ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პროზა
8 ნოემბერი, 2019


ცალი ნასკი - ნაწილი#3 (შივა)

მეზიზღება კედლები, მძაგს, ამიტომ სკვერში დარჩენა გადავწყვიტე. დროს მაქსიმალურად ვწელავდი რომ სახლში არ წავსულიყავი. უცბათ ის მომენტი დამემართა, სიარულისას რომ გაგაჩერებს ხოლმე და ისე გაიძულებს ფიქრს, სულში რომ გაფურთხებს, არადა სულ ცოტახნის წინ რომ აქვს ნაჭამი მწვანე წიწაკა. სული ხელით გავიწმინდე და ეს ხელი თვალში ამოვისვი, საშინლად ამეწვა, ხომ მეუბნებოდა ბებია, წიწაკიანი ხელი თვალისგან შორსო, ცრემლი წამსკდა და ვერ ვიკავებდი. არა ნამდვილად სულელი იყო ის ფსიქოლოგი, მოდი ეხლა და იფიქრე როგორ დაწერო ეს განცდა ფურცელზე რომ მერე იმ პრიმადონამ მოიწონოს. ჩემს ცხოვრებასაც არ უნდოდა სახლში წასვლა ამიტომ უკვე სამი წელია სკვერში იჯდა, არც იქით მიდიოდა არც აქეთ, დავიღალე ამით, გავლაყდი. ჩემი ადგილი არაა ჩემს ცხოვრებაში, ის ნამდვილად მეტს იმსახურებდა, რა უნდა მექნა?! მე ჩემი ცხოვრების კეხიანი ცხვირი ვარ, რომლის კომპლექსი ბავშობიდან ქონდა და სწორედ ამ კომპლექსმა განსაზღვრა ის. ძალიან მშიოდა, მაგრამ ჭამის წარმოდგენაც კი საკმარისი იყო რომ პირი ამწვოდა, რატომ ვქენი ეს? ხომ აშკარა იყო რომ დავიწვებოდი. ეს ტალახის გროვა რაღა ჯანდაბად მინდა რომ ჯიბეში მიდევს?! სახლში უნდა წავსულიყავი, უკვე ძალიან მშიოდა, აღარ შემეძლო.

  გზაში მათხოვარი ამეკიდა, მასაც შიოდა. იქიდან მათხოვარი და აქედან ჩემი მუცელი, რისთვის მომესმინა აღარ ვიცოდი. კი ვიცოდი, სულ ფეხებზე მეკიდა ეს მათხოვარი, მაგრამ რა მექნა ამ წყეული სინდისისთვის? მასაც შიოდა. არა, არა ყველაფერს გამოვრთავ არ მადარდებს, შიმშილს დავიმორჩილებ, ყველანაირს, მათხოვრისასაც. მივუბრუნდი და ვეუბნები ,,კარგი რა, შიმშილის გამო დადიხარ და ჩემნაირებს ეხვეწები ფულს, შიმშილმა როგორ უნდა გაჯობოს, დაამარცხე ის, დედა უტირე!!!“ რაღაცნაირად შემომხედა, თავი გადახარა მარცხნივ, დაახლოებით სამოცდაშვიდი გრადუსით და მითხრა: ,,შენ შიგ ხო არ გაქვს, სამი დღეა არ მიჭამია.“ ვერ გაიგო, აზრი არ ქონდა, სულელი ეს, მიდი და უხსენი ახლა: ,,შიგ რომ რამე მქონდეს, ასე ძალიან კი არ მეშიებოდა, ცოტა დაფიქრდი მეგობარო...” წავიდა, აბა რაზე უნდა ელაპარაკო ასეთებს?!

  რა ჯანდაბა იყო, სიკვდილამდე მტკიოდა პირი, რა მჭირდა? თანაც მშიოდა, კუჭი კედლებს ინელებდა, მახსოვს რომ მძაგს კედლები, მაგრამ კუჭის? რაღაც აირია, რაღაც ისე არაა, უნდა შეიცვალოს, მაგრამ როგორ? მერამდენედ დავსვი ნეტავ ეს კითხვა, ვგრძნობდი რომ როცა ამას ვამბობდი მცირე ძალისხმევაც კი არ სჭირდებოდა ტუჩებს, ავტომატურად მოძრაობდა, კევის ღეჭვასავით მექცა ეს სიტყვები, ბოლოს ვიცი რომ გადმოვაფურთხებ და ვეცდები ფეხი ისე ამოვარტყა, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეს, ძალიან შორს.
  ცხელოდა, მაგრამ ქუდის მოხდის მცხვენოდა, თეთრი ცხვირსახოცი ოფლის წმენდისაგან გაყვითლებულიყო, თუმცა სველი არ ეთქმოდა, მზე უმალ აშრობდა. ვერ ვხვდებოდი: როგორც ვიცით სითხე გაშლილი ზედაპირიდან უფრო მალე ორთქლდება, ანუ ჩემი შუბლი საუკეთესო იყო კონდენსაციისთვის, მაგრამ მზე მას ასველებდა ცხვირსახოცს კი აშრობდა, სადაც ეს სითხე ერთად იყო მოგროვილი. თავი მისკდებოდა, პირველივე ეტლს გავყვებოდი სახლამდე, ოღონდ კი ჩამოევლო, ოღონდ კი თავი დამედო ბალიშზე და დამეძინა. სამსახური მფიტავდა, არ შემეძლო ატანა. არადა ჩემი ოცნება იყო მზარეულობა, ბავშობაში ბიბლიის მხოლოდ ის პასაჟი ჩამესმოდა სადაც მშიერთა დაპურებაზე იყო ლაპარაკი, თუმცა ნელნელა ისე დავიხვეწე ახლა ქალაქის ყველაზე პოპულარულ და ძვირიან რესტორანში ვარ შეფი. არ ვიცი როგორ მოხდა ეს, ასე თავისთავად გავითარდა ყველაფერი. პირველად როცა გამახსენდა რისთვის დავიწყე, უკვე დიდ წარმატებას მქონდა მიღწეული და რამდენიმე პრიზის მფლობელიც ვიყავი, ვერ დავიხიე უკან, ზედმეტად მომწონდა ის ცხოვრება რომელიც თავისთავად მოვიდა, ახლა კი ვკვებავ იმათ ვინც სიკვდილამდე მეზიზღებოდა, მდიდრები, არადა სწორედ მათი გამოწვეული მეგონა სიღარიბე, რომელთან ბრძოლასაც ვაპირებდი. ნეტავ რატომ გამახსენდა ეს მაინცდამაინც ახლა? რამ ამოატივტივა თავში ეს ფიქრი? ეს ტალახი რაღა ჯანდაბად მაქვს ჯიბეში, ან რატოა ჩემს სამედიცინო ისტორიაში გახვეული? ო, როგორ მშია, რას არ მივცემდი რომ ახლა სახლში ვყოფილიყავი, სულ ცოტა იყო დარჩენილი, მაგრამ ვეღარ მომეთმინა. სირბილით წავედი, იღლიაში მქონდა ხელჯოხი ამოჩრილი და ისე მივრბოდი, ქანცი მძვრებოდა, თავი გასკდომაზე მქონდა, წითელი, ბლანტი ღვინით გაჟღენთილი კასრივით, რომელიც სიმაღლიდან ვარდება, იცის რომ დაეცემა, იცის რომ გასკდება, ისე გასკდება რომ ვეღარასოდეს აკრეფავენ, ვერ ააწტობენ, მაგრამ ხმელეთი არსად ჩანდა, უსასრულო იყო ეს ფრენა. გასკდი თავო, გასკდი და დამასვენე, გასკდი და გადმოიღვარე, მიდი ერთხელ და სამუდამოდ დააყენე საშველი. ვხრიალებდი, ისე მინდოდა რომ თავი გამსკდომოდა როგორც უდაბნოს უნდა წყალი, ასხამ და აქრობს, ასხამ და აქრობს, მზე და ქვიშა ერთდროულად აქრობს უდაბნოდან წყალს მაგრამ ჩემი შუბლიდან ვერა.

  იღლიაში ჯოხი მქონდა, ალბათ გზაში ვიპოვე, თავში ვირტყამდი, გასკდეს, ნეტავ გასკდეს და დამასვენოს, აშკარად მეტი სისხლი მქონდა, ზედმეტი სისხლი ჩქეფდა ჩემს ძარღვებში. ღმერთო ჩემო, დავკარგე, ნუთუ გზაში დამივარდა?! ჯიბეების ქექვა დავიწყე, თან გავრბოდი, თავქუდმოგლეჯილი, და აი სახლიც, როგორც იქნა მივედი. კართან გავჩერდი, რომ თმებიც დამწეოდა. სახლის წინ ასფალტს ორთქლი ასდიოდა, თვალებს თუ მოუჭუტავდი დაინახავდი ცხელი ჰაერის ჭავლი როგორ იკლაკნებოდა და როგორ მიფრინავდა ზეცისკენ, გამღვალ გუდრონს ის დაეხატა, კი ნადვილად ის იყო, ვიპოვე, სხვას ვერავის ექნებოდა ასეთი თმა, ასეთი პროფილი, ნუთუ აქ ყოფნა ამჯობინა, აი თურმე სად წასულა ჩემი ჯიბიდან. „აქ გინდა იყო? დაე იყავი აქ -მივუახლოვდი და მის თმას შევეხე, ჰაეროვანსა და მდუღარეს, ტიროდა, ცრემლები ხელზე გუდრონად მეცემოდა და მწვავდა, ვგრძნობდი როგორ მიიწევდა ძვლებისკენ- გაეჯიბრე მზეს, მას შენი შეცვლა მოუნდ...“ მანქანა მისიგნალებდა, გავიხედა და ზედ ყურთან ქონდა ცხვირი მოტანილი, სულ გაგიჟდა ეს ხალხი, შორიდან ვერ გავიგებდი? გაიწიე შე დარტყმულოო, ეგონა დამაჯახა, ალბათ: ,,არა ბატონო არ დაგირტყამთ...“

  მშიოდა, ძალიან მშიოდა. სახლში შევედი ხელი ცივ წყალში ჩავდე, გუდრონი გამაგრდა და ღეჭვა დავიწყე. უნდა დამეძინა. ალბათ დავიძინებ, ვწევარ და გუდრონს ვღეჭ. დღეს საკმაპდ ბევრი რამ მოხდა, მშიოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები