ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2020


რამ გამისამა

გამოუქვეყნებელ ნაწერებში ვიპოვე, აზრზე არა ვარ ან რა არის, ან რის გამო დავწერე.
მოწონებით , რა დაგიმალოთ და არ მომწონს, რაღაც თათარიარხნის შთაბეჭდილება დამიტოვა. მაინც ვდებ, იქნებ ვინმე გაერთოს.
გართობა - არ არის პატარა ამბავი. ადამიანები მთელი ცხოვრება მუშაობენ, რომ ერთხელ გართობა მოასწრონ.
მშრომელებზე ვამბობ, თორემ  უსაქმურის გასართობს რა დალევს

დარბაისელი
- - -
რამ გამისამა
- - - -

ნეტა სიმღერა შემძლებოდა.
შემოვიგდებდი მხარზე გიტარას
და სადაც სადმე ჩამოსაჯდომს წავაწყდებოდი,
ჩამოვჯდებოდი,
ავაწყობდი
და სოლო-ნამღერს  გულის დარდსაც გავაყოლებდი.
იქნებ შენც იმ დროს გამოგევლო,
ან ხმა შეგეწყო
ან შეყოვნებულს დაგენახე, მოგესმინე
გეგრძნე,
გეცანი!
სხვა რა ახარებს შეყვარებულს.

ან ცეკვა მაინც შემძლებოდა,
ცერზე შემდგარი ფრთებივით ფართოდ გავშლიდი მკლავებს,
რიტმს ავყვებოდი,
დავკვანწავდი მაჯებს და მტევნებს,
მოქნილი წელით
ვაზის ლერწივით მოვეხვეოდი
მუსიკის ექსტაზს,
დამინახავდი,
გამიწვევდი,
გამოგყვებოდი!
შეყვარებულს სხვა რა ახარებს.

ან ხატვა მაინც შემძლებოდა,
თუნდაც იმდენად,
რომ  ცისფერ ფონზე ამომეზიდა ღრუბლეულის სასახლეები,
ციურ ქარებში გაფანტული
იმ სასახლეთა უცნაური და
გამოუცნობი ბინადარნი,
დაუნდობელი
და სულშემძრავი მათი ამბები.
თვალს მოგტაცებდა  რომელიმე ჩემი ნახატი
და ნახატ-ნახატ გამოჰყვებოდი,
ფუნჯშეუმშრალი მეც ბოლოში დაგიხვდებოდი!
შეყვარებულს ახარებს სხვა რა.

ან ლექსის წერა შემძლებოდა, ისეთის, შენ რომ გაგეგებოდეს!
ბედია ჩემი,
ყველაზე ძვირფას ადამიანებს
ჩემი ნათქვამი ვერასოდეს გავაგონო და მაინც ვწერო.

შენ კი არა და სხვა ვინ გაიგებს,
როცა მე თვითონ ვერ გამიგია,
რა დამემართა,
მას შემდეგ, როცა
ამ ქვეყნად აღარ მეგულებოდი
და უცაბედად შენი ამბავი მომივიდა:
რომ არა გიჭირს,
ბედს არ ემდური,
და ასე შემდეგ...
კი არ გავცოცხლდი
მე, ერთხელ მკვდარი,
გაუცოცხლებლად,
ამ მეორედ -
უფრო ძალიან  რატომ-ღა მოვკვდი.
ან რაკი მოვკვდი,
ორი სიკვდილი გაუცოცხლებლად რამ გამისამა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები