ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: დრამატურგია
13 ოქტომბერი, 2019


ტელევიზიის სარდაფში (სატელევიზიო სპექტაკლი) სერია 16

სერია # 16

                  მოქმედი პირები:
ოსტატი  - ავეჯის ლოთი, თვითმარქვია რესტავრატორი;
შეგირდი - ოსტატის შეგირდი, შრომისმოყვარე;
პავალი  - წითელარმიელი;
კანტროლკა - შუასაუკუნეების დროინდელი ჯალათი;
და სხვები.


ოსტატი განაცვიფრა იმ სცენამ, რომელიც სტუდიაში დაუხვდა - სტუმრად ის ყავის მომდუღებელი ქალბატონი სწვეოდა (ურიკითურთ - „ყავა ქვიშაზე“), რომელიც ბაზრობაზე „აუხსნელ ვითარებაში“ გადახვეწილმა გაიცნო; პაველისთვის, კანტროლკასა და მიშკა-შეგირდისთვის ერთჯერადი ჭიქებით ყავა ჩამოერიგებინა.
- გამარჯობა, ოსტატო! - მიესალმა კარიბჭეზე გაჩხერილს.
- გაგიმარჯოს! - ენისბორძიკით უპასუხა.
- გატყობ, არ მელოდი აქ...
- სიმართლე გითხრა, ამ წუთამდე ვყოყმანობდი, რეალური პიროვნება იყავი, თუ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი.
- რეალური პიროვნება ვარ და ყავაც რეალური მაქვს!
- შენი ყავის გემო პირიდან არ გადამდის...
- შეფ, შენ „ჩვენ მარგოს“ იცნობ?
- „თქვენი მარგო“ რამდენი ხანია, რაც გაიცანით?
- თხუთმეტი-ოცი წუთის წინ გვეწვია!
- თქვენ სად იყავით, როცა მე ბაზრობაზე მარგოს ყავას ვსვამდი... - თან ამ ქალბატონს მალულად თვალი ჩაუკრა, რადგან სახელით აქამდე არ იცნობდა.
სტუმარმა ცხელ ქვიშაში ოსტატისთვისაც ჩაადგა ყავა.
- მარგო, რადგან მოხვედი, დღეს შენ ჩემი ტელეგადაცემის პირველი საპატიო რესპოდენტი უნდა გახდე!
- ვერა, ოსტატო, ეგ საქმე დღეს ვერ გამოვა; ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიმეჩქარება!
- იქ რა გინდა?
- მელოდებიან... - ღიმილით უპასუხა. - პაციენტებიც მიირთმევენ ჩემს ყავას. თანაც, დღეს იქ გახმაურებული სასამართლო პროცესი გაიმართება - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“; უნდა დავესწრო!
- სასამართლოს რა უნდა საავადმყოფოში?!
- საავადმყოფოს გააჩნია... აი, შენი ყავა მზად არის!
წასასვლელად მოემზადა.
- მოიცა, მარგო!
- ვერ მოვიცდი, დავაგვიანებ, მოსამართლემ სხდომა ათი საათისთვის დანიშნა!
- დილის ათი საათისთვის?
- დიახ, დილის ათი საათისთვის; საღამოს ათ საათზე პაციენტებს სძინავთ!
- დაუჯერებელია... ნამდვილი მოსამართლე ჰყავთ?
- ნამდვილზე ნამდვილი!
- პროკურორიც?
- პროკურორიც - პატარა მეგრე!
- მეგრე?
- ხო, პატარა მეგრე, გაგიგონია?
- ალბათ... სულ ერთი წამით კიდევ მოიცა. შეიძლება, მეც წამოვიდე?
- წამოდი, თუ გინდა.
- შემიშვებენ?
- თუ სხდომა დახურული არ არის, დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ყოველი შემთხვევისთვის, ჟურნალისტის მოწმობა გამოიყოლე.
- ტელეკამერაც?
- თუ გინდა, ტელეკამერაც.

ახალი კადრი:
ისინი ფსიქიატრიულ საავადმყოფოს შესასვლელს მიადგნენ, მარგო ურიკით - „ყავა ქვიშაზე“ და ოსტატი, მხარზეგადებული ტელეკამერით.
- გამარჯობა გოგია! - კარებში მდგომ სანიტარს მიესალმა მარგო.
- გაგიმარჯოს! პროცესზე მიიჩქარი?
- პროცესზე მივიჩქარი; ჟურნალისტი მახლავს თან, ტელევიზიიდან!
- კეთილი, უკანაგზობაზე დამალევინე ყავა!

# 6 პალატა, რომელიც საპროცესო დარბაზის ფუნქციას ასრულებდა, მჭიდროდ შეევსო დამსწრე „საზოგადოებას“, მათ შორის, რამდენიმე თეთრხალათიანი პირიც იყო. პალატის შესასვლელთან, საინფორმაციო სტენდზე, განცხადება იკითხებოდა:
სასამართლო პროცესი - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“
მოსამართლე: კოდექსა გ.
პროკურორი: პატარა მეგრე
საქართველოს მხარე: ჰარი ჰ.
რუსეთის მხარე: ვანია კასტილი

რუსეთის მხარის წარმომადგენლის „ვანია კასტილის“ პრინციპული მოთხოვნა - პროცესი „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაკვალიფიცირებულიყო პროცესად „საქართველო საქართველოს წინააღმდეგ“, მოსამართლე „კოდექსა გ-მ“ არ დააკმაყოფილა და განსახილველი საქმის არსობრივი ფორმულირება უცვლელი დატოვა - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. ამ ვითარებით გაავებულმა ვანია კასტილმა იატაკზე ფეხები დააბაკუნა და ყველას გასაგონად ჩაიბურტყუნა - „ია ვამ პაკაჟუ!“-ო.
პალატაში ჩოჩქოლი ატყდა. მოსამართლემ თავშეყრილთ სიმშვიდისკენ მოუწოდა. „დარბაზი“ დაშოშმინდა. სიტყვით გამოსვლის უფლება პირველჯერზე საქართველოს მხარეს მიეცა. საქართველოს მხარემ, კერძოდ, ოდესღაც ვექილად ნამუშევარმა პაციენტმა, მეტსახელად „ჰარი ჰ-მ“ (ჰარი ჰარალემ) წარადგინა ათადან და ბაბადან მოყოლებული იმ ბოროტებათა ნუსხა, რაც კი რამ რუსეთმა საქართველოს თავს დაატეხა. რუსეთის მხარე (ვანია კასტილი) ხვნეშითა და ქშენით ისმენდა ყოველივეს და როცა მისი სიტყვით გამოსვლის ჯერი დადგა, მოკლედ მოჭრა.
- რაც მოგივათ დავითაო, ყველა თქვენი თავითაო!
პალატა ისევ ხმაურმა მოიცვა. მოსამართლე კოდექსა გ-მ კასტილს მოსთხოვა განემარტა, თუ რა იგულისხმა ანდაზაში. კასტილი ამაზე სიამოვნებით დათანხმდა.
- კარგი ცხოვრება გინდათ, მაგრამ ეს კარგი ცხოვრება რუსეთის დასამარების ხარჯზე თუ არ მოხდა, უარს აცხადებთ მასზე. საკუთარი ქვეყანა იმ მოსაზრებით გადაწვით, რომ იფიქრეთ - რუსეთი ჩვენი მეზობელია და სიმხურვალე და კვამლი შეაწუხებსო! რა დასამალია და, რუსეთის იმპერია თავისი არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის... და თქვენ, ქართველებს გსურთ, ეს ისედაც ხანმოკლე სიცოცხლე ვადაზე ადრე მოგვისწრაფოთ! ამას ვერ ეღირსებით! ყოველ ღონეს ვიხმართ, რათა მემატიანემ რუსეთის იმპერიის საფლავზე დაწეროს, რომ იმპერია თავისი სიკვდილით გარდაიცვალა(!) და არა, ვიღაც მუჭის ტოლა საქართველომ მოუსწრაფა სიცოცხლე! - სიტყვის დასრულების შემდეგ, ვანია კასტილი თავის ადგილს ამაყად დაუბრუნდა.
კასტილის მიერ საქართველოს ერთ მუჭად მოხსენიებამ ყველა იქ მყოფ ქართველს ძარღვებში სისხლი აუდუღა.
- ვაპროტესტებ! - შეჰყვირა ჰარი ჰ-მ, - რუსეთის მხარემ საქმის არსი ისე წარმოაჩინა, თითქოს საქართველო ვიღაც ვიგინდარა, ერთი მუჭა, არ შემდგარი სახელმწიფო იყოს! რუსებმა გაიხსენონ თუ რა საზღვრებში გადაჭიმულიყო იმ დროს ჩვენი სამშობლო, როცა „ვეფხისტყაოსანს“ ვწერდით და ისინი, ჩვენგან განსხვავებით, ჯერ კიდევ ტყეში დარბოდნენ! ქართული გენიის ფენომენიდან რომელი ერთი დავასახელო - ამაყი, ქედმაღალი, დაუმორჩილებელი ხალხი ვართ! პრეზიდენტებს წინდებივით ვიცვლით, უფრო სწორად, ვისვრით... პირველი პრეზიდენტი რევოლუციის გზით ჩამოვაგდეთ; დიდი ამბავი, თუ ეს სამოქალაქო ომის ფასად დაგვიჯდა...  მეორე პრეზიდენტსაც იგივე ბედი ვაწვიეთ! მესამემ გაგვასწრო, იმ ხერხით, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკა საპარლამენტო რესპუბლიკად გადააქცია, მაგრამ განა რას მიაღწია ამით? ჯინაზე, პრემიერ-მინისტრებს პრეზიდენტებზე უფრო მალ-მალე ვიცვლით, უკაცრავად, ვისვრით!
ჰარი ჰ. კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ ვანია კასტილი სიტყვაში ჩაეჭრა.
- სწორედ ამიტომ, ჩვენ დაგინიშნავთ ისეთ ხელისუფლებას, რომელსაც ვეღარ „მოისვრით“, ეს ხელისუფლება დაგაშოშმინებთ! ამის გამოცდილება ჩვენ გვაქვს... ქვეყანაში ვინმე პასუხისმგებელი `მყარი~ პირი უნდა გყავდეთ, ვისთანაც მოლაპარაკებას გავმართავთ, ანუ, ვმართავთ მას!
პალატაში ჩამოწოლილი ფეთქებადი ღმუილი პროკურორმა პატარა მეგრემ დროულად გაანელა:
- მაშ, თქვენ მიერ დანიშნული ხელისუფლება, რომელსაც მართავთ, ქვეყანას დაგვიშოშმინებს? - ორონიულად იკითხა.
- ქვეყანასაც დაგიშოშმინებთ და ტერიტორიულ პრობლემასაც გადაგიჭრით!
- ტერიტორიულსაც?
- ჰო, ტერიტორიულსაც, ოღონდ, ისე არა, თქვენ რომ გგონიათ. ერთი „დასტვენა“ და, აფხაზეთიც და ცხინვალიც თქვენ მიერვე ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად ახლა უკვე სრული, იურიდიული უფლებით გამოგეყოფათ!
- ეგ პუნქტი ჩვენთვის მიუღებელია!
- ეგ პუნქტი არ შეიცვლება!
- რატომ?
- იმიტომ, რომ კარგად გიცნობთ, რა ჩიტებიც ხართ... ჩვენ მიერ დანიშნული ხელისუფლების თავიდან მოცილების შემთხვევაში, აფხაზეთსა და ცხინვალზე სამუდამოდ მოგიწევთ უარის თქმა!
- ანუ, აღნიშნულ რეგიონებს მძევლად იტოვებთ?!
- დიახ, მძევლად ვიტოვებთ!
პალატაში თავშეყრილთ მრისხანება აუელვარდათ სახეზე; ვანია კასტილმა იგრძნო ეს და სიტყვა შეარბილა.
- ჩვენ მეგობრობას გთავაზობთ; აი, ჩემი ხელი! მზად ვართ რუსეთის ბაზარი ხელახლა გავხსნათ საქართველოდან ტრანსპორტირებული ფეკალური მასებისთვის!
- ვაპროტესტებ! - წამოიყვირა ჰარი ჰ-მ. - საქართველო ფეკალური მასების ექსპორტს არ აწარმოებს!
- აწარმოებს! და ეს, საყოველთაოდ არის ცნობილი!
მოსამართლემ რუსეთის მხარეს ფაქტის დასაბუთება მოსთხოვა. ვანია კასტილმა 2006 წელს მედიაში გაჟღერებული ირაკლი ოქრუაშვილის სიტყვები დაიმოწმა.
- და... - თქვა მოსამერთლემ. - დარბაზში მოიწვიეთ ირაკლი ოქრუაშვილი, მოწმის სახით დავკითხავ.
- ეს შეუძლებელია. -  თქვა პროკურორმა პატარა მეგრემ. - ოქრუაშვილი ჩვენი საავადმყოფოს პაციენტი არ არის!
- ასეთ შემთხვევაში, დარბაზში „თბილ-წყალ-კანალ-კანალიზაციის“ ვინმე თანამშრომელი შემოიყვანეთ, გაგვარკვევს თუ სად მიედინება ქართული ფეკალური მასები, მტკვარში თუ რუსეთში?
- სამწუხაროდ, ესეც შეუძლებელია, რადგან საავადმყოფოს პაციენტთა შორის არ მოიძებნება ასეთი პიროვნება; ანუ, „თბილ-წყალ-კანალ-კანალიზაციის“ არცერთ თანამშრომელს ჯერ-ჯერობით არ გაურეკავს.
- ეტყობა, კარგი ცხოვრება აქვთ...
- კარგი ცხოვრება არ აქვთ, მაგრამ ცხელ გულზე ცივ წყალს სვამენ და იოლად გადიან; მათ ხომ წყალი თავზესაყრელი აქვთ, უფრო სწორად, თავზესასხმელი.
მოსამართლემ ჩაახველა... და ბრძანა, ფეკალური მასების საკითხი გამოსაძიებლად ცენტრალური პროკურატურისთვის გადაეგზავნათ. რუსეთის მხარის წარმომადგენელმა მხრები უკმაყოფილოდ აიჩეჩა და თითქოსდა სასხვათაშორისოდ, დასძინა რომ, როცა ქართული ფეკალური მასების რუსეთში ხელახალი ტრანსპორტირების დრო დადგებოდა, იარლიყზე არ მიეთითებინათ `პროდუქტის~ შემადგენლობა და გამოშვების თარიღი!
- სულაც არ გვჭირდება თქვენი ბაზარი! - პროცესზე დამსწრეთაგან ვანია კ-ს ვიღაცამ მიაძახა, შემდეგ, დარბაზს შემოუბრუნდა. - ხალხო, ეს რუსი თავს მორიგ პროვოკაციას გვახვევს! არ დაუჯეროთ! რაც არ უნდა გვირჩიოს, ყველაფერი მისი რჩევის საპირისპიროდ უნდა გავაკეთოთ! კოჭებში ვატყობ, პუტინის შემოგზავნილი კაცია!
- შე კაი დედმამიშვილო, ეს კაცი რუსეთის მხარის ოფიციალური წარმოადგენელია და თუ არა პუტინის, სხვა ვისი შემოგზავნილი იქნება? - მშვიდად უპასუხა მოსამართლემ.
ახლა დარბაზში მჯდომი სხვა პაციენტი წამოიჭრა ფეხზე:
- ეს რუსი ვისი შემოგზავნილიც არ უნდა იყოს და რა სტატუსითაც არ უნდა სარგებლობდეს, არ აქვს უფლება ჩვენს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერიოს! ვითომდა რჩევას გვაძლევს და ამ დროს, იცის, რომ ჩვენ, ჩვენი ჯიუტი ბუნებიდან გამომდინარე, ყველაფერს მისი რჩევის საპირისპიროდ გავაკეთებთ.  აქედან გამომდინარე, ის გვირჩევს არა იმას, რაც ჩვენგან სურს მიღოს, არამედ სასურველის საპირისპიროს. ამიტომ, ჩვენ მისი რჩევა ზედმიწევნით ზუსტად უნდა შევასრულოთ, რომ ამით, მისი ქვეყანა დავაზარალოთ!
- მართალია! მართალია! - დაემოწმა რამდენიმე პაციენტი.
- არ არის მართალი! - იღრიალეს სხვებმა.
მალე, დარბაზში მრავალი სხვა, განსხვავებული მოსაზრებაც გამოითქვა და უკვე, ვინ ვის ესროდა რეპლიკა, ძნელი გასარჩევი გახდა. მოსამართლე ამაოდ შეეცადა სიწყნარე დაემყარებინა.
- ნუ, იობ ვაშუ მატ... - გაოცებისგან პირდაღებულმა რუსეთის წარმომადგენელმა ემოცია ვერ შეიკავა.
- აბა, უყურე, ამ თავხედმა დედაც კი შეგვაგინა!
- ძირს რუსეთი!
- გააძევეთ დარბაზიდან!
ერთმანეთის შუღლი ყველას გადაავიწყდა. მოსამართლეც კატეგორიული აღმოჩნდა ვანიას უწმაწური რეპლიკის მიმართ. ვანია თავის მართლებას მოჰყვა:
- უპირველეს ყოვლისა, უნდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნულ ფრაზას ჩვენ, რუსები, სიტყვის მასალად ვხმარობთ. გარდა ამისა, ჩვენი ინფორმაციით, თქვენ, ქართველები, უდედოდ იზრდებით, მათ მიმართ სრულიად გულგრილნი ხართ! წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს დედებს მე ასეთნაირად არ მოვიხსენიებდი!
- დედების მიმართ გულგრილნი ვართ?! მსგავსი სისულელე საიდან მოგივიდათ აზრად?! - გაოცდა მოსამართლე.
- როგორ თუ საიდან, თქვენ ის ხალხი არა ხართ, ვინც საკუთარ დედებს აგინებთ! ჩვენ, რუსებს, თქვენგან განსხვავებით, სხვისი დედებისკენ გვიჭირავს თვალი...
- რეებს როშავს? - გადაუჩურჩულა მოსამართლემ პროკურორ პატარა მეგრეს.
- ჩვენ თანამემამულეთა გარკვეულ ნაწილს მართლაც აქვს ეს სამარცხვინო ჩვევა. - დამწუხრებით უპასუხა მეგრემ.
- ვინ არიან ისინი?
- ძირითადად, ახალგაზრდობა, ქუჩის ბიჭები, ზოგიერთი, ასაკოვანიც...
- ტერიტორიაზე მოგვეძებნება თუნდ ერთი ვინმე ასეთი „ეგზემპლიარი“?
- რამდენიც გინდათ; ამასწინათ, საავადმყოფოში ახალგაზრდათა მთელი ჯგუფი შემოიყანეს - მწვავე ჰალუცინაციურ-დეპრესიული აშლილობის სიმპტომით.
- რომელიმეს გააზრებული მეტყველების უნარი თუ გააჩნია?
- ახლა უკვე გააჩნია.
- შემოიყვანეთ!
აღნიშნული პირის მოლოდინში დიდ დროს არ გაუვლია. პალატაში შემოვიდა ახალგაზრდა, გამხდარი, მხრებში მოხრილი, შავ სათვალიანი პირი.
- ვაა, ჩემი დედა მოვ... (პზზზზზ) ისევ „სუდზე“ ვარ!
(რადგან პალატაში უწმაწური სიტყვების ჩამხშობი აპარატი არ არსებობდა, ეს ფუნქცია ერთმა პაციენტმა თავის თავზე იტვირთა - ტუჩებით გამოცემული ბზუილით ჩაახშო სიბინძურე.)
- ახალგაზრდა, თქვენ დედა გყავთ? - ჰკითხა მოსამართლემ.
- როგორ არა მყავს, ჩემი დედა მოვ... (პზზზზზ), მაგას შემოვევლე!
- გასაგებია...
ვანია კასტილმა ნიშნის მოგებით ტაში შემოჰკრა. პალატაში ჩოჩქოლი ატყდა.
- სიჩუმე! - დაიყვირა მოსამართლემ. - აღნიშნულ თემაზე დისკუსია წყდება! მოვითხოვ, ახალგაზრდისა და მისი საბრალო დედის საქმე გამოსაძიებლად ცენტრალურ  პროკურატურას გადაეგზავნოს; აშკარა კრიმინალია!
„კრიმინალი“ პალატიდან გაიყვანეს. პატარა მეგრემ თავის რვეულში რაღაც ჩაინიშნა.
პროცესი გაგრძელდა. სასამართლო დარბაზში (ანუ, პალატაში) ვნებათაღელვა არ დაცხრა. განუზომელი იყო ის შეურაცხყოფა, რაც რუსეთის მხარემ საქართველოს მიაყენა - ჯერ ის, რომ ერთ მუჭად მოიხსენია და შემდეგ, შეაგინა. ყველა ერთხმად მოითხოვდა რუსეთის მხარეს, რაღაც მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სასჯელი დაკისრებოდა. მოსამართლე კოდექსა გ-მ, გარკვეული ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ, ვანია კასტილს იძულებითი წესით დააკისრა პროცესის უახლოესი ოცდაათი წუთი მდუმარებაში გაეტარებინა, რაც შემდეგს ნიშნავდა - ვანიას ამ ხნის განმავლობაში არა თუ ლაპარაკი, ღმუილიც ეკრძალებოდა.
ყველასდაგასაკვირად, რუსმა მორჩილად მიიღო ადმინისტრაციული სასჯელი - „პაჟალუისტა“-ო, თქვა; თუმცა, დასძინა - „ჩემს გარეშე პროცესი უმართავ სახეს მიიღებს, რადგან ქართველებს ჩემი სახით საკბენი თუ გამოგეცალათ, კბენას ჩვეულნი, ერთმანეთს დაჭამთო!“ მოსამართლე კოდექსა გ-მ მხრები აიჩეჩა ვანიას ასეთი, ერთი შეხედვით, უშინაარსო განცხადების გამო, მაგრამ სულ მალე, ვაი რომ რუსის სიტყვა ზედმიწევნით ახდა - პალატაში დამსწრე პოლიტიკურად სულ ნაირ-ნაირად მოაზროვნე პირთა შორის მწვავე დისკუსია გაიბა. უფრო სწორად, კი არ გაიბა, გაგრძელდა ის, რაც ვანიას მიერ ქართველთა შეგინების ფაქტამდე იყო - როგორი უნდა იყოს მომავლის საქართველო, საპრეზიდენტო მართველობის მქონე, თუ საპარლამენტო? ვინ დააქცია ქვეყანა? ვინ ვისი აგენტია? რა და რა ფარულ გარიგებებს აქვს ადგილი? და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოსამართლე კოდექსა გ-მ ყურები თითებით დაიხშო. მას მიუახლოვდა რუსეთის მხარის წარმომადგენელი ვანია კასტილი და ირონიული ღიმილით დახშულ ყურში ჩაჰყვირა.
- ხომ გითხარი, პროცესი „საქართველო საქართველოს წინააღმდეგ“ ფორმულირებით უნდა წარგემართა-მეთქი!
მიუხედავად იმისა, რომ ვანია კასტილმა მდუმარება საჯარიმო ვადის ამოწურვამდე დაარღვია და მოსამართლე უფლებამოსილი იყო მისთვის სასჯელი გაემკაცრებინა, დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, ამ უკანასკნელმა სხდომა უბრალოდ შემდეგი დღისთვის გადადო.

მეთექვსმეტე სერიის დასასრული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები