ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო ქადაგიძე
ჟანრი: პროზა
24 ნოემბერი, 2019


სულიფერა - ცერცვისტოლა ამბავი

  სულიფერა
  ჩამოიწოდეს მთებმა ღრუბლები, მოისხეს, მოიხვიეს მხრებზე მატყლის შალივითა და დადგნენ. ქარიც დადგა, შემოდგომის გამჭვირვალე და უფოთლო ტყეებში ჩაყუჩდა, ჩაიბლანდა გამხმარ ბრძამებში.  სწორედ ასეთ დროს, შემოდგომის მიწურულსა და ზამთრისპირზე იცოდა ხოლმე, აკიდებდა თავის ხალთაგუდას და შეუდგებოდა ცალბილიკას  მთის ქოხისკენ.
-დადექ, შე არდასაყენებელო, სად მიყიალებ ამ ყიამათში, სიცივეში ქვაც კი თბილ კერას ეძებს, შენ კიდევ საკუთარი ფეხით დაეძებ ყინვა-ზრობასა?! გინდა რომ გაფშეკილი ჩამოგიტანონ?! - კიდევ ბევრ საწყენს  უებნებოდა თავისი დედაკაცი, შეაჩვენებდა, კრულავდა, მაგრამ სულ ტყუილად. მაინც განაგრძობდა სულიფერა  აბარგებას. პირველ თოვლს უნდა მივასწრო ტყეშიო. აიკიდებდა მერე თავის ტყავის გუდას და მიდიოდა  ტყის პირას, მთის ძირში. სახლი არც  ეთქმის, ხის ქოხი ედგა.  ყოველთვის მიკვირდა  ადამიანი მარტო როგორ უნდა ცხოვრობდეს ტყეში-მეთქი, ან ნადირისა არ ეშინია, ან ნადირივით სიმარტოვისა?! სულიფერას არაფრისაც არ ეშინოდა. დატოვებდა  თავის დედაკაცს ზამთრის გრძელი ღამეების ამარა შინ, სამყოფ შეშასაც დაუჩეხავდა, სამყოფ  წყალსაც მოუზიდავდა და ფქვილსაც,-  ჩემს ჩამოსვლამდე არა გაგიჭირდეს რაო. დედაკაციც ატანდა გაზეთში გადახვეულ პურსა და მარილს, მაგრამ ეს ცალამუჭა სანოვაგე  როდემდე  უნდა ჰყოფნოდა სულიფერას ტყეში?!  ვინ იცის როდის  წამოვიდოდა პირველი თოვლი. სიცივით  მოკალული რამდენი დღე და ღამე უნდა გაეთბოთ ბებრებს ცალკ-ცალკე სუნთვით.
-ბღენძა მაინც წაიყვანე, მგელს მაინც დააფრთხობს, კაცო, ყეფით, ან ტურასაო! თავს გააქნევდა სულიფერა, გაიღიმებდა და  ბღენძასაც  თავის დედაკაცს დაუტოვებდა, შენი ძილისა და ღვიძილის  დარაჯად იდგესო!
  წავიდოდა ბერიკაცი ტყეში და იმ დღიდან მეგონა ხოლმე, რომ ტყეს კაცივით გული უცემდა, კაცს- ჩიტივით. სოფელში ამბობდნენ ცალი გვერდი ეშმაკისა აქვს, ცალი- ანგელოზისაო, არაო, ცალი გვერდი ნადირისა  აქვს,  ცალი -კაცისაო, იმიტომაც  ვერა  ჩერდება სახლშიო. იმასაც ამბობდნენ, ამასაც, მაგრამ სიმართლე არავინ იცოდა. ჰოდა, ერთ დღესაც  გათენდებოდა და  ხეებსა თუ  სახურავებს  თოვლის ბარდანები ეკიდა, თოვა შეწყდებოდა თუ არა, კრიალა ცაზე  დაგულისგულებული მთვარე გადაგორდებოდა ხოლმე არხეინად, ყინვა კი ლამის დედამიწის ფსკერსაც აზრობდა. აი, მაშინ ბრუნდებოდა სულიფერა სოფელში დაჩუტული გუდითა და სავსე უბით, ხან გაყინულ ფრინველს ამოაძვრენდა მერე იქედან, ხან ყურდაცქვეტილ კურდღელს.
-როგორა ხარ სულიფერავ, როგორ, რა ამბავი ჩამოიტანე ტყიდან, მიუსწარ თოვლს თუ თოვლმა მიგასწრო ტყემდეო და გაიცინებდნენ.
სულიფერა თქმით კი არას იტყოდა. მხოლოდ ერთხელ წამოსცდა,  რომ  თოვლი ღმერთის ფიქრია, სანამ მიწას შეერეოდეს ან თავად ადამიანის  ნაფეხურებს შეირევდეს,  სანამ ციდან თბილ-თბილი  მოდის,  მანამ  ვაყურადებ და იმიტომ მივდივარ  ტყეშიო.
მინდოდა მეკითხა, აააგერ, გადაღმა, ის დიდი მთები აპრილამდე რომ თოვლით დაქუნთულები დგანან,  ღმერთის რამდენი ფიქრი დაუტევიათ, რას მეტყვი - მეთქი, სულიფერავ, მაგრამ მოვიხედე და სულიფერა ვეღრსად ვნახე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები