ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
11 თებერვალი, 2009


თავი 7. დაბადების დღე ("გაცვლა")

დადგა გაზაფხული.
მზეს – სითბო მოემატა, ცას – სილურჯე, მიწას – ბალახი.
ტყეებში ყოჩივარდები ეფინა ხალიჩად, ტყისპირებს – იები და ფურისულები მოსდებოდნენ.
ყვავილნარევი მიწის სურნელი იდგა ჰაერში.
ჩიტუნების ჟივილ-ხივილი ისმოდა ჯერ კიდევ შეუფოთლავი ხის ტოტებიდან.
იღვიძებდა და იზმორებოდა ბუნება!....
 
თეონას დაბადების დღე ახლოვდებოდა.
პირველი სტუდენტური დაბადების დღე!

თეონამ ბლოკნოტში ჩამოწერა, ვის დაპატიჟებას აპირებდა:
1. უნივერსიტეტის მეგობრები... - 25 კაცი;
2. კლასელები... – 20;
3. ნათესავები... - 30-მდე...

ბევრი გამოვიდა, ძალიან ბევრი, თითქმის 75 ადამიანი!
მის სახლში კი 30 ადამიანზე მეტი სუფრას ვერ მიუჯდებოდა.

- დე, რა ვქნა?
- მამას ჰკითხე...
- მააა, მითხარი, რა ვქნა, ააა?
- თეონა, ფაქტია, რომ ყველას ერთად – ვერ მოიყვან! ან უნდა შეამცირო და ან...
- რა ან, მაა? ხომ იცი, რომ ამათ ვერ შევამცირებ?
- მაშინ უნდა დაყო, 3 ჯგუფად მაინც!
- როგორც მე მაქვს დაყოფილი, ხო?...

ასეც გადაწყდა.

უნივერსიტეტის მეგობრებიდან დაპატიჟა ჯგუფელები, კურსელები, რამდენიმე უფროსკურსელი და თავისი ანსამბლის წევრები.

ანსამბლის წევრები – რეპეტიციის დროს დაპატიჟა, როცა თავად სცენაზე იდგა და დანარჩენები (მუსიკოსების გარდა) – პარტერში ისხდნენ.

- ხალხნო, პარასკევს, საღამოს 7-8 საათზე ყველანი მოხვალთ ჩემთან.
- რა ხდება, თეონა, თხოვდები?
- არა, შენ წარმოიდგინე... მხოლოდ დაბადების დღე მაქვს!
- ოოოო, ყველანი შენთან გავჩნდებით!
- ან გაჩნდებით და ან ვერა, - ცივი წყალი გადაასხა ბიჭების სიხარულს ვაჟამ, - პარასკევს სპორტის სასახლეშია კონცერტი...
- რა კონცერტი, ვაჟა? – თვალები გაუფართოვდა თეონას, - ჩვენც გამოვდივართ?
- არა, მხოლოდ საუნივერსიტეტო შვიდკაცა და ვაჟთა გუნდი! ანუ მე, ნიკო, გია, ავთო და ფრიდონი – ვერ მოვალთ!
- აუუუ, კაი, რა, ვაჟა... – თეონას ცრემლებით აევსო თვალები.
- რა ვქნა, ბაბა?! რაფერ მინდა წამოსლა, იცი? – მოუქცია გურულად. – აით, ბაღნებო, სცენაზე!

გია და ცისანა თეონას ამოუდგნენ გვერდით. გია სულ ოდნავ მიბრუნდა თეონასკენ და თვალებში ჩახედა.

თეონამ თვალები დახარა.
ვეღარ უძლებდა გიას შემოხედვას. ვერ ხვდებოდა, რა სჭირდა, მაგრამ... მისი შავი, ცეცხლოვანი თვალების დანახვაზე – ცუდად ხდებოდა ლამის!

ახლაც, დაიწყეს სიმღერა და... გიამ სულ რაღაც 10 სმ-ით მიიწია თეონასკენ. ცისანა – გიას მიჰყვა... თეონამ – უკან დაიხია...
ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდნენ კულისებისკენ...
- კაით, დაბრუნდით ახლა სცენაზე... ან მიკროფონი მაინც გაიყოლეთ-ხოლმე თან! – მიაძახა ვაჟამ.

თეონამ გია და ცისანა მიატოვა და პირველი დაბრუნდა მიკროფონთან.
10 წუთის შემდეგ სამივე ისევ მიკროფონისკენ მიდიოდა.

- თეონა, ერთადერთი გამოსავალია: ვეფერს ვერ გიზამს გია სცენაზე და უნდა დარჩე ადგილზე. თუ არა და, ა, ბატონო, იარეთ ასე წინ და უკან! – ხელები გაშალა ვაჟამ და ავთოს და ფრიდონს მიუბრუნდა, - დეიღალა აი ბაღანა სცენაზე სირბილით... შეენაცვლეთ გოგონებს!


.................

პარასკევს დიდ მზადებაში იყო თეონა! მართალია, მას მხოლოდ ნამცხვრების გაკეთება ანდეს... მაგრამ სამი დიდი ტორტის და ორი ნამცხვრის გამოცხობა – არ იყო ადვილი საქმე! კიდევ კარგი, სამივე ტორტი ერთ დღეს არ ჰქონდა მოსართავი!

7 საათიდან სტუმრებმა მოსვლა დაიწყეს.
8-ზე – ყველა სუფრასთან იჯდა.
ობლად გამოიყურებოდა 5 ადგილი, რომელიც კონცერტიდან დაბრუნებულ ბიჭებს ელოდა. ბიჭები კი – არ ჩანდნენ.
ღამის 12 საათი ხდებოდა. ის იყო, სტუმრები დასაშლელად მოემზადნენ, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა.

თეონამ კარი გააღო და... თვალებს არ დაუჯერა: კარებში სისხლივით წითელი მიხაკების უუუუზარმაზარი თაიგული იდგა, მის უკან კი მხოლოდ ბიჭების ფეხები მოჩანდა.
- მოვიდნეეენ, - იყვირა თეონამ, დერეფანში უკან დაიხია და ბიჭებს გზა დაუთმო.
- ჰე, გამოგვართვი ეს ყვავილები! – გიამ თაიგული მიაწოდა თეონას და გადაკოცნა.

5-ს ელოდნენ და 7-ნი მოვიდნენ.
გია, ავთო და ფრიდონი – თეონაზე 2-3 წლით უფროსები იყვნენ, ვაჟა და ნიკო – 8-10 წლით უფროსები, და ის ორი უცნობი სტუმარი, - კიდევ უფრო ასაკოვანი ჩანდა.

სტუმრებს ადგილები მიუჩინეს და მამამ თეონა გვერდზე ოთახში გაიყვანა.
- თეონა, ის ორი კაცი ვინ არის? რა საერთო აქვთ შენთან, 17 წლის გოგოსთან 34-35 წლის კაცებს?!
- აზრზე არ ვარ, მამა... ალბათ ვაჟას მეგობრები არიან!...
- კარგი... ახლა არ არის ამის დრო... ამაზე ხვალ ვილაპარაკოთ!...
- მამა, მართლა არ ვიცნობ არცერთს... ჩემზე ნუ გაბრაზდები, კარგი? სახელებიც კი არ ვიცი მათი... – თეონა ფეხის წვერებზე აიწია და მამას ლოყაზე აკოცა.

სტუმრები – აღარ დაიშალნენ, ყველა ადგილზე დაბრუნდა...
კონცერტიდან დაბრუნებულებმა ცოტა დალიეს და... გიტარა მოითხოვეს!

საოცარი ხმებით აივსო ოთახი.
ტრიო თუ კვინტეტი, დუეტი თუ შვიდკაცა...
გიტარის თანხლებით თუ უგიტაროდ...
კახურ სუფრულ სიმღერებს იმერული ლირიული სიმღერები ცვლიდა, მეგრულ ნანას – გურული კრიმანჭული, ქალაქურ სატრფიალოებს – თანამედროვე საესტრადო სიმღერებს უნაცვლებდნენ...
სულგანაბულნი ისხდნენ თეონას მეგობრები.
გიზოსაც დაავიწყდა, გაბრაზებული რომ იყო და ახლა ნამიანი თვალებით უსმენდა ღვთაებრივ ხმებს...

ღამის 4 საათი ხდებოდა, როცა სტუმრებმა “სინდისიც კარგი საქონელია, დავასვენოთ ეს ხალხიო”- თქვეს და დაშლა დაიწყეს.

სადარბაზოში რომ გავიდნენ, ერთ-ერთმა, უკვე ნაცნობმა “უცნობმა” სტუმარმა, ჰენრიმ მამია ხატელიშვილის ”ფიროსმანი” წამოიწყო. წამში აიტაცეს ბიჭებმა სიმღერა.

“შეეეენ გიგალოოოობ...
გი-გალოოოობ...
შეეეენ გიმღერიიიიიიი...
გიმღერიიიიიი...”

საოცარი აკუსტიკა ჰქონდა ღამის სიჩუმეში მიძინებულ სადარბაზოს.
ამოსუნთქვასაც ვერ ბედავდნენ ზედმეტად, რომ უნებლიედ დისონანსი არ შეეტანათ ნამღერში...
მიჩუმდა სიმღერა და... იქუხა ტაშმა ზედა თუ ქვედა სართულებიდან...
თურმე, მეზობლები თავ-თავის კართან ატუზულები უსმენდნენ ამ საოცარ “უფასო” კონცერტს!

- თქვენ გაიხარეთ, ბიძიებო... ეს ხალხი ჩემი თვალით უნდა ვნახო... ეს რა სიმღერა გცოდნიათ, ბიჭებო... – ზედა სართულიდან ჩუსტების ფლატუნით ჩამოვიდა ხნიერი მეზობელი და სათითაოდ ჩამოართვა ხელი ყველა მომღერალს.
- ვაჟა, ჰენრი, ბიჭებო, ჩემი სახლის კარი დღე-ღამის ნებისმიერ დროს ღიაა თქვენთვის! – გიზო მომღერლებს გადაეხვია და გადაკოცნა. ვიღას ახსოვდა წეღანდელი გაბრაზება?!

სახლში რომ შემოვიდნენ, გიზო თეონას მოეხვია და გულზე მიიხუტა:
- კარგი მყავხარ, მამიკო, კარგი... შენი მეგობრებიანად!
- მიყვარხარ, მამა!...


(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები