| ავტორი: სანშაინ ჟანრი: პროზა 10 დეკემბერი, 2019 |
მან გამზარდა. არ ასდიოდა ბოსტნიდან ახალდაკრეფილი მწვანილის ან სიმწვანის სუნი. არც წინდას მიქსოვდა, არც რამეს ქარგავდა. იყო მისთვის, ყველას დამხმარე უბრალო და სადა ბებიაჩემი. დილაობით, მისი ასაკის სამეზობლოს შემოიკრებდა ხოლმე, ამოატრიალებდა ნალექჩატოვებულ ჭიქას და ყველამ იცოდა, რომ იმედიან საუბარს დაიწყებდა. განა ვინმეს სრული რწმენით სჯეროდა? არა. უბრალოდ დილის იმედი სჭირდებოდათ. სულ ცოტა მაინც. მერე მამაჩემს საზღვრებს გარეთ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ბებიამაც დაიფიცა. მას შემდეგ ჩემ სახლში ჭიქა უკუღმა აღარავის დაუდევს. დილაობით მეზობლები ისევ მოდიოდნენ და ახლა უკვე იმაზე კამათობდნენ, ბებიამ რომ აჭარიდან ყავა ჩამოიტანა და მოდუღების ტექნიკა ასწავლა, პირველმა ვინ აითვისა. 5 წლის წინ სხვისთვის გასაცემი იმედები სულ ამოეწურა და ახლა დანარჩენები ეუბნებოდნენ, რომ ებრძოლა, რომ ძლიერი იყო და კარგად იქნებოდა, რომ ყოველდღე სახე უფრო უხორცისფერდებოდა. ბებია კი, იწვა ხან ერთი ხან მეორე ხან მესამე საავადმყოფოს პალატაში და იმედის გაქრობასთან ერთად, შიში ემატებოდა. შიში…. სიკვდილის შიში… მერე, ისიც აღარ აინტერესებდა ემჩნეოდა თუ არა, ვეღარ მალავდა, აღარც მალავდა …..
ექიმებმა ორგანიზმში შაქრის ძალიან მაღალი შემადგენლობა დაუდგინეს და დიეტაც დაუნიშნეს. საუზმეზე : -ჰერკულესის ფაფა -1 ცალი კიტრი – 2 ნაჭერი პური არანაირი ყავა ! სადილი : -3 ცალი დიეტური სოსისი -2 ნაჭერი პური -1 ნაჭერი ყველი არანაირი ყავა ! არანაირი ყავა ! …… ბოლოსდაბოლოს ექვსთვიანი ლოდინის, შიშის, გულის შეტევების და უშაქრო უმარილო კვების მერე გარისკეს ოპერაცია. ოპერაციის წინ, პალატაში, მის საწოლთან ჩამომჯდარს საუბრის ძალა აღარ მქონდა, მხოლოდ ვეფერებოდი და მის,თურმე ბოლოჯერ გამთბარ ხელს ვკოცნიდი. ისიც, თავის მხრივ ცდილობდა არ გავენერვიულებიე და ზოგადი საუბარი გამიბა. ესეც ვეღარ შეძლო … იმედი სჭირდებოდა.
იმედის გამცემი ქალი იმედს ეძებდა.
-ბებო, ისე რა კარგი იქნებოდა რომ ლიზა გრქმეოდა. როგორც გვინდოდა… მაგრამ ბაბუაშენს რას დაასწრებდა ვინმე რამეს. გაიქცა და დაბადების მოწმობაში სახელი თვითონ ჩაგიწერა -ჰო ბებო აბა, მაგრამ შენ მაგაზე გული არ დაგწყდეს, მე დავარქმევ ჩემ შვილს და იმასაც ჩემსავით გაზრდი. შენ შედი ახლა ოპერაციაზე და არაფერზე იჯავრო. ყველანი აქ ვართ. იცოდა,რომ იქედან ვეღარ გამოვიდოდა . ზუსტად ვიცი რომ ამას ლიფტის კართან მისული მიხვდა და რა ძალაც ჰქონდა შერჩენილი, ხელი დამიქნია. მე, ყველაზე დიდი შიშის და უსუსურობის განცდა მაშინ ვნახე. ბებიას თვალებში იმედის, სითბოს და სიყვარულის ადგილი დიდმა, საზიზღარმა და შავმა შიშმა დაიკავა. ლიფტის კარის დაკეტვამდე, ალბათ რამდენიმე წამი მიყურა ბებიას თვალებიდან. მე ვიცი, როგორ გამოიყურება…
დავინახე შიში და საკუთარმა უსუსურობამ მთელი ძალა წამართვა… პალატაში დარჩენილმა პაციენტებმა მისაყვედურეს … გეკოცნა მაინც სანამ გავიდოდაო….. 9 საათიანი უიმედო ოპერაციის და ორკვირიანი კომის მერე, ბებია სახლშიც მომიყვანეს…. ცივი და ცარიელი ბებიაჩემი… რომ შევეხე და მივხვდი, რომ მისი გაყინული სისხლი, საკუთარი ხელით ვიგრძენი მეგონა ….. როცა უკვე სახლიდან უნდა გაეყვანათ, მინდოდა მასთან მარტო დავრჩენილიყავი, მაგრამ არ გამოვიდა… წამოვდექი მოკრებილი ძალებით, ორმა მეგობარმა გამაჩერა.. არ აკოცო, თორემ აღარ დაგესიზმრება.
მივედი, თმა გავუსწორე, ისევე როგორც ოპერაციაზე გასვლის წინ, თავსაფარიც შევუსწორე, სახეზე ხელი გადავუსვი კაბა შევულამაზე… ვაკოცე და გავუშვი. ხუთი წელია იგივე რიტუალს ვასრულებ. ახლა უკვე მის ქვას ვწმენდ მტვრისგან, ნაძვის ბუსუსებისგან… არ არის ჩემი ატირება ადვილი. მინდა ხოლმე რომ დავჯდე და ვიტირო, მაგრამ არ გამომდის… ამაშიც კი მეხმარება, იქედან… სადაც არის. გულამოსკვნის მერე, ვზივარ ჩუმად და გულში ვესაუბრები მას. ერთადერთი კი რასაც ვეუბნები ის არის, რომ … ძალიან მენატრება….
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კი, გიცნეს სხვა სივრცეში ))) კი, გიცნეს სხვა სივრცეში )))
1. ეს წავიკითხე სხვა სივრცეში და ბარემ დაგიმეგობრდით იქ :)
უემოციოდ ვერ ვკითხულობ ბებია-ბაბუების ამბებს .
ეს წავიკითხე სხვა სივრცეში და ბარემ დაგიმეგობრდით იქ :)
უემოციოდ ვერ ვკითხულობ ბებია-ბაბუების ამბებს .
|
|
მონაცემები არ არის |
|
|