ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: დრამატურგია
3 ოქტომბერი, 2019


ტელევიზიის სარდაფში (სატელევიზიო სპექტაკლი) სერია 15

(სატელევიზიო სპექტაკლი)
სერია # 15

                  მოქმედი პირები:
ოსტატი  - ავეჯის ლოთი, თვითმარქვია რესტავრატორი;
შეგირდი - ოსტატის შეგირდი, შრომისმოყვარე;
პავალი  - წითელარმიელი;
კანტროლკა - შუასაუკუნეების დროინდელი ჯალათი;
და სხვები.



ოსტატმა სტუდიაში ყოყმანით შეაბიჯა, ჯერ ფეხის წვერით მოსინჯა მისი სიმყარე და მერე - შევიდა. ჩქარი ნაბიჯით თავის სავარძელს მიაშურა, რომ დამცავი ღვედის დაბნევა მოესწრო, მაგრამ ღვედი ადგილზე არ დახვდა.
- ვინ ახსნა ჩემს სავარძელს ღვედი?!
- ნუ გეშინია შეფ, ღვედი აღარ არის საჭირო, ყველა სავარძელს მოხსნეს; სტუდია აღარ გადატრიალდება! - უპასუხა პაველმა.
- შენ რა იცი, რომ აღარ გადატრიალდება?!
- სტუდია კაპიტალურად გაამაგრეს, ძირი ამოუთხარეს, რკინები ჩაალაგეს, ბეტონი დაასხეს; გვითხრეს - ამის მერე, მთელი ტელევიზიაც რომ გადატრიალდეს, თქვენი სტუდია უძრავი დარჩებაო!
- მშენებლებისა არ მჯერა...
- შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ ღვედი წაიღეს... თუ გინდა, თოკით მიგაბავთ სავარძელზე, მშვიდად რომ იყო!
- თოკით და ბორკილით თავად ხარ დასაბმელი!
ამ დროს, ოსტატმა შეამჩნია, რომ მის მაგიდაზე რაღაც უცხო, „ანტისხეული“ - მსხვილი ჟურნალი იდო; ალბათ, ლიტერატურული, რადგან ჭრელა-ჭრულა სურათების გარეშე იყო .
- ეს რა არის, მაგიდაზე ვინ დამიდო „მაკულატურა“?! - თუმცაღა, ყოველი შემთხვევისთვის, ჟურნალი გადაფურცლა.
- ეგ „მაკულატურა“ კი არა, თანამედროვე ქართველ მწერალთა მიერ შეთხზული სცენარებისა და პიესების ანთოლოგიაა, რომელიც ტელეკომპანიის „მთავარმა რედაქტორმა“ დაგიტოვათ, რათა გაეცნოთ, შეისწავლოთ და მისი მიხედვით, ყოველი ახალი სერიის გადაღებამდე, ფურცელზე რაღაც მონახაზი შექმნათ!
- რაო, რაო, ვერ გავიგე?! - ოსტატმა ჟურნალი შორს, მაგიდის კუთხეში გააჩოჩა.
- შეფ, რა ვერ გაიგე, მწერალი უნდა გახდე! ასეთია ტელევიზიის „მთავარი რედაქტორის“ მოთხოვნა! თუ არადა, გაგვყრიან ყველას აქედან! - მწარედ ჩაახველა პაველმა. - ეხლა გაიგე?!
- თუ ეს „მთავარი რედაქტორის“ მოთხოვნაა, ხათრს ხომ ვერ გავუტეხ მას; ერთი სული მაქვს გავეცნო ქართველ მწერალთა შემოქმედებას!
ჟურნალი თავისკენ მოზიდა და ახლა უკვე გულდასმით გადაფურცლა.
- ეე... - გაკვირვებულმა წამოიძახა. - ქართველი მწერლები ჩინურად რატომ წერენ?!
- ბატონო ოსტატო, ქართველი მწერლები ჩინურად არ წერენ, უბრალოდ, თქვენ ჟურნალი უკუღმა გიჭირავთ! - შეჰბედა მიშკა-შეგირდმა.
- ოი, მართლაც... - ჟურნალი გაასწორა. - აჰა, გარკვევით წერენ, რას ერჩი?! - მარცვალ-მარცვალ წაიკითხა ორი წინადადება. - მეც თუ დავწერ, ასეთ ჟურნალში დამიბეჭდავენ?
- რა თქმა უნდა, დაგიბეჭდავენ!
- ვაა, მაგარია... მაგრამ რა უნდა დავწერო, არ ვიცი. განა წერა არ შემიძლია; წერა სკოლაში მასწავლეს, მეცხრეკლასამდე... უკაცრავად, მეცხრე კლასის ჩათვლით!
- აბა, კემბრიჯი დავამთავრეო?! - მიაძხა პაველმა.
- დიახ, სწორედ მეცხრე კლასის შემდეგ გავაგრძელე სწავლა კემბრიჯში! ოღონდ, შენ ეხლა სულელური შეკითხვებით ნუ მომაბეზრებ თავს, არ მცალია! ესეიგი, უნდა დავწერო...
პაველმა ისევ მიაძახა:
- შეფ, დაწერე, შენი პირველი შეგირდი როგორ გადააქციე თაგვად!
- გააფრინე?! ეგ ხომ დანაშაულის აღიარებაა, ანუ - „აღიარებითი ჩვენება“; ციხეში ჩამსვამენ!
- თქვენ ის კი არ უნდა დაწეროთ, რაც უკვე მოხდა, არამედ ის, რაც ამის შემდეგ იქნება! - განუმარტა მიშკა-შეგირდმა.
- მაგისთვისაც დამიჭერენ!
- რატომ, რას გეგმავთ ასეთს?
- კედევ ერთი ადამიანი უნდა გადავაქციო თაგვად!
- უფროსო, ჩვენ ხომ არა?! - დივანზე მჯდომი კანტროლკა შიშისგან კიდისკენ გადაიწია.
- არა, თქვენ არა - დედალი თაგვი მჭირდება(!), თქვენ მამალ თაგვებად გადაიქცევით.
- დედალი თაგვი რაში გჭირდება?
- როგორ თუ რაში მჭირდება? სადამდე უნდა იაროს ჩემმა პირველმა შეგირდმა უცოლოდ?! ჩვენი დამლაგებლის თაგვად გადაქცევას ვფიქრობდი, მაგრამ ეგ საქმე რაღაც არ გამოვიდა - ტელევიზიის ხელმძღვანელობა მფარველობს მას; ალბათ, ვიღაცის ნათესავია... გარდა ამისა, ეგ ისეთი კაპარჩხანაა, თაგვადაც არ გამოდგება!
თეთრი თაგვი მაგიდაზე ამოსვა და ახლა უშუალოდ მას მიმართა:
- ძმაო, დაგტანჯავს ეგ ქალი! მე ვიცი, ვინც უნდა შეგრთო ცოლად...
უეცრად, სტუდიაში შემოვიდა ჟანა დამლაგებელი, ის, ვისზეც ოსტატი ლაპარაკობდა; გრძელტარიან ცოცხს იდაყვით ჩამოეყრდნო:
- ვისზე ლაპარაკობ? - ჰკითხა მან.
- ვიღაცაზე...
- მე უნდა გადამაქციო თაგვად?!
- შენ არა!
- ვაი, ვაი... - დამცინავად თქვა, თავი გადააქნია და წავიდა.
- ბაყაყად გადავაქცევ...
- უფროსო, შენ ადამიანის ბაყაყად გადაქცევაც შეგიძლია?! - აღმოხდა შეშფოთებულ კანტროლკას.
- ვისწავლი!
ისედაც კიდეში მჯდომი კანტროლკა, დივნის სახელურს აეკრა. ოსტატმა მაგიდაზე უფერო სითხით სავსე, უიარლიყო ბოთლი და ცარიელი ჭიქა ამოდგა, დაასხა და დალია.
- შეფ, რა დალიე? - ჰკითხა პაველმა.
- წყალი!
- წყალი არ დალიე...
- წყალი დავლიე მეთქი!
- თუ წყალი დალიე, ერთი ჭიქა მეც დამალევინე!
- ვერ დაგალევინებ!
- რატო ვერ დამალევინებ?
- იმიტომ ვერ დაგალევინებ, რომ დრაკონი ვარ; დრაკონები ადამიანებს წყალს არ ალევინებენ!
- ვინ გითხრა რომ დრაკონი ხარ?
- ცაგარელმა!
სიჩუმე ჩამოვარდა.
- გარეკა? - ჩურჩულით ჰკითხა კანტროლკამ პაველს.
- ეხლავე გავარკვევ ამას. - ჩურჩულითვე უპასუხა. - შეფ, თაგვს მაინც დაალევინე წყალი, შენ პირველ შეგირდს; ცოდოა, წყურვილი კლავს...
- ვერც მაგას ვერ დავალევინებ!
- რატომ, ეგ ხომ ადამიანი არ არის?!
- მაინც არ შეიძლება!
- ესეიგი, არ გეცოდება...
- ვინ არ მეცოდება, მიშკა-თაგვი? მაგის ცოდვით ვიწვი! მალე ცოლს შევრთავ...
- მთელი ცხოვრება თაგვად უნდა დატოვო?
- ბაბაიაგას გამოჩენის იმედი მე არ დამიკარგავს...
- ეე, როდის ეგ გამოჩნდება... იცი, რა ქენი, ადამიანის თაგვად გადაქცევის ჯადოსნური სიტყვები უკუღმა წაიკითხე, ბოლოდან დასაწყისისკენ!
- ეგ სახიფათო, არაპროგნოზირებადი ექსპერიმენტია; ვაიდა, ეს უბედური ახლა დინოზავრად გადაიქცეს!
- დინოზავრად?
- დინოზავრად, გინდა ბეჰემოთად, ან ერთის და ან მეორის შენახვას ეხუმრები, ერთი მუჭა თხილი კა აღარ ეყოფა, კვირაში! - თაგვს ზურგზე თითი გადაუსვა.
უჯრიდან გარჩეული თხილი ამოიღო, ერთი მარცვალი თაგვს დაუდო, დანარჩენს თავად შეექცა... და უეცრად, დაიკვნესა და ყბაზე იტაცა ხელი:
- კბილი მეტკინა... ვინმემ ასანთის ღერი მომეცით!
პაველმა სანთებელა გაუწოდა, მოგრძო, ცერა თითზე არცთუ მეტად მსხვილი.
- ეგ რათ მინდა, მაგხელა კარიესი არ მაქვს! ვერა და ვერ დაიხსომა ამ იდიოტმა...

(რეკლამა ეთერში :))

ახალი კადრი:
ოსტატი ატკიებულ კბილში იმ „იდუმალ სითხეს“ ივლებს, რომელიც წეღან მაგიდაზე ამოდგა, თან ყლაპავს... და ბურტყუნებს:
- რა ჯანდაბა მომარბენინებდა ტელევიზიაში?! ავეჯის ბაზრობა სამოთხეა აქაურობასთან შედარებით! - თვალები მოჭუტა და ფიქრით ავეჯის ბაზრობაზე გადაიხვეწა, რომელიც ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე არის, კერძოდ, „ბორჯომის ბაქნის“ გასწვრივ.
კადრი თანდათან დაიბინდა და ბოლოს, სულ ჩაქრა. ხოლო როცა გამოსახულება ისევ გამოჩნდა, ოსტატი უკვე არა სტუდიაში, არამედ იმ ხმაურიან ბაზრობაზე იმყოფება, რომელშიც ფიქრით გაინავარდა - ღია ცის ქვეშ, გარემოვაჭრეებს შორის, ოღონდ, იმავე მაგიდასთან მჯდომი, რომელიც სტუდიაში უდგას; მტკივნეულ კბილზე ისევ ისე აქვს აფარებული ხელი. ირგვლივ, ავეჯის გარდა სხვა უამრავი რამ იყიდებოდა - ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, ახალი და მეორადი ტანსაცმელი, ფარდები, ნათურები, საპნები... ყველაფერი! გამვლელ-გამომვლელის ტევა არ არის. ოსტატისაგან მარჯვნივ, კუსტარულ დახლზე, ხანშიშესული ქალბატონი ყველით ვაჭრობს, უფრო იქით, ვაშლის გამყიდველი ზის, მერე შალის წინდებით მოვაჭრე და კიდევ ვიღაცები... ხოლო მარცხნიდან, ჩურჩხელები, ჩირი, ნიგოზი, მწნილი. სწორედ ამ დროს, `მეჩეკემ~ ჩამოიარა და ოსტატის სასტუდიო მაგიდა დახლად აღიქვა.
- ბატონო-ჩემო, ეს ამხელა დახლი აქ როდის ჩადგი?
- რა დახლი, რის დახლი? - მხრები აიჩეჩა ოსტატმა.
- აი, ეს დახლი, რომელსაც უზიხარ!
- ეს დახლი კი არა, მაგიდაა!
- აა, მაგიდას ყიდი...
- არაფერს არ ვყიდი!
- თუ არ ყიდი, აქ რატომ ზიხარ? ბატონო-ჩემო, ჩეკის ფული გაქვს გადასახდელი! სამი დახლის ადგილი გიკავია! - ჯიბიდან მეტრიანი ამოიღო და ოსტატის მაგიდა გაზომა. - ორი მეტრი და სამოცი სანტიმეტრი ყოფილა, ანუ 2.6 მეათედი ადგილი!
კალკულიატორზე გადაიანგარიშა და სალარო აპარატი მოიმარჯვა, რომ ჩეკი ამოერტყა.
- ბატონო-ჩემო, ცამეტი ლარი გაქვს გადასახდელი!
- რა ფულს მთხოვ?!
- როგორ თუ რა ფულს, ადგილის ფულს გთხოვ, რომელიც დაიკავე!
- არ გადავიხდი, ვაჭარი არ ვარ!
- ბატონო-ჩემო, იძულებულს ნუ გამხდი პოლიცია გამოვიძახო!
_ გამოიძახე! ანდა, ჯანდაბას... აჰა, შენ ცამეტი ლარი!
„მეჩეკემ“ ფული გამოართვა, ჩეკი ამოარტყა და გზა გააგრძელა.
- პატივცემულო, ნუ მიწყენ რჩევისთვის, დედა-შვილურად გეტყვი - მაგ მაგიდას აქ ვერ გაყიდი! - უთხრა ყველის გამყიდველმა. - არკის იქით, ეზოში, ავეჯით მოვაჭრეები დგანან, გადაიტანე, იქ უფრო გაგეყიდება!
- გაანებე ქალო თავი, ეტყობა, არ უნდა იქ დგომა. აქ გზის პირია, ვინმე პროფესორი გამოივლის და იყიდის!
- რას აფასებ მაგ მაგიდას? შვილისთვის მინდა, იქნებ ძვირფასი მაგიდის ხათრით მაინც შეიყვაროს სწავლა, პროფესორი გახდეს! - გადმოსძახა მეორე მხრიდან მჯდომმა ჩურჩხელებით მოვაჭრემ.
ოსტატმა წაუყრუა.
ახლა ჩებურეკის გამყიდველმა ჩამოიარა - „რეკი, რეკი, ჩებურეკი!“ - გაჰკიოდა კლიენტის მისაზიდად. ოსტატის წინ გაჩერდა და მაგიდის თვალიერება იწყო:
- მაგარი მაგიდაა... ყიდი, თუ ისე დადგი?
- ისე დავდგი...
- ბაზრობის დირექტორი ხარ?
- მიდი, გაიარე...
- სად გავიარო, რა იცი, იქნებ ვყიდულობ მაგიდას!
ოსტატმა განზე გახედვით იგნორი გაუკეთა.
- კარგი, მაშინ შენ იყიდე ჩემი ჩებურეკი!
- არ მშია!
- გასინჯე და მეორესაც მომთხოვ!
- წადი რა ძმაო, თავი დამანებე!
- აჰა, დაიჭი, თუ არ მოგეწონა, არ მინდა შენი ფული! უკანაგზობაზე აქ ჩამოვივლი.
ჩებურეკი ხელში ჩასჩარა და გზა გააგრძელა.
- შეჭამე, შვილო, მართლა გემრიელი ჩებურეკია! - უთხრა ყველის გამყიდველმა.
იქვე შორიახლოს ორი ეზიდი მებარგული გაჩერდა (ურიკებითურთ) და საუბარი გააბეს:
- გამარჯობა!
- გაგიმარჯოს!
- რა ცხვირპირი ჩამოგტირის, კლიენტი არ არის?
- ჩემი ბიჭი დაიჭირეს!
- რაზე დაიჭირეს?
- ქურდობაზე!
- ვა, ქურდობას აწვება?!
- აწვება, რა...
- არაუშავს, ახალგაზრდობაში ჩვენც ქურდობას ვაწვებოდით... გაიზრდება, დაჭკვიანდება და ჩვენსავით ტაჩკას მიაწვება!
ოსტატის წინ ახლა ყავის მომდუღებელი, შუახნის ქალბატონი შეჩერდა, სპეცურიკით - „ყავა ქვიშაზე“.
_ გამარჯობა, ოსტატო! გეტყობა, დაიღალე ბაზრობისგან; გადაჩვეულხარ აქაურობას...
- შენ მე მიცნობ?
- ყავის მომდუღებელი ყველას იცნობს...
ოსტატმა იგრძნო, რომ ამ ქალს ვერ უპასუხებდა იმას, რაც ენაზე მოადგებოდა და ამიტომ, გაჩუმება არჩია.
- ხო, შენ აღარ ხარ აქაური...
- არ ვიცი, აქ როგორ აღმოვჩნდი?
- როგორ აღმოჩნდი და, თველები დახუჭე და ძალიან მოინდომე ბაზრობაზე ყოფნა!
- ხო, ეგრე იყო... უკან, ტელევიზიაში როგორ დავბრუნდე?
- იმავე საშუალებით, რითიც მოხვედი - თვალები უნდა დახუჭო და ძალიან მოიწადინო იქ დაბრუნება!
- ვცდი, თუ გამომივა...
- ნუ ჩქარობ, ჯერ ჩემი ყავა დალიე!
- ყავა?
- ხო, ჩემი ყავა; სხვაგან ასეთს ვერ დალევ!
- კარგი, დამისხი. რამდენი უნდა გადაგიხადო?
- სამოცდაათი თეთრი.
ოსტატმა პირველივე ყლუპის გასინჯვისთანავე განცვიფრებულმა წამოიძახა:
- ასეთი არომატული ყავა სულ რაღაც სამოცდაათი თეთრი რატომ ღირს?!
- მე ასე ვყიდი...
- ტელევიზიაში ერთი ჭიქა მინიმუმ ორი ლარი ღირს და ამ ყავასთან ახლოსაც ვერ მივა!
- შემიძლია ტელევიზიაშიც შემოვიარო...
- ტელევიზიაში შემოგიშვებენ?
- მე ყველგან მიშვებენ...
- უცნაური ადამიანი ჩანხარ; თუ ჩემ სტუდიამდე მართლაც მოაღწევ, შენ ჩემი ტელეგადაცემის პირველი ოფიციალური სტუმარი იქნები! რა თქმა უნდა,  თუ მეღირსა იქ დაბრუნება...
- გეღირსება, ნუ დარდობ, მთავარია თვალები დახუჭო და ძალიან მოინდომო დაბრუნება!
ოსტატი ისე მოიქცა, როგორც ყავის მომდუღებელმა ასწავლა და საოცრებაც იმავწამს მოხდა - ბინდი ჩამოწვა და როდესაც ის გაიფანტა და გამოსახულება ისევ გამოჩნდა, ოსტატი მაგიდიანად უკვე თავის სტუდიაში იმყოფებოდა.
- მე ეხლა სად ვიყავი? - დაბნეულმა იკითხა.
- შეფ, როგორ თუ სად იყავი, აქა ხარ, სტუდიაში!
- სადმე არ წავსულვარ?
- რაც მოხვედი, არ წასულხარ; თუ წასვლა გინდა, წადი, ვინ გიჭერს!
ოსტატმა თავი ჩაღუნა და უეცრად შეამჩნია, რომ ხელში ჩებურეკი უჭირავს.
- ეს საიდან მაქვს?
- რა საიდან გაქვს, ჩებურეკი?
- ესეიგი, ბაზრობა არ მომელანდა...
- რა ბაზრობა?
- მე ეხლა ბაზრობაზე ვიყავი, ჩებურეკი იქიდან გამომყვა!
- შეფ, შენი საქმე ვერ არის კარგად... სმას თავი უნდა დაანებო! - მერე, კანტროლკას გადაუჩურჩულა. - ხო, გარეკა, მის მდგომარეობას ჰქვია - „ბელაია გარიაჩკა“!
- საწყალი...

მეთხუტმეტე სერიის დასასრული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები