ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: მადამ ფისუნია
ჟანრი: პროზა
1 დეკემბერი, 2019


თარსი

1.
მე ადამიანები მძულს.
დედამ მითხრა გძულდესო და მძულს.
ადამიანები კარგები არ არიან. ისინი არაფერს აფასებენ. როცა დედას მე და ჩემი სამი და-ძმა გავუჩნდით , წამოვიზარდეთ, ჭამა დავიწყეთ და ბანცალით სიარულიც შევძელით, დედას პატრონმა რაღაც მუყაოს ყუთში ჩაგვსვა და დედასთან ერთად სანაგვე ურნასთან დაგვტოვა. ამის მერე დედამ ჩვენთვის ახალი სახლის ძებნა დაიწყო. ხშირად ვიცვლიდით საცხოვრებელს, ხან სანაგვეზე ვცხოვრობდით, ხან ბუჩქის ძირას...
დედა ყოველთვის ფუმფულა იყო, მაგრამ იმ სახლიდან წამოსვლის შემდეგ, საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლის და ქუჩა-ქუჩა ბოდიალის, ჩვენთვის საჭმლის მოძიების მცდელობის გამო საგრძნობლად გახდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რძე საბოლოოდ გაუშრა და ჩვენი კვება სხვა საჭმლით დაიწყო.
დედა ამბობდა რომ გაგვიმართლა. როდესაც დედა ჩვენხელა იყო, ბებიაჩვენის პატრონმა დედა და თავისი და-ძმა პარკში ჩააწყო და ნაგვის ყუთში ჩაყარა. მაშინ მოუკვდა დედას ერთი ძმა, იმ ცელოფანში სუნთქვა ვერ შეძლო და გაიგუდა. ვიღაც მენაგვეს რომ არ გაეთავისუფლებინა, დედა და დანარჩენებიც დაიხოცებოდნენ.
„გაგვიმართლა, რომ ისეთი უგულო პატრონი არ მყავდა, როგორც დედაჩემსო“. ამბობდა დედა. დედას პატრონმა უდედოდ არ დაგვტოვა, ბებიაჩემის პატრონისაგან განსხვავებით, რომელმაც სასიკვდილოდ გაწირა ოთხი  ჭრელი კნუტი. დედაჩემი ძალიან ჭრელი იყო, შავ-თეთრი ულამაზესი ლაქები და ყავისფერი თვალები ჰქონდა. ჩემი ძმებიც მას ჰგავდნენ. მე და ჩემი და კი – ალბათ, მამას. ჩემი და რიჟა იყო. მე კი სულ შავი ვარ. თვალები მწვანე მაქვს. დედაჩემისგან რაც გამომყვა, მხოლოდ ერთი პატარა თეთრი ლაქაა წინა, მარჯვენა თათზე.
დედამ რთული ცხოვრება გაიარა. ბევრი რამ ნახა და მეც მომიყვა. მითხრა , რომ თუ მის შეცდომებს არ გავიმეორებ, შეიძლება ქუჩაში ცხოვრებას გადავურჩე. ალბათ, ფიქრობდა, რომ მისი ყველაზე დიდი შეცდომა ჩვენი დაბადება იყო, ჩვენ ხომ მისი სახლიდან გამოგდების მიზეზი ვიყავით. ეს არასოდეს უთქვამს , მაგრამ მის თვალებში ვკითხულობდი ხოლმე როცა იმ სახლს იხსენებდა. უყვარდა დედას თავისი პატრონები. ადამიანები უყვარდა, მაგრამ ჩვენ მაინც გვასწავლიდა, რომ მათი ნდობა არ შეიძლება და უნდა გვძულდეს. ჩვენც დედას დავემორჩილეთ და შევიძულეთ ადამიანები. მათ დანახვაზე დამფრთხლები გავრბოდით დედიკოსთან და მის ზურგს ამოვეფარებოდით ხოლმე, დედაც აიფხორებოდა და ახლოს აღარავინ მოდიოდა. ჩემმა და-ძმამ მალე შეითვისეს „აფხორვა“, მე კი ყველაზე ბოლოს ვისწავლე, უნიჭო ვიყავი, მოფერება უფრო მიყვარდა, მაგრამ ადამიანები მოსაფერებლად ძირითადად ჩემი და-ძმისკენ იწევდნენ, ჩემს დანახვაზე კი იძახდნენ:
-ფუუუუუუ…
დიდი ხანი მეგონა, რომ ფუუუ მერქვა. მერე დედამ ამიხსნა, რომ ჩვენ სახელები არ გვქონდა. მას იმედი ჰქონდა, რომ  ოდესმე ადამიანები შეგვიფარებდნენ და სახელებსაც თავად დაგვარქმევდნენ.
„მე რომ დაგარქვათ, ადამიანების დარქმეულ სახელზე აღარ გამოიხედებით.“
დედას თავისმა პატრონმა ევა დაარქვა. ევა ლამაზი სახელია, ადამიანების ვიღაც წინაპარი იყო. დედა თავისმა პატრონმა ვაშლის ხეზე იპოვა, პატარა იყო და ხიდან ვერ ჩამოდიოდა, ჩამოიყვანა და სახლში წაიყვანა. პატარა ყველაფერი საყვარელია. დედაც საყვარელი იყო და ამიტომაც წაიყვანეს. მერე კი უბრალოდ შეუყვარდათ. მაგრამ მხოლოდ  ჩვენს დაბადებამდე გაგრძელდა „უკვდავი“ გრძნობა. მერე , ალბათ, ძალიან ბევრნი ვიყავით და დედასთან ერთად „გადაგვსვეს“. ის სულ გვეუბნებოდა, სანამ პატარები ხართ მანამდე უნდა ვეცადოთ რომ ადამიანებმა სახლში წაგიყვანონ, თორემ თუ წამოიზრდებით, მერე დაგვიანებული იქნებაო.
უცნაურები არიან ადამიანები.
ადამიანების ცნობა ძნელია. დედამ იცოდა მათი ცნობა. ის ამბობდა გარეგნულად არ უნდა ვიმსჯელოთ ადამიანებზეო და ამის დასადასტურებლად იხსენებდა იმ დღეს, როგორ ჩაყარეს ის და თავის და-ძმა სანაგვე ყუთში, კოხტად გამოწკეპილმა ცოლ-ქმარმა, და როგორ გადაარჩინა ვიღაც ჩამოძენძილმა, ბინძურმა და გრძელ წვერა მაწანწალამ. მათი მკვდარი ძმა დაიტირა, ჯოხით დედამიწა ამოჩიჩქნა და შიგ ჩააწვინა, მერე მიწა მიაყარა და იქ დატოვა. (ამას ადამიანების ენაზე დასაფლავება ჰქვია, ისინი მკვდრებს მიწაში აწყობენ და მარხავენ). რაღაც მუყაოს ყუთი ამოიღო ნაგვიდან, ძონძი ჩაუფინა, დედა და დანარჩენები შიგ ჩასვა და წაიყვანა.
„თვითონაც არაფერი ჰქონდა, მაგრამ ყველაფერს გვინაწილებდა.“
ის რომ არა, ერთი ციცქნა კნუტები უთუოდ დაიხოცებოდნენ. ისინი ადამიანმა გაიმეტა სასიკვდილოდ, მეორე ადამიანმა კი იხსნა. იმ კაცს სახლი არ ჰქონდა. ხან სად ეძინა, ხან სად. ძირითადად ბაზრობებზე. დედა და დანარჩენები ყველგან თან დაჰყავდა. მაწანწალა კი იყო, მაგრამ არ მათხოვრობდა. მხოლოდ ნაგავში იქექებოდა ხოლმე. თუ რამეს იპოვიდა ჯერ კნუტებს უციცქნიდა, მერე – თვითონ ჭამდა.

„მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეზე ვისხედით, ვიღაც ახალგაზრდამ გამოიარა, ზურგზე ხელი დაადო და რაღაც საჭმელი რომელიც ჯერ არ მოეკბიჩა ჩვენს მხსნელს გაუწოდა. მან თავიდან იუარა, ბოლოს რამდენიმედღიანმა შიმშილმა თავისი გაიტანა და გამოართვა, თან ათასი მადლობა გადაუხადა. მაწანწალამ გაჩიჩქნა საჭმელი და შიგნიდან „ხორცები“ გამოაძვრინა, ყუთში ჩაგვიყარა და მოგვეფერა, მერე თვითონაც გაკბიჩა. იმ ბიჭმა რომ დაგვინახა თვითონაც  მოგვეფერა. მერე თავიანთ ენაზე რაღაცები ილაპარაკეს, მაშინ ადამიანების ენა კარგად არ ვიცოდი, მაგრამ მივხვდი, რომ ერთ-ერთი ჩვენგანის წაყვანა სურდა. მაწანწალას ძალიან ვენანებოდით (მის თვალებში ვკითხულობდი რომ შინაგანად უჭირდა ჩვენი დათმობა), მაგრამ აბა როგორ მოგვივლიდა ყველას? რაც უფრო გავიზრდებოდით უფრო მეტი  საკვები დაგვჭირდებოდა… საბოლოოდ, კეთილშობილმა ახალგაზრდამ ჩემი ძმა აიყვანა და ქურთუკის უბეში ჩაისვა.
მას შემდეგ ჩემი ჭრელი ძმა აღარ მინახავს…“
ასე ნელ-ნელა გამოეცალა დედას ყველა და-ძმა. ბოლოს იმ მაწანწალასთან მხოლოდ დედა დარჩა. ის კი ძველებურად უვლიდა და ესიყვარულებოდა.  დედასაც შეუყვარდა ეს აყროლებული, კატებზე მეტად ბანჯგვლიანი კაცი. მის დანახვაზე დიდი რაოდენობით ენდორფინებს გამოჰყოფდა და არაამქვეყნიურად „ღრუტუნებდა“. ის უცნაური ადამიანიც ბედნიერდებოდა დედას ამგვარ გრუხუნზე. დედას ეუბნებოდა რომ მხოლოდ მის ფეთქვას და ღრუტუნს შეეძლო მისი გაბედნიერება. დედას კი სწორედ  მსგავსი თბილი სიტყვები აძლევდა მოტივს „ეგრუხუნა“.
… ისიც მინაბავდა ხოლმე თვალებს და განუწყვეტლივ ფეთქავდა;
„ღრრრრრ…
ბრრრრრრრრრრრ….
გრრრრრრრრრრრრრრრრრრ….
ხრ….“
ყველაზე ძნელი, მტკივნეული და პირველი უძლიერესი სევდა ამ ბანჯგვლიან, ოფლის სუნად აყროლებულ კაცთან განშორებამ გამოიწვია.
„ახალი წელი მშვიდად გადავაგორეთ ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში „შპროტი“ მივირთვით, მან პატარა ბოთლი არაყიც გადაჰკრა. მე ყველაფერს ვჭამდი რასაც მთავაზობდა, ვიცოდი რომ ბევრი არაფერი გვქონდა და ჭირვეულობა არასოდეს დამიწყია.  ხილის ჭამაც კი დავიწყე ჩემი ძვირფასი მეგობრისთვის რომ არ მეწყენინებინა, მაგრამ არაყი?
ეს უკვე მეტისმეტი იყო…
ალღო ვერ ავუღე. ერთი-ორჯერ მაწანწალამ თავისი გამურული, კანგადაქერცლილი  თითი არაყში დაისველა და პირდაპირ პირში გამომისვა. არ მესიამოვნა. მწარე იყო და დავიღრიჯე. მგონი ეწყინა. მაგრამ რამდენიმე მცდელობის შემდეგ აღარ დაუძალებია (ალბათ, მიხვდა რომ ეს მწარე სასმელი საჩემო არ იყო)… იმ ახალ წელსაც მოვლოკე ბოთლის თავსახური და მაშინვე „ტვინში დამიარა“. ვგრძნობდი როგორ მეკვეთებოდა თათები და თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ წავქცეულიყავი.  კალთაში ჩავუხტი და „ავგრუხუნდი“.  მან ცხვირზე თითი ამისვა,  მომეფერა, შემდეგ ის ბოთლი ბოლომდე გამოცალა და ორივეს მიგვეძინა…
ასე ტკბილად არასოდეს მიძინია…
ორ დღეში „ბედობა“ იყო.
„ბედობა“…
მაშინ არც ვიცოდი ეს სიტყვა რას ნიშნავდა. თუმცა, ვიცოდი, რომ ჩემს მაწანწალას უხაროდა (ხშირად იმეორებდა, ყველაზე მეტად ეს დღე მიყვარსო) და რა საკვირველია მეც აღფრთოვანებული ველოდი ხოლმე ამ ნანატრ დღეს. „ალბათ, რაიმე ადამიანური დღესასწაულია-მეთქი“ ვფიქრობდი და არც შევმცდარვარ.
ადამიანები ფიქრობენ, რომ რასაც ამ დღეს გააკეთებენ მთელი წლის მანძილზე „დაებედებათ“…
(დაბედება ნიშნავს, რომ მთელი წელი იგივეს გააკეთებენ)…
ჩემმა წვერებიანმა მითხრა რომ ამ დღეს ადამიანები ძირითადად „ქეიფობენ“ და თავის საყვარელ ხალხთან ერთად ატარებენ დროს…
„ქეიფი“ ჭამას ნიშნავს…
…და კიდევ დალევას. მაგრამ აი, იმის დალევას, რომ ვერაფრით ავუღე ალღო.
ალკოჰოლის…
იმ ადამიანებს ვინც ბევრ ალკოჰოლს სვამს, სხვა ადამიანები ლოთებს ეძახიან. ლოთები არ უყვართ ჩვეულებრივ ადამიანებს.
ჩემი მაწანწალაც „ჩვეულებრივი ლოთი“ იყო.
მიყვარდა მაინც…
ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა და სულ თათებზე მეკიდა ლოთი იყო თუ არა…
იმ ბედობის ღამესაც „შპროტი“ ვჭამეთ…
ალკოჰოლი არ დაულევია.
ასე მითხრა , „ბედობაა და არ მინდა წელსაც ლოთობა დამებედოს, უნდა გამოვსწორდეო…“
ის ზამთარი თბილი იყო.
სხვებთან შედარებით თბილი.
თითქმის არ მოუყინავს.
იმ ბედობა ღამეს თუ არ ჩავთვლით.
მინუს ექვსი გრადუსი ცელსიუსით.
ნეტავ იმ ღამესაც დაელია…
ხომ არ გაიყინებოდა?
მძულს ბედობა!
მძულს ადამიანების დღესასწაულები!
შემძულდა ჩემი „ლოთიც“, ასე მარტო რომ დამტოვა და თვითონ მშვიდი სახით, მიწისქვეშა გადასასვლელის ბოლოდან მესამე კიბეზე მიყუდებული გაიყინა.
ისე გაიყინა , რომ მოკვდა.
თვალდახუჭული მოკვდა.
მე მის კალთაში ჩამძინებოდა. სიცივემ გამაღვიძა. შევიშმუშნე. როგორც წესი, ჩემს ყველა შეშმუშნვაზე რეაგირებდა და ცხვირზე ამისვამდა ხოლმე თავისი ხელის ყველაზე მსუქან და ყველაზე მოკლე თითს. მაშინ ასე არ მოიქცა. გამიკვირდა და მისი მუხლების ფხოჭვნა დავიწყე უკლანჭებოდ.
არ იძვროდა.
კლანჭები გამოვაჩინე…
არაფერი შეცვლილა.
მერე გადაჭრილ ხელთათმანიან თათქვეშ თავი ამოვუდე, ვიფიქრე ახლა მაინც მომეფერება-მეთქი.
ამაოდ…
ის გაქვავებულიყო და კვლავ არ იძვროდა.
ზედმეტად ცივი მეჩვენა და გადავწყვიტე მისი თათები მაინც გამეთბო, ამიტომ ზედ დავაწექი და მთელი ჩემი სიმხურვალე გადავეცი.
ისევ უძრაობა…
გულზე ავაცოცდი და სახეზე თათი მივკარი.
არც მაშინ განძრეულა.
ყინულივით ცივი იყო.
ლოკვა დავუწყე, თათებს ვუცაცუნებდი, მეგონა ღრმად ეძინა.
მაგრამ , სინამდვილეში არ ეძინა.
მოკვდა.
ეს პირველი არაფიზიკური და მაინც უძლიერესი  ტკივილი იყო ჩემთვის. დედასთან ჩამოშორების შემდეგ პირველად ვიგრძენი თავი მარტოდ. მაშინ და-ძმა მაინც მყავდა, ახლა კი სრულიად მარტო დავრჩი.
არც დედა.
არც და-ძმა.
არც მაწანწალა კაცი…
მოვკვდებოდი მეგონა!“

***
დედა ამბობდა რომ ის კაცი ვიღაცებმა წაიყვანეს. იმათ „ადამიანების ექიმები“ ჰქვიათ. ბორბლებიან რაღაცაზე დააწვინეს და დიდ, თეთრ მანქანაში ჩასვეს, იმ ადამიანებს მწვანე ტანსაცმელი ეცვათ.  დედას უნდოდა გაყოლოდა, მაგრამ ერთ-ერთმა კაცმა წიხლი ამოსცხო და „ცხრა-მთას იქით“ გაისროლა. იმ კაცის გამო დედა დიდხანს კოჭლობდა.
შემდეგ კი დაიწყო მისი ცხოვრების ტანჯული პერიოდი.
ამბობდა, რომ ნაგავში ქექვაც კი დაიწყო საჭმლის საპოვნელად.
მე ნაგავი არ მიყვარს,  საშინლად ყარს…
მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ერთი ორჯერ მეც მომიხდა იქ ქექვა. მაშინ პატარა ვიყავი და დედას მოტანილი საჭმელი რომ არ მყოფნიდა, ჩუმად ნაგავში ვიქექებოდი ხოლმე. როცა ეს ამბავი გაიგო, დედა ძალიან გამიბრაზდა. იტირა კიდეც.
იმის შემდეგ პირობა მივეცი, რომ შიმშილით სულიც რომ გამძვრეს ნაგავს ახლოსაც არ გავეკარები-მეთქი.
სიტყვა შევასრულე.
მიყარდა დედა.
ძალიან მიყვარდა.
დედას კი ოთხივე ერთნაირად ვუყვარდით.
ასე ამბობდა: „როგორ შეიძლება რომელიმე მეტად ან ნაკლებად მიყვარდეთ, თქვენ ხომ ჩემი სხეულის განუყოფელი ნაწილები ხართ, განა თათები რომ დამაჭრან ოთხივე ერთნაირად არ მეტკინება?“
იმ მაწანწალა კაცის სიკვდილის შემდეგ დედა სულ მარტო დარჩა. თანაც , უკვე კოჭლობდა და საჭმლის პოვნაც ძალიან უძნელდებოდა. ალბათ, ამიტომაც დაიწყო ნაგვის ქექვა…
დედა ამბობდა, რომ ადამიანებს ჰგონიათ, თითქოს კატებს ცხრა სიცოცხლე გვაქვსო.
„-ეს მართალია?-ვკითხე გაფართოვებული თვალებით. დედას კი ულვაშებში ჩაეცინა და მიპასუხა:
-ძირითადად არა, მაგრამ ხანდახან მგონია რომ მართალია.“
მაშინ ვერაფერი გავიგე და გაშტერებული მივაჩერდი. ახლა ყველაფერი მესმის, დედა იმდენჯერ გადაურჩა სიკვდილს , თითქმის ირწმუნა კიდეც, რომ  მართლა ცხრა სიცოცხლე ჰქონდა.
ოჰ, დედა…
დედიკო.
დედა.
ხანდახან ისე მენატრება, მგონია მოვკვდები. მაგრამ მხოლოდ მგონია, როგორც მივხვდი მონატრება არ კლავს, ის მხოლოდ გასევდიანებს…
ერთხელ დედა პატარა ბავშვებმა დაიჭირეს და კუდში ჩაავლეს თათი (მათ ენაზე ხელი):
„რომ მცოდნოდა, ასეთი უგულო შეიძლება ყოფილიყო ორი პატარა გოგონა, მათი დანახვისთანავე გავიქცეოდი, მაგრამ ისეთი სათნო და კეთილი თვალები ჰქონდათ, ლამაზი თმა… ერთ-ერთი ჩაიცუცქა და დამიძახა, „ფისო, მოდი ფისო…“ ვიფიქრე მოფერება უნდათ-მეთქი, მე კი მოფერებით განებივრებული ნამდვილად არ ვიყავი, ჩემი მაწანწალას სიკვდილის შემდეგ აღარავინ მომფერებია, აღარც ვინმეს ვყვარებივარ, სწორედ ამ გამოუცდელობამ დამღუპა იმ დღეს… მივუცუცქდი იმ ბავშვს და თავი ნაზად ავუსვი პაწაწინა, გამოწვდილ ხელზე, თან დიდი რაოდენობით  ენდორფინების გამოყოფა დავიწყე… უცებ მეორე ბავშვი კუდში დამწვდა და პირდაპირ  ასფალტზე მახოხიალა… საცოდავად კნავილი და ტირილი დავიწყე, იქვე შორი ახლოს დიდები იყვნენ, ვიფიქრე ჩემს ხმას გაიგონებენ და დამეხმარებიან და ცელქ ბავშვებს დატუქსავენ-მეთქი, მათ კი გოგონას გამოსძახეს:
-მანო, ხელი გაუშვი მაგ კატას ბინძურია!
გული მომიკვდა. მათ არ ადარდებდათ, რომ მე მტკიოდა… რომ მეც ცოცხალი ვიყავი და მათი ნაშიერი ტკივილს მაყენებდა, მათთვის მთავარი მხოლოდ ის იყო, რომ მათი ბავშვი თავის „სუფთა ხელებს“ დაისვრიდა ჩემთან შეხებით… როგორც წესი, აგრესიული არ ვარ ხოლმე, მაგრამ მაშინ ტკივილმა გონება დამიბინდა და ავფართხალდი, კლანჭები გამოვყავი და გოგონას დაკაწვრას შევეცადე, ისევ იმ ქალმა გამოსძახა, ამჯერად უფრო მკაცრი და გაბრაზებული ტონით:
-მანო, გაუშვი ხელი მაგ კატას, არ დაგკაწროს, ინფექცია შეგეყრება და ნემსის გაკეთება მოგიწევს,-მერე ცოტახნით გაჩუმდა თავის მეგობართან „ჭორაობა“ განაგრძო და ჩვენკენ მოუხედავად დაამატა,-ნუ მაყვირებ, გაუშვი ხელი!
-ვერ დამკაწრავს, ვერ მწვდება…
გადაიხარხარა ბავშვმა.
„მაგასაც ვნახავთ“-გავიფიქრე მე, და გამწარებული უფრო მონდომებით ავწრიალდი.
ერთი წამით ისიც კი ვიფიქრე, რომ ის მეორე ბავშვი მართლა ჩემს მოფერებას აპირებდა, და რომ ყველა არ იყო ბოროტი, მაგრამ ზუსტად ამ დროს, თავადვე დაანგრია ჩემი წარმოდგენა საკუთარ თავზე, როდესაც გოგონას დაუძახა:
-მათხოვე, მეც მინდა, მე დავიჭირე…
უკვე გადარჩენის იმედს ვკარგავდი, დავნებდი კიდეც და ფართხალიც შევწყვიტე… ბედს მივენდე… მაგრამ ამ ბავშვის საზიზღარი სიტყვები, ალბათ, სწორედ ის ნაპერწკალი იყო , რომელიც საკუთარ თავში უკანასკნელი ძალების მოკრებაში დამეხმარა, ვიღრიალე, მთელი ძალით ავხტი და ბავშვს ხელი ჩამოვკაწრე.
როგორც ჩანს ეტკინა.
ხელი გამიშვა და აყვირდა.
ასე უბრალოდ წასვლა არ შემეძლო, ახლა მე მსოფლიოში უბოროტესი არსება ვიყავი…
როგორც ადამიანები იტყოდნენ ნამდვილი დემონი და საქმე ბოლომდე უნდა მიმეყვანა!
გოგონას პირდაპირ სახეში შევახტი, ბუთხუზა ლოყაში ბოლომდე, ღრმად ჩავარჭე ყველაზე გრძელი კლანჭი და ჩამოვეკიდე… მის ლოყაზე გამოკიდებულმა რამდენიმე წამი ვიკონწიალე, მაგრამ ეს წამები საუკუნეებად მომეჩვენა , რომელიც საოცნებო ატრაქციონზე გავატარე. თათი რომ გამეშვა და მიწაზე დავხტი, ბავშვისკენ გავიხედე, სისხლი მთელს ლოყაზე ჩამოსდიოდა და ცრემლებს ერეოდა, ბოლო ხმაზე ბღაოდა.
შემეცოდა.
საკუთარი საქციელის შემრცხვა.
ერთ ადგილას გავიყინე და თავდახრილი საკუთარ საქციელს ვნანობდი…
თითქოს, ამ სამყაროს გამოვეთიშე და სადაც მაშინ ვიყავი, მხოლოდ მე და ჩემი ბოროტება დავრჩით , ის სამყარო ამაზე საშინელი იყო… საშინელებაა შურისძიება, მისკენ სწრაფვა და მისი აღსრულებაც კი... ის სრულიად გაკარგვინებს შენს რეალურ სახეს და მართალია, ის მომენტი როდესაც საწადელს აღწევ თავს ჭეშმარიტ ღმერთად გაგრძნობინებს, გაფიქრებინებს რომ ამ უსუსურ სამყაროში შენ ყველაზე ზემდგომი არსება ხარ, ეს  საკმარისი მაინც არაა ბედნიერებისთვის, რადგან , უბრუნდები რა საკუთარ სხეულს , აანალიზებ და ხვდები რაც ჩაიდინე - გტანჯავს. გძულს საკუთარი თავი, გიკვირს ასე როგორ დაეცი?!
...და ერთადერთი მსხვერპლი რომელიც შენს აღსრულებულ შურისძიებას თან ახლავს ხოლმე თავად შენ ხარ და ის შავი ლაქა, რომელიც უნებლიედ საკუთარ გულს შენვე დაატყე, შენვე აქციე საკუთარი ხორცი ქვად...
იმ ბნელეთიდან მეორე გოგონას ამორტყმულმა წიხლმა გამომაფხიზლა.
-ცუდი ფისო!
იყვირა მან და ჩემი დაჭერა სცადა.
მეორედ ასეთ გამოუსწორებელ შეცდომას ვეღარ დავუშვებდი. სულმოუთქმელად გავიქეცი…“
ეს ამბავი რომ მოყვა დედამ, ვიტირე.
შემეცოდა.
თავიდან ყოველთვის ვტიროდი, როდესაც დედა თავის ცუდ ისტორიებს ყვებოდა. მერე მივეჩვიე და უბრალოდ მოვიწყენდი ხოლმე. როგორც დედამ თქვა, ხორცი დროთა განმავლობაში ქვა ხდება და რარაცები ნაკლებად მტკივნეული გვეჩვენება. დედა ამბობდა ამ ამბებს იმიტომ არ გიყვებით, რომ იტიროთ, იმიტომ გიყვებით, რომ ისწავლოთო…
ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, მაშინ ისიც არ მესმოდა რა უნდა გვესწავლა.
ახლა მივხვდი, – სამყაროს საიდუმლოებანი, ცხოვრება, ადამიანების ცნობა და საერთოდ , ყველაფერი!
დედა თავისი ისტორიების მოყოლით ჩვენს გაფრთხილებას ცდილობდა, რომ ცხოვრება არაა მარტივი და, რომ სიფრთხილე გვმართებს…
როგორ იცოდა ყველაფერი…
როგორ არასოდეს შემცდარა…
დედა ხშირად ამბობდა რომ ადამიანები შეგვეძულებინა, მაგრამ ძაღლებზე მეტად არა, განსაკუთრებით კი პატრონიან, დიდ ძაღლებზე  მეტად არა…
ამ ამბის გასამყარებელი არგუმენტი მისი კიდევ ერთი ისტორია იყო:
„სხვა კატები ხშირად ამბობდნენ, რომ ძაღლებთან არ უნდა მეურთიერთა, მაგრამ არ დავუჯერე და ერთ მოხუც, „გაპუწულ“ ძაღლს დავუმეგობრდი. ყურზე რაღაც მწვანე პლასტმასის ნაგლეჯი ეკეთა, ადამიანების საყურის მსგავსი, ვკითხე რა არის-მეთქი, მან კი მიპასუხა, რომ ცხოველების ექიმებმა გაუკეთეს, ეს იმის ნიშანი იყო, რომ ავად არ იყო და არც საშიში - ადამიანებისთვის, ამიტომაც გამოუშვეს ისევ  ქუჩაში , სხვა შემთხვევაში მოკლავდნენ, თუმცა ამას „დაძინებას“ დაარქმევდნენ.
კარგი ძაღლი იყო, მაგრამ ბებრუხანა და ძლივსღა დადიოდა, ძირითადად იწვა და ეძინა.
ადამიანებს ჰყავთ ღმერთი. რომელიც არავის უნახავს და ეკლესიებში ცხოვრობს, ეკლესიები მათი ღმერთის სახლებს ჰქვია და ასეთი ბევრი აქვთ, მე კი - ყოველთვის მიკვირდა ყველგან როგორ ცხოვრობს ერთი არსება-მეთქი… ამის პასუხი ვერ გავარკვიე. ისე, უბრალოდ, სჯერათ რომ ასეა და დამთავრდა…
როცა ადამიანებს რაღაცის სჯერათ, უბრალოდ სჯერათ, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე…
სწორედ, ერთ-ერთი ღმერთის სახლის ეზოში ცხოვრობდა ჩემი მწვანე საყურიანი მეგობარი და მეც ხშირად ვაკითხავდი. იქ ღმერთის გარდა , კეთილი, შავებში ჩაცმული კაცებიც ცხოვრობენ, ეს კაცები აჭმევდნენ ხოლმე ჩემს მეგობარს ხშირად. ისიც არსად მიდიოდა, ამბობდა სახლს ვდარაჯობო…
„ძაღლები…“ – გავიფიქრებდი და ჩავიცინებდი ხოლმე ჩემთვის… „რამეს თუ არ უდარაჯეს ცხოვრება არაფრად მიაჩნიათ, არადა, ამან ვის უნდა უდარაჯოს, ან ვინ უნდა შეაშინოს?“
რა საკვირველია, მეგობარს გულს არ ვწყვეტდი და ეს მისთვის არასოდეს მითქვამს. ხშირად მინაწილებდა თავის საკვებს. მოკლედ, კარგი ვინმე იყო…
მაგრამ მოხუცი…
ერთხელაც, როდესაც მეგობარს მივაკითხე იქ აღარ დამხვდა.
არც მეორე დღეს.
ყოველდღე მივდიოდი , იმ იმედით რომ იქ იქნებოდა, მაგრამ შევცდი…
ალბათ, მოკვდა…
ყველა კვდება…
ბოლოს ყოველთვის მარტო ვრჩებით!
მერე გადავწყვიტე, მენახა როგორი იყო ღმერთის სახლი, თავშლიანი ქალების ტალღას შევერიე და ისე შევიპარე შიგნით.
განსაკუთრებული არაფერი…
ჩვეულებრივი იყო, უბრალოდ, ყველგან პატარა ცეცხლები ენთო და სურათები ეკიდა.
მერე გავიგე რომ ეს სურათები მათი წმინდანების იყო.
„წმინდანები“ ადამიანთა ენაზე განსაკუთრებული ხალხია, ვისაც შეუძლია სასწაულები ჩაიდინოს და თავი გაწიროს რწმენისთვის. ასეთები ბევრი ჰყავთ, იმ შენობაშიც სწორედ მათი სურათები ეკიდა კედლებზე.
კიდევ გავიგე რაღაც…
შავებში ჩაცმული კაცები, რომლებიც კეთილები მეგონა, არც ისე კეთილები აღმოჩნდნენ ჩემ მიმართ.
მაშინ კიდევ ერთხელ გავხდი ადამიანების წიხლის მსხვერპლი…

ჩემი მეგობარი ძაღლის კეთილშობილებით განებივრებულმა, ჩავთვალე, რომ ყველა ძაღლი ასეთი იყო და კატები მათ შესახებ ცდებოდნენ.
სხვა კატები კი არა, მე შევცდი.
სკვერში დიდი ფუმფულა, პატრონიანი ძაღლი დავინახე, ვიფიქრე მივალ და გავიცნობ, დავუმეგობრდები-მეთქი. სანამ მასთან მივიდოდი, მისმა პატრონმა სხვა კატა შეამჩნია, ძაღლს დაუყვირა:
-ეცი!
ისიც უსწრაფესად მოწყდა ადგილიდან და ოდესღაც თეთრ, ახლა კი ქალაქის მტვერით გაშავებულ ფისუნიას გაეკიდა, მან ხეზე აძრომა დააპირა, მაგრამ ვერ მოასწრო, დორბლიანი ძაღლი სწრაფად ახტა და „ჰაერში მოხსნა“, ძვლებში გადატეხა და მიაგდო.
წავიდა…
ვიფიქრე შეჭამს-მეთქი, მაგრამ უბრალოდ მიატოვა და წავიდა.
ჩუმად მივუახლოვდი იმ უბედურს. მისი თვალები ჯერ კიდევ ღია იყო და სიცარიელეს მიშტერებოდა, თათი მივადე და შევეცადე მენუგეშებინა. მან კი თქვა „მიაუ“ და საბოლოოდ ჩააქრო მბჟუტავი თვალები.“

ამ ყველაფრის შემდეგ როგორ შემეძლო არ შემძულებოდა ადამიანები?
ან ძაღლები?
თუნდაც მთლიანად სამყარო, რომელიც ჩემს ირგვლივ იყო და ათას ბოროტებას აფრქვევდა ყველა მხრიდან?
ჰოდა, მძულდა კიდეც…
მძულდა ყველაფერი!
***
ჩემი და-ძმა ჩემგან განსხვავებით, ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყვნენ ადამიანების მხრიდან, ალბათ, მათმა ფაფუკმა კუდებმა, ლამაზმა თვალებმა და, რა საკვირველია ფერმა იქონია ამაზე დიდი გავლენა. მათ რომ ხედავდნენ, ყველას მოფერება და ალერსი უნდოდა. დედამ გვასწავლა, როგორ უნდა მოგვეწონებინა ადამიანებისთვის თავი. რა საკვირველია ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან ხასიათებით, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ერთნაირები და მოსაწყენები არიან, ემოციებით მაინც არ ჰგვანან ერთმანეთს. ამიტომ, ჩვენ ორი ვარიანტი გვქონდა, ან მობუზული საცოდავად მარტოსული პატარა კნუტის როლი უნდა გვეთამაშა და სადმე ხის ძირას ავბუზულიყავით, ან პირიქით ამაყად გაგვევლო ადამიანის წინ, კუდაწეულს და შეძლებისდაგვარად ფეხზე მოვხახუნებოდით. ადამიანებს ძირითადად ორი გრძნობა მართავთ, პირველი სიბრალულია, (რომლის გამოწვევასაც მარტოსულად აბუზვით ვცდილობდით), მეორე კი ამპარტავნება (ამ დროს ზუსტად ისე დავაბიჯებდით, როგორც თვითონ დააბიჯებენ ხოლმე, როდესაც რაღაც მიზანს აღწევენ, ან უბრალოდ დიდი წარმოდგენა აქვთ თავის თავზე).
დედამ ისიც გვასწავლა, როდის, როგორ მოვქცეულიყავით, რომელ გამვლელს როგორ უფრო დავაინტერესებდით. თავიდან ვერ ვხვდებოდი, როგორ ამჩნევდა დედა ადამიანების მთავარ გრძნობას, როგორ ხვდებოდა რომელი მცდელობა აიძულებდა მათ ჩვენს შინ წაყვანას. მაგრამ ახლა, როცა უკვე დიდი დრო გავიდა და ასე თუ ისე მეც წამოვიზარდე, ვისწავლე მათი გარჩევა. ადამიანების ენაზე რომ ვთქვათ , მათ „შუბლზე აწერიათ“ როგორები არიან.  ეს ფრაზა პირველად დედამ მითხრა და ისევე როგორც ბევრი სხვა რამ მაშინაც ვერ ჩავწვდი მის შინაარსს. ამიტომ ის პირდაპირი მნიშვნელობით გავიგე და ადამიანებს შუბლზე ცქერა დავუწყე, მეგონა წარწერებს აღმოვაჩენდი, იმედგაცრუებულმა დედასთან მივირბინე და ვკითხე:
„-დედა, შენ ხომ თქვი რომ ადამიანებს შუბლზე აწერიათ როგორებიც არიან?
-ჰო, ასე ვთქვი,-მითხრა წამოწოლილმა და უკანა თათი გაილოკა.
-მე რომ კითხვა არ ვიცი, იმიტომ მეჩვენება რომ მათ ყველას ერთნაირი შუბლი აქვთ?
დედას გაეცინა და თავით მომიალერსა.
-ჰო, ასეა…
-დედა, მასწავლი კითხვას?
-დრო გასწავლის საყვარელო, მე -ვერა…“
მერე ლოკვა დამიწყო. უყვარდა ხოლმე ჩვენი გასუფთავება, ფიქრობდა რომ ასე უფრო მოვეწონებოდით ადამიანებს და ჩვენი „გაშვილებაც“ დაჩქარდებოდა. თანაც, ამისთვის არცისე დიდი დრო გვქონდა, რამდენიმე თვეში კნუტობიდან კატებად გადავიქცეოდით და ჩვენი წაყვანის მსურველების რიცხვი თითქმის განულდებოდა.
დედას საოცრად ხორკლიანი და ცხელი ენა ჰქონდა, არასოდეს დამავიწყდება როგორ მაჟრჟოლებდა ხოლმე მის შეხებაზე და რამდენ ენდორფინს გამოვყოფდი ერთბაშად.
სითბო, სიყვარული, სისუფთავე…
დედის ხორკლიანი, პატარა ვარდისფერი ენა ყველაფერს ერთად გადმოგვცემდა…
ჩემს და-ძმას ნამდვილად სჭირდებოდა გასუფთავება, რომ ადამიანის თვალს მათი ბეწვის ფერი სწორად აღექვა, მაგრამ მე…
მე „ჭუჭყის ამტანი“ ვიყავი და , ტალახშიც რომ მეგორავა მაინც არაფერი მეტყობოდა. ეს დედამაც კარგად იცოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა,  ჩემ მიმართ  ნაკლები ყურადღება  არასოდეს გამოუჩენია .
ჩემი და-ძმა თავს არ ზოგავდა ადამიანებისთვის თავი რომ მოეწონებინათ, ისინიც ხშირად ეფერებოდნენ, ზოგი ფუნთუშასაც კი უციცქნიდა და აჭმევდა. მეც ბევრჯერ ვცადე ადამიანების ყურადღების მიქცევა, მაგრამ სანაცვლოდ მოფერებისა, ძირითადად ამბობდნენ „ფუუუუუ“.
ერთხელ, მანქანის სიგნალმა შემაშინა და სწრაფად გავიქეცი, როგორც ჩანს სიბნელეში ვიღაც კაცი მოდიოდა და ჩემი მოულოდნელი წინ ჩარბენით შევაშინე. მან შეიგინა. (გინებაც ადამიანების გამოგონილი უზრდელური სიტყვების კორიანტელია, ძირითადად დედას იგინებიან ხოლმე, გამიგონია, ზოგი თავის დედასაც აგინებს. საშინელი ადამიანები. დედა ყველას უყვარს, იმ მახინჯ ძაღლებსაც კი, ჩვენი შეჭმის სურვილისგან ყბებში დორბლი რომ უგროვდებათ, ადამიანებთან კი – როგორც ჩანს, სხვანაირადაა ყველაფერი). მერე კი თავის სასქესო ორგანოს ჩაებღაუჭა თავისივე ხელით და გზა განაგრძო.
მაშინ ასეთი რამ პირველად ვნახე და დედას ვკითხე რატომ მოიქცა ასე ის კაცი-მეთქი. მან კი გამიღიმა და მითხრა, ბნელოდა და ალბათ შეაშინეო.
მეც დავიჯერე.
სულელი კნუტი ვიყავი, დედასი ყოველთვის მჯეროდა, ის არასდროს მატყუებდა, უბრალოდ სიმართლეს ყოველთვის არ მეუბნებოდა და ამას მხოლოდ ჩემს სასიკეთოდ აკეთებდა, ამის გამო დედა არასოდეს გამიკიცხავს და ალბათ, ვერც ვერასდროს შევძლებდი მის დადანაშაულებას რამეში. მან ხომ ყველაფერი გააკეთა ჩვენთვის?
ნეტავ, ადამიანების დედებიც ასეთები არიან?
თუ ასეთები არიან რატომ აგინებენ ადამიანები თავიანთ დედებს?
გინება ხომ ცუდია?
რას გაუგებ ადამიანებს, უკვე ოთხი წლის ვარ და მათ არსებას ბოლომდე ჯერაც ვერ ჩავწვდი, მხოლოდ სანახევროდ.
დედამ მითხრა, ალბათ სიბნელე რომ იყო შეაშინე ის კაცი და იმიტომ შეგაგინაო. მაგრამ მსგავსი რამ დღისითაც არაერთხელ მოხდა:
„- ფუუუუუუუ, შენი თარსი დედაც….
ფეხებსშუა მჭიდროდ მოჭერილი ხელი.
გინება.“
„ფუუუ“ უკვე კარგად ნაცნობი იყო ჩემთვის, მაგრამ ეს „თარსი“ რაღაა?
დედას ვკითხე და მითხრა არ ვიციო…
მაშინ მივხვდი პირველად რას ნიშნავს „შუბლზე წარწერა“. დედას სახეზე იყო წარწერა. ზუსტად ვერ ამოვიკითხე, მაგრამ მივხვდი რომ მომატყუა.
სწორედაც! ალბათ, მაშინ დედას სახეზე ეწერა „ტყუილი“!
ამ სიტყვის მნიშვნელობა რომ არ ვიცოდი და ასე ხშირად მომიხსენიებდნენ, ეს ფაქტი სულს მიშფოთებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა დედასთვის არასოდეს აღარ მიკითხავს. მოგვიანებით ისევ ჩემით მივხვდი, როგორც ბევრ სხვა რამეს. ეს სიტყვა ადამიანების ილუზია უფროა, ვიდრე რაიმე რეალური. აი, დაახლოებით ღმერთს ჰგავს. მათ ხომ ჰგონიათ, რომ ღმერთი ეკლესიაში ცხოვრობს და თან ყოვლის შემძლეა და ყველაფერს ხედავს, ესმის, გრძნობს… „თარსიც“ სჯერათ რომ მათ მომავალს „თარსავს“… ანუ, მე, შავი ფისუნია თუ ადამიანს წინ გადავურბენ, მათ ჰგონიათ, რომ რაღაც ცუდი მოხდება, ეს ცუდი რომ თავიდან აიცილონ ამიტომაც იკიდებენ ხოლმე ხელს „იქ“…
ეს მაშინ გავიგე ჩემს ადამიან პატრონს რომ ესტუმრა ვიღაც კაცი.
„-ლინდა, ეს თარსი კატა რატომ გყავს სახლში, მოაშორე!
-ნუ ხარ ცრუმორწმუნე, ვერ ხედავ რა საყვარელია?“

ცრუმორწმუნე…
კიდევ ახალი სიტყვა გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში და მე მისი გამოძიებაც დავიწყე. ბოლოს მივხვდი, რომ ასე ეძახიან ჭკვიანი ადამიანები სულელ ადამიანებს, მათ, ვისაც სჯერა, რომ მე, შავი ფისო ჩემს გზაზე მიმავალი თუ შემთხვევით მის გზას გადავკვეთ – ვთარსავ…
სასაცილოა!
ჩემს პატრონს სამწუხაროდ,  უყვარდა ის კაცი.
***
ალბათ, დედის მონდომების დამსახურებაც იყო რომ ჩემი და-ძმა მალევე წაიყვანეს ადამიანებმა. მე კი ყველაზე მეტი დრო გავატარე დედასთან. ყველაზე მეტი რამ სწორედ  მე მასწავლა დედამ.
ერთხელ, როცა მარტო ვიყავი და დედა საჭმლის მოსატანად იყო წასული ვიღაც გოგო მოვიდა და მომეფერა. ძალიან შავი თმა ჰქონდა. სულ შავები ეცვა და სახეც შავი რაღაცით ჰქონდა მოხატული. ძალიან გამიხარდა, ვიფიქრე, უყვარს “შავები“-მეთქი და ენდორფინები გამოვყავი. მან ამიყვანა, ქურთუკის უბეში ჩამისვა და წავედით…
სადღაც ჩაბნელებულ გზაზე გადაუხვია და მორყეული ჭიშკარი შეაღო. იქ ბევრი ქვა იყო და ამ ქვებზე ადამიანები ეხატა.
ღრმად რომ შევედით, ცეცხლს მოვკარი თვალი.
მივუახლოვდით.
იქ ამ გოგონასნაირი „შავი ბავშვები“ იყვნენ.
ბევრნი.
„-გამარჯობა მახინჯებო.-თქვა ჩემმა გოგომ.
-გაგიმარჯოს მახინჯო,-უპასუხეს დანარჩენებმა და ბოთლიდან რაღაც ადამიანური სასმლის სმა განაგრძეს.“
ყოველთვის მიკვირდა ამას როგორ სვამდნენ, საშინლად ყარდა. დედას მაწანწალა რომ სვამდა ხოლმე ის უნდა ყოფილიყო.  ერთერთმა მათგანმა ერთ ადამიანის გამოსახულებიან ქვას ჩამოჰკრა ბოთლი და თავსახური წააძრო. ჩემს გოგოს გამოუწოდა.
საშინელი გარემო იყო და რაღაც ბნელი აურა, უკვე შემეშინდა და უნებლიედ დავიკნავლე.
„-ოუუ, ეს რა ხმა მესმის…-გაიღიმა იმ ბიჭმა ჩემს გოგოს რომ მიაწოდა ბოთლი და მის უბეში ქექვა დაიწყო.
-პატარა საჩუქარი მოგიყვანეთ…-თქვა გოგონამ და ბიჭს თათში თავის თათი ჩასცხო,-ხელს ნუ მიფათურებ გარყვნილო!
-ამას უკვე მივხვდით,-საუბარში ჩაერთო ვიღაც.
-არ გვაჩვენებ?
-ჯერ დავლიოთ!-უთხრა და ბოთლი ბოთლზე მიურტყა.“
მერე სხვას გაუწოდა ჩემი თავი, ბიჭი იყო და თავზე მაისურზე მიბმული ქუდები რომაა ეგ ეხურა. მან ამიყვანა, კალთაში ჩამისვა და მომეფერა.
ამ ბავშვების უმრავლესობას ბევრი ყელსაბამი და სამაჯური ეკეთა.
„-აბაა,-წამოიწყო ქუდიანმა,- მზად ხართ მსხვერპლშეწირვისთვის?
-დიახ, ქურუმო!-დაიყვირა ყველამ.“
ამდენი უცხო ადამიანური სიტყვა ერთად უკვე მეტისმეტი იყო. ვერაფერი გავიგე, მაგრამ მაინც შემეშინდა. თავი უსუსურად და დაუცველად ვიგრძენი. დედის ხმაც კი ჩამესმოდა ყურებში…
„მიუ“
„მიუ“
„მიუ“
„მიუ“
„ნეტავ მართლა აქ იყო დედა…“ გავიფიქრე და ალბათ, ხმამაღლა გამომივიდა წამოვიკნავლე: „მივვ“…
უცებ, ქუდიანმა ჯიბიდან დანა ამოიღო, თათი გამიჭრა და ცეცხლში შემაგდო.
თან რაღაცას იძახდა.
შემდეგ მის ნათქვამს ყველა იმეორებდა.
ტკივილი.
ტკივილი.
ტკივილი.
* * *
მეგონა, მოვკვდი…
თვალები რომ გავახილე დედა დავინახე. ადამიანი რომ ვყოფილიყავი ვიფიქრებდი სამოთხეში ვარ-მეთქი. სამოთხე ლამაზი ბაღია ყველაფერი ცუდი და ბოროტისგან დაცლილი, ადამიანებს სწამთ, თუ მთელი ცხოვრება კარგები იქნებიან, როდესაც მოკვდებიან ლამაზ ბაღში წავლენ საცხოვრებლად და მარადიულ ბედნიერებას მოიპოვებენ. მგონი ცრურწმენაა. თუმცა თავს ვერ დავდებ...
არ ვიყავი სამოთხეში, ისევ აქ, ჩვენს მძორის სუნად აყროლებულ სამყაროში და აურადაბინძურებულ ქალაქში ვიყავი, არც დედა მომლანდებია, ნამდვილი იყო, უბრალოდ ცოტა სხვანაირი. ბეწვი დასწვოდა. მეც დამწვოდა. არაფერი მახსოვდა, მაგრამ მივხვდი რომ დედას ხმა არ მომლანდებია და ის მართლა მეძებდა. ჩემი უნებლიე პასუხით კი მიპოვა და ჩემს გადასარჩენად ცეცხლში შემოხტა. შევამჩნიე, რომ თვალიც დაზიანებული ჰქონდა.
ოჰ, ეს დედები…
-როგორ მიპოვე?-ვკითხე გაოცებულმა.
-დედა შვილს ყოველთვის იპოვის!
-როგორ მიხვდი, რომ ცუდმა ადამანებმა წამიყვანეს?
-დედობრივი ინსტინქტით!
-ეგ რა არის?
-ამას მნიშვნელობა არ აქვს, რატომ გაჰყევი ასეთ ხალხს?!-მიყვირა.
-მეგონა შემიყვარებდნენ…
-მაგათ არ შეუძლიათ სიყვარული!
-არც შეცოდება?
-ხომ ნახე, რომ არა…
-მე მეგონა…
-არ აქვს მნიშვნელობა, რა გეგონა. ფრთხილად იყავი! ცოტა რომ დამეგვიანებინა…
-მომკლავდნენ…-ვთქვი და ტირილი დავიწყე. დედას არ შეეძლო მკაცრი ყოფილიყო მაშინ, როცა მე ვტიროდი, ამიტომ ლოკვა დამიწყო. მე კი მისი ხორკლიანი ენის შეხება დამწვარ ბეწვსა და კანზე ტკივილის მაგივრად შვებას მგვრიდა. ალბათ, ნებისმიერი სხვა რამ რომ შემხებოდა ტკივილისგან მოვკვდებოდი, მაგრამ დედა სხვა იყო…
დრო რომ გავიდა კოჭლობა შევწყვიტე. გაჭრილი თათი ძველებურად აღარ მტკიოდა და ბეწვიც ახალი ამომივიდა. ამ თემაზე ლაპარაკს დიდხანს ვერ ვბედავდი, მეშინოდა, თუმცა საბოლოოდ მაინც წამოვიწყე:
-ხომ შეიძლება, ჩემი და-ძმაც მათნაირებს რომ წაეყვანათ?
-არ შეიძლება,- მითხრა დედამ აუღელვებლად.
-შენ რა იცი, არასოდეს ყოფილხარ მათი წაყვანისას ჩვენთან…
-თქვენთან რომ ვყოფილიყავი ჩემი შიშით არ წაიყვანდნენ…
-აბა საიდან იცი რომ კარგებმა წაიყვანეს, ცუდებს რომ წაეყვანათ?
-მაშინ მათაც ვიპოვიდი და დავაბრუნებდი შენსავით…
-მათი პოვნა შეგიძლია?
-დედას ყოველთვის შეუძლია შვილის პოვნა!-მითხრა მოსიყვარულე ხმით,- ნუთუ გგონია, რომ არ ვიცი შენი და-ძმის სამყოფელი? მე ყოველდღე ვაკითხავ მათ ახალ სახლებს და ვაკვირდები შორიდან, როგორც კი შევამჩნევ რომ რამე უჭირთ მაშინვე დავიხსნი…“

დედა უფრო მეტად შემიყვარდა…
თურმე, ჩვენი მიტოვება არასოდეს განუზრახავს, პირიქით – მას სურდა რომ კარგ პატრონებთან გვეცხოვრა, სახლი გვქონოდა, საჭმელი… თანაც, თურმე აკვირდებოდა ვის როგორი პატრონი ხვდა წილად…
დედები…
ნეტავ ადამიანების დედებიც ასეთი კარგები არიან?
თუ ასეა, რატომ აგინებენ თავიანთ დედებს?
***
დედას ჩემი დახსნის დროს თვალი ისე ძლიერ დაუზიანდა რომ ვეღარასოდეს შეძლო იმ თვალით სამყაროს დანახვა. მთელი ცხოვრება თავს ვიდანაშაულებდი რომ მას ასეთი ტკივილი ჩემი სულელური , დაუფიქრებელი ქმედების გამო მიადგა. ვინ იცის რამდენჯერ მინატრია შემძლებოდა დროის უკან დაბრუნება და ყველაფრის შეცვლა? მაგრამ ასეთი რაღაცები არ ხდება ხოლმე, როდესაც რაღაცას დააშავებ , მთელი ცხოვრება ჩემი თათის ლაქასავით გაგყვება… ჩემი უდიდესი დანაშაული რაც იყო – ვიცოდი, მაგრამ ძალიან მაინტერესებდა დედიკოს რა მიაჩნდა თავისი ცხოვრების დანაშაულად, როდესაც ეს შეკითხვა დავუსვი მოკლედ მიპასუხა:
„-კაცები!“

ისევ გავაფართოვე თვალები და ისევ ვერაფერს მივხვდი. დედას გაეღიმა და დედამისის ისტორიის მოყოლა დაიწყო:
„დედაჩემი ჩვენგან განსხვავებით კეთილ ოჯახში დაიბადა და კნუტობიდანვე გარეთ ხეტიალი არ დასჭირვებია. უფრო მეტიც, მახსოვს დედაჩემი მიყვებოდა, რომ იმ ადამიანებმა ქუჩაში სანაგვეზე მეძუძური ორი კნუტი იპოვეს და დედამისს მიუსვეს. ორის ნაცვლად ოთხნი გახდნენ, დედამისმა ყველა ერთნაირად შეიყვარა, მაგრამ ერთი , ვეფხვისებრი ვერ გადარჩა, ზედმეტად სუსტი აღმოჩნდა და მალევე მოკვდა. დედაჩემი ამბობდა, არასოდეს დამავიწყდება როგორ განიცადა დედამ იმ ნაშვილები კნუტის სიკვდილიო, მკვდარსაც ისე დაათრევდა პირით, როგორც ჩვენ, ცოცხლებსო… როდესაც ციცქნა არსებამ საბოლოოდ შეწყვიტა ფეთქვა, დედამ თათი მიჰკრა და შეეცადა გაეღვიძებინაო… დიდი ხანი ცდილობდა მაგრამ ვერ შეძლოო… საბოლოოდ, კეთილმა ადამიანებმა მკვდარი კნუტი სასოწარკვეთილ დედას განარიდეს და , ალბათ, დაასაფლავესო…
დედამისის ადამიანმა პატრონებმა დედას და დანარჩენებს  ასწავლეს სიარული , ჭამა, ტუალეტის არსებობა სახლში და პატრონებიც კი მოუძებნეს.
ბებიაჩემის პატრონისაგან განსხვავებით მისი პატრონი ბოროტი  აღმოჩნდა და ჩვენ სახლიდან გაგვყარა.
როდესაც ჩემი მაწანწალა თავის ღმერთთან წავიდა, მე დედის ძებნა დავიწყე და ვიპოვე კიდეც.
ვიპოვე ჩვენი პირველი სახლი და მის ფანჯრის რაფაზე წამოწოლილი დედაჩემიც. მაშინვე გავიქეცი და ფანჯრის წინ დედას ძახილი დავუწყე, ის ზანტად წამოდგა, ფაფუკი თათი გაილოკა და შემომხედა, მერე ზურგი მაქცია და წავიდა. ძალიან დამწყდა გული, ვიფიქრე, რომ დედას დავავიწყდი და ბოლო ხმაზე ავღრიალდი მისი ფანჯრის წინ.
სულაც არ დავვიწყებივარ…
დედებს შვილები არ ავიწყდებათ!
თურმე, როდესაც ზურგი მაქცია და ფანჯარას გაეცალა კარისაკენ წამოსულა და ჩემს შესახვედრად ეზოში გამობანცალდა. ისეთი მსუქანი იყო, მივხვდი ისევ კნუტებს ელოდებოდა.
ენდორფინები შემომაწვა, მივირბინე მასთან და მივუალერსე, ისიც მომეფერა.
-მაგ გაბუშტულ მუცელში ჩემი და-ძმა ზის?
-ჰო…
-მერე არ გეშინია , რომ მათაც ჩვენი ბედი უწერიათ?-ვკითხე შეშფოთებულმა,- იცი, რა ამბები გადაგვხდა?
-არა, არ ვიცი…
-გინდა მოგიყვე?
-ამდენი დრო არ მაქვს, მალე დამიძახებენ…
-დედა…
-ვიცი, ფიქრობ რომ უგულო ვარ და საერთოდ არ მადარდებს ჩემი კნუტების ბედი, მაგრამ ეს ასე არაა, უბრალოდ ყველაფერი კაცების ბრალია… კაცების და ამ დაწყევლილი მარტის…
-რას გულისხმობ?
-იმას, რომ კაცებს მოერიდე და არ დაიჯერო რომ მათ უყვარხარ, მხოლოდ მარტში ახსენდები და მერე უკვალოდ ქრებიან, კნუტები შენს მუცელში ჩნდებიან და შენს ძუძუს წოვენ, შენ უნდა ასწავლო ცხოვრება და საბოლოოდ, შენთანაც ვერ დარჩებიან.-მითხრა დედამ სევდიანი თვალებით და მივხვდი რომ უფრო შემიყვარდა,-  ამ შეცდომას გამოვასწორებ,  ჩემს კნუტებს გადავმალავ ადამიანებისაგან და ყველაფერს მივცემ რაც თქვენ ვერ მოგეცით. ბევრი არაფერი გამეგება, არ ვიცი რა ბედი ეწევათ ხოლმე გარეთ აღმოჩენილ კნუტებს, მე ხომ არასოდეს მიცხოვრია ქუჩაში, მაგრამ შევეცდები რაც ვიცი ვასწავლო და დავიცვა იმ ბედისგან რისგანაც თქვენ ვერ დაგიცავით…
-დედიკო…-ავტირდი და დედას მივუალერსე…
-არ იტირო პატარავ, უკვე კნუტი აღარ ხარ!-მითხრა და თავისი ხორკლიანი ენით სწრაფი ლოკვა დამიწყო.
იქ ვერ დავრჩებოდი, ამიტომ ხეტიალი გავაგრძელე, დედას კი ზოგჯერ შევუვლიდი და ვინახულებდი ხოლმე. თავის ცხოვრებაზე მიყვებოდა, როგორც მე ჩემსაზე გიყვებით, მაგრამ ჩემგან განსხვავებით მისი ცხოვრება მდიდრული და უპრობლემო იყო… მისი სადარდებელი მხოლოდ ის იყო, რომ „დღეს ადამიანებმა უგემური კატის საჭმელი უყიდეს“,  „რა ცუდია რომ წვიმს“, ან „ყელსახვევის „ზინზილაკი“ მაღიზიანებს“ (ო, მაშინ როგორ მინდოდა, ჩემს ყელზეც ყოფილიყო შებმული ის ლამაზი ზინზილაკები) და მსგავსნი. მიუხედავად იმისა, რომ დედამ ჩვენი დაცვა ვერ შეძლო, მაინც მიყვარდა და მის სანახავად სიარულსაც მოვუხშირე… მაგრამ მხოლოდ იმ დრომდე, სანამ არ აღმოვაჩინე რომ მუცლის კნუტებსაც იგივე ბედი ხვდათ წილად რაც ჩვენ.
ამის შემდეგ დედაჩემი შევიძულე და აღარასდროს მინახავს…“

ჩემთვის წარმოუდგენელი რამაა დედა ცუდი იყოს. მხოლოდ ნაკლებად კარგი დედები არსებობდნენ შეიძლება, მაგრამ ცუდები – არა. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემს არ გაუმართლა, დედამისისაგან განსხვავებით საუკეთესო დედა იყო და ყოველთვის გვიცავდა. მან ხომ შუა ცეცხლიდანაც კი მიხსნა როცა დამჭირდა. დედაჩემი ქუჩის ცხოვრებამ გახადა ძლიერი, ქუჩაში ისწავლა ადამიანების ცნობა, საკვების მოპოვება, ყველაფერი.
მოგვიანებით ცოდნა კნუტებსაც გაგვიზიარა, ის ძლიერი კატა იყო ბებიაჩემისგან განსხვავებით, რომელმაც მალევე ჩაიქნია ხელი და ბედს მიენდო. დანებდა. ასე კი სუსტები იქცევიან. მიუხედავად იმისა, რომ დედა ამბობდა დედაჩემი შევიძულეო ამის არასოდეს მჯეროდა, დედის სიძულვილი შეუძლებელი მგონია. ის , ჩემი აზრით, მხოლოდ გაბრაზებული იყო მასზე და სისუსტეს ვერ პატიობდა, ბრაზს კი სიძულვილი უწოდა… ამას მაშინ მივხვდი, როდესაც დედამისის შესახებ ყვებოდა. თვალებში სევდასთან ერთად ყოველთვის ეშმაკუნები უთამაშებდა ხოლმე … თანაც , „კაცებთან სიფრთხილის გამოჩენა“ რომ გვმართებს, პირველად ხომ დედამისმა ურჩია? მანაც თავში ჩაიდო და ჩვენც შთაგვაგონა, თუმცა მხოლოდ თეორიულად, რადგან თავად სიფრთხილე რომ გამოეჩინა, ჩვენთან ერთად ქუჩაშიც არ ამოჰყოფდა თავს და ალბათ, ახლაც ცოცხალი იქნებოდა…
დედის სიკვდილი ყველაზე დიდი ტრაგედიაა.
განსაკუთრებით, მაშინ როდესაც შენს თათებში მოქცეული გადმოაფურთხებს უსიცოცხლო სხეულში მირჩენილ უკანასკნელ ენდორფინს…
***
ადამიანებს უყვართ წვიმა.
ამბობენ, რომ წვიმა რომანტიკულია. (რომანტიკა რაღაც ადამიანური გრძნობაა, ზუსტი ახსნა არ ვიცი).  წვიმა უყვართ, მაგრამ დასველება არა, ამიტომ წვიმაში ან სწრაფად დადიან ან დამცავ საშუალებებს იყენებენ, ზოგიერთი გადახურულ ადგილს ეხიზნება და წვიმის გადაღებას უცდის…
ჩვენ, კატებს, წვიმა არ გვიყვარს. არც დასველება.
…და არც რომანტიკულად გვეჩვენება, თუმცა, ქუჩის კატებისთვის ყოველი დღე იმდენი სახიფათო მომენტითაა სავსე, რომ წვიმის სიძულვილზე ფიქრის დრო არ რჩებათ და უბრალოდ ეგუებიან. საერთოდ, აღმოვაჩინე, რომ ყველაფერთან შეგუება შესაძლებელია… მათ შორის დედის სიკვდილთანაც. ამას ვერასოდეს ვიფიქრებდი, თავად რომ არ გამომეცადა.
წვიმდა.
(ყველაფერი საშინელი ხომ სწორედ წვიმის დროს ხდება, მაგრამ ადამიანებს ის მაინც უყვართ).
მე და დედა გავრბოდით, გვინდოდა თავშესაფარი სწრაფად გვეპოვა და სისველე , რომელიც ყველაზე მეტად გვძულს თავიდან აგვეცილებინა.
ადამიანები, ჩვენგან განსხვავებით,  ზარმაცები არიან, მათ საკუთარ თათებზე სიარული არ უყვართ. ჩვენ შეგვიძლია მთელი ქალაქი შემოვიხტუნოთ საკუთარი თათებით, ისინი კი ამისთვის სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ და მათ „მანქანებს“ უწოდებენ. ქუჩის ცხოველებს მანქანები არ გვიყვარს, გვეშინია… ვიცით რამდენი ჩვენი თანამოძმე შეიწირეს მანქანებმა. დედა ამბობდა, მანქანებს ადამიანები მართავენო.
ყოველთვის მიკვირდა…
დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ დედა არ ცდებოდა…
..და ყველა წვეთი სისხლი ჩვენი მსგავსებისა მანქანების კი არა, ადამიანების ბრალი იყო, მათ შორის დედასიც, რომელიც იმ წვიმიან ღამეს პირდაპირ ჩემს თვალწინ დააწებეს ასფალტზე. ასეთი ბრტყელი დედა არასოდეს მენახა. მისი ბეწვის თეთრი ნაწილიც გაშავებულიყო, და წითელი წყალი ნელ-ნელა მის ირგვლივ დაგუბდა. აღარც კი ფეთქავდა… არ ეძინა, თვალები ღია ჰქონდა და მე მიყურებდა. სევდიანი, წყლიანი თვალებით , სიკვდილის შემდეგაც მე მომჩერებოდა.
ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა , როდესაც გონს მოვედი დედა უკვე ასეთი იყო. გონებაში ბუნდოვნად ამომიტივტივდა, რომ გზაზე გადასვლისას ჩემმა ჭრელმა დედიკომ დამიძახა „მიუუ“ და ჩემს წინ გადახტა. ასე რომ არ მოქცეულიყო მანქანა მე გამაბრტყელებდა მის ნაცვლად.  დედამ თავი ჩემს გადასარჩენად კიდევ ერთხელ გასწირა, და ალბათ, მეცხრედ…
დედის ფეთქვაშეწყვეტილ, უცნაურად შეცვლილ სხეულს თათებით ვუცაცუნებდი, მაგრამ ის არ ინძრეოდა.
მივხვდი, რომ მოკვდა.
ახლა ისეთივე მარტოსული ვიყავი, როგორც დედა მაშინ, როდესაც თავისი გაბურძგნული კაცი ვიღაცებმა წაიყვანეს.
ავტირდი.
დედა იქ დავტოვე და გავიქეცი.
ბოლო ხმაზე ვკნაოდი, ახლა სულერთი იყო ყველაფერი. აღარც მაწანწალა ძაღლების მეშინოდა და აღარც ადამიანების, აღარაფრის გარდა იმისა, რომ დედა აღარასოდეს დაბრუნდებოდა.
რომელიღაც შენობის კუთხეში ავიბუზე და ავწკავწკავდი განწირული ხმით:
„მიავვვ…
მიააააავვვვ….
მიააააააააააააავვვვვვვვ….“

სწორედ მაშინ მიპოვნა ლინდამ.
როგორც იქნა, ვისწავლე რომ ადამიანები ცუდები  იყვნენ და მათ დანახვაზე ყოველთვის გავრბოდი,  მაგრამ მაშინ ყველაფერი სულერთი იყო.
ისე წვიმდა, რომ ყველას ქოლგა ეკავა (ქოლგა წვიმისგან იცავს ადამიანებს) ან პარკის ტანსაცმელი ეცვათ, მაგრამ ლინდას არც ერთი ჰქონდა და არც მეორე, სულ სველი იყო. ჩემსავით. დამინახა თუ არა, გაჩერდა, ჩემს წინ ჩაიმუხლა და მომესალმა ადამიანების ენაზე:
„-გამარჯობა პატარავ…
-მეაავ.
-აქ ასე მარტო, ასეთი პატარა და სველი რატომ ხარ?
-მიუვ…
-სადაა დედაშენი?
-მიააააავ…
-არ გყავს დედა?-მკითხა და თავზე ხელი გადამისვა, ეს იყო ადამიანის პირველი მოფერება, მეგონა გავდნებოდი, უსწრაფესად დავიწყე ენდორფინების გამოყოფა და წამით თითქოს დედაჩემიც დამავიწყდა,- არაუშავს პატარავ, მეც არავინ მყავს…
-მიუ?
-პატარა თარსი ფისო ხარ არა?-მკითხა და გამიღიმა, მე კი ამ სიტყვამ ცოტათი შემაშინა, როგორც წესი, როდესაც თარსს მეძახდნენ – მაგინებდნენ ხოლმე, ამიტომ შიშით უკან დავიხიე და სიბნელეში შეჩურთულმა თვალის გუგები გავაფართოვე,-ნუ გეშინია, არაუშავს, ადამიანებს ჰგონიათ, რომ მეც თარსი ვარ…“
მან ხელში ამიყვანა, თავისი თხელი ქურთუკის უბეში მომიმწყვდია და სახლში წავიდა.
ლინდა ჩემი პატრონი გახდა და მიუ დამარქვა (მითხრა იმიტომ, რომ როდესაც გიპოვე მხოლოდ „მიუს“ გაიძახოდიო). იმ დღის შემდეგ სულ ერთად ვიყავით, საჭმლის ძიება არასოდეს დამჭირვებია, სითბოც ყოველთვის მქონდა და მოფერებაც, ლინდას არც სიყვარული დაუშურებია ჩემთვის. მეც შევიყვარე. ყველაზე მეტად დაბანა მძულდა, ამ დროს ყოველთვის ვჩხუბობდით, დედამ სულ სხვანაირად იცოდა დაბანა, ლინდა კი მთლიანად მასველებდა, მიუჩვეველი ვიყავი და დღემდე ვერ შევეგუე…
აღმოჩნდა, რომ ჩემი პატრონიც ჩემსავით მარტოსული იყო, დედაც არ ჰყავდა და თანაც ისიც ჩემსავით – თარსი. თავიდან ვერ ვხვდებოდი რატომ უწოდებდა თავის თავს თარსს, მაგრამ მერე თვითონ მომიყვა:
„-მიუ, იცი, პატარა რომ ვიყავი, ჩემი თმის ფერი მძულდა,- კალთაში ჩავუსკუპდი და „ავგრუხუნდი“. მიყვარდა როდესაც ჩემთან დიალოგს ცდილობდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ენა ვერაფრით ისწავლა, მაინც ყველაფერს მიყვებოდა, ყოველთვის მელაპარაკებოდა.- ალბათ, შენც არა?
ბრრრრრრრრრრრ…
გრრრრრრრრ…
ღრრრრ…
-შენ თარს კატას იმიტომ გიწოდებენ , რომ შავი ხარ, მე კი იმიტომ რომ – წითური. არ გეჩვენება რომ ერთმანეთს ძალიან ვგავართ?
ცოტა ხნით გაჩუმდა.
-იცი, როდესაც წამოვიზარდე თმის შეღებვაც კი დავიწყე რომ დამეფარა ჩემი ნამდვილი სახე…
ისევ გაჩუმდა.
-მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი თმები მომწონდა და სულ ერთი იყო სხვები რას ფიქრობდნენ…
-ფისო, როგორ ფიქრობ, ცუდად მოვიქეცი?
-იცი, როდესაც სულელი ადამიანები მხედავდნენ, ხშირად ჩუმად შარვალში იყოფდნენ ხელებს… თავიდან ამის დანახვა ჩემთვის მეტად მტკივნეული იყო, მაგრამ მივეჩვიე… ალბათ, შენც გქონია მსგავსი ადამიანების ხილვის „ბედნიერება“ არა?“

ეს რომ მითხრა, ყველაზე მეტად სწორედ მაშინ მომინდა მასთან ლაპარაკი შემძლებოდა, მაგრამ ესეც შეუძლებელი იყო. ლინდა სხვა ადამიანებს ბევრი რამით არ ჰგავდა, მაგრამ მათსავით უნიჭო იყო და ჩვენი ენის სწავლა მაინც ვერ შეძლო.
ჩვენ თითქმის ერთნაირები ვიყავით,  განსხვავება მხოლოდ ბეწვის ფერი იყო!


***








2.
მარტივი იყო მსგავსების შემჩნევა კატებსა და ადამიანებს შორის თუ ჩემს პატრონს კარგად დააკვირდებოდი, ისიც ისეთივე კნუტი იყო, როგორც მე მაშინ, ანდაც დედა და ბებია ოდესღაც... ლინდასაც ისეთივე სისუსტეები გააჩნდა როგორც ჩვენ. დედა ყოველ უბედურებას კაცებს აბრალებდა, ბებიაც. მე , იმ დროს, ჯერ კიდევ არ ვიცოდი, ვერ ვხვდებოდი რატომ? ალბათ , ვერც ვერასდროს მივხვდებოდი რომ არა ჩემი წითური პატრონი. ჩემი წინაპრებისაგან განსხვავებით ლინდა არავის არაფერს აბრალებდა, უბრალოდ ეს მე ვხვდებოდი რომ მისი პრობლემაც სწორედ კაცები იყო, უფრო სწორად, ამ შემთხვევაში ერთი ახმახი, გაბღენძილი კაცი, რომელიც კვირაში რამდენჯერმე გვსტუმრობდა, ჩემს გოგოს აშიშვლებდა, თვითონაც შიშვლდებოდა და ხელებს უფათურებდა... როდესაც ეს პირველად მოხდა, ჩემთვის უცხო ხილი იყო, ამიტომ გაოცებული ლინდას სამკაულების მაგიდაზე ავხტი და შევაცქერდი. როდესაც ამ ყველაფერმა სისტემატური სახე მიიღო, უკვე გაბრაზებული ვუყრიდი ხოლმე იმ კაცს თვალს თვალში, ხან კარადის თავზე შემოვსკუპდებოდი, ხანაც ფანჯრის რაფაზე, მინდოდა მისი მახინჯი და სველი სახისთვის მეყურებინა და მეთქვა რომ ვერ ვიტანდი. მეჩვენებოდა რომ ლინდას სტკენდა რადგან ყოველთვის როცა ის ასე იქცეოდა - ლინდა კვნესოდა და უცნაურად ფართხალებდა.
ერთხელ, როდესაც ლინდას სხეულზე ხელის ფათურს მორჩა ჩემზე ჰკითხა:
„-ეს შავი კატა რატომ მოათრიე სახლში?
-შემეცოდა, მარტო იყო და ტიროდა...
-თუ კატა გინდოდა გეთქვა და წესიერს მოგიყვანდი, ეს თარსი უჯიშო კატა რათ გინდა?
-თარსი არაა!
-კარგი რა, შეხედე რას გავს... თან რა შავია... ფუ ამის...
-ეგრე მეც თარსი ვარ...-ლინდა გაჩუმდა, მერე კი დაუმატა,-მაგ ლოგიკით...“
იმ კაცმა ლინდას თავზე ხელი გადაუსვა და ოთახიდან გავიდა. მისი დამოკიდებულება ჩემდამი უცხო არ იყო, მაგრამ ლინდას თანადგომა მესიამოვნა, ის ერთადერთი კარგი ადამიანი იყო სამყაროში, ერთადერთი არსება ვინც მიყვარდა და ბედნიერებას მანიჭებდა, მისთვის ყველაფერს გავაკეთებდი, მეჩვენებოდა რომ მისდამი იგივე გრძნობა მეუფლებოდა რაც დედას ჰქონდა ჩვენი, საკუთარი კნუტების მიმართ, თითქოს ლინდა ჩემი საკუთარი კნუტი ყოფილიყო და არა მე მისი...
ამ კაცთან ბევრი უსიამოვნება მაკავშირებდა, ის ყოველთვის ცდილობდა ჩემდამი ლინდასთვის ისეთივე ბინძური გრძნობები აღეძრა რაც თავად გააჩნდა. ერთხელ, როცა ლინდას „ესიყვარულებოდა“ (როგორც, ლინდა ამ ყველაფერს უწოდებდა) და მეც დაჟინებით ვუმზერდი, მოულოდნელად გაჩერდა და ლინდას უთხრა ოთახიდან მაინც გააგდეო. მაშინ , პირველად მატკინა ჩემმა თარსმა პატრონმა გული. ის უბრალოდ უსიტყვოდ ადგა და იმ მახინჯ, ღიპიან კაცს დაემორჩილა, ხელში ამიყვანა, ოთახის ზღურბლს მიღმა დამსვა და კარები ცხვირწინ დამიხურა, თანაც საგულდაგულოდ ჩარაზა. ამის შემდეგ, როდესაც ეს კაცი გვსტუმრობდა, ყოველთვის ასე იქცეოდა ხოლმე. პირველად, როდესაც ასე მაქცია ზურგი - გული ძალიან მეტკინა. იმ დღეს თითქმის არაფერი მიჭამია, არც ლინდასთან დამიძინია და საერთოდ, ვერიდებოდი მასთან ერთ სივრცეში ყოფნას, მისი ამონასუნთქი ჰაერიც კი მაღიზიანებდა და ბინძურად მეჩვენებოდა. ასეთი შეგრძნება ჩემთვის უცხო იყო, თითქოს მიყვარდა და მისი მიტოვება არ მსურდა, მაგრამ ამავდროულად მთელი სიგიჟით მძულდა. მგონი ეს ლინდამაც იგრძნო. მეორე დღეს მომიახლოვდა, მოფერება უნდოდა, ასე მგონია... მე კი - კუდი ავბზიკე და შევეცადე ხელიდან დავსხლტომოდი, გამომედევნა. დიდხანს ვირბინეთ მთელ სახლში, ბოლოს გაჩერდა და უბრალოდ თვალებში ჩამხედა შორიდან. მე სამზარეულოს ერთ-ერთ დახლზე ვიჯექი, მისი მზერა რომ დავიჭირე ზურგი ვაქციე:
„-ასე არ შეიძლება მიუ... უკვე დიდი გოგო ხარ, კნუტივით რატომ იქცევი, არც ჭამ არც მეფერები, ჩემთანაც კი არ გძინავს... ავად ხარ? თუ უბრალოდ ნაწყენი ხარ ჩემზე, ოთახიდან რომ გამოგსვი?
-მევ...-წამოვიკნავლე, ისე რომ უკან არ მომიხედავს, ვერ შევძლებდი მემზირა მისი საოცრად წყლიანი, ადამიანებისთვის შეუფერებლად ღია ფერის თვალებისთვის, რომელსაც თავად ადამიანები ცის ფერს უწოდებენ... ცა ძალიან ლამაზია, ლინდას თვალებიც პატარა ცები იყო მის სახეზე, უბრალოდ ცოტა უფრო სველი ვიდრე ჩვეულებრივი ცა.
-ჰმმ, გმადლობ, რომ პასუხის ღირსად ჩამთვალე, ასე უკეთესია... მგონი რაღაც საკითხი უნდა განვიხილოთ, ვიცი რომ შენ და ჩემს საქმროს ერთმანეთი გულზე არ გეხატებათ, მაგრამ მე ორივე მიყვარხართ და თუ თქვენც იგივეს განიცდით ჩემ მიმართ, უბრალოდ ვალდებულნი ხართ აიტანოთ ერთმანეთი ჩემ გამო... ჩემი სიყვარულის ხათრით, გესმის? თუ ასე გძულთ ერთმანეთის ყურება, უბრალოდ განერიდეთ. როდესაც ის მოვა, ეცადე ფეხებში არ მოედო და ისიც ეცდება რომ შენთან ახლოს არ მოვიდეს, შევთანხმდით?- მე ხმა არ ამომიღია, არ მომწონდა ეს შეთანხმება, არც იმ კაცთან ლინდას მარტო დატოვების პერსპექტივა მხიბლავდა, ამიტომაც ავიბუზე და გავჩუმდი, ლინდამ კი განაგრძო,-ძალიანაც კარგი, დუმილი თანხმობის ნიშანია,- თქვა და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა, მერე ნელი ნაბიჯით სამზარეულოდან გავიდა, ვერ მოვითმინე და უკან ავედევნე, ფეხზე გავეხახუნე. გამიღიმა და ხელში ამიყვანა.
-აი, ეს უკვე ჩემი ფისოა, ყოჩაღ...
-გრრრრრრ.... ბრრრრ.... ღრრრ...ხრრ...“
ადამიანები...
ჰმმ...
ყველაფერს ისე იგებენ როგორც სურთ... თავად როგორც იტყოდნენ „ისე ჭრიან და კერავენ როგორც უნდათ“... რეალურად, ჩემი დუმილი თანხმობის ნიშანი სულაც არ ყოფილა, მაგრამ მან ეს ასე გადაწყვიტა და მეც ვეღარ შევეწინააღმდეგე, რომც მეცადა აზრი არ ჰქონდა, ის ისეთივე უნიჭო ადამიანი იყო როგორც სხვები და მასაც ისევე არ შეეძლო ჩვენი ენის გაგება როგორც სხვებს....
იმ კაცთან, რომელსაც ლინდა საქმროს ეძახდა (ნამდვილი სახელი არ მახსოვს), კიდევ არაერთი უთანხმოება მქონია, ლინდამ კი თქვა რომ შეთანხმების თანახმად ერთმანეთს განვერიდებოდით, მაგრამ ეს შეთანხმება ცალმხრივი აღმოჩნდა და ერთადერთი ვინც ურთიერთსიშორეს ცდილობდა მე ვიყავი, ის კი მომენტს ხელიდან არ უშვებდა, როდესაც ლინდა თვალს მიეფარებოდა, რომ ჩემთვის წიხლი  ეთავაზებინა გვერდებში და  მოეძახებინა „წადი შენიო“ ...  ეს ჩემმა პატრონმა მხოლოდ ერთხელ შეამჩნია და მაშინ პირველად იჩხუბეს ჩემ გამო. თავს რაღაცნაირად გამარჯვებულად ვგრძნობდი. ლინდამ იმ კაცს ტანსაცმელი ფანჯრიდან გადაუყარა და უთხრა წაეთრიეო...
„-გაგიჟდი გოგო?
-წაეთრიე ჩემი სახლიდან მონსტრო!
-ჯერ ტანსაცმელი ამომიტანე და მერე წავალ...
-წაეთრიე-მეთქი!“
მაშინ იმ კაცმა ლინდას ლამაზ, წითურ ბეწვში ხელი ჩაავლო და აღრიალდა, აგინებდა, თან სცემდა, ბოლოს თქვა თქვენი თარსი დედაც მოვტყანო და პლედშემოხვეულმა ჩვენი სახლის კარი გაიჯახუნა. ლინდა დიდხანს ტიროდა. მინდოდა მენუგეშებინა მაგრამ ვერ შევძელი. მის სახეს დროთა განმავლობაში ფერი და ფორმა შეეცვალა, თვალთან რაღაც ამოებურცა და მოლურჯო გაუხდა, მაგრამ ეს ლურჯი არ ყოფილა მისი თვალებივით ლამაზი... ლინდა დამახინჯდა. მაგრამ მე მახინჯი ლინდაც ისევე მიყვარდა როგორც ლამაზი. იმ კაცის გარეშე დღეები ბევრად უკეთესი მეჩვენებოდა, თანაც მე ხომ გავიმარჯვე ორთაბრძოლაში? ლინდამ მასსა და ჩემს შორის არჩევანის წინაშე მყოფმა მე ამირჩია... უფრო ძლიერ შემიყვარდა, მაგრამ გული მტკიოდა, როდესაც ვხედავდი მის სევდიან სახეს, ის სიმახინჯე ბურთულა ნელ-ნელა კი გაუქრა სახიდან, მაგრამ თვალებში რომ ჰქონდა ხოლმე რაღაც ვარსკვლავისებრი ბრჭყვიალები, ისინი გაუქრა. ხშირად შემიმჩნევია, ღამ-ღამობით საკუთარ ბალიშში თავჩარგულს როგორ უტირია... მისი ბალიში მძულდა. დილაობით ყოველთვის სველი იყო, ისე, თითქოს მე დამეშარდოს ზედ (თავიდან, სანამ ქვიშას მივეჩვეოდი, ამას ხშირად ვაკეთებდი, ეს ჩემი ბნელი წარსული იყო და მრცხვენოდა ამის გამო, სველი ბალიში კი საკუთარ ბნელ, სამარცხვინო ქმედებებს მახსენებდა), ლინდას ლამაზი თვალები კი - გაბუშტული...
ოჰ, რა ძლიერ მსურდა მას ჩემი ენა სცოდნოდა... ნუთუ ასეთი რთული იყო გაეგო, მე ხომ მესმოდა? ან რატომ არ შემეძლო, მათ ენაზე ლაპარაკი, როცა თითქმის ყველა სიტყვის მნიშვნელობას ვხვდებოდი?
ლინდა ხშირად ლაპარაკობდა თავისი წმინდანების სურათებთან. მას სჯეროდა, რომ თუ პატარა ცეცხლს დაანთებდა (რასაც სანთელს უწოდებდა) , თავისი ღმერთების სურათების წინ და რამეს სთხოვდა, ისინი აუცილებლად შეუსრულებდნენ სურვილს. ამას ლოცვას უწოდებდა. ერთხელ მეც ვცადე...
„-ადამიანების ღმერთებო და წმინდანებო, კატების ღმერთებოც, გევედრებით მიეცით ნიჭი ლინდას რომ ჩემი ლაპარაკის გაგება შეძლოს, ან მე მომეცით ძალა მათი რთული სიტყვების გამოთქმისა... -მერე დავფიქრდი და, მივხვდი რომ ეგოისტური სურვილი იყო და გადავაკეთე,-მიეცით ლინდას ბედნიერება... ისეთი როგორიც მას სურს...
ლინდა...
ჩემი საყვარელი ლინდა.
ჩემი პატრონი.
ერთადერთი კეთილშობილი ადამიანი ამ სამყაროში.
ჩემი კნუტი.
ჩემი თარსი ლინდა.
სევდიანი ლინდა.
ლინდა...
ის ამას იმსახურებს, გთხოვთ, მიეცით მას ჩემი წილი ბედნიერებაც მზად ვარ ყველა ენდორფინი დავთმო მისთვის...“
მგონი გამოვიდა, ის კაცი შეურიგდა.
***
მიუხედავად იმისა, რომ ის მსუქანი მონსტრი კაცი მძულდა და ყოველთვის როცა ვხედავდი მისთვის თვალების დათხრა მინდებოდა, მაინც გამიხარდა მისი დაბრუნება ჩვენს ცხოვრებაში. აღარც ოთახის ჩარაზული კარი იყო ძველებურად გამაღიზიანებელი და თითქოს მივეჩვიე კიდეც ამ ყველაფერს.
ლინდასთვის...
მე ვილოცე. ადამიანების და კატების ღმერთებს ვთხოვე ლინდასთვის ის მიეცათ რაც მას სურდა. თუ ლინდას ბედნიერებად ეს ოფლიანი მსუქანი კაცი მიაჩნდა ამასთან გამკლავებას შევძლებდი. მისთვის გვერდებში ჩუმ-ჩუმად მირტყმულ ერთ-ორ წიხლს როგორმე გავუძლებდი. ღირდა ეს ფიზიკური ტკენები ლინდას სახის ცებზე ვარსკვლავების კიდევ ერთხელ დასანახად. ჰოდა, მეც შევეგუე...
როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ცოცხალი არსებები ყველაფერს ვეგუებით დროთა განმავლობაში.
ტკივილს, სიცივეს, შიმშილს...
და სიკვდილსაც...
მეც და ლინდაც შევეგუეთ რომ მარტოსულები ვიყავით.
მიუხედავად ჩვენი თანაცხოვრებისა, სხეულებიდან საკუთარი სევდა და მარტოობის შეგრძნება ვერ განვდევნეთ, ვერ შევძელით ერთნი ვყოფილიყავით...
ჯერ ვერა.
***
კაცებთან რომ სიფრთხილე გვმართებს - ვიცი. ვიცი ბებიას, დედას და ლინდას მაგალითის მიხედვით. თუმცა, ცუდია რომ გვიჭირს სხვის შეცდომებზე სწავლა სანამ თავად არ დავუშვებთ ხოლმე. მოკლედ რომ ვთქვა მეზობლის რიჟა კატა შემიყვარდა.
დედამ მომიყვა როგორ შეუყვარდა მამა, თუმცა ვფიქრობდი რომ ეს სულ სხვა შემთხვევა იყო და რომ ჩემი მეზობლის კატა სხვანაირი იყო:
„ჩემს ფანჯარასთან ხშირად მღეროდა ხოლმე სერენადას მამათქვენი, თურმე ერთხელ თვალი მომკრა ფანჯრის რაფაზე წამოსკუპებული როგორ ვილოკავდი თათებს და „ერთი ნახვით შევუყვარდი“. გამოუცდელობამ დამღუპა, ვიფიქრე მართლა ვუყვარვარ-მეთქი. ქუჩის კატა იყო ალაგ-ალაგ აპუწული. თავდაპირველად მის ნამღერ სერენადებზე მეცინებოდა და ვფიქრობდი რომ ჩემი დონის არ იყო და მას თავს არასოდეს გავუყადრებდი. ჩემი ადამიანი პატრონები კი ბრაზობდნენ მის ნამღერზე და ყვიროდნენ, „რით ვერ დამთავრდა ეს მარტიო“. მჯეროდა, გაზაფხულის ერთ დღემდე მჯეროდა რომ მისი სიყვარული ცალმხრივი იყო. გაზაფხულისთვის შეუსაბამოდ ცხელოდა და გარეთ გასვლა გადავწყვიტე, კუდი მაღლა ავბზიკე და თაყვანისმცემელს პირდაპირ ცხვირწინ ჩავუარე. ბევრი არ უფიქრია, თავზე დამახტა, თითქოს დამაბა და განძრევა არ შემეძლო. თავდაპირველად გავუძალიანდი, თავის დახსნას ვეცადე, მაგრამ მერე თითქოს შვება და სიამოვნება ვიგრძენი. დავნებდი და მეგონა რომ ეს შეგრძნება სიყვარული იყო. მაგრამ არ იყო. დროთა განმავლობაში გავსუქდი, სიარული გამიძნელდა და უმეტესად სულ ვიწექი. ჩემი პატრონების აგრესიაც დავიმსახურე... „როდის გაგვეპარე შე უნამუსო კატაო?“ გაჰკიოდნენ ბოლო ხმაზე... მოკლედ, ჩემი „შეყვარებული“ გადაიკარგა, მე კი - დედა გავხდი... დანარჩენი თქვენც იცით...“
დედას სასიყვარულო ისტორია იმიტომ მეჩვენებოდა სხვანაირად, რომ მან „არასწორი კაცი“ აარჩია... მამაჩვენი ხომ ვიღაც ქუჩის გაქუცული გომბიო იყო, ყოველგვარი კულტურის გარეშე, ალბათ ნაგავშიც იქექებოდა და ქვიშის გარდა ყველგან შარდავდა. მე კი განსაკუთრებული კაცი ვიპოვე, ადამიანების ოჯახში გაზრდილი ქვიშის არსს მიჩვეული და საკმაოდ ფუმფულაც... არასოდეს დავიჯერებდი რომ ეს კატა და მამაცემი რამით მსგავსნი იყვნენ. ერთხელ, როდესაც უკვე სიყვარულს უნდა მივცემოდით ლინდამ იკივლა და ის გაიქცა. ჩემს მშვენერ პატრონზე გავბრაზდი და ჩავთვალე რომ ჩემს პირად ცხოვრებაში უხეშად ერეოდა. მე ხომ მისი „მძორი“ საქმრო მივიღე? რას ერჩოდა მეზობლის ფუმფულა ფისოს ამას ვერ ვხვდებოდი...
რამდენიმე თვიანი ბედნიერი თანაცხოვრების შემდეგ ლინდამ და იმ გაფხორილმა კაცმა კიდევ ერთხელ იჩხუბეს. ამჯერად, არ ვიცოდი რისთვის, თუმცა, ზუსტად ვიცოდი რომ ჩემ გამო არა... როგორც ადამიანები იტყვიან ხოლმე „ამ საქმეში სუფთა ვიყავი“ და ეს ფაქტი მაბედნიერებდა. მანაღვლიანებდა მხოლოდ განაწყენებული, დადეპრესიებული ლინდა რომელიც გამუდმებით ტიროდა და რომლის სველი ბალიშიც ჩემს ბნელ წარსულს მახსენებდა. მათი კამათის მიხედვით მივხვდი, რომ ის კაცი ლინდას რაღაც ისეთის გაკეთებას სთხოვდა, რაც ჩემს პატრონს არ სურდა, უფრო მეტიც, სასტიკი წინააღმდეგი იყო და ამის გამო ბევრიც იტირა. იმ დღის მერე ის კაცი აღარ დაბრუნებულა. ლინდა ურეკავდა ხოლმე, თუმცა მას აღარ უპასუხია. რამდენიმე დღიანი კარჩაკეტილი ტირილის და გოდების შემდეგ ლინდა სადღაც წავიდა და მთელი დღით მარტო დამტოვა. როდესაც დაბრუნდა ცუდად გამოიყურებოდა. მთელი დღე იწვა და ეძინა. მეორე დღეს, როდესაც საწოლიდან ადგა, საჭმელის ჯამი გამივსო და წყალი გამომიცვალა, უცებ იატაკზე დაეცა და მოკვდა.
მგონი მოკვდა...
მეგონა, რომ ისევ მარტო დავრჩი...
განწირული ვკნაოდი და ჩემს თათებს ლინდას ვურტყამდი. მინდოდა გაეღვიძა, მაგრამ ამაოდ...
საბოლოოდ, ჩემი კნავილით შეწუხებულმა მეზობელმა შემოგვაკითხა. ალბათ, სურდა ლინდასთან ეჩხუბა ჩემ გამო, მაგრამ როდესაც იატაკზე გაშოტილი გოგონა დაინახა, სასწრაფოდ სადღაც დარეკა.
ლინდა წაიყვანეს.
რამდენიმე დღე საჭმელს სწორედ ეს მეზობელი მიყრიდა. ქვიშაც გამომიცვალა, სახე კი დაემანჭა თუმცა არ უთაკილია. კარგი ვინმე ჩანდა, ლამაზიც იყო. ვფიქრობდი ნეტავ ეს კაცი რატომ არ უყვარს ჩემს პატრონს-მეთქი. იმ თავის ღიპიან საქმროს ყველაფრით ჯობდა, თვალებიც ლამაზი და ვარსკვლავებიანი ჰქონდა, ლინდასავით... უფრო სწორად, ბალახისფერი. ცოტა მუქი. იცით რას შევადარებდი? ბინდში გახვეულ საღამოს სველ ბალახზე არეკლილ ვარსკვლავებიან ცებს. ერთ დღეს ხელში ამიყვანა, თავის მანქანაში ჩამსვა და სადღაც წავედით. ძალიან შემეშინდა. მიკვირს ადამიანებს როგორ არ სძულთ მანქანები. მე ყოველთვის მეშინოდა ამ რკინის ნაგლეჯების, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც დედა შეიწირეს. ახლა კი როცა მასში ჩამსვეს შემძულდა კიდეც. ისეთ პანიკაში ჩავვარდი, მანქანის ყველა სავარძელი და მთლიანად სალონი (როგორც მას ადამიანები უწოდებენ), ხტუნვა კუნტრუშით მოვიარე. საბოლოოდ, კი წინა სავარძელზე გულიც ამერია. მოვითენთე. მოვდუნდი.
...და მოვიწყინე.
„-ფისო კარგად ხარ?
-მივ...-ვუპასუხე ძლივს გასაგონი კნავილით.
-არაფერია, ნუ გეშინია...“
მერე მანქანა გააჩერა და პეშვით წყალი დამალევინა. პირი მომწმინდა. მანქანის სავარძელი გაასუფთავა და ფანჯარა ჩამოსწია.
„-ცოტათი ფანჯარას ჩამოვწევ, ისე რომ არ გადამიხტე...“
მანქანა დაძრა და შედარებით ნელა წავიდა. ოდნავ ჩამოწეული ფანჯრიდან შემოსულმა სიომ შვება მომგვარა. „საიდან იცოდა, რომ მესიამოვნებოდა?“ პირში ნერწყვების მოზღვავებას ისევ ვგრძნობდი, თუმცა გული აღარ ამრევია. როგორც იქნა გავჩერდით. უზარმაზარი შენობის წინ, ბევრ მანქანებს შორის ჩავდექით. მან საბარგულიდან რაღაც ჩანთები ამოაწყო და შენობაში შევიდა.
მიმატოვა...
ამ მკვლელი რკინის შიგნით ჩამკეტა და წავიდა. ისტერიკის თავი ნამდვილად აღარ მქონდა, ამიტომ სევდიანად ავკნავლდი და ვიტირე. მალევე დაბრუნდა და ორი ხელით ამიყვანა. ვგრძნობდი, ეშინოდა არ გავქცეულიყავი და საკმარისზე მეტად მიჭერდა თათებს. არსად გაქცევას არ ვაპირებდი. მეშინოდა. გადავჩვეოდი ქალაქის ხმაურს, მანქანებს, უზარმაზარ შენობებს. ამ შენობის მსგავსთ. არ მინდოდა მასში შესვლა, თუმცა სწორედ მისკენ მივდიოდით. შეშინებულმა კლანჭები მკლავში ჩავავლე. მგონი ზედმეტად ძლიერად, რადგან შეიშმუშნა და სისხლიც წამოუვიდა. სისხლი მძულდა. მახსოვს როგორ გააწითლა დედა. ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ ეს წითელი წყალი ჩვენშია. თანაც ამდენი?!
შენობაში საშინელი სუნი იდგა. არ მომწონდა იქ ყოფნა. როგორც შემდგომ გავიგე, ამ შენობას საავადმყოფო ერქვა. საავადმყოფოებში იმ ადამიანებს უვლიან და მკურნალობენ ვინც ცუდადაა. ადამიანები ფიქრობდნენ რომ საავადმყოფოებში ცუდი აურაა. რა იციან რა არის აურა? რომ ჰკითხო ყველაფერი იციან... ამბობენ, სუნთქვა ჭირსო ამ შენობაში. რატომ ჭირს იმას ვერ ხედავენ და აურას აბრალებენ. აურა, მართლა არსებობს, მაგრამ ყველა ვერ ხედავს, ვერც გრძნობს... მხოლოდ ერთეულები და ჩვენ - ცხოველები (როგორც ადამიანები გვიწოდებენ, პირუტყვები...) ჰმმმ... ჩვენ მათთვის იმიტომ ვართ პირუტყვები რომ მათ ენაზე ვერ ვსაუბრობთ, თუმცა ხომ გვესმის? სინამდვილეში თავად უფრო არიან პირუტყვები, რადგან მათ არც კი ესმით ჩვენი ენა... მათ ხომ ყველა „მიაუ“ ერთნაირი ჰგონიათ? ჰმმმ, სულელი კნუტები...
არაფერი იციან და...
ჰმმმ... რომ ჰკითხო ყველაფერი იციან....
სინამდვილეში იმიტომ არ მოსწონთ საავადმყოფოს „აურა“ და იმიტომ „უძნელდებათ სუნთქვა“ , რომ აქ ბევრი ადამიანი „დაბოდიალობს“, მათ შორის უმრავლესობა უხილავია ჩვეულებრივი ადამიანებისთვის. ის რაც უხილავი და აუხსნელია, ადამიანებს არ უყვართ და როგორც წესი, აურით და მსგავსი სისულელეებით ხსნიან. ამასთანავე, სუნთქვას ართულებს წლების განმავლობაში უამრავი საშინელი წამლით გაჟღენთილი კედლები და ჰაერი, რომელიც თითქმის აღარც კი დარჩა ამ შენობებში...
ჩემმა ახალმა მომვლელმა ერთი კარი შეაღო. სადაც საწოლი იდგა და ვიღაცას ეძინა. ჟღალ თმას თვალი რომ მოვკარი გული ამიფანცქალდა და ორგანიზმში რაც კი ენდორფინი მქონდა ყველა ერთდროულად გამოვყავი. თვალზე ბინდი გადამეკრა და ერთადერთი რისი დანახვაც შემეძლო მხოლოდ ცეცხლისფერი ბეწვი იყო, მეგონა გონებას დავკარგავდი...
ლინდა იყო, მკვდარი მეგონა, მას კი თურმე ეძინა. ახალ მომვლელს მკლავებიდან გადავუხტი და ლინდას საწოლზე გადავფრინდი, არ მეგონა ასე შორს ხტომა თუ შემეძლო... ლინდას გულზე ავაცოცდი და უკლანჭებოდ დავიწყე მისი აფუმფულება. სახეს რომ მივუახლოვდი გავშეშდი.
„რანაირი ლინდაა?
რა უცნაური ფერი აქვს სახეზე?
და სუნთქვაც უძნელდება...
ნეტავ, ნამდვილი ლინდაა თუ უცხოპლანეტელებმა შეცვალეს?“
მრავალი უაზრო ფიქრი შემომაწვა, რომელიც ეჭვებს მიჩენდა იმის შესახებ, იყო თუ არა ეს ლინდა ნამდვილი, ჩემი ლინდა?! ეს საწოლში მოკუნტული სახეწაშლილი არსება ჩემს პატრონს მხოლოდ ბეწვის ფერით ჰგავდა.
და კიდევ რაღაცით...
რაღაცით, რასაც საკუთარი ულვაშებით ვგრძნობდი და რასაც ვერავინ შეცვლიდა. ეს მისთვის დამახასიათებელი კანის სურნელი იყო. რაღაც ღვთაებრივი, როგორც ადამიანები იტყვიან ხოლმე - აურა. ჩემი ლინდა იყო. ნამდვილი ლინდა, მაგრამ ცოტა სხვანაირი - „ავადმყოფი“...
ო, როგორ მიყვარდა...
ასეთიც მიყვარდა!
ვიჯექი მის გულმკერდზე გაშეშებული და ვუმზერდი მის სევდიან, თიტქოს ნაცნობ მაგრამ სრულიად უცხოსა და სხვანაირ სახეს და ვხვდებოდი, როგორ გამიმართლა იმ ღამეს, როდესაც მიპოვა. ამ ფიქრებში გახვეული მეტად დავსევდიანდი, ყურები ჩამოვყარე და თვალებიც შემივიწროვდა. თითქოს, ძილი მოდისო...
მოულოდნელად ლინდამ ღაჟღაჟა ცები დააჭყიტა და ჩემი დავიწროვებული თვალებიც გაფართოვდნენ. სიცარიელეს მიჩტერებოდა. ოთახის ჭერს უყურებდა და არა მე. მერე მიიხედ-მოიხედა და დამინახა. გამიღიმა.
„-გამარჯობა ფისო...
-მიუ...-ვუთხარი და მისი მკერდის აფუება დავიწყე.
-შეგაშინე არა?
-მიუ...
-ნუ გეშინია, კარგად ვიქნები...“
მერე იმ ჩვენს მეზობელს გახედა მადლიერი მზერით და გაუღიმა.
რამდენიმე დღე საავადმყოფოს პალატაში გავატარეთ. მეც დავრჩი. ექიმი უარს ამბობდა, თუმცა, ჩვენმა ახალმა მეგობარმა რაღაც მოიფიქრა და მე მითხრა:
„-შენ ხომ ჭკვიანი ფისო ხარ?
-მიუ...
-ხომ გინდა ლინდასთან იყო და არა სახლში მარტო?
-მიუ...
-მაშინ მომისმინე და ისე მოიქეცი როგორც გეტყვი, როდესაც შეამჩნევ რომ კარის სახელური ირხევა - საწოლის ქვეშ დაიმალე...“
საუკუნე ნახევრიანი ახსნა-განმარტება (თანაც ვიზუალური ეფექტებით, მინიშნებებით და მრავალი სისულელით), რომ დაამთავრა შევამოწმოთ როგორ გაიგეო და პალატა დატოვა. ცოტახანში კარის სახელური რომ შეირხა (მივხვდი ვინც იყო),  მათ გულის გასახარად მაინც დავიმალე საწოლის ქვეშ. ამ ფაქტმა ისე აღაფრთოვანა ორივე, გაოცებული დავრჩი. ნუთუ, დებილი ვეგონე ამათ-მეთქი გავიფიქრე და ცოტათი მეწყინა კიდეც.
სახლში რომ დავბრუნდით ეს მეზობელი უკვე ხშირად გვსტუმრობდა. ვგრძნობდი მოსწონდა ჩემი ლინდა და მეც... მახარებდა ის ფაქტი, რომ როგორც იქნა ლინდა სწორი არჩევანისკენ მიიწევდა. ბედნიერებაც უბრუნდებოდა თვალებში და სახლიც მეტად გამხიარულდა.
დროებით...
ისევ შევცდი...
ერთ „მშვენიერ“ დღესაც ჩემს კნუტს მოაკითხა თავისმა ღიპიანმა კაცმა რაღაც მყრალი ყვავილებით და ისიც შეურიგდა.
მეწყინა.
ისევ სიბნელე სახლში, სამყაროში, ოთახებში, სულში...
ყველგან.
ყოველ ჯერზე ერთი და იგივე, არაფერი იცვლებოდა, და მაინც... და მაინც ყოველ ჯერზე ლინდა ამ კაცს ისევ ურიგდებოდა. მეზობლის თვალებში ჯერ მოიღრუბლა, შემდეგ კი ყველა ვარსკვლავი ჩაქრა. ჯერ სტუმრობას უკლო, შემდეგ საერთოდ შეწყვიტა.
დავიღალე...
ადამიანების შეუგნებლობით დავიღალე.
დავიღალე, რომ არ სურთ იმის დანახვა და მიღება რაც თვალწინ აქვთ და ყველაფერს ისე ხედავენ როგორც სურთ...
მძულდა ეს ღიპიანი კაცი, რომელიც ტანჯავდა ლინდას, მძულდა ლინდა, რომელიც ძალით იტანჯავდა ამ კაცის გამო თავს, მძულდა ჩემი მეზობელი, რომელმაც ვერ შეძლო საკმარისად მოეხიბლა ლინდა, მძულდა ის რიჟა კნუტი სადღაც რომ დაიკარგა, მძულდა დედა იმის გამო რომ ჩემს ნაცვლად მოკვდა, მისი პატრონებიც მძულდა,ჩვენი გამოყრისთვის... მძულდა ყველა. ყველაფერი. და ყველაზე მეტად მძულდა საკუთარი თავი იმისთვის, რომ ჩემში ამდენი სიძულვილის ჩატევა შევძელი.
უცებ გადავწყვიტე, რომ ამ სახლში ჩემი ადგილი აღარ იყო, რომ ამ სახლში სუნთქვა მიჭირდა და თუნდაც შიმშილით მოვმკვდარიყავი, ამ სახლს უნდა გავცლოდი.
აურა!
ოდნავ შეღებულ ფანჯარაში გავძვერი. გადავხტი. ჰაერში რამდენჯერმე გადავტრიალდი და საბოლოოდ, თათებზე დავხტი.
„მაგრად გადავრჩი...“
„ზემოდან ასეთი მაღალი არ ჩანდა...“
ისევ დავიწყე ქუჩაში ხეტიალი. მაგარი უმადური ვინმე გამოვდექი. რამდენი კნუტი ინატრებდა ჩემს ადგილზე ყოფნას? სახლს, საკვებს, თბილ საწოლს, მოფერებას...
მეც ხომ ვნატრობდი ოდესღაც?
ახლა?
ახლა რა ხდება?
ახლა გავრბივარ და მძულს!
მძულს სახლი, მძულს საკვები, მძულს თბილი საწოლი, მძულს მოფერება, მძულს ლინდა, მისი ჟღალი თმა მძულს, მისი კანის სუნიც. მძულს მისი შეყვარებული, მძულს ჩვენი მეზობელი, მძულს დედაჩემი, მისი პატრონი, მისი დედაც... მძულს საკუთარი თავი, მძულს სამყარო, ყველაფერი მძულს, მძულს, მძულს...
ვტირი.
დავიღალე.
უნდა შევისვენო, მაგრამ გავრბივარ და ისევ ყველაფერი მძულს.
დავეცი.
ისევ ვტირი...





3.
ქუჩაში ხეტიალი მომნატრებია, შევამჩნიე. რა უმადურები ვართ ყველანი... როგორ შემეძლო იმ ყველაფრის გაცვლა რაც გამაჩნდა ძველებური, ამ მათხოვრული ცხოვრებისთვის? თუმცა, რას გაიგებ? მომინდა და გავიქეცი. ზოგჯერ არ არის მატერიალური ფასეულობები იმაზე ძვირფასი ვიდრე შინაგანი გამოძახილი. იცი რომ რაღაც უნდა გააკეთო. შეცვალო. ისიც კარგად მოგეხსენება, რომ სრულიად შესაძლებელია შენი გადადგმული ნაბიჯი უფსკრულის პირს მიახლოება იყოს, მაგრამ არ განაღვლებს... სულ ერთია... გინდა და მორჩა! უნდა გააკეთო. შედეგებზე არ ფიქრობ. მერე იფიქრებ... მაგის დროც მოვა. ხანდახან ხვდები, რომ შენი ქმედებებით შენს საყვარელ არსებებს უზარმაზარ ტკივილს აყენებ, მაგრამ იმ მომენტში არც ეს განაღვლებს, უფრო მეტიც, შენც სწორედ ეს გინდა, თითქოს გსიამოვნებს კიდეც. მათ ეს დაიმსახურეს, სულ ერთია რისთვის, მთავარია, რომ დაიმსახურეს! ჩვეულებრივი ადამიანები ასეთ ბოროტ ხალხს, რომელთაც სხვა ადამიანების ტანჯვა-წამებით სიამოვნების მიღება შეუძლიათ სადისტებს თუ რაღაც ეგეთს უწოდებენ.
რა მახინჯი სიტყვაა...
ისევე როგორც ყველაფერი ადამიანური, მათ შორის მათივე სული. ჰო, ადამიანთა სულიც მახინჯია და ბინძური, შეუძლიათ ყველაფერი სიცოცხლით სავსე, წმინდა და სუფთა ერთ წამში მოკლან და გაანადგურონ, თანაც უმიზეზოდ, ისე , უბრალოდ. ისევე როგორც მე ავდექი თბილი სახლიდან და ისევ ქუჩაში ავხეტიალდი.
ისე, უმიზეზოდ.
თითქმის უმიზეზოდ...
ადამიანებს ჰგონიათ, რომ ისინი უმაღლესი არსებები არიან ამ სამყაროში და საკუთარ თავს მოაზროვნე არსებებსაც კი უწოდებენ. ჰგონიათ, რომ ჩვენ, ცხოველებს (როგორც თავად გვიწოდებენ) არ გაგვაჩნია არც გრძნობები, არც აზროვნების უნარი და საერთოდ არაფერი ადამიანური. თითქოს ჩვენ პატარა სათამაშოები ვართ, რომლებსაც ხანდახან უნდა აჭამო თუ შინ გყავს და რომლებიც მათი აზრით ყოველგვარი გრძნობებისა და განცდებისგან დაცლილი ინსტინქტებით მოქმედი თოჯინები ვართ. რა საცოდავი შეხედულებებია...
მძულს...
არადა რომ ჰკითხო მოაზროვნეები არიან.
ადამიანზე მაღლა მათთვის მხოლოდ ღმერთები დგანან. ისიც არავის უნახავს და მაინც ყველა ამტკიცებს რომ ღმერთები ადამიანების მსგავსნი არიან გარეგნობით. რა სისულელეა! რატომ?
ადამიანი ღმერთმა შექმნაო ამბობენ.
...და ყველაფერი სხვაცო, ამატებენ ხოლმე.
ადამიანი შექმნა საკუთარი თავის მსგავსიო...
რა იციან?
ღმერთმა უთხრათ?
თუ ადამიანები ღმერთებს გვანან იმიტომ რომ ღმერთებმა შექმნეს ადამიანები, ხომ ამბობენ რომ „ცხოველებიც“ ღმერთებმა შექმნეს?
რატომ არ შეიძლება რომ ღმერთი კატა იყოს?
ან ძაღლი?
ან მარტორქა?
რა ვიცი, სულ ერთია...
ხომ შეიძლება ის სულაც არ ჰგავდეს გარეგნობით ადამიანებს?
რაღაც ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ, ქუჩაში უაზრო ხეტიალისა და ცარიელი მუცლის ბრალი მგონია. ისე კი, ვფიქრობ , რომ ჩვენ, ყველანი ცოცხალ არსებებად წოდებული რაღაც არსებები თანასწორნი ვართ!
...და რამდენიმე რიცხვიანი სხვაობა ქრომოსომათა რაოდენობაში ადამიანებს ჩვენზე მაღლა არ აყენებს.
(ქრომოსომა არ ვიცი რას ნიშნავს, თუმცა კარგად ჟღერს... ლინდა ახსენებდა ხოლმე)
ლინდა...
ჩემი ლინდა.
პატარა დაუცველი კნუტი, რომლისთვისაც უნდა მომევლო და მე მივატოვე...
ფუუუუ...
რას ვბოდავ, მგრძნობიარეები-მეთქი...
არაა...
ცოცხალი არსებები კი არა - ჩვეულებრივი მონსტრები ვართ.
ყველანი.
საკუთარ სხეულში საკუთარი ნებითვე გვყავს ჩასახული პაწაწინა ბნელითმოსილი კნუტი მონსტრი. პატარა ხომ ყველაფერი საყვარელია? ჰოდა ვეფერებით, ვკვებავთ ვუვლით და თვალსა და ხელს შუა ის ციცქნა არსება იმხელა ხდება რომ მთლიანად გვსანსლავს. ჩვენს კვალსაც არ ტოვებს.
...და ოდესღაც მონსტრუკების ძიძები, უკვე თავადვე ვხდებით მონსტრები.
სასაცილოა.
ან არა...
არ ვიცი...
ალბათ ლინდა განიცდის ჩემს გაუჩინარებას... შესაძლოა მოვენატრე კიდეც. მაგრამ... მაგრამ დაბრუნება არ ღირს. უნდა დაისაჯოს. იმისთვის როგორც მომექცა.
„და მაინც, როგორ მოგექცა?“
მეკითხება საკუთარი თავი.
„არ გაჭამა?“
„არ მოგეფერა?“
„შეგცივდა?“
„რა არ გააკეთა შენთვის?“
რომ დავფიქრდი, თავის მხრივ, ჩემი თავიც მართალი იყო.
აი, რა მინდოდა? რა მაკლდა?
თუმცა, მასთან კამათს არ ვაპირებდი და ამიტომ არაფერი ვუპასუხე. ასეთ სისულელეებზე ფიქრი უნდა შემეწყვიტა. საკვების მოპოვების დრო იყო!
***
საკვების მოპოვება არ აღმოჩნდა ისეთი მარტივი, როგორც ეს დედასთან თანაცხოვრებისას მეჩვენებოდა. საშინელებაა, როდესაც ხვდები, რომ რაღაც ძვირფასი თავის დროზე ვერ დააფასე, ან საკმარისად არ შეაფასე.  ორივე შემთხვევაში თავს არარაობად გრძნობ. და, ასეცაა. ხარ არარაობა! მეც ვარ... ჩვენ ყველანი ვართ.
... და იმის ნაცვლად რომ შევცვალოთ რამე უკეთესობისკენ - დიდი სიამოვნებით მივცუნცულებთ უფსკრულის პირისაკენ. ოდესმე მის კიდესთან აღმოვჩნდებით და გადასაჩეხად ერთი ამოსუნთქვა დაგვაკლდება. დავიწყებთ ამ ბოლო ამოსუნთქვის გამოზოგვას და მივხვდებით რა ძვირფასია ჩვენთვის სიცოცხლე, როგორ არ გვსურს იქ გადაჩეხვა. აადა სულ ერთი ნაბიჯის წინ, სიამაყით მივუახლოვდით მას, სულ ცეკვა-კუნტრუშით მივედით უკვე მონსტრად ქცეულნი და ახლა რა? დიდი არაფერი. დავიხოცებით...
ბოლო ამოსუნთქვადარჩენილები ვხვდებით, რომ არ ღირდა. რომ ჯობდა სიცოცხლით მეტად დატკბობა მოგვესწრო. რომ არ ვართ მზად გადასაჩეხად. რომ სიცოცხლე გვინდა. გვიყვარს და გვჭირდება, ოღონდ ახლა უკან დაბრუნება შეგვეძლოს და რას არ დავთმობდით? მაგრამ არ შეგვიძლია. ყველა ჩვენი ნაბიჯი ერთადერთია და მათი შეცვლა, ჩასწორება და უკან დაბრუნება კი შეუძლებელი.
მინდოდა ლინდასთან დაბრუნება, მაგრამ ჩემი ნაბიჯებიც ისეთივე იყო როგორიც ყველასი. რადგან წამოვედი დაბრუნება აღარ შემეძლო. ეს რაღაცნაირად დამამცირებდა, ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, მშიერი მუცლის მიუხედავად „იხტიბარს არ ვიტეხდი“ და უკვე მესამე დღე იყო ქუჩაში ხეტიალს ვაგრძელებდი.
მსურდა ლინდას ჩემი ძებნა დაეწყო. არ ვიცი რატომ, მაგრამ მინდოდა... მინდოდა რომ ენერვიულა ჩემზე, მოვნატრებოდი. ბოროტებაა, თუმცა მონსტრებისგან რა გასაკვირია?
ჩვენ ყველანი მონსტრები ვართ, მაგრამ ადამიანებზე მეტად - არა...
ალბათ ლინდა უკვე მეძებს.
დარდობს...
ღირსია!
***
იმ დღეს რაღაც უაზრო ამინდი იყო. არც წვიმდა, არც ცხელოდა, არც ციოდა... ქარი იყო და მზე. მერე მზე ქრებოდა და ქარი რჩებოდა. მოკლედ, იდეალურად ესადაგებოდა ჩემს იმდღევანდელ განწყობას. მშიოდა, ლინდა მენატრებოდა თან მძულდა, მაინც მშიოდა.... ამინდივით უაზრო მქონდა განწყობაც.
სკვერში შევიარე. იქ ხშირად ტოვებდნენ გრძელ სკამებზე რაღაც უგემური საჭმლის ნარჩენებს. იქნებ გამიმართლოს?
გამიმართლა.
ხორციანი ღვეზელის უზარმაზარი ულუფა.
ხორციანი.
ჰმმ...
რა ხმამაღალი ნათქვამია...
ხორცის გარდა ყველაფერი იყო ალბათ, მაგრამ მაინც ვისკასივით გემრიელი ეჩვენა ჩემს აცუნდრუკებულ მუცელს.
ვჭამდი და ათას სისულელეზე ვფიქრობდი. როგორც ყოველთვის...
ლინდაზე, ჩემს ცხოვრებაზე, ღიპიან კაცზე, სიმპათიურ მეზობელზე და საერთოდ, რიჟა შეყვარებულზე, როგორც ყოველთვის...
ისე, სადაა ჩემი შეყვარებული?
რა ნაირი შეყვარებულია, ლინდას ერთმა წამოკივლებამ სამუდამოდ დააფრთხო და გააქრო.
ჰმმ... კაცები...
დედა არ ცდებოდა. არასოდეს შემცდარა. ნეტავ აქ რომ იყოს, რას მეტყოდა? ან ჩემს ადგილზე რას გააკეთებდა? ალბათ, ბედს შეეგუებოდა და იცხოვრებდა განცხრომით, ლინდასთან ერთად. რატომაც არა? ვინ იტყოდა ამ ყველაფერზე უარს? არცერთი ნორმალური კატა. თარსები სხვანაირები ვართ. ჰო, თარსებს ინსტიქტებზე მეტად გრძნობები გვამოქმედებს. ადამიანების ენაზე რომ ვთქვათ, „მაგრად ტეხავს!“  მაგრამ ფაქტია.
მზესუმზირის ნაფცქცენებში ჩიტი საკვებს ქექავდა.
„საწყალი...
რა სასტიკი და დაუნდობელია სამყარო.
ქარისაგან აქოჩრილი, უსახლკარო, გაძვალტყავებული ჩიტი ნაგავში საჭმელს ჩიჩქნის, იმედოვნებს, რომ იქ, სადღაც ვიღაცას მთლიანი მზესუმზირის მარცვალი დაუვარდა, ჰოდა ეს სულელიც გულმოდგინედ ჩიჩქნის. ყურადღებას არ მაქცევს. მე კი მონადირე სულით ვარ დაბადებული, ეს გენებში მაქვს. როცა მშია, უმწეო არსებებს ვხოცავ და ვიკვებები. ეს ნადირობაა. მე არასოდეს მინადირია, თუმცა, ვიცი რომ შემიძლია. ყველა კატას შეუძლია. ყველა მტაცებელს. და საერთოდ, ყველანი მტაცებლები ვხდებით როცა გვშია!“
გავიფიქრე და ვისკუპე. აზრი? გამიფრინდა.
„სულელი ჩიტი!“
თავდაპირველად გავბრაზდი, რომ გამიფრინდა, მაგრამ საბოლოოდ დავარწმუნე საკუთარი თავი რომ ასე სჯობდა, რომ არ ღირდა შიმშილობას ჩემი გრძნობები შემეწირა და ცხოველივით ინსტიქტებს ავყოლოდი.
არ მიღირდა მკვლელად ქცევა შიმშილის გამო.
თანაც, თუ კარგად გავისეირნ-გამოვისეირნებდი უეჭველად ვიპოვიდი მიტოვებულ უხორცო ხორციანი ღვეზელის საკმაოდ მოზრდილ ულუფებს. ნაგავს რომ არ გავქექდი ზუსტად ვიცოდი. მე ხომ დედას დავპირდი? 
საშინელი შეგრძნებაა, როდესაც არ ხარ მარტო, მაგრამ თავს გრძნობ მარტო. უამრავი არსების გარემოცვაში მყოფიც კი მთლიან სამყაროში მარტო ხარ. და ყველაზე უარესი შეგრძნება ამ სიმარტოვეში საკუთარი თავის გამოუსადეგრად შეგრძნებაა, როცა ხვდები, რომ შენ არ ხარ საკმარისი, უფრო მეტიც, შენ არაფერი ხარ! ძნელია როდესაც ვინმესგან გინდა სულ ოდნავ მეტი, მაგრამ არ გაქვს. გინდა რომ უყვარდე იმაზე მეტად ვიდრე ახლა, ან ოდესმე ვინმეს.
ამ დროს რას აკეთებ?
1. ეგუები საკუთარი თავის უნიათობას, უუნარობასა და გამოუსადეგრობას;
2. გარბიხარ!
მე გავიქეცი. გავიქეცი, მაგრამ ამ გაქცევას ბევრი არაფერი მოუცია. ის რომ ერთ ადგილზე ვერ ვისვენებდი და ჰაერიც კი ბინძური მეჩვენებოდა იმ სახლში, ოთახში და მთლიანად სამყაროშიც ეს ფაქტი არ შეცვლილა. მხოლოდ ლოკაცია. ის რაც ჩემში ხდებოდა უცვლელია.
ჰოდა, მივხვდი, რომ პრობლემა არ ყოფილა ლინდასა და მის სახლში ან სამყაროში. ჩემში იყო. ჩემი საკუთარი ნაშვილები მონსტრი ჩემსავე ჭამას იწყებდა. 
***
ქალაქის ერთ-ერთ, უზარმაზარ სკვერთან ახლოს ღია კაფე შევნიშნე. ვიფიქრე, გავისეირნებ იქნებ რამე გემრიელსაც გამოვკრა-მეთქი კბილი. შევცდი. როგორც ყოველთვის, ადამიანთა სისასტიკე არასწორად შევაფასე და გვერდებში წიხლიც მივიღე. არაუშავს, ბავშვობა გამახსენდა. დედას დარიგებები. ის ტანჯვა რაც ქუჩაში ცხოვრებამ მომიტანა და საერთოდ ყველაფერი რაც მასწავლა. ქუჩა ცუდია. სახლი ბევრად ტკბილი და თბილია, ეს მაშინ დავაფასე , როდესაც უკვე საკუთარივე ნებით ხელმეორედ აღმოვჩნდი ქუჩაში და ყველა საზრუნავი რაც ლინდასთან არ გამაჩნდა თავიდან დავიმატე. დედა მენატრებოდა.
და ლინდაც.
ვერ გადამეწყვიტა რომელი უფრო მეტად მიყვარდა. რომელთან ყოფნის პერიოდი უფრო სასიამოვნო იყო ჩემთვის.
იმ საღამოს როცა დედა დედამიწას დაეწება და გაწითლდა, ლინდა რომ არ გაჩენილიყო ციდან, ალბათ, მეც მოვკვდებოდი. ლინდა მხსნელი იყო. მე კი - ავდექი და მივატოვე. თანაც ვისთან იმ მსუქან, მახინჯ კაცთან, რომელმაც ორივე არაერთხელ გვცემა. უნდა დავბრუნებულიყავი. მაგრამ როგორ? 
„როგორ და პირდაპირ, კუდაბზეკით, შენ ხომ კატა ხარ?
ნამდვილი, ჭეშმარიტი კატა, რომელსაც ვერავინ გადაუწყვეტს რა გააკეთოს, როდის წავიდეს, მოვიდეს ან სად!
ლინდა უნდა მიხვდეს, რომ მისი საკუთრება არ ხარ და გაქვს უფლება შენი ცხოვრება გქონდეს!
აჩვენე!
აჩვენე , რომ შენ ხარ კატა და არა ვიღაც უბადრუკი, დამჯერი ლეკვი, რომელიც მის გადაგდებულ ხმელი პურის ნაჭერზე კუდის ქიცინს იწყებს!“
მეუბნებოდა შინაგანი ხმა. სინდისი თუ რაღაც ეგეთი სხვა რამეს ამბობდა, მაგრამ მე ჩემს მონსტრს მივენდე...
***
სახლში დავბრუნდი.
უფრო სწორად - სახლთან... ვიარე, ვიარე და ვფიქრობდი, შევსულიყავი თუ არ ღირდა. ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე, როგორ დამწვდა ვიღაც ადამიანი და ხელში ამიყვანა.
-აი, სად ყოფილხარ შე მაიმუნო, რამდენს გეძებდით...-მითხრა და კისერზე მომითათუნა. ჩვენი მეზობელი იყო. სახლში დამაბრუნა. ის რომ არა ვინ იცის არც დავბრუნებულიყავი.
ლინდას ძალიან გაუხარდა. ბევრი მეფერა და მესიყვარულა. ჟელესავით მოვიღვენთე.
„-მიუ, შე უნამუსო ფისუნია, ასე როგორ მომექეცი? წახვედი და მიმატოვე , მანერვიულე, გაკლებ რამეს? ეს რატომ გამიკეთე? თანაც როგორი ბინძური დაბრუნდი და აშკარად თათი და გვერდიც გტკივა ვინ მოგექცა ასე ჩემო ციცქნა პრინცესა მიუ?
-მეავ..
-ფუუ, ღორები, მძულს ხალხი, მონსტრები, მძულს...“
მერე მუხლებზე დამისვა და დიდხანს მეფერა. მომიყვა როგორ სასოწარკვეთილი მეძებდნენ ის და ჩვენი მეზობელი.  როგორ ყველა კედელსა თუ ბოძზე გააკრეს ჩემი ფოტო წარწერით „დაიკარგა“. გულზე მალამოდ მომედო მისი მსგავსი განცდები ჩემდამი, სიყვარული დამიმტკიცა. როგორც უნდა დავიჟინოთ, რომ „სიყვარულს მტკიცება არ სჭირდება“ , რომ ჩვენ ამაზე მაღლა ვდგავართ და ათასი ბლა ბლა ბლა, ყველაფერი სისულელეა. მსგავსი მომენტები სხეულში ყოველთვის  ისე გვეღვრება, როგორც ზამთრის სუსხიან ღამეში თბილი რძე.  ყველა ჩვენგანს სჭირდება იგრძნოს რომ ის არაა გამოუსადეგარი ნაგავი, რომ ის ვიღაცას სჭირდება. როცა საკუთარი არსებობის საჭიროების ნაკლებობას გრძნობ, ეს შეგრძნება გჭამს შენ და ასაზრდოებს შენსავე მონსტრს. ლინდას მონოლოგმა უფრო მეტად შემაყვარა მისი თავი. ამავდროულად მაგრძნობინა, რომ სიცოცხლე ღირს, თუ კი შენი არსებობა ამ სამყაროს თუნდაც ერთი ადამიანისთვის მაინც ხდის უკეთესს.
აი, მეზობლის ხსენებაზე კი გული გამალებით ამიფანცქალდა და სიხარულის ფრქვევა მთელი სხეულით დავიწყე, ყველა ბეწვი ყალყზე დამიდგა და ჩემს თავში უცებ ახალი, პატარა სამყარო შეიქმნა, სადაც ლინდას და ჩვენს მეზობელს ერთმანეთი და მე უყვარდათ... ბევრი შვილი ჰყავდათ და დიდხანს და ბედნიერად ვცხოვრობდით.
ოცნებებსა და საკუთარი სამყაროების შექმნაში ერთი უარყოფითი ლაქაა, ისინი უმეტესად იმსხვრევა და ტკივილს იწვევს. ტკივილი ცუდია. თან ეს სხვანაირი ტკივილია, სულ არ ჰგავს იმ ტკივილს რომელიც ცეცხლში შეგდებისას განვიცადე. რომანტიკოსი ადამიანები ალბათ, იტყოდნენ რომ ამ დროს სული გტკივა. ადამიანები ხომ ყველაფერს აჭარბებენ, არც კი იციან სად აქვთ სული, ან საერთოდ თუ აქვთ მაგრამ, ამ აუხსნელ სხეულის ნაწილის ტკივილსა და მწუხარების სიჭარბეს სწორედ სულის ტკივილით ხსნიან. აურასავით. მათთვის ყველაფერი აუხსნელი ხომ ღვთიურია. ცისიქითური. ჰმმ, სასაცილოები...
ხანდახან მსგავსი აზროვნების გამო მეცოდებიან კიდეც. ამ დროს, უსუსურ არსებებად, ჯერ კიდევ თვალაუხელელ კნუტებად მეჩვენებიან ხოლმე. სულის ტკივილი , როგორც ისინი უწოდებენ, ჩვეულებრივი იმედგაცრუებაა. სამყარო კი სავსეა იმედგაცრუებებით. ზოგი დიდია, ზოგი ციცქნა, ანდაც უზარმაზარი, მაგრამ ყველგანაა და ყველას უწევს მათთან შეჩეხვა. ზოგი არსება რთულად გადაიტანს ხოლმე იმედგაცრუებას, ზოგიც უკვე ქვად ქცეული მარტივად და თავადვე ხდება სხვების იმედგაცრუება. იმედგაცრუების გადატანის სიმძაფრე დამოკიდებულია ჩვენში არსებული მონსტრების ზომაზე, წონასა და სიძლიერეზე. რაც უფრო ნაკვები გვყავს მონსტრი, მით უფრო მარტივია იმედგაცრუებების გადატანა ჩვენთვის.
ჩემი მონსტრი უკვე ჩემზე დიდი მეგონა, მაგრამ ლინდას ღიპიანი საყვარლის ჩვენს ნაჭუჭში დაბრუნებამ არაამქვეყნიური „სულის ტკენა“  მომაყენა. ისევ შემოიჭრა  ჩვენს პაწაწინა, ჩემ მოგონილ  სამყაროში და ჩააქრო მზე. მეზობელი ისევ განზე დარჩა.
იმედგაცრუება!
***
ჩემი შეყვარებული ჰორიზონტზე გამოჩნდა. ნაწყენი კი ვიყავი მასზე, მაგრამ მუცელში პეპლები ამითამაშდნენ და მასთან მოსიყვარულება ვინდომე. ასეც მოხდა. ლინდამ ისევ შემოგვისწრო და წივილ-კივილი ატეხა. კატების ექიმთან წამიყვანა და რაღაც ნემსი გააკეთებინა. კარგად ვერ გავიგე რა იყო, თუმცა - მეტკინა!
მისი საუბრიდან გამომდინარე თავის კაცთან მივხვდი, რომ რაღაც „ანტისიყვარულობა“ შემიყვანეს სხეულში და მეზობლის რიჟა კატა აშკარად დამახინჯდა ჩემს თვალში. რა სულელი ვიყავი. ეს დორბლიანი კუდაბზეკილი როგორ მიყვარდა?
ფანჯრიდან ადრე სხვა კატებიც მესიმპათიურებოდნენ ხოლმე. უკვე - აღარ. ლინდას ნემსმა თვალი ამიხილა და დამანახა ის რასაც დედა ყოველთვის მეუბნებოდა, მაგრამ ვერ შეძლო ჩემთვის ამის დამტკიცება. რომ ყველა კაცი ერთნაირია, მახინჯი და ცუდი. ახლა თითქოს, ყველა მათგანს სწორედ დედაჩემის თვალით ვხედავდი...
ლინდას კაცის არსებობას ჩვენს ცხოვრებაში (კიდევ ერთხელ) მარტივად გადავიტანდი, რომ არა ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა.
ერთ საღამოს, როცა ისევ შემოიჭრა ჩვენს სამყაროში და სახლში და დილამდე ჩვენთან დარჩა, იმ დღეს მოხდა ეს ამბავი.  დილით, ლინდა სადღაც წავიდა. საანამ სახლიდან  გავიდოდა საჭმელი დამიყარა, წყალი გამომიცვალა, მაკოცა... (ასეთი იყო ლინდა - მზრუნველი. ყოველთვის ცდილობდა ჯამში სუფთა წყალი მქონოდა, მე კი ჯიუტად რატომღაც ყოველთვის ყვავილების ქოთნის წყალი მეგემრიელებოდა, თავადაც არ ვიცი რატომ).
არ ვიცი, სად წავიდა ლინდა, მაგრამ დააგვიანდა და მე მთელი დღის გატარება საცვლებიან, ხუჭუჭბანჯგვლებიან მონსტრთან მომიხდა. როდესაც მუცელი ამიპუყპუყდა, მივედი და ვთხოვე ჩემთვის ეჭმია. მან ყურადღება არ მომაქცია. როდესაც ბოლო ხმაზე განუწვეტლივ ავკნავლდი, ხელში ამიყვანა და ჩემი ფანჯრიდან სროლა დააპირა. მერე არ ვიცი რატომ, მაგრამ გადაიფიქრა და მაცივარში შემსვა. შემცივდა. ავტირდი. მეგონა მოვკვდებოდი.
კარზე ზარის ხმა იყო. ჩვენი მტანჯველის ნაბიჯების ხმა შემომესმა და კარის ზღურბლს უკან მონატრებული მეზობლის ბოხი ხმაც.
მხსნელი. გავიფიქრე და უფრო მონდომებით ავკნავლდი.
„იქნებ, ხმა გაიგოს...“
„-გამარჯობა.
-გაგიმარჯოს... რა გინდა?
-მე მეზობელი ვარ, მიუს კნავილი შემომესმა, კარგადაა?
-მიუს კნავილი შემოესმა... ჰმმ, შენი საქმე არაა!“
მერე კარის მიჯახუნების ხმაც გავიგე და საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი სიცოცხლეზე.
იმედგაცრუება.
მერე ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. ჩემს მაშინდელ მოგონებათა ბურუსში ყველაზე ნათელი ლინდას სასოწარკვეთილი სახე იყო. ისევ კატების ექიმთან ამოვყავი თავი.
სახლში რომ დავბრუნდით, ლინდას კაცი ისევ იქ დაგვხვდა. ლინდა ეჩხუბა და სახლიდან წათრევა მოსთხოვა. მან კი ისევ სცემა ლინდა. მისი წითური ბეწვი მოგლიჯა და ძირს დაყარა. ურტყამდა ფეხებით და ხელებით. ყვირილზე ჩვენი მხსნელი გამოჩნდა და ლინდა იმ ღიპიანს ხელიდან გამოსტყავა. იმათაც იჩხუბეს. სანამ სახლიდან წავიდოდა ერთხელ წიხლის ჩემთვის ამორტყმაც მოასწრო. საკმაოდ შორს მომისროლა. არ ვიცი ისე დასუსტებულმა და გაყინულმა როგორ შევძელი ჰაერში ამოტრიალება და თათებზე დახტომა, აშკარად გამიმართლა.
ვგრძნობდი, როგორ სცხვენოდა ლინდას ჩვენი მეზობლის, ცდილობდა მახინჯი ერთი ცალი თვალი დაეფარა. მეზობელმა ლინდა ხელში აიყვანა და დივანზე დააწვინა. თვალზე ყინულები დააწყო, წამლები დაალევინა და წავიდა.
„-მიუ, ეს ბიჭი მგონი ანგელოზია არა? ყოველთვის მაშინ ჩნდება, როდესაც დახმარება გვჭირდება, შეამჩნიე?
-ჰმმმ... დიდება ღმერთებს, რომ შენც შეამჩნიე, როგორ ველოდი ამ მომენტს, რამდენ ხანს ველოდი...“
ლინდამ ჩემს სიტყვებში მხოლოდ მიუ გაიგო, გულზე დამისვა და მომიალერსა. ორივეს ჩაგვეძინა.
***
ლინდას ღიპიანი კაცი აღარ გამოჩენილა, სამაგიეროდ, ხშირად გვსტუმრობდა ბიჭი მოპირდაპირე კარიდან. ლინდასთან ხილი და „ავადმყოფებთან მისატანი სხვა საჭმელები“ მოჰქონდა, ჩემთან კი - კნუტის ჟელე. იმ პერიოდში კარგად მოვსუქდი და ავფუმფულდი. რეალობა ჩემს წარმოსახვაში დიდი ხნის წინ შექმნილ სამყაროს ემსგავსებოდა და მაბედნიერებდა.
ლინდა თავის მახინჯ თვალს სათვალითფარავდა ხოლმე და ისე გადიოდა სახლიდან. არ ვიცი სად. არასოდეს უთქვამს, თუმცა შინ დაბრუბებული ყოველთვის მოწყენილად მეცვენებოდა და მძულდა მისი წასვლები.
ერთხელ ლინდამ მითხრა, რომ რაღაც ჩვენც უნდა გაგვეკეთებინა კეთილშობილი მეზობლისთვის, რომელიც , როგორც ლინდამ უწოდა „ჩვენი გაჭირვების ტალკვესი“ თუ რაღაც ეგეთი იყო. ეგ სიტყვა ვერ გავიგე, მაგრამ ცუდად არ ჟღერდა და არ შევიძულე. თანაც მკითხა, მე რა აზრის ვიყავი ამაზე. ვუთხარი კარგი აზრია-მეთქი.
-ვიცოდი რომ მხარს დამიჭერდი...-მიპასუხა ისე თითქოს გაეგოს რა ვუთხარი, ზუსტად ვიცი, უარი რომ მეთქვა იმავეს მეტყოდა.
-მივვ...
-ფისო, როგორ გგონია, ვახშამზე რომ დავპატიჟოთ ჩვენთან ცუდი აზრი ხომ არ იქნება?
-არა, ძალიან მაგარი იქნება, თანაც , ვფიქრობ უნდა გაუხარდეს...
-შენი აზრით, დაგვთანხმდება?
-ჰმმ... დაუფიქრებლად...
-მოსაწვევი ბარათი ძველმოდური ხომ არ იქნება?
-ეგ რა არის?
....
ლინდა მაგიდას მიუჯდა და რაღაცის წერა დაიწყო ადამიანთა ენაზე, მივუცუცქდი და ფურცელსაც დავხედე, მაგრამ ვერაფერი გავიგე და გოგონას ჩემი ცნობისმოყვარე მზერა მივაპყარი.
-ნუ მიყურებ ხბოს თვალებით, წაგიკითხავ...
„მოსაწვევი!
ძვირფასო მეზობელო, მხსნელო ან უბრალოდ თითქმის უცნობო მამაკაცო მოპირდაპირე კარიდან, ვისი სახელიც კი არ ვიცით სამწუხაროდ, გვსურს მოგიწვიოთ ოჯახურ ვახშამზე და ამ მცირედი წვეულებით მაინც გადაგიხადოთ მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გაგიკეთებიათ...
გელოდებით საღამოს, ცხრაზე...
კეთილი სურვილებით,
ლინდა და მიუ“
-აბა, როგორია?
-კარგია...
-ეს ოფიციალური დოკუმენტია, ხელმოწერებია საჭირო... ორივესი...
-ჰეი... მე კატა ვარ გახსოვს? ხელის მოწერა არ შემიძლია...-თითქოს ლინდამ ჩემი საუბრის გაგება დაიწყოო, შემომხედა და მთელი გულით აკისკისდა.
-სულელო, კალმის თათებით დაჭერას არ გთხოვ, სხვა იდეა მაქვს...
ლინდამ ხელი მოაწერა ბარათს, მერე კალამი დაშალა, შიგნითა ნაწილს სული ჩაბერა, მოლურჯო სითხე ციცქნა ფურცელზე დააქცია. გაოცებული ვუმზერდი, ნეტავ რას აკეთებს-მეთქი. ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე, როდის ჩამაყოფინა წინა თათი იმ საზიზღრობაში და მეზობლისთვის გასაგზავნ წერილზე დამადებინა. როცა უკვე შევამჩნიე გვიანი იყო მაგრამ მაინც დავუსხლტი ხელიდან და მთელს სახლში დაფეთებულმა ვირბინე.
-მიუ, არა!-აყვირდა ლინდა,-ასე ყველაფერს დასვრი...
მართალი იყო, როდესაც უკან მოვიხედე, ყველგან ჩემი ნაფეხური ეხატა, იატაკზე, დივანზე, მაგიდაზე, წერილზე, კედლებზეც კი... კედლებს როდის შევეხე არც კი მახსოვდა.
ლინდამ ცოტა იწუწუნა, მერე თათი დამბანა და სცადა ჩემი ნაკვალევი ყველგან წაეშალა. თუმცა, ყველგან ვერ შეძლო. წერილი კონვერტში ჩადო. ფეხაკრეფით გავიდა მეზობლის ფეხის საწმენდ ტილოზე დადო, დააკაკუნა და სახლში შემოვარდა. თან ჩვენი კარის ნახვრეტიდან იჭყიტებოდა. მერე, უცებ თავი გამოსწია მისაღებ ოთახში გაიქცა და დივანზე ხტუნაობა დაიწყო, თან უცნაურ ილეთებს აკეთებდა, მგონი ცეკვავდა. ამ ხნის მანძილზე პირველად ვნახე ლინდას ცეკვა. ლამაზი სხეული ჰქონია, აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე.
-მიუ, მოვა... საღამოს სტუმარი გვეყოლება... უნდა მოვემზადოთ... წარმოგიდგენია? ჩვენს სათვალთვალო ხვრელს გამოხედა და გაიღიმა... თითქოს იცოდა რომ იქ ვიდექით...-უცებ გაჩუმდა და კუნტრუშიც შეწყვიტა, იატაკზე ჩამოქვეითდა,-ჩაიცვი, მაღაზიებში მივდივართ! - მითხრა და სასწრაფოდ კარადას მიაშურა.
-მე კატა ვარ, რა უნდა ჩავიცვა?
-მართალი ხარ მიუ, აქამდე როგორ ვერ მივხვდი... შენთვის ტანსაცმელიც უნდა ვიყიდოთ...
-არ მომწონს ეს აზრი, მე კატა ვარ, კატა!
ლინდა აღარ მისმენდა (არ ვარ დარწმუნებული, რომ მანამდე რასაც ვეუბნებოდი ყველაფერს იგებდა, თუმცა თავს მაინც მაჩვენებდა ხოლმე რომ ჩემი ესმოდა, ახლა ესეც შეწყვიტა). ჩაიცვა, სპეციალურ ჩანთაში ჩამსვა და წავედით.
მაღაზიებში ბოდიალი მოსაწყენი აღმოჩნდა. ლინდამ ორი ურიკა გაავსო და თავის რკინის ჯართში ჩააწყო. არ ვიცოდი, რომ მანქანა გვყავდა. მაგარია. წითელი იყო და დიდი. ლინდას ბეწვის ფერს უხდებოდა.
...და ჩემი თვალის ფერსაც, ასე მგონია.
მანქანები მძულდა, მაგრამ ჩვენი დანახვისთანავე შევიყვარე, ალბათ იმიტომ რომ ჩვენი იყო.
ჰმმ, ეგოიზმი.
ადამიანები ფიქრობენ, რომ ეგოიზმი ცუდი გრძნობაა, თუმცა, მე მომწონს!
ლინდამ მე და ჩვენმა წითელმა ავტომობილმა თითქმის მთელი ქალაქი მოვიარეთ, მგონი ყველა მაღაზიაში შევედით. ლინდა ყველაფერს ყიდულობდა. ბედნიერი ჩანდა, უზომოდ ბედნიერი. ამას ვგრძნობდი.
აურა.
ერთი ძალიან ლამაზი წითელი კაბა იყიდა თავისთვის. ჩემთვის - რამდენიმე და ფერადი. ყელსახვევი ლენტებიც რამდენიმე და ზინზილაკებიანი.
შინ რომ დავბრუნდით, როგორც იქნა გამათავისუფლა იმ სულელური ზურგჩანთიდან. თათები გავშალე და ქვიშას მივაშურე, ცოტაც და კნუტობას გავიხსენებდი, დროული იყო.
სამზარეულოში ღიღინებდა და თან ადამიანურ საჭმელებს აკეთებდა. მერე ოთახის ცენტრში მაგიდა გაშალა. ულამაზესი ბორდოსფერი გადასაფარებელი და თეთრი ხელსახოცები დააწყო.
შემწვარი ხორცის სუნი მცემდა, კინაღამ ჭკუიდან შემშალა. ბოლოს, ვეღარ მოვითმინე და ავკნავლდი:
-მიეაააავ...
-მიუ , კარგი რა, რა გჭირს, კნუტი ხომ არ ხარ, ცოტა ხანს მოითმინე, ან ვისკასი ჭამე...
-აუუუ, მშიაა...
-მალე სტუმარი მოვა, დროა ჩავიცვათ...
ლინდამ თავისი ახალი კაბა ჩაიცვა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მენახა შიშველი, პირველად შევამჩნიე მისი მკერდის სილამაზე. „ნუთუ ეს კაბა ხდიდა ასეთს?“ უდაოდ კაბის ბრალი იყო, თორემ აქამდე როგორ ვერ შევამჩნევდი ამ ორ პატარა ბორცვს, რომელზეც ყოველ ღამით მეძინა?
გამოპრანჭვას რომ მორჩა მე მომადგა. რაღაც უცნაური, გაფურჩქნული მწვანე კაბა ჩამაცვა და ყელზე ცისფერი ბაფთა შემაბა, ზინზილაკიანი...
ო , ღმერთებო ეს რა საშინელი შეგრძნება ყოფილა. ტანსაცმელში როგორ შეუძლიათ ადამიანებს სუნთვა? ან მოძრაობა? ვგრძნობდი, რომ ჩვენს ეზოში მცხოვრები სამფეხა ძაღლივით (რომელსაც ყოველდღე ვხედავდი ფანჯრიდან) უცნაურად დავდიოდი...
ჯანდაბა!
ადამიანი რომ ვიყო, ვიტყოდი „ამის დედაც-მეთქი“...
***
ჩვენი მეზობელი (როგორც ლინდამ მოგვიანებით მითხრა), ზუსტ დროს მოვიდა, თითქოს საათზე წამებს ითვლიდაო...  ლინდას ყვავილები მოუტანა, მე - კნუტის ჟელე.
კარი რომ გავაღეთ, უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს, ვერავინ გაბედაო იდილიის დარღვევა, ბოლოს ისევ მეზობელმა გადმოდგა პირველი ნაბიჯი ჩვენი კარის ზღურბლი გადმოკვეთა და თქვა:
-ნიკა, ნიკა მქვია...
-მე ლინდა...-უმალვე უპასუხა ჩემმა პატრონმა, ბიჭს გაეცინა.
-ვიცი...
ლინდამ თავი დახარა და გაწითლდა, მგონი შერცხვა.
მაგიდასთან სამი სკამი იდგა, მაგრამ მე იატაკზე ჩემს საყვარელ ჯამში ჭამა ვამჯობინე, მერე კი ჩემთვის განკუთვნილ სკამზე ავხტი და მათი მოსმენა დავიწყე. ჩამეძინა.
როდესაც თვალი გავახილე სახლში მხოლოდ მე და ლინდა ვიყავით, ის წასულიყო. ლინდა დივანზე იჯდა ნახევრად გახდილი კაბით. დაღონებული. რა მოხდა-მეთქი ვკითხე. მან გამომხედა ალერსიანი ღიმილით და არაფერიაო მიპასუხა. მერე მაგიდა აალაგა, ტანისამოსი გაიხადა და საწოლში გაიშოტა:
-ფისო, როგორ გგონია, რამე ვაწყენინეთ? - თან კაბას მხდიდა.
-არ ვიცი, ჩამეძინა...
-თითქოს , ყველაფერი კარგად იყო, ვიცინოდით, მუსიკას ვუსმენდით, ის კი... ის... უნდა წავიდეო და გაიქცა... ვერ ვხვდები სად დავუშვი შეცდომა... რა დავაშავეთ, შენ ხომ არ იცი?
-იქნებ საქმე გამოუჩნდა?
-არამგონია, ამ დროს საქმეზე გაქცეულიყო, ალბათ, უბრალოდ არ მოვწონვარ... რა გასაკვირია, ვის მოსწონს უპრინციპო, მოსაწყენი და ამავდროულად თარსი ქალები? არავის... რისი იმედი მქონდა. პრინცი ცხენზე? უფრთო ანგელოზი? კარგი რა, ჩვენთან ეგეთები არ ხდება...
ვუყურებდი ლინდას და ვხედავდი მის თვალებში იმედგაცრუებას. ვხედავდი როგორ გრძნობდა საკუთარ უსუსურობას და საკუთარი არსებობის საჭიროების ნაკლებობას სამყაროში.
დეპრესია.
ჩაგვეძინა.
***
ჩვენი საყვარელი მეზობელი რამდენიმე დღე არ გამოჩენილა. ერთ დღეს , როცა დაბრუნდა ხელში ისევ ყვავილები და კნუტის ჟელე ეკავა. ლინდას სახე გაუბრწყინდა ოდნავ შეღებულ კარში ის რომ დაინახა , მაგრამ მის წინაშე აღფრთოვანება არ გამოუხატავს და უბრალოდ ჰკითხა რა გინდაო.
-ბოდიში...
-რისთვის?
-მოულოდნელი გაქცევისთვის...-ღრმად ჩაისუნთქა და დააპირა რაღაც გრძელი ეთქვა, მაგრამ ლინდამ გააჩუმა, არ ხარ ვალდებული ამიხსნაო რამე.
-არაფერია... მიჩვეული ვარ...
-არ შემომიშვებ?
-რისთვის?
-მინდა რაღაც აგიხსნა...
-მართლა არაა საჭირო და თან არც მაინტერესებს...
-გთხოვ...
-კარგი, შემოდი,-თქვა ლინდამ და ნახევრად შეღებული კარი ბოლომდე გააღო...-მაგრამ ყოველგვარი ახსნების გარეშე...
ბიჭი დივანზე ჩამოჯდა, ყვავილები ისევ ხელში ეკავა, კნუტის ჟელეც. მაგიდაზე ავხტი და სახეში გამომცდელი მზერა მივაპყარი. მოგვიანებით ლინდამ ამიხსნა რომ ის ყვავილები სიმბოლურად პატიების თხოვნას გამოხატავდა და მათი სახელიც მითხრა, თუმცა არ მახსოვს, ჩემთვის ყველა ყვავილი ერთნაირია და არაფერს გამოხატავს, ჩემი აზრით , მასში ადამიანები სულ ტყუილად ხარჯავენ ფულს. აი, კნუტის ჟელე კი სულ სხვაა, მიუხედავად იმისა რომ ლინდას მისი ყიდვა არასოდეს ავიწყდებოდა და სულ გვქონდა მაინც გამიხარდა, კნუტის ჟელე ხომ არასოდესაა ზედმეტი?
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ხმას არცერთი იღებდა. ვუყურებდი ნიკას და მეცოდებოდა თითქოს. საყვარელი იყო. უცებ, მომინდა რომ მის კალთაში ჩავმხტარიხავი და მომფერებოდა, მაგრამ ფეხს ვითრევდი. ვიცოდი რომ ჩემი სურვილის დაკმაყოფილება ახლა ლინდას ღალატს ნიშნავდა.
-ეგ ყვავილები გახმება, მომეცი...
ლინდამ ყვავილები გამოართვა, შემოხვეული გაზეთი სუფთად, გახევის გარეშე შემოაცალა და ერთ ერთ წყლიან ქოთანში ჩააწყო. ჩემი ჟელე გახსნა და დამიძახა მოდი მიუ ჭამეო. მინდოდა მათი დუმილის მოსმენა, თუმცა ჟელეს სუნმა გამაბრმავა და ჩემს ჯამთან მივცუნცულდი. როდესაც ჭამას მოვრჩი და მისაღებში დავბრუნდი, დავინახე რომ ბიჭი ისევ იქ იჯდა და ხმას არ იღებდა, ლინდა კი ...
აი, ლინდას კი ჩემი წადილი თავად დაეკმაყოფილებინა და ჩვენი საყვარელი მეზობლის კალთაში თავჩარგული ისე მოკუნტულიყო როგორც ნამდვილი კნუტი. მის წითურ ბეწვს ბიჭი თითებში ათამაშებდა.
კარგი სანახავი იყო, გამიხარდა რომ შერიგდნენ. იმ დღეს ნიკას ჩვენს საწოლში ეძინა. უბრალოდ ეძინა განსხვავებით იმ ღიპიანი მონსტრისაგან რომელიც ძლივს ჩამოვიშორეთ. ალბათ, ის არც დაიძინებდა ჩვენთან ლინდას რომ არ ეთხოვა კარისაკენ მიმავალისთვის დარჩიო. მან ჩემს კნუტს შუბლზე აკოცა და კარგიო უთხრა. დილით, როცა წავიდა ლინდამ მითხრა რაღაცნაირიაო. სხვანაირიო. როგორი მეთი ვკითხე და მიპასუხა რომ ზუსტად არ იცოდა.
„არ ვიცი მიუ, მგონი კარგი ბიჭია, არ ვიცი... მგონი თუ ჰო, ვერ გამიგია... არ მქონია კარგ კაცებთან ურთიერთობა, ყველა ღორი იყო აქამდე... ან ღორზე უარესიც... ვერ ვცნობ კარგებს, ცუდები თავიდან კარგებს გვანან მაგრამ არ არიან... ეს კი არ ვიცი... არც კი უკოცნია... ვერ გამიგია არ მოვწონვარ, თუ თავს მაჩვენებს კარგ ვინმედ ან იქნებ მართლა კარგი ვინმეა, ან გეი? იცი გეი რა არის? თუმცა, დაივიწყე, რა მნიშვნელობა აქვს... ცხოვრებაში პირველად ვიღაცას ჩემს ლოგინში ეძინა, გესმის? უბრალოდ ეძინა და მეტი არაფერი... მის გულ-მკერდზე თავი მედო და მესმოდა ფეთქვა. ბუმ... ბუუუმ... ვგრძნობდი კიდეც... ის კი... ის უბრალოდ ჩემს ცეცხლისფერ თმებს ეთამაშებოდა... ვერაფერი გავიგე ფისო...“
იმედგაცრუებულივით და გაოცებულივით კი მელაპარაკებოდა, მაგრამ ვის სჯეროდა მისი? ზედმეტად კარგად გამეცნო საიმისოდ რომ მის სახეზე ემოციების ამოკითხვა ან ხმაში ჩაკარგული გრძნობები ვერ ამომეცნო. ბედნიერი იყო. უბრალოდ, ვატყობდი რომ ამ ბედნიერების ძალიან ეშინოდა და ფრთხილობდა. ერთხელ ისიც წამოაყრანტალა იმიტომ მეშინია ჩვენს მეზობელთან ურთიერთობის რომ ყველაფერი იდეალურად ჩანს და სწრაფად ხდებაო. მერე რა-მეთქი ვკითხე...
„ფისო შენ ჯერ ვერ ხვდები რანაირია სამყარო და როგორი არსებებით სავსე. ცხვრის ტყავში გახვეულ მგლებზე გსმენია? ან ანგელოზებში ჩასახლებულ დემონებზე? ეგეთები ჩვენს დროში და ზოგადად სამყაროში ყოველთვის ბევრნი იყვნენ, ახლაც ბევრნი არიან და ჩვენით იკვებებიან... აღარ მინდა ვინმეს პირის ჩასატკბარუნებელ ლუკმად ვიქცე გესმის? დავიღალე... მომწყინდა თავის გრძნობა არასაკმარისად ვინმესთვის... არადამაკმაყოფილებლად... თავს ხუთიანებით გატენილ დღიურში გაპარულ ორიანად ვგრძნობ ხანდახან... თუმცა, შენ რა გესმის... შენ ხომ მხოლოდ კატა ხარ... ალბათ, ჩემიც არ გესმის... არც კაცების გაგეგება რამე... ჰო, ზუსტადაც ასეა, არაფერი გაგეგება თორემ მეზობლის იმ გაფხორილ კატას არ აეტორღიალებოდი... აი, კარგი მაგალითია, ხომ გახსოვს ის კატა? ხომ მოგწონდა თავიდან? ხომ სხვანაირად ლამაზი და საყვარელი ჩანდა? აღმოჩნდა? - არა , რა თქმა უნდა... ადამიანებშიც ასეა, კარგები არ არსებობენ... ან ცოტანი არიან, ანაც იმდენად თავმდაბლები, რომ არც კი ცდილობენ საკუთარი სიკეთეების სააშკარაოზე გამოტანას... ეს ბიჭი კი... ნიკა... ჩვენი კარის მეზობელი... არაამქვეყნიურად კეთილი ჩანს, მზრუნველი, ერთი შეხედვით საოცნებო კაცს ჰგავს, მაგრამ არის კი? - არ ვიცი, იქნებ არის კიდეც... მაგრამ რომ არ აღმოჩნდეს... აი, ვთქვათ ციდან ჩამოვარდნილი ანგელოზის ნაცვლად ცხვრისტყავიანი მგელი რომ იყოს? დემონით შეპყრობილი ანგელოზი? მერე? მერე რა მოხდება? ვის ეტკინება? რა საკვირველია მე... როგორც ყოველთვის მე... იცი, მიუ ტკივილების აღარც მეშინია და უკვე თითქოს ვეღარც ვგრძნობ... დიდი ოხერი რამეა ადამიანი... ყველაფერს ეჩვევა. ეგუება. სიკვდილსაც კი, გესმის? სიკვდილსაც კი ეგუება, ციცქნა გულის ტკენები რა მოსატანია? მივცემ შანსს... თუნდაც შეცდომა იყოს... მირჩევნია რაღაც გავაკეთო და ეს იყოს შეცდომა, ვიდრე არ გავაკეთო და ის... ხომ გესმის?
ყველაფერი როგორ ზღაპრულად ჩანს არა? რა კარგი იქნებოდა ცხოვრებაშიც ყველაფერი ზღაპრებივით მთავრდებოდეს... მაგრამ ასე არ ხდება ფისო... არაფერი მთავრდება კარგად. არავინ ცხოვრობს დიდ ხანს და ბედნიერად. ბოლოს ყველა კვდება და მათგან მხოლოდ მოგონებები რჩება, მერე მოგონებებიც ქრება და არაფერი რჩება... აღარაფერი გესმის... სხვა ადამიანები ეგუებიან შენს სიკვდილს და ცხოვრებას აგრძელებენ... გრძნობებიც კვდებიან. მარადიული არაფერია ფისო. ვფიქრობ, არც სამყარო...“
ცოტაც და ტირილს დავიწყებდი. არ ვიცი, კატებს ცრემლები თუ გვაქვს, მაგრამ ტირილი ნამდვილად შეგვიძლია. ლინდას თვალებში რომ ჩავხედე ტირილი დავინახე. მაგრამ უცრემლოდ. გული მომიკვდა. მისი თვალები მე მირეკლავდა და ფიზიკური ანარეკლის გარდა ვხეტავდი იმ ყველა ტანჯვას რაც მე გამოვიარე ლინდამდე. თითქოს კანიც ხელმეორედ ამეწვა... გამახსენდა დედა. მისი სისხლი ასფალტზე. მისი რჩევა-დარიგებები.
მოგონება.
რამდენი დღე გასულა. მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე, რამდენი დღე გასულა მოგონებების გარეშე დედაზე. მართალი იყო ჩემი კნუტი ლინდა. სიკვდილის შემდეგ მხოლოდ მოგონებები რჩება. თავდაპირველად ულევი, გამუდმებული, გგონია ეს მოგონებები დაგწვავს და მტვრად გაქცევს მაგრამ...
მერე რაღაც ახალი ხდება.
მაგალითად ჩემს შემთხვევაში ლინდა.
ახალი ხდება და მოგონებებიც კლებას იწყებს.
და ფერმკრთალდებიან მოჩვენებებიც, ისევე როგორც გაფერმკრთალდა დედა. რომ არა ლინდას გრძელი მონოლოგი, ვინ იცის, რამდენი დღე ვიცხოვრებდი კიდევ დედის ლანდის გარეშე? იქნებ საერთოდ გამექრო კიდეც იგი, მაგრამ ახლა არა... აღარ! ის ისეთივე მკვეთრი გახდა, როგორც პირველ დღეს.
ლინდა გენიოსი იყო.
თითქოს, გრძნობდა განიცდიდა და კითხულობდა ჩემს ფიქრებს, თუმცა ჩემი ენა არ ესმოდა.
ო, როგორ მიყვარდა...
და როგორ უფრო ძლიერ შემიყვარდა იმ წამს...
არაერთხელ შემიყვარდა თავიდან. მაგრამ მის თვალებში დანახულმა მემ მაგრძნობინა, რომ ისიც ლინდას ხედავდა ჩემსაში.
მერე რა თვალები ჰქონდა...
ცისფერი...
თუ ზღვის?


***
მახსოვს როგორ სთხოვა ნიკამ ლინდას ცოლობა.
მეზობლის აივანზე ჩიტი დავინახე. ვიფიქრე, წავეთამაშები-მეთქი. არის რაღაც მონსტრული ჩვენში. მონადირების, დამონების სურვილი გაბრმავებს, ძალაუფლების შეგრძნება თითქოს გამაღლებს გაგიჟებს... თუ არ ვცდები განდიდების მანიას თუ რაღაც ეგეთს უწოდებენ ამ გრძნობას ადამიანები.
რა მნიშვნელობა აქვს?
მოკლედ რომ ვთქვათ, ღმერთად თავის გრძნობის სურვილმა შემიპყრო, სხვისი სიცოცხლის მართვის ძალაუფლების წადილმა და ასე თვალთახედვა გაბლარულს, აღარცკი მახსოვს როგორ ავხტი ჩვენი ცათამბრჯენის აივნის მოაჯირზე და გადავსკუპდი მეზობლის აივანზე. ჩიტი გაფრინდა და რაღაც მომაჭიკჭიკა, ვფიქრობ კარგს არაფერს მეუბნებოდა, დაახლოებით ისე გამოიყურებოდა როგორც ადამიანები გინების მომენტში. უეცრად, მივხვდი რომ შენობა მაღალი იყო. ზედმეტად. შემეშინდა და კნავილი დავიწყე. ჩემი ხმის გაგონებისას ლინდამ გამოყო თავი აივანზე და ვიგრძენი რომ თავბრუ დაეხვა.
-მიუ, მანდ რა გინდა, ჩვენი აივანი არ გყოფნის?
-მიიივ...-გავძახე საწყლად, მან თავი ჩახარა და შინ შებრუნდა. შემეშინდა, გავიფიქრე ნუთუ აქ დამტოვებს-მეთქი.
რა თქმა უნდა, არ დამტოვებდა. ეს როგორ დავუშვი. როგორ დავრთე ჩემს უტვინო თავს ნება თუნდაც ერთი წამით დამესვა, ლომ ლინდა მიმატოვებდა? რა სულელი ვიყავი... რა დებილი. ეს ხომ ლინდა იყო? ადამიანების და კატების წმინდანი. წითურთმიანი ალქაჯი. ალქაჯები კარგი ვინმეები არიან. მფრინავი ცოცხები აქვთ, დაფრინავენ მაგიებს ხელის დატკაცუნებით აკეთებენ და კატები უყვართ. შავი კატები. ეს ყველაფერი ტელევიზორში ვნახე. მე და ლინდა ვუყურებდით. მე ვუთხარი ეს გოგო შენ გგავს-მეთქი. თითქოს გაიგოო ცოტახანში მკითხა ეს ორი ჩვენს თავს ხომ არ გაგონებს, მფრინავი ცოცხი გვაკლია უბრალოდო. ცოცხი გვქონდა, მაგრამ არ ფრინავდა...
ჩემი ალქაჯი მალევე დაბრუნდა.
-ფისო შარში ვართ, უნდა გადმოხვიდე როგორმე. მაგ სახლის პატრონი ერთი კვირა ვერ დაბრუნდება, სოფელშია...
ლინდა ატირდა. მინდოდა, გულით მინდოდა უკან, ჩვენს აივანზე დაბრუნება, მაგრამ ვერ შევძელი. თითქოს, ვგრძნობდი, რომ აუცილებლად მიწაზე დავენარცხებოდი პირველსავე მცდელობაზე მოაჯირიდან გადახტომისა. ჰოდა, უბრალოდ ავტირდი... მოგშივდებოდაო რამდენიმე საათიანი უშედეგო „გადმოხტი მიუ გთხოვების“ შემდეგ ლინდამ მითხრა მოგშივდებოდაო და ხელით წისკასი გადმომიყარა. ისე მოიქნია მკლავი რომ ნახევარზე მეტი ძირს ჩაცვივდა. მე კი ქუჩის კატასავით იატაკიდან მიყრილ მოყრილი საჭმლის ჭამა მომიხდა.
ის ღამე ლინდას არ უძინია. აივანზე თეთრად გაათენა. გადმოყუდებით დაღლილი, იქცე მოაჯირს ზურგით მიყრდნობილი ჩამოჯდა და სიტყვიერი გამხნევება დამიწყო. ათას სისულელეს ამბობდა. ცოტახნით სულ დამავიწყდა რამხელა მანძილი გვაშორებდა და ვიგრძენი თითქოს მის კალთაში ვიჯექი და მეფერებოდა. გამთენიისას, ლინდამ მითხრა ამას ვეღარ გავუძლებო და მოაჯირზე აცოცდა. ცოტა სასაცილო ამბავიც მოჰყვა მის გმირობას. ის-ის იყო უნდა ესკუპა ჩემი აივნისკენ, რომ როგორც ყოველთვის, ციდან ჩამოვარდნილივით საიდანღაც სასწაულებრივად გაჩნდა ნიკა, რომელიც ლინდას ფეხებს ორივე ხელით ჩაბღაუჭებოდა და უკან ექაჩებოდა. თან ათას რამეს გაიძახოდა, ლინდა არ დამღუპო მაგას ნუ იზამო და ეგეთებს. ბოლოს აფექტში მყოფმა დაიყვირა მიყვარხარ ცოლად გამომყევიო და ლინდა უკან გადაათრია. ვუყურებდი როგორ დაეცა ზემოდან და დააჭყლიტა ჩემმა ალქაჯმა ჩვენი მეზობელი ჩვენივე აივნის ცივ ფილებზე. როცა ყველაფერს ნათელი მოეფინა ორივე ახარხარდა. ალბათ, მეც დავიწყებდი სიცილს, კატა რომ არ ვყოფილიყავი.
აღმოჩნდა, რომ ჩვენს მეზობელს სულაც არ უთქვამს ჩემი ალქაჯისთვის გამიცოლდიო მისი დაკარგვის შიშის გამო. მას ეს ისედაც სურდა, უბრალოდ შესაფერის დროს და ადგილს ველოდებოდიო უთხრა და სახლიდან ბეჭედი გამოუტანა.
ლინდამ უთხრა კარგიო.
ჰოდა, ასე უცნაურად გახდა ლინდა ნიკას ცოლი. მეზობლის აივნიდან ჩემს უკან დასაბრუნებლად კი ლინდას ნაცვლად მისი მომავალი ქმარი და ჩვენი, ორივეს გმირი მეზობელი გადმოხტა და ჩემი თავით გულზე მიწებებული ისევ გადახტა.  მერე ხშირად ხუმრობდა ხოლმე ამ დღეზე თან ლინდას გახედავდა სიყვარულიანი თვალებით და იტყოდა  შენმა თანხმობამ ისე ამამჩატა ერთიორჯერ კიდევ გადავხტგადმოვხტებოდიო იმ დღეს.
რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, მათი ამბავი ზღაპრულად დამთავრდა.
ჩემგან განსხვავებით...



***
როდესაც წამოვიზარდე, ზაფხულის ცხელ დღეებში ლინდას ექიმთან მივყავდი ხოლმე (მგონი, გრუმერს ეძახდა) ექიმი რაღაც წამალს მიკეთებდა და მე ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა ძალა. ის კი ჩემს ბეწვს ჭრიდა... თავიდან ვბრაზობდი , ვერ ვხვდებოდი რატომ აღარ მოსწონდა ლინდას ჩემი შავი ბეწვი, ბეწვის ფერი ხომ ორივეს თარსთა კატეგორიაში გვაერთიანებდა?
მერე ლინდამ მითხრა რომ ამას ჩემთვის აკეთებდა და მე ის უფრო მეტად შემიყვარდა.
„ფისო, ვიცი ბრაზობ ბეწვს რომ გაჭრით, არ მითხრა არაო, სახეზე გაწერია... არ ვიცი გჯერა თუ არა, მაგრამ, ამას შენთვის ვაკეთებთ, გეფიცები... არ მინდა რომ დაგცხეს...“
საყვარელი... სულელი გოგო. ფიქრობს ბეწვს გარეშე არ დამცხება. ზაფხული ხომ სწორედ იმისთვის არსებობს რომ დაგვცხეს? თუმცა, რომ დავფიქრდი ასე გაპუტულს, მართლაც რომ უფრო ნაკლებად მცხელოდა.
ლინდას ბედნიერებას და გათხოვებას ჩვენს ურთიერთობაზე არ უმოქმედია. ყოველ შემთხვევაში, უარყოფითად - არა. ისევ ისე ვუყვარდი და ისევ ხშირად მელაპარაკებოდა. მიუხედავად იმისა რომ ეს კაცი ლინდას სხვა კაცებისაგან ბევრად განსხვავებული და კარგი იყო, თანაც ყველაზე მეტად უყვარდა, ვისაც მანამდე ჰყვარებია, ვგრძნობდი რომ ჩემი ალქაჯი შინაგანად მაინც მარტოსული იყო და თითქოს რაღაც აკლდა. რაღაც სტკიოდა... ლაქასავით ჰქონდა გულზე და ვერ ირეცხავდა.
გული ცოტა უცნაური სხეულის ნაწილია. გრძნობებს მართავსო ადამიანები ამბობენ. ლინდა გულზე ისე ლაპარაკობდა ხოლმე, როგორც პატარა კნუტზე. მე კი გულის ჩემეული ხედვა მაქვს. ის იმ ყვავილების ფაიფურის ქოთანს მაგონებს, მე რომ მიყვარდა წყლის იქიდან დალევა ხოლმე, ლინდა კი სულ მეჩხუბებოდა, სუფთა წყალი ჯამში გაქვს და რატომ ვერ ელევი ამ „ბაყაყებიან წყალსო“? ბაყაყები ბევრჯერ მოვძებნე მასში თუმცა, მგონი ლინდა ცდებოდა, ან როგორც ადამიანები იტყოდნენ მეტაფორულად გამოხატავდა წყლის სიბინძურეს ამ სიტყვებით. მე კი იმ უბაყაყო „ბაყაყებიანი წყლის“ გემო მართლა მომწონდა, არ ვიცი რატომ მაგრამ თითქოს რაღაც სხვა არომატი ჰქონდა... ალბათ - ყვავილების... ჰოდა, ეს ლამაზი ქოთანი, რომელსაც ლინდას თქმით იაპონური ორნამენტები ჰქონდა, (ამ სიტყვების მნიშვნელობა არ ვიცი), ერთხელ სრულიად შემთხვევით, გადმოვაგდე და დავამსხვრიე. ციცქნა ნაწილაკები მთელ სახლში მოიბნა, მე შემეშინდა და დავიმალე. ლინდამ მითხრა ცუდი ფისო ხარ, მიყვარდაო ეს ქოთანი...
-იქნებ შევაწებოთ?-ვთქვი დამორცხვებით და გული დამწყდა რომ ლინდას საყვარელი ქოთანი უნებლიედ დამემსხვრა.
-გენიოსი ხარ მიუ, უნდა შევაწებოთ,-მე თვალები გამიფართოვდა, ნეტავ როგორ მიხვდა-მეთქი, თუმცა, რა გასაკვირი იყო, მას ხომ უსიტყვოდ ესმოდა ჩემი?-სადღაც კარგი წებო უნდა მქონდეს...
ჩემი დაბინძურებული ალაგი რომ დააწკრიალა საწოლის ქვეშ შეძვრა. დიდი შეკვრა წებო გამოიღო და ეს ციცქნა, ზედმიწევნით შეგროვებული ნამსხვრევები ერთმანეთს მიაწება. მთელი დღე მოუნდა, მაგრამ არ დანებებულა. ბოლომდე იბრძოლა, სანამ ბოლო, ყველაზე ციცქნა ნაწილი არ დააწება. მერე ბედნიერი სახით თქვა ესეც ასეო და იატაკიდან სავარძელში გადაჯდა. მიესვენა და ასე ჩაეძინა კიდეც.
მე მთელი დღე გაოცებული ვუყურებდი, საჭმლის ჭამაც კი გადამავიწყდა. შეწებებულ ქოთანს ფეხაკრეფით მივუახლოვდი და თათი მივადე. არ მჯეროდა რომ გამთლიანებული იყო. თუმცა, ერთი ნაწილაკი როგორც ჩანს მტვრად ქცეულიყო, ლინდას ვერსად ეპოვა და მის ადგილას ხვრელი დარჩენილიყო. ნაწილაკის ფორმის ხვრელი. მოსამკუთხედო ნახვრეტი.
ახლოს მისული, კარგად რომ დავაკვირდი, შევამჩნიე რომ ნაწილაკების შეწებების ადგილებს რაღაც სჭირდა. ყველა ნამსხვრევის ფორმის დანახვა შემეძლო.
ბზარები.
მეგონა, დრო რომ გავა ეს ბზარები ჩემი ოდესღაც დამწვარი კანის მსგავსად გამთელდება-მეთქი, მაგრამ შევცდი. ბზარები არსად გამქრალან, სამუდამოდ დარჩნენ.
ჰოდა, აი სწორედ იმ ქოთანს მაგონებს გულიც. როცა იმსხვრევა, ვიღაც ლინდასნაირი მოდის, მთელი მონდომებით აწებებს, მაგრამ ბზარებს ვერ შველის, ნახაზები ნაკაწრები თუ რაცაა, რჩება.
ლინდაშიც რაღაც ასეთს ვხედავდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რა იყო ისეთი ტრაგიკული მის ცხოვრებაში რაც შეწებებამ ვერ გაანეიტრალა.
ერთხელ, კალთაში ვეჯექი და მეფერებოდა, როდესაც საკუთარი ფიქრები კიდევ ერთხელ გამანდო.
არაერთხელ...
კიდევ ერთხელ:
„მიუ იცი, ცხოვრებაში რაღაცები არის, რასაც ვერ ვაკონტროლებთ და ამას სიგიჟემდე მივყავართ. ალბათ, ხვდები რომ ახლა ბედნიერი უნდა ვიყო, ჩემს ადგილზე სხვა გოგო ბედნიერი იქნებოდა... კი, უდაოდ იქნებოდა. მე კი... მე არ ვარ. არც სხვა გოგო და არც ბედნიერი. თითქოს რაღაც მაკლია. ვერ ვხვდები რა. აი, იმ ქოთანს ხომ ხედავ, გახვრეტილს, ზუსტად ეგეთი ხვრელი მაქვს გულზე და ვერ ვავსებ. ვიცი რისი ბრალიცაა. გეტყვი შენც და ასე უფრო მარტივად გამიგებ. იცი , რომ მიყვარს ჩემი ქმარი არა? მართლა მიყვარს, კარგი ბიჭია, მზრუნველი, ლამაზი... მოკლედ, საოცნებო პრინციც კი შეიძლება ეწოდოს... იცი, ადამიანები ფიქრობენ, რომ წყვილში ორიდან ერთ-ერთს ყოველთვის უფრო მეტად უყვარს მეორე... მთელი ჩემი ცხოვრება, მე ვიყავი ის პირველი, რომელსაც უფრო ძლიერ უყვარდა... ახლა კი ეს პრივილეგია, თუ როლი დავკარგე, არ ვიმჩნევ, თუმცა ვგრძნობ, რომ ქმარს იმაზე მეტად ვუყვარვარ ვიდრე მე მიყვარს იგი. არ ვიცი რატომ, თავიდან ამ საკითხზე ბევრს ვფიქრობდი და ვდარდობდი კიდეც, სიყვარულის ნიჭი ხომ არ დავკარგე-მეთქი? მაგრამ მერე მივხვდი, რომ უბრალოდ გავიყინე. გავცივდი. გული კი, ეს მფეთქავი ხორცის ნაგლეჯი, ჩვენი სხეულიდან, გახმა, დალპა და გაქვავდა. სიყვარული ისევ შემიძლია, უბრალოდ ძველებური თავდავიწყებით აღარ... ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა ამაზე... განსაკუთრებით კი „ქალობის“ დაკარგვამ...  არავის უკითხავს ჩემთვის, მინდოდა თუ არა, რომ თავი დედად მეგრძნო. ჩემი უმეცრებით, ჩემი სისულელით ჩემსავე მუცელში მოვკალი ბავშვი. გახსოვს ალბათ, ავად რომ გავხდი ის დრო... ჩემი ჩადენილი მკვლელობის ბრალი იყო... ჩემმა ჩადენილმა მკვლელობამ გამხადა სამუდამოდ უშვილო. არასრულფასოვანი ქალი. ღმერთმა დამსაჯა... და წამართვა ნიჭი დედად ქცევის. ამ ტკივილის განელება რთულია... კვალიც მაგან დამიტოვა. საბოლოო და წარუშლელი. იცი, არ ვიცი როგორ მოვიქცეოდი ახლა, ან რომელი გზა იქნებოდა სწორი, მაგრამ ვიცი, რომ ყველას თავისი სიმართლე აქვს...  ახლა კი, იმის დაკარგვამ რაც უკვე მქონდა და ვერ მოვუფრთხილდი, მაგრძნობინა რა ძლიერ მინდა, რომ მერქვას დედა... და რა უსუსური ვარ, როცა უსუსურ ოცნებას ვეპოტინები...“
მაშინ ვერ ვხვდებოდი ამხელა მონოლოგს რისთვის მიკითხავდა, თუმცა შემდეგ მივხვდი...
ერთ მშვენიერ ზაფხულის დილას, როდესაც ლინდამ ექიმთან წამიყვანა, მეგონა ისევ ჩემს გაპუტვას გეგმავდა. ამჯერად ნემსი, რომელიც ადრე ძალას მაცლიდა ხოლმე, უფრო ძლიერი გამოდგა და მოდუნების ნაცვლად დამაძინა. ვიგრძენი, როგორ დამიმძიმდა თვალები და როგორ წავედი სიზმრების სამყაროში. როდესაც გავიღვიძე, ისევ გაპარსული ვიყავი, თუმცა, ამჯერად მხოლოდ მუცელზე და კიდევ რაღაც მჭირდა. რაღაც უცნაურობა. როგორც შემდეგ გავიგე ამ უცნაურობას ნაკერი ერქვა. ჩემი ხორცი შეკერილი იყო ძაფით. როგორც წესი ცოცხალი არსების ხორცებს მაშინ კერავენ, როდესაც ის იხევა. მე კი არ მახსოვდა სადმე ხორცი გამეხიოს. მეუცნაურა.
გავიგონე როგორ ატირდა ლინდა ექიმთან ლაპარაკის შემდეგ, ჯერ კიდევ ძილბურანში ვიყავი და ბუნდოვნად მახსოვს ის სიტყვები რაც ალაგ-ალაგ მესმოდა. საერთო ჯამში კი გავიგე, რომ ოპერაცია გამიკეთეს. სხეულის რაღაც ნაწილები ამომაჭრეს. არ უკითხავთ მჭირდებოდა თუ არა ისინი, ჩემი ნების გარეშე ამომაჭრეს... ისიც გავიგონე, ექიმი რომ ეუბნებოდა ღმერთმა არ ქნას კიდევ დასჭირდეს ნარკოზი, ვეღარ გადაიტანსო.
„ნარკოზი“ რაღა ჩემი თათის კლანჭია-მეთქი გავიფიქრე და გავბრაზდი ამ ახალი უცხო და მახინჯი სიტყვის გამო.
რა იყო არ ვიცოდი, მაგრამ ვიცოდი რომ ცუდი იყო, ძლივს გადავიტანე და კინაღამ მოვკვდი საოპერაციო მაგიდაზე დაძინებული.
-მიუ საოპერაციო მაგიდაზე მოკვდა... გული გაუჩერდა, სუნთქვა შეწყვიტა. ასეთი ჯანმრთელი კატისაგან ასეთ გართულებას არ ველოდით...
ლინდა ტიროდა და იფიცებოდა რომ ნარკოზს აღარასოდეს გამიკეთებდა, თან ხელში აყვანილი ვყავდი და თავის ბორცვებზე მიწებებდა, მისი ცრემლები მეცემოდა და თითქოს ისეთი ცხელი იყო, რომ მწვავდა.
ეს დებილი ექიმი ჩემზე ამბობდა მოკვდაო, ვუყვიროდი, ცოცხალი ვარ ხო არ უბერავ-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ იმას მხოლოდ „მიაუ“ ესმოდა და გავჩუმდი...
ამ შენობაში ისეთივე მყრალი აურა იყო როგორიც ადამიანების საავადმყოფოში.
გული ამერია.
პირდაპირ ლინდას ყვავილებიან პერანგზე.
მიყვარდა ეს პერანგი, ჩემს ჯადოქარს ძალიან უხდებოდა, მაგრამ მგონი საბოლოოდ გავფუჭე. გული დამწყდა, ძალით არ მინდოდა, მაგრამ ღებინებას ვერ ვაკონტროლებდი და საერთოდ, რაღაც ვერ ვიყავი კარგად. არც კი მშიოდა... შინ მისულმა ჯამში ახლად მოთავსებულ კნუტის ჟელესაც კი ვერ დავაკარე პირი. ვიცოდი რომ მეჭამა ისევ გული ამერეოდა.
ჩამეძინა.
მეორე დღემდე მკვდარივით მეძინა. მეორე დღეს უკეთესად ვიყავი, მხოლოდ ნაკერები მექავებოდა. ვცდილობდი ჩემი გახეული ხორცის ნაჭრის გალოკვას ჩემი ხორკლიანი ენით. ზუსტად ვიცოდი რომ ქავილს დამიჩერებდა, თუმცა თავზე ჩამომხობილი რაღაც ღამის ქოთნის მსგავსი ნებას არ მრთავდა. მეგონა ჭკუიდან გადავიდოდი...
რამდენიმე დღეში ყველაფერი ძველებურად კარგად იყო.
დრო რომ გავიდა , გაპარსული თმაც დაბრუნდა და სრულიად დამავიწყდა ის მტკივნეული და უცნაური დღეებიც...
ნამდვილი მე რომ დაბრუნდა და ცხოვრებაც ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, ლინდას სევდიანი მონოლოგებიც განახლდა და მივხვდი, რომ მან მე დედობის უფლება წამართვა... როდესაც გავაანალიზე რომ ვერასოდეს მეყოლებოდა საკუთარი კნუტები და ვერასოდეს შევძლებდი მრქმოდა დედა - გავბრაზდი... მსურდა , ყველაფერი დამელეწა, სახლიდან გავქცეულიყავი , მიმეტოვებინა ეს მახინჯი თარსი გოგო , ან მომეკლა... სულ ერთი იყო... მან ხომ ჩემი ნების გარეშე გადაწყვიტა ჩემი ბედი, მან მე წამართვა უფლება რომ მეგრძნო სიყვარული იმ არსებებისა, რომლებიც ჩემში ჩაისახებოდნენ, ფორმირდებოდნენ, დაიბადებოდნენ... იმ საოცარი რამის ნიჭი წამართვა, როდესაც გრძნობ რომ ცოცხალი ხარ... გრძნობ რომ შენი სხეულის ნაწილი, რომელიც შენგან განცალკევდება - ცოცხლდება, სული ებერება და დამოუკიდებელ არსებად ყალიბდება. სამყაროში არსებულ სასწაულთა შორის სასწაულის მოხდენის საშუალება წამართვა და უფრო მეტიც. კინაღამ ამ ნიჭთან ერთად მეც მომკლა.
მძულდა.
დაახლოებით ისე, როგორც დედას სძულდა ბებია...
„მიუ, ვიცი გძულვარ და აზრი არ აქვს პატიების თხოვნას, არც იმის ახსნას რომ ეს შენთვის გავაკეთე. არ გამიკეთებია შენთვის, ჩემთვის გავაკეთე, იმიტომ რომ ეგოისტი და ცუდი ადამიანი ვარ, „სტარაია ვეძმა“ ცოცხზე რომ ზის, საშინლად ყარს და ყველას სძულს... ჩემთვის გავაკეთე ფისო, ბოროტი ვარ...“
მერე ატირდა და მივხვდი რომ ყველა სიტყვა რაც მანამდე თქვა სიცრუე იყო. მივხვდი, რომ თავისთვის არა ჩემთვის გააკეთა. იმისთვის, რომ ჩემი კნუტებიც ჩემსავით, ჩემი და-ძმის მსგავსად, დედასი და იმის და-ძმის მსგავსად და მრავალი სხვა კნუტის მსგავსად ქუჩაში და ცუდ ხალხში არ მოხვედრილიყვნენ. მან წინასწარ იზრუნა ჩემ კნუტებზე, რომლებიც ჯერ არც კი არსებობდნენ. ამას არ აღიარებდა, მაგრამ მის თვალებში სწორედ ამას ვხედავდი. მოიქცა თუ არა სწორად, როდესაც არ მკითხა მსურდა თუ არა ყველაფერი ეს? სწორად გადაჭრა ჯერ არ  არსებული კნუტების პრობლემა? 
არ ვიცი...           
ის თვლიდა, რომ ყველას თავისი სიმართლე ჰქონდა. მისი სიმართლეც, ალბათ, სწორედ ეს იყო.
ჩემი სიმართლე კი ერთადერთი იყო, ზუსტად ვიცოდი, რომ ვერასოდეს ვაპატიებდი ჩემთვის დედობის უფლების წართმევას, რომ არ მცოდნოდა - ლინდაც ვერასოდეს შეძლებდა იმავეს...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები