ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: დრამატურგია
16 ოქტომბერი, 2019


ტელევიზიის სარდაფში (სატელევიზიო სპექტაკლი) სერია 17

სერია # 17


                  მოქმედი პირები:
ოსტატი  - ავეჯის ლოთი, თვითმარქვია რესტავრატორი;
შეგირდი - ოსტატის შეგირდი, შრომისმოყვარე;
პავალი  - წითელარმიელი;
კანტროლკა - შუასაუკუნეების დროინდელი ჯალათი;
და სხვები.



ფსიქიატრიული კლინიკის # 6 პალატაში განახლებულ სასამართლო სხდომას უამრავი პაციენტი დაესწრო; განუზომელი იყო ინტერესი სრულიად საავადმყოფოს მასშტაბით გახმაურებული პროცესის მიმართ - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“.

- სიწყნარე! - ბრძანა მოსამართლე კოდექსა გ-მ. - ვთხოვ, პროკურორ პატარა მეგრეს სასამართლოს წარუდგინოს მასალა, სადაც აღრიცხულია ყველა ის პრეტენზია თუ საყვედური, რომელიც მსოფლიოს რუსეთისა თუ საქართველოს მიმართ დაუგროვდა!
პატარა მეგრემ ჩაახველა...
- საქართველოს მიმართ დაგროვილი პრეტენზიებით დავიწყებ: ქართველებისგან მსოფლიო ითხოვს, რომ არ გამრავლდნენ და არ მოეფინონ ქვეყნიერებას ისე, როგორც ურცხვი... უკაცრავად, ურიცხვი რუსები გამრავლებულან და მოჰფენიან მსოფლიოს!
- რატომ ითხოვენ ამას?
- ასე ფიქრობენ: ცოტანი არიან და აგვიკლეს, ბევრნი თუ იქნებიან, მთლად მოგვიღებენ ბოლოსო!
- ლოგიკურია...
- ახლა, რაც შეეხება რუსეთს: მსოფლიო, ისევე როგორც საქართველოსთან მიმართებაში, რუსეთთანაც უაღრესად კატეგორიულია, მოითხოვენ - რუსები რიცხობრივად შემცირდნენ!
- ოჰო! - აღმოხდა მოსამართლეს.
- ვაპროტესტებ! - შეჰყვირა რუსეთის მხარემ, ვანია კასტილმა. - მოვითხოვ, მსოფლიომ განმარტოს, თუ რუსები ასე მწარედ რის საფუძველზე მოგვიძულეს!
- იმიტომ მოგიძულეს, რომ გაგიცნეს რა ჩიტებიც ხართ! - ჰარი ჰ-მ ვანია კ-ს გაშვერილი თითი ლამის თვალში ჩასთხარა. - პირსისხლიანო იმპერიავ!
- ნურას უკაცრავად! - ერთი ნაბიჯით უკან დაიხია კასტილმა. - პატივცემულო მოსამართლე, პატივცემულო პროკურორო, ჩემო უმცროსო დებო და ძმებო, გადახედეთ ისტორიას - რუსეთის იმპერია ყველაზე ჰუმანურია აქამდე არსებულ იმპერიათა შორის. ეს ჰუმანურობა ლოგიკისთვის დაშვებულ ყველა ზღვარს გასცდა. ჩვენ, რუსები, ფაქტობრივად, ჩვენივე კოლონიების მონები გავხდით!
- ვაპროტესტებ! - შეჰყვირა ჰარი ჰ-მ. - ჩემი ოპონენტი გამართული ქართულით მსჯელობს, რასაც, რაღა თქმა უნდა, მივესალმები, მაგრამ გამართული ენის პარალელურად ვალდებულია, ლოგიკაც გამართოს!
- მართლაც და, გაურკვეველი ლოგიკით მსჯელობთ! - აღნიშნა მოსამართლემ. - რას ნიშნავს, რუსეთი საკუთარი კოლონიების მონა გახდა?
_ რას და, დამისახელეთ თუნდ ერთი რომელიმე საბჭოური რესპუბლიკა, რომელშიც ცხოვრების დონე რუსეთში არსებულზე დაბალი იყო? მოსკოვისა და ლენინგრადის გასტრონომები თვალს გჭრიდათ და არ იცოდით, თუ რა ხდებოდა რუსეთის სიღრმეში!
- რა ხდებოდა ასეთი?
- შიმშილი და არგადარჩენა! დამარილებული ხამსა გვენატრებოდა, იმ დროს, როცა თქვენ ირჩევდით, მაღაზიაში გაყინული ხორცი გეყიდათ თუ გაუყინავი!
- რატომ ჩაიგდეთ თავი ასეთ დღეში?
- ამის პასუხად ერთ რუსულ ანადაზას გეტყვით -  умом россию  не понять...
- არადა, რუსები გონიერი ხალხი მეგონეთ... - დასძინა მოსამართლემ.
- უაღრესად გონიერი ხალხი ვართ, მაგრამ სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული - ჩვენი ყველა უბედურება სხვა რჯულის ადამიანებისგან მოდის, რომელნიც გამუდმებით თავზე გვასხედან. თუნდაც, ჩვენი დიდი სტალინი ავიღოთ, რომელიც, ფაქტობრივად, თქვენი იყო!
- იქნება ლენინიც ქართველი იყო? - მიაძახა ვიღაცამ დარბაზიდან.
- ჩვენდა სამწუხაროდ, თუ საუბედუროდ, არც ლენინი იყო რუსი.
- იმპერიის საკითხი დავივიწყოთ; ორივე ფეხით სამარეში დგახართ... - სიტყვა ისევ სქართველოს მხარემ აიღო. - ამჟამად, როცა ყოფილი „მოძმე რესპუბლიკები“ დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოვცხადდით, რუსეთი ჩვენს პირად ცხოვრებაში ხელებს რატომ აფათურებს?!
- უპირველეს ყოვლისა, ქართულ მხარეს შევახსენებ, რომ რუსეთის იმპერია ჯერ ცოცხალია, სამარეში არ დგას! გარდა ამის, ვიტყვი იმასაც, რომ რუსეთი „თოვლის ბაბუა“ არ არის, რომ დამოუკიდებლობა საჩუქრად არიგოს! დამოუკიდებლობა თავისით მოდის! თუმცა, თქვენ ეს „ხილი“ საკუთარ თავს თავად წაარვით. იმ რესპუბლიკებსაც კი, რომელთაც ჯერ კიდევ საბჭოური ძილით სძინავთ, სრულფასოვანი დამოუკიდებლობა ერგოთ; აზია მაქვს მხედველობაში! აქეთ, ბელორუსია აიღეთ - ლუკაშენკო დღემდე გვეღრიჯება ერთ სახელმწიფოდ გავერთიანდეთო... მაგრამ ვერ მივართვით! ჩვენ სხვებთან ერთად ცხოვრება რომ გვდომოდა, საბჭოთა კავშირს არ დავშლიდით!
- საბჭოთა კავშირი ქართველებმა დავშალეთ!
- თქვენ მხოლოდ თქვენი ქვეყანა დაშალეთ და დაანგრიეთ! გაიხსენეთ, რა ვითარებაში დაიწყეთ სამოქალაქო ომი - სანახევროდ დაშლილმა საბჭოთა კავშირმა ცნობილი „პუტჩის“ სახით კუდი მოიქნია. ერთადერთი, პუტჩისტებს ვინც შეებრძოლა, ბორის ნიკალაევიჩ იელცინი იყო! თქვენი თავდაცვის მინისტრი კიტროვანი კი, (კიტოვანი - შეუსწორეს მას), იმის ნაცვლად ბორის ნიკალაევიჩს მხარში ამოსდგომოდა, საკუთარ პრეზიდენტს თავს დაესხა, სამოქალაქო ომი გააჩაღა! ეჰ... - ხელის ჩაქნევით, ვანია კასტილი თავის ადგილს დაუბრუნდა.
- ვაპროტესტებ! - ისე შეჰყვირა ჰარი ჰ-მ, ვანია კასტილიც კი შეკრთა. - მაოცებს რუსეთის მხარის არაპროპორციული რიტორიკა: ხან გაიძახის, საბჭოთა კავშირი, ეს ბოროტების იმპერია, ჩვენ დავშალეთო და ხანაც, იმპერიას მისტირის! ჯერ არ დახოცილან და უკვე საფლავის ქვასა და ნეკროლოგზე ზრუნავენ - ასეთ წარწერას ვერ დავუშვებთ, ისეთი გვინდაო! თქვე „გონებისთვის მიუწვდომელო“ ხალხო ვინ შეგეკითხებათ ზემოდან რას დაგადებენ, (ამ შემთხვევაში, საფლავის ქვა მაქვს მხედველობაში...) და რომელ სასაფლაოზე გაგამწესებენ!
მოსამართლე კოდექსა გ-მ ჰარი ჰ-ს კომპეტენტურობისკენ მოუწოდა. ჰარი ჰ. დაემორჩილა მას, თუმცა მუშტმოღერებულმა ერთი მწარედ ამოიღმუვლა. პროცესი გაგრძელდა.
- სრულიად გაუგებარია, როგორც თქვენი ლოგიკა, ასევე ზრახვები. - მიმართა მოსამართლემ რუსეთის მხარეს. - თქვენდამი დაგროვილ პრეტენზიათა უსასრულო ჩამონათვალში პირველ პუნქტად გამოყოფილია ის, რომ მსოფლიოს მიაწოდოთ გამჭირვალე ინფონმაცია თქვენი ფარული, ვერაგი ზრახვების შესახებ; თუნდაც ეს - აფხაზეთი და ცხინვალი მიიტაცეთ, საქართველოს სხვას რაღას ერჩით?!
- საქართველოს არაფერს არ ვერჩით... ის ჩვენი მეგობარია!
- მოვითხოვ, სასამართლოს წინაშე გულწრფელი იყოთ!
- მე გულწრფელი ვარ!
- გაფრთხილებთ, „უტყუარი ჩვენების“ მიღების მიზნით სასამართლო იძულებული იქნება დაკითხვის განსაკუთრებულ ფორმას მიმართოს!
- რაში მდგომარეობს ეს განსაკუთრებული ფორმა?
- განსაკუთრებული ფორმა უცერემონიო დაკითხვაა, რომელიც ხელების გადაგრეხვას ითვალისწინებს!
- ასეთი დაკითხვა ყველა საერთაშორისო კონვენციის თანახმად აკრძალულია!
- ყველა საერთაშორისო კონვენციის თანახმად, ფსიქიურად შეურაცხადი პირები თავიანთ ქმედებაზე კანონის წინაშე პასუხს არ აგებენ!
- კი მაგრამ...
- ნუ გავიწყდებათ, რომ ჩვენ ყველანი, თქვენი ჩათვლით, ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტები ვართ!
„ძალით თქმას, ნებით თქმა სჯობსო...“ - გაიფიქრა კასტილმა და სახელმწიფო საიდუმლოთა იმ გუდას მოხსნა თავი, პუტინმა საგულდაგულოდ რომ მოუკრა თავი.
- აფხაზეთი და ცხინვალი, ბოდიშით და, სულ ფეხებზე გვკიდია. არც ვაპირებდით მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოცხადებას, მაგრამ ეს საქმე ღირსების საკითხად გვიქციეთ! სულაც არ გვინდა რაიმე გატკინოთ, მაგრამ ის ჯოხი, ახლახანს ამერიკამ თავზე რომ გადაგვატეხა, საქართველო იყო! რა თქმა უნდა, ჩვენზე მეტად თქვენ გეტკინათ... მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ თუ ის „ჯოხი“ იყო, ჩვენი მტრები ახლა „სახრის“ თავზე გადამსხვრევას გვიპირებენ!
- ამ „სახრის“ მაგივრობასაც საქართველო გასწევს? - იკითხა შეშფოთებულმა პატარა მეგრემ.
- ჯოხის მაგივრობა ბრწყინვალედ გასწიეთ, მაგრამ „სახრემდე“ ბევრი გაკლიათ...
- ესე იგი, მშვიდად შეგვიძლია ვიყოთ! - შვებით ამოისუნთქეს ქართველებმა.
- არ გაქვთ სიმშვიდის საფუძველი - ტყუილად კი არ გამოგიცხადათ დასავლეთმა თანადგომა, გაძლიერებენ, რომ „სახრედ“ გაქციონ!
- რა გვეშველება, ან ჩვენ, ან თქვენ?
- უჰ... - ამოიოხრა ვანიამ. - ისევ ჩვენი, რუსების იმედი გქონდეთ - დღე და ღამეს ვასწორებთ იმაზე ფიქრშით, თუ როგორ ავირიდოთ მოქნეული „სახრე“. არიდების შემთხვევაში, ჩვენც გადავრჩებით და თქვენც!
- რა საშუალებით აირიდებთ „სახრეს“?
- ნატოს თქვენთან შემოსვლას დავასწრებთ!
- ექიმ ნატოს?
- ექიმზე კი არა, სამხედრო ალიანსზე გეუბნებით!
- ოჰ, მაგათ შემოსვლას როგორ დაასწრებთ - სწრაფი, ყველგან მავალი „ჰამერები“ ჰყავთ!
- მერე რა, ჩვენ ყველგან მავალი ჩექმები გვაცვია! რაც შეეხება სისწრაფეს, ჩვენ, ფაქტობრივად, უკვე თქვენთან ვართ!
- ჩვენთან როგორ ხართ?
- როგორ და, ხომ გაიძახით - აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოაო, ჰოდა, ერთშიც ვდგევართ და მეორეშიც!
ვანია კასტილთან მოსაუბრე პროკურორმა, პატარა მეგრემ ხელი უიმედოდ ჩაიქნია. კასტილმა გააგრძელა.
- სხვა გამოსავალიც არსებობს! - ყველამ ყურები ცქვიტა. - მოკიდეთ ხელი ამ თქვენ ქვეყანას თავის აფხაზეთიან ცხინვალიანად და სხვა კონტინენტზე გადასახლდით!
- სხვა კონტინენტზე რანაირად გადავსახლდეთ, ადგილები ყველგან დაკავებულია!
- ვინმეს გაუცვალეთ ტერიტორია!
- ვის გავუცვალოთ?
- ნებისმიერს, ჩინეთის გარდა!
- ჩინელების რატომ გეშინათ?
- ისიც გვეყოფა, ჩინელები ციმბირის მხრიდან რომ შემოგვიტევენ - ორ ფრონტზე ბრძოლა გაგვიჭირდება!
- სამხრეთიდან ჩინელების შემოტევას თავს მაინც ვერ დააღწევთ! მათ საქართველოს დაკავება უკვე დაიწყეს, თანაც ისე, სანაცვლო ტერიტორია არ შემოუთავაზებიათ!
- ეგეთები არიან ჩინელები... ბოლოს, ამერიკასაც გადაყლაპავენ!
- იქნებ, თქვენ და ამერიკამ ერთმანეთში მოლაპარაკება შესძლოთ?!
- კი ბატონო, მე მზად ვარ, ახლავე დავჯდები მოსალაპარაკებელ მაგიდასთან; ამერიკის წარმომადგენელი სად არის?
- ამხელა საავადმყოფოში წამლად ერთი ამერიკელი როგორ არ გვეყოლება? - თქვა მოსამართლემ.
- ამერიკელი არ გვყავს... - დამწუხრებით უპასუხა პატარა მეგრემ. - სხვათა შორის, გვყავს ერთი პაციენტი, რომელიც ინგლისურ ენას სხაპასხუპით ფლობს!
- ინგლისური ენის ცოდნა რა შუაშია?
- ამერიკაში ინგლისურად ლაპარაკობენ!
მოსამართლე კოდექსა გ-მ რუსეთის მხარეს მიმართა:
- ბატონი პროკურორის მიერ შემოთავაზებული პიროვნება მოსალაპარაკებლად გამოგადგებათ?
- მოლაპარაკებაზე ასეთი პიროვნება ამერიკის ხელისუფლებისგან არ იქნება უფლებამოსილი!
- მაშ, სხვა გზა არაა, უნდა დაველოდოთ სანამ იქ, გარეთ, ვინმე ამერიკელი „გარეკავს“!
- პროცესს გადადებთ? - ჰკითხა პროკურორმა.
- პროცესს დავასრულებ! - წარმოთქვა მოსამართლემ და იქ მყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით, საწოლის თავს მუშტი მსუბუქად ჩამოჰკრა. - ვბრძანებ, საქართველო-რუსეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე აღიმართოს გამყოფი ნაგებობა!
- ეს ნაგებობა კედელი იქნება? - დაინტერესდა დარბაზიდან ვიღაც.
- თუ ვინმეს სურს, ღობე დაარქვას. მთავარია, ნაგებობა მკვრივი, გიგანტური უნდა იყოს!
- ასეთი ნაგებობა არსებობს - კავკასიონის ქედი. - დასძინა მეგრემ.
- იცოდა განგებამ ტერიტორიაზე რა რჯულის ხალხიც მოიყრიდა თავს... - თქვა და გადავიდა განაჩენის იმ პუნქტზე, რომელიც უშუალოდ რუსეთს შეეხებოდა. - ვბრძანებ, გამოიჭრას საფლავის ქვა, რომელიც რუსეთის იმპერიას გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე გულზე დაედება; ქვას წაეწეროს - სამ ნე ჟილ და დრუგიმ ნე დალ ჟიტ!
- მერეტ ქუნემ... - ხელებში თავის მწარე ჩაფლვით, ვანია კასტილმა არაქართულ და არარუსულ ენაზე წამოიყვირა.
- რუსეთის მხარის წარმომადგენელი, ბატონი კასტილი, არ უნდა იყოს წმინდა სისხლის რუსი... - გადაუჩურჩულა პროკურორმა მოსამართლეს.
- სადღა იპოვი წმინდა სისხლის რუსს... - ჩურჩულითვე უპასუხა. - ყურადღება! განაჩენის უკანასკნელი პუნქტი საქართველოს შეეხება: დღეიდან, ქვეყანაში მოღვაწე ყველა რანგის პოლიტიკოსი ვალდებულია უაღრესად გააქტიურდეს - დაჭამონ, დაკბინონ, დაღრღნან ერთმანეთი!
პროცესზე დამსწრე გაოცებულ პაციენტთა ამღვრეულმა მზერამ მოსამართლე კოდექსა გ-ს მშვიდ თვალებში მოიყარა თავი. სივრცეში ტყვიასავით მძიმე დუმილმა დაისადგურა. მოსამართლისგან ყველა მოელოდა, რომ ნათქვამში აზრი დაეკონკრეტებინა. ასე გასტანა რამდენიმე ხანს. ბოლოს, ამ აუტანელი, გაურკვევლობით მოცული დუმილის დარღვევა პროკურორმა მეგრემ იტვირთა.
- ბატონო მოსამართლე, პოლიტიკოსთა მიერ ერთმანეთის ჭამით, ღრენით და კბენით ჩვენ ქვეყანას რაიმე ეშველება?
- პოლიტიკოსები ბოლომდე უნდა გადავიდნენ ჭკუიდან, ისე კი არა, ახლა, სანახევროდ რომ არიან გადასულები! ჭკუიდან სრული გადასვლის შემთხვევაში, მათ საზოგადოებისგან იზოლაცია ელით - ერთხელ და სამუდამოდ, მათ გარეშე ქვეყანა დაისვენებს!
- მათი ჭკუიდან სრული გადასვლის შემთხვევაში იზოლაცია ნიშნავს... - პროკურორ მეგრეს შიშისგან სიტყვა პირზე შეაშრა.
- რა თქმა უნდა, ყველას აქ, ჩვენთან შემოიყვანენ; გაგვიჭირდება მათი გაძლება, მაგრამ უნდა გავუძლოთ - ეს სამშობლოს სჭირდება!

მოსამართლე ფეხზე წამოდგა, დამსწრე საზოგადოებას თავი დაუკრა და იქაურობა დატოვა.

- წავიდეთ, ოსტატო?
- წავიდეთ!
- მგონი, ტელეკამერა გამოსართავი დაგრჩა.
- ოჰ, მართლაც... სულ მინიმუმ, ორი გადაცემის მასალა შევაგროვე!
- პროცესს ეთერში გააშუქებ?
- უნიკალური მასალაა, ვალდებული ვარ, შთამომავლობას შემოვუნახო!
- შენ იცი შენი საქმისა...
- მარგო, სასამართლო პროცესებს ხშირად მართავენ საავადმყოფოში?
- ხან სასამართლო პროცესს მართავენ, ხან სხვა რამეს. ამ დღეებში ერთი პაციენტი, მეტსახელად „მეცნიერა“, ლექციას წაიკითხავს სამყაროს წარმოშობის შესახებ, სადაც „დიდი აფეთქების“ თეორიას დამაჯერებლად უარყოფს!
- ვაა... მარგო, გევედრები, ეგ ლექცია არ გამომაპარო!
- კეთილი, შეგატყობინებ.
- და კიდევ ერთი თხოვნა მაქვს შენთან - ჩვენთან, სტუდიაში, ყოველდღე შემოიარე-ხოლმე!
- შევეცდები... - ღიმილით უთხრა.

მეჩვიდმეტე სერიის დასასრული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები