ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეით გრინი
ჟანრი: პროზა
7 დეკემბერი, 2019


სისხლში მოცეკვავე IX (დეტექტიური ჟანრი)

თავი 39

საღამო ხანი იყო, როცა მარიკო მიქავა ბალეტის მასწავლებელს, მაია ნამორაძეს სახლში ეწვია. ქალმა ყოფილი მოსწავლე განერვიულებული რომ დაინახა, შეცბა:
_ მარიკო, რამე შეგემთხვა?
_ მაია მასწავლებელო... – გოგონა შეწუხებული სახით ჩაეხუტა და მის მხრებზე აქვითინდა.
ახალგაზრდა ქალმა გოგონა სახლში შეიყვანა, ვალერიანის ნაყენის წვეთები დაალევინა და რომ დარწმუნდა, უკვე საუბარი შეეძლო, დაბალი ხმით ჰკითხა:
_ მოხდა რამე, საყვარელო?
მარიკომ ცრემლები მოიწმინდა და სასაუბროდ მოემზადა:
_ საშინელი ამბავი შევიტყვე, მერჩივნა, არაფერი მცოდნოდა. ისიც არ ვიცოდი, ვინმესთვის მეთქვა თუ არა. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს თქვენ გამახსენდით. ვიცი, რომ კარგ რჩევას მომცემთ, თქვენ ხომ ლიზასთვის ძალიან ახლობელი ადამიანი იყავით? 
_ რაც მას ეხება, ჩათვალე, რომ მეც მეხება. შეგიძლია ყველაფერი თავისუფლად მიამბო. _ ძალიან აღელდა მასწავლებელი.
გოგონამ მძიმედ ამოისუნთქა და საუბარი განაგრძო:
_ ალბათ იცით, რომ ლიზას მკვლელობა გაუხსნელია და მკვლელს ჯერ კიდევ ეძებენ. რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკიდან ლიზას მეგობარმა, ნიკა ხურცილავამ და ვიღაც ამერიკელმა გოგომ, ფაბიანამ ჩამომაკითხეს და ჩემთან შეხვედრა მოინდომეს. ისინი ლიზას შესახებ ინფორმაციას აგროვებენ. წინასწარ ვიცოდი, რა თემაზეც სურდათ ჩემთან საუბარი. დედაჩემმა და ჩემმა ძმამ მითხრეს, რომ ლიზას დღიურში გაკეთებულ უცნაური ჩანაწერის გაშიფვრით იყვნენ დაინტერესებულები. მაშინვე მივხვდი, რომელ სიმბოლოებზე იყო საუბარი და შეხვედრაზე დავთანხმდი, რადგან მაინტერესებდა, დიდ მნიშვნელობას რატომ ანიჭებდნენ იმ სიმბოლოებს _ ასეთი რა ეწერა. მათ ლიზას დღიურის ბოლო გვერდზე მოხაზული გაურკვეველი გამოსახულებები მაჩვენეს და მკითხეს, შემეძლო თუ არა გამეშიფრა. თავი მოვაჩვენე, რომ იმ გამოსახულებებს არ ვცნობდი, თუმცა მობილურით სურათი გადავუღე და დავპირდი, რომ თუ რამეს გავიხსენებდი, მათაც აუცილებლად საქმის კურსში ჩავაყენებდი. მოგვიანებით სახლში ლიზას ჩანაწერს გავეცანი, ყველაფერი ამოვხსენი და ახლა აღარ ვიცი, რა გავაკეთო, ვიღაცის რჩევა მჭირდება.
_ ერთი წუთით, საყვარელო, ვერაფერს მივხვდი. ეგ ახალგაზრდები ჩემთანაც იყვნენ და უცნაური გამოსახულებები მეც მაჩვენეს, მაგრამ რაც ლიზას ვიცნობდი, მისთვის მსგავსი ტიპის ინტერესები არასოდეს შემინიშნავს. შენ ამბობ, რომ ეს სიმბოლოები შენთვის ნაცნობია?
_ სწორედ ასეა. ეს ჩემი და ლიზას გამოგონილი ანბანია. ძირითადად, გაკვეთილებზე ვიყენებდით ხოლმე, როცა გვინდოდა, რომ ჩვენ მეტს არავის წაეკითხა.
_ ანუ ერთმანეთს ამ სიმბოლოების ენით ელაპარაკებოდით?
_ დიახ, თუ რამე მნიშვნელოვანი გვინდოდა ერთმანეთისთვის გვეთქვა და გვსურდა, რომ მასწავლებელს საუბრის გამო შენიშვნა არ მოეცა, წერილებს ვწერდით. ისინი ვინმეს რომც დაენახა, ვერაფერს მიხვდებოდა.
_ კი, მაგრამ რა გქონდათ ასეთი საიდუმლოებები, რომ საკუთარი ანბანი შექმენით?
_ ხან მასწავლებლებზე ვიყავით განაწყენებულები, ხან კლასელებზე და ხან ჩვენს შეყვარებულებზე ვწერდით ერთმანეთს. ხომ გესმით, თინეიჯერების ამბავი?
_ კარგი, მითხარი, რა ეწერა ლიზას დღიურის ბოლო გვერდზე, რომ იმის გულისთვის ის ახალგაზრდები ამერიკიდან აქ ჩამოვიდნენ?
_ მგონი, ვიცი, ვინც მოკლა ლიზა.
_ რაა?.. იქ მკვლელის სახელი და გვარი ეწერა? მარიკო, არაფერი დამიმალო! რა მოხდა სინამდვილეში, ვინ გაიმეტა ჩვენი ლიზა ამ სასტიკი სიკვდილისთვის? – ხმა შეეცვალა მასწავლებელს.
მარიკომ მობილური ამოიღო, სიმბოლოებს დახედა და სიტყვასიტყვით ყველაფერი წაუკითხა მაიას. როგორც კი კითხვა დაასრულა, მასწავლებელს შეხედა და შენიშნა, რომ ქალს სახეზე ფერი დაჰკარგვოდა. დიდი ხანი დასჭირდა მის გონზე მოსვლას. მერე მარიკოს მიუბრუნდა და ჰკითხა:
_ რას აპირებ?
_ არ ვიცი. აქ გარკვევით წერია, რომ ლიზა ამის თქმას არავისთვის აპირებდა და საიდუმლოს სამარეში წაიღებდა.
_ მიუხედავად იმისა, რომ ლიზა საიდუმლოს თქმას არავისთვის აპირებდა, იმ გარეწარმა  ხმა მაინც სამუდამოდ ჩააკმენდინა, – გაბრაზებით წარმოთქვა მაიამ და ყელში ბოღმა მოაწვა.
_ უფ, საშინელებაა...
_ მარიკო, სიმართლე უნდა თქვა. ახლავე დარეკე იმ ახალგაზრდებთან და გააცანი, აქ რაც წერია. ისინი ამ ამბავს იქამდე მიიტანენ, სადაც საჭიროა.
_ ამას ვერ გავაკეთებ.
_ რატომ?! – გაოგნებით შეხედა ქალმა, ასეთ პასუხს არ ელოდებოდა.
_ მაია მასწავლებელო, გარკვევით წერია, რომ ლიზას არავისთვის უნდოდა ეს ამბავი მოეყოლა. ამისთვის დღიურში ჩვენი სიმბოლოების გამოყენებაც კი დასჭირდა. არ მინდა, მისი სურვილის წინააღმდეგ წავიდე.
_ შენ რა, მეხუმრები? გინდა, მისი მკვლელი დაუსჯელი დადიოდეს, ბედნიერად შეირგოს ცხოვრება და ყველას ეგონოს, რომ არაჩვეულებრივი და იდეალური ადამიანია? მან შენი მეგობარი მოკლა და იცი, ეს რას ნიშნავს? ის მკვლელია, საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება და კიდევ რომ დასჭირდეს, ისევ იგივეს ჩაიდენს, ისე, რომ ხელი არც აუკანკალდება.
_ ლიზას უკანასკნელი სურვილი?
_ ლიზა ცოცხალი აღარ არის. მკვლელი მას არ ენდო, რომ არ გასცემდა და მოკლა. ბოროტმოქმედს ხელს აფარებ და ამ წუთში შენც დამნაშავე გამოდიხარ. გესმის?!
_ იქნებ, მას არ ჩაუდენია დანაშაული? აქ ხომ კონკრეტულად არაფერი ჩანს?
_ რა გულუბრყვილო ხარ, მარიკო. მე მეგონა, უფრო ჭკვიანი იყავი. ასე რომც იყოს, მაგას უკვე პოლიცია დაადგენს. მთავარია, გამოძიება სწორ კვალს დაადგეს.
_ ახლა, როცა სიმართლე თქვენც იცით, რის გაკეთებას აპირებთ, მაია მასწავლებელო? _ შეწუხებული სახით შეხედა მარიკომ.
მაია დიდხანს დადიოდა ნერვიულად ოთახში და რაღაცაზე ფიქრობდა. ბოლოს, მარიკოს მიუბრუნდა:
_ ნათიასთვის ვაპირებდი ყველაფრის მოყოლას, მაგრამ გადავიფიქრე. არ მინდა, აქედან პანიკა შევქმნა. სჯობს, იმ ნიკას და ფაბიანას შეხვდე და ყველაფერი უამბო, რაც იცი. ისინი შემდეგ ამერიკაში ჩავლენ და ყველაფერს ისე გააკეთებენ, როგორც საჭიროა. არ მინდა, ზედმეტი ჩარევით გამოძიებას ხელი შევუშალო. შენც ასე უნდა მოიქცე! დამპირდი, რომ რაც იცი, იმ ახალგაზრდების გარდა, არავის ეტყვი.
_ გპირდებით.




თავი 40

ნათია მეტრეველმა დეივიდ მილერს სთხოვა, რომ სასწრაფოდ ენახა.
სამსახურის შემდეგ დეივიდი ნათიასთან ბინაში ავიდა.
_ დეივიდ, უკვე რამდენიმე დღეა სრულ კოშმარში ვცხოვრობ. სამსახურში ჩემს სახელზე ეს წერილი მოვიდა. არ ვიცი, ვინ გამოგზავნა. კონვერტზე მხოლოდ ადრესატის სახელი წერია.
დეივიდმა ნათიას წერილი გამოართვა და გაეცნო. კითხვის დროს სახეზე აღელვება დაეტყო. გამოუტყდა, რომ მსგავსი ტიპის წერილი ლიზას ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მასაც გადასცეს, რომელზეც ამ წერილის მსგავსად გამომგზავნის სახელი მითითებული არ იყო.
_ რას ფიქრობ, დეივიდ? ვინ შეიძლება იყოს?
_ არც კი ვიცი, რა გითხრა. გამოგიტყდები და იმ წერილმა მეც ამაფორიაქა. თავიდან ვიფიქრე, რომ მკვლელის გამოგზავნილი იყო, ალბათ, დამცინის-მეთქი, მაგრამ რაში უნდა აწყობდეს?
_ იქნებ, მართლა არსებობს ვიღაც, ვინც მკვლელის ვინაობა იცის?
_ თუ მკვლელს იცნობს, რატომ არ მიდის პოლიციაში? ჩვენ რატომ გვიგზავნის ასეთი შინაარსის წერილებს?
_ უფ, ეგ რომ ვიცოდე...…_ ამოიოხრა ნათიამ.
_ გონება ისე მაქვს არეული, ათას რამეს ვფიქრობ, მაგრამ მაინც ვერ მივდივარ ჭეშმარიტებამდე.
_ რას აპირებ?
_ პოლიციაში უნდა მივიდეთ და წერილები ვაჩვენოთ. ეს სახუმარო საქმე არ არის.
_ მეც ასე ვფიქრობ.




***
მეორე დღეს, ნათია და დეივიდი პოლიციის განყოფილებაში წავიდნენ და რამდენიმე დღის წინ მიღებული წერილები დეტექტივებს წარუდგინეს. აზრა ბჰაიტის საქმის შესახებ პოლიციის თანამშრომლებს დეივიდისთვის არაფერი უხსენებიათ, ჯერ დეტალურად სწავლობდნენ ყველაფერს და ცდილობდნენ, ლიზა მეტრეველის მკვლელობასთან უფრო თვალსაჩინო ძაფები გაევლოთ. ნათიას და დეივიდის მიერ განყოფილებაში მიტანილი წერილების შემდეგ საქმეს ახალი დეტალები დაერთო და კიდევ უფრო მეტად აიხლართა ერთმანეთში.





თავი 41

ფაბიანასთვის და ნიკასთვის საქართველოში ყოფნის დრო იწურებოდა, მალე ამერიკაში უწევდათ დაბრუნება. ცხრა დღის განმავლობაში უამრავ ხალხთან შეხვედრამ ვერანაირი ნაყოფი გამოიღო და ხელჩასაჭიდსაც ვერაფერს მიაგნეს. გადაწყვიტეს, რომ წასვლამდე კახეთის უმშვენიერეს მხარეს, ყვარელს გასცნობოდნენ და ილიას ტბასთან, სასტუმრო კომპლექს “როიალ ბატონში” დაბინავდნენ. იქაური ბუნებით და კახური სტუმართმოყვარეობით მოხიბლული ფაბიანა წარუმატებელი გამოძიებისგან მიღებულ  იმედგაცრუებას ივიწყებდა და ტურისტულ ცენტრს, ექსკურსიამძღოლებს, რესტორნებს და სუვენირების მაღაზიებს არ მოსცილებია:
_ დიდებული მხარეა კახეთი, – ფაბიანა კმაყოფილი სახით გახედავდა ხოლმე ნიკას და ქართული ეკლესია-ნაგებობების ყურებით ტკბობას განაგრძობდა. გარინდული უყურებდა, თითქოს უძველესი ქვებით ნაგები ისტორიული ძეგლების ამბებს ფიქრებით წარსულში წაჰყვებოდა და გონებაში გიდის მიერ მოყოლილ ფრაგმენტებს აცოცხლებდა.
საღამოობით დაღლილები ავიდოდნენ სასტუმროს ოთახში და ფინჯანი ყავით ხელში მთელი დღის განმავლობაში მიღებულ ემოციებს და შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ ერთმანეთს, მერე მეორე დღის გეგმებს აწყობდნენ და ცდილობდნენ, გამგზავრებამდე მაქსიმალურად მოესწროთ და ყველაფერი დაეთვალიერებინათ.
_ კახეთი შემოდგომაზე კიდევ უფრო მეტად საინტერესო სანახაობებს სთავაზობს ტურისტებს. დასანანია, რომ სექტემბრის ბოლო არ არის.
_ მერე რა პრობლემაა, ნიკა? შემოდგომაზეც ვეწვიოთ. გული მწყდება, რომ ორი კვირა ამ დიდებული ქვეყნის დათვალიერებას არ ეყო, მაგრამ პირობა მომეცი, რომ სექტემბერში კიდევ ჩამოვალთ და ბევრ რაღაცას დამათვალიერებინებ. 
_ თუ მართლა ასე მოგწონს აქაურობა, პირობას ვდებ, ასეც იქნება.
კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ნიკა, როდესაც მობილურზე მარიკო მიქავასგან ზარი შეუვიდა. ეკრანს დახედა თუ არა, ნომერი ეცნო. გაუკვირდა, გვიან რომ ურეკავდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს რაღაც კარგ ამბავს შეატყობინებდა. როდესაც მარიკოს ანერვიულებული და აკანკალებული ხმა გაიგონა, მიხვდა, რაღაც სერიოზულის თქმას აპირებდა მისთვის:
_ ნიკა, სასწრაფოდ უნ...და გნახოთ. ახლა მეტს ვე... რაფერს გეტყვით, – ძლივს ლუღლუღებდა მარიკო.
_ მარიკო სად ხართ?
_ თბილისში ჩა...მოვედი.
_ კარგი, დაწყნარდი, აუცილებლად გნახავთ, – ნიკას ბევრი აღარ ულაპარაკია მასთან, ტელეფონი გათიშა და ფაბიანას აცნობა:
_ ჩვენი გეგმები იცვლება, სასწრაფოდ თბილისში უნდა წავიდეთ, მარიკო მიქავას ჩვენი ნახვა სურს.
მიუხედავად დაღლილობისა, იმ ღამეს არც ერთს მოუხუჭავს თვალი. ორივე მეორე დღის გათენებას და თბილისში გამგზავრებას ელოდა.






თავი 42

პოლიციის მიერ იმ შენობის კამერები გადამოწმდა, სადაც ლიზას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა, ასევე შეისწავლეს ნათია მეტრეველის სამსახურის წინ დაყენებული ქუჩის კამერების ჩანაწერებიც და პოლიციამ ძალიან მარტივად დაადგინა, რომ ადრესატებისთვის იმ წერილების გაგზავნაზე თავად აზრა ბჰაიტმა იზრუნა.
ბელინსკიმ და ფულერმა გარდაცვლილი აზრა ბჰაიტის და ლიზა მეტრეველის საქმეში ერთ მეტად საინტერესო ფაქტს მიაგნეს. მათ საერთო ნაცნობი, ქალბატონი ლუსი მილერი ჰყავდათ. წლების წინ, აზრა ბჰაიტი, ლუსი მილერის პედიატრად მუშაობის პერიოდში, მისი პირადი ექთანი იყო.
აზრას საბანკო ანგარიშების შესწავლისას საეჭვო რამ აღმოაჩინეს. ყოველ თვე მის ანგარიშზე ლუსი მილერისგან გარკვეული რაოდენობის თანხა ირიცხებოდა. გადამოწმდა გარდაცვლილის კომპიუტერში შენახული ელექტრონული ფოსტა, მაგრამ საეჭვოს ვერაფერს მიაგნეს. არც აზრას სატელეფონო ზარების შემოწმებისას დაფიქსირდა მილერების ოჯახთან კონტაქტი.


***
რებეკა და მარკი მთელი დღის განმავლობაში აზრა ბჰაიტის მშობლიურ ენაზე დაწერილ და ინგლისურად ნათარგმნ ფურცელს ჩაჰკირკიტებდნენ:

08. 08. 2005 _ დრაცენას ფესვები
12.03.2006 _ სააღდგომო კერამიკის ვარდისფერი კურდღელი (ძველი ნივთების ყუთი სარდაფში)
22.09.2008 _ საშუალო ზომის წითელი, სურნელოვანი დეკორატიული სანთელი (სამი ცალიდან ერთი)
19.04.2011 _ კედლის საათი (საფრანგეთი)
02. 07. 2013 _ ჩამრთველი
25. 02. 2017 _ დედამიწა, ადოლფ ჰიტლერი
_ ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს ეს თარიღები და მინიშნებები? აშკარაა, რაღაც მნიშვნელოვანია, – ხმამაღლა ფიქრობდა მარკი.
_ ვიცით, რომ აზრამ ლიზას მკვლელის ვინაობა იცოდა, მარკ. დეივიდის მიერ წარმოდგენილ წერილში წერია, რომ მკვლელი დარბაზში იყო და მშვიდად ადევნებდა თვალს წარმოდგენას. ამავდრულად, ნათია მეტრეველსაც სწერს, შენი შვილის მკვლელს კარგად იცნობო. ვითომ, ლუსი მილერია მკვლელი? არადა, მირზობახტიორ რუზმუხამედოვის ჩვენების მიხედვით, მკვლელი მუნჯია.
_ მოდი, ლიზა მეტრეველის მკვლელობის ამბავს დროებით თავი დავანებოთ. მე მაინტერესებს, წლების განმავლობაში რატომ ურიცხავდა ლუსი მილერი თავისი ანგარიშიდან აზრა ბჰაიტს თანხას? ნუთუ აზრამ ლუსიზე ისეთი რაღაც იცოდა, რომლითაც აშანტაჟებდა? ვითომ მკვლელი ლუსიმ მიუგზავნა და მოგვიანებით ან უფრო ადრე თავადაც მივიდა იმ სახლში? დანაშაულის ადგილიდან ამოღებული დნმ ხომ ქალს ეკუთვნის? 
_ აზრას ასეთი რა უნდა სცოდნოდა, რომ სიკვდილისთვის გაიმეტეს, ან თუ ლუსის თავიდანვე ჩაფიქრებული ჰქონდა თავისი ყოფილი ექთნის მკვლელობა, რატომ მანამდე არ მოკლა? აქ სხვა ამბავია, მარკ. – ტვინს იჭყლეტდა რებეკა.
_ შეიძლება, აზრამ ლუსიზე ისეთი რაღაც იცოდა, მისის მილერს თავის სიმშვიდისთვის ამხელა თანხის გაცემა უღირდა. მერე ალბათ, მათ შორის რაღაც სერიოზული მოხდა, ან მისის მილერს ფული აღარ ჰქონდა და მოიშორა.
_ დავუშვათ, აშანტაჟებდა. თუ ჩვენი ვარაუდი სიმართლეს შეესაბამება, ესე იგი მასზე რაღაც მყარი, მაკომპრომიტირებელი მასალა ეჭირა ხელში. 
_ მართალი ხარ, ამდენ ფულს ისე რატომ გადაურიცხავდა?
_ ნეტავ, ლიზას მკვლელობის შემდეგ ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილ სტატიებს რატომ ინახავდა?
_ კარგი კითხვაა, – ღრმად ამოისუნთქა მარკმა და ფურცელს მიუბრუნდა: _ დრაცენა, სააღდგომო კურდღელი, საშუალო ზომის სურნელოვანი სანთელი, საათი (საფრანგეთი),  ჩამრთველი, დედამიწა (ჰიტლერი) _ ახლა შევიშლები.
_ ეს თარიღები რაღას უნდა ნიშნავდეს? – ოთახში ნერვიულად დააბიჯებდა რებეკა.
_ აზრას საცხოვრებელი სახლი უნდა ვნახოთ, არ არის გამორიცხული, რომ ეს ნივთები სახლშიც ჰქონდეს.
_ ნივთები მესმის, მარკ, მაგრამ დრაცენას ფესვი, დედამიწა და ჰიტლერი რა შუაშია?
_ წავიდეთ რა, დანარჩენზე იქ ვიმსჯელოთ, – მარკი სწრაფად წამოხტა ადგილიდან და სამუშაო ოთახი დატოვა. აჩქარებული ნაბიჯებით მიმავალ მამაკაცს მალე რებეკაც დაეწია.



***
დეტექტივები აზრა ბჰაიტის საცხოვრებელი სახლის თითოეულ კუთხე-კუნჭულს ათვალიერებდნენ, მაგრამ ფურცელზე ჩამოთვლილი ნივთების მსგავსიც ვერაფერი იპოვეს. ბოლოს ჩამრთველების შემოწმება დაიწყეს.
_ მარკ, საძინებელში შემოდი! – ხმამაღლა გასძახა რებეკამ მამაკაცს.
მარკს არ გაჰკვირვებია, როდესაც რებეკამ საწოლის უკან მიგნებული ბუტაფორიული ჩამრთველი აჩვენა. დარწმუნებული იყო, რომ ფურცელზე დაწერილი მინიშნებები აუცილებლად სამალავთან იყო კავშირში, მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ კედლიდან გამოღებული ჩამრთველის ბუდე ცარიელი დახვდათ.
_ ჩამრთველის გარდა, კიდევ გვაქვს სხვა მინიშნებებიც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოვიცნობთ. _ არ ეპუებოდა გაწბილებული მარკი.



***
დეტექტივებმა დეივიდ და ლუსი მილერებთან, ევა ვაგნერთან და ნათია მეტრეველთან გადაამოწმეს, ჰქონდა თუ არა რომელიმე მათგანს წარსულში კავშირი აზრა ბჰაიტთან. მხოლოდ ლუსი მილერმა დაადასტურა, რომ გარდაცვლილს იცნობდა.


***
პოლიციის განყოფილებაში ლუსი მილერი დაიბარეს. კაპიტანი ფერგესი დეტექტივ ფულერთან ერთად თავად ესწრებოდა გასაუბრებას.
_ მისის მილერ, გარდაცვლილ აზრა ბჰაიტთან დაკავშირებით თქვენთან რამდენიმე კითხვა გვაქვს.
_ კი, ბატონო, გისმენთ.
_ იცნობდით აზრა ბჰაიტს?
_ დიახ, ერთად ვმუშაობდით, ჩემი პირადი ექთანი გახლდათ, _ მშვიდად მიუგო ქალბატონმა.
_ როგორ აღწერდით გარდაცვლილს?
_ კარგის მეტს ვერაფერს გეტყვით, საკმაოდ დადებითი პიროვნება იყო. პირნათლად ართმევდა თავს სამსახურში დაკისრებულ მოვალეობებსაც.
_ რამდენი ხანი მუშაობდა თქვენთან?
_ დაახლოებით სამი წელი, მერე საავადმყოფოში გადავიდა. ამბობდა, რომ იქ უკეთესი პირობები და ხელფასი ჰქონდა.
_ გასაგებია.
_ მას შემდეგ თუ გქონდათ ურთიერთობა გარდაცვლილთან?
_ სიმართლე გითხრათ, არა. ყოველთვიურად ათასი დოლარის ოდენობით ვეხმარებოდი.
_ რა მიზეზით?
ლუსიმ ხელები წინ წამოწია, თითები მაღლა აწია, ერთმანეთზე მიაბჯინა და ხმადაბალი ტონით დაიწყო:
_ აზრას პაკისტანში ავადმყოფი მშობლები ჰყავდა. როგორც თავად მიამბო, ძმას საშუალება არ ჰქონდა, მათთვის მიეხედა, რადგან მედიკამენტები, რომლებიც მათ სჭირდებოდათ, საკმაოდ ძვირი ღირდა, ამიტომ ყოველთვიურად მხოლოდ აზრა ეხმარებოდა ფინანსურად. ბოლოს, თავს ვეღარ ართმევდა, ამიტომ შევპირდი, რომ მე დავეხმარებოდი და ასეც იყო, პირობას არასოდეს ვარღვევდი.
_ კარგი, გასაგებია, ქალბატონო მილერ. კითხვები თუ კიდევ გვექნება, ისევ დაგიკავშირდებით.
_ როგორც გენებოთ, – ქალმა პოლიციელებს გაუღიმა და დაემშვიდობა.




***
ლუსი მილერის წასვლის შემდეგ რიჩარდ ფერგესმა რებეკას გადახედა და ხმამაღლა წარმოთქვა: _ ამ ქალბატონის არ მჯერა.
_ არც მე. _ რებეკამ მრავალმნიშვნელოვანი მზერა მიაპყრო კაპიტანს.




***
დეტექტივებმა კრისტოფერ გრეიმ და დებორა გარეტმა აზრა ბჰაიტის მკვლელობის ადგილას ყველა ახლო თუ შორს მდებარე ტერიტორია შეისწავლეს. დაკითხეს უამრავი პიროვნება და საბედნიეროდ, ერთ მეტად მნიშვნელოვან მოწმეს მიაგნეს _ გარდაცვლილის სახლიდან რამდენიმე ქუჩის შემდეგ “Diner” -ში მომუშავე მამაკაცმა ნათლად გაიხსენა, რომ მკვლელობის დღეს, სეზონისთვის მეტად შეუფერებლად ჩაცმული მამაკაცი შევიდა და ტუალეტისკენ წავიდა. რამდენიმე წუთში, იქიდან სხვა ტანსაცმელში ჩაცმული ხანში შესული ქალბატონი გამოვიდა, რომელსაც ხელში შავი პარკი ეკავა და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა. აშკარა იყო, რომ გამოცვლილი ტანსაცმელი იმ პარკში ედო. “Diner” -ში მომუშავეს კარგად ახსოვდა, როგორ გამოიყურებოდა სავარაუდო დამნაშავე. პოლიციამ სთხოვა, რომ ბოროტმოქმედის ფოტორობოტის შედგენაში დახმარებოდა. სურათზე გამოსახული პიროვნება იერით ლუსი მილერს ჰგავდა. ახლა უკვე ცხადზე ცხადი იყო, აზრა ბჰაიტის სახლში აღმოჩენილი დნმ-ის ნიმუში რატომ ეკუთვნოდა ქალს, ხოლო ლიზა მეტრეველის მკვლელობის დღეს მუნჯი დამნაშავის არსებობის ამბავი ტაქსის მძღოლისთვის თავგზის ამბნევ ხრიკად მიიჩნიეს.
_ იქნებ, ლუსი მილერს დნმ-ის ანალიზის ჩაბარება ვთხოვოთ? – იდეა წამოაყენა დებორამ.
_ მაგის დროც მოვა, არ მინდა იფიქროს, რომ მთავარ ეჭვმიტანილად მივიჩნევთ, მირჩევნია მშვიდად, ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე მივყვეთ გამოძიებას, –მრავალმნიშვნელოვანი მზერა მიაპყრო ფერგესმა დეტექტივს.
ლუსი მილერისთვის ბრალის წაყენებამდე პოლიცია გამოძიებას კიდევ აგრძელებდა,  რომ მის წინააღმდეგ მყარი მტკიცებულებები შეეკრიბა. კითხვის ნიშნის ქვეშ რჩებოდა ერთი საკითხიც: რატომ უნდა მოეკლა დედამთილს ლიზა მეტრეველი?

თავი 43

ერთ დილას, ქალბატონმა ლუსიმ ოთახიდან ჩემოდნით გამოსული დეივიდი რომ დაინახა, გაკვირვებულმა ჰკითხა:
_ სადმე წასვლას აპირებ, დეივიდ?
_ დიახ, დედა. სამსახურიდან შვებულება ავიღე. მუშაობის ძალა აღარ მაქვს, დასვენება მჭირდება.
_ აქედან ისე მიდიოდი, ჩემთვის არაფრის თქმას აპირებდი? ის მაინც მითხარი, სად აპირებ გამგზავრებას?
_ ბიძია სემს უნდა ვეწვიო.
_ სამხრეთ დაკოტაში რა გინდა?
- მარტო ცხოვრობს, ჩემსავით ნადირობა უყვარს, თევზაობა, სროლა. ჰოდა, ვიფიქრე, ცოტას დავისვენებ და ამდენი ხნის დაგროვილი ცუდი ენერგიისგან განვთავისუფლდები-მეთქი.
_ უცნაურია, არც ჩემს ძმას უთქვამს რამე. კარგი, როგორც გენებოს, – მხრები აიჩეჩა და ოთახიდან გავიდა.



***
საღამო ხანი ახლოვდებოდა, როდესაც დეივიდი სამხრეთ დაკოტას შტატში, ქალაქ ებერდინში, ბიძამისის პატარა სახლს მიადგა. თეთრად შეღებილი ხის სახლის წინ პატარა ბაღი ლამაზი, დაბალი ბუჩქებით და დეკორატიული ხეებით იყო გაშენებული. ვიდრე სტუმარი ზარს დარეკავდა, მისტერ ერიქსონმა კარი გააღო და დისშვილს სიხარულით შეეგება:
_ ოო, დეივიდ, როგორც იქნა, გადაწყვიტე და მესტუმრე. აბა, როგორ იმგზავრე?
_ კარგად, გმადლობთ. ცოტა კი დავიღალე.
_ არა უშავს, დაისვენებ და დილით ადრე ჩემთან ერთად სანადიროდ წამოხვალ.
_ უკვე დაგეგმე?
_ ჰეჰ, ვითომ არ მიცნობ! წამოდი, ჩემი ახალი ძაღლი უნდა გაგაცნო.
სემმა სტუმარი უკანა ეზოში გაიყვანა. პატრონის დანახვაზე ინგლისური ჯიშის პოინტერი მასთან შურდულივით მოვარდა.
_ აბა, რას იტყვი, როგორი ბიჭი მყავს?
_ კარგია! რამდენი წლის არის?
_ სამი წლისაა. როგორ ნადირობს, იცი? ხვალ უნდა გაჩვენო ამის ყოჩაღი ხასიათი.
_ მომწონს, სუპერ ძაღლი ჩანს. – დეივიდი ძაღლს მიეფერა და წაეთამაშა.
_ მოდი, ახლა მანქანას გამოვიყვან, აქვე, ახლოს მდებარე რესტორანში წავიდეთ და  ჩვენებური “Chislic”-ი მივირთვათ, მე გეპატიჟები.
_ დიდი სიამოვნებით, მომენატრა სამხრეთ დაკოტაში მომზადებული “Chislic”, აქ მაინც სხვა გემო აქვს.
_ აბა რა, – კმაყოფილი სახით ჩაიცინა სემმა და ჯიბეში მანქანის გასაღებს დაუწყო ძებნა.


***
ვახშმის შემდეგ, სახლში დაბრუნებულებმა სანადიროდ იარაღი მოამზადეს და მეორე დღის დაგეგმვა დაიწყეს.
ახლა დეივიდისთვის ნიუ-იორკისთვის დამახასიათებელი ყოველდღიური ცხოვრების, დატვირთული განრიგისა და დაძაბული დღეების თავის არიდება სწორედ რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო და განტვირთვა ისე ესაჭიროებოდა, როგორც არასდროს.





თავი 44

ნიკა და ფაბიანა მეორე დილით ადრე წავიდნენ სასტუმროდან. დაახლოებით 09:00 საათი იყო, როდესაც თბილისში ჩავიდნენ. ნაქირავებ ბინაში მივიდნენ, საუზმე მიირთვეს და მარიკოს 11:00 საათზე კაფე `კანაპეში” შეხვედრაზე შეუთანხმდნენ.
პირველად კაფეში „ახალგაზრდა დეტექტივები” მივიდნენ, ღია ცის ქვეშ გაშლილ ერთ-ერთ მაგიდას მიუსხდნენ და მენიუს დათვალიერებას შეუდგნენ, თან ხშირად გასცქეროდნენ აბაშიძის ქუჩას და იქვე, ახლომდებარე ადგილებს, რომ სტუმრის მოსვლა არ გამორჩენოდათ. ცოტა ხანში მარიკოც გამოჩნდა. ეტყობოდა, რომ ისე აღარ ნერვიულობდა, როგორც ნიკასთან მობილურზე საუბრისას. წყვილს მიესალმა და მაგიდას მიუჯდა.
_ რას ინებებთ? _ ნიკამ მენიუზე თვალით ანიშნა.
_ მხოლოდ ერთ ფინჯან ყავას დავლევ, მეტი არაფერი მინდა.
ფაბიანამ და ნიკამ თავისთვის ნატურალური წვენი და ნამცხვრები შეუკვეთეს და მარიკოს მოსასმენად მოემზადნენ:
_ მარიკო, ვხვდებით, რომ აქ ისე არ მოსულხარ. ალბათ, ჩვენთვის რამე გაქვს სათქმელი.
– სწორედ ასეა. დიდხანს ვიფიქრე, მეთქვა თუ არა ეს თქვენთვის, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ამერიკაში ისე არ გამეშვით, სიმართლე არ გცოდნოდათ. დამალვას აზრი არ აქვს.
_ ანუ, შენ იცი, რას ნიშნავს ის სიმბოლოები?
_ დიახ. ის სიმბოლოები ლიზას და ჩემი გამოგონილი ანბანია. სკოლის მოსწავლეები რომ ვიყავით, მაშინ ვიყენებდით ხოლმე.
_ ...და რატომ დაგვიმალე და გვითხარი, რომ არ გეცნო?
_ იმიტომ, რომ წინასწარ არ ვიცოდი, იქ რა ეწერა და ვიფრთხილე. როცა თქვენ დაგშორდით, სახლში მისვლისთანავე სიმბოლოების დატვირთვა გონებაში აღვიდგინე და ჩანაწერი გავშიფრე. სიმართლემ შემზარა და ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი, რადგან ჩემი მეგობრის უკანასკნელი სურვილი იყო, რომ საიდუმლო, რომელიც მან შეიტყო, არავისთვის გაენდო.
_ და რა წერია, აღარ გვეტყვი?
მარიკომ ჩანთიდან პატარა ფურცელი ამოიღო და ნიკას გადასცა: _ აქ ლიზას ხელით დაწერილი ანალოგიური სიმბოლოებია, გვერდით კი ქართული ანბანის შესატყვისი ასოები უწერია. მე ამ ფურცელს დაგიტოვებთ, დანარჩენს კი თავად გაარკვევთ. წარმატებებს გისურვებთ. _ ეს თქვა, დაემშვიდობა და იქაურობას გაეცალა.



***
ნიკა და ფაბიანა დიდხანს ჩაჰკირკიტებდნენ ლიზას ხელით დაწერილ სიმბოლოებს. საბოლოოდ, როგორც იქნა, გაშიფრეს და არც თუ ისე კმაყოფილი სახეებით გადახედეს ერთმანეთს. სიმართლის გაგება არც ერთს ესიამოვნა, გაოგნებულები დარჩნენ.


***
ნიუ-იორკში ახლად ჩამოსული ნიკა და ფაბიანა შეთანხმდნენ, რომ ჯერ მილერების ოჯახისთვის მიეკითხათ და ბოლო დეტალი გადაემოწმებინათ, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში წასულიყვნენ და ხელთ არსებული ინფორმაცია გამომძიებლებისთვის გადაეცათ. მილერების სახლის ტელეფონს მოსამსახურე ქალმა უპასუხა. ნიკამ ქალბატონი ლუსი იკითხა. მისის მილერი სახლში აღმოჩნდა.
_ გამარჯობა, ქალბატონო ლუსი. ნიკა ხურცილავა ვარ, როგორ ბრძანდებით?
_ კარგად, ნიკა, შენ როგორ ხარ? დეივიდმა მითხრა, რომ შენ და ფაბიანა საქართველოში წახვედით, უკვე დაბრუნდით?
_ დიახ, უკვე აქ ვართ. ქალბატონო ლუსი, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, თქვენთან შეხვედრა გვინდა, იქნებ დრო გამონახოთ და ცოტა ხანი დაგვითმოთ.
_ რა თქმა უნდა, როცა გენებოთ.
_ დღეს საღამოს რომ იყოს?
_ ჩემთან სახლში მობრძანდით, გარეთ ნუღარ გამომიყვანთ, დღეს თავს შეუძლოდ ვგრძნობ.
_ არ არის პრობლემა, რომელ საათზე მოვიდეთ?
_ თუ გცალიათ, საღამოს 19:00 საათზე იყოს.
_ კარგი, შევთანხმდით. 19:00 საათზე მე და ფაბიანა თქვენთან ვიქნებით.
ლუსი მილერთან შეხვედრამდე სულ რაღაც ერთი საათი რჩებოდა. ნიკა და ფაბიანა ღელავდნენ, მაგრამ იცოდნენ, რომ იმ დღეს, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმეოდა და ლიზა მეტრეველის მკვლელობაში პოლიციას სერიოზული ეჭვმიტანილი გამოუჩნდებოდა.
ზუსტად 19:00 საათი იქნებოდა, როდესაც ორი ახალგაზრდა დეტექტივი მილერების კარის ზღურბლთან იდგა. კარი შუახნის მოსამსახურე ქალმა გააღო და სახლში შეიპატიჟა.
ქალბატონი ლუსი საძინებლიდან გამოვიდა და ახალგაზრდებს სასაუბროდ მისაღები ოთახისკენ გაუძღვა:
_ აბა, გისმენთ, ახალგაზრდებო, რით შემიძლია, დაგეხმაროთ? _ მშვიდი ხმით მიმართა ხანში შესულმა ქალბატონმა ნიკას და ფაბიანას.
მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ლუსი დეივიდის წყალობით ახალგაზრდებს კარგად იცნობდა და მათაც იცოდნენ ეს, საკუთარი თავი მაინც წარუდგინეს და შემდეგ შეკითხვებზე გადავიდნენ:
_ მისის მილერ, შეგიძლიათ, დეტალურად გაიხსენოთ 9 დეკემბრის დილა?
_ დიახ, როგორ არ შემიძლია, რა დამავიწყებს იმ უბედურ დღეს? _ მძიმედ ამოიოხრა და დაიწყო: _ დაახლოებით 09:00 საათი იქნებოდა, როდესაც ჩემმა დიასახლისმა გამაღვიძა და წამალი დამალევინა. შემდეგ შხაპი მივიღე, ვისაუზმე და დილით მოსულ ელექტრონულ წერილებს გავეცანი. ჩემი დიასახლისი პროდუქტების საყიდლად წავიდა, მე ჩემს მეგობართან ვაპირებდი გავლას, შეთანხმებულები ვიყავით, რომ სპა სალონში გამაჯანსაღებელ მასაჟზე წავსულიყავით. წინასწარ ჩაწერილებიც ვიყავით. ის იყო, სახლიდან გასვლას ვაპირებდით, რომ დეივიდმა დამირეკა და ეს საშინელი ამბავი შემატყობინა.
_ უკაცრავად, თქვენი დიასახლისი ქართველია? – ჰკითხა ნიკამ.
_ დიახ, რატომ მეკითხებით?
_ აქცენტზე შევატყვე, რომ ქართველი იქნებოდა. შეიძლება გავესაუბროთ?
_ რა თქმა უნდა, ახლავე დავუძახებ.
_ გმადლობთ.
რამდენიმე წუთში ოთახში ქალბატონი თამარი შემოვიდა. ახალგაზრდებს გაუღიმა და იქვე, სკამზე ჩამოჯდა. ლუსიმ ახალგაზრდების შესახებ უამბო და სთხოვა, მათი კითხვებისთვის ამომწურავი პასუხები გაეცა. ისიც უპრობლემოდ დათანხმდა. საუბარი ნიკამ დაიწყო:
_ ქალბატონო თამარ, ჩვენ გვაინტერესებს, დეტალურად გაიხსენოთ ლიზა მეტრეველის მკვლელობის დღე.
_ კი, ბატონო. ჩემი მაღვიძარა 8.45 საათზე მაქვს დაყენებული. ყოველ დილით, ამ დროს ქალბატონი ლუსისთვის წამალი შემაქვს ხოლმე, აუცილებლად საუზმემდე ნახევარი საათით ადრე უნდა მიიღოს, რადგან საუზმის დროს, კიდევ ერთი წამლის მიღება უწევს და ეს შუალედი მკაცრად მაქვს დაცული. ასე, რომ წამალი მივეცი და შემდეგ სამზარეულოში საუზმის მოსამზადებლად შევედი. საუზმის შემდეგ ქალბატონი ლუსი თავის ოთახში კომპიუტერთან დაჯდა, მე პროდუქტების საყიდლად წავედი.
_ როგორ წახვედით?
_ ჩემი მანქანით.
_ ქალბატონი ლუსის მანქანა გარაჟში იყო?
_ დიახ, აბა, სად უნდა ყოფილიყო? ამას რატომ მეკითხებით?..
_ ისე გკითხეთ, – უთხრა ფაბიანამ და გააგრძელა: _ ქალბატონო თამარ, ლუსი მილერი ამბობს, რომ შხაპიც მიიღო.
_ დიახ, შხაპს ყოველდღე იღებს, თუ რა თქმა უნდა, თავს კარგად გრძნობს.
_ გასაგებია.
_ დაახლოებით რომელ საათზე გახვედით სახლიდან?
_ ალბათ, დილის 10:30 საათი იქნებოდა.
_ როდის დაბრუნდით?
_ მე რომ დავბრუნდი, სახლში არავინ დამხვდა. როგორც შემდეგ გავიგე, ქალბატონი ლუსი უკვე მანჰეტენზე იყო თავის შვილთან.
_ კარგი. ალბათ, ლიზას თქვენც იცნობდით, ოჯახის რომელიმე წევრთან კონფლიქტი ხომ არ ჰქონია?
_ ლიზა არაჩვეულებრივი გოგონა იყო. რომელ კონფლიქტზეა საუბარი? ოჯახში ყველას ძალიან უყვარდა და თავადაც დიდ სითბოს ამჟღავნებდა მათ მიმართ. მეც დიდ პატივს ვცემდი. იმდენად ყურადღებიანი იყო, აქ მოსვლისას მუდამ მომიკითხავდა და არასოდეს დაავიწყდებოდა, ახალ წარმოდგენებზე მეც დავეპატიჟებინე. ორ ბილეთს ყოველთვის მჩუქნიდა და უხაროდა, როცა ჩემს ბედნიერ სახეს ხედავდა. კარგად იცოდა, რომ თავადაც ხელოვანს, ამაზე უკეთეს საჩუქარს არაფერს გამიკეთებდა. ძალიან კარგი გულის ბავშვი იყო, – ცრემლები მოიწმინდა თამარმა.
_ კარგი, ჩვენ თქვენ მიმართ მეტი კითხვა აღარ გვაქვს, შეგიძლიათ დაგვტოვოთ. – უთხრეს ახალგაზრდებმა, აღარ უნდოდათ უფრო მეტად აეღელვებინათ ატირებული ქალბატონი.
ნიკა და ფაბიანა მილერების სახლში დიდხანს აღარ გაჩერებულან, ორივე ქალბატონს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს, დაემშვიდობნენ და წამოვიდნენ.
_ აბა, რას იტყვი, ფაბიანა?
_ ერთადერთი, რაც მაეჭვებს, მოსამსახურის მიერ გაცემული პასუხია. მისი მოყოლილი ჩვენს ეჭვებს ეწინააღმდეგება.
_ მეც მაგაზე ვფიქრობ. ჩვენ სხვანაირად გვეგონა, მისი ნაამბობით კი დრო არ ემთხვევა!
_ მოკლედ, რაც ხელში გვიჭირავს, ყველა ვარიანტში პოლიციაში მივდივართ და გადავცემთ. დანარჩენს თავად მიხედავენ.
_ მართალია, _ დაეთანხმა ნიკა.



***
მეორე დილას, დაახლოებით 09.30 სთ. იქნებოდა, როდესაც ნიკა და ფაბიანა პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ და კაპიტანთან შეხვედრა ითხოვეს. რიჩარდ ფერგესს გაეცნენ და კერძო გამოძიების შედეგად მოპოვებული მასალა წარუდგინეს:
_ კაპიტანო ფერგეს, მე და ნიკა საქართველოში ჩავედით. მჯეროდა, რომ იქ აუცილებლად აღმოჩნდებოდა პიროვნება, ვინც ამ სიმბოლოების გაშიფვრაში დაგვეხმარებოდა და არც შევმცდარვარ. ლიზა მეტრეველის ბავშვობის მეგობარმა გარდაცვლილის ხელით დაწერილი ანბანი გადმოგვცა, რაც მოგვიანებით დღიურში დაწერილი სიმბოლოების ამოხსნაში დაგვეხმარა.
_ ანუ ეს სიმბოლოები ლიზას მოგონილი იყო?
_ სწორედ, რომ ასეა. ისინი სიმბოლოებს სკოლის პერიოდში იყენებდნენ და მნიშვნელობებიც მხოლოდ მათ იცოდნენ _ ლიზამ და მისმა მეგობარმა, მარიკო მიქავამ.
_ კარგად მახსოვს, ლიზას არაერთხელ ჰყავს მარიკო მიქავა დღიურში ნახსენები, მაგრამ მათ თუ ეს საიდუმლო ანბანი ჰქონდათ, რას მოვიფიქრებდი? ამ თემაზე იქ სიტყვაც არაფერი ეწერა. ...და რა გაშიფრეთ? – რიჩარდ ფერგესი ინტერესს ვერ მალავდა, ერთი სული ჰქონდა, შინაარსი გაეგო.
ფაბიანამ სიმბოლოებით გამოსახული ლიზას დღიურის ბოლო გვერდის ინგლისური თარგმანი წარუდგინა კაპიტანს. იქ რაც ეწერა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა:
2 დეკემბერი, შაბათი, 2016 წელი
დღეს ცუდი დღე მაქვს. საშინელი ამბავი შევიტყვე... მერჩივნა, არაფერი მცოდნოდა... “Manhatten Beach”-ზე ჩემი დედამთილის სახლში მივედი, რომ თამარისთვის და მისთვის  “მაკნატუნას” ბილეთები გადამეცა. ვიცოდი, რომ ძალიან გაუხარდებოდათ. სახლს რომ მივუახლოვდი, დავინახე, თამარი თავის მანქანით სადღაც მიდიოდა და ხელით მანიშნა, რომ კარი ღია იყო და შევსულიყავი. მანქანა გარეთ დავაყენე და სახლში შევედი. გავიგონე, ჩემი დედამთილი გაბრაზებული ხმით როგორ ელაპარაკებოდა ვიღაცას: ვეღარ დაამთავრე ჩემი შანტაჟი? არ გეყო, რასაც გიხდიდი წლების განმავლობაში?! მე ჩემი უბედურებაც მყოფნის, რომ შეცდომა დავუშვი და ბავშვს ვაქცინების ნაცვლად, გამოხდილ წყალს ვუკეთებდი. ეს ტკივილი ორმაგად მოუნელებელია, რადგან ვიცი, მე ვარ ენდრიუს სიკვდილში დამნაშავე და ამას ვაცნობიერებ და ძალიან ვნანობ, მაგრამ გთხოვ, დაამთავრე, ნუ სარგებლობ ჩემი პირადი ტრაგედიით და ერთხელ და სამუდამოდ შემეშვი.
ეს სიტყვები რომ გავიგონე, თავზარი დამეცა. არ ვიცი, ვის ელაპარაკებოდა ჩემი დედამთილი, მაგრამ არ მინდოდა, როცა საუბარს დაამთავრებდა, მასთან მარტო დავრჩენილიყავი და სწრაფად გამოვედი სახლიდან. იმიტომ არა, რომ მისი ნუგეში არ მსურდა ან არ შემეძლო, არამედ იმიტომ, რომ არ მინდოდა გაეგო, მისი საიდუმლო ვიცოდი. არ ვიცი, რატომ არ ცრიდა ენდრიუს, მაგრამ წარმომიდგენია, როგორ ნანობს, რომ ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელიც შვილიშვილის სიკვდილად დაუჯდა.
მე ღმერთი არ ვარ, ვინმე განვსაჯო და რამეში დავადანაშაულო. ვიცი, სიმართლის გამჟღავნებით ბევრი ადამიანი დაზარალდება. არ დავუშვებ, დეივიდს დედა ისე შევაძულო, მისკენ გახედვა აღარ უნდოდეს. არ დავუშვებ, ევამ პოლიციაში იჩივლოს, არ დავუშვებ ოჯახში აურზაური ატყდეს... ამას არ დავუშვებ!.. ამიტომ, ეს საიდუმლო ამ სიმბოლოებში აიხლართება და მხოლოდ ამ დღიურში დარჩება. 

კაპიტანმა წერილი მაგიდაზე დადო და ცოტა ხნის პაუზის შემდეგ ფაბიანას ჰკითხა:
_ დარწმუნებული ხარ, რომ ლიზას დაწერილი ანბანი გადმოგცეს?
_ აბსოლუტურად.
_ მაშინ სასწრაფოდ ექსპერტიზაზე უნდა გავაგზავნოთ და ვნახოთ, რა პასუხი მოვა.
_ ლიზას ხელია, აშკარად ეტყობა.
_ ჩვენ მაინც უნდა გადავამოწმოთ.
_ გასაგებია.
_ ყოჩაღ! ძალიან კარგად იმუშავეთ, – ფერგესმა ახალგაზრდები შეაქო.
_ გმადლობთ!
_ ამისთვის ჯილდო და სპეციალური მადლობის წერილი გეკუთვნით.
_ კიდევ ერთხელ გმადლობთ! – გაუღიმეს ახალგაზრდებმა.
_ ყველაფერს მივხედავთ და დამნაშავეს დავსჯით, არ ინერვიულოთ. – კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა სახეზე ფერგესს.
_ ჩვენც ამის იმედი გვაქვს.
ნიკამ და ფაბიანამ პოლიციის განყოფილება იმ იმედით დატოვეს, რომ ახლა უკვე გამოძიება წინ წაიწევდა და მალე წარმატებით დასრულდებოდა.
_ საინტერესოა დეივიდ მილერის სახე, როდესაც სიმართლეს გაიგებს. – თქვა ნიკამ.
_ ორი აზრი არ არის, რომ ამ შედეგს არ ელოდება.
_ უნდა თუ არა, მაინც მოუწევს სიმართლისთვის თვალის გასწორება.
_ ახლა რას ვაპირებთ?
_ რას და... ჯერ ვისაუზმოთ, საღამოს კი ვახშამზე გეპატიჟები, _ გამხიარულდა ნიკა.
_ კარგი აზრია, – თვალებში ჩახედა გოგონამ და პარტნიორს თბილად გაუღიმა.
_ იცი, რაღაცაში უნდა გამოგიტყდე. არ ვიცი, რამდენად შესაფერისი დრო და ადგილია, მაგრამ ვგრძნობ, ლიზას საქმეზე მუშაობამ ამ მოკლე ხანში ერთმანეთთან ისე დაგვაახლოვა, ეს იმ გრძნობაზე მეტია, ვიდრე გვქონდა.
_ მეც ასე ვფიქრობ, – თვალები გაუბრწყინდა ფაბიანას, ხელები შემოხვია და მკერდზე მიეკრო ნიკას.
_ ვხვდები, რომ შენი ჩახუტება არ ტყუის, არც შენი ლამაზი და თბილი ხელები, არც  გულისცემა, რომლის აჩქარებულ რიტმს ჩემს მკერდზე ვგრძნობ, არც შენი ლურჯი თვალები... – გოგონას თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა, – საბედნიეროდ, არის რაღაცები, რაც არ ტყუის და ვერ ტყუის, – ჩუმად დაიჩურჩულა ბიჭმა და გოგონას ბაგეებს დაეწაფა.
ნიუ-იორკის ქუჩებში არსებულმა ქაოსმა მალე მოსწყვიტა ახალგაზრდა შეყვარებულები ერთმანეთს და ჯერ კიდევ სიყვარულის ცეცხლის ალმოკიდებული სახეებით ცდილობდნენ, გარკვეულიყვნენ, რომელი მიმართულებით აეღოთ გეზი.   
_ ჩემთვის ისეთი ახლობელი გახდა გამოძიება, არ გაგიკვირდეს, ერთ დღეს, პოლიციის განყოფილების წინ ხელი რომ გთხოვო, _ თვალი ჩაუკრა ნიკამ ფაბიანას.
_ შენ ისეთი გადარეული ხარ, არ გამიკვირდება, მაგრამ შენმა ქვეყანამ ისე მომხიბლა, მირჩევნია, ხელის თხოვნა და ქორწილიც სწორედ იქ, რომელიმე ულამაზეს რეგიონში, ბუნების საოცრებებში მოხდეს.
_ კარგი, რადგან საქართველომ მოგაჯადოვა, ასე იყოს, თანახმა ვარ. ახლა კი მობილურში დაგუგლე და სენდვიჩების მაღაზია იპოვე, თორემ მოვკვდი, ისე მშია.
რამდენიმე წუთში, შეყვარებული წყვილი იქვე, პოლიციის განყოფილებასთან ახლოს მდებარე კაფეში დამსხდარიყვნენ და საუზმეს მიირთმევდნენ, ბედნიერი სახეებით შეჰყურებდნენ ერთმანეთს და მომავალზე საუბრობდნენ.


გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები