ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: პაპუნა გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2019


არანაციონალური თავსატეხი

დგანან პროსპექტზე ბავშვები და დიდები,
დგანან და გამარჯვებას ზეიმობენ.
დიდება შენდა ამერიკავ,
მოვედი შენთან და ძღვნად მომაქვს ორი ბოთლი ნავთი.
ამ ნავთის გამო, ჩვენ რიგებში ვიდექით და ვიყინებოდით
მას შემდეგ, რაც ჩვენი პრეზიდენტი მოკლეს.
ეს ის ნავთია ამერიკავ, მიიღე ჩემგან.
დგანან პროსპექტზე მოხუცები ხელჯოხებით,
კოსტუმიანები, პოეტები, შვილმკვდარი დედები,
და გამარჯვებას ზეიმობენ.
* * *
მოდის არაბი, და მის ცეცხლიან თვალებს შენ ქმნი ამერიკავ,
შექმნა _ ეს შენი სტიქიაა, შენ დაანთე ცეცხლი არაბის თვალებში,
მოდის არაბი და შენ იცი რომ აგაფეთქებს ბავშვებიანად,
ჩვილ-ჩვილად დაგსჯის.
და ნუ განიცდი, რადგან სხვამ თუ არავინ,
შენ ხომ მაინც იცი, რომ ეს ცხოვრება ჯიჰადია მხოლოდ და მხოლოდ.
მოდის არაბი და თვალებში გიზგიზებს ცეცხლი.
მოდის არაბი, და თვალებში კვლავ ელავს ცეცხლი,
არაბი ახლა მეტროში ზის, ჩერდება მეტრო,
არაბი ახლა კიბეებზე ამოდის ნელა,
არაბი ახლა არაბს მოჰგავს მხოლოდ თვალებით.
არაბს ზურგ-ჩანთა უკიდია განიერ მხრებზე,
არაბი ახლა დგას მარშრუტის გაჩერებაზე,
ბოლოს არაბი ტაქსს აჩერებს და ტაქსით მიდის,
არაბი ახლა ტელეფონის ჯიხურთან იცდის.
მოგესალმები ამერიკავ, დიდება შენდა,
შენ გამოზარდე ჯორდანი და მეჯიქ ჯონსონი,
ბეიბი რუთიც შენ გაზარდე, რა საწყენია
ჩვენთან ბეისბოლს არ აჩვენებს ტელევიზორი.
არაბი ახლა ტელეფონის ჯიხურში შედის,
არაბი ახლა გრძელ ნომერს კრებს უხეშ თითებით,
არაბი ახლა ლაპარაკობს ჩუმი სიტყვებით,
არაბი ახლა ტაქსს აჩერებს და ისევ მიდის.
დგანან პროსპექტზე სტუდენტები და ჯამბაზები,
ნაკომუნისტარი პოსტმოდერნისტები
და გამარჯვებას ზეიმობენ.
* * *
ოი, ეს ცეცხლი არ ჰგავდა სპექტაკლს,
იყო კივილი, და ერეოდა ჭვარტლიან ჰაერს
უდანაშაულო ბავშვების სისხლის სუნი, როგორც არაბის.
* * *
დიდება შენდა ამერიკავ, რა მარტივია
შენთვის ამგვარი საქმეების გამოძიება.
შენ მოკლავ არაბს, ვინაც წეღან თავი დაიწვა
რადგან შენს მიწას წაუკიდა ხელახლა ცეცხლი.
ჩემს მიწაზე კი ზეიმობენ ამ გამარჯვებას.
გლოვის დღეც იყო, როცა დაგწვეს, ახლა კი როცა
გამოიძიე ქმედება და მკვლელიც მოკალი,
დიდიც, პატარაც, პროსპექტზეა თავმოყრილი რომ
ეს გამარჯვება შენთან ერთად გაიზიარონ.
* * *
მოდი არაბო, და მათ შორის დადექი ბომბით,
მოდი არაბო და მათ შორის ბომბით დადექი,
მოდი არაბო და მათ შორის დადექი ბომბით,
მოდი არაბო, მოდი, მოდი, მკვდრეთით აღსდექი
და მათ უთხარი, რომ შენც გქონდა ძვირფასი მიწა
რომ შვილიც გყავდა, ცოლიც გყავდა, დედაც და მამაც,
რომ არაფერზე არ ფიქრობდი საერთოდ იმ წამს,
როდესაც წამებს ითვლიდი და დიდება ალაჰს
ჰყვიროდი, მერე ყრუ ტიტინი გუგუნმა შეძრა,
და ნესტოებში შეგეწვეთა წყეული სისხლი,
წავიდეს ერთი მათი ღმერთიც, მაგათი ეზრაც,
ვინმეს გინახავთ უდაბნოში ჩამდგარი ნისლი.
მოდი არაბო, და მათ შორის დადექი ბომბით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები