩენი ამ ცხოვრებაში
- მარადიული ქვა და მტვერია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები