ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2019


ქოხის და სარკის იგავი

(ის შევა ქოხში, სადაც ერთი მყიფე სარკეა,
ქოხში რეალურს ემიჯნება ძველი იგავი:
უნდა ჩახედო სარკეს გულში, რომ გაარკვიო,
როგორ იყავი, სად იყავი ან ვინ იყავი)

შემდეგ ლექსებიც გარემოსფერ ნიღბებს ირგებენ,
ჰო, პოეზიაც აღარ დარჩა ნაღდი, არიეს,
სთვლემდა პოეტი წინა ღამის ნამორიგევი,
რომ ვერ დაუსხლტა ენის კაუჭს, ენის ბარიერს.
ვერ აითვისა უცხო სიტყვის ზუსტი აქცენტი
და წყლიან თვალებს მთვარეების ბილბორდებს აკრავს,
მსუყე ჯამაგირს რომ ჰყოფნოდა შეეძლო მაგრამ...
ბინა, სიმშვიდე, სამსახური არ აქვს არცერთი.

(უყურებს სარკეს ის აჩვენებს თითქოს ბოლო დღის
ამბებს, ამინდებს, ისტორიას, ტკივილს  გახედნილს,
უყურებს სარკეს და ამშვიდებს პოეტს მხოლოდღა,
რომ გრამითაც არ ეშინია მასში ჩახედვის.)

ადრე დაიწყო უსასრულო სევდის კანტანტა,
დღეს მის თვალებში ძველ იმედებს ვინღა იპოვნის?!
მას ხომ უბრალოდ ცელქი გოგო შეუყვარდა და
გულუბრყვილობით დაიკიდა ფეხზე დიპლომი...
და შერჩა მხოლოდ ერთი ცალი სულის მაიკა
და მოგზაურობს პლანეტაზე ფიქრის ჩემოდნით
და ფიქრობს ყველა სულელია ვინც კი my god-ს,
ვერ გამოხატავს მშობლიური - ღმერთო ჩემოთი.
მაგრამ ხანდახან ხმაურს იწყებს მისი ამბოხიც,
ვერ ეგუება ამდენ ნათევს, ნათმენს, ნაჭვარტლევს,
ის ეძებს იმედს ლექსის მიღმა, მიღმა ამ ქოხის...
სადაც დატოვა "შორეული ცის სილაჟვარდე".

(ეს ქოხი ადრე დიდი იყო, თვალებჩაცვენილ
და გამწარებულ ღმერთს იტევდა, ზრდიდა, მალავდა,
მაგრამ იმდენად დაიღალა ქოხი ჯვარცმებით,
კი არ განევრცო, შემცირდა და დაპატარავდა.)

სარკე კი ჰყვება გასულ ამბებს, სარკე მხნედ არი
ირგვლივ მრავალი სიკვდილია, ცრემლი, ასე რომ -
თუ კი არსებობს ამ სოფელში ერთი ცხედარიც,
ეჭვგარეშეა იმ სოფელმაც რომ იარსებოს.

იწყება თოვლი, მობუზულან გარეთ ხუნდები,
დაჰყურებს მიწის უძრაობას შურით მდარე ცა,
იგი გამოვა ამ ქოხიდან თუმც შებრუნდება,
შებრუნდება და
.
.
.
.
სარკე დალეწავს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები