ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კვიტატიანი
ჟანრი: პოეზია
28 ოქტომბერი, 2019


გიშრისთვალება

იხ. ილუსტრაცია

ყველაზე უფრო დაწყება ჭირს... მოკლედ ასეა-
შენ ხვალინდელი დღე არ იცი გათენდება თუ...
მე არხეინად შემიძლია მოკალათება
და საკუთარ თავს გამოთრობის მივცე ნებართვა.

ან შევადგინო ბავშვებისთვის ისეთი ტესტი,
შემაჯამებელს რომ მოუხდეს - კარგად დაწერონ.
მანდ სკოლა თუა, აღარ ვიცი... და ვიღაც გესვრის...
იცი, ამ ტექსტში ყველა სიტყვა მინდა ავწონო,

რადგან სათუო გამხდომია იმაზე ფიქრი,
ოდესმე, ლექსი წაგაწყდება გიშრისთვალიანს,
არამედ, ახლა ცოცხალი ხარ ან იქნებ ფიფქებს
შეერიე, ქურთისტანში რომ იშვიათია.

მოკლედ ასეა, აღსარება ერქვას თუ გინდა -
ომი არ ვიცი, მეომრების ქვეყნის ვარ შვილი.
მაგრამ სიკვდილი არ მაშინებს! მხოლოდ რუტინა
ბოლოს მიღებს და შინაგანად მეტად დაშლილი

ვეღარ ვწერ უკვე... რა ნამუსით გეწუწუნები?!
შენ ახლა, ალბათ, დენთის სუნი აგდის ღაწვებზე.
ზიზღით და რისხვით ამოგევსო მთელი ბუნება,
სიკვდილის ჯიბრზე გულაღმადაც უკვე არ წვები.

შენ ისვრი ბოღმას, ჯიუტად და მეტად საშიშად.
ომმა სხეულში ნაზი სული სადღაც მიკუჭა.
მოგიხდებოდა ეს სტროფები, კვამლი ჰაშიშის...
ან იქნებ, ახლა გიშრის თვალებს ვიღაც გიხუჭავს.

10.2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები