ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2019


ნ.დარბაისელის ლექსების ნაკრები “ფეისბუქ” გვერდიდან - “საქართველოს პოეტები”

ასეთი გვერდია აქ ,, საქართველოს პოეტები”. გუშინ დაუდიათ ლექსების ეს ნაკრები.
სხვადასხვა სტილით წერა ალბათ კარგი იმიტომაა, რომ მკითხველის გემოვნებაც სხვადასხვაგვარია, მით უმეტეს ახლა და თავის მოსაწონს რომ მიაგნოს, მეტი შანსია.
ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, შენი რჩეული ლექსების ნაკრები შეგვიდგინეო, მე აქედან -  მხოლოდ სამს თუ შევარჩევდი (“ლაზარე” , “დიოტიმა”,”ჰეროსტრატე) დანარჩენები ,, დამწვრისაა”, აქა-იქ რაღაცეებსაც შეიძლება  გაიელვოს, მაგრამ განსაკუთრებული არაფერია. ვინმე თუ თვალს გადაავლებს, მაინც გამიხარდება.

ნინო დარბაისელი (დ. 8 მარტი, 1961, თბილისი)

ლაზარე

მართა მართალია.
დამთავრდა, მარიამ,
ჯვარს აცვეს იესო,
განიბნენ სხვანი
და ვიდრე განიხვნენ
კარნი ზეცათანი,
მოაწყდა ქვეყანას
გოდების ღვარი.

განბანილს ზეთით და
შესუდრულს ტილოთი,
მესმოდა, მარიამ,
როგორ დამტიროდით,
მაგრამ გარინდული
სასწაულს ველოდი,
ტიროდა იესოც,
გლოვობდა არე.
მჯეროდა, მძინარე
მკვდრეთით აღვსდგებოდი,
რაბი მიხმობდა:
“გამოვედ გარე!”

ამბობდით,
რომ აღმდგარს
დამჩემდა დუმილი,
რომ რაღაც მთავარი
დებსაც დავუმალე,
ვიყავი ცოცხალი
და ცოცხალს არ ვგავდი,
მდუმარე, მდუმარე…

მარად მოფუსფუსე
და დაუზარელი,
დამზრალი მორჩივით
ჩქამობენ დები.
მორჩილად ვიცოცხლე,
მორჩილად აღვსდექი,
მეორედ ცოცხალი
მეორედ ვკვდები.

კვლავ კართან მომდგარი
ვერ გაიცნო ვერავინ,
მგზავრი თუ ეგონე,
შორისკენ მსწრაფი.
“გამოვედ, გამოვედ!” –
შენი ხმა მომესმის.
რაბი, რა ბინდია!
მოვდივარ, რაბი!
*
მებადურული

- ქეჯნაო, როდემდე უნდა მდევდე,
ფიქრებს მიშფოთებდე და მირევდე!
წაველ დარდიანი, გზას მივენდე,
და გზამ მიმიყვანა მდინარემდე.
ბადეს დასცქეროდა მებადური,
იერი ჰქონდა მედიდური.
მიველ და ვუამბე სატკივარი,
ბედისა წამომცდა საყვედური.
- ნუ ხარო ცხოვრების უმადური
და ნუღარც ნურავის ნუ ემდური,
ჯობია, იყოო ბედნიერი,
ვიდრე მართალი და უბედური.
*
ობლური

რაც თავი მახსოვს, გეძებდი, სად იყავ აქამდინაო?
ნიადაგ შენს მოლოდინში რაც ცრემლი დამედინაო,
მდინარედ გაიშლებოდა ჩემიდან - შენამდინაო.
რად არ მოხველი საშველად, ნეტაი მაცოდინაო.
დამაბეჩავა ობლობამ მსწრაფი სამამაცოდაო,
არც შენ გამოჩნდი აქამდე, არც არავინ შემიცოდაო,
თუ სიხარული მელოდა, ამ გულმა რა იცოდაო.
ახლა ნუ მოხვალ სიკვდილო, მეც დამაცალე ცოტაო!
*
კიდევ კარგი

კიდევ კარგი, ყველაფერი ჩაწყნარდა,
ჩაცხრა გული, ვნება გადაქარდა!
როგორც იქნა, წარმოდგენა დამთავრდა,
როგორც იქნა, ჩამოეშვა ფარდა!
არაფერი გვრჩება მოსაგონარი,
სურათის და ბარათების გარდა.
აღტაცება ჩვენი - გაუგონარი
დიდ სიყვარულს მართლა როგორ ჰგავდა!
*
ახლა, როცა ყველაფერი ჩავლილია

თავაწევით და ქუსლების პაკა-პუკით
გავიხურე კარები და წავედი.
,,- დამეწევა? დავბრუნდები, მომთხოვს თუკი" -
შევყოყმანდი რაღაც წამის წამედით.
როცა ქალი ემზადება წასასვლელად,
ვერ შეატყობს ვინმე ვერასდიდებით,
ჩუმად იტანს, რაც სათქმელი არის ძნელად,
მოიქცევა თბილად და მორიდებით,
ხოლო კაცი ძველებურად თავს იჯერებს,
ყველაფერი რიგით მიედინება.
ქალს აქამდე რა აკავებს, რა აჩერებს,
ვერც მიხვდება და არც ეცოდინება.
რა იცოდი, გულუბრყვილოს გწერდი რითმებს,
თითქოს შენთან მსურდა მე დაბუდება...
ის, ვინც მუდამ და ყველაფერს უბრად ითმენს,
მიდის უცებ და არასდროს ბრუნდება.
მაგრამ ძალა, შენ რომელმაც გაგახევა,
ანგელოზი იყო ჩემი მფარველი.
არ ღირს ძველი წერილების გადახევა,
ახალს მაინც არსაიდან არ ველი.
ახლა, როცა მოგონებაც დაიბინდა,
აღარა ვარ უკვე მორიდებული:
ჩვენს სიყვარულს შენი სიტყვა უშველიდა,
ერთი სიტყვა, თუნდაც შორისდებული!
*
რა უნდა შენი ამბის გაგებას

რა უნდა შენი ამბის გაგებას! - ხმის ამოღება ერთი,
მაგრამ მაჩერებს შიში ფარული, შენს ხსენებას რომ ერთვის.
ბედნიერების სიდიდეს გულში ასე ვზომავდი დღემდე,
ამწამს რომ გაჩნდეს, დავთმობ ყველაფერს? მინდა, მდევდეს და ვდევდე?
სადა ხარ ახლა? ... იქნებ აღარც ხარ, მე კი ცოცხლებში გთვლიდი,
მეგონა, მაინც არ გაგწირავდა წუთისოფელი ფლიდი.
მე - მაშინ მოვკვდი, როცა დავშორდით ბედისგან ნამზაკვარი.
ჩემს ნაწერებში დარჩეს ქარაგმად იმ სიყვარულის კვალი!
*
ცაცხვი

- სად ნაკადული მოედინება
და ბალახს უყვარს აბიბინება,
ამ გაზაფხულზე ჩემო დარგულო
ხეო, დობილად მინდა მიგულო.
ჩემსავით ვინმე შემოგევლება?
ბევრი არ გინდა, - ხელის შევლება
და თუ უფალმა ასე ინება,
მთელს არემარეს მოეფინება
შენი სურნელი, შენი მშვენება,
მე რომ მოვკვდები, რა გეშველება! ...

- დღეები უდგას რადგან სადაგი,
ვიდრე მიიღებს ეს ნიადაგი,
დობილი ისე მყავს მონდობილი,
მომელის მუდამ გარინდებული,
მაგრამ ეს ტანი რომ დაიჭიროს,
ჩემში რას ნახავს მალე საჭიროს.
თითქოს ვიღაცის ვარ გადამრჩენი,
მიზეზს დავეძებ ცოცხლად დარჩენის.
მკვდარმა ინაღვლოს თავისი, შვილო,
მოინახება ცოცხლის საშველი!
*
ვის გაეგება

ვინ იცის, ვის გაეგება,
ან ვის ანაღვლებს ახლა,
როგორი ნიშნისმოგება
და სინანული ახლავს, -
გამოცოცხლდება და როცა
მიხვდება, აღარც ელი,
ახალ სიყვარულს გილოცავს
- შეყვარებული ძველი.
*
ნუღარ

განშორების პირველი დღეებია მძიმე,
უფრო - გაგიჭირდება ღამე რამდენიმე.
მთავარია, არ დარჩე შენს ფიქრებთან მარტო,
გარეთ უნდა გახვიდე, მხრებში გაიმართო,
ფეხით უნდა იარო და ხეები თვალო,
ცას ახედო, მოკითხვა მთვარეს შეუთვალო,
ანდა დღისით საყიდლებს ჩამოუყვე სადმე,
ვერ მოილევ სანახავს დღეით მერმისამდე.
თავს უშველე, დანაკარგს ვერ უშველი ახლა.
სიბრიყვეა თოკი ან გულში ტყვიის დახლა.
გეყო, წყალი შეისხი, დაცემული ნუ ხარ,
დარდს ნუ ეთელინები, ნუღარ, ნუღარ, ნუღარ!
*
არც არაფერი გწყინს

მისია - გულის ბილიკი,
მწარეს არიდებ, ტკბილი კი
არ გენანება არასდროს,
სულ საიმისოდ გსურს.
ერთმანეთს ელაციცებით,
არა გაქვთ დასაფიცები
და გასავალი არა აქვს
სიხარბესა და შურს,

მაგრამ თანდათან დრო გადის
და კერძოსი და ზოგადის
გარჩევა ხდება საჭირო
და ვერ ეხსნებით ჭირს.
უფერულდება ყოფა და
გულები გაიყოფა და
რა რჩება? ზოგჯერ მოკითხვა?!
მეტი ფასი აქვს ჩირს.

არც გული არ იდაგება,
აღარც ძნელია გაგება,
აღარც მოელით ერთმანეთს,
ვით ჭინჭველა - რწყილს
და განშორება იწყება,
იწყება გადავიწყება,
როცა მიხვდები - იმისგან
არც არაფერი გწყინს.
*
სიყვარული?!

მითხარიო.
სიყვარულის რა გითხრა,
სიბრძნეს მისას
არ სჭირდება დიდი თხრა.
დასაწყისი -
მუდამ მშვენიერია,
მერე - ლხინში
ცრემლი ჩვენი ერია.
დასასრული -
ელის, რომაც არ გსურდეს.
რაც იწყება,
კიდეც უნდა დასრულდეს.
განშორებით -
გული დაისრულია.
რჩები მარტო
და უმწეო სრულიად.
სიკვდილია -
ოღონდ ცოცხლად სიკვდილი,
ანუ სუნთქავ,
მაგრამ ცნობამიხდილი.
დიდ სიყვარულს -
მოსდევს დიდი ვაება.
ორის ნატვრა -
ერთად დასაფლავება.
სიტყვებია -
გულის მწარედ მკვნესარის,
მაგრამ რა ვქნა,
სულ რაც არის, ეს არის!
*
ბაბუაწვერა

მორევებმა ჩაიხვია სიყვარულის დინება.
ნუთუ უკვე ამაოა ჩემი მოწადინება.
განა მართლა მეღიმება, მაგრამ ახლა ღიმილი
მშველის ძლიერ, რომ დავძლიო უხერხული დუმილი.
გიკვირს ალბათ და ვერ ხვდები - შენი ბრაზი მებევრა
და ქარიშხლად თავს დამატყდა ერთი სულის შებერვა.
ამ პატარა ლექსმა გითხრას, მე გითხარი რაც ვერა:
- სულის ერთი შებერვა და ქრება ბაბუაწვერა.
ვერ გავუძლებ ამ სიცივეს და მეც ასე გავქრები,
მაგრამ რა ვქნა, რომ დაგტოვო, მარტო მიინამქრები.
ნეტა იმ დროს, სიყვარულით სული რომ იტაძრება!
ძნელი, მაგრამ საჭიროა - ზოგჯერ ერთად გაძლება.
*
გავითამაშოთ!

გინდა? - გავითამაშოთ ყველაფერი ახლიდან,
გვეყო სინანულები და ბოდიშის მოხდა!
ისევ მოვინახულოთ ჩვენი ჩუმი სახლი და
გავიხსენოთ ყოველი,, რაც აქამდე მოხდა:
იყოს შემოგებება, აღტაცება შეხვედრით,
აღტაცება შეხებით, აღტაცება სრული!
ის დღეც გავითამაშოთ, ღრმა წყალში რომ შეხვედი,
არ ჩანდი და გელოდი შიშით დაისრული.
ასე, თამაში-თამაშით გუშინდლამდე მოვიდეთ,
ხოლო დღე გუშინდელი გავატანოთ ქარებს,
ეს არ უნდა მოგვსვლოდა განსაცდელის მომრიდეთ!
თითქოს იყოს საათი, გული მიქანქარებს.
გინდა? - ვისხდეთ უჩუმრად, ვისხდეთ მთელი საღამო,
ზოგჯერ ამოვიხვნეშოთ, გავიღიმოთ შვებით,
ერთ წერტილში მზირალი თვალი დავახამხამოთ.
დარდი არ მოგვეშვება, თუ არ მოვეშვებით!
როგორ წამოგვეწია ბედის მზერა მზაკვარი!
ირგვლივ - გაუგებრობის ქსელს ობობა აბამს.
დასაწყისი - თითქოს-და არის სხვადასხვაგვარი,
დასასრული - ერთი აქვს სიყვარულის ამბავს.
*
მგონი

გთხოვთ, დედაჩემთან არ გამთქვათ და, მგონი, დაბერდა.
უჭირს გარჩევა სახეთა და ხმათა და ფერთა.
ეგ არაფერი, მაგრამ რაღაც დარდიც დასჩემდა,
ბოლო დროს იქცა განუწყვეტელ საფიქრად ჩვენდა.
ამას წინათ კი ცოტა თავიც მოიმკვდარუნა,
შვილები როგორ შეგვაშინა, კითხვა არ უნდა.
თქვა, მოვიფიქრე, რაც უშველის სატკივარს ჩემსო,
წამალი ვიცი, მომაკვდავსაც რომ მომარჩენსო,
ყველანი სახლებს გავყიდით და ვიყიდით მიწას-
- (ოცნების სხივმა გაუელვა თვალებში იმწამს) -
- სახლს ავაშენებთ საზიაროს, ოღონდაც ოთხი
კარი ექნება - ყველა მხრიდან, დარი სამოთხის
გვექნება ყოფა, სულ თანაბრად თუ გაიყოფა
ეზო-კარი და სიკვდილამდე ლხინად მეყოფა,
მთელ ჩემს მონაგარს იქ, ერთჭერქვეშ ვიხილავ როცა,
ვიტყვი, დედა ვარ ბედნიერი, ამიხდა ლოცვა.
აღარ დამრჩება გულში დარდის მეათასედიც,
აბა, მითხარით, ვის უნახავს ბუდე ასეთი!
(თითქოს გამჩენმა საზრუნავი გამოულია,
მიწის საძებნად თურმე ამის გამო უვლია).
მაღალ ბალიშზე - თმა, გულდაგულ ანაფუარი,
მაქმანიანი გულისპირი ლურჯ პენუარის...
რა ქნა, როგორ ქნა! როგორ უთხრა დედას უარი,
თან, მით უმეტეს, მწოლიარე შენ წინ თუ არის!
მივუგე:- არის ქვეყნად უკვე ერთი ადგილი,
სადაც ყველანი ვეტევით და არის ადვილი
მიგნება მუდამ, განა მართლა დაკარგულია,
და ეს ადგილი სანეტარო - დედის გულია!
*
ვისთან რაღა მაქვს საერთო

მინდა წავშალო წარსული
უიღბლო და დათარსული -
ვითომჩავლილი ტკივილი
აქ მერევა და აქ მრევს.
- გადავივიწყო ყოველი,
კაცი არის თუ ცხოველი,
ყველა სიკეთე ვუსურვო
ყოფილ საქმროს თუ ნაქმრევს,

მაგრამ ერთი რამ მაწვალებს,
ვხედავ ცრემლმძიმე წამწამებს.
სხვა ყველა გადატანილი -
ფერმკრთალია და ბაცი.
ღმერთო, არასდროს მაჩვენო,
აღარასოდეს მაჩვენო
სასოწარკვეთის წუთებში
ატირებული კაცი!

ვისთან რაღა მაქვს საერთო,
რაღას ვჩხრეკ იმერ-ამერთო,
დარდზე რა დარდი დამერთო,
სჯობს, სხვა ფიქრს გადავერთო,
ვინეტარო და გავერთო,
სხვისთვის ვენთო და ვიღვენთო,
თუ ცოცხალია, უშველე,
მკვდარი - შეინდე, ღმერთო!
*
ისე, ცოცხალი მქვია

როგორ დავმალო ნაღველი,
"იყუჩე, არა თქვაო",
ასფუთიანო ტკივილო,
გული რით გავიქვავო!
თავქვე რბის ცრემლის მდინარე,
ქვეს იქით -კიდევ ქვეა.
რა შორი არის აწმყო და
წარსული - რა აქვეა!
ერთი უცნობი მოგგავდა,
ღიმილი მომაფრქვია...
შენი ხელიდან - მკვდარი ვარ,
ისე, ცოცხალი მქვია.
*
კუშტი ანგელოზი

არცერთი არ ამცდა,
ვინც რა დამიმიზნა.
შიგ გულში მახლიდა.

აღარც კი მეგონა,
ვინმე შედგებოდა
და მახვილს დახრიდა.

რამდენჯერ დავეცი,
რამდენჯერ დაშლილი
ავეწყვე ახლიდან!

სხვა ძალი რა მქონდა,
კუშტი ანგელოზი
მომდევდა სახრითა.

მაღალ ქედს მივადექ,
დაღლილმა ვიპოვე
მე უფლის სახლი და

გგონია, ვქედმაღლობ?
უბრალოდ, ჩემ თავსვე
დავცქერი მაღლიდან.
*
ქარმა ნოემბრის წვიმა

ქარმა ნოემბრის წვიმა ფოთლებში გააჯერა.
შენგან შეყრილი ჯავრი არ დამლევია ჯერა.
ძალიან დამტანჯე, რა, ძალიან დამსაჯე, რა,
უცებ, ღიმილით მკითხე: ,,- სიყვარულისა გჯერა?"
დალოცვილ იყოს, ვინაც გული ერთს შეაჯერა!
შენი აღარ მწამს, თორემ სიყვარულისა - მჯერა!
*
არაფერი

არაფერი! მოვედი და მოგიკითხე.
შენი კუთხე ვინახულე ისევ.
ვერ ვიცანი, შენი სახლი რომელია,
ამერია გზა და დარდი მომერია.
რა დავმალო, ცოტაც ვიხალისე.

ამ ბოლო დროს დედაშენი მესიმრება.
ეცრემლება თვალი მონაშუქი.
მიხსნის, როგორ გაგიფრთხილდე, მოგიარო,
მერე რაღაც სათამაშოს მჩუქნის...

და რა უფრო სიზმარია, აღარ ვიცი,
ანდა უფრო ცოცხალი ვარ როდის:
ცხადში - ვიძენ მეგობრებს და ისევ ვკრგავ,
ძილში - ყველა დაკარგული მოდის.
*
არაფრები

ლხინია და ყველა თვრება,
ცვივიან ტანსაფრები.
ნეტა ახლა გავქრებოდე,
ასე რად ვიზაფრები!
ქარაშოტის გააფთრება,
აფრენილი აფრები...
უნდა მეარაფრებოდე,
ფიქრში ჩანასაფრები,
მაგრამ გული რად ფრიალებს,
ალებს რატომ აბრიალებს?
რად არ მეარაფრები,
რად არ მეარაფრები!
*
საშობაო სამზადისი

მხიარული ხმები ისმის
საშობაო სამზადისის.
ინაყება დასანაყი.
უკვე მზად გვაქვს გოზინაყი.
და გოზინაყს ნიამ ჩუმად
მოაციცქნა ერთი გვერდი,
თან თავის თავს უჩურჩულა:
- ასე ტკბილად დამიბერდი!
*
ოკლაჰომა

(ჯენის ტოლდენს)

ოკლაჰომაში მოგზაურს სანახაობა აოცებს,
ისეთი წარწერებია ცხენების სასაფლაოზე:
,,- ვიცოდი, არ შემარჩენდა შენს თავს სიკვდილი მსუნაგი.
შენთანვე ვმარხავ, იზაბელ, შენს ლაგამსა და უნაგირს.
-აქ განისვენებს ლედი.
უნდობარია ბედი.
- შენ შეიწყალე, უფალო,
ჩემი გაზრდილი ბუფალო!
- ვაი, შენ, ჩემო რობილა,
რომ ვეღარ უნდა ქროდეო,
საბედისწერო ყოფილა
ეს წლევანდელი როდეო.
- არ მეთმობოდი ცოცხალი, არც მკვდარი არ მეთმობი.
მობინადრე ხარ საფლავის. მობი, მშვიდობით, მობი!''
ამ აყვავებულ ბაღნარში წევს კვიცი თუ სახედარი.
სად განისვენებს, ვის ახსოვს ახლა ამათი მხედარი.
ვინ - შეიწირა როდეომ და ვინ - ბრმა ტყვიამ მოკლა.
ეს დასავლეთი, ველური, ოო, ოკლაჰომა, ოკლა!
დავედევნები ცრემლებით ჩქარი ღრუბლების ფარას.
მანდამდე როგორ მოვაღწევ, ქარები გადამქარავს,
მაგრამ იქნება ვუწიო ზეცაში უფლის კარავს.
მე, დამტირებელს უცხოთა, უფალი დამიფარავს!
*
სალტო

ო, მოყინულზე მოცურება - მცოდნია სალტო.
შემოსასვლელში დნება შენი ქუდი და პალტო.
ისე მოთოვა, შეგვატოვა ერთმანეთს მარტო
და გაყინული ეს გრძნობები ცეცხლმა დაალტო.
როგორ გადასცდა არემარეს გულების ფეთქვა!
ერთმანეთისთვის, იქნებ სჯობდა, გულწრფელად გვეთქვა
რა დაგვემართა, როგორ უცებ გავხდით თავნება
და მერე როგორ მიილია, დანელდა ვნება.
დღეიდან დღეის დავიწყებას უნდა მოვუნდე.
მიმოვასწორო ერთიანად წრფელი და მრუდე.
აღარ მოგვინდეს ერთმანეთის ისევ დანახვა!
შეწყდება ბარდნა და ტრიალი, რა - დღეს და რა - ხვალ.
ამ ხელსახოცზე მინაწერით თავს ვიქცევ ახლა.
ესღა დარჩება სახსოვარი, ახლა თუ წახვალ.
ახლა თუ წახვალ, აღარასდროს აღარ დაბრუნდე!
აღარ დაბრუნდე არასოდეს, ახლა თუ წახვალ!
*
ფეისბუქური

დრო რა მწარე წამალია, ვიცით ორმა.
სიმწარეში ოდნავ სიტკბოც ურევია.
სხვა რაღა თქვას ამ ცხოვრების ვიზიტორმა,
ეს წამალი მართლა თუ დაულევია.
ხედავ, ბედმა ბოლოს როგორ შეგვახვედრა
ღელვის მერე კენტად გამორიყულები?
,, - მიხარია ,, ფეისბუქზე" როცა გხედავ.
ამ სურათში კარგად გამოიყურები."
*
აღარაფერი

ვუთხარი, მორჩა, ყველაფერი დამთავრდა-მეთქი.
თავიდან - შეცბა. ვერ ეშვება ეს კაცი ვნებას!
აღარაფერი მაქვს გულიდან ამოსახეთქი.
სასაცილოა, ახლა ცდილობს ჩემს გაცინებას.
დიდი დაცხომა-აციება-გამყინვარება,
გადატანილი გრიგალები მალის-მალები
წარსულს ებაროს. ძველი უკვე არ მეყვარება,
ახალ სიყვარულს - ცხრა მთას იქით დავემალები.
*
მართალი

სიყვარული არის ომი,
ჩვენ - ნიადაგ ომის მდომი.
ომს სიცოცხლე ბალახივით უცელია.
ვაი! - ომში დამარცხებულს,
ვუი! - ვინაც გაიმარჯვა.
ბოლოს ყველას მარტოობა უწერია.

დღე ილევა ნაელავი, ნამეხარი,
ცეცხლში ბოლავს ზეცის ფარჩა- ფართალი.
მე აქამდე ყველაფერი არ გითხარი;
რაც გითხარი,
იქიდანაც ყველაფერი არ ყოფილა მართალი.

რა ვიცოდი, ეს სანგარი თუ სამარედ გავითხარე.
უღელს მარტო ვეწეოდი, ვით ხარი.
ვიდრე დროა,
მაპატიე, რაც აქამდე ვერ გითხარი,
მაპატიე, რაც აქამდე გითხარი!
*
დიოტიმა

დიოტიმა ვარ,
მზის ასული,
სულით ორსული,
უცხო ტომისა,
უცხოდ მხედი,
უცხოდ მავალი.

შემოკრბით, ბრძენნო,
სანადიმოდ,
შესვით წყალ-ღვინო,
რაც გინდათ, მკითხეთ
სიყვარულზე,
ვიცი მრავალი.

ვიცი, ნიადაგ ვით დაეძებს
ნაკლული ნაკლულს
და შეერთების მწარე ნდომა
ვით დაიმონებს.

ღმერთს და კაცს შუა
მოქანავე ვნახე სამანი –
იქ გახიდულებს
პირზე კოცნით ვიცნობ დემონებს.

“დამენამაო თვალი ცრემლით,
მოდი მალეო,
უშენოდ წყვილმა აფროდიტემ
გამაწამაო…”
უნდოს, უჭეროს, დაუდევარს
ვინ დაუჯეროს.
თვით უკვდავებაც
სიკვდილივით არის ამაო.

კმარა ბაასი.
მო, კალთაში ჩამიდე თავი,
ჩემს ბაგეს დაჰყევ,
გარინდული,
ღელვას მიენდე!
მორჩა ამბავი.
რას დაეძებ,
თუ იბნევიან
ნათელმზიდველნი
მთის წვეროდან
ჩრდილთა მღვიმემდე.

ხედავ?
აფრინდა წყვილი წერო,
ცაც აირია,
შემოისერა
ბედისწერის თეთრი არშია.

რას ვერჩით ღმერთებს,
ეს ტანჯვაც ხომ
ჩვენ მოვიგონეთ.
არ არის ქვეყნად სიყვარული
და არც ცაშია.
*
შვიდი კანონიკური ჰაიკუ

დაცემამდე

ზაფხულის დილა.
ბალახის ღერის წკიპზე
კიდია წვეთი.

მიუწვდომლობა

ზამთარი . თოვლი.
კარალიოკი ისევ
ხის წვერზე დარჩა.

სიცოცხლე

მზემ დასცა კაცი.
ძველი სახლი კი დგას,
ხვლიკს მოუხმობს ხვლიკი.

ღამე

მშობლები – ბაღში
დაუკრეფავში.მიწამ
ჩაიკრა ბავშვი.

სიყვარული

გაშლილ მდელოზე
დაგორდა ვაშლი,თავბრუ
დაეხვა ჭიას.

დრო

გათხრილ სამარხში
ძველი ძვლებია,ძაღლო,
გეყოფა ყეფა!

ცივი გრანულა

დადგა ზამთარი.
მიწიდან ხეზე ვეღარ
ფრინდება ჩიტი.
*
სიკვდილი

ზეცის
მეცხრე
აივნიდან
მშობელი
გვიხმობს:
_ გეყოთ
თამაში,
ძილის დროა,
ამოდით
მაღლა!
*
არ დაგავიწყდეს!

ზოგჯერ
შემთხვევით
სადმე,
ხალხმრავალ ქუჩაზე ვხვდებით,
ზოგჯერაც - ვინმეს ჭირში,
ლხინში,
ერთი - თავში და
ერთი - სადღაც,
ბოლოსბოლოში;
ხან ერთი ხელისგაწვდენაზეც,
სალმისგაცვლაზეც,
დანარჩენ დროს კი
ერთმანეთისგან გამომავალი
მრუმე სინათლის ნთება-ქრობით,
ოდნავი ხმებით და
ოდნავი ვიბრაციებით
ორივე ვხვდებით:

-შინაა,
ისევ ჩანაწერს უსმენს,
აი, ღამეს თეთრად ათენებს,
თან, მგონი, ვიღაც ახალი ჰყავს,
აი, გადის უჩვეულოდ დილაადრიან...
ვაი, როგორი უცნაური სიბნელეა,
ჩქამიც არ მოდის!

სხვას რას გავიგებთ ერთმანეთისას
ამ საზიარო ყრუ კედელში
სადღაც,
თავზევით დატანებული
და დაგმანული,
გაუმჭვირვალე მინიანი,
ერთი სარკმლიდან.

და გადის დილა,
შუადღე და საღამოც გადის,
გადის ცხოვრება
ერთდროულად
ორი სხვადასხვა კარიდან და
აღარ ბრუნდება.

რა ჰქვია ამას,
ასე ყალბსა და ასე გულწრფელს,
ასე ახლობელს და შორეულს.
უბრალოდ, გეტყვი:
-მეგულები!

იყოს ლექსისთვის ეს ვერსია,
შენ კი პატარავ,
ნუ იგვიანებ,
თან
პურისა და სიგარეტის ამოყოლება
არ დაგავიწყდეს!
*
აღარ ამოვალ!

ლურჯი ,,ვიზიტკა" -
უცხო სურნელი -
უძვირფასესი ო-დე- კოლონის
და ოდნავი ნესტის ნაზავი.
თუ დაგჭირდები,
დამირეკეო.
სახეც არ მახსოვს,
მგონი, კარგად არც შემიხედავს.
არც თვითონ უთქვამს, არც მე მიკითხავს,
შენი საფლავის სიახლოვეს რამ მოიყვანა.

უკვე აცივდა,
დღეც დამოკლდა,
სიბნელეში კი არ გაირჩევა
ცოცხლების და მკვდრების ქალაქი.

უკაცრიელი,
უკაცრიელი!

საფლავზე მიწა დაწეულა.
მე რას დავძრავდი ამ ხელებით,
გადახრილ გრანიტს!
გადაყირავდა,
გადამიყოლა,
მაგრად გადავრჩი
(რა უფრო მტკივა:
მუხლი თუ მხარი?)
ეგდო მიწაზე ქვა - ყინულის წიგნად ქცეული.
ყდაზე - სურათი მოღიმარი.
ამ სურათიდან მე ჩამომჭრეს,
მხარზე რომ მედო შენი მკლავი,
მოარეტუშეს.
ორიგინალიც დამიკარგეს.

ყინული დნება მთვარის შუქზე?
დადნა,
გაწყალდა,
დაილია ყინულის წიგნი,
დასველდა მიწა
და მე მიწაში ვურევდი ხელებს
და მე ჰაერში ვურევდი ხელებს
და მე ვურევდი კბილის კაკუნით
სიტყვებს და მარცვლებს
და მარცვლებში - შორისდებულებს.

რა - დენის დარტყმა, რა - სიბნელეში უცხო შეხება!
,,ქალაქისკენ ხომ არ მოდიხართ?“
უსაფრთხოების ღვედი,
მანძილი,
დაღმართი,
სახლი,
კარი,
გმადლობთ,
ნახვამდის,
ძილი!

ნალექიანი ყავისფერია გამოღვიძება,
კვამლიანია ჩემი დილა
და ლურჯ ნაკუწებს
საფერფლეში ცეცხლი ედება.
ერთხელაც კიდევ ვუპატრონებ მანდაურობას,
მუშებს ვნახავ და საკმარისია.
ამიერიდან ნუღარც შენ მოხვალ,
ცოცხლებიც,
მკვდრებიც
და ცოცხალმკვდრებიც
თქვენს გზას ეწიეთ,
ჩემი თავი გამჭირვებია!
*
ნაპირალი

კიდევ ცოტაც და:
- გკოცნი,
მიყვარხარ!
აბა, კარგად!

მაშინ ისეთი თამამები როდი ვიყავით,
რომ ეს სიტყვები ერთმანეთისთვის ხმამაღლა გვეთქვა,
მაგრამ დიდების მიბაძვით როცა
ჩვენც ვთამაშობდით ბაღის ეზოში ,,ბრის ილი მიაუს",
როცა ერთმანეთს ვერგებოდით,
მაინც, რა იყო ის უცნაური გა-აღ-ტაცება -
- აი, ქარი რომ ყვავილს მოწყვეტს
და მინდვრიდან შორს გააქროლებს...
არა!
შენივე ბატიფეხურის გამგებს რომ ეძებ,
იქნებ სიტყვა გამოგივიდა,
მაგრამ ქარი რომ გამოგტაცებს ფურცელს ხელიდან,
წაიღებს მაღლა,
მაღლა-მაღლა,
ტრიალ-ტრიალით,
მერე ჩიტად გადააქცევს,
შენი ამბავი რომ მიიტანოს იმ ქვეყანაში,
სადაც სახლები ბატიბუტის ცაში კიდია
და ყირამალა ჩამოზრდილ ხეებს
კევითა და შოკოლადით დახუნძლული მწვანე ტოტები
შიგ ფანჯრებში შემოუყვიათ
და უცებ დასცხებს ლიმონათის კოკისპირული,
იატაკისკენ დაიძვრება ფანჯრიდან ქაფი.
მარდად რაფაზე უნდა აძვრე,
თავაწეულმა გაჭყეპამდე ყლაპო და ყლაპო.

იქ ცხოვრობს ყველა, ვინც ოდესმე მოგნატრებია
და ყველაფერი დაკარგულიც იქ ინახება,
რაც მთავარია, იქ ცოცხლდებიან დედოფალები,
მაგრამ ჩიტები ქვავდებიან,
სეტყვად ცვივიან.

სად რა გაუვათ, დიდებზე უკეთ გრძნობენ ბავშვები.
ერთად ვერ მოვხვდით მაგიდასთან.
მეც, დრო ვიხელთე,
როცა ახალი მასწავლებელი შემოგვიყვანეს,
გადმოგიჯექი
და უჭმელობით სახელგანთქმული ფაფას ვეძგერე
და თავჩაღუნულს მიხტოდა გული,
მეწოდა ყურის ბიბილოები.
რაღას იზამდნენ,
დავიმკვიდრე ჩემი ადგილი.
პურის ყუები შენ გიყვარდა,
დესერტი - არა.

- ეს უკვე ჩემი ნაპირალია,
მაგრამ თუ გინდა, შენც დალიე! –
- მითხარი ერთხელ და ჭიქა ნელა მომიცურე.
დავლიე,
დავდგი,
შენც დალიე.
ყველა სიყვარულს სჭირდება რაღაც საიდუმლო,
ჩვენი ეს იყო:
იმიერიდან ერთმანეთის ნაპირალს ვსვამდით.
სხვა დროს რატომღაც გერიდებოდი.
მერე,
(არ მახსოვს, ცხადში? სიზმარში?)
ჩემი ადგილი სხვამ დაიკავა
და დავინახე, ჭიქა როგორ მიუწიე,
მერე - არ ვიცი,
მერე აცივდა,
მერე ბაღში აღარ მოსულხარ,
მერე გავიგე,
რომ სხვა ბაღში გადაგიყვანეს.
მერე ზაფხული,
სკოლა,
ახალი სიყვარული,
ახლის ახალი.

იქიდან დამყვა,
ცხადშიც, სიზმარშიც
ადამიანებს და ყველაფერს,
გაღმა-გამოღმა სამყაროებს
მე ერთდროულად (ან უწესო მონაცვლეობით)
ვგრძნობდე,
მესმოდეს,
მიყვარდეს,
მძულდეს
გოგოს და ბიჭის,
ქალის და კაცის გულისყურით,
ანუ ბოლომდე ვერ გავიგო,
სად დავრჩე ანდა სად წავიდე,
როგორ წავიდე
და როგორც თითი,
მოსრიალე ცარიელი ბოკალის პირზე,
გეზიდან ოდნავ გადაუხვევს და
პომადის კვალს შეუმჩნევლად მოაპრიალებს,
უსასრულო წრეს ვუბრუნდები.
პირი თვალისთვის შეუმჩნევლად გაბზარულია.

შენ?
*
ლინ ფენი

(ჩინურებიდან)

ამ უთენია
პირველი კვალი მე გავიყვანე,
ახლა კი
ნისლის ცივი ფაფის უნდოდ მყლაპავი
და კოჭებამდე ქურქში შემძვრალი
ჩემს ნაკვალევზე
მოვკრაჭუნობ
და თითო ხელით
მე ხუთლიტრიან თითო ბიდონს
მოვაქანავებ.
(რიტმს თუ ავყვები მთელი ტანით,
ეს ყველაფერი
უფრო ადვილი ასატანია).

აქ არც მთა არის,
არც ხეა სადმე,
ყვავიც არ დაფრენს,
არაფერი ჩანს,
მზერამ ზედ რომ ჩამოისვენოს.
არც ვინმე ჩემი ხმის გამგებია
და ერთადერთი ფერადი და მოძრავი ლაქა
სიმწრისაგან ვმღერი,
რომ შევაჩერო ეს ცრემლები
ლოყის მსერავი.

ნეტა მას,
ტვირთი ადგილამდე ვინც მიიტანა
და ასვენია
ახლა მშვიდად პირმოღიმარი!

აქა-იქ ბრწყინავს ალმასები უალმასესი.
შორს, სამშობლოში ზეიმია,
ჩემზეც იტყვიან,
მშვიდობით იყოს,
შობის მადლი შეეწიოსო.

,,გაივლის ესეც.
მოთმინებით უნდა აივსო!’’ -
შენს ანაბარად აქ დარჩენილს
მესმის იესო.
ვდგები,
მოვდივარ,
ისევ ბიდონებს მოვაქანავებ,
თოვლში კი, თურმე,
სისხლის წითელი ყვავილები
ხდება ყვითელი.

იესო!
მართლა სამარეა ეს არემარე,
არ ვიცი, რა მჭირს,
რას დავეძებ,
ან ვის რას ვუწვდი,
სად მე ცოდვილი,
სად - კეთილი სამარიტელი.

,,როცა პატარა სიყვარული
ფეხისწვერებზე აწეული
დიდს ეტოლება,
დიდი -
უჩუმრად მხარს დახრის და
მუხლშიც იხრება''.
*
გაცემა

აი, ეს ო დე პარფიუმი,
უქმად რომ იდო სარკის წინ და
ჩამოტეხილ კუთხეს ფარავდა!
ეს პერანგები?!
რომელიმეს აიჩემებდი,
დანარჩენები - ისე ეკიდა.
ეს შარვლებიც სულ ახლებია.
ეს ქურთუკი კი მენანება,
როგორ გიყვარდა,
სახელოებიც, ნახე, როგორ გადაჰქექვია.
ჯერ ამ ყველაფერს ვამზეურებ,
წესი ყოფილა.
ხვალ შვილები და ძმები მოგივლენ,
ზეგ - ბიძაშვილებს ველოდებით,
მერე - მეგობრებს.
რაც აქ დარჩება,
მოხუცებულთა თავშესაფარში მიიტანეთ
ან ეკლესიის შესასვლელში ჩააბარეთო.

ახლა ნივთები:
შენი სპინინგი სათადარიგო სატყუარებით -
ვიცი, რომელ მეზობელს უნდა.
წიგნებს რა ვუყო?
ვინღა კითხულობს დღეს მილიტარულ რომანებს ანდა
ეს საქაღალდე - ელვის პრესლის სურათებით და
გაზეთებიდან ამონაჭრებით - ვიღას სჭირდება.

დგამ-ავეჯიდან:
საწოლი უკვე ზედმეტია სამეფო ზომის,
ეს შენი ძველი სავარძელიც - ოთახს კეტავდა.
თეჯირი - დარჩეს!
და ყველაფერი ორმოცამდე უნდა მოესწროს.

ნუ გამიწყრები.
ადრიდანვე ასე დამჩემდა -
როცა გულს მატკენს ახლობელი,
ცრემლს ჩავიბრუნებ,
შევცქერი და
მკვდრად მელანდება,
სასახლეს ვურჩევ ხმაგაკმედილი,
გვირგვინებს ვუწყობ,
სამგლოვიაროს ვკრებ მუსიკებს;
ლოყაზე ლოყის მოკარებით,
ან მხარზე ხელის მოთათუნებით
ვიღებ სამძიმრებს;
ამასობაში მავიწყდება, რა მაწყენინეს.
მე წინასწარვე დავისაჯე ცოდვებისათვის,
გადასატანიც წინასწარვე გადავიტანე
და რახანია,
ადათის დაცვით
ვგულცივობ და ვცივსაქმიანობ.

რა დროს ესაა!

გუგუნებს ღამე,
ყრუდ გუგუნებს;
უგზოუკვლოდ ბრუნავს ტორნადო,
ლაწალუწი გაუდით სახლებს,
ქრება სინათლე,
ყოველწამიერ გაფრთხილებებს ეჩვევა ყური,
ეჩვევა გული
და აღარც უსმენ მოხრიალე რადიომიმღებს
და ადგილიდან აღარ იძვრი,
უბრალოდ, იცდი,
რომ დარწმუნდე განთიადისას,
რაც უფრო დიდ ხეს ამოთხრის ქარი,
ორმოც მით უფრო დიდი რჩება.
და ცას ასცქერის
მიწა ძრწოლით პირდაფჩენილი.
*
უცნობის ეპიტაფია

ციდან - მამაცი მე დამყვა სული.
არ დამყოლია სული მიწამდი -
- მარცხენაბეჭქვეშ
მერგო მახვილი
იმისი,
ვისაც მკერდით ვიცავდი.
*
ერთხმოვანი - ვირული

ველ-მინდვრებზე მზე იღვრება.
ატროვებულს მემღერება.
დარდს მოუკვდა პატრონი!

მე პატრონის სიყვარულით თავი თვითონ გავიბრიყვე,
ტვირთი ვზიდე რიყე-რიყე...
სადაც ლაფში ჩავვარდნილვარ, იქ მეორედ რა მინდა,

ან ორმოდან ამოსაყვანს რას მიშველის მე ყროყინი.
ერთხელ უკვე დამაყარეს მიწა ყაყან-ყაყანით,
ვიტლინკავე იმ ნაყარში,
ორმოს თავზე მოვექეცი,
მდევარს ვარგე ტყუპი წიხლი,
გავიქნიე მერე გავა და ველ-მინდვრად გავედი.

რით დამიჭერთ, რა აღვირით,
როცა გონი გაგეცლებათ, მე თქვენი აღვირი ვარ,
საყვირი ვარ,
ვირი ვარ.
ჰი-ყა, ჰი-ყა, ჰი-ყა, ჰი-ყაააა! -
ვირი ვარ და ვყვირივარ.
*
ჩავლა

(ციკლიდან : ,,ნათავედი“)

პალმა,
ბამბუკი,
ციტრუსები,
მწვანე ნარბილი.
ნარბილზე - ვარდი.
ვარდი - ერთი,
თეთრი,
მაღალი,
უცხო ხეხილიც - ერთი-ორი.
ტბორი
და ტბორში -
წყალმცენარეებს ეხლართვიან ოქროს თევზები
და მზის სხივებში სხმარტალებენ,
ჰაერში ხტიან.
და ნესტოები უთრთის ნიავს...

შენ - ჩაიარე!

არაფერი,
სხვა - არაფერი.
*
სანიშნებელი

(ციკლიდან -,, მოციონები“)

დილის ჰაერი -
- ფილტვებისაკენ
ჩახერგილი გზის ჩამსერავი!
ციდან მიწამდე რამდენია
დილის ჰაერი,
მე კი მაინც მეცოტავება.

ყივის მამალი.
(აქ რა უნდა? - ქალაქის გულში)
რა უთენია გამოსულა ეს დედაბერიც,
ადრე სახეს რომ იბურავდა,
მერე თანდათან
ჯერ თვალები გამოგვიჩინა,
ხელგამოწვდილმა მერე თავშალიც გადაიძრო,
ცოტა არ იყოს,
ხორციც შეისხა,
სახელიც გვითხრა -
- მარო
(იგივე მარიამი),
ჩვენებიც კარგად დაიხსომა,
ჯამიც დაიდგა,
ზოგჯერ ცალობით ან ათად შეკრულს
სანთლებსაც ჰყიდის
და ჩვენს ქუჩაზე უკვე ისე მოიკალათა,
ამბავს ვუბარებთ
ერთმანეთისთვის გადასაცემად.

აი, მიღიმის!
ჯამს პირმოტეხილს
ქვედაბოლოს ჯიბიდან იღებს.
ერთი, რკინისა ვერ მიშოვია,
იმის ძირში რომ ხურდა-ფული გაიწკრიალებს,
იცოდე, ცაში მადლის კარი გაიღებაო.
მერე შიგ ცოტა ხურდას ჩაყრის და დააყოლებს:
- ესეც ჩვენი სანიშნებელი!

სულ ორიოდე მონეტაა,
არც ისე წვრილი,
სადღაც მოჩქარემ
დასამატებლად
ჯიბის მოქექვა დაიზაროს,
და არც იმდენი,
რომ გაიფიქროს: -
- რა უშოვია!
ხელი აქეთ გამიმართოსო.
ყველა საქმეს რომ ცოდნა უნდა!
უსანიშნებლოდ სიკეთისთვის ვინ შეჩერდება.
ასე დედლისთვის
საბუდარში ერთ კვერცხს ტოვებენ.

თურმე, ნუ იტყვი,
დღე თუ გაეჭვებს,
ცოტაც რომ იყოს დილის მადლი,
სულ ერთი ბეწო,
იმედის სანთელს
სანთებელად გამოადგება.
დაანთე? - წადი!
ერთი დაბერვა
და უპატრონოდ ირხევა და ქრება გვირგვინი,
ჰაერს ერევა გვირგვინშიგა უჰაერობა.

ჩვენ ვვარდებოდით თითო-თითოდ,
ვცვიოდით ერთად,
ვერც სხვას ვშველოდით,
ხელიც არავინ შემოგვაშველა.

გადასარჩენი - გადარჩება!

გამთბარი ნისლი
ფილტვებიდან ზეცას ვუწიე.
ვუჩქარებ ნაბიჯს,
შინისაკენ ვუჩქარებ ნაბიჯს,
წითელ-ყვითელი ფოთლების გროვებს
მივაფრიალებ.
*
ტირილი - არათემატური, ამეთვისტური

ადგილი - ჩემთან.
დრო - დღეს საღამოს.
დრეს კოდი - რამე თავისუფალი.

არ დაიშვება,
ვისაც ცხოვრება
მწიფე მდოგვივით
ან დაპნეული პილპილივით
ცხვირში არ ურტყამს -
- არ ეტირება,
თუმცა,
რატომაც არ დაიშვება!

ყველა - თავისას.

ვიწყებთ ცალ-ცალკე ანდა ერთად,
როცა ყელში მოგვაწვება,
როცა ხორხი ჩაგვეხერგება,
ან სხვას ავყვებით.

დასაშვებია სულის მოთქმა,
თემის გაცვლა,
ანდა გამოცვლა,
შიგადაშიგ - გახუმრება,
პარტნიორის ცივი თითების მუჭში მოქცევა,
უცხო უბეში თავის ჩარგვაც,
ქანცგაწყვეტილზე
ღრმა მთქნარება და ჩათვლემაც კი დასაშვებია.

მერე - თავიდან.
მთავარია - ხავილამდე,
ხმის ჩახშობამდე,
გულის დაცლამდე
და ცერზე დაპირქვავებამდე.

წყალში თევზის ცრემლი არა ჩანს.

დამშვიდობებას ნურც ეცდებით,
უბრალოდ, წადით,
დაივიწყეთ, ვინ - ვინ იყო,
ვინ - ვინ არ იყო,
ვინ - რაზე - როგორ
და დაიხსომეთ ოქროს წესი:
როგორც ბანკირი თავის კლიენტს -
- ამიერიდან გარეთ ერთმანეთს
თავის დაკვრითაც არ ვესალმებით.
არც ერთი-ერთზე დარჩენას ვცდილობთ.

იქ, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით,
ერთი გზის პირად
ერთი პატარა სასახლეა,
იმ სასახლეში
ერთი ქვა-რკინა შეიჯახუნებს ოთახის კარს,
სიმარტოვეში კედლებს,
კარადებს წაუშენს მუშტებს,
ცას აწყდებიან მიმომსხვრეული სარკეებიდან
დაფეთებული
გამრავლებული ორეულები...

(როგორ იელვა!
მიწის ძირამდე ჩაიკლაკნა!
და მერე დასცხო!)

ის კი ეცემა მოცელვით სკამზე
და ხელისგულთა ბალიშებს იკბენს
და როცა სუნთქვა გაეხსნება,
წყვილი პეშვის ზიარჭურჭლიდან
დაიგემოვნებს ამეთვისტოებს
და ლოყაზე ჩამოგორებულ ბოლო მარცვლებს რომ
ენის წვერით ეთამაშება,
თვალებს მოჭუტავს მონაცვლეობით
და გეგონება, კიდეც იღიმის,
ან იქნებ მართლა ეღიმება.

გამოგეტირე.
*
ჰეროსტრატე

1.
ძუკნა ხარ-მეთქი, არტემიდა,
გესმის? - ძუკნა ხარ!
აი, ეს თეთრი ტაძარია შენი სხეული,
ჭაობში დგახარ და
,,ბრეკე-კე-კე კუაქს, კუაქს!“ –
- დღითა და ღამით
გომბეშოები არიან შენი ქურუმები
და ეს ძუ კატა,
გაზაფხულობით
ყოველ ნაბიჯზე რომ ეგლისება ქალაქის ხვადებს,
დაბრუნებული
მარმარილოს ცივ იატაკზე
კნუტებით სავსე მუცელს ძლივს რომ მიეზიდება,
შენზე ათასჯერ მართალი და ზნეკეთილია.
ყველა ტაძარში ეგულება საკბილო კატას.
ალბათ თაგვების სუნი იკრა,
მაგრამ ნახტომი ვერ მოზომა,
აუსხლტა თათი და კრეტსაბმელში გაიხლართა…
კრეტსაბმელმა კი აიტაცა ჩირაღდნის ალი,
ავარდა ცეცხლი და უცხო ქსოვილს,
ჰაეროვანს
ვნებით აუყვა,
უწია კედლებს,
აიხვია ბოლქვებში ჭერი.

შეხედე, კატას, არტემიდა, შეხედე კატას! –
როგორ აწყდება საგნებს და კედლებს,
გზას ვეღარ იგნებს მოქნილ კუდზე ალმოდებული,
სასოწარკვეთით ენაცვლება კნავილს ჩხავილი.

და ჰა, ხანძარი!
მობურბურე ლოკავს კედლებს და
ლოკავს სვეტებს და
ლოკავს იატაკს.
მწყურვალეს როგორ უგუგუნებს
ეს დაკლაკნილი,
მშრალი ენებით სავსე ხახა.
ეცემა თაღი!

იცოდეს ცეცხლმა თავისი საქმე!
არავის ვუხმობ ამ შუაღამით,
არც გავიქცევი,
ვიდგები დოინჯშემოყრილი,
გაქვავებული.
თვალდახუჭულმა ვიცი შენი ყველა კუნჭული,
მაგრამ დაგმანულ კარს ოდნავაც არ შევეხები.

ღმერთების ხელში გაციებული,
გაქვავებული ცეცხლია ოქრო.
გახურდეს,
დადნეს,
დადუღდეს მთელი საგანძური
და კარქვეშიდან იწანწკარონ
მდნარი ოქროს ნაკადულებმა,
იდინონ უხვმა წყაროებმა,
გამოიყოლონ
მხურვალებისგან დამსკდარი ლალი,
ალმასები,
ძოწ-მარგალიტი,
გამოიყოლონ ყველა ვნება!

2.
არ დამკლებია ჭაბუკობიდან სატრფო-მეტრფენი,
მაგრამ შენ გარდა ვინმე ქალი განა მყოლია?
სად არ ვიომე,
სიკვდილს სად არ გავეთამაშე,
გამარჯვებულთა გვერდით ვმდგარვარ
სისხლშეუმშრალი,
დაჭრილიც ვეგდე
იქ, სადაც ვეღარ გაირჩევა
მტერ-მოყვარე და ცოცხალ-მკვდარი
და რას ვეწიე?
რა მივიღე ერთგულებისთვის?
დღეს ვინმე მიცნობს?
ახსოვს ვინმე ჩემი სახელი? .

,, -ეზო დაგავე, მოხუცო, და
წყალიც მოზიდე,
დაჩეხე შეშა,
შეუკეთე!
მიმსვლელ-მომსვლელებს გაერიდე
და შენს სოროში შეიყუჟე!"
და როგორია,
შეიკავო სასულეზე მოწოლილი ხველება და
მკერდის ხრიალი.
სასთუმლად - ერთი მოკიდება სელის ტომარა,
გვერდს იბრუნებ და
ჩრჩილის პეპლების გამოჭმულიდან
ცვივა დახრული მარცვლეული,
ბეჭქვეშ გედება.

ცხადს ვერ ვერევი,
ჩემი ხილვების სამეფოს კი მარტო განვაგებ.
... სად არ ეხეტე,
კარზე რამდენჯერ მომადექი, შემიფარეო,
როგორ დაგიხვდი,
საბრძანისი როგორ მოგირთე
და სარეცელიც
ერთად რამდენჯერ გავიზიარეთ!
ერთი რამ გთხოვე -
- უკვდავება,
არა იმიტომ, რომ
სოფელი არ მეთმობოდა.
მინდოდა, უტყვად მემსახურა სამარადისოდ,
ესეც გებევრა, არტემიდა?
რისი შესმენა!
პასუხის ღირსიც არ გამხადე,
მარიდე თვალი.
იქნებ სიტყვები დამიწუნე
შენ, კეთილხმოვან ლოცვებსა და ჰიმნებს ნაჩვევმა.
მეომარი ვარ,
მეომრისთვის კი
დროულად თქმული სიმართლეა
ლამაზი სიტყვა.

იცი, რა არის სინამდვილე?
რაა ცხოვრება?
როგორ იშვება წმინდა კვამლი,
ამოღწეული შენს სიფრიფანა ნესტოებამდე?
დამწვარი ძვლების სუნი გიგრძნია?
იცი, როგორ ყარს სამსხვერპლოზე
ცეცხლმოდებული შენი უხვი შესაწირავი?
და როცა კვამლი ამოაღწევს, დაიმახსოვრე,
მე უთვისტომომ,
უარაფრომ
შენთვის გავიღე
ქვეყნად ყველაზე დიდი მსხვერპლი -
შენი სხეული -
- ქვადქცეული.

.3.
თავს უშველეო,
ვინ დამყვირის შეძრწუნებული?
ცეცხლის ფრთაც მირტყამს,
მერეკება გასასვლელისკენ,
მაგრამ ჯერ კატა!
ვიხდი ფლასებს,
მივდევ ტიტველი,
ფლასით ცეცხლს ვგუდავ
და კატით ხელში გამოვრბივარ,
რა გადაარჩენს,
წყარომდე თუ ვერ მივუსწარი...

გაჩუმდა კატა!
გადაეხსნება ალბათ
კნუტებით სავსე მუცელი,
მაგრამ ხამს,
გმირებს დაცემულებს და მათ მონაგარს
კვლავ ღირსეულად პატრონობდეს მხედართმთავარი.
და ვინ ვის ომში იღუპება,
ვინ ვისთვის
ანდა რისთვის იბრძვის
და სად მარცხდება,
რად მარცხდება,
სინამდვილეში
არასოდეს არავინ იცის.

მერე დავდგები ბექობზე და ცქერით დავტკბები,
რა დიდებულად ინაცრება და ცამტვერდება
ცეცხლით ყოველი,
რაც შექმნილა იმავე ცეცხლით.

4.
ის დროა, როცა ერთი პირი წყალსაც კი ჩასთვლემს.
თურმე როგორი სიჩუმეა ყველა ხმაურში!
სასაცილოა,
როცა ღმერთიც კი განსაცდელშია,
გაბანგულივით რა აძინებთ ადამიანებს.
ან ქურუმებს რა ემართებათ!

დილაადრიან,
როცა ეოსი გამურულ ზეცას
ალერსიანად შეეხება ძოწის თითებით,
მოქალაქენი შემიპყრობენ.
რაა წამება ან სიკვდილი,
არ მედარდება.
ვეტყვი ამაყად, რომ გადასწვდეს საუკუნეებს:
დიახ, ეს მე ვარ,
ჰეროსტრატე - გმირი მებრძოლი!
დიახ, მე დავწვი!

და დილის ნამი ამიბრწყინდება მეფურ გვირგვინად
და შეირხევა ჩემი ნისლის შესამოსელი.
კიდევ ცოტაც და,
მოკვდავთა ხელით უკვდავებას შევეგებები.

ო, არტემიდა,
შემოიხსნიან თვალ-მარგალიტს დიდებულები,
ბოლო ლუკმასაც გაიღებენ მოქალაქენი,
მხედართმთავარნი შენ წინაშე დაყრიან ალაფს,
და აგიგებენ ახალ ტაძარს
უფრო მშვენიერს,
ბევრიც კრძალონ და ბევრიც მალონ,
რას გახდებიან!
შენ ჩემთან ერთად გახსენებენ მარად და მარად,
ჩვენი გზები კი აქ იყრება.
ამიერიდან მხოლოდ საკუთარ თავს ვეუღლები.
მშვიდობით დარჩი!

ბრალი იმისი, ვინც ამაღამ დაიბადება
და დასაპყრობად მთელ დედამიწას იპატარავებს.
*
Cardia-Carduelis (ალექსანდრე გვახარიას)

1.
ვისხედით ასე.
ბინდდებოდა,
ორთავე ვდუმდით
რა უნდა გვეთქვა!.
ერთმანეთი ვერ ვანუგეშეთ,
ორთაზიარი მეგობარი დავკარგეთ გუშინ.
მერე წამოდგა,
”შავი ხავერდი დაგვჭირდება’’-
თქვა და წავიდა
მშრალ კალაპოტში ჩალეული მდინარესავით.

ღა იქნა სარკე,
უხილავი მზის ამრეკლავი?
ჩვენი ბრალია,
არც მოგვიკითხავს კარგა ხანია.
მშვიდი გვეგონა,
პირს ღიმილი არ შორდებოდა.
თუმც ბედისაგან
არასოდეს გაუხარია.
მოუშვა წვერი,
შემოივლო კვამლი ბოლქვებად,
აიღო ბარგი და გაუყვა გზას დადინჯებით,
მაგრამ ასეთ დროს
უმთავრესი ვის აგონდება!
მას გულის კარი დაურჩა ღია
და ღია კარში
შეფრთხიალდა პატარა ჩიტი,
კედლებს მიაწყდა,
ნაწიბურზე ჩამოუჯდა,
აუგალობდა…
ბარგს ხელი უშვა,
გულს წაეტანა,
ხოლო ჩიტმა ცას მიაშურა.

2.
-ამ სიზმრისპირას
რად ჩამომჯდარხარ, მოტირალი?
-აბა, რა გითხრა,
რას მიშველი,
ფრთაჭრელო ჩიტო,
ჩემთან მოდიან
ჩემი უჩრდილო მეგობრები,
როგორ ხარობენ,
მეგებებიან მღიმარები!
მინდა გავექცე,
მაგრამ როგორ გამოვეცალო,
ხმაჩაკმედილი
საკუთარ ჩრდილქვეშ ვემალები.
გაკვირვებულნი დამეძებენ,
მათ არ იციან,
არ იციან, რომ ცოცხლები აღარ არიან!
მითხარი, გულის ჩიტბატონავ,
რა მემართება!
სიკვდილის არა გამეგება,
ამ სიცოცხლისაც –არა ვიცი,
არ მწადის არვის გაგებება,
არცა რა მინდა არავისი,
ჩემკენ რატომღა მოილტვიან,
რად მომდევს მათი ხმიანება?
ნუღარ მომაწვდიან ვისრამიანს,
რა ღამე. . . .
რაღა მევისრამიანება. . .
ვიყუჩოთ, ჩიტო!
გამტყდარა სარკე,
გახუნებულა,
გაცრეცილა შავი ხავერდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები