ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2019


ქარული

ნინო დარბაისელი

ქარული
- - -

შარაგზის მტვერში,
ჩათვლემილში,
მიძინებულში,
შიშველი ფეხის ცერათითით მე შემოვხაზე შენი სახელის პირველი ასო
და მერე ქუსლით მიმოვასწორე,
რათა არავის არასოდეს დაენახა
და  გავეკიდე
ლოდზე საჭრეთლით სიტყვათა მკვეთი,
მომთაბარე მამრების ბანაკს,
მაგრამ მიღწეულს
არც კაცი დამხვდა,
არც სიტყვები,
აღარც ლოდი და
არც საჭრეთელი...
ყლუპი წყალიც კი არსად იდგა სულმოსათქმელად.
ირგვლივ ეყარა  ნახრავები, ნამსხვრევები და ნამწვავები.
მწუხრის ნიავში
ნაცარწაყრილი ნაღვერდალი ოდნავ ღუოდა.
და დავიბუდე სამუდამოდ
ამ უსახელო ნაბანაკარზე
და დღემდე ვცხოვრობ ასე სავსედ,
თვითკმარულად, თვითკამარულად
ჩემს გამობრძმედილ სიმარტოვეში
უწინ - საქალე,
მერე - ქალი,
აწ ნაქალარი.
ცამაც არ იცის დანამდვილებით,
აქ ჩავლილ ქარებს
ჩემი ამბავი სადამდე მიაქვთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები