ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2019


Memoires

ფერებს კარგავენ სურათები, იცრიცებიან
ფურცლის ხავერდებს შერჩენილი მელნის მწკრივები.
ბგერებს სიმკვეთრე ეკარგებათ, შორიდან ისმის
ხმები, რომლებიც გიყვებოდნენ ნაცნობ ლეგენდებს.
ნესტმა შეჭამა ხის ჩარჩოში მცხოვრები კაცის
სახე, რომელიც გავდა სიზმრად ნანახ გოლიათს.
ხე წაიქცა და ხის ადგილას სიცარიელე
ცხოვრობს. ჩრდილებიც ხესთან ერთად გადახვეწილან
უცნობ მხარეში. გახსოვს, ამ დროს წვავდნენ ნაზამთრალ,
ყინვას და დაშლას გადარჩენილ გამომპალ ფოთლებს
და მირაჟები თვლემდნენ მათ კვამლში.

მდინარის გაღმა მშვიდად თვლემდა სახლი ცალთვალა,
სადაც არასდროს დაგინახავს სინათლის სითბო.
გავდა ეს სახლი დედამიწას ხალხის გარეშე
და გაშინებდა მისი მრუმე სუნთქვა ხანდახან.
იჯექი ჩუმად. გაჰყურებდი ნაცნობ პეიზაჟს,
შორ სივრცეებში ბინდდებოდა, მზეს კი თითებით
ეხებოდი და ქვიშასავით მიგიძვრებოდა
მუშტად შეკრული თითებიდან მისი სხივები
და ღამდებოდა... ღამდებოდი... კედლებს რომლებმაც
ნესტიან ქშენით გამოჭამეს თავის სხეული
უმზერდი შიშით. კედლები კი სიყვარულს გავდნენ.
კედლებს უყვარდი. იძინებდი. მხარქვეშ საბანი
მძიმე წლებივით გამოგეკრა. საწოლში იწექ
და დაბადებას გავდა რიჟრაჟი.

იწვა სოფელი კლდის ძირში და თვლემდა ფიცრული
მიწის სიფიცხეს დანებებულ კედლების გვერდით,
რომელთა ქვებიც დახოცილი ძმებივით იწვნენ
და ქვიან მიწას უმძიმებდნენ ნაწვიმარ სხეულს.
კაკლების ჩრდილი... გადაჭრილი კაკლის ძირს უმზერ,
ძვლებს რომ გითბობდა მისი ძვლების მსხვილი ნაჭრები
და ლეღვის ხეზე მუდამ იჯდა ერთი ბეღურა
და კლდის ნაპრალებს შავ ლაქებად აჩდნენ ყვავები
და უყურებდნენ საფლავების მდუმარე მხარეს,
სადაც დაუდევთ მყუდრო ბინა კაცადყოფილებს,
რომლებმაც ერთი ამოღმართი ამოიარეს
და დაღლილებმა გემრიელად ჩაიქოქინეს.
აი, სამარხი წინაპრების. აი, ნაშთები
უკვე ყველასგან მივიწყებულ ადამიანის,
რომელმაც ერთხელ ჩაიდინა პატარა ცოდვა -
მოკვდა და ალბათ ეს შეცდომა არ აპატიეს.

ეს სასაფლაო, რომ იზრდება სამწუხაროა,
თუმცა სოფელი რომ მოკვდება, ის გაზრდას შეწყვეტს.

ქარიშხალი და წვიმები და ცივი სინესტე.
თხილის კვირტებში გაიხლართა მარტის ამინდი.
თოვლი, რაც იყო, ნიადაგში ნამად ჩავიდა
და ამოლაგდა მიწის სუნი ქალის ბარგივით.

ყვებოდა ზღაპარს... ეს ხმა ახლა ახლოა ისე,
რომ შეგიძლია მოეფერო. შენ ეს გაშინებს,
როგორც კეთილი ზღაპრებიდან ნაშობი მხეცი,
რომელიც უკვე აღარაა ასე საშიში.
ყვებოდა ზღაპარს... სუნი გახსოვს, გახსოვს მზეები.
გახსოვს თითები და კედლები, რომლებიც გჭამდნენ.
გახსოვს ვენახი, გახსოვს ბია, ბომბორა კატა.
მხოლოდ ბიაა დარჩენილი, მასზე ვენახიც
შეგეპარა და გადახლართა თავის წალამი,
რომელსაც კაფავ გაზაფხულზე, რომელიც გიყვარს
და რომლის მოჭრილ მაჯებზედაც ვაზივით ტირი.

მოგონებები... მათ ინახავ როგორც ძველ ნივთებს,
რომლებიც გინდა დაიკარგოს, მაგრამ თავად კი
არას დიდებით შეგიძლია, შორს მოისროლო,
რადგან იცი, რომ მათთან ერთად შენში მოკვდება
ის ვინც ყოველთვის შენთან იყო, ვისაც არასდროს
ესაუბრები. ვისაც მალავ და ვინც გაშინებს,
როცა მარტო ხარ, რადგან გახსოვს მოგონებებმა
შენი თავისგან ათასჯერ რომ გადაგარჩინეს.
ისინი ჩაქრნენ, შემოისხეს მხრებზე წვიმები
და მიაშურეს ქუჩებს, სადაც მშვიდად მარხია
შენი წარსული და შორეულ ვარსკვლავებივით
ელოდებიან ახალ იმედს, ახალ განთაიდს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები