ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ქეით გრინი
ჟანრი: პროზა
4 ოქტომბერი, 2019


გეტა (ნაწილი XI)

***
რაც დრო გადიოდა, მით უფრო უჭირდა გეტას ნაწარმოებზე კონცენტრირება. ხვდებოდა, ძალას ჰკარგავდა. აღარც გონება ემორჩილებოდა და აღარც ფიზიკური სიჯანსაღე უწყობდა ხელს ნორმალური ცხოვრების გასაგრძელებლად. ყველაფერი მობეზრებული ჰქონდა, ვეღარაფერში პოულობდა თავის წილ ბედნიერებას. მხოლოდ ანდროს და თეკლას ნაწარმოებად გადაქცეული ამბის დასრულებაზე ფიქრობდა. ეს ამბავი ისე ეჩქარებოდა, როგორც მოწყურებულს -წყაროსთან მისვლა. მწირი ლექსიკისთვის და ობმოკიდებული გონებისთვის რომ ეშველა, დღე და ღამე სხვა ავტორების წიგნებს ჩაჰკირკიტებდა და დროებით გამოსავალს ამაში პოულობდა. როგორც იქნა, თავი მოიმძლავრა და მეცამეტე თავის გაგრძელებას საშველი დააყენა:
ერთ დღეს, სახლში დაბრუნებულ თეკლას სამზარეულოს დაბალ კარადაზე შემომდგარი, პატარა აკვარიუმი და მასში მყოფი ლურჯი თევზი დაუხვდა:
-იაპონური ბეტა- სწორედ ისეთი, მე რომ მინდოდა,- აღტაცებით წარმოთქვა და მშვიდად მოცურავე ხასხასა, ლურჯი შეფერილობის, დიდფარფლებიან თევზს ღიმილით მიაშტერდა.
-მოგწონს?- უკნიდან ანდროს ხმა გაისმა, თეკლას მიუახლოვდა და კმაყოფილი სახით შეხედა აკვარიუმს.
გოგონა შეკრთა. რატომღაც მოეჩვენა, რომ ბიჭის ხმაში ნამეტანი სითბო იგრძნობოდა. ოდნავ დაიბნა, მაგრამ თავი მალევე შეაფხიზლა და თვალები გაუსწორა:
-შენ მიყიდე?
ბიძაშვილმა თავი დაუკრა, ისე, რომ თვალი არ მოუშორებია მისთვის.
-მადლობა.
-იცი, როგორ უნდა მოუარო?
-არა.
-მე გასწავლი, რთული მოსავლელი არ არის,-საჭმლით სავსე კონტეინერი მიაწოდა და გააგრძელა: - დღეში ერთხელ, ძალიან ცოტა აჭამე, მეტი არაა საჭირო, წყალი მაშინ უნდა გამოუცვალო, როცა აიმღვრევა. მოჩხუბარის სახელით რომ არის ცნობილი, ეგ კი გეცოდინება, ამიტომ სხვა თევზი არ მოუყვანო, ვერ შეეგუება.
-სულ ეს არის?-მორიდებით ჰკითხა თეკლამ.
ბიჭმა კვლავ დაუკრა თავი და ბიძაშვილის რეაქციას აკვირდებოდა. არ გამორჩენია, რომ გოგონა უხერხულად გრძნობდა თავს, მის მწველ მზერას ვეღარ უძლებდა.
-საიდან გაიგე, რომ ეს თევზი მინდოდა?
-ვერაფერს გამომაპარებ, თეკლა. იმაზე მეტი ვიცი შენზე, ვიდრე გგონია.
გოგონას ოფლმა დაასხა, ბიძაშვილს მოუბოდიშა და სააბაზანოში შევარდა, რომ თავი წყლით მოესულიერებინა:
-ჯანდაბა, რა გვემართება ორივეს? ასე არ უნდა ხდებოდეს. ეს არ შეიძლება! - გულაჩქარებული ფიქრობდა და სირცხვილისგან ჯერ კიდევ გავარვარებულ, სველ სახეს სარკეში აკვირდებოდა.
რამდენიმე წუთში აბაზანის კარი გააღო და სამზარეულოსკენ გაიხედა. აინტერესებდა, ბიძაშვილი ისევ იქ იყო, თუ წასულიყო. როცა დარწმუნდა, ანდრო სამზარეულოში აღარ იმყოფებოდა, თევზს მიაკითხა და საკმაოდ დიდი ხანი დაჰყო მასთან. ხან ერთ მხარეზე გადასწევდა თავს, ხან მეორეზე და არ ბეზრდებოდა სახლის ახალი ბინადრისთვის ცნობისმოყვარედ თვალის დევნება. პირიქით, მშვიდდებოდა. ანდრო მისგან მალულად შორიდან აკვირდებოდა, მოსწონდა თეკლა რომ გაახარა და დროდადრო ჩაეღიმებოდა ხოლმე.

***
გეტამ მალე მეთოთხმეტე თავისთვისაც გამონახა ენერგია და განსაკუთრებულ ეპიზოდს დიდი პასუხისმგებლობით და სიფაქიზით მოეკიდა:

თავი 14
თებერვლის თვე იწურებოდა. ზამთარი ყინვით და დაუცხრომელი, ქარიანი დღეებით ბოლოჯერ იქნევდა კუდს. ცუდი ამინდის მიუხედავად, თეკლა დილიდანვე ამაღლებულ განწყობაზე იყო და ნაცნობ სტილისტთან მიიჩქაროდა, რომელიც რამდენიმე დღის გადასული იყო ახლად გახსნილ სალონში. მითითებულ მისამართს რომ მიუახლოვდა, სიარული შეანელა და პირველ სართულზე გახსნილი კომერციული ობიექტების დაკვირვება დაიწყო.
-მართა, შეჩერდი! -საიდანღაც ქალის კივილი მოესმა.
მისი ყურადღება დაახლოებით ორი წლის პატარა გოგონამ მიიქცია, რომელიც სავარაუდოდ მშობელს გამოჰპარვოდა და ტრანსპორტით დატვირთული გზისკენ მხიარული სახით მიიწევდა. ქალი ისევ კიოდა და შეშლილი სახით მისდევდა. თეკლას მეტი ბავშვს ვერავინ შეაჩერებდა, ყველაზე ახლოს ის იყო მასთან. არ დაიბნა, დაედევნა და სწორედ მაშინ, როდესაც გაქანებული ავტომანქანის მძღოლი მის წინ გადამხტარი ბავშვის გადასარჩენად ამუხრუჭებდა, თეკლამ პატარა გოგონა ხელში აიტაცა და მასთან ერთად წამებში გადახტა ტროტუარზე. ბავშვი დაბნეული სახით აცეცებდა თვალებს. ვერაფერს მიხვდა, რა მოხდა. მანქანის მძღოლმა ავტომობილი გააჩერა და შეშლილი სახით მივარდა ორივეს:
-ვისია ეს ბავშვი?
-არ ვიცი,- თავი გააქნია თეკლამ.
-კინაღამ დავიღუპე! ლამის ცოდვაში ჩავდგი ფეხი,- ერთიანად კანკალებდა კაცი.
-მართა!-კვლავ გაისმა ქალის ხმა.
-მართა!-აღელვებული მამაკაცის ნაცნობი ხმაც გაიგონა თეკლამ და მის დანახვაზე, გაოცებისგან პირი დააღო.
ბავშვს ფრთხილად შეხედა და კარგად შეათვალიერა. გოგონას პატარა, ვარდისფერი ტუჩები გადმოებრუნებინა და აღელვებული მშობლების განწირული ხმით ყვირილის გამო, სატირლად ემზადებოდა. ამასობაში, დედ-მამაც მოადგნენ და თეკლას ბავშვი გამოართვეს.
-დაქალთან ჭორაობ და შენი შვილი რას აკეთებს, სულ არ გადარდებს, არა? -აგრესიულად მიმართა მამაკაცმა ორსულ ქალს.
-ყველაფერი წამებში მოხდა, რას წარმოვიდგენდი, თუ...
-კარგი, მე დაგტოვებთ, მთავარია, მართა კარგად არის,- საუბარში ჩაერთო თეკლა და სახეზე შემოხვეული კაშნე გაისწორა.
-ასე არ შეიძლება, ლამის შარში გამხვიეთ, შემდეგში ფრთხილად იყავით! - გაფითრებული სახით წამოიძახა მანქანის მძღოლმა და ბურდღუნით გაეცალა იქაურობას.
ის იყო, მამაკაცი შვილის გადარჩენისთვის თეკლას მადლობის სათქმელად შეუბრუნდა, როდესაც ნაცნობი ნაკვთები ამოიცნო და პირზე მომდგარი სიტყვა შეეყინა.
-არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ, ჩვენს შვილს მეორე სიცოცხლე აჩუქეთ, - ლუღლუღებდა დედა.
-ჰო, მე... მადლობის მეტი არაფერი მეთქმის... -ძლივს წარმოთქვა ბავშვის მამამ და თვალები დახარა.
-ლექსო, მე ბავშვს წავიყვან და მანქანაში დაგელოდები, თორემ ლამის არის წავიქცე, ცუდად ვარ,-წარმოთქვა ქალმა და მისიკვდილებული სახით გაეცალა თეკლას და მეუღლეს.
-რა თქმა უნდა, ამის დრო და ადგილი არ არის, მაგრამ მინდა, ყველაფერი აგიხსნა,- უთხრა მამაკაცმა.
-არაფრის ახსნა არ მსურს, თავი არ შეიწუხო.
-იქნებ, დრო გამოძებნო და ერთ დღეს შევხვდეთ. მინდა, სიმართლე იცოდე.
-უკვე ვიცი შენი მანქანიერობის შესახებ. ფაქტები ჯიუტია.
- ვიცი, არაკაცურად მოვიქეცი და ...
-თუნდაც იმიტომ აღარ შეგხვდები, რომ შენი მზაკვრული სიფათის ყურებამ მეტჯერ აღარ მომიწიოს. შენ... -გულის რევის შეგრძნებამ შეაწუხა, მაგრამ მალევე მოერია და ზიზღნარევი სიტყვებით განაგრძო: -ნებისმიერი ცოლის მოღალატე მამაკაცი გჯობია, რომელიც სახელს და გვარს არ მალავს, საყვარელს მის სახელს არქმევს და იმ ურთიერთობის იქით, არაფერს ჰპირდება. ფუი, შენს ადამიანობას, გარყვნილი და ფლიდი ყოფილხარ!
-თეკლა, მომისმინე! ისე არ არის, როგორც ფიქრობ.
-გაჩუმდი! ეს ხმა აღარ გამაგონო! -ხელი აუწია და გაწითლებული ცხვირის ქვეშ ათრთოლებული ტუჩები სილურჯეში გადაუვიდა.
-ნება მომეცი, სახლამდე მიგაცილო. ამით მაინც გამოვხატავ მადლიერებას, რაც ჩემთვის და ჩემი შვილისთვის გააკეთე.
-ხმა-მეთქი! ნუღარ მელაპარაკები! -მკაცრად უთხრა და ზურგი აქცია.
იდგა გაძეგლებული ლექსო ტუღუში გაურკვეველ ვითარებაში და აღარ იცოდა რა მოემოქმედებინა. რამდენიმე წუთში თავს იმდენი რამ დაატყდა, მდგომარეობიდან ვეღარ გამოდიოდა. 

***
განსაკუთრებული დღე განსაკუთრებული იუბილარისთვის!  - სახლში დაბრუნებულ თეკლას მეგობრები და ანდრო ტორტით და შამპანიურის ბოთლებით დაუხვდნენ.
-რამ განმასაკუთრა?- ნაძალადევად ჩაიცინა, სურვილი ჩაიფიქრა და სანთლები ჩააქრო.
-რას ჰქვია, რამ განგასაკუთრა? - მხიარულად იკითხა კუსამ,- სხვებისგან განსხვავებით, ყოველ ოთხ წელიწადში ერთი წელი გემატება და გვიან დაბერდები.
-ვითომ?- გაეღიმა თეკლას და პირველი ნაჭერი ჩამოჭრა.
-მახსოვს, როგორ ტიროდი ხოლმე, შენი დაბადების დღე ოთხ წელში ერთხელ რომ დგებოდა,-დასძინა ანდრომ.
-მეც მახსოვს, - სიმორცხვისგან სახეზე სიწითლემ გადაუარა თეკლას.
საღამო საინტერესოდ წარიმართა. მეგობრებმა იუბილარი ადღეგრძელეს, სასიამოვნო ამბებზე საუბრით იხალისეს და მალევე წავიდნენ.
მარტოდ დარჩენილი თეკლა სევდამ შეიპყრო. გონებაში კადრებად ესახებოდნენ ლექსო ტუღუშთან გატარებული დღეები და ნერვებს უწამლავდნენ. მერე სილუეტები ერთმანეთში ირეოდნენ და ყველაფერი ჭრელდებოდა, რამდენიმე ფერში გადადიოდა და ბოლოს შავდებოდა.
-ჯანდაბა! ეს რატომ ჩაიდინე, არაკაცო?!- ღრიალით ამოხეთქა, მაგიდის შუაგულში დადებულ ლარნაკს ხელი დაავლო და მთელი ძალით დააზღერთა იატაკზე. სამად გაყოფილი ლარნაკის ნაწილები აქეთ-იქით გაიშალა, თავად თეკლას კი ტირილი აუვარდა.
ლეწვის ხმის გაგონებაზე, ანდრო მაშინვე ოთახში შეიჭრა და აქვითინებული ბიძაშვილი ფეხზე წამოაყენა. დივანზე ჩამოსხდნენ. რამდენიმე წუთში თეკლა როგორც იქნა, დამშვიდდა და ანდროს მხარზე მიადო თავი. ბიჭი ხმას არ იღებდა, არაფერს ეკითხებოდა, რომ კიდევ მეტად არ გაენერვიულებინა. მოთმინებით უყურებდა მისი მხრის ქვეშ მობუზულ თეკლას, რომელსაც გახშირებული სუნთქვა ჯერ კიდევ ვერ მოეშორებინა. ოთახში განავარდებულ სიჩუმეს გოგონას კაეშანით მოდებული ოხვრა ეწეოდა. ანდრომ თვალები დახუჭა და ღრმად გაჰყვა ფიქრებს. უეცრად, გოგონამ მისი მხრიდან თავი აიღო და შეხედა. რამდენჯერმე დააპირა, თითებით მის სახეს შეჰხებოდა, მაგრამ ვერ ბედავდა. ბოლოს, გამბედაობა მოიკრიბა და  ნატიფი თითები მის გახურებულ ბაგეებს დაადო. ბიჭმა უმალ გაახილა თვალები და  რაღაცის თქმას შეეცადა, მაგრამ გოგონამ შეაჩერა:
-ჩშ!-  ამღვრეული თვალები სახესთან ახლოს მიუტანა.
ორივეს სუნთქვა ერთმანეთში ირეოდა, სიჩუმეს ახლა საიდანღაც აკრძალული ვნება ეპარებოდა, თუმცა ანდრო მაინც ცდილობდა, რომ მოახლოებულ საფრთხეს შესწინააღმდეგებოდა. თეკლას ხელი გააშვებინა და უარის ნიშნად თავი გააქნია.
-იცი, რომ ძალიან ლამაზი ტუჩები გაქვს? მომეცი უფლება, შეგეხო,-არ ეშვებოდა გოგონა,- ისეთი წითელია, თბილი, ვნებიანი და თანაც სექსუალური...
-არ გვინდა, კარგს არაფერს მოგვიტანს, - უხსნიდა ანდრო.
-ნუ გეშინია, ამის შესახებ მხოლოდ ჩვენ ორს გვეცოდინება და მეტს - არავის.
ანდრო ცდუნებას ვეღარ უძლებდა, ქალის სურვილით შეპყრობილს ყოველ მის შეხებაზე სიამოვნებისგან ვნება ემატებოდა:
-ვეღარ გავდივარ შენი ლაბირინთიდან. ცუდად მომიმწყვდიე.
-ამ ლაბირინთს სიყვარულის ხეივანი ჰქვია. ჩვენ აქ დიდი ხანია ვსეირნობთ, თუმცა არცერთი ვუტყდებით ერთმანეთს გრძნობებში. როდემდე უნდა ვიყოთ სურვილის პატიმრები?
-თეკლა, ნუ გააღვიძებ ჩემში შენდამი რამდენჯერმე მისუსტებულ ლტოლვას.
გოგონა აღარ უსმენდა, ფაქიზად ეხებოდა და ნაზი კოცნებით იწვევდა. მაინც დაეწია ოთახში განავარდებულ სიჩუმეს ვნება და იქიდან გააძევა. მერე მოხდა ის, რასაც ორივე მათგანი დიდი ხნის განმავლობაში გაურბოდა. აღმოჩნდნენ ისეთ სამყაროში, სადაც დღის შუქზე ვარსკვლავები ანათებდნენ, მდინარე მათ თავზე მიედინებოდა, მზე დასავლეთიდან ამოდიოდა და აღმოსავლეთით ჩადიოდა, ხოლო ღრუბლებზე დაკიდებულ საქანელაზე თავად ისხდნენ და ბედნიერებისგან ირწეოდნენ.
-მაპატიე, გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი. ეს დანაშაულია! - არეული სახით დასწვდა ძირს დაყრილ ტანსაცმელს ანდრო და ჩაცმა დაიწყო.
-სადაც ვერ ვხედავ დაზარალებულს, იმ ქმედებას დანაშაულს ვერ დავარქმევ, -უწყინარი სახით აღნიშნა თეკლამ და დივნიდან წამოდგა.
ანდროს ცივი ოფლი ასხამდა. აივანზე გავარდა და ცარიელ ქუჩას ზემოდან დახედა.
-კარგი, რა. ასე ნუ განიცდი, -გვერდით ამოუდგა ბიძაშვილი და ანდროს მსგავსად, ქუჩას ჩახედა.
ბიჭი წამდაუწუმ ოფლს იწმინდავდა შუბლიდან. თეკლა მშვიდად იდგა და ახლო-მახლო მდებარე შენობებს ათვალიერებდა. მოულოდნელად, მოპირისპირედ მდგარი კორპუსიდან ვიღაც ქალის მკაცრი მზერა დაიჭირა. გულმა რეჩხი უყო, რომ მან ყველაფერი დაინახა.
-ანდრო,- ხელი მიჰკრა ბიძაშვილს.
ბიჭმა მჭმუნვარედ გახედა.
-მოპირდაპირე მხარეს, მეოთხე სართულზე რომ ფანჯრიდან ქალი გვიყურებს, რატომღაც მგონია, ყველაფერი იცის ჩვენზე.
ანდრომ ქალს შეხედა და ღრმად ამოიგმინა:
-ურჩხულის მზერა აქვს!- მხოლოდ ეს თქვა და თავზარდაცემული ოთახში შებრუნდა.
თეკლა თავხედურად უყურებდა თვალებმობრიალე მეზობელს, თითქოს საყვედურობდა, რა შენი საქმეა სხვის ფანჯრებში ყურებაო, მაგრამ ცოტა ხანში ვეღარ გაუძლო მისგან მომდინარე, მზესავით მცხუნვარე მზერას  და ისიც ბიძაშვილივით მალევე გაუჩინარდა აივნიდან.

***
-პანდორას ყუთი გაიხსნა! - ბოროტად ჩაიცინა მწერალმა, - ვნახოთ, როგორ გადაურჩებით, ახალგაზრდებო გავეშებული საზოგადოების რისხვას. ისე, უჩვეულოა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, საკუთარ თავს თვალებმობრიალე ურჩხულად თუ მოვიხსენიებდი, - აკრეფილი ტექსტი შეინახა, ლეპტოპი გამორთო და სახლიდან გავიდა.
უგზო-უკვლოდ დაიარებოდა, მაგრამ ამაში პოულობდა სიამოვნებას. უყვარდა ღამის ქალაქში მარტო ხეტიალი, სადაც ტროტუარებზე ხალვათად მოსიარულე ხალხი ხვდებოდა. შუქებით გაჩახჩახებულ რუსთაველზე გავიდა და ორმაგად განათებულმა ქუჩებმა თვალი მოსჭრეს. პარლამენტის შენობას რომ ჩაუარა, ცხრა აპრილის მემორიალთან გაჩერდა. წესიერად ვეღარაფერს ხედავდა, თვალებში გამოსახულებები ყვითელ და შავ სილუეტებად ირეოდნენ. ერთხანს გაჩერდა და სხეულში წარმოქმნილ ალიაქოთს შეწყვეტას დაელოდა, მაგრამ გარეგანი საბუდებელი თითქოს მძიმე ზეწოლას ახდენდა მასზე, კარის გაღებისა და გამოსვლისკენ მოუწოდებდა. ცუდად გახდა, ხელის ცეცებით ნელ-ნელა მიიწევდა წინ, ვიდრე თავბრუსხვევამ არ შეაწუხა. მერე, ძირს დაჯდა და ღრმად ჩაისუნთქა, დაელოდა, ვიდრე მდგომარეობა არ გამოუსწორდებოდა. ყურებში ატეხილი გუგუნიდან კარგად გამოარჩია 1989 წლის 9 აპრილის ღამეს გაჟღერებული სიმღერები და თავისუფლებისთვის მებრძოლ მანიფესტანტებში რამდენიმე მოცეკვავეც დაინახა. გულადი პატრიოტების წინაშე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II-ეც გამოჩნდა:
„მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი!“ -თეთრწვერა მოხუცმა პირჯვარი გადაიწერა, ანთებული სანთლებით მდგომ სულიერ შვილებსაც გადასწერა და გააგრძელა: -„თქვენ იცით, რომ საქართველო არის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი. თქვენ იცით, რომ საუკუნეების განმავლობაში მრავალი განსაცდელი უნახავს საქართველოს და მრავალგზის უფალსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გადაურჩენია საქართველო. აი, დღესაც, ჩვენ ვდგავართ რეალური საშიშროების წინაშე. ჩვენ არ შეგვიძლია, არ დავინახოთ ის რეალური საშიშროება, რომელიც დგას ჩვენს წინაშე. აი, ამიტომ, მე მოვედი აქ, რომ დაგლოცოთ, რომ დამთავრდეს ეს შეყრილობა. მე მოვედი იმისათვის, რომ წავიდეთ ტაძარში და მადლობა შევწიროთ ღმერთს გადარჩენისათვის. მე ახლა მაცნობეს, რომ საშიშროება რეალურია. შეიძლება, ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი, ამიტომ, ჩემო სულიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ აბრძანდეთ ახლა და წავიდეთ ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევწიროთ უფალს.“
კათოლიკოს პატრიარქმა მოწოდება დაასრულა და მანიფესტანტებს გადახედა. რატომღაც სდუმდნენ...  ჭოჭმანის შემდეგ, მხოლოდ რამდენიმემ გაბედა, უარით ცხადად დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი. იმედგაცრუებულმა ერის სულიერმა წინამძღოლმა სინანულით გადახედა სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ ხალხს და იქაურობას გაეცალა.
დაახლოებით დილის ოთხი საათი იყო, როდესაც რუსთაველის გამზირზე ჰაერს სიკვდილის და სისხლის სუნი ეპარებოდა. საგანგებოდ შემოყვანილმა სადესანტო შენაერთებმა ალყაში მოაქციეს მშვიდობიანი მომიტინგეები და ქიმიური საშუალებებით, სასანგრე ბარებით, ცეცხლსასროლი იარაღებით, ჯავშანტრანსპორტიორებით და ტანკებით უახლოვდებოდნენ. ხალხში ჩოჩქოლი ატყდა. პანიკაში ჩავარდნილმა გეტამ მეგობრებს დაუწყო ძებნა, რომ როგორმე გზა მოეძებნათ და ერთმანეთზე მოსიარულე ხალხის ბრბოდან თავი დაეღწიათ. სირბილის დროს, ვიღაცის ფეხს გამოედო და წაიქცა. ძირს დავარდნილმა რუსი ჯარისკაცი დაინახა, რომელიც მის თვალწინ ერთ-ერთ მოქალაქეს სახეში უმოწყალოდ ურტყამდა ბარს და თავს უჩეჩქვამდა.
-არა!- შეძრული ყვიროდა და თავის დასაცავად ხელებს იფარებდა, რომ მასზე მორბენალი ხალხისგან თავი დაეცვა, ან რუს ჯარისკაცს როგორღაც დამალვოდა და მოკლული მანიფესტანტის შემდეგ მასზე არ მიეტანა იერიში.
მოულოდნელად, ვიღაცამ წელის და მუხლების ქვეშ ძლიერი მკლავები ამოსდო, ჰაერში აიტაცა და თავქუდმოგლეჯილმა გააქანა ერთ-ერთი ქუჩის მისადგომისკენ.
-რომა? აქ რას აკეთებ? -გაფართოვებული გუგებით უყურებდა სისხლიან კალოზე მორბენალ ორმეტრიან მამაკაცს, რომელსაც სახეზე ცარცის ფერი დასდებოდა და მტვერში ამოგუნგლულ საყვარელ ქალს გადარეულივით საშველად მიაქანებდა.
-სულ ასეთ შარში როგორ უნდა იყო, გოგო? აქ რამ მოგიყვანა?!
-ხელი გამიშვი, შენი არაფერი მჭირდება.
- სიცოცხლე არაფრად გიღირს?
-არა.
რუსთაველზე განწირულთა ვარამი ისმოდა. მოგუდულ ხმებში ჩამდგარი ბოღმა ავი ძაღლივით ყეფდა. გამზირს მკვდარი და დაჭრილი სხეულები ხალიჩებად ეფინებოდნენ.  ქართველების ყაყაჩოსფერმა სისხლმა ასფალტი გადარეცხეს. საშინელი სუნი დადგა...
რომა გადარეულივით დარბოდა და რუსული არმიისგან მომწყვდეული უსაფრთხო გასასვლელს ეძებდა. რამდენიმე ადგილას ტყვიაც გავარდა. გეტამ ვეღარ გაუძლო ამგვარ სტრესს და პატარა ბავშვივით ატირდა.
-ჯანდაბა! თქვენი დედაც!- ღრიალებდა რომა და წამდაუწუმ გეტას დახედავდა ხოლმე.
როგორც იქნა, ერთ-ერთ ქუჩაზე გააღწია და მისუსტებული ქალი მაშინვე მიწაზე დააწვინა, რომ მოესულიერებინა.
-წყალი, წყალი!-დაიძახა ვიღაცამ და ნახევარი ბოთლი ზედ სახეზე ჩამოაცალა.
-გეტა, თვალები გაახილე. რა გჭირს, გოგო? მიდი რა, მიდი, გთხოვ, -სუნთქვაშეკრული რომა ლოყებზე უტყაპუნებდა და მის გონზე მოსვლას ისე ელოდებოდა, როგორც სამშობიაროდ გამზადებული დედა ახალშობილი შვილის ხილვას.
გეტამ თვალები გაახილა, მაგრამ სიტყვების წარმოთქმის ძალა არ ჰქონდა. სუსტად შესცინა:
-კარგად ვარ, ყველაფერს ვგრძნობ და მესმის, -უთხრა და ისევ მილულა თვალები.
რომამ სიფრიფანა სხეული გულზე მიიკრა და ცრემლიანი თვალებით დასცქეროდა. ნაზად დასწვდა და სახის თითოეული ნაკვთი დაუკოცნა:
-ნუ გეშინია. მე დაგიცავ.
-წადი, დამეხსენი, კარგად ვარ-თქო, რატომ არ გესმის?
-ახლა მაინც გაჩუმდი! ნუ მიშლი შენთან სიახლოვეს.
-დანიშნული ვარ. საქმრო მყავს, აღარ გეკუთვნი, რომა.
-ფეხებზე მკი*დია შენი საქმრო, როცა საყვარელ ქალს ასე უჭირს.
-სასწრაფოდ გაეცალეთ ამ ტერიტორიას, ჰაერში მომწამლავი გაზი გაუშვეს იმ ნაბიჭ*ვრებმა!- ტყავის ქურთუკს ცხვირზე იფარებდა ვიღაც და ისე გარბოდა.
-ადექი! შეძლებ სიარულს?- სიყვარულით შეხედა ქალს რომამ და შეეცადა, ფეხზე წამოდგომაში დახმარებოდა.
გეტა წამოდგა და ნელ-ნელა, მის მხარზე ჩამოკიდებული ტაატით გაჰყვა:
-იქ ჩემი მეგობრები არიან,- ჩუმად ჩაილაპარაკა და უკან მიიხედა.
-რუსთაველზე დიდი უბედურება ტრიალებს. იქ ვეღარ დავბრუნდებით, სახლში უნდა წავიდეთ.
ქალმა თავი ჩაქინდრა და გზა გააგრძელა:
-შენთან არ წამოვალ, ჩემ სახლში წამიყვანე.
-იქ წაგიყვან, სადაც შენ გინდა, აღარაფერს დაგაძალებ, -სევდიანი ხმით მიუგო მამაკაცმა.
-შენ ხომ როსტოვში წახვედი? აქ რატომ დაბრუნდი?
რომამ ამოიოხრა, თავი გააქნია და გეტას შეხედა:
-ვერ შევძელი უშენოდ. ათასჯერაც რომ მიჩივლოს შენმა ოჯახმა, ჩემს სიყვარულს გულიდან ვერ ამომაგლეჯს.
-აქ არ უნდა იყო, დაგიჭერენ.
-ჩემზე ნუ იდარდებ. შენ თავზე ინერვიულე.
-რა მაქვს სანერვიულო?
-ის, რომ შეცდომას უშვებ და არასწორი გადაწყვეტილებით თავს ინადგურებ.
-სულ ტყუილად ფიქრობ ეგრე.
-იცი მაინც, რას ნიშნავს იეზიდისთვის სარწმუნოების შეცვლა? -არა,- თავადვე უპასუხა საკუთარ კითხვას და განაგრძო:- შენი გულისთვის ყველაზე წმინდა, ყველაზე ძვირფასი დავთმე და მთელი ოჯახი და სანათესავო გადავიმტერე. არაფერს გამადლი. „პროსტა“ მინდა, შეგახსენო, ამ სიყვარულისთვის სიკვდილსაც საამურად შევხვდები. ნუ გახდები მეძავი, არ გაყიდო სხეული უსიყვარულოდ.
გეტამ პასუხი ვერ დაუბრუნა.
-მოვა დრო და ინანებ, რომ ჩვენი სიყვარული არ დაინდე. იცოდე, უსაზღვრო ტკივილი შეგიპყრობს. ისინიც ინანებენ, რომლებიც დღეს ჩემკენ ტალახს ისვრიან, მაგრამ უკვე გვიან იქნება, სინათლე აღარსად გამოჩნდება...
-თავს ნუ მაცოდებ, შენ ხელში ვერ გავიხარე და აღარ ვაპირებ, საიდანაც ამოვძვერი, იგივე სიბინძურეში წავერჭო ცხვირით.
-თუ მართლა ასე თვლი, რომ ჩემთან ცხოვრება სიბინძურე იყო, ბარაქალა შენს ქალობას!
-მარტო დამტოვე, სახლის გზას როგორმე გავიგნებ.
-მიგაცილებ და გპირდები, რომ ჩემი არსებობით აღარ შეგაწუხებ, თუმცა არის რაღაც, რაზეც პასუხს ვერ ვაგებ.
-რაზე მიმანიშნებ?- გეტა გაჩერდა და რომას ეჭვისთვალით შეხედა.
-დანარჩენი მე ვიცი,- მრავალმნიშვნელოვნად დასძინა და ცას ახედა.
თენდებოდა, როდესაც რომამ გეტა სახლთან მიაცილა. ნაღვლიანი თვალები შეავლო, დაემშვიდობა და მეტი აღარაფერი უთქვამს...

***
სასტიკი ღამის მოგონებამ ლამის სული ამოღაფა მწერალს. ამას მას შემდეგ განვითარებული ამბებიც მოჰყვა, რომლებიც მოკლე კადრებად ჩაენაცვლა 9 აპრილს. იხილა მეორე ქმართან, ქალაქში ცნობილ ჟურნალისტთან, ზაზა მიროტაძესთან ხელისმოწერის ცერემონია, ქორწილში მყოფი ბედნიერი მშობლები, და, სიძე, ნათესავები, მეუღლის მშობლებიც, რომლებიც ძლივს შეეგუენ შვილის არჩევანს და თვალები დახუჭეს არც თუ ისე სახარბიელო რეპუტაციის მქონე რძალზე. გაიხსენა ის მომენტიც, როცა მეუღლის დაჟინებული თხოვნით წერა დაიწყო და ნაცნობ რედაქტორთან პირველი ნაწარმოები მიიტანა გამოსაქვეყნებლად. ოჰ, რა ბედნიერი იყო მაშინ, როდესაც მოიწონეს, შეაქეს, დააფასეს და ხელი შეუწყეს, რომ სახელგანთქმული მწერალი გამხდარიყო. ეს ერთადერთი ნათელი წერტილი იყო მის ცხოვრებაში, რომელიც ამდენი ურვის შემდეგ გამოიკვეთა. მას შემდეგ ამ საქმისთვის ხელი აღარ გაუშვია. მოსიყვარულე მეუღლე ერთხანს იმაშიც კი არწმუნებდა, მსახიობობას დაბრუნებოდა, მაგრამ ქალმა სასტიკი უარი განაცხადა და ისევ მწერლობა არჩია. ისეც კმაყოფილი იყო, როდესაც ნაწარმოებებში ქმნიდა სხვადასხვა პერსონაჟებს და მერე წარმოსახვაში ასრულებდა მათ როლებს.
მემორიალის წინ მყოფმა მწერალმა თავს სძლია, წარსულის კარი გამოიხურა, დაუძლურებული სხეული წვალებით ასწია და ჩანჩალით გაუყვა სახლისკენ მიმავალ გზას. საცხოვრებელ ქუჩას რომ მიუახლოვდა, ასახვევთან ცხადად დაინახა ანდროს და თეკლას გამოსახულებები. ქალმა შიშისგან იკივლა.
-რაო, ქალბატონო, გეტა, არ გესიამოვნათ თქვენი პერსონაჟების ცხადში ხილვა? - ანდრომ მკლავები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა და ალმაცერად დაუწყო ყურება.
-ცოცხლები აღარ ხართ. რატომ გამომეცხადეთ?
-აბა, თუ მიხვდები რატომ? -დოინჯი შემოირტყა თეკლამ და მუხლში ოდნავ მოხრილი ფეხი გვერდზე გასწია.
-თქვენ ხასიათზე არ ვარ, გამიშვით,- ხელებს იქნევდა მათ მოსაშორებლად.
-ვინ მოგცა უფლება, ჩვენი საიდუმლო ყბადაღებული საზოგადოებისთვის გაგენდო?- უსაყვედურა განრისხებულმა ანდრომ.
-რისი გულისთვის გადაგვეცი ანათემას? რა დაგიშავეთ? -კითხვები დააყარა გაწბილებულმა თეკლამაც.
-მომწყდით თავიდან!- ყვიროდა მწერალი და თავქუდმოგლეჯილი გარბოდა.
-ვერსად წაგვიხვალ! ახლავე გაანადგურე, რაც შექმენი! არც შენ და არც სხვებს არ გაქვთ ჩვენი განსჯის უფლება! - აგრძელებდა ანდრო.
-არ ვაპირებ, თქვენს დაკრულზე ვიცეკვო!
-არ მოგასვენებთ, ყველგან მოგაგნებთ,- ემუქრებოდა თეკლა.
-თქვენღა მაკლდით, -პასუხობდა შეშფოთებული ქალი და გულამოვარდნილი უკვე სადარბაზოს კიბეებზე არბოდა.
ბინის კარი გააღო და მაშინვე თავის ოთახს მიაკითხა. შუქი აანთო და ძრწოლაატანილი კედელს აეკრო.



გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები